topmenu

 

წმ.აბიბოს ნეკრესელი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<დაბრუნება მთავარ გვერდზე>>>

წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელი (VI ს.)

29 (12.12) ნოემბერი

წმიდა აბიბოს ნეკრესელი, საქართველოში ჩამოვიდა VI საუკუნეში ცამეტ ასურელ მამასთან ერთად. ისინი უშუალოდ ყოვლადწმიდა ღვთისმშობელმა აკურთხა და გამოაგზავნა. მათ ცხოვრებაში სწერია, რომ ისინი იყვნენ „ღმრთისა სათნონი ნათელნი სოფლისანი, ჭურნი რჩეულნი სავსენი ნელსაცხებელითა, ზეცისა კაცნი და ქუეყანისა ანგელოზნი, განმანათლებელნი სოფლისანი, სახენი, წესნი და კანონნი უცთომელნი მონოზონებისანი“ და მათ შორის წმიდა აბიბოს ნეკრესელი, „მღვდელთმოძღუარი უბიწოჲ, ნაყოფი შუენიერი, მხიარულებისა ჩუენდა მომღებელი და სულნელებისა ჩუენისა ჩუენდა მომფენელი. სანთელი მაღლად მნთებარე, მნათობი და განმანათლებელი ყოველთა მხილველთა მისთაჲ, შემწირველი უბიწოდ ჴორცსა და სისხლსა ქრისტესსა, რომელმან თავიცა თჳსი შეწირა მსხუერპლად მისსა მიმართ ჴელითა უსჯულოჲსა მარზპანისაჲთა“. წავიდა მამა თავიდან ღირს იოანესთან და სხვა ძმებთან ერთად ზადენის მთაზე ცხოვრობდა, შემდგომ კი ევლავიოს კათოლიკოსის და იოანე ზედაზნელის კურთხევით წმიდა აბიბოსი ნეკრესს ჩავიდა და მოციქულებრივ ღვაწლს შეუდგა. მადლმოსილი მსახურებისთვის წმიდა აბიბოსი „იქმნა... ეპისკოპოზ, მწყემსი გაღმა-მჴრისა დიდოთურთ. ამან მოაქცივნა უმრავლესნი მთიულნი“, - წერს ვახუშტი ბაგრატიონი „ქართლის ცხოვრებაში“. ამ დროს საქართველოში ცეცხლთაყვანისმცემელი სპარსელები ბატონობდნენ და ყველა ძალას ხმარობდნენ თავიანთი ცრუ სარწმუნოების გასავრცელებლად. მათ მრავალგან ააგეს ბომონები, სადაც ჩაუქრობლად ენთო ცეცხლი. მაზდეანები ზარ-ზეიმით აღასრულებდნენ თავიანთ ბოროტ წესებს და ქართველთა გადადრეკას ცდილობდნენ.

