topmenu

 

მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება...<<<გარდაბნის რაიონის ისტორიული ძეგლები>>>

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე - (+)

მარტყოფის ღვთაების მონასტერი მდებარეობს სოფელ მარტყოფის მახლობლად, თბილისიდან აღმოსავლეთით, 25-27 კილომეტრზე, ტყით დაფარულ იალნოს ქედზე. ზეპირი გადმოცემისა და წერილობითი წყაროების თანახმად ამ ადგილს (მარტყოფს) VI საუკუნემდე აკრიანი, ”ქვიანი ადგილი”, რქმევია. ღვთაების მონასტრის გუჯარის თანახმად აქ ტაძარი ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს აუშენებია და ეპისკოპოსიც დაუსვამს. VI ს. I ნახევარში აკრიანის მთებში დამკვიდრდა საქართველოში მოსული 13 ასურელი მამებიდან ერთ-ერთი, მამა ანტონი. იგი განცალკევებით, დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა, რის გამოც მას მარტომყოფელი უწოდეს, ხოლო ადგილმა, შესაბამისად, სახელწოდება მარტყოფი მიიღო. აკრიანის მთებში დამკვიდრებული მამა ანტონი მასთან დროდადრო მისული ირმების რძით იკვებებოდა. XI ს. ქართველი ისტორიკოსის ჯუანშერის გადმოცემით, ერთ დღეს ირმები დამფრთხალნი მისულან მამა ანტონთან, რომელთა შორის ერთი ნუკრი დაჭრილი ყოფილა. ირმებს ბერი იქ მიუყვანიათ, სადაც მთავარი ნადირობდა. მთავარს ვინაობა უკითხავს, რაზეც პასუხად ბერის გაშვერილი ხელი მიუღია - მამა ანტონს ენა არ ესმოდა და ამიტომ ხელით ანიშნა იმ ადგილზე სადაც ცხოვრობდა. გაბრაზებულ მთავარს მისთვის გაწვდილი ხელის მოკვეთა უბრძანებია, რომლის დროსაც მომხდარა სასწაული. ბრძანების აღსრულებისას მეშანთეს ხელი გახმობია, რომელიც მამა ანტონს ისევ გაუცოცხლებია. მთავარს სასწაულმოქმედ ბერისთვის უთქვამს რაც გინდა ითხოვე და მოგეცესო. მამა ანტონმა მარილი ითხოვა ირმებისთვის და შემდეგ თავის საყუდელს დაბრუნებულა. მამა ანტონს მალე გაუვარდა სახელი როგორც სასწაულმოქმედს, ამიტომ მის გარშემო მალე თავი მოიყარეს მორჩილებმა, რასაც მოგვიანებით მარტყოფის სამონასტრო ცხოვრების აღორძინება მოჰყვა. XI ს., როცა კვირიკე კახთა მეფემ კახეთის სამეფო საერისთავოებად დაყო, მარტყოფი რუსთავში მჯდომ ერისთავს დაექვემდებარა. ეკლესიურად კი რუსთველი ეპისკოპოსის სამწყსო გახდა. მონასტერი მუდამ განსაკუთრებული უფლებებით სარგებლობდა. 1265 წ., როცა ოქროს ურდოს მბრძანებელის ბერქა ყაენის ლაშქრობას ქალაქი რუსთავიც შეეწირა, საეპისკოპოსო კათედრალი სწორედ მარტყოფში გადავიდა. მონასტერი, ისევე როგორც არაერთი სხვა ადგილი, ვერ გადაურჩა თემურ-ლენგისგან აოხრებას. 