topmenu

 

შორაპანი

 

შორაპნის ციხე, ანტიკური და შუა საუკუნეების ციხესიმაგრე დასავლეთ საქართველოში, ყვირილისა და ძირულის შესართავში (ახლანდელი დაბა შორაპნის ტერიტორია, ზესტაფონის რაიონი). ვახუშტი ბატონიშვილი ციხეს ასე აღწერს: «ყვირილასა და ძირულას შორის შესართავს შინა არს შორაპანი. რომელი აღაშენა მეფემან ფარნაოზ, ქალაქი და ციხე დაყო საერისთავოდ. ამას ჩრდილოეთ-დასავლეთით უდის ყვირილა, აღმოსავლეთით-სამხრეთით ძირულა, აღმოსავლეთ-ჩრდილოეთ შუა აქვს კლდე-გორა მცირე და გვირაბი დიდი ჩასული წყლამდე.” წყაროებში პირველად მოხსენებულია სტრაბონთან (ძვ. წ. I - ახ.წ. I სს.). ლეონტი მროველის (XI ს.) ცნობით, ციხესიმაგრე ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში ააგო ქართლის მეფე ფარნავაზ I-მა. სტრაბონისეული ცნობით, ციხესიმაგრე იმდენად დიდი იყო, რომ მასში თავისუფლად ეტეოდა ქალაქის მოსახლეობა. VI საუკუნეში, ირან-ბიზანტიის ომის დროს, შორაპნის ციხე ხელიდან ხელში გადადიოდა. გვიანდელ ეპოქაშიც ეს ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო. 1730 ოსმალებმა დაიკავეს. 1770 მეფე სოლომონ I-მა გაათავისუფლა. ციხე-ქალაქის ფართობი 6000 კვ.მეტრს აღემატება. მდებარეობს ზღვის დონიდან 100 მეტრის სიმაღლეზე. შორაპნის ციხის ნანგრევებში აშკარად შეიმჩნევა ორი ფენა: გვიან ფეოდალური — რიყის ქვის წყობა კირის ხსნარზე და ადრე ფეოდალური — უხეშად გათლილი კვადრების წყობა კირის ხსნარზე. კვადრების სამი-ოთხი რიგის შემდეგ მორიგეობს ხუთრიგიანი აგურის წყობა. ქვისა და აგურის მონაცვლეობიანი წყობა მიეკუთვნება მე-6 საუკუნეს. მშენებლობის ასეთი სტილი დამახასიათებელია ბიზანტიური იმპერიის პერიოდის რომაული არქიტექტურისათვის. მე-6 საუკუნეს ეკუთვნის ციხიდან მდინარე ყვირილაში ჩამავალი გვირაბი, რომელიც გვიანფეოდალურ ხანაშია აღდგენილი. ცნობილია ისიც, რომ ციხე სასმელი წყლით მარაგდებოდა ორი სხვადასხვა დიამეტრის მქონე თიხის მილების წყალსადენით. ციხის დაცული ნანგრევები შეიცავს სხვადასხვა ხანის ნაგებობებს. ეს ნაწილი აგებულია ოთხკუთხა თლილი ქვისაგან, რომელსაც შუაში დატანებული აქვს აგურის ზოლი. ასეთი ნაგებობა დამახასიათებელია იმპერიის პერიოდის რომაული და შემდეგ მე-4-6 საუკუნეების ბიზანტიური არქიტექტურისათვის. შორაპნის ციხეში არის ამავე ხანის სხვა ციხეებისათვის დამახასიათებელი გვირაბი, რომელიც ცუდადაა შემონახული. იგი იწყება დასავლეთის კედელთან და მიემართება ჩრდილო-დასავლეთით მდინარე ყვირილასაკენ და ჩადის მის სანაპირომდე(სიგრძე 60 მეტრი), სადაც აშენებულია რიყიოს ქვისა და კირქვისგან აგებული ოთხკუთხედი კოშკი. ციხეს ჰქონია ორი კარი: ერთი ჩრდილო-ამოსავლეთით და მეორე დასავლეთით, სადაც ამჟამად ძველი თაღოვანი ციხის ბურჯია შემორჩენილი და რომლითაც მდინარის მარცხენა მხარე უკავშირდებოდა მარჯვენას. შორაპნის მთელი ტერიტორია ერთ დროს შემოზღუდული ყოფილა გალავნით, რასაც მოწმობს ამ ადგილებში ნაპოვნი ალიზის კედლის ფრაგმენტები და სუსტად გამომწვარი აგურის ნატეხები. მთელი