topmenu

 

რკონი - ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე

რკონი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ. 5. - თბ., 1990. - გვ.184-190

რკონი, კრკონი, - ნასოფლარი, ისტორიული ძეგლი, მდებარეობს ტეძმის ზედა წელზე, მის მარცხენა ნაპირზე, სოფელ ჩაჩუბეთის მიდამოებში. გადმოცემის თანახმად, რკონში იყო “სალოცავი ხე” დიდი ცაცხვის ხე, რომელზედაც მლოცველები ჰკიდებდნენ შეწირულობას. საქართველოს სხვა კუთხეებშიც საკმაოდ გავრცელებული ეს რიტუალი წარმართობის დროინდელია. ფეოდალიზმის პერიოდში XII-XIII საუკუნეებში რკონზე გადიოდა მნიშვნელოვანი სავაჭრო და სამხედრო-სტრატეგიული გზა, რომელიც აკავშირებდა შიდა ქართლს საქართველოს სამხრეთ პროვინციებთან - ჯავახეთთან, თრიალეთთან და შემდეგ, სომხითის გავლით, ახლო აღმოსავლეთთან. ამან ხელი შეუწყო, რკონში და მის მიდამოებში დიდ სამონასტრო მშენებლობას. გარკვეულ როლს რკონისა და მის მიდამოების ეკონომიკურ ცხოვრებაში თამაშობდა აქ წიაღისეულის სიმდიდრის - ფერადი ლითონებისა  და ვერცხლსი არსებობა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „აქა არს ლითონი ბრპენისა მრავალი, იტყვიან ვერცხლსაცა“. მოგვიანებით, მეფე ერეკლე II-ის (1720-1798 წწ.) ბრძანებით ჯავახიშვილების მამული რკონი შეტანილია იმ პუნქტების სიაში, სადაც უნდა ეძიონ და მოიპოვონ ოქრო და ვერცხლი. XIII საუკუნის II ნახევარში მსხვილმა ფეოდალმა და სახელმწიფო მოღვაწემ კახა თორელმა შეისყიდა სოფელი ხოვლე და შესწირა რკონის მონასტერს. 1400 წელს, თემურლენგის (1336-1405 წწ.) ჯარებმა დაარბიეს სოფელი, და ირგლივ მდებარე ეკლესიები და მონასტრებიც. საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში რკონი გარკვეულ როლს ასრულებდა გვიანდელი ფეოდალიზმის პერიოდშიც. XVI-XVIII საუკუნეებში რკონი, საკმაოდ კარგად გამაგრებული პუნქტი იყო. 1690 - 95 წწ. აქ თავს აფარებდა ქართლის მეფე გიორგი XI (მეფობის წლები 1677-88) ოჯახით და აქედან აწარმოებდა ბრძოლებს ერეკლე I-ის (მეფობის წლები 1688-1703) ჯართან. დამარცხებული გიორგი XI ოჯახითერთ გაიქცა დასავლეთ საქართველოში. რუსეთის პირველი რევოლუციის პეროდში, 1905 წელს, რკონში არსებობდა სახელოსნო-ლაბორატორია, სადაც ამზადებდნენ შეიარაღებული აჯანყებისათვის საჭირო იარაღსა და ფეთქებად ნივთიერებებს. რკონში და მის მიდამოებში შემორჩენილია ისტორიული და კულტურის ძეგლები - რკონის სამონასტრო კომპლექსი, სმოჭალოს წმ.გიორგის ეკლესია, სვიმეონ მესვეტის სავანე, და სხვ...

ბაგრატიონი გ.

