topmenu

 

იახსარი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

იახსარი - სხვა ღვთისშვილთა შორის გამორჩეული ყოფილა ღონით, გამბედაობით და ჭიდაობითაც. ისიც, სხვა ღვთისშვილთა მსგავსად, ბოროტ ძალებთან - დევებთან, ქაჯებთან, ეშმაკებთან და მაცილებთან მებრძოლ ღვთაებაა. იგი იცავს, როგორც მისი მფარველობის ქვეშ მყოფ ადგილს, ასევე ყველა ადამიანს, ვინც შველას ითხოვს. ხალხური რწმენის მიხედვით, იახსარი განდევნის ბოროტ სულებს სულიერად დაავადებული ადამიანისგან და უბედური შემთხვევით (მეხის დაცემა, ზვავში მოყოლა და ა.შ.) გარდაცვლილთაგან. სხვა ღვთისშვილებისგან განსხვავებით, იახსარი ზეციურ მოციქულად ითვლება, რომელიც სვეტის ან ჯვრის სახით წარმოსდგებოდა. თავის საყმოს მიმართაც განსაკუთრებული გულისხმიერებით გამოირჩეოდა. იახსარს უფლება ჰქონდა მორიგე ღმერთთან პირისპირ წარმსდგარიყო და სათხოვარი გადაეცა. ახსარი მორიგესგან მშვილდ-ისრით იყო დაჯილდოებული.

იახსარის სალოცავები მრავლადაა თუშეთში, მთიულეთში, გუდამაყარში, ერწო-თიანეთში, ზოგადად, არაგვისა და ივრის ხეობაშია. დროთა განმავლობაში, კოპალასა და იახსარის სახეები შეერწყა ერთმანეთს, და ხშირად, კოპალას სალოცავი იახსარისაც არის. იახსარის მთავარი სალოცავი ნინახშია. იქ ჰქონია ღვთისშვილს პატარა სამლოცველოცა და საბერო. ამ საბეროს წინ, საყუჩი-საყარაულოში ყარაულობდა ღვთისშვილი ერთ დიდსა და მდიდარ დევს - გამხვეურას, რომელიც იახსარის საცხოვრებლიდან დასავლეთით, გამხვეულთ კარში სახლობდა. ამბობენ, ფშავში, შუაფხოდან სულ ორიოდე ნაბიჯში დევებს ფაცერი ჰქონდათ გაბმული და არაგვის ჭალაზე გამვლელ ხალხს იჭერდნენ და ჭამდნენ. დევები ისე მომრავლდნენ, ავისგორშიც მოინდომეს დასახლება. მოინდომეს და სოფლის შენებაც დაიწყეს. ეს რომ იახსარმა გაიგო ძალიან გაბრაზდა და ავისგორს ხევებიდან ზუსტად მაშინ მიადგა, როცა ცხრა დევი კარისთავის დადებას ცდილობდა, მაგრამ ვერ ერეოდნენ. იახსარმა აიკეცა კალთები, მოავლო ხელი ქვას და მარტომ შეაგდო. შეშინდნენ დევები და გაიქცნენ. იახსარმა კარისთავიც იმათ ესროლა და გამხვეუთკარს სახლი დაუნგრია.

ხევსურეთში, სოფელ როშკას ზემოთ ჭიუხების ძირშია აბუდელაურის ტბა. აქ შეაფარა თავი იახსარის ლახტს გამოქცეულმა უკანასკნელმა დევმა. იახსარმა დევს თვალი გამოთხარა. დევმა ტბას შეაფარა თავი. იახსარიც შიგ ჩაჰყვა, მაგრამ დევის სისხლმა ტბა შეჰკრა და ღვთისშვილი შიგ ჩარჩა. ტბის პირი მხოლოდ მაშინ გაიხსნა, როცა ოთხყურა და ოთხრქა ცხვრის სისხლი მოასხურეს. ცხვრის სისხლმა უწმინდურის სისხლით წაბილწული ტბა განწმინდა და იახსარსაც ხმელეთზე ამოსასვლელი გზა გაეხსნა. ამბობენ, ღვთისშვილი მტრედის სახით ამოფრინდა იქიდანო. მადლიერი იახსარი ბლოელს შეპირდა, ასეთი სიკეთე რომ მიყავი, სამ თხოვნას შეგისრულებო. როცა გაგიჭირდება, მიხმე და მეც შენთან გავჩნდებიო. იახსარი აქედან გაფრინდა და ლიქოკის თავს, კარატის წვერზე დაბრძანდა. მას აქეთ აქ იახსრის ნიში (კოშკი) და საზარე ააშენეს. აქედან გამოფრინდა და უბისთავს, წვერმაღალ მთაზე მოიკიდა დაბრძანდა. აქაც საზარე და კოშკი არის აშენებული. აქედან შუაფხოში ჩამოვიდა და აქ სამუდამოდ იქ დარჩა. მაგრამ ხატები მკაცრებიც არიან და სათანადო დამოკიდებულებას ითხოვენ. პირველად, ბლოელის ოჯახს უკურნებელი სენი შეჰყრია, ბლოელს უთხოვია იახსარისთვის , ოღონდ ოჯახი გადამირჩინე და შენს კარზე ძღვენით, საკლავითა და სანთლებით მოვალო.

