topmenu

 

აბასთუმნის (ოძრხეს) ისტორია - ს. ჭანტურია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება..


აბასთუმნის   ისტორია

ოძრხე, ოძრახე - ისტორიული ციხე ქალაქი, რომელიც ლეონტი მროველის თანახმად, ქართველ ხალხთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს-ოძრხოსს დაუარსებია და მდებარეობდა დაბა აბასთუმნის მახლობლად მდინარეების - ოძრხესა და კურცხალისწყალის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე. იგი დარაჯობდა ამ მდინარეთა ხევებზე გამავალ ე.წ. "რკინის-ჯვარის" (ამჟამინდელი ზეკარის უღელტეხილი) გამავალ მნიშვნელოვან გზას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ლიხთიმერეთისა და მესხეთის რეგიონებს. "...ციხე ქვეყანასა ოძრხევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა რომელსა ჰქვიან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა.... ღადოს მთა ცალსახად იგივდება ახლანდელი აბასთუმნის ჩრდილოეთით მდებარე ქედთან ზეკარის უღელტეხილით.

მივყვეთ ქრონოლოგიურ ქარგას და გავიხსენოთ ზოგი რამ, რაც შემოინახა ამ უძველესი დასახლებული ქალაქ-სახელმწიფოს შესახებ.

ოძრახე, ვიძეროხი, ვიტეროხი, როგორც დიდი მნიშვნელობის ცენტრი, უძველესი დროიდან იყო ცნობილი. ასე მაგალითად, ურარტუს მეფეს არგიშთი I (786-764) დაულაშქრია დიაოხი, ზაბახა (ჯავახეთი), ვიტეროხი (სამეფო ქალაქით ურივიუნი). ძვ.წ.-ის მე-7 საუკუნიდან მთელ კოლხეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე იწყება რკინის ფართო ათვისების ხანა და სწრაფად ვითარდება რკინის ადგილობრივი მეტალურგია. ამ ოლქებში ფართოდაა წარმოდგენილი კოლხური კულტურისათვის დამახასიათებელი თითქმის ყველა იარაღის პროტოტიპები, რომელთა სიმრავლე მიუთითებს, მესაქონლეობის პარალელურად, მიწათმოქმედების განვითარების მაღალ დონეზე, იარაღების დამზადების ტრადიციებზე და სამთო-მეტალურგიული დამუშავების ადგილობრივ კერებზე. აღსანიშნავია, რომ ადრინდელი რკინის ხანის პირველი იარაღი ნაპოვნია ადიგენის რაიონის სოფ.უდეში.

ძვ.წ. მე-6 საუკუნიდან წინაურდებიან მესხური ტომები და უკვე ელინისტური ხანისათვის ჩნდებიან იბერიის მნიშვნელოვანი ქალაქი-სახელმწიფოები: მცხეთა, უფლისციხე, წუნდა, ოძრხე და სხვ. ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში, ქართულ გამოცემებსა და სტრაბონის "გეოგრაფია"-ში ოძრხე მოიხსენიება დიდ საგზაო მაგისტრალზე მდებარე ისეთი მნიშვნელოვანი ქალაქების გვერდით, როგორებიცაა მცხეთა, უფლისციხე, კასპის ციხე, სარკინე (სოფ.ძეგვთან), ურბნისი, წუნდა (არტანის ცენტრი) და სხვა. კერძოდ, სტრაბონის თანახმად, მოსხების ნაწილში, კოლხიდის საზღვართან, იმყოფება პატარა, კარგად გამაგრებული ქალაქი ფრიქსოპოლისი (იდეესა), რომელსაც ჩვეულებრივ ოძრხედ მიიჩნევენ ხოლმე ისტორიკოსები.

ოძრხე მოხსენიებულია აგრეთვე ფარნავაზ მეფის მიერ დადგენილ საერისთაოების ნუსხაში, როგორც სამცხისა და აჭარის საერისთაოების რეზიდენცია და ცენტრი.

ირანის სასანიანთა დინასტიის მეფე შაბურ I წყაროებში ნახსენიებია იბერიის მეფე ამაზასპი. ქართული წყაროების თანახმად ამ უკანასკნელის ირანული ორიენტაციის გამო განდგომილ - კლარჯეთის, წუნდის და ეგრისის ერისთავებს შორის მოხსენიებულია ოძრხის ერისთავიც. საერისთაოებად დაყოფას იძლევა აგრეთვე წმ.ვახტანგ გორგასლის მემატიანე, რომელიც ასახელებს სეფეწულ ბივრიტიანს, როგორც ოძრხის ერისთავს, ხოლო მასვე ვახუშტი ბატონიშვილი მოიხსენებს, როგორც, ოძრხისა და ლომსიას გაძლიერების მიზნით, ღადოს მთის კალთაზე დემოთის ციხის აღმშენებელს, იგივეს ადასტურებს ლეონტი მროველიც. წმ.ვახტანგ გორგასალის გარდაცვალების შემდეგ ოძრხე სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენციაც ყოფილა. ლეონტი მროველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ რკინის ჯვარისა და ოძრხეს ხევის გავლით, სამცხის საზღვართან მისულმა წმ.ანდრია მოციქულმა, ზადენგორასთან დაივანა თურმე.

