<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია-მონასტრები>>>
მატერიალური კულტურის ძეგლები //მაკალათია ს. თეძმის ხეობა. - თბ., 1959. - გვ.28-33.
რკონის მონასტერი სოფლიდან მოშორებულია ორი კილომეტრით. იგი მდებარეობს თეძმის ნაპირას, ადგილმდებარეობა ლამაზია, დაფარულია ხატის ტყით. რკონის მონასტერს ვახუშტი ასე აგვიწერს: "ზემოთ, თეძმის მდინარესა ზედა, არს კრკონს მონასტერი გუმბათიანი, ფრიად მაგარსა და შეუვალ ადგილს. აქ არს ლითონი ბრძენისა მრავალი, იტვიან ვერცხლსაცა, ზის წინამძღვარი, აქამომდე არის თეძამი ხილითა ნაყოფიერი"-ო. (გვ.56). რკონის ეს მონასტერი, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნეთ, აგებულია მე-7 საუკუნეში და იგი დიდი პატივითა და სახელით სარგებლობდა ძველ საქართველოში. ამ მონასტერს საკმაო დიდი მამულები ჰქონდა და დიდძალი შემოწირულობანიც შემოსდიოდა. როგორც მოხსენებული იყო, ცნობილია კახა ერისთავთ ერისთავის მიერ 1259 წელს ბოძებული სიგელი, რომლითაც იგი სოფელ ხოვლეს რკონის მონასტერს სწირავს. ეს მონასტერი შედიოდა მებატონე ჯავახიშვილების სამფლობელოში და ამ საგვარეულოს მთავარ სალოცავადაც ითვლებოდა. მონასტერი ამ ხეობაში საქრისტიანო კულტურის ერთ ერთი მნიშვნელოვან კერად იყო მიჩნეული. იგი კეთილმოწყობილიც ყოფილა, რასაც მოწმობენ დღემდე დარჩენილი ნაშთები. მონასტერი შემოზღუდული ყოფილა მაღალი ქვიტკირის გალავნით, რომლის ნაწილი დღესაც დარჩენილა. გალავანს შესასვლელი ჰქონია აღმოსავლეთ მხარეზე, საიდანაც ვიწრო გზა შედიოდა მონასტერში. ეს მხარე გამაგრებული ყოფილა კოშკით, რომლის ქვემო სართული ახლაც დაცულია. კოშკი კვადრატულია, აქვს სათოფურეები, იგი ორსართულიანი უნდა ყოფილიყო.
მთავარი ეკლესია - ღვთისმშობლის სახელობისა და იქვე ახლოს მდებარე ნათლისმცემლის ტაძარი - ნაგებია ხელოვნურ ტერსაზე, აღმოსავლეთ - სამხრეთით უვლის მდ.თეზამი, რომლის ნაპირი აქ ამოშენებულია ქვიტკირის კედლით. ღვთისმშბლის ტაძარი დიდია, ფორმით სამნავიანია, ნაგები თლილი ქვით, გადახურულია ქვაფიქალით. ეკლესიის კარიბჭე შემკულია ჩუქურთმებით და როზეტებით. ტაძარს აქვს თაღიანი დიდი სვეტები, რომლებზედაც დაყრდნობილია მისი შუა ნავი. შიგ ის მოხატულიც ყოფილა, მხატვრობა წაშლილია, ნაწილში შერჩენილია მხოლოდ სამკვეთლოში, სამხრეთის სამკვეთლოში გამოსახულია კტიტორი, რომელსაც ხელში უჭირავს ტაძრის მოდელი. ამ ტაძრის სამხრეთით არის მეორე ეკლესია - ნათლისმცემლის, იგიც ისეთივე ტიპისაა, როგორიც მთავარი ტაძარი. მისი ჩუქურთმები და წნულები ისეთივეა. შესასვლელი კარის სახურავის თავზე ადგია