There are no translations available.
< უკან დაბრუნება
ქართული ციხე-ქალაქები და ციხესიმაგრეები XVI-XVIII საუკუნეებში. ციხე-დარბაზები: ხულუტი (ორბელიანების სამფლობელო) //ზაქარაია პ. ქართულ ციხესიმაგრეთა ისტორია უძველესი დროიდან XVIII ს. ბოლომდე.-თბ., 2002.-გვ.388-392
ძველი ციხეების დიდი უმრავლესობა საქართველოსი მოხდენილად დგას მთისა თუ გორის წვერზე, ხეობაში თუ ვაკეზე. მათთვის ადგილის შერჩევა და ლანდშაფტში ნაგებობის მასშტაბის მოძებნა თავისთავად ხელოვნებაა და საკმაოდ მაღალიც. ასეთი დიდი გემოვნებით დაჯილდოებული ყოფილა ხულუტის ციხის ამგებიც. მან მდ. ხრამის (ქციის) მეტად ღრმა ხეობაში შეარჩია ისეთი ადგილი, რომელიც სტრატეგიულად მისაღები იყო და მხატვრულადაც მომგებიანი. ეს რომ ადრეული პერიოდის სიმაგრე იყოს, მას მაღლა ძნელად მისადგომ ადგილას აღმართავდნენ, მაგრამ გვიან საუკუნეებში ზემოდან ძირს ჩამოიწიეს. მოულოდნელი თავდასხმების გახშირების გამო სიმაგრე სოფელში უნდა ყოფილიყო, ან მასთან შორიახლო. ასეთი ტენდენცია XVII ს., როგორც სხვაგან აღვნიშნეთ, დასაწყისშივე იგრძნობა და თანდათანობით უფრო სრულყოფილი ხდებოდა. ხულუტის სიმაგრის მეპატრონეს, როგორც ეტყბა, უნდოდა თავისი სამფლობელოსთვის აღმოსავლეთით საიმედო კარი შეება. სწორედ ამ მიზნით იგი ხეობაზე გამავალ მთავარ გზას კეტავს. ამ გზაზე მომავალი მტერი ციხის აურებლად წინ ვერ წავა, მტრის მთელი დარტყმა სიმაგრეს უნდა მიეღო. ამიტომაც აქვს მას სქელი და მაღალი, საიმედო კელდები. ხულუტის სიმაგრის აგების მაუწყებელი დოკუმეტი არ გვაქვს, მაგრამ არის ერთი გვიანი ცნობა, რომლის მიხედვით მის აშენებას ყაფლან ორბელიანს მიაწერენ. ხელნაწერთა ინსტიტუტის ფონდებში ინახება ერთი საბუთი, რომელიც დაწერილია ალექსანდრე ვახტანგის ძე ორბელიანის მიერ 1852 წელს. ის ცდილობს თავისი გვარის ისტორია დაწეროს წყაროებით და ზეპირგადმოცემათა მიხედვით. ჩვენთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ერთგან ვკითხულობთ: “შააბაზის ყორჩიბაშმა (ქართული სახელი - ვახტანგ), რომ შეიტყო ყაფლანის ბედნიერება და იმისი ბევრი შვილიერება, წიგნი მისწერა და ერთ-ერთი იმისი შვილი დაიბარა თავისთან გასაზრდელად. ყაფლანმა თავისი მესამე შვილი ორბელი გაუგზავნა, რომელმაცა ქართულისა და სპარსულის გვარზე კარგათ გაზარდა. გამოსტუმრების დროს დიდი ფული გამოატანა ორბელს და თავის ძმისწულს ყაფლანს მისწერა, ჯერ ორბელის დიდი ქება და მასუკან თუმცა მაჰმადიანი ვარ, მაგრამ მაინც ჩემი გული ქრისტიანობაზე არ შემცვლია გარდა ამისა რა ერთი ფულიც ორბელს გამოვატანე გთხოვ მაგ ფულისა ფიტარეთს პატარა ეკლესია გაავრცელებინო და ყოვლის ბედნიერებით შეამკო…... მართალია ფიტარეთის ეკლესიის გავრცელებისათვის მოუვიდა ფული, მაგრამ ყაფლანმა ხულუტის ციხე ააშენა გაჭირვებისათვის (კიდევ ეშინოდა). ეს რომ ყორჩიბაშს შეუტყვია, ფიტარეთისათვის უფრო დიდი ფული გამოუგზავნია…... ” (ხელნაწ. ინსტ ფ H - 2490) ყაფლან ორბელიშვილმა გამოგზავნილი თანხით ციხე რომ ააგო ეს მეტად საგულისხმო მომენტია. მტრებით