ღვთისმშობლის ეკლესია - დგას კომპლექსის აღმოსავლეთ მონაკვეთში. თარიღდება VII საუკუნის მეორე ნახევრით. ეკლესია სამნავიანი ბაზილიკაა (18,2X12,1 მ), შესასვლელი სამი მხრიდან (ჩრდილოეთი კარი ამოქოლილია). აფსიდის გვერდებზე სადიაკვნე და სამკვეთლოა. სამივე სათავსს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვს. ეკლესიის ნავები გაყოფილია ორი წყვილი სვეტით. დაბალი და განიერი გამყოფი თაღები მოხაზულობით ნახევარწრეს უახლოვდება. კამაროვანი გადახურვა სხვადასხვა დროს და ცუდად არის აღდგენილი. ნავების დასავლეთ კედელში თითო სარკმელია. სხვადასხვა დროის ლილვისებურ პროფილიანი კაპიტელები და კრონშტეინები მარტივია. თავდაპირველი ნალისებრი თაღები შემორჩენილია მხოლოდ დასავლეთ კარზე და სადიაკვნის სარკმლის შიდა მხარეს. ეკლესიის კედლები მოგვიანებით შეულესიათ და მოუხატიათ (შემორჩენილია მცირე ფრაგმენტები). მოხატულობა სხვადასხვა დროსაა შესრულებული. ეკლესიის ძირითად სივრცესა და სადიაკვნეში შემონახული მოხატულობის ნაშთები განვითარებული ფეოდალურ ხანას XII საუკუნეს განეკუთვნება. საკურთხევლის კონქში გაირჩევა ტახტზე მჯდომი მაცხოვარი გაშლილი სახარებით ხელში (სახარებაზე ასომთავრული წარწერის ნაშთებია). იგი მოქცეულია მანდორლაში, რომელიც დაფარულია სხვადასხვა ფერის კონცენტრული ზოლებით (წითელი, მუქი ყავისფერი, მონაცრისფრო-მწვანე). კომპოზიციის ფონი და ქრისტეს  ჰიმატიონი ცისფერია. ტახტის ღია მწვანე ფერის ზურგი მორთულია ძვირფასი ქვებით. მარგალიტების მწკრივებში ჩასმული შვიდქიმიანი ვარსკვლავებით. საკურთხევლის სარკმლის წირთხლებზე ორი დიაკვანია გამოსახული. წარწერების მიხედვით ჩრდილოეთით წმ.ლეონტია, სამხრეთით წმ.სტეფანე. ტაძრის დასავლეთ კედელზე, მაღლა, ამაღლების კომპოზიციაა. ქრისტე ორ ანგელოზს უჭირავს. ორივე ძლიერ მოძრაობაშია მოცემული. ანგელოზთა ფრთები მუქი წითელია, ტანსაცმელი ყავისფერი (ქიტონი) და თეთრი (ჰიმატიონი). ამავე კედლის პილასტერბზე, რომლებიც შუა და სამხრეთ ნავებს შორისაა მოთავსებული, გაირჩევა მესვეტის ფიგურა. სადიაკვნის მხატვრობა თეთრი და ცისფერი საღებავებით შესრულებული კიბისებრი ორნამენტით ორ რეგისტრად იყო გაყოფილი. ზედა რეგისტრი ამჟამად მთლიანად გადაშლილია. ჩრდილოეთ კედელზე სამი საერი პირის გამოსახულებაა შემორჩენილი. სამივე ქალია, მათი ვინაობა უცნობია. კედლის დასავლეთ მონაკვეთზე გამოსახულ ორ ქალს მორთული, ძვირფასი ქსოვილის კაბა აცვია. განსაკუთრებით საინტერესოა ცენტრში მდგომი ფიგურა. მისი მუქი ყავისფერი თმები დამუშავებულია წვრილი პარალელური თეთრი ხაზებით და შემკულია სამ სამად შეკრული მარგალიტებით. ტანსაცმელი მოწითალო ფერისაა. ქსოვილის სახე მუქი ფერის წითელი საღებავითაა შესრულებული. ამავე ფოგურას ხელთ უპყრია ბაზილიკის მოდელი. სადიაკვნეს ქვედა რეგისტრშიც, აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ მონაკვეთზე რომელიღაც წმინდანია (ქალი) გამოსახული. სამხრეთით მარიამ ეგვიპტელი იყო.