წმიდა აბიბოს ნეკრესელი დაუღალავად დადიოდა თავისი ეპარქიის სოფლებსა და დაბებში, ჭეშმარიტებას უქადაგებდა ქართველებს და სიმტკიცისკენ მოუწოდებდა. ერთხელ წმიდა მღვდელმთავარმა ნახა, რომ მოგვები აიძულებდნენ ქართველებს, თაყვანი ეცათ ცეცხლისთვის, ვეღარ მოითმინა ბოროტება, წყალი დაასხა ცეცხლს და ჩააქრო. განრისხებულმა მოგვებმა შეიპყრეს წმიდა აბიბოსი, სასტიკად სცემეს და ცოცხალ-მკვდარი საპყრობილეში ჩააგდეს. შემდგომ ეს ამბავი აცნობეს სპარსეთის მარზპანს, რომელიც ამ დროს სოფელ რეხში იმყოფებოდა. მარზპანმა ბრძანა, მისთვის მიეგვარათ წმიდა აბიბოსი. წმიდა აბიბოსი შავმთელი სასწაულთმოქმედის, ღირსი მამის სვიმონ მესვეტის (ხს. 1 სექტემბერს) მეგობარი იყო. ღჲრს სვიმონს ღმრთისგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ და ეპისტოლე, ევლოგია და კვერთხი გამოუგზავნა წმიდა მამას. სოფელ იალდოს მიღწეულ აბიბოსს ანტიოქიიდან წამოსული მოციქული შემოხვდა და ღირსი სვიმეონის საჩუქარი გადასცა. ეპისტოლემ და ძვირფასმა საჩუქარმა გაახარა და განამტკიცა ტანჯვისთვის განმზადებული წმიდა მღვდელმთავარი. გზად მას ქართველები დახვდნენ და განთავისუფლების იდეა შესთავაზეს. წმიდა აბიბოსმა არ მიიღო წინადადება. მღვდელმოწამემ მტარვალებს სთხოვა, წმიდა შიო მღვიმელის ნახვის უფლება მიეცათ მისთვის. სპარსელები დათანხმდნენ. წმიდა მამებმა მოიკითხეს ერთმანეთი და ერთად ილოცეს. შემდეგ წმიდა ეპისკოპოსმა სასწაულთმოქმედ მეუდაბნოეს სთხოვა, ელოცა მისთვის. წმიდა შიომ უთხრა: „ვიცი, მამაო მფლობელო, რამეთუ დაშრიტე ცეცხლი იგი მათი სრულიად, რომელსა ესვიდეს უსჯულონი იგი, არამედ მოგმადლენ უფალმან, რაჲთა აღტყინებულიცა იგი უჩინოჲ ცეცხლი, რომელ აღუზნიეს შენთჳს ეშმაკსა განსაცდელად, დაშრიტო ადვილად... უწყოდე, რამეთუ ჭირი მათი შენ დიდება გექმნეს წარუვალი და ჭირი ეგე შენი მათ დაცემა და განბნევა...“ მღვდელმოწამე რეხში ჩაიყვანეს. მარზპანმა მრისხანედ ჰკითხა სამსჯავროზე წარმდგარ წმიდა ეპისკოპოსს: „რაჲსათჳს უვარ-ჰყავ უფლებაჲ მეფეთ-მეფისაჲ და მოჰკალ ღმერთი ჩუენი?“ წმიდა აბიბოსმა მშვიდად მიუგო: „მე არავინ ვიცი მეუფედ, გარნა უფალი ჩუენი იესუ ქრისტე, ხოლო ცეცხლი იგი, რომელ დავშრიტე, რაჲთამცა საცთური განვაქარვე ეშმაკისაჲ. ხოლო გლოცავ, რაჲთა განეყენნეთ უნდოსა მას მსახურებასა და მას მხოლოსა ჰმსახურებდეთ“. კადნიერი პასუხით გაგულისებულმა მარზპანმა კვლავ ჰკითხა: „მე გკითხავ, რაჲსათჳს მოჰკალ ღმერთი ჩუენი და შენ გნებავს, რაჲთამცა შენისა ღმრთისა წარგჳყვანნე?“ ნეტარმა აბიბოსმა კვლავ მშვიდად მიუგო: მე ღმერთი კი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი კი არ არის, ბუნების ნაწილია, ცეცხლი შეშის დაწვით წარმოიქმნება, მცირედმა წყალმა ჩააქრო, რადგან წყალი უფრო ძლიერი აღმოჩნდა და მოკლა იგი. „აწ მიკჳრს თქუენი ესევითარი სიცოფე, ვითარ არა სირცხჳლ გიჩნს მისი სახელის დებად ღმრთად, რომელსა ესეოდენი სული აქუს?“ მარზპანი საშინლად განარისხა წმიდა მღვდელმთავრის ასეთმა პასუხმა და მისი წამება ბრძანა. ჯალათებმა საშინლად ტანჯეს ნეტარი აბიბოსი და ბოლოს „ქვითა განტვინეს“. მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს ცხოველთა და ფრინველთა საჯიჯგნად და მცველები მიუჩინეს, რომ ქრისტიანთაგან არავის წაესვენებინა და პატივით არ დაეფლა წმიდანის ნეშტი. ღამით რეხის მღვდლები და ბერები მივიდნენ და დიდი პატივით დაასაფლავეს წმიდა მღვდელმოწამის ცხედარი სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისთავის, სტეფანოზის დროს წმიდა მღვდელმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავსიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადაასვენეს და დაკრძალეს წმიდა ტრაპეზის ქვეშ.

„ქართველ წმიდანთა ცხოვრებანი“, თბილისი, 2004 წ.

http://www.orthodoxy.ge/tveni/noemberi/29-abibos.htm

"ქართველთა ანგელოსი"-წმიდა აბიბოს ნეკრესელი. ნეკრესი //საქართველოს სულიერი საგანძური.წ.I.-თბ.,2005.-გვ.77-80.