ვერძის თავსი ქანდაკება. მონასტრის ეზოში მოთავსებულია: ბერების სენაკები და სხვადასხვა სათავსოები. სენაკების ნაწილი დაშლილია; ურევია ორსართულიანებიც, რომლებსაც ჭერში გამოჭრილი აქვს ერდო (შუქისათვის). შედარებით კარგადაა დაცული ორი დარბაზული ტიპის სადგომი. ერთია ეკლესიის შესასვლელში. დარბაზი ნაგებია ქვიტკირით, აქვს სარკმლები და შესასვლელი კარი. გადახურულია ქვის კრამიტით: დარბაზის სახურავზე აღმოსავლეთით დგას ყოჩის ქანდაკება, რომელიც მწოლიარე პოზაშია და რქები დახვეული აქვს. მეორე ასეთივე ტიპის დარბაზი დგას შუა ეზოში. იგი ოსართულიანია. ქვეშ სარდაფია, ზემოთ საცხოვრებელი ოთახები, ერთი გრძელია და საკმაოდ განიერი. შუა ეზოში დგას ოთკუთხედი (კოშკისებური) შენობა, რომელიც კლდის დიდი ლოდებით არის ნაგები და ციკლოპურის შთაბეჭდილებას სტოვებს. ეტყობათ ეს უნდა იყოს ყველაზე ძველი ნაგებობა. დარჩენილია მისი პირველი და მეორე სართული. მონასტრის სამრეკლო ქვიტკირისა ყოფილა. (დარჩენილია მისი საძირკველი), შემდეგ იგი დანგრეულა და ზედ დაუშენებიათ აგურის სამრეკლო, რომელიც სვეტებიანია და კარგი ნაგებიც არის, გარედან მოჭიქული უნდა ყოფილიყო, შერჩენილი აქვს მისი ცისფერი ფრაგმენტები. ღვთისმშობლის ტაძარს აქვს სარდაფები და აკლდამები, სადაც იმარხებოდნენ მონასტრის ბერები. მონასტერს თავისი ხიდიც ჰქონია თეძმზე, რომელიც ახლაც მოქმედებს, მას უწოდებენ "ქვახიდას". ქვიტკირის ეს ხიდი კარგად არის ნაგები, მაღალ თაღოვანია, მისი განი უდრის 1,5 მ. ასეთივე ტიპის ძველი მახიდარის ნაშთები თეძმის მიდამოში ბევრი შემონახულა, რომლებსაც უწოდებდნენ "ქვახიდა"-ს. თეძმის ხეობაში რკონის ღვთისმშობელი ყველაზე დიდი სალოცავი იყო. დღეობა იცოდნენ მარიამობას, 28 (15) აგვისტოს და სალოცავად მოდიოდნენ ქართლის ყველა მხარიდან, მლოცავები მოდიოდნენ ჩარდახიანი ურმებით და დგებოდნენ ღამისთევად, თან მოჰყავდათ საკლავები (კურატი, ცხვარი, ქათამი) მოჰქონდათ საწირი (ქადები, არაყი, სანთლები და სხვ.). მლოცავი ეკლესიას შემოარტყამდა მას და თან ევედრებოდა სიმრთელეს და ყოველგვარ სიკეთეს. მოჰყავდათ აგრეთვე სულით ავადმყოფებიც, რომელთა განკურნებას შეავედრებდნენ რკონის ღვთისმშობელს. რკონის მონასტრის სამხრეთით, თეძმის გაღმა ერთი პატარა ეკლესიაა, რომელსაც უწოდებდნენ წმ.სვიმონს. ეკლესია პატარაა და ტყით არის დაფარული. ხალხური გადმოცემით, თათრის ლაშქარი რკონის მონასტერს არბევდა თურმე. თეთრის ბელადი ერთ ვიღაც სვიმონს რკონიდან ნიშანში ამოუღია და მოუკლავს. იმ ადგილას, სადაც ეს მოხდა გმირი სვიმონის პატივსაცემად, ეკლესია აუგიათ.