მე-9 საუკუნის 60-70-იან წლებში, აშოტ კურაპალატის ძეს, გუარამ მამფალს, სამცხეში განუახლებია მურვან ყრუს მიერ დანგრეული ოძრხის ციხე, აუშენებია ჯვარის ციხე და აუგია ლომსიანთა. მოგვიანებით, კერძოდ 888 წელს, ოძრხე ნახსენებია აგრეთვე გუარამ მამფალის ვაჟის ნასრის მიერ სამცხის სამი ციხის: ოძრხეს, ჯუარისციხისა და ლომსიანთა-ს დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქართველოს მე-11 საუკუნის უმნიშვნელოვანეს ქალაქებს შორის, როგორებიცაა თბილისი, რუსთავი, გორი, ჟინვანი, დმანისი, ახალქალაქი, ახალციხე, თმოგვი, სამშვილდე, ხუნანი, თელავი, ქუთაისი და სხვა, კვლავინდებურად ნახსენებია ოძრხე. ამ დროს მეფე ბაგრატ მე-4-ს ნებით იგი გავლენიანი ფეოდალის სულა კალმახელიძის საკუთრება გამხდარა.

1191 წელს წმ.თამარ მეფეს აუჯანყდნენ ფეოდალები: სამცხის სპასალარი ბოცო ჯაყელი, მსახურთუხუცესი ვარდან დადიანი, საეგრო-გურიის ერისთავი ბარამ ვარდანისძე, აფხაზეთის ერისთავი დაღათო შერვაშიძე, სუანეთის ერისთავი ბედიანი. მათ მეთაურობდა ნაყივჩაღარი თათრის აბულასანის შვილი, ტაო-კლარჯეთისა და შავშეთის ერისთავთ-ერისთავი გუზანი. მათ დააბრუნეს ექსორიაქმნილი გიორგი რუსი და მეფედ გამოაცხადეს. წმ.თამარ მეფის ერთგული ერისთავების სამფლობელოები კი იავარქმნეს. კერძოდ, ვარდან დადიანის წინამძღოლობით დასავლეთიდან წამოსულმა აჯანყებულებმა გადაიარეს "რკინის ჯვარი", მიადგნენ ციხის ჯვარს და "დაწუეს ძველი ქალაქი ოძრხე.

1205 წელს, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორია) სულთნის, რუქნადინის, წინააღმდეგ გაგზავნილი ქართული ლაშქარი წმ.თამარ მეფემ ყარსამდე მიაცილა. ვარძიის მონასტერში ქართველობა ვარძიის ღვთისმშობელს შეავედრა და ამ ვითარებასთან დაკავშირებით "ყოველგან საყდართა, მონასტერთა და სოფელთა უბრძანა ლიტანიობა და ვედრება ღმრთისა". შემდგომ წამოვიდა მესხეთში და ავიდა ქალაქ ოძრხეს. მას თან ახლდნენ "მრავალნი ეპისკოპოსნი და მონაზონნი", ეზოსმოძღვარი ბასილი, სალოსი ევლოგი, პოეტი იოანე შავთელი. დაიწყო ლოცვა-კურთხევა. "...ხოლო ესე თქმულ არს, რომელ მეფისა თამარისა ოძრხეს ყოფასა შინა. ეახლნეს ღირსი წმიდა მამა იოანე შავთელი, ევლოგი "სალოსად წოდებული და წინასწარმეტყველობისა ღირსქმნული (ევლოგი, ქრისტესათვის სულელი, რომელსა მიეღო მადლი წინასწარმეტყველებისა და რომელიც ქრისტესათვის მოგონილ სისულელეში მალავდა თავის სულიერ ღვაწლს) და იყო ვედრება დღისი და ღამეთა-გათევა ლაშქართა გამარჯვებისათვის..." წმ.თამარ მეფეს სასახლეში ისედაც წესად "..ღამე-ყოველ მღვიძარება, ლოცვა, მუხლთ-დრეკა და ცრემლითა ვედრებაი ღამესა ზემდგომრობითა საკვირვებელ აქუნდა..", ლოცვის, ღამისთევის სიხშირე და მაღალი დონე კი ისეთი ყოფილა და ისეთი მონდომებითა და წესიერად სრულდებოდა, რომ "საეჭვოდ მიჩნს მეუდაბნოეთაგანცაო საგანგებოდ აღნიშნავს მემატიანე. აქვე საჭიროდ მიგვაჩნია მკითხველს შევახსენოთ, რომ, გადმოცემის თანახმად, თურმე ლოცვის დროს წმ.თამარ მეფე ერთი არშინით (71 სმ) ზეიწეოდა ხოლმე. დაუცხრომელი ლოცვის შედეგად