1395 წ. მისი შემოსევის დროს დაიკარგა ტაძარში დასვენებული მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელიც მამა ანტონმა ედესიდან ჩამოაბრძანა. XVს. საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის შემდეგ, კახეთის მეფე გიორგი I-მა (1466-1476წწ.) ქვეყნის ცენტრალიზაციის მიზნით კახეთის საერისთავოები გააუქმა და მათ ნაცვლად მთელი კახეთი ოთხ სადროშოდ გაყო, რომელთა სათავეში არა ერისთავები, არამედ ეპისკოპოსები ჩააყენა. მათ შორის მეორე სადროშოს და იმავე დროს ჯარის მარცხენა ფლანგის წინამძღოლად დანიშნულ იქნა რუსთველი ეპისკოპოსი, რომლის სასპასპეტოში შედიოდა გარე-კახეთი ქიზიყამდე და მარტყოფ - საგურამო, რეზიდენცია კი მარტყოფის მონასტერში იყო. მედროშე ეპისკოპოსები სადროშოებს მოურავების საშუალებით მართავდნენ. ასეთივე მოურავი ჰყავდა მარტყოფსაც. ამდენად, მარტყოფი ერთგვარ პოლიტიკურ ცენტრად იქცა. მისი მნიშვენლობა განისაზღვრებოდა მისი მდებარეობითაც, რომელიც თავდაცვისათვის ხელსაყრელ ადგილს გულისხმობდა. XVIII ს. დასაწყისში თურქთა ტყვეობიდან გაქცეული კახეთის მეფე კონსტანტინე მამად-ყული ხანი ჯერ მარტყოფს აფარებს თავს, ხოლო შემდეგ, აქედან თან მიჰყავს რა სახლეულობა, თელავს გადადის. მისმა ასეთმა ნაბიჯმა შედეგად თურქთა თარეში მოიტანა. 1723 წ. ისინი მარტყოფს შეესივნენ, მოსახლეობა დაარბიეს, ტაძარი გაძარცვეს და ხატები შემუსრეს. ამავე XVIIIს. დასაწყისში, კახეთის გამგებლის დავით იმამყული-ხანის ბრძანებით ღვთაების მონასტრისთვის უფლება მიუციათ პატარძეულიდან მარტყოფამდის სამღებროები აეშენებინა, რაც მეცნიერთა აზრით იგივე საბაჟო უნდა ყოფილიყო. საეპისკოპოსო ცენტრის მდგომარეობა მარტყოფმა XIXს. დასაწყისამდე შეინარჩუნა. მაგრამ ლეკიანობის, თუ სხვა ჯურის მტრის შემოსევების შედეგად მარტყოფის მიდამოები მოოხრდა და გაუდაბურდა. 1811 წლისთვის რუსთავის საეპისკოპოსოს სამწყსო, რომლის ცენტრი ისევ მარტყოფი რჩებოდა, მხოლოდ 8 სოფელსა და ერთ თავადს მოითვლიდა. რუსეთის მიერ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ რუსთავის ეპარქიაც გაუქმდა. რაც შეეხება მონასტერს, იგი მოქმედებდა 1934 წლამდე. მარტყოფის მონასტერში ცხოვრობდა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი კირიონ II (საძაგლიშვილი), რომელიც 1918 წ. 26 აგვისტოს სწორედ აქ თავის სენაკში ვერაგულად მოკლეს. კომუნისტების მიერ გაუქმებულ მონასტერში XXს. 50-60-იან წლებში უპატრონო ბავშვთა თავშესაფარი გახსნეს, შემდეგ კი 31-ე ქარხნის დასასვენებელ სახლად გადააქციეს. მონასტერში სამონასტრო ცხოვრება საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით 1989 წ. აღდგა. ამჟამად იქ აფხაზეთის ეპარქიაა