topmenu

 

აიაზმა - ენციკლოპედია, ჟღერს ქვის ჰარმონია

<უკან დაბრუნება <<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>


აიაზმის ეკლესია - "ჟღერს ქვის ჰარმონია", გამომც. "ციცინათლა", თბილისი 2006, გვ.26

აიაზმა სოფელია წალკის რაიონში, წალკის ქვაბულის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში, წალკიდან 18 კმ-ზე, ზღვის დონიდან 1540 მ-ზე. აიაზმა ისტორიული თრიალეთის უძველესი სოფელია. ვახუშტი ბატონიშვილის რუკაზე (XVIII ს.) იგი თეთრი წყაროს სახელითაა აღნიშნული. აიაზმა შეარქვეს XIX საუკუნის 20 - იან წლებში აქ ჩამოსახლებულმა ბერძნებმა. აიაზმა "წმინდა წყალს" ნიშნავს. სოფელში დგას VI–VII სს-ის მიჯნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის ერთნავიანი ეკლესია, რომელსაც აღმოსავლეთ მხარეს, კედლის სიბრტყეში მოქცეული ნახევარწრიული აფსიდი აქვს. კარის თავზე წარწერაში ნათქვამია, რომ ძეგლი 1045 წელს აღუდგენიათ. აქვე მოხსენიებულია კათალიკოსი ოქროპირი (ე.თაყაიშვილის გამოკვლევით მოღვაწეობდა ბაგრატ IV - ის დროს, XI საუკუნის I ნახევარში). ეკლესია ნაგებია უხეშად დამუშავებული ქვების სწორი რიგებით, რომელთა ნაკერები მოგვიანებით დაუფარავთ დუღაბის სქელი ფენით. შენობის კუთხეებისა და კარ-სარკმლების ღიობებისათვის გამოყენებულია თლილი ქვა. ჩრდილოეთ მხრიდან მიშენებული აქვს ეგვტერი. აქედანვე იყო მოწყობილი 2 თაღის გახსნილი შესასვლელი. მოგვიანებით შეკეთებისას ეკლესიას კიდევ ერთი სათავსი მიაშენეს, რომელიც ეგვტერთამ ერთად ქმნის გარშემოსავლელს. ეკლესიაც და ეგვტერიც გადახურულია ქვით ამოვანილი კამარით. აღსანიშნავია თაღების მოტივით დამუშავებული ლავგარდანი, რელიეფები და განსაკუთრებით სვეტისთავების მორთულობა. არქიტექტურული ფორმებითა და სტილისტიკური ნიშნებით აიააზმას ეკლესია ახლოს დგას ისეთ ძეგლებთან, როგორიცაა ბოლნისის სიონი, ქვემო ბოლნისისა და ოლთისის ეკლესიები. ეკლესიის იატაკზე დაგებული ქვის ფილების ქვეშ მოედინება წყალუხვი წყარო, რომელიც მილებით გორაკის ფერდობზე მოწყობილ აუზში ჩადის.

აიაზმა - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.1., გვ. 230, თბილისი, 1975 წ.,

აიაზმა, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი წალკის რაიონში, მდ.ქციის ნაპირზე, სოფ.აიზმში. აგებულია VI-VII საუკუნების მიჯნაზე. აიაზმა დარბაზული ტიპის ეგვტერიანი ეკლესიაა. აშენებულია უხეშად დამუშავებული, ნაწილობრივ კი თლილი ქვით. აქვს რელიეფები დასვეტის მორთულობა, თაღების მოტივით დამუშავებული ლავგარდანი. აიაზმა აღდგენილია 1045 წელს.

აიაზმი (ყოფილი თეთრი წყარო), სოფელი წალკის რაიონში (ედიქილისის სოფ.საბჭო), მდინარე ქციის მარჯვენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 1580 მ., წალკის წყალსაცავიდან 7 კმ, წალკიდან  17 კმ; კამოს სახელობის კოლმეურნეობა (მეცხოველეობა, მეკარტოფილეობა), რვაწლიანი სკოლა, კლუბი (კინოდანადგარი), ბიბლიოთეკა, ამბულატორია., VI – VII სს ღვთისმშობლის ეკლესია.