(ამჟამად ოდნავ გაირჩევა). ფოგურათა სახეები არ არის შემონახული. ჩანს მხოლოდ მოწიტალო აგურისფერი აბრისები და ოქროსფერი ოქრას კვალი. მხატვრობის კოლორიტი ძირითადა ცისფერის, მოწითალო-აგურისფრის, ღია მწვანე და თბილი ყვითელი ფერების შეხამებაზეა აგებული. გამოსახულებათა მოქნილი ნახატი, დახვეწილი პროპორციები შესრულების მაღალ ოსტატობაზე მეტყველებს. ეკლესიის სამკვეთლოს მოხატულობა XVII საუკუნეს განეკუთვნება. მხატვრობა ორ რეგისტრადაა გაყოფილი, შეიცავს სახარების სცენებსა და ცალკეულ წმინდანთა გამოსახულებებს; აღმოსავლეთ კედელზე, ზემოთ გამოსახულია ხარება, ქვემოთ - ტახტზე მჯდომარე მაცხოვარი გაშლილი სახარებით ხელში; სამხრეთ კედელზე, ზემოთ - შობა, ქვემოთ სამი კტიტორი (მამაკაცი, ქალი, ბავშვი), დასავლეთ კედელზე, ზემოთ - ნათლისღება, ქვემოთ წმ დედანი, რომელთაგან ერი წმინდა ეკატერინეა. მხატვრობაში დასრულებულია ორნამენტული ზოლით (დაშვებული ფარდა). შესასვლელის ტიმპანი და წირთხლები შემკულია მცენარეული ორნამენტით. მოხატულობის შესრულების მანერა ხასიათდება სიმშრალით. ნახატი კუთხოვანია, ხისტი, კოლორიტს მღვრიე ელფერი აქვს (მოწითალო-აგურისფერი, თეთრი, ყვითელი, მომწვანო -ფორუზისფერი). მოხატულობის ფრაგმენტები შემონახულია ტაძრის კარიბჭეშიც. შესავლელის ტიმპაში გაირჩევა ღვთისმშობლისა და ყრმის გამოსახულება (ძალიან გაჭვარტლულია). აქვე შესასვლელის სამხრეთ წირთხლზე ორიმიტიულად შესრულებული საერო პირის (მამაკაცის) გამოსახულებაა (შემონახულია მკერდამდე). მას გვირგვინი ახურავს, ხოლო ხელში უჭირავს ჯვარი, რომელიც ზემოთ  პატარა დროშითაა დასრულებული. ეს ნახატი არა უგვიანეს X საუკუნისაა. მთლიანად იყო მოხატული კარიბჭეზე სამხრეთიდან მიშენებული ეგვტერი. მოხატულობა თარიღდება განვითარებულია ფეოდალური ხანით. აღმოსავლეთით, კედლის თაღში ძლიერ დაზიანებული ხუთი წმინდანის ფიგურაა. სამხრეთ კიდეში მდგომ ფიგურებს შემორჩენილი აქვს სახის ნაწილი - მოგრძო ყვრიმალებიანი ოვალი, თხელი ცხვირი, დიდი თვალი, გრძელი წარბი. ჩრდილოეთ კიდეში მდგომი ფიგურა მცირე ზომისაა. მას ასომთავრული წარწერა ახლავს. ამავე კედლის თაღის ზემოთ, ჩრდილოეთ კიდეში გამოსახულია მთავარანგელოზი მიქაელი, მსაც ასომთავრული წარწერა აქვს. ეგვტერსი ჩრდილოეთ კედელზე, შესასვლელის აღმოსავლეთით წარმოდგენილია დიაკვანი, დასავლეთით საერო პირის დიდი ზომის გამოსახულება. ასეთივე გამსოახულებაა დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილშიც. ორივე საერო პირი მიბრუნებულია წმინდანთა წელზედა ფიგურებსიაკენ (დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში მაცხოვარია). ჩრდილოეთ საშესვლელის ტიმპანში შემორჩენილია მოწითალო აგურისფერი დისკოს ფრაგმენტი. ტიმპანის თაღის აღმოსავლეთ სოფიტზეც წმინდანის წელზედა ფიგურაა. მოხატულობის კოლორიტი