მოძალებულ ქვეყანას ღვთისმსახურებაზე უფრო მეტად დაცვა ესაჭიროებოდა. ყაფლანი გამჭრიახი პოლიტიკოსი იყო და სწორადაც მოქცეულა. (გ. ჯამბურია, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., 1955 გვ 76-81) ზემო მონათხრობის მიხედვით ხულუტის ციხის აგება უნდა მომხდარიყო XVII ს ოციან წლებში თუ არა იმავე საუკუნის შუა ხანებამდე (ყაფლანი გარდაცვლილა 1671წ.) ქვემოთ ძეგლის განხილვა ამ თარიღს დაადასტურებს. ციხის ასაგებად ხეობაში შექმნილი ვიწრო ყელი შეურჩევიათ. აქ მდინარის მარჯვენა მხარე პიტალო კლდეზეა და ძნელად გასასვლელი. მარცხენა მხარეზე კი იქმნება რთული პროფილი, სადაც ნაპირი მაღალი ვერტიკალური კლდეა. შემდეგ იქმნება ქედისმაგვარი ზურგიანი პროფილი, რომელიც გრძელდება 50 –ოდე მ-ზე და ერწყმის ასეული მეტრის სიმაღლის მთას. ციხე აგებულია ხეობის ამ ზურგიან ნაწილზე და თითქმის მთლიანად კეტავს გასასვლელს.
ნაგებობის გეგმა და გარე მასები ისეთია, რომ ძნელია სწორი ფორმების მოძებნა. გეგემის ხაზი რადგან კლდოვან რელიეფს მიჰყვება, ამიტომ ოსტატი სულაც არ ზრუნავს სწორკუთხა ფორმების შექმნას. იგი სასარგებლო ფართის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს. რაც შეეხება მასებს, აქ ოსტატი სრულიად თავისუფლად იქცევა, რის გამოც მასები ერთმანეთში რბილი, ტალღოვანი ფორმებით გადადის. არ არის გამორიცხული, რომ მშენებელს ასეთი გადაწყვეტა განგებ მიეღოს რადგანაც მკვეთრი კუთხოვანი მასები გარემოსთან შესამჩნევ კონტრასტში იქნებოდა. ახლა ეს უზარმაზარი ნაგებობა, ირგვლივ მდებარე მთებთანაა შეხამებული და თითქოს თანაშეზრდილი. სიმაგრესთან მისასვლელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ხაზზე გამჭოლადაა. ამ გზით მხოლოდ ციხის კარებში და ეზოში უნდა გაიაროთ, მოსავლელი გზა არა აქვს. სწორედ ამ მცრე ეზოს გარშემოა განლაგებული ყველა ელემენტი. აქ მთავარია კოშკი ჩრდილო-დასავლეთის კუთხეში. მომდევნო შესამჩნევი ნაწილია მეორე კოშკი, აღმართული უშუალოდ მდინარის პირას, კლდეზე. ამ კოშკთან მრავალი სხვა სათავსიცაა დაკავშირებული. მესამე დიდ ნაწილად უნდა ჩაითვალოს საცხოვრებელი, განლაგებული ეზოს სამხრეთით. ბოლოს თითო მცირე კოშკია, მდებარე სამხრეთ-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეებში. ჩრდილო-დასავლეთის მთავარი კოშკი (#1) გარედან იმდენად არა, რამდენადაც შიგნიდან ახდენს გრანდიოზულ შთაბეჭდილებას. მისი ნანგრევები დღესაც შუასაუკუნეებრივი სიმკაცრით გიცქერთ – სქელი კედლები, ვიწრო სარკმლები, დახშული სათავსები. ყველაფერი ეს ისევ და ისევ მოგაგონებთ ფეოდალური ხანის დუხჭირ ცხოვრებას, როდესაც ქართველს ძილის დროსაც ხმალი გვერდით ედო. ეს კოშკი ხომ ფაქტობრივად საცხოვრებელია, მაგრამ ეპოქის შესაფერისად მაშინ ყოველი ნაგებობა (ეკლესია და წისქვილიც კი) თავდაცვითი უნდა ყოფილიყო და მით უფრო ეს ითქმის ისეთი ტიპის ნაგებობაზე, როგორიც ხულუტისაა. მის მეპატრონეს ისეთი საცხოვრებელი უნდა ჰქონოდა, რომელსაც მტრის გამოჩენის შემთხვევაში თავდაცვსათვის აქტიურად გამოიყენებოდა.
