topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ნეკრესი - საქართველოს სულიერი საგანძური

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე>>>

"ქართველთა ანგელოსი"- წმიდა აბიბოს ნეკრესელი. ნეკრესი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ .I. - თბ., 2005. - გვ. 77-80.

„ქართველთა ანგელოსად“ შერაცხილი ნეკრესის ეპისკოპოსი აბიბოს ათცამეტ ასურელ მამათაგან ერთადერთია, ვისაც მოწამეობრივად აღსრულება ერგო წილად. წმიდა მღვდელმოწამემ „თავი თვსი შესწირა მცხუერპლად მისსა მიმართ (ქრისტეს) ხელითა უსჯულოისა მარზაპანისაითა“. წმიდა აბიბოსს „უმრავლესი მთიულნი“ მოუქცევია და გაღმამხრის დიდოეთშიც გაუწევია მადლმოსილი ღვთისმსახურება. იმხანად საქართველოში სპარსთაგან მოძალებული  ცეცხლთაყვანისმცემლობა გავრცელდა. ნეკრესის ეპისკოპოსი აბიბოს საღმრთო შურით აღიძრა, მივიდა ერთ-ერთ სამსახურებელთან, სადაც სამსხვერპლოს ცეცხლი გაეჩაღებინათ, და წყალი დაასხა მას. ცეცხლი დაიშრიტა. ეს რომ შეიტყვეს სპარსელებმა, სასტიკად გვემს წმიდა მამა, სიკვდილის პირამდე მიიყვანეს და საპყრობილეში ჩააგდეს. "ზენა სოფელ" რეხში მყოფმა მარზაპნმა ბრძანა, მასთან მიეყვანათ ქრისტიანი ეპისკოპოსი.

წმიდა აბიბოს იყო მეგობარი ანტიოქელი ღირსი მამისა, სასწაულომოქმედი სვიმეონ მესვეტისა. წმიდა იოანე ზედაზნელმა და მისმა სულიერმა ძმებმა ღირსი სვიმეონის ლავრაში მიიღეს სასულიერო განათლება და მისი კურთევით ჩამოვიდნენ საქართველოში. და აი, წმიდა სვიმეონ მესვეტეს ღვთისაგან ეუწყა წმიდა აბიბოსის მომავალი წამების შესახებ. ანტიოქიიდან ჩამოსულმა მოციქულმა სოფელ იალდოსთან გადასცა წმიდა ეპისკოპოსს ღირსი სვიმეონის საჩუქარი: წერილი, ევლოგია (სიწმინდე) და თავისი კვერთხი. წმიდა აბიბოსმა წერილი წაიკითხა, დიდი სიხარულით მიიღო ევლოგია და კვერთხიც და სულიერად გაძლიერდა ტანჯვისათვის გამზადებული. მცხეთაში ჩასულმა წმიდა აბიბოს ნეკრესელმა მღვიმეში დაყუდებული წმიდა შიოსთან წასვლის ნება გამოსთხოვა სპარსელებს. წმიდა ეპისკოპოსმა თავის სულიერ ძმას უთხრა: ილოცე, მამაო, რადგან ეს ურჯულო სპარსელები მრავალს აცდუნებენ და ცეცხლის მსახურად აყენებენო. წმიდა მამა შიომ ოციდა, რომ წმიდა აბიბოს სპარსთა ცეცხლი დაშრიტა, ახლა კი ეშმაკისაგან აღგზნებული ცეცხლი უნდა დაეშრიტა ღვთის მადლით. სულიერი ძმის სიტყვითა და ლოცვით გამხნევებული წმიდა აბიბოს კვლავ რეხში ჩავიდა. მარზაპანმა რისხვით ჰკითხა ეპისკოპოსს, რისთვის მოკალი ჩვენი ღმერთიო. წმიდა აბიბოსმა მიუგო: მე ღმერთი არ მომიკლავს, მხოლოდ ცეცხლი დავშრიტე.ცეცხლი ღმერთი არ არის, იგი მცირე ნაწილია იმ ნივთთაგან, რომლითაც ღმერთმა სამყარო შექმნა. შეშის დაწვით ჩენილი ცეცხლი ცოტაოდენმა წყალმა ჩააქრო და მიკვირს, რომ თქვენს სამსახურებლად ბოძებულ ცეცხლს ღმერთს უწოდებთ. ძლიერ განრისხდა ამის გამგონე მარზაპანი. ხანგრძლივი გვემისა და ტანჯვის შემდეგ „ქვითა განტვნეს“ ნეტარი მამა აბიბოსი და მისი წმიდა ცხედარი ქალაქგარეთ გაათრიეს, უპატიოდ დააგდეს მხეცებისა და ფრინველების საჯიჯგნად. მაგრამ არც მხეცი და არც ფრინველი არ გაჰკარებია სამგზის სანატრელ წამებულს. მოშორდნენ თუ არა მარზაპანის მცველები იქაურობას, რეხის მიდამოებში მყოფმა ბერებმა და მღვდლებმა მოწიწებით აიღეს აბიბოს ნეკრესელის წმიდა ცხედარი და დიდი პატივით დაკრძალეს სამთავისის მონასტერში. ქართლის ერისმთავარ სტეფანოზის დროს, კათოლიკოს თაბორის სურვილითა და კურთხევით, წმიდა მღველმოწამის უხრწნელი ნაწილები სამთავისიდან მცხეთის სამთავროს მონასტერში გადმოასვენეს და წმიდა ტრაპეზის ქვეშ დაფლეს. წმიდა აბიბოს საფლავთან სასწაულებრივი კურნებანი აღესრულებოდა. წმიდა მღვდელმოწამე აბიბოს ნეკრესელის ხსენების დღეა 7 (20) მაისი და 29 ნოემბერი (ახ.სტილით 12 დეკემბერი).

