topmenu

 

კუმურდო - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება....<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

კუმურდო //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VI. - თბ., 1983. - გვ.71.

კუმურდო, სოფელი ახალქალაქის რაიონში ახალქალაქის პლატოზე. ზღვის დონიდან 1740 მეტრზე, ახლაქალაქიდან 14 კმ... წყაროებში პირველად იხსენიება (კუმურდოელი მღვდელმთავარი) VI საუკუნეში. შუა სოფელში შემორჩენილია ქართული ხუროთმოძღვრების ერთი-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლის X საუკუნის ტაძრის ნანგრევები (ჩამოქცეულია გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი. დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად აღდგენილი მთელი დასავლეთ მხარე). ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონის დროს, 964 წელს იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072 წწ.) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში.

კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედან ჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთით) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომელთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთ მკლავის გარშემო, ვარაუდით, სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორაციული თაღედი, რომელიც X - XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები კი ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს. მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არწივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის, ლეონ მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარებისა და თაღების ზუსტი წყობა, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს ამ ძეგლს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში. ტაძარი კულტურულ - საგანმანათლებლო კერაც იყო. აქ მოღვაწე მწიგნობართაგან  აღსანიშნავი არიან: იოანე კუმურდოელი (X საუკუნე), რომელიც შემდეგ სინას მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე კუმურდოელი (XI ს.) და სხვები კუმურდოს მახლობლადაა მუსტიეს ხანის გვიანდელი საფეხურის ღია ნამოსახლარი. არქეოლოგიურად შესწავლილია 1960 (ხელმძღვ. გ.გრიგოლია). მასალა გავრცელებულია 1,5 – 2,0 ჰა -ზე. ზედაპირულად შეგროვებულია ანდეზიტ-ბაზალტის და ობსიდიანის ნაკეთები ქვის 69 იარაღ ანატკეცი (სახოკები, დანები, სიკოსებრი ნუკლეურები, წბეტიანები, ლამელები). ქვა დამუშავებულია ძირითადად ე.წ. ლევალუაზური ტექნიკით. მსგავსი მასალა აღმოჩენილია ჯრუჭულის, კუდაროს, ილსკაია-სტაროსელიეს, დაშსალახლის და სხვ. ნამოსახლარებში.