ამ მასიურ კოშკს გრძელი გეგმა აქვს და ორადაა გაყოფილი. პირველი ნაწილი ფართობით თითქმის ოჯერ აღემატება მეორეს. კოშკი დაღმართზე დგას. ოსტატს არ მოუსურვებია რელიეფის გასწორება და ამიტომ პირველი და მეორე ნაწილის სართულების დონეები განსხვავებულია. გამყოფი კედლის ორივე ბოლოში დატანებულია 5 - 6 საფეხური. სართულების დამაკავშირებელი მოძრაობის ეს წრიული სისტემა ძალიან კარგია. პირველ ნაწილში 8 სართულია, მეორეში - შვიდი. ბოლო სართულები ერთ დონეზეა და მთლიანად სალოდე-სათოფეებით განკუთვნილია თავდაცვისათვის. სალოდე ისეთივე ნისკარტა ფორმისაა, როგორც გავრცელებული იყო ქართლ-კახეთში XVII ს-დან. აქვე უნდა აღვნიშნოთ რომ ამ კოშკს თავდაცვითი ელემენეტები აღნიშნულის გარდა არა აქვს. ქვედა სართულებში კედლის სისქე 2-3 მ-ია. ცხადია, მათში შეიძლებდა ღრმა ნიშების მოწყობა და იქ სათოფეების ანლაგება, მაგრამ ეს არ მოუსურვებიათ, უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა აიხსნას იმით, რომ აქ საქმე გვაქვს ციხე-დარბაზთან ე.ი. კოშკი ძირითადად, საცხოვრებელია. ამასთანავე, კოშკის აგების ეპოქა ისეთია რომ ცეცხლსასროლი იარაღი ჯერ კიდევ ნაკლებად იყო გავრცელებული. ყოველი სართული, ძირითადად, თითო-ორი სარკმლით ნათდება. ბოლო მეექვსე და მეშვიდე სართულებს ტყვია ძნელად მისწვდებოდა, განიერი სარკმლები დაუტანიათ. ხედი თავადის გადასახედათ ბედაურია! ბუხარი წინა ნაწილშია სართულებზე ერთის გამოშვებით. სხვებისგან განსხვავებით, ამ ეპოქაში მიღებული გაფორმების შესაბამისად, აქაც შეისრულთაღოვანი სწორკუთხა ნიშაშია ჩასმული. საპირფარეშო კი ორია ისიც წინა ნაწილების პირველსა და მესამე სართულებზე. ამათ გარდა მთელ ციხეში კიდევ ერთი საპირფარეშოა ეზოში, III და IV კოშკებს შორის. იგი საერთო სარგებლობისთვის იქნებოდა. სართულშუა გადახურვისთვის გამოყენებულია კარგათ თლილი 15-20 სმ სისქის ფიცრები. ახლა ბევრგან გადახურვა ჩანგრეულია, მაგრამ სისტემა ირკვევა. კოშკის ერთადერთი შესასვლელი ეზოდანაა. მისი პირველი სართული რადგანაც ეზოს დონიდან მაღლაა, ამიტომ კიბე ვიწრო ზოლად მიჰყვება კლდეს. თავისთავად შესასვლელი უწესო ფორმის მცირე სათავსს ჰგავს. სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკი შესამჩნევად პატარაა და იგი მდინარის ნაპირას მდებარე კლდეზე კოხტადაა აღმართული. ეს ოთხსართულიანი კოშკი საერთო გადაწყვეტით პირველი კოშკის მსგავსია. აქაც ქვედა სართულები საცხოვრებელია, ხოლო მეოთხე საბრძოლოა. მის კედლებში ნისკარტა სალოდეებია განლაგებული. ქვედა სართული ნათდება ორი სარკმლით. სამივე სართულზე თითო ბუხარია. კედლებში პატარა ნიშებიცაა. სართულშუა ხის გადახურვა ჩაქცეულია. პირველი კოშკის მსგავსად, ეს კოშკიც ოფერდა სახურავით ყოფილა გადხურული.
