topmenu

 

არმაზი ქსნისა - შ.ამირანაშვილი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე..<<<ეკლესია - მონასტრები>>>


ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1981. - გვ.163-164.

საქართველოში არაბთა ბატონობის დამთავრებისა და საქართველოს სამეფოებად და სამთავროებად დაყოფის შემდეგ, ქართული ხელოვნება ვითარდება გასაოცარი შინაგანი ძლიერებითა და წარმატებით. საქართველოს მთლიანობისათვის  ბრძოლის პერიოდში ქართული სახვითი ხელოვნება ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში თითქმის ერთდროულად, როგორც ეს დასტურდება დათარიღებული ძეგლებით, ვითარდება მზარდი წარმატებით. თითოეული ნახევრად დამოუკიდებელი ფეოდალური სამეფო და სამთავრო ცდილობს განამტკიცოს თავისი პოლიტიკური დამოუკიდებლობა, შექმნას კულტურისა და ხელოვნების საკუთარი ცენტრი. ამ გარემოებამ გარკვეული გავლენა მოახდინა საქართველოს ფეოდალური სამთავროების მხატვრული კულტურის განვითარებაზე, ხელი შეუწყო კუთხური სპეციფიკის ჩამოყალიბებასა და განვითარებას, რამაც საბოლოო ჯამში გაამდიდრა ქართული მხატვრული კულტურის შინაარსი, გადაიქცა ზოგადი ქართული კულტურის ძირითად წყაროდ...საქართველოს დედაქალაქის მახლობლად, მიუხედავად იმისა, რომ არაბთა ხელისუფლების წამომადგენლის, თბილისის ამირას ხელში იყო დედაქალაქი, მძაფრად ღვიოდა ქართული კულტურის კერა, იქმნებოდა ქართული მხატვრული კულტურის შესანიშნავი ნიმუშები. ქსნის ხეობაში დაცულია ქართული ხუროთმოძღვრების მე-8 და მე-9 საუკუნეთა შესანიშნავი ძეგლები: არმაზი, წირქოლი და კაბენი, რომელთა შესწავლა ადასტურებს ქართული საამშენებლო კულტურის მაღალ დონეს. არმაზისა და წირქოლის ტაძრებს მრავალი საერთო ნიშანი აქვთ. მაგრამ ამავე დროს, თითოეულ მათგანს დიდი თავისებურებაც ნათლად ემჩნევა. ცენტრალური სივრცე ნაგებობაში გადახურულია გუმბათით, რომელსაც მრავალსაუკუნოვანი ქართული ტრადიციის საწინააღმდეგოდ, არ ჰქონდა ყელი, სარკმელები და ამავე დროს შენობის გარეგან ხედზე არაფრით არ იყო გამოხატული. შენობა გადახურულია ორკალთიანი სახურავით, რაც მას ანიჭებს უგუმბათო ნაგებობის სახეს. არმაზის ტაძარში ცენტრალური სივრცე კვადრატული სახისაა, რომლის კუთხეებში კედლის მახლობლად მოთავსებულია რვაწახნაგოვანი სვეტები. ისინი მცირე კამარებისა და დაბალი კედლის საშუალებით დაკავშირებულნი არიან შენობის ძირითადი ნაწილის კედლებთან. კვადრატიდან გუმბათის რვაწახნაგოვან საფუძველზე გადასვლა მოცემულია ოთხი ტრომპის საშუალებით, რომელიც მოთავსებულია კვადრატის კუთხეებში. ტაძარში დაცულია შენობის აგების ხანის ძველი კანკელი, რომელსაც შერჩნილი აქვს მხატვრობა. შენობის აფსიდი, თაღები და ყველა კედელი აგებულია რიყის ქვისგან, ქვების წყობა გამოირჩევა კარგი ხარისხით. სამხრეთიდან და დასავლეთის მხრიდანაც შენობას აქვს ვიწრო მინაშენი, რომელიც გარს უვლის ნაგებობას და თავისი სახით მოგვაგონებს ეკვდერს. გუმბათის მასკირება ორკალთიანი სახურავის ქვეშ და გუმბათის ყელის უქონლობა ახასიათებს აგრეთვე წირქოლის ტაძარს,..წირქოლი და არმაზი, მოუხედავად ერთგვარი სიმძიმისა, გამოირჩევიან პროპორციების მოხდენილობით და სილამაზით, წყობის სისუფთავით და მაღალი ხარისხით. გ.ჩუბინაშვილის მართებული შენიშვნით, წირქოლი მხატვრული იდეით, ფასადებისა და ცალკეული არქიტექტურული დეტალით, საამშენებლო ხელოვნების თვალსაზრისით, უფრო მაღალ დონეზე დგას, ვიდრე არმაზი. წირქოლის ტაძარი ზოგიერთი ნიშნით უახლოვდება გურჯაანის ორგუმბათიან ბაზილიკას, მე-8 საუკუნის ნაგებობას. წირქოლის ტაძრის მხატვრულ - ისტორიული ანალიზი საშუალებას აძლევს გ.ჩუბინაშილს დაათარიღოს იგი მე-8 საუკუნით, ხოლო არმაზის ტაძარი საამშენებლო წარწერის თანახმად, 864 წლით.