topmenu

 

ნეკრესი - შ.ამირანაშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.110-112.

აღმოსავლეთ საქართველოში სირიიდან და პალესტინიდან შემოსული ქრისტიანობა ხელს უწყობდა ეროვნული დამწერლობისა და რელიგიური ხელოვნების განვითარებას. დასავლეთ საქართველოში კი მან ღრმად ვერ გაიდგა ფესვები ხალხის მასებში, რადგან ერთდროულად შემოიტანა მოსახლეობისათვის უცხო ბერძნული ენა და იერარქიული დაქვემდებარება კონსტანტინეპოლის პატრიარქისადმი. დასავლეთ საქართველო მხოლოდ მეცხრე საუკუნის დამლევს თავისუფლდება ბიზანტიის საეკლესიო იერარქიული და პოლიტიკური გავლენისაგან, რომელიც ხელს უშლიდა ეროვნული კულტურის თავისუფალ განვითარებას. ქრისტიანობა საქართველოში გავრცელების ხანაში კერ არ წარმოადგენდა სავსებით ჩამოყალიბებულ მოძღვრებას. ეგრეთ წოდებულ მსოფლიოს კრებებს სურდა დაედგინა მტკიცე საფუძვლები და პრინციპები არა მხოლოდ თეორიულ და დოგმატურ სფეროში, არამედ, საეკლესიო მმართველობაშიც. IV საუკუნე წარმოადგენს ქრიქსტიანული რელიგიური აზროვნების დადგენის ხანას. სწორედ ამით აიხსნება სავსებით ჩამოყალიბებული ფორმების უქონლობა, როგორც ხუროთმოძღვრების და მონუმენტური მხატვრობის სფეროში, ისე გამოყენებითს ხელოვნებაში.

ახალი რელიგია საქართველოში შეეჯახა ქართულ წარმართობას მნათობთა, განსაკუთრებით მთვარის ღვთაების (ქართველთა წარმოდგენით - მამრობითი სქესის არსების ადგილობრივ ეროვნულ კულტს, რომლის ატრიბუტები შემდეგში გადატანილ იქნა წმ. გიორგის - გველთან მებრძოლზე), და აგრეთვე ცეცხლტაყვანისმცემლობას, რომელიც ძალმომრეობით მოახვია საქართველოს სასანურმა ირანმა. ელინისტურმა და გვიან რომაულმა კულტურამ ისეთი მნიშვნელობა ვერ მოიპოვა საქართველოს ახალი რელიგიური კულტურის შექმნაში, როგორიც მას ჰქონდა ქრისტიანული კულტურის ჩამოყალიბების პროცესში რომში, კონსტანტინეპოლში, ალექსანდრიასა და ანტიოქიაში. საქართველოში ახალი რელიგიური ხელოვნების შექმნის პროცესი ჯერ კიდეც არ არის გამოვლენილი საკმაო სიზუსტით, ქრისტიანული ხუროთმეძღვრების ადრეული ხანის ძეგლების შესწავლა ნათლყოფს მტკიცე არქიტექტურული ტრადიციის არსებობას ქვის ნაგებობებში, რასაც ადასტურებს კამარებისა და ქვის თაღის, სვეტ -პილონების ფართო გამოყენება. ნეკრესის უძველეს ეკლესიას, რომლის შინაგანი ფართობი დაახლოებით 12 კვადრატულ მეტრს უდრის, მეტად შემოაღლებული შუა ნავით და ნავისმაგვარი კამარიანი გვერდის მინაშნებით, გ.ჩუბინაშვილი IV საუკუნით ათარიღებს. ამავე ხანას მიაკუთვნებს იგი ჭერემის მცირე ეკლესიასაც, რომელიც უფრო სამსხვერპლოს უნდა წარმოადგენდეს.

ეს ეკლესია წარმოადგენს კვადრატული ფორმის ნაგებობას, რომელსაც ოთხივე მხარეს ღია კამარა აქვს და დახურულია გუმბათოვანი თაღით, სახურავი კი ორკალთიანია, თავისი ტიპით იგი პირდაპირ ანალოგიურია ცეცხლტაყვანისმცემლობის მთელ რიგ ნაგებობებთან, რომლებიც დიდი რაიოდენობით იყო გამოკვლეული ა.გოდარის და მათი თანამშრომლების მიერ ირანში; მაზდეიზმს, განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში, მიუხედავად ქრისტიანობის საბოლოო გამარჯვებისა, ბევრი მომხარე ჰყავდა ჯერ კიდევ VII საუკუნეში. "მოქცევაი ქართლისაი" გვამცნობს, რომ ბიზანტიის იმპერატორმა ჰერაკლემ, როდესაც იგი საქართველოში დაბრუნდა, სპარსების საბოლოოდ დარბევისა და ქთეზიფონის აღების შემდეგ, 628 წელს, ბრძანა შეეკრიბათ ყველა მოგვი და ცეცხლისმსახური მცხეთიდან, თბილისიდან და უჯარმიდან, რათა ძალით მოექციათ ქრისტეს სარწმუნოებაზე,

მაგრამ მათ არ ისურვეს ახალი სარწმუნოების მიღება და მიიღეს სასჯელი: "ხოლო მათ ნათლისღება არა ინებეს ზაკუვით თანა აღერინეს ქრისტიანეთა ვიდრემდის ყოველთა ზედა წარმართა მახვილი და ეკლესიისა შინა მდინარენი სისხლისანი დიოდეს". ამრიგად, აღმოსავლეთ საქართველოს სამ უდიდეს ცენტრში მაზდეიზმი დიდ იხნის განმავლობაში არსებობდა ქრსიტინობასთან ერთად. ამის უშუალო ანარეკლად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ქრუსტუანულ საკულტო ნაგებობათა უადრეს ჯგუფში ტაძრის ცენტრალური ადგილი გათვალისწინებულია კულტურის მსახურთათვის, და არა მლოცველებისათვის, როგორც ეს ცხადად ჩანს ნეკრესის ტაძრის მაგალითზე. ნეკრესისა და ბოდბის ეკლესიათა მცირე ზომები და კრიპტების (სამარხების) არსებობა შენობის ქვეშ, მოწმობს, რომ ორივე ძეგლი წმინდანების დაკრძალვის ადგილზე აგებულ მარტირიუმებს წარმოადგენს და გათვალისწინებული არ იყო ღვთისმსახურების შესასრულებლად. ორივე ნაგებობის არქიტექტურული ტიპის არქაიზმი მეტყველებს მათ მნიშვნელოვან სიძველეზე, მაგრამ მაინც არ შეიძლება ეს ძეგლები, თუნდაც ნაწილობრივ განვიხილოთ, როგორც იერუსალიმში კონსტანტინესა და ელენეს ნაგებობათა სიტყვიერი აღწერილობის მიხედვით აგებული შენობები.