ნათელია, ერთმანეთთან შეხამებულია მოწითალო-აგურისფერი, ოქროსფერი ოქრა, ღია მწვანე, ცისფერი, ყავისფერი. ეკლესიის ფასადები გადაკეთებულია. თავდაპირველი ფენა მეტ ნაკლებად შემორცენილია აღმსოავლეთ ფასადზე და დანარჩენი ფასადების ქვედა რიგებში. შემორჩენილია აგრეთვე ძველი ლავგარდნის ფრაგმენტები პატარა ნალისებრი თაღებით. ყველაზე უკეთ მორთულია აღმოსავლეთ ფასადი. შუა სარკმლის ორივე მხარეს სამკუთხა ნიშებია; ფრონტონის ცენტრში ჯვრის გამოსახულებაა. შუა სარკმელს შემორჩენილი აქვს თავდაპირველი თავსართი. გვერდითი სარკმლების თავსართები კი გადაკეთებულია. აღმოსავლეთ ფასადის ნიშები კონქებს ამკობს რადიალურად გაშლილი მოწითალო-ყავისფერი ზოლები. XIII საუკუნის II ნახევარში ეკლესიისათვის მიუშენებიათ კარიბჭე (3,8X9,5 მ), რომელიც დასავლეთით გახსნილია განიერი თაღით. ინტერიერში კარიბჭის ცენტრალური ნაწილი უკავია გეგმით კვადრატულ, ცილინდრული კამარით გადახურულ ეგვტერს, რომლის იატაკი ჩანგრეულია. ეგვტერს აღმსოავლეთით ერთი სარკმელი აქვს, დასავლეთით - ორი. კარიბჭის ფასადები მორთულია დეკორატიული ნახევარსვეტებიანი თაღედით. ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისებრი, შესასვლელის თაღი და სარკმლის საპირეები, ჯვარი ფრონტონის ცენტრში და ლავგადანი მოჩუქურთმებულია. დაახლოებით იმავე პერიოდისაა ეკლესიაზე სამხრეთიდან მიშენებული მცირე ზომის (5,8X3,6 მ) სამლოცველო - დარბაზული ეკლესია, რომელსაც შესასვლელი დასავლეთიდან აქვს. აღმსოავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებში თითო სარკმელია. სამლოცველოში შემონახულია მოხატულობის ძლიერ დაზიანებული ფრაგმენტები. მოხატულობა XIII - XIV საუკუნეებით თარიღდება. საკურთხევლის სარკმლის სამხრეთით გაირჩევა ორი შარავანდის მკრთალი კონტურები. სარკმლის წირთხლებზე შემორჩენილია ორნამენტის ორი ზოლი: გარეთა ორნამენტი კიბისებრია, შიგნითა მცენარეული (უსასრულო ღეროს მოტივი). დასავლეთ კედლის პირველ რეგისტრში, სარკმლის სამხრეთით ჩანს რაღაც ფიგურის ფრაგმენტი. ამავე სარკმლის ჩრდილოეთით ანგელოზის მიერ იოანე ნათლისმცემლის გადარჩენის ამსახველი სცენაა. მეორე რეგისტრში გაურკვეველი კომპოზიციის ფრაგმენტია. შედარებით უკეთესადაა დაცული შესასვლელის თავზე, კედლის სამხრეთ ნაწილში გამოსახული ორი ფიგურა. შარავანდის სილუეტი გაირჩევა ამავე რეგისტრის ჩრდილოეთ ნაწილშიც. მოხატულობა დასრულებული ყოფილა ორნამენტის ორნამენტის ზოლით, რაზეც მეტყველებს სამხრეთ და დასავლეთ კედლებზე შემორჩენილი დიდი ვარდულების ფრაგმენტები. მოხატულობის კოლორიტს ქმნის მოწითალო - აგურისფერი ოქროსფერი ოქრა, თეთრი და ლურჯი (ჩაშავებულია) ფერები. სამლოცველოს დასავლეთ ფასადზე შესასვლელის ტიმპანში გამოსახულია ღვთისმშობელი ყრმით და მისკენ მიბრუნებული ორი ფიგურა. ფასადები მოპირკეთებულია თლილი ქვით და მორთულია დეკორატიული თაღებითა და ჩუქურთმებით.