ფოტოს ავტორი - მარიტა მერკვილაძე
რკონის მონასტრის გზაზე, (სოფლიდან მონსტრამდე), თეძმის ნაპირას, სოფლის თავზე არის წმ.გიორგის ნიში, რომელშიც ჩატანებულია ტერფის გამოსახულების ქვა ე.წ. წმ.გიორგის ნაქოშარი. ხალხური გადმოცემით, ეს არის წმ.გიორგის ქოშის ნაფეხური. ვინც რკონის ღვთისმშობელში სალოცავად ვერ მიდიოდა, აქ უნდა შეჩერებულიყო, სანთლები დაენთო და დაელოცა. ამავე გზაზე, მონასტრის მახლობლად, ტყეში დგას დიდი ცაცხვი, რომელსაც ტანი და ტოტები შეტრუსული აქვს დანთებული სანთლებისაგან. ცაცხვის ძირში მიყუდებულია ფილაქვა, რომელიც ვიღაც მალაციძეს სოფ.ქონდარაანთიდან (თეძმის ხეობა) მოუტანია. მალაციძე ავად გამხდარა და ეს ქვა შეუწირავს რკონის ღვთისმშობლისათვის. ქვაზე უხეშად გამოსახულია ტოტებგაშლილი ხე. მარცხნივ აწერია "ცაცხვის წმინდა გიორგის ხე". მარჯვნივ გამოსახულია ქალის ფიგურა, რომელსაც ხელში უჭირავს ქოლგა და აწერი: "დედა ღვთისმშობელი". ამ ქვახატს გარშემო აწერია: "ჩრდილოვეთითგან რაც წყალი დაიღება, აქეთა სამხრეთით ორჯოს ქედიდგან ამოსავლეთით სამაჭალოს წყლამდისინ თავისა რკონისა ღვთისმშობლისაა, ისაკა მალაციძე". რკონის ღვთისმშობელში მიმავალი მლოცავები, როდესაც ამ ცაცხვთან გაივლიდნენ, დადგებოდნენ, სანთლებს დაუნთებდნენ და დაილოცებოდნენ, ვისაც შეთქმული ჰქონდა, მას აქ მოჰყავდა ბავშვები, ალოცებდნენ და პირველად შეკრეჭილ ბავშვის თმასაც აქვე სტოვებდნენ. რკონის ამ დიდ ცაცხვს უწოდებდნენ ჯავახიანთ ცაცხვს. ეს ცაცხვი იყო მათ სამფლობელოში, ამ ცაცხვზე ყოფილა დასვენებული მათი ხატიც, ცაცხვი გაზრდილა და ეს ხატი შიგ დაუტანებია. ამბობენ, რომ რამდენი მამაკაცი ჯავახიშვილი მოკვდებოდა, ამ ხეს იმდენი ტოტი ჩამოტყდებოდა, დაბადების შემთხვევაში კი - ცაცხვს ახალი ტოტი გამოებმოდაო.
რკონში არის შესანიშნავი ციხე-გალავანი, რომელიც აგებულია მთის ფერდობზე და გადასცქერის ორ ხეობას თეძამსა და სამაჭალოს. გალავანი დიდია, მას უკავია დაახლოებით ერთი ჰეკტარი ფართობი. იგი მაღალია, ქვიტკირით ნაგებია და დღემდე კარგად არის შემონახული. გალავანს აქვს ორი შესასვლელი კარი: ერთი დასავლეთით, მეორე ჩრდილოეთით. გალავნის კედლის სიმაღლე ზოგან ხუთ მეტრამდე აღწევს. ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში გალავნის კედელზე მიშენებულია ოთახი, რომელშიც გამართულია ბუხარი და სარკმლები. გალავანს აქვს სათოფურეები, კედელშივე გამოყვანილია საყარაულო ნიშნები. დასავლეთ მხარეზე მოთავსებულია დიდი ორმო-ხარო ჭირნახულის შესანახად. გალავნშივე მოთავსებულია საცხოვრებელი ბინები და სხვადასხვა სათავსოები, აქვეა ძველი ეკლესია - წმ.გიორგი, რომელიც თლილი ქვით არის მოპირკეთებული. ეკლესია ყოფილა მოხატულიც, რომლის ფრაგმენტები შერჩენილია ფანჯრებთან. ციხე - გალავნის ზემოთ, მაღალ მთის წვერზე, ნახევარ კილომეტრის დაშორებით საყარაულო კოშკია. დარჩენილის მისი პირველი და მეორე სართული. მას აქვს შესასვლელი კარი და სათოფურები. მტრის გამოჩენისას ამ საყარაულო კოშკის თავზე ცეცხლს დაანთებდნენ და ამის დანახვისას ხალხი თავდასაცავად შეიხიზნებოდა გალავანში. გალავნის კედლები გარედან გამაგრებულია ბურჯებით. გალავნის ნაგებობის სიმტკიცე, სივრცე და მონუმენტურობა აშკარად მოწმობს, რომ რკონის მოსახლეობა ყოფილა მრავალრიცხოვანი და შეძლებულიც, რომელმაც შეძლო ასეთი დიდი ტევადობის თავდაცვითი ნაგებობის მშენებლობა. სავალალოა, რომ ასეთი საყურადღებო თავდაცვითი ნაგებობა დღემდე არ არის ჯეროვნად შესწავლილი და გამოკვლეული.
|