კოშკში მოსახვედრად რთული გზა უნდა გაიაროთ. უშუალოდ ჩრდილოეთით მას წყალსაცავი მოსდევს. ციხის გარე კედელსა და წყალსაცავს შორის დატოვებულია ვიწრო ტალანი, რომელიც კლოვან აღმართს მიჰყვება. მხოლოდ ამ ვიწრო და დაბალი ტალანით შეიძლება კოშკში შესვლა. ამავე კომპლექსში სხვა ნაწილებიცაა. წყალსაცავს ეზოსკენ ე.ი. ჩრდილოეთისკენ, მოზრდილი სათავსი მოსდევს. ეს უწესო მრავალგვერდა სათავსი განმანაწილებლის როლს ასრულებდა. ეზოდან შემოსულს აქედან შეეძლო მოხვედრა როგორც კოშკში ისე წყალსაცავში. ამასთანავე, აქედანვე იწყებოდა მდინარეზე ჩამავალი გვირაბი. იქვე, მარცხნივ მდებარე კარით მოხვდებით ორიოდე მეტრის დიამეტრის მქონე კოშკში. სამხრეთ-აღმოსავლეთის კუთხეში იწყება საპირფარეშოსკენ მიმავალი ტალანი. ამ სათავსისი ბანიდან ეზოსკენ მდებარე კარით შვერილ აივანზე მოხვდებოდით. წყალსაცავი არ არის დიდი ზომისა, მაგრამ ალყის დროს გამომწყვდეულთ საკმაო ხანს ეყოფოდათ. წყალსაცავი იმდენად მაღლაა, რომ წყალს ვერ აიყვანდნენ. ალბათ მას ატანილი წყლით ავსებდნენ. წყაროს წყალი იყო თუ არა ციხის მახლობლად, ეს ამჟამად არ ჩანს, , მაგრამ მდინარეზე ჩასასვლელი გვირაბით ახლაც შეიძლება სარგებლობა. როგორც აღვნიშნეთ გვირაბი იწყება ეზოსთან მდებარე სათავსში. გვირაბი როგორც კი გაცდება ნაგებობას მერე მიჰყვეაბა კლდეს და ასე დაღმართით ჩადის წყალზე. კოშკის ქვემოთ, კლდის ძირას გვირაბი ფანჩატურით მთავრდება. ასეთ დახურულ ყურეში სუფთა წყლის აღება შედარებით თავისუფლად მოხდებოდა. ციხიდან მდინარეზე გვირაბის გაყვანა არცთუ იშვიათია საქართველოში. მაგრამ იგი ყველგან ერთნაირი როდია. ზოგან მთლიანად კლდეშია გაჭრილი, ზოგჯერ კომბინირებულია – კლდის მასივშიც გადის და ნაგებიცაა. არის მხოლოდ ნაგებიც. გვირაბის დასაწყისთან ზემოაღწერილ გამანაწილებელ ოთახთან ერთი მცირე ზომის კოშკია. გარედან იგი ცილინდრულ მასას წარმოადგენს და ფაქტობრივად, როგორც კოშკი, ისე არცაა გამოყოფილი. თანაც სათავსიც მეტად მცირეა. მისი გადახურვა გუმბათოვანია. კედლებში ბუხარი, სარკმელი და რამოდენიმე სათოფეა განლაგებული. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ერთი პატარა კოშკი მდებარეობს სამხრეთ-დასავლეთის კუთხეში. იგი ორსართულიანია ქონგურებიანი ბანით. კოშკში მოხვედრა შეიძლება სამხრეთის გალავანზე გამავალი საბრძოლო ბილიკიდან. პირველ სართულზე ბუხარი მარტივადაა მოწყობილი. იქვე ახლოს ყოფილა ორი სარკმელი, მაგრამ შემდეგში ისინი ამოუქოლავთ. როგორც ეტყობა, მათი ამოშენება გამოიწვია სარკმლების სიახლოვემ მიწის დონესთან. კოშკის მეორე სართულზე მოხვედრა შეიძლება კედლის ამყოლი ქვის ვიწრო კიბით. სართული საბრძოლოა. მის კედლებში სამი სალოდე და ერთი სათოფეა. ბანის კედლებში კი ხუთი სათოფეა.
ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში ერთი მცირე კოშკიც მდეარეობს. პირველი სართული მიწის დონეზეა. მის კედლებში ძირს დახრილი ორი დიდი სათოფეა, მეორე სართულზე ორი სათოფე და ბუხარია. ორივე სართულს გუმბათოვანი გადახურვა აქვს. ბანზე კი აქაც სათოფეები და სალოდეა. ციხის ეზოს სამხრეთი ნაწილი მთლიანად მოკავებული აქვს ორსართულიან საცხოვრებელს. თუმცა იგი, ძირითადად, სახოვრებლად იყო განკუთვნილი, მას თავდაცვითი ელემენტები მაინც აქვს. საცხოვრებლის გეგმა უწესო ოთხკუთხაა. პირველ სართულში კარი ეზოდანაა. მის გარე კედლებში სამი სარკმელია. მეორე სართულს იმავე მხარეს ისევ სამი სარკმელი აქვს. კარი აღმოსავლეთის ვიწრო კედელშია (გარედან ხის კიბე იქნებოდა). ბუხარი კი დასავლეთითაა. საცხოვრებლის ბანი კედლებში ძირს დახრილი სათოფეებია. საერთოდ, უნდა შევნიშნოთ, რომ ძირს დახრილი სათოფეები XVII ს. შუა ხანებამდე არ გვხვდება. ციხის მშენებელთ არ დაუტოვებიათ არც ერთი ადგილი გამოუყენებელი. ამ მხრივ აღსანიშნავია ციხის კედლების ის ნაწილები, რომლებიც მდებარეობენ კოშკებს შორის. ასეთი ადგილებია: აღმოსავლეთის, ჩრდილოეთისა და დასავლეთის მონაკვეთები. ყველგან მაღლა საბრძოლო ბილიკებია მოწყობილი და იმ დონეზე სათოფეები და სალოდეებია განლაგებული. ამავე დროს, აღმოსავლეთის მონაკვეთში, იმავე იარუსზე, გარედან შვერილი აივანი ყოფილა მოწყობილი. ბილიკიდან კარია აივანზე გასასვლელად. აივანი ხის კოჭებზე ყოფილა მოწყობილი (მათი ნაშთი ახლაც ჩანს). ამ მოზრდილი აივნის კედლის შელესილობას აქამდე კარგად მოუღწევია. მშვიდობიანობის დროს ამ აივანზე ჯდომა მეტად სასიამოვნო იქნებოდა. აქედან იშვიათი სილამზის ხეობა გადაიშლება თვალწინ. ციხე მთლიანად ნაგებია ადგილობრივი კლდის ქვით. მშენებელს არსად არ უცდია წყობისათვის რაიმე წესიერი ფორმები მიეცა. მას რადგანაც არაერთგვაროვანი მასაა ჰქონია, ამიტომ დუღაბის სიმკვრივეს დაჰყრდნობია და ქვები ზომების განურჩევლად დაუწყვია. ამავე მიზეზით ციხის კედლების დამამთავრებელი ქონგურებიც არ არის ზუსტად ერთი ფორმით გამოყვანილი. როგორც დასაწყისშივე აღვნიშნეთ, ხულუტის ციხეს არ აქვს ზუსტი თარიღი. ეს საკითხი ანალიზმა უნდა გაარკვიოს. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშნოთ, რომ თვით ციხისათვის ადგილის შერჩევა XVII ს. დასაწყის პერიოდზე მიგვითითებს.
