|
There are no translations available.
<უკან დაბრუნება

თ. დუნდუას ფოტოები
იხტილას (ღრტილას) ეკლესია მდებარეობს ახალქალქის რაიონში, ახალქალაქიდან 22 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე.
ღრტილა, იხტილა (ახალქალაქის რ-ნი), ბიბლიოგრაფია:
1. სოფელი იხტილა (ღრტილა) //ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები - თბ., 2003, გვ.39-40 - სოფლის სახელწოდების ეტიმოლოგია, ძეგლის მდებარეობა, მოკლე აღწერილობა, წარწერების ანალი
ზი. მოხსენიებულია მეფე ბაგრატ IV. ერთვის ძეგლის ფოტო.
2. იხტილას წარწერა //ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო - თბ., 1959, გვ.94-96 - სოფლის ეკლესიის ასომთავრული წარწერის პალეოგრაფიული და ენობრივი ანალიზი. მოხსენიებული არიან: მ.ბროსე, თ.ჟორდანია.
3. ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური //ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები I., თბ., 1964, გვ.147-148 - XIV საუკუნის ეკლესიისა და წარწერების მოკლე აღწერილობა.
4. იხტილას ეკლესია // "ჟღერს ქვის ჰარმონია", ნაკვეთი მესამე, ტ.14., გამ "ციცინათელა", თბილისი, 2007 წ., გვ.117-118

იხტილას ეკლესია
"ჟღერს ქვის ჰარმონია" - "ნაკვეთი მესამე, ტ.14., გამ. "ციცინათელა", თბილისი, 2007 წ., გვ.117-118
იხტილა (ღრტილა) სოფელია ახალქალაქის რაიონში, ახალქალაქიდან 22 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1720 მ-ზე. იხტილა ძველი ქართული სახელწოდების ღრტილას დამახინჯებული ფორმაა.
ეს სახელი ამ ფორმით (ღრტილა) დადასტურებულია „ქართლის ცხოვრებაშიც“. აქ წერია, 1046 წ. ღრტილაში შეიკრიბნენ ქართველნი და სომეხნიო: „იქმნა კუალად კრება, ღრტილს, არა ვიდრემდე სამღუდელო, არამედ უფროსღა სამხედრო“. არის ცნობა, რომ ღრტილაში მდგარა ბაგრატ IV და ყოფილა იმ დროს მისი „პალატი“.
სოფელში დგას ძველი ეკლესია. იგი 1308 წელს არის აგებული. სამხრეთ ფასადზე დაცულია ასომთავრული წარწერა: [წარწერის ნაწილი ბუნდოვანია სურათზე]„... შეუნდვენ ღმერთმან, ქორონიკონი იყო ფკხ (528)... შეუნდვენ ღმერთმან“.
ეკლესია მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფით. ფასადები შემკულია რელიეფური ჯვრებით, კარნიზის ქვებზე არის ძველი, VIII-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული მოტივი, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს აქ გუმბათიანი ტაძრის არსებობაზე.
ეკლესიის ეზოში ბევრია ძველი საფლავის სხვადასხვა სახის ქვები. ერთ-ერთ ქვაზე ასეთი წარწერა (XIV-XV სს.) იკითხება: „ე. ბაღათურს და მის შვილს გიორგის შეუნდვენ ღმერთმან“.
გალავნის შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც მოგვიანებით არის აგებული.
კობა ხარაძე

სოფელი იხტილა (ღრტილა)
ხარაძე კ. ჯავახეთის ხუროთმოძღვრული და ბუნების ძეგლები - თბ., 2003, გვ.39-40.
სოფელ იხტილას (ღრტილა) ცენტრში მდებარეობს ეკლესია, ახალქალქიდან 22 კმ-ის დაშორებით, ზღვის დონიდან 1720 მეტრზე. იხტილა ძველი ქართული სახელწოდების ღრტილას დამახინჯებული ფორმაა. ეს სახელი ამ ფორმით (ღრტილა) დადასტურებულია "ქართლის ცხოვრებაშიც".
1046 წელს ღრტილაში მოხდა შეკრება ქართველ და სომეხ მოძღვართა შორის: "იქმნა კუალდ კრება, ღრტილას, არა ვიდრემდე სამღუდელო, არამედ უფროსღა სამხედრო".
არის ცნობა, რომ აქ მდგარა ბაგრატ IV და ყოფილა იმ დროს მისი "ჰალატი". სოფელში დგას ძველი ეკლესია. იგი 1308 წელს არის აგებული. სამხრეთ ფასადზე დაცულია ასომთავრული წარწერა: "გათავდა ქვეშელისა ლიპარიტის ცოლისა და თმოგუელთა ქალისა რუსუდანისაგან, შეუნდვენ ღმერთმან, ქრონიკობი იყო ფკც (528). ჭორვანისძესა იოანეს შეუნდვენ ღმერთმან".
ეკლესია მოპირკეთებულია მოწითალო ფერის ანდეზიტური ტუფისაგან. ფასადები შემკულია რელიეფური ჯვრებით. კარნიზის ქვებზე არის ძველი, VIII-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული მოტივი, რაც ზოგიერთ მკვლევარს აფიქრებინებს აქ გუმბათიანი ტაძრის არსებობაზე. ეკლესიის ეზოში ბევრია ძველი საფლავის სხვადასხვა სახის ქვები. ერთ ერთ წარწერიანი (XIV-XV სს) ქვა ასე იკითხება: "ქ. ბაღათურს და მის შვილს გიორგის შეუნდვენ ღმერთმან". გალავნის შესასვლელში დგას სამრეკლო, რომელიც მოგვიანებით არის აგებული