თავშეფარებული. სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ტაძრის, სამრეკლოს, საბერეების და სხვა ნაგებობებისგან შედგება. მონასტრის ტაძრები ღვთაების, ღვთისმშობლის, წმინდა გიორგის და მამა ანტონის სახელობისაა. მათგან უმთავრესია "ხელთუქმნელი ხატის" გუმბათიანი ტაძარი, რომლის თავდაპირველი ნაგებობა უფრო დიდი ზომის ყოფილა, მის ნანგრევებზე კი შემდეგ უფრო მომცრო ზომის აუგიათ. ტაძრის ჩრდილოეთ ნაწილში მამა ანტონის საფლავია. ამავე ტაძრის ძირში საძვალეა შემორჩენილი. მონასტერში მოხატული ყოფილა მეორე, "ღვთაების" ტაძარი, რომელიც ეგზარქოსობის დროს განადგურებულა. ტაძრების აღმოსავლეთით დგას სამსართულიანი სამრეკლო, რომელიც 1629 წ. აუგია კალატოზს ახვერდას. სამრეკლო XVII საუკუნის ნინოწმინდის, ურბნისის და ანჩისხატის სამრეკლოთა მსგავსი ნაგებობაა. მონასტრიდან აღმოსავლეთით, მთის თავზე მამა ანტონის სვეტია, რომლის ნანგრევებზე უკანასკნელ დროს ახლიდან აშენდა კოშკი. ეს ის სვეტია, სადაც ბოლო 15 წლის მანძილზე დაყუდებულ ცხოვრებას ეწეოდა მამა ანტონი. სამონასტრო კომპლექსი განახლებულა XVII-XVIIIსს. მიჯნაზე. ტაძარს ხელახალი რესტავრაცია ჩაუტარდა 1848-1855 წწ. ნორიოელი ივანე არჯევანიძის თაოსნობით. ხელთუქმნელი ხატის სახელობის ტაძარში მდებარეობს მამა ანტონის საფლავი. ამ ხატის ისტორია ქალაქ ედესის მთავარს ავგაროზს უკავშირდება. იგი იესომ სახეზე მიდებით დაწერა ზეწარზე და კეთრით დაავადებულ მთავარს გაუგზავნა განსაკურნებლად. ავგაროზის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილიშვილმა ხატის წარწყმედა განიზრახა. ხატის დასაცავად ქალაქ ედესის ეპისკოპოსმა იგი კანდელ ანთებულ საცავში დამალა და დაცვისათვის წინიდან ამოყორა. დიდი ხნის შემდეგ, როცა ქალაქს მტერი შეესია, ქალაქის ეპისკოპოსმა ევლავიოსმა, ღვთისმშობლის მითითებით, მოიძია ხატის საცავი და ხატი გადააბრძანა. იმ კეცზე კი, რომელიც ხატის დასაფარად გამოიყენეს უკვე ხელთუქმნელი ხატის გამოსახულება იყო გადასული და ისეთივე ძალას ასხივებდა, როგორსაც თავად უფლის ხატი. სწორედ ეს ასლი ჩამოაბრძანა საქართველოში მამა ანტონმა და მარტყოფში, თავის სავანეში დაასვენა. მარტყოფის ხელთუქმნელ ხატთან დაკავშირებულია `ქართლის ცხოვრების~ გადმოცემა - XIIIს. მომხდარი სასწაული. ქართველი მემატიანის გადმოცემით, მონღოლური სამხედრო ბეგარის მოხდის დროს მუცლის სენით დაავადებულა მეფე დავით VII ულუ (1247-1270 წწ.) და მისთვის ვერავის უშველია. ბოლოს მეფისთვის მიუბრძანებიათ მარტყოფის მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი, რომელზე შეხების შემდეგ მეფე განკურნებულა.