ნეკრესის მონასტერი ყვარლის რაიონში სოფელ შილდის მახლობლად. მთის ფერდობზე მდებარეობს. ისტორიული ქალაქი მეფე ფარნაჯომმა დაარსა (ძველის წელთაღრიცხვით II – I საუკუნეები). IV საუკუნეში ერთ ერთი ასურელი მამა აბიბოსი დამკვიდრდა. მის დროს დაარსდა ნეკრესის საეპისკოპოსო, რომელმაც XIX საუკუნემდე იარსება. ნეკრესს იმთავითვე დიდი მნიშვნელობა მიენიჭა. აქედან ვრცელდებოდა ქართლის პოლიტიკური და კულტურული გავლენა აღმოსავლეთ კავკასიის მთიანეთზე. ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს. IV საუკუნის მეორე ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეულ ეკლესიათა შორის. მონასტრის დიდი სამეკლესიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს მიეკუთვნება, რომელიც გარედან გეგმით სწორკუთხაა. მთავარი ეკლესიის საკურთხეველი სამნაწილიანია. გვერდითი ეკლესიები ცენტრალურზე მოკლეა. დასავლეთით მთავარი, ხოლო ჩრდილოეთით და სამხრეთით გვერდითი შესასვლელებია. VIII-IX  საუკუნეების გუმბათოვანი ეკლესია გეგმის თავისებურებით გამოირჩევა. გიორგი ჩუბინაშვილი, ვაჩნაძიანთ ყველაწმინდის მსგავსად, მას სამეკლესიანი ბაზილიკის გუმბათოვან ვარიაციად მიიჩნევს. შუა კვადრატულ, გუმბათით დაგვირგვინებულ დარბაზს ერთი შვერილი - გარედან ხუთწახნაგა და შიგნით ნალისებრი ფორმის აფსიდი აქვს. ეკლესიას სამი მხრიდან გარშემოსავლელი ეკვრის. სამხრეთითა და დასავლეთით ორ-ორთაღიანი შესასვლელებია. VIII-IX სს-ში აგებული ეპისკოპოსის ორსართულიანი სასახლისათვის (ახლა ნანგრევებია) XVI საუკუნეში კოშკი მიუშენებიათ. მონასტრის ტერიტორიაზე შემორჩენილია საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა. ნეკრესის მოწესენი ლიტერატურულ ასპარეზზე მოღვაწეობდნენ. უცნობი ნეკრესელის დაწერილი უნდა იყოს "აბიბოს ნეკრესელის წამების" მეტაფრაზული რედაქცია (XII ს.). აქ მოღვაწეობდა მღვდელმთავარი იოანე ჯორჯაძე (XVIII ს.), რომელმაც ხელნაწერები გაამრავლა, ხოლო დოსითეოზ ჩერქეზიშვილი თარგმნიდა ფილოსოფიურ თხზულებებს და ხელნაწერებსაც ამრავლებდა. მან ნეკრესში პირველდაწყებითი სკოლაც დაარსა. ამავე ხანის ამბროსი მიქაძე, რომელმაც შეთხზა ლექსები, შეადგინა კრებულები, დაწერა ქადაგებანი.