topmenu

 

რკონის შესახებ - ივ.ჯავახიშვილი

<უკან დაბრუნება...<< დაბრუნება მთავარ გვერდზე

რკონის მონასტერი - ჯავახიშვილი ივ. თხზ.ტ.III. - თბ., 1982. - გვ.204.

"რკონის მონასტრის ისტორია, წარწერების ანალიზი."

Free Image Hosting at www.ImageShack.us

ი. ნაზღაიძეს ფოტო

....თემურ-ლენგის ამ გამანადგურებელი შემოსევის შესახებ (მონგოლთა მეხუთე შემოსევა საქართველოში, 1400 წ.) პატარა იმდროინდელი თარიღიანი ცნობა ჯერ კიდევ ამ საუკუნის დამდეგს თეძმის ხეობაში მდებარე რკონის მონასტრის პატარა ეკლესიის შესავალი კარების მარჯვენა ქვაზე ამოჭრილ წარწერაშიც იყო დაცული, რომელშიც ნათქვამია: ”ქ. აქა მოვიდა ლ [ა] ნგდემორდა და [ა] ქცივნ [ა] ეკლეს [ი] ან [ი] და რკონიცა და [ა] ქცია, ქ [ორონი] კ [ო] ნი იყო პჱ”(88). ამრიგად, ამ დიდი შემოსევის თარიღი 1400 წ. იმდროინდელი ყველა ცნობებით უცილობლად მტკიცდება. ამ წარწერაში ის გარემოებაა საყურადღებო, რომ თემურ - ლენგის მოთარეშე ლაშქრის გამანადგურებელი სამხედრო საქმიანობის მიმართულება და სივრცეც ირკვევა. ეტყობა, რომ, ქართლის მტკვრის ჩრდილოეთით მდებარე ნაწილში ნავარდის შემდეგ, მას თავისი მარბიელი ლაშქრისათვის საომარი მოქმედების მტკვარ - გამოღმა გადმოტანაც უბრძანებია და მისი მოლაშქრენიც ამ განკარგულების თანახმად, ყველა ისეთ ადგილებში, სადაც, რკონივით შეძლებულს მონასტერში, სახარბიელო სიმდიდრის ხელში ჩაგდება მოსალოდნელი იყო, შეჭრილან და თავიანთი მსახვრელი ხელი დაუდვიათ კიდეც. მაინც უნდა ითქვას, რომ სწორედ რკონის მონასტრის ნაგებობათა მდგომარეობა ცხად-ჰყოფს, რომ არც შერეფედდინისა და არც თვით ქართული და სომხური იმდროინდელი ცნობები შენობა - ციხეების ძირამდე დანგრევის შესახებ იმდროინდელს ნამდვილ ვითარებას მთლად არ შეეფერება: არამცთუ საძირკვლამდისა და მიწასთან გასწორებით, არამედ ნაგებობათა საფუძვლიანად დანგრევაც არ ჩანს. უნდა ითქვას, რომ თითონ მრისხანე მტარვალს ასეც რომ სდომებოდა და მისი მარბიელი ურდოებიც ამგვარი განკარგულების ასრულების ძალიან მოწადინებულნიც რომ ყოფილიყვნენ, ასეთი მიზნის განხორციელება მაინც არ შეეძლოთ: იმდროინდელს საქართველოში ქვითკირის მკვიდრი შენობები იყო გავრცელებული და ასეთ ნაგებობათა საფუძვლიანად დანგრევას მოკლე ხანში მტრის დაუნდობელი ლაშქარიც, რასაკვირველია, ვერც მოასწრებდა და ვერც მოახერხებდა. ამიტომ თემურ-ლენგიცა და მისი თავზეხელაღებული თანამებრძოლნიც უნდა უნებლიედ შენობათა გაოხრება - გავერანებით, უმთავრესად-კი გაცარცვით დაკმაყოფილებულიყვნენ და, როგორც ჩანს, სწორედ ასეც მოქცეულან....