topmenu

 

შიომღვიმე

<უკან დაბრუნება...<<<მცხეთის რაიონის ძეგლები>>>

შიომღვიმე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი, ფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი თვალსაჩინო რელიგიურ-კულტურული ცენტრი. მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის რაიონში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება "შიოს მღვიმე","შიომღვიმე"). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილია. XI საუკუნეში მღვიმესეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმებიანი ეკლესია თითქმის სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიმუშია. აგებულია შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ეკლესია გეგმით მარტივი, "თავისუფალი ჯვრის" ტიპის შენობაა, ე.ი. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება, აღმოსავლეთით აფსიდია. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომელიც დასრულებულია რვაწახნაგავე შეკრული კამარით. გადახურულია კონუსებრი სახურავით. ინტერიერს ამშვენებდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ორნამენტითა ფიგურებიანი რელიეფით შეკრული XI საუკუნის ქვის კანკელი (გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). მიუხედავად XI და XVIII საუკუნეების მინაშენებისა, ეკლესიამ მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სახე. აგურის სამრეკლო XVIII საუკუნისაა. მონასტრის შუაგულში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია, ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათოვანი იყო. 1678 აღდგენილია ბაზილიკის სახით. სამეურნეო დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია სატრაპეზო(აქედანაა გასასვლელი შიოს მღვიმეში), რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნისაა, გადაკეთებულია და განახლებული XVII საუკუნეში. მთაზე აღმართული მცირე, მოხატული სამლოცველო XII საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფ.სხალტბიდან შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ შიო მღვიმელი, ბასილ კარიჭის ძე (XI ს.), არსენ იყალთოელი, არსენ ბერი, გიორგი ხუცესმონაზონი (XIII - XIV სს.), თეოდოსი (1878-1881) და სხვა. შიომღვიმის უდიდესი წიგნთსაცავიდან მოღწეულია მრავალი ხელნაწერი. 1804 ცნობით, შიომღვიმის ბიბლიოთეკაში დაცული ყოფილა ხელნაწერთა მდიდარი ფონდი (10 ურემზე ძლივს დაეტეოდაო). შიოსავე სიცოცხლეში მონაზონთა რაოდენობა მონასტერში 25-დან 200-მდე გაიზარდა. შიომღვიმე VI საუკუნიდან XII საუკუნის დასაწყისამდე კათოლიკოს-პატრიარქის უშუალო მფარველობაში იმყოფებოდა, დავით აღმაშენებელმა იგი სამეფო საკუთრებად აქცია. დაუწესა საგანგებო "ანდერძი"-ტიპიკონი (1123) და შესწირა დიდძალი უძრავ-მოძრავი ქონება. მონასტერმა მხარი დაუჭირა მეფეს ურჩ ფეოდალებთან ბრძოლაში. თბილისში მონასტერი ფლობდა სავაჭრო დუქნებს, საგანგებოდ აშენებდა გასაყიდ პირუტყვს. ჰქონდა სასამართლო (არასრული), საეპარქიო და სახელმწიფო გადასახადების შეუვალობის პრივილეგიები. მართვა-გამგეობის მხრივ მხოლოდ მეფე-პატრონის უზენაეს უფლებას ცნობდა, ეპარქიალურად მხოლოდ კათოლიკოს-პატრიარქს ექვემდებარებოდა. XIII-XVIII საუკუნეებში შიომღვიმის პოლიტიკური და ეკონომიური მდგომარეობა დაქვეითდა. XIV საუკუნის II ნახევარში ზევდგინიძე-ამილავართა საკუთრება გახდა (გიორგი VII-მ ერთგულობისათვის უბოძა ზევდგინიძე იოთამს (თაყას)). ამ დროიდან XIX საუკუნის I ათეულ წლებამდე შიომღვიმე ზევდგინიძე-ამილახვართა საძვალე იყო. 1614-1616, შაჰ-აბასის შემოსევების დროს შიომღვიმე ააოხრეს. 1678 აღადგინა გივი იოთამის ძე ამილახვარმა. ქართლში ოსმალთა ბატონობის (1723-1735) და ხშირი ლეკიანობის გამო 1726 შიომღვიმე მთლიანად დაიცალა. 1733 მონასტერში განახლდა ცხოვრება. ამ ეტაპზე ფართო სამშენებლო-აღდგენითი სამუშაოები შეასრულა გივი ანდუყაფარის ძე ამილახვარმა. 1735 შიომღვიმე ყიზილბაშებმა დაარბიეს და ბერები ერთიანად ამოხოცეს. XIV საუკუნიდან შიომღვიმის ყველა პრივილეგია გაუქმდა და გადავიდა მონასტრის პატრონის ხელში. ეპარქიალურად სამთავისის საეპისკოპოსოს დაექვემდებარა. სამთავნელ ეპისკოპოსს ზოგჯერ შიომღვიმის წინამძღვრის თანამდებობაც ეკავა. აღმოსავლეთ საქართველოს რუსეთთან შეერთების შემდეგ (1801) შიომღვიმე ფეოდალური სენიორიიდან შტატის დაწესებილებად იქცა. 1811-1822 ადმინისტრაციულად შეუერთეს ქვათახევის მონასტერს, 1822-1887 კი თბილისის ფერისცვალების მონასტერს. 1887-დან მიეცა დამოუკიდებელი ადმინისტრაციული-სასულიერო მმართველობა. XIX საუკუნის 90-იან წლებში ეპისკოპოს ალექსანდრე ოქროპირისძის ინიციატივითა და სახსრებით შიომღვიმე საფუძვლიანად განაახლეს. მონასტერი მოქმედებდა XX საუკუნის დასაწყისშიც. ამ ხანებში აქ სხვადასხვა შენობა აუგიათ. ამ დროსვე მოხატეს და "შეამკეს", არსებითად კი დაამახინჯეს შიოს ძველი ეკლესია. მონასტრის მახლობლად კლდეში ნაკვეთი მღვიმეებია, რომლებიც ბერების საცხოვრებელი და თავშესაფარი იყო.