იხტილას წარწერა
ცისკარიშვილი ვ. ჯავახეთის ეპიგრაფიკა როგორც საისტორიო წყარო - თბ., 1959, გვ.94-96
ახალქალაქის რაიონში მდებარე სოფ. იხტილას ეკლესიის სამხრეთის კარნიზზე მოთავსებულია ასომთავრული წარწერა. ეს წარწერა სამჯერ არის გამოცემული: პირველად აკად. მ. ბროსეს და ორჯერ თ. ჟორდანიას მიერ.
მარი ბროსე ასე კითხულობს წარწერას:

ქარაგმების გახსნით და დაკლებული ასოების აღდგენით:
„ქ. გათავდა ქვეშელისა ლიპარიტის ცოლისა და თმოგველთა ქალისა რუსუდანისაგან, შეუნდვენ ღმერთმან. ქრონიკონი იყო ფ;ჱ (528). მორვანისა ძესა იოვანეს შეუნდვენ ღმერთმან.
ქ. ბაღათურს და მისსა შვილსა გიორგის შეუნდვენ ღმერთმან" 307,
"შემდეგ, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ორჯერ თ. ჟორდანიამ გამოაქვეყნა იხტილას წარწერა. პირველად 1892 წელს308, ხოლო მეორედ 1897 წელს309, თ. ჟორდანია ორჯერვე ერთნაირად კითხულობს წარწერას:
„გათავდა ქვეშელისა ლიპარიტის (ლპტის) ცოლისა და თმოგველჲ (თმოგველთა) ქალისა როსოდანისაგან. შეუნდვენ (შნ) ღმერთმან (ღნ). ქორონიკონი იყო ფკზ. ჭორვანისძეს ივანეს (ინეს) შეუნდვეს (შნ) ღმერთმან (ღნ)“.
მ. ბროსეს და თ. ჟორდანიას წაკითხვებს შორის ორი განსხვავებაა:
1. ბროსე ქორონიკონის ბოლო ასოს ჱ-თ კითხულობს, ხოლო თ. ჟორდანია - ზ-თ;
2. ბროსე კითხულობს: „მურვანის ძესა“, თ. ჟორდანია - "ჭორვანის ძესა“. რაც შეეხება ბროსეს მიერ მოტანილ წარწერის ბოლო სტრიქონს („ქ. ბაღათურს და მის შვილს გიორგის შეუნდვენ ღმერთმან“), რომელიც თედო ჟორდანიას არა აქვს, ის ეკლესიის წარწერის ნაწილი არ არის, არამედ ეკლესიის ეზოში მდებარე საფლავის ქვაზეა გაკეთებული.
როგორც წარწერაშია ნათქვამი, იხტილას ეკლესია აშენებულია 1307 ან 1308 წელს ლიპარიტ ქვეშელის ცოლის რუსუდანის მიერ, რომელიც თმოგველთა ასულია.
ქვეშის შესახებ XVIII საუკუნემდე თითქმის არაფერი არ ვიცით, თუ არ მივიღებთ მხედველობაში რამდენჯერმე მის მხოლოდ დასახელებას, ლ. მუსხელიშვილის გამოკვლევით XI საუკუნეში იხსენიება „ქვეშის ჭალა“, „1486 წლის ქვეშ გვაქვს ცნობა „ქვეშის ჴევის“ შესახებ... XVIII საუკუნეში კი ქვეში, რომელიც ორბელიანთა ხელში იყო, ძალიან მაგარ ციხედ ითვლებოდა და არა ერთხელ იხსენიება სამშვილდის გვერდით"310, ამას გარდა, როგორც ლ. მუსხელიშვილიც აღნიშნავს, იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში მოხსენებულია ლიპარიტ ქვეშელი (იხ. ნ. მარის გამოცემა, გვ. XXVII. N29). ამით ამოიწურება ჩვენი ცნობები ქვეშისა და ქვეშელთა შესახებ XVIII საუკუნემდე.
თედო ჟორდანიას თქმით: „რადგან ქვეშის ციხე ორბელიანთა გვარისაა, ამის გამო ეჭვი არ არის, რომ ლიპარიტი იმ გვარს ეკუთგნის"311 მაგრამ, როგორც ცნობილია, XVIII ს-ის ორბელიანები ბარათაშვილების განაყოფებია და მათი გვარი XVII ს-ში წარმოიქმნა ხოლო თვით ბარათაშვილები კი აქ XVI ს-დან მკვიდრდებიან312. ამდენად, XIV ს-ში ქვეშის ციხის მფლობელად ამ გვარის წარმომადგენელს ვერ ჩავთვლით. ჩვენის აზრით, იხტილას წარწერაში მოხსენებული ლიპარიტ ქვეშელი თორელი უნდა იყოს. ამას გვაფიქრებინებს XV ს-ის ერთი სიგელი, რომელიც ბაგრატ VI მიუცია ჯავახისშვილებისათვის 1468 წლის 6 ნოემბერს.