ქ. დიღმელაშვილი

გამოყენებული ლიტერატურა:

1."ქართლის ცხოვრება". ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, I. თბილისი, 1955.

2.”ქართლის ცხოვრება”. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, II. თბილისი, 1959.

3.ვახუშტი ბატონიშვილი. `აღწერა სამეფოსა საქართველოსა~. ”ქართლის ცხოვრება~. ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით ს. ყაუხჩიშვილის მიერ, IV. თბილისი, 1973.

4.საეკლესიო საკანონმდებლო ძეგლები (XI-XIXსს.). ქართული სამართლის ძეგლები. III. ტექსტი გამოსცა, შენიშვნები და საძიებლები დაურთო ი. დოლიძემ. თბილისი, 1970.

5.ბერძენიშვილი ნ. საქართველოს ისტორიის საკითხები. IV. თბილისი, 1967.

6.ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. VI. თბილისი, 1983.

მარტყოფისოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის გარდაბნის მუნიციპალიტეტში, იალნოს ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარეების ალიხევისა და ტევალის ხეობებში. ზღვის დონიდან 770 მეტრზე. გარდაბნიდან დაშორებულია 55 კილომეტრით. ვაზიანიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 12 კილომეტრით. მარტყოფი - ერთ-ერთი უდიდესი და უძველესი სოფელია საქართველოში, დასახლებულია I-II საუკუნეებიდან, მდებარეობს თბილისის აღმოსავლეთით, 25 კმ-ზე. როგორც ზეპირი გადმოცემა და საისტორიო წყაროები გვამცნობენ, მარტყოფს ადრე (მეექვსე საუკუნემდე) აკრიანი, ანუ ქვიანი ადგილი ერქვა. მარტყოფს აქვს მდიდარი ქრისტიანულ-მართმადიდებლური ისტორია მარტყოფის ღვთაების სავანე - ჩვენი სიამაყეა, სიწმიდისა და დიდების ადგილია, საიდანაც უშრეტად მოედინებოდა და დღესაც მოედინება ღვთის მადლი და ძალა. მარტყოფის ღვთაების სავანე მრავალჯერ აკლებული არაბებისაგან, მონღოლებისაგან, სპარსელებისაგან, ოსმალებისაგან, ლეკებისაგან, კომუნისტებისაგან, მაგრამ მაინც აღდგენილი და გამშვენიერებული, სადაც V საუკუნეში ვახტანგ გორგასალმა ეკლესია ააგო, ხოლო VI საუკუნეში დამკვიდრდა ერთ ერთი 13 ასურელი მამათაგან - წმ.ანტონ მარტყოფელი. სტეფანე II რუსთაველი (ჯორჯაძე) არის უკანასკნელი ეპისკოპოსი რომლის ხელმძღვანელობით აშენდა სოფლის ცენტრში ტაძარი ეგვიპტის მართველის აბრამ შინჯიკაშვილის (იბრაჰიმ_ბეგის )გამოგზავნილი 200 ოქროთი. იგი დაკრძალულია ტაძრის ჩრდილო –აღმოსავლეთის კუთხეში. ამ ტაძარში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სასულიერო პირები: ეგნატე მარტყოფელი,ქრისტესია ბეჟანიშვილი, პეტრე ეპიტაშვილი,ივანე ბერიტაშვილის მამა სოლომონ ბერიტაშვილი და სხვები.1991 წლიდან ამ ტაძარში მოღვაწეობდნენ:მამა ზაქარია(ზინზიბაძე), მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი), ძმები ანტონ და ზაზა ბეჟანიშვილები; მარტყოფში მოქმედი ეკლესიებია:მთავარანგელოზის სამების, აპარანის, მამათა და დედათა მოინასტრები. XVI_XVII საუკუნეებში სოფელში აშენდა სამი ციხე - კოშკი: თუშმალიშვილების, შინჯიკაშვილების,ძამაშვილების.ისინი სამხედრო-თავდაცვით საშუალებად გამოიყენებოდა.ამ კოშკებიდან ხუროთმოძღვრული მნიშვნელობით, როგორც პარმენ ზაქარია ამბობს,გამოირჩევა თუშმალიშვილების ციხე,რომელიც, ახლა ნახევრად დანგრეულია.