 

 

 

 

***********************************************************************
"მამაო შიო, ასურო, მსურის შენდა". შიომღვიმე //საქართველოს სულიერი საგანძური. წ. I.-თბ., 2005.- გვ. 196 -199.
ასურული სახელი  „შიო“ („შმეონ“ -ის ალერსობით-კნინობითი ფორმაა) ბერძნული „სვიმეონიდან“ მომდინარეობს. „დაყუდების მოყუარე“ ნეტარი მამა შიო საქართველოში ჩამოსვლამდე ოცი წელი მოსაგრეობდა უდაბნოში თავის მოძღვართან, წმინდა მამა იოანე ზედაზნელთან ერთად. წმიდა შიომ ქარლთშიც უდაბნოს მიმართა და, წმიდა იოანეს კურთხევით, მცხეთის მახლობლად, სარკინეთის კლდეებში იპოვა მიუვალი, უწყლო,მხეცებით სავსე მღვიმე. წმიდა ელია თაზბიტელის მსგავსად, მას მტრედი უზიდავდა საზრდოს. სამოცი დღე დაითმინა ნეტარმა შიომ საზრდელისა და სასმელის გარეშე, ყველანაირ საცდურსაც სძლია. ამის წილ იგი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხილვის ღირსი შეიქმნა..... << ტექსტი სრულად აქ....
***********************************************************************************
შიომღვიმე - ბერიძე  ვ. // ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ. 27 - 28; გვ. 99 - 100.
შიომღვიმის მონასტერი (მცხეთის რაიონში) განმარტოებით დგას, შვეული კლდეების ძირს, მთის ნაოჭში. ეს მტკვრის მარცხენა ნაპირია. მდინარის გადაღმა, მონასტრის პირდაპირ, სადგური ძეგვია. ახლა მონასტერში მისასვლელად მცხეთიდან სამანქანო გზაა გაყვანილი. ..<<ტექსტი სრულად აქ..<<
**************************************************************************************
შიომღვიმეს სავანეს წმინდა მამათა ცხოვრება // ღირსი მამაჲ ჩვენი ევაგრე, ციხედიდის მთავრად ყოფილი და შიო მღვიმელის თანამოღვაწე - ხს. დღე - 4 (17) თებერვალი // ღირსი ევაგრე მონაზვნად აღკვეცამდე ციხედიდის მთავარი იყო. ღვთისმსახურ და მორწმუნე დიდებულ მშობელთა შვილი, სიყრმიდანვე საღმრთო წერილით იწვრთნებოდა. ახოვანი და მხნე მთავარი ქართლის მეფე ფარსმანის ერთ-ერთი უახლოესი მრჩეველი და თანაშემწე იყო....<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
წმინდა შიო მღვიმელის ცხოვრება // წმიდა და ღმერთშემოსილი მამა შიო - იყო ასურეთიდან, ღვთის დიდი ქალაქ ანტიოქიიდან, რომელმაც მრავალი წმიდანი აღმოაცენა. იგი იყო შვილი ღვთისმსახური და აზნაური მშობლებისა, რომლებიც უფრო მდიდარნი იყვნენ ღვთისმსახურებითა და იმით, რომ იყვნენ მშობლები დიდი წმიდანისა. სხვა შვილი არ ჰყავდათ მათ ნეტარი შიოს გარდა, რომელიც მიეცა მათ ღვთისაგან .... <<ტექსტი სრულად აქ...<<