ამ სიგელში ნათქვამია: „მოვიდეს წინაშე ჩვენსა ჩვენნი დიდათ ერთგულნი და ჩვენისა მორ(ჭ)უმისა და გადიდებისათვის დღე ღა ღამე მომჭირნე - მოცადენი ჯავახისშვილნი: ზაქარია, კახა და ზაზა და გვიაჯნეს და მოგვახსენეს, რათამცა ერთგულობისა მათისა სამუქბოდ სიგელთა ამითა შევიწყალე და ძველნი სიგელნიცა უნახენით თამარ მეფისაგან და სხვათა ჩვენთა გვართა და ჩამომავალთაგან სამკვიდროდ მათთვის ბოძებული. და ახლადვე დიდი ფასი და საქონელი გამოიღეს და მათივე მკვიდრი მამული მათივე ალალითა საქონლითა მათვე მივჰყიდეთ და დაუმტკიცეთ - სომხითს ქვეში, ციხითა, ბაჟითა და მისითა მიდგომითა"313.
როგორც ამ საბუთიდან ჩანს, ჯავახისშვილები პირველად კი არ ღებულობენ ქვეშს ბაგრატ მეფისაგან, არამედ ამის შესახებ მაო ძველი სიგელები ჰქონიათ - თამარისა და სხვა მეფეთაგან „სამკჳდროთ მათთვის ბოძებული“. ამრიგად, ჯავახისშვილები თამარის დროიდან ფლობენ ქვეშს.
ჯავახიშვილები კი, როგორც ცნობილია, ქართლში დამკვიდრებულ თორელთა ერთი შტოს შთამომავლები არიან და ამ გვარს ატარებენ დაახლოებით XIV ს. ნახევრიდან314.
თორელებს რომ მართლაც ადრიდანვე მიუწვდებოდათ ხელი ამ მხარეში, ეს ჰამამლუს წარწერიდანაც ჩანს. როგორც ამ წარწერის გამომცემელი ლ. მუსხელიშვილი აღნიშნავს, თამარის დროს თორელთა „სახელოში შედიოდა ჯავახეთზე უშუალოდ მიკრული მაშავრის სათავეებიც, სადაც ჰამამლუ მდებარეობს".315
თმოგველების შესახებ ქვემოთ გვექნება ლაპარაკი (იხ. თმოგვის წარწერა) და ამიტომ მათზე აქ სიტყვას აღარ გავაგრძელებთ.
თ. ჟორდანია ფიქრობს, რომ იხტილას წარწერაში მოხსენებული რუსუდანი XIII ს. შუა წლებში მოღვაწე სარგის თმოგველის ქალია316, ეს მოსაზრება ცოტა საეჭვო ჩანს, იმის გამო, როს რუსუდანის მოხსენიება (1308 წ.) და სარგისის ცხოვრების წლები ნახევარ საუკუნით მაინც არის დაშორებული ერთმანეთისაგან, თანაც საამისოდ არაფერი საბუთი არ არსებობს, მაგრამ ეს შესაძლებლობა. რა თქმა უნდა, სავსებით გამორიცხული არ არის.
---------------------------------------------------
307. Melanges.., t.II, 3-e , 1854, გვ.343
308. СМОМПК, СТР. 130
309. თ. ჟორდანია, ქრონიკები, III, გვ.174.
310. ლ, მუსხელიშვილი, არქეოლოგიური ექსკურსიები, 1941, გვ.34, შენ. 3. ქვეში ბოლნისის რაიონშია. თვით ციხე-სიმაგრე მდებარეობს ბოლნისიდან ჩრდილო დასავლეთით 7-8 კილომეტრის მანძილზე, მდინარე მაშავრის მარჯვენა ნაპირას.
311. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, გვ.174.
312. ს, ჯანაშია, ბარათაშვილთა გენეალოგიისათვის, შრომები, II ტომი, გვ.464-481; გ.ჯამბურია, ქართული ფეოდალური ურთიერთობის ისტორიიდან, 1955, გვ.76.
313. საქართეელოს სიძველენი, ტ.I, 1909., გვ.40.
314. ვრცლად ამის შესახებ იხ. ლ. მუსხელიშვილი, დასახ. ნაშრ., გვ.73-74,
315. ლ, მუსხელიშვილი, დასახ. ნაშრომი. გვ.52-60.
316. თ. ჟორდანია, ქრონიკები. II, გვ.174.