იახსარსაც უშველია. მეორეჯერაც, ბლოელების ოჯახს რაღაც სახადი შეჰყრია. ამჯერადაც უთხოვია ოჯახის უფროსს იახსარისთვის შველა და მასაც უშველია. კიდევ შეუწირავს ძრვენი, საკლავი და სანთლები ბლოელს იახსარისთვის. მესამეჯერ კი ბლოელს ყანა ჰქონია ასაღები. უეცრად გაავდრებულა. კვლავ უთხოვია ღვთისშვილისთვის, ამინდი გამოასწორე და ძღვენს არ მოგაკლებო. მაგრამ, ამ დროს იახსარი ღვთის კარზე ყოფილა ასული, რაღაც მნიშვნელოვანი საქმისთვის, რომლისთვისაც თავი მიუნებებია და ბლოელთან მისულა. რომ უნახავს კაცს დიდი არაფერი უჭირდა, განრისხებულა და ბლოელი მთელი ოჯახით ამოუწყვეტია. იახსარს ხალხი სვეტად ჩამოსულს - ღვთის მიერ ციდან სხივთა კონებად ხალხის დასახმარებლად ჩამოშვებულს უწოდებდა. ასევე, ხშირად ლაღ იახსარადაც მოიხსენიებენ.

სპეციალურად საუნჯესთვის - ნატო დავითაშვილი

იახსარის სადიდებელი:

დიდება იახსრის დროშას, ზარსა და საზარეს გაუმარჯოს. გაუმარჯოს ლაღ იახსარს, დევკერპთ ამომწყვეტს და გადამსხვავებელს. გაუმარჯოს ავის გორს უფალმა ღმერთმა.

იახსარი

ხვთის კარზე შავიყარენით ანგელოზები თავნია.

გარმოდგეს სასწორ–ჩარექი,  კვირავ, დაუდგი თვალნია!

ეზიდებიან იმასა, ვინაც რო ძალიანია.

ქვე-ქვე ბოლოსვე მე ვზივარ, ყველას ჩემზე აქვს თვალია.

ერთმანეთს ეუბნებიან:  `აიღებს იახსარია".

ავწიე სასწორ–ჩარექსა, ღმერთო, შენგანა ძალია!

ხუთი მავსთხოვე კვირასა,  გარმამიტანა სამია,

სამოც ლიტრასა რკინასა ძირს გაუყარენ ქარნია.

დევებს ხქონია ქორწილი, უჩქეფავ სიმურ წყალია,

ცხრა–თავ ხყვანია დედაი, ცხრა შვილთ გამზრდელი ქალია.

სალუდე ქვაბი თავს ეცვა, ა იმან შამდვა ზარია.

დავბრუნდი უკან, ამბობდის: `შაშინდა იახსარია".

მაშინ კი გადაუფრინდი, გამოუცვალე ჟამია.

ლახტი ვესრიე საკმიდან, ზედ გამავხურე ბანია.

ერთ კიდევ გამომივარდა, არ მიებრუნე თავია.

საგმირო წამავიმაღლე, კლდეს მააფარა ტანია.

კლდე ოთხად დავანაფოტე, დევს წამავსთხარე თვალია.

კარგად სცოდნია მაგასა აბუდელაურ ტბანია.

წავიდა, იქ წამეხვეწა, თან ჩავხყევ იახსარია.

იქიდან ვეღარ ამავე, სისხლმა გამიბნა მხარნია.

ეძებეს ჩემთა მოყმეთა ოთხ–რხა, ოთხ–ყურა ცხვარია,

მაიყვანეს და შიგ დაკლეს, ღმერთო, დასწერე ჯვარია!

შამავჯე ბროლის ქვაზედა,  შამავიბერტყენ მხარნია.


ფოტოს ავტორი DaveBrudeck

http://www.karavi.ge/viewtopic.php?t=3545&postdays=0&postorder=asc&start=495