„ქართველთა ანგელოსად“ შერაცხილი ნეკრესის ეპისკოპოსი აბიბოს ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთადერთია, ვისაც მოწამეობრივად აღსრულება ერგო წილად. წმიდა მღვდელმოწამემ „თავი თვსი შესწირა მცხუერპლად მისსა მიმართ (ქრისტეს) ხელითა უსჯულოისა მარზაპანისაითა“. წმიდა აბიბოსს „უმრავლესი მთიულნი“ მოუქცევია და გაღმამხრის დიდოეთშიც გაუწევია მადლმოსილი ღვთისმსახურება. იმხანად საქართველოში სპარსთაგან მოძალებული ცეცხლთაყვანისმცემლობა გავრცელდა. ნეკრესის ეპისკოპოსი აბიბოს საღმრთო შურით აღიძრა, მივიდა ერთ-ერთ სამსახურებელთან, სადაც სამსხვერპლოს ცეცხლი გაეჩაღებინათ, და წყალი დაასხა მას. ცეცხლი დაიშრიტა. ეს რომ შეიტყვეს სპარსელებმა, სასტიკად გვემეს წმიდა მამა, სიკვდილის პირამდე მიიყვანეს და საპყრობილეში ჩააგდეს. „ზენა სოფელ“ რეხში მყოფმა მარზაპნმა ბრძანა, მასთან მიეყვანათ ქრისტიანი ეპისკოპოსი.

წმიდა აბიბოს იყო მეგობარი ანტიოქელი ჭირსი მამისა, სასწაულომოქმედი სვიმეონ მესვეტისა. წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა სულიერმა ძმებმა ღირსი სვიმეონის ლავრაში მიიღეს სასულიერო განათლება და მისი კურთევით ჩამოვიდნენ საქართველოში. და აი, წმიდა სვიმეონ მესვეტეს ღვთისაგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ. ანტიოწიიდან ჩამოსულმა მოციქულმა სოფელ იალდოსთან გადასცა წმიდა ეპისკოპოსს ღირსი სვიმეონის საჩუქარი: წერილი, ევლოგია (სიწმინდე) და თავისი კვერთხი. წმიდა აბიბოსმა წერილი წაიკითხა, დიდი სიხარულით მიიღო ევლოგია და კვერთხიც და სულიერად გაძლიერდა ტანჯვისათვის გამზადებული. მცხეთაში ჩასულმა წმიდა აბიბოს ნეკრესელმა მღვიმეში დაყუდებული წმიდა შიოსთან წასვლის ნება გამოსთხოვა სპარსელებს. წმიდა ეპისკოპოსმა თავის სულიერ ძმას უთხრა: ილოცე, მამაო, რადგან ეს ურჯულო სპარსელები მრავალს აცდუნებენ და ცეცხლის მსახურად აყენებენო. წმიდა მამა შიომ ოციდა, რომ წმიდა აბიბოს სპარსთა ცეცხლი დაშრიტა, ახლა კი ეშმაკისაგან აღგზნებული ცეცხლი უნდა დაეშრიტა ღვთის მადლით. სულიერი ძმის სიტყვითა და ლოცვით გამხნევებული წმიდა აბიბოს კვლავ რეხში ჩავიდა. მარზაპანმა რისხვით ჰკითხა ეპისკოპოსს, რისთვის მოკალი ჩვენი ღმერთიო. წმიდა აბიბოსმა მიუგო: მე ღმერთი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე. ცეცხლი ღმერთი არ არის, იგი მცირე ნაწილია იმ ნივთთაგან, რომლითაც ღმერთმა სამყარო შექმნა. შეშის დაწვით ჩენილი ცეცხლი ცოტაოდენმა წყალმა ჩააქრო და მიკვირს, რომ თქვენს სამსახურებლად ბოძებულ ცეცხლს ღმერთს უწოდებთ. ძლიერ განრისხდა ამის გამგონე მარზაპანი. ხანგრძლივი გვემისა და ტანჯვის შემდეგ „ქვითა განტვნეს“ ნეტარი მამა აბიბოსი და მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად. მაგრამ არც მხეცი და არც ფრინველი არ გაჰკარებია სამგზის სანატრელ წამებულს. მოშრდნენ თუ არა მარზაპანის მცველები იქაურობას, რეხის მიდამოებში მყოფმა ბერებმა და მღვდლებმა მოწიწებით აიღეს აბიბოს ნეკრესელის წმიდა ცხედარი და დიდი პატივით დაკრძალეს სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისმთავარ სტეფანოზის დროს, კათოლიკოს თაბორის სურვილითა და კურთხევით, წმიდა მღველმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადმოასვენეს და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლეს. წმიდა აბიბოს საფლავთან სასწაულებრივი კურნებანი აღესრულებოდა. წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა 7 (20) მაისი და 29 ნოემბერი (ახ. სტილით 12 დეკემბერი).