სოფელი ხულუტი უციხოდ ადრეც არსებობდა. დღეს კი ციხის ირგვლივ სოფელი არ არის. ამჟამად ზედმიწევნით იმის დადგენაც ჭირს თავდაპირველად ციხე სოფელში იდგა თუ მის გარეთ. უფრო დასაშვებია რომ ციხე სოფლის განაპირას ყოფილიყო. როგოც ვიცით, ყველა ეპოქას ციხე-დარბაზისათვის ადგილის შერჩევას თავის წესი ჰქონდა. XVII ს-დან ციხე დარბაზი სამფლობელოს ცენტრში უნდა იყოს. ისტორიისათვის უცნობია, თუ სად ჰქონდათ მანამდე რეზიდენცია ორბელიშვილ-ყაფლანისვილებს. მაგრამ ორბელიანთა ამ შტოს ჩამოყალიბება XVII ს. პირველ ნახევარში ხდება. საფიქრებელია, მათი პირველი რეზიდენცია აქ ყოფილიყო. თანაც თუ გავიხსენებთ ზემოთმოყვანილ ალექსანდრე ორბელიანის ცნობას საყაფლანიშვილოს შემქმნელს ყაფლანის მიერ, ხულუტის ციხის აგების შესახებ, მაშინ უფრო დამაჯერებლად გამოიყურება ის აზრი რომ ყაფლანმა ხულუტის აშენებით დაიდო მკვიდრი საფუძველი. ცხადია, იგი სიმაგრის ადგილის შერჩევის დროს მოიქცა ისე, როგორც ამას სჭირდებოდა ის ეპოქა. ხულუტის სიმაგრის დამათარიღებელია აგრეთვე საბრძოლო ელემენტების თავისებურებანი. ზემოთ განხილვისას ნაჩვენები იყო, თუ რა მცირე რაოდენობით იყო გამოყენებული აქ სათოფეები. ხულუტის ციხის დიდი კოშკებში სათოფეები მხოლოდ უკანასკნელ სართულებშია. სათოფეების ასეთი მცირე რაოდენობა თავის თავად მიუთითებს ცეცხლსასროლი იარაღის ნაკლებად გავრცელებაზე. ქართლ-კახეთში XVII ს. პირველ ნახევრში ისეთ ძეგლბში, როგორიცაა: ნოსტეში გიორგი სააკაძის კოშკი, ახალგორის ერისთავთა მთავარ ანსამბლში, დუშეთისა და ყარანგოზაშვილების კოშკში და სხვა. ხულუტის ციხე მომდევნო ისტორიულ წყაროებში ორჯერ არის ნახსენები. ორივგან მოთხრობილია 1747 წლის ამბავი. ამ წელს აღმოსავლეთ ირანის გარდა ლეკებიც მოსვენებას არ აძლევდნენ. ამავე დროს ქართლის ტახტის მაძიებელი აბდულა-ბეგიც განუდგა მეფე თეიმურაზს. ასეთ რთულ პირობებში, რომდესაც არ იყო ერთიანობა, ყველა ცდილობდა თავისი მამული მაინც გაემაგრებინა. ერთ-ერთ ასეთ შემთხვევაზე მოგვითხრობს ისტორიკოსი “პაპუნა, ყაფლან და სულხან ორბელიანითვის ციხესა ხულუტსა იდგნენ და იქიდამ თვისა მამულსა პატრონობდნენ”. აქედან გარკვევით ჩანს, რომ ორბელიანებისათვის ხულუტის ციხე XVIII ს. შუა ხანებშიც ერთ-ერთი დასაყრდენი და მთავარი სიმაგრეა. 