ეს ფართობი(დაახლოებით 25ჰა) ციხის გამოკლებით ქალაქის ტიპის დასახლება უნდა ყოფილიყო. შორაპანი ციხე-ქალაქი ყოფილა. ამავ დროს ეს იყო პუნქტი, სადაც სანაოსნო გზა მთავრდებოდა და სახმელეთო იწყებოდა. იგი ვაჭრებსა და მგზავრებს უზრუნველყოფდა ქარვასლა-ფუნდრუკებით, სურსათით, გადასაზიდი სახმელეთო ტრანსპორტით, სამჭედლო სახელოსნოებით, ბაზრით და სხვა. ვარაუდობენ რომ აქვე უნდა ყოფილიყო ნავმისადგომი, საბაჟო, უნდა ჰყოლოდათ მცველი რაზმიც, რადგან სავაჭრო გზით მტერსაც შეეძლო მოსვლა და მოყვარესაც. შორაპანი იყო დასავლეთ და აღმოსავლეთ ქვეყნებს შორის სავაჭრო ერთ-ერთი დამაკავშირებელი რგოლი. შორაპანში აღმოსავლეთიდან შემოდიოდა 3 სახმელეთო გზა, ასევე დასავლეთიდან __ ერთი სამდინარო და ორიც სახმელეთო. მათგან ერთი სახმელეთო გზა იწყებოდა ქუთაისიდან, გამოივლიდა ჩხარს, სკანდას, «თამარის ხიდს» მდინარე ჩოლაბურზე და მდინარე ყვირილას თაღოვანი ხიდით შედიოდა შორაპანში. მეორე კი მდინარის მარცხენა მხრიდან შემოდიოდა და რიონის ნაპირით მიემართებოდა შავი ზღვისაკენ. შორაპნის ციხეზე არქეოლოგიური გათხრები 1983 წელს დაიწყო. მთლიანად გაიწმინდა მიმდებარე ფართობი და გამოჩნდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის კედლები, ნაწილობრივ ჩრდილოეთის კედელი, რომელიც ყველაზე მეტადაა დაზიანებული. არქეოლოგიური გათხრებით გამოვლენილია ოთხკუთხა ბურჯისმაგვარი კოშკი, გაწმენდილია ნაგებობის იატაკი, რომლის ქვემოთ კიდევ უფრო ძველი ნაგებობის კედლები აღმოჩნდა, რომელშიც ჩაშენებულია წყალგაუმტარი ხსნარით შელესილი ავზი. არქეოლოგების მიერ ნაპოვნი იქნა ასევე ადგილობრივი და უცხოური თიხისა და მინის ჭურჭელი, რკინის ნივთები. გათხრებით დადასტურდა რომ X_XI საუკუნეებში შორაპანში ცხოვრება აქტიურად მიმდინარეობდა. მდინარეების ყვირილასა და ძირულას შესართავთან ექსპედიციამ გამოავლინა ანტიკური ხანის ნაგებობები, რომლებიც ორნაირი კრამიტით(ბრტყელი და ღარიანი) ყოფილა დახურული. აღმოჩენილია კოლხური ამფორები და სხვა ჭურჭლები, მასთან ერთად იმპორტული შავლაქიანი კერამიკის ფრაგმენტები, რითაც სავაჭრო გზის რეალურად არსებობა დასტურდება. ციხეზე მოპოვებული არქეოლოგიური მასალები ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.

წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/შორაპნის_ციხე

 

 

 

 

 

***********************************************************************************
შორაპანი და სკანდეს ციხე - ციციშვილი ირ. // ქართული ხელოვნების ისტორია.-თბ.,1995.- გვ.51
შორაპანი და სკანდე იბერიის საზღვართან მდებარეობდნენ და გზას კეტავდნენ ამ ციხეებში ომის დაწყების წინ იმპერატორმა იუსტინიანემ შეცვალა ლაზები რომის გარნიზონით, რომელმაც მალე დატოვა ეს ციხეები და ისინი სპარსელებმა დაიკავეს. 532 წლის დაზავების   შემდეგ, ორივე ციხე გადავიდა რომაელების ხელში, მაგრამ ლაზებმა იმის შიშით რომ სპარსელები კვლავ დაეუფლებოდნენ მათ, თვითონ დაანგრიეს ორივე ციხე.... <<ტექსტი სრულად აქ...<<