სატრაპეზო დგას ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო დასავლეთით, დაახლოებით 10 მეტრზე. ძირითადი ნაწილები თარიღდება XIII-XIV საუკუნეების მიჯნით. სატრაპეზო ექვს საბჯენ თაღზე დაყრდნობილი შეისრული კამარით გადახურული სათავსია (5,2X16,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. მას აღმოსავლეთით არქიტრავით გადახურული შესასვლელი აქვს. სამხრეთით ერთი პატარა სარკმელია, ხოლო დასავლეთით სამი კვადრატული სარკმელი. კამარაში დატანებულია სამი ხვრელობი. ლავგარდანი თლილი ქვისაა, ნაგებობა გადახურულია ლორფინით (ამჟამად სახურავი ძალზე დაზიანებულია).

კოშკი - დგას სატრაპეზოს სამხრეთ-დასავლეთით, ორმოციოდე მეტრზე. ნაგებია ნატეხუ ქვით. შემორჩენილია სამი სართულის კედლები. შესასვლელი მეორე სართულზეა. პირველ და მეორე სართულზე თითო სარკმელია.

სამრეკლო დგას ღვთისმშობლის ეკლესიის ჩრდილო-დასავლეთით, დაახლოებით 2 მეტრზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. სამრეკლოს კედლები და სახურავი დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სამრეკლო ორსართულიანია. პირველი სართული (5,1X5,1 მ.) კუბური სათავსია, იგი მოხატული ყოფილა. ამჟამად ბათქაშის დიდი ნაწილი ჩამოცვენილია, დანარჩენი ძალზე გაჭვარტლულია და ნახატი ძნელად გაირჩევა. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში შემორჩენილია ძლიერ დაზიანებული ფრონტალურად წარმოდგენილი წმინდანის ფიგურა. მის შარავანდთან გაირჩევა რამდენიმე ბერძნული ასო. წმინდამს ხელში ძვირფასი ქვებით მოჭედილი წიგნი უჭირავს. მოხატულობის კოლორიტს ქმნის მუქი ლურჯი, წითელი, ყვითელი და თეთრი ფერები. მეორე სართული, საკუთრი სამრეკლო, რვა ღია თაღზე აგურით ამოყვანილი ცილინდრული ფანჩატურია, რომელსაც შემოვლებული აქვს თლილი ქვის დასაპროფილიანი ლავგარდანი და გადახურულია ქვის ბრტყელი ფილებით. ფანჩატურში ასასვლელი ქვის კიბე მიშენებულია დასავლეთიდან. ფასადში ჩასმულია სამი მოჭიქული ჯამი. აქვე კედელში მოზრდილი ნიშია, რომლისთვისაც გარედან უფრო დიდი „ხატის ნიში“ მიუშენებიათ.

რკონის კომპლექსში შემავალი, ფერდობზე მიშენებული ერთსართულიანი ბერების სენაკები და სხვა ნაგებობათა ნაშთები ცუდადაა შემონახული.