წმიდა მამა ანტონ მარტყოფელი

როდესაც წმიდა იოანე ზედაზნელმა თავისი მოწაფეები გაგზავნა საქადაგებლად, მამა ანტონი კახეთში წავიდა. აქ მან მოვლო მრავალი ადგილი და უქადაგებდა ხალხს. მამა ანტონს თან ჰქონდა გულზე დაკიდებული ერთი აგური, რომელზედაც გამოხატული იყო ხელთუქმნელი სახე იესო ქრისტესი. ამ ხატის ძალით ის მრავალ სასწაულს ახდენდა. შემდეგ წმიდა ანტონი დაბინავდა ლონოატის ხეობაში და იქ იწყო მოღვაწეობა. საზოგადოდ მამა ანტონს ძლიერ უყვარდა მარტოდ ყოფნა და ღვთის ვედრება. ამიტომაც მას „მარტომყოფელი“, ანუ, მოკლედ, „მარტყოფელი“ უწოდეს. მაგრამ იგი ისე ბევრ ხალხს იხილავდა თავისი წმიდა ცხოვრებითა და სასწაულებით, რომ ხალხი არსად მოსვენებას არ აძლევდა. ზოგი მათგანი სრულებით არ შორდებოდა და მის მახლობლად დგებოდნენ. როცა ასეთ მსურველთა რიცხვმა ძალიან იმატა, მამა ანტონმა აღაშენა მათთვის მონასტერი ალაზნის გაღმით, თვითონ კი მოშორდა მათ, აირჩია ერთი მივარდნილი ადგილი იქ, სადაც ახლა ახმეტა არის და იწყო მოღვაწეობა. მაგრამ აქაც მალე მიაგნეს მას და იწყეს მასთან სიარული. ამიტომ მან ამ ადგილსაც დაანება თავი და აკრიანის მთა აირჩია საცხოვრებლად, რომელიც დაბურული იყო ტყით. აქ მან მთის მწვერვალზე თვითონ გამოქვაბა კლდე და დაგა მასში. დღე და ღამე მხურვალედ ლოცულობდა თავისი სასწაულმოქმედი ხატის წინ. პირველად იგი საზრდოობდა მცენარეული საჭმელით, მაგრამ შემდეგ ღვთის განგებამ სხვა საზრდო განუჩინა: მასთან მოდიოდნენ, როგორც მამა დავითთან ირმები და თვისი რძით კვებავდნენ მას. ერთხელ ამ სოფლის მამასახლისი, რომელსაც ნორიო ერქვა, თავისი მხლებლებით ნადირობდა. ანტონის ირმებმა ამ დღეს ძლიერ დააგვიანეს და ბოლოს მოირბინეს. ძალიერ შეშინებულნი იყვნენ და ერთიც დაჭრილი იყო. მამა ანტონი გაკვირდა, არ იცოდა თუ მახლობლას სოფელი იყო. ადგა, დაიკიდა გულზე თავისი ხატი და უკან გაჰყვა ირმებს, უნდოდა შეეტყო, რამ შეაშინა ისინი. წმიდა ანტონი ერთბაშად შეხვდა მამასახლისს. ეს უკანასკნელი ძლიერ გაკვირდა, როცა დაინახა მოხუცებული ბერი, რომელსაც გულზე ხატი ეკიდრეულ ირემთა შორის, როგორც შინაურ პირუტყვებთან. დაიწყეს ლაპარაკი, მაგრამ, რადგანაც მამა ანტონმა არ იცოდა ქართული ენა, მამასახლისი ვერას მიუხვდა. მას ანტონი საშიში კაცი ეგონა და ამიტომ ანიშნა, მარჯვენა ხელს მოგჭრიო, რომლითაც მამა ანტონი ანიშნებდა იმ მთას, სადაც ის ცხოვრობდა. და მართლაც, მამასახლისმა უბრძანა მხლებლებს, წაეყვანათ ანტონი სამჭედლოში და იქ მოეჭრათ მისთვის ხელი. მჭედელმა გაახურა რკინა და უნდოდა შანთით მოეცილებია ხელი, მაგრამ ერთბაშად რკინაც გაუვარდა ხელიდან და თან ხელიც გაუშეშდა. მჭედელი შეშინდა და ენა ჩაუვარდა, აღარ იცოდა რა ექნა, მაგრამ წმიდა ანტონმა გადასახა ჯვარი და განკურნა. ამ სასწაულმა ყველა გააკვირვა. ყველაფერი იმ წამსვე მამასახილსს აცნობეს. მან მოიხმო წმიდა ანტონი და უთხრა: „მითხარი, რაც გსურს და აგისრულებო“. მამა ანტონა ანიშნა, მიეცათ მისთვის ქვის მარილის ნატეხი. მათ მაშინვე მოუტანეს. ანტონი დაბრუნდა თავის გამოქვაბულში. მალე მისი ირმებიც დაბრუნდნენ, რომელთაც მისცა მარილი. წმიდა ანტონის სახელი მოეფინა მახლობელ სოფლებს და მასთან იწყო სიარული აუარებელმა ხალხმა. აქ კიდევ უფრო ბევრი რამ ნახეს საკვირველი. ბევრი გაიტაცა მისი ცხოვრების წესმა, ზოგიერთებმა მისი მიბაძვა მოინდომეს და იწყეს მის მახლობლად ცხოვრება მისი კურთხევით. როცა მათმა რიცხვმა ძლიერ იმატა, მამა ანტონმა საჭიროდ ჩათვალა მათთვის მონასტრის აეშენებინა. მონასტერი ააშენეს ტყიანი მთის მოედანზე, სადაც ახლა მამა ანტონის მონასტერია. თვითონ ანტონმა ააშენა თავისთვის მთის მწვერვალზე ექვსი საჟენი სვეტი ანუ კოშკი, იქ დაეყუდა და მოღვაწეობდა თხუთმეტი წლის განმავლობაში. მხოლოდ ხანდახან ჩამოდიოდა მონასტერში ძმათა სარადიგებლად და ღვთის მსახურების აღსასრულებლად. ბოლოს, როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება, მოუწოდა თავის მოწაფეებს, დარიგება მისცა მათ და აკურთხა. გარდაცვალების დროს მამა ანტონი დაჩოქილი იყო მაცხოვრის ხატის წინაშე და ლოცულობდა. გარდაცვალების შემდეგ მამა ანტონის პატიოსანი გვამი ჩამოასვენეს სვეტიდან მონასტერში და დიდის მოწიწებით დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინაშე ტაძარში.