1747 წელს აღმოსავლეთ საქართველოში მომხდარი დიდი ტრაგედიის ერთი ფურცელიც ხულუტის ციხესთანაა დაკავშირებული. ამ წელს “ნადირ-შაჰმა მთელ ერანს აუტანელი გადასახადები შეაწერა. მარტო ქართლ-კახეთს ორასი ათასი თუმანი შემოუკვეთა. ეს ზომა საბედისწერო აღმოჩნდა. ნადირ-შაჰი და მისი მონარქია აჯაყებათა მსხვერპლი გახდა. წელში გატეხილ ქართლ-კახეთს ამის გადახდა არ შეეძლო და ისიც აჯანყდა. ზაალ ორელიანი ქართლისა და კახეთის მეფეებს ასსეტ ბრძანებას პასუხობს : “დაგვიძახეთ ორთავე ბატომა ქართველთა, ნადირშაჰს უკუუდექით, ყველამ თქვენი ქვეყანა გაამაგრეთო.” ამ ბრძანებას ყველა ორბელიანი ერთნაირად არ შეჰხვედრია. ზოგი მამულიდან გაქცეულა ზოგი კი მამულს იცავდა. ამ უკანასკნელთა რიცხვს ეკუთვნოდა ყაფლანი. მის შეასხებ იგი გვამცნობს: ყაფლანი ”თვის ცოლ-შვილით, დედითა და ორის ძმით თავის ქვეყანას მიეშველა. ასეთს დროს მოვიდა დმანისსა, რომ ბარგი აკიდებული ჰქონდათ. იფანტებოდნენ, რომ ნახეს ყაფლანი თავისი ცოლ-შვილით მოვიდაო, მაშინვე სიხარული შეუდგათ….. ოთხმოცი ლეკი იყო დმანისის ხევშია და აოხრებდნენ, ოცდაექვსი ტყვე ჰყვანდათ ნაშოვნი და ერთი ჩოჩიკაშვილი იასონ. გაგზავნა კაცი და ის ლეკები შემოირიგა. რაც ჰქონდა ამ ლეკებს მისცა და იმათაც ის ჩოჩიკაშვილი იასონ უფასოდ მოსცეს. ის ოცდა ექვსი ტყვე ხულუტის ციხეში დააყენა და ლეკები და თავისი კაცები მიუყენა. თავისი კაცები დაარიგა: ეცადენით, ეგ ტყვეები გააპაროთ. ჩვენმა კაცებმა ის ოცდაექვსი ტყვე გააპარეს, ყაფლანმა ქვეყანა გაამაგრა. ”ფეოდალურ ქვეყანაში ყველა თავისი სენიორიის გამაგრებას რომ ცდილობს, ეს საერთოდ ცნობილია. მაგრამ ასეთი ტენდენცია განსაკუთრებით რელიეფური ხდება ცენტრალური ხელისუფლების სისუსტის დროს; მაშინ, როდესაც არავინაა ერთიანი ქვეყნის დამცველი და გარეშე თუ შინაური მტის ამლაგმავი, შენს ტავს შენვე უნდა უშველო. ხულუტის ციხე, როგორც დავრწმუნდით, ერთ-ერთი საუკეთესო ნაგებობაა გვიანი საუკუნეების აღმოსავლეთ საქართველოში. იგი ტიპიური თავდაცვითი-საცხოვრბელი ნაგებობაა. მასში კარგათ ჩანს ეპოქის მოთხოვნები სიმაგრისათვის და, კერძოდ, ციხე დარბაზისათვის. გამუდმებით მტრის მოლოდინში მყოფნი ცდილობდნენ სახლ-კარი სიმაგრედ ექციათ, რომ მომხდურისათვის საკადრის პასუხი გაეცათ.
(მადლობას ვუხდით ლ. გუგუშვილს მოწოდებული მასალებისათვის)
|