ნათლისმცემლის ეკლესია - დგას ღვთისმშობლის ეკლესიის სამხრეთით, შვიდიოდე მეტრზე. თარიღდება XIII-XIV საუკუნის მიჯნით. ეკლესია დარბაზულია (7,3 X4,3 მ), ნაგებია კარგად გათლილი ქვის სხვადასხვა ზომის კვადრებით; კამარა ნატეხი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. აღმოსავლეთით, აფსიდის ღერძზე, და დარბაზის დასავლეთ კედელში თითო სარკმელია, სამხრეთისაში - ორი. ეკლესიის დარბაზი გადახურულია ცილინდრული კამარით, რომლის საბჯენი თაღები პილასტრებს ეყრდნობა. ეკლესია დგას ორლილვიან ცოკოლზე. ფასადები (გარდა სამხრეთისა) მორთულია დეკორატიული ნახევარსვეტებითა და თაღედით. ნახევარსვეტების კაპიტელები, ბაზისები და მორკალური პროფილის ლავგარდანი მოჩუქურთმებულია. განსაკუთრებით გამოირჩევა აღმოსავლეთ ფასადის მოჩუქურთმებულ საპირიანი შუა სარკმელი და მის თავზე აღმართული ჯვარი; ქვემოთ რთული ბაზისი და მტევნების გამოსახულება ქმნის ერთიან დეკორატიულ სისტემას. სამხრეთ ფასადზე მორთულია მხოლოდ სარკმლები; წრიული სარკმლის ჩუქურთმა კედლის სიბრტყიდან ამოწეულია, სწორკუთხა სარკმლისა კი კედელშია ამოკვეთილი. ეკლესიის სამხრეთით ამოყვანილია სპეციალურად სუბსტრუქცია, რომელშიც მოთავსებულია სამარხი კამერა. მოგვიანებით ეკლესიისთვის დასავლეთიდან კარიბჭე (4,5 X4,8 მ) მიუშენებიათ. შესასვლელი დასავლეთიდანაა. გადახურულია სხივისებრი კამარით. სამხრეთ კედელში ორი სარკმელია. კარიბჭის დასავლეთ და ჩრდილოეთ ფასადები, ეკლესიის მსგავსად, ნახევარსვეტებიანი დეკორატიული თაღედითაა მორთული. დასავლეთ ფასადს სამი თაღი აქვს. შუა თაღი, რომელსაც ფართო ჩუქურთმებიანი საპირე გასდევს, სიგანით სამჯერ აღემატება გვერდით თაღებს და შესამჩნევად მაღალია. თაღის ზევით პატარა ოთკუთხა სარკმელია, სარკმლის ზევით - ჩუქურთმიანი ჯვარი. კარიბჭის ლავგარდანი მოჩუქურთმებულია.

რკონის (თამარის) ხიდი - მდებარეობს სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე, გადებულია მდინარე თეძამზე. ხიდზე გადიოდა გზა, რომელიც შიდა ქართლს აკავშირებდა თრიალეთთან. ხიდი თარიღდება XII-XIII საუკუნეებით. იგი ერთმალიანია (12,5 მ), მორკალური ფორმისა (თაღის სიმაღლე მდინარის ზედაპირიდან 7,6 მ; სიგანე 2,2 მეტრია). ნაგებია ნატეხი ქვით კირის მკვრივ დუღაბზე. თაღის ქვედა პირი შედარებით გრძელი ქვებით არის ნაშენი, ზედა - უფრო მომცროთი. ხიდის ბურჯები ბუნებრივ კლდოვან საფუძველს ეყრდნობა. კონსტრუქციული მოსაზრებით, შუა ნაწილი ნაპირებზე გაცილებით მაღლაა აზიდული. ხიდი შემორჩენილია თავდაპირველი სახით. იგი საქართველოს ფეოდალური ხანის ხიდების ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია.

შევიაკოვა ტატიანა.

რკონის ციხის კომპლექსი  << იხ. აქ..... <<