ღრტილა
ჯავახეთის 1933 წლის ექსპედიციის დღიური
ნ. ბერძენიშვილი - საქართველოს ისტორიის საკითხები I., თბ., 1964, გვ.147-148
ღრტილა ცნობილია იმ პაექრობასთან დაკავშირებით, სომეხ-ქართველ სჯულისმეტყველთა შორის რომ ჰქონდა ადგილი სწორედ „აქ. ბაგრატ IV დროს და მისივე თანდასწრებით. ბუნებრივია, მაშინ "ღრტილა“ საამისოდ შესაფერისი ადგილი უნდა ყოფილიყო და არა აწინდელივით მიყრუებული ბუნაგი. სიძველეთაგან აქ შესანიშნავია XIV საუკუნის ეკლესია, რომელიც მთავარ ნაწილებში მაინც, აქამდის გადაუკეთებელი დგას. სამხრეთიდან ეკლესიის ყელზე დაცულია ასომთავრული წარწერა:

წარწერა დაუზიანებელია, თარიღიანი და ამდენადვე პალეოგრაფიულად მნიშვნელოვანი. შინაარსის მხრით საინტერესოა. ლიპარიტ ქვეშელი, ეს უნდა იყოს, ორბელთა ქართველი შტოს წარმომადგენელი, ქვეშის ციხის პატრონი. ლიპარიტ ქვეშელი ჯვარის მონასტრის აღაპებშიაც იხსენიება ორგზის (ერთხელ, საფიქრებელია, გადამწერის შეცდომის წყალობით იხსენიება: „ლიპარიტ გიშელი“). სამწუხაროდ, ჯვარის მონასტრის აღაპები საერთოდ დაუთარიღებელია და არც, კერძოდ, ეს წარწერა ლიპარიტ ქვეშელის შესახებ. იძლევა რაიმე ნიშანდობლივ ცნობას, რომ ვიცნათ. ამ ლიპარიტ ქვეშელში იგულისხმება ღრტილას წარწერაში მოხსენიებული ლიპარიტი, თუ კიდევ სხვა.21
რუსუდან თმოგველთა ქალს ჩვენ სხვა წყაროდან არ ვიცნობთ... აქ საინტერესოა, რომ მეთოთხმეტე საუკუნის დასაწყისს ჯერ კიდევ „თმოგვი თმოგველთაგან ობლად“ არ იყო დარჩენილი.
საძიებელია, რა ესაქმებოდა ლიპარიტ ქვეშელის ცოლს ღრტილაში, რომელიც, საფიქრებელია, უფლისწულ ალასტანელთ („მეფეთა“) სამფლობელოში შედიოდა. ხომ არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ალასტანელთა „სამეფო“ ამ დროს ჯავახეთთან ერთად თრიალეთ - დმანისსაც (საბარათიანო) მოიცავდა. ასეთ დაშვებისას ლიპარიტ ქვეშელი, საფიქრებელია, დმანელ მეფეთა („ალასტანელთა“) უმაღლესი ხელისუფალი, ჯავახეთშიაც არ ყოფილიყო უცხო... ღრტილას წარწერა თედო ჟორდანიას მოჰყავს თავის ქრონიკების II წიგნში (გვ. 174) შემცდარი ქრონიკონით. ამასთან ერთად მას იგი სადღაც „ბორჩალოს მაზრაში“ ეგულება „სოფელ სამსარში“.
------------------------------------------
21. შდრ. საქ. სიძველენი, II, 40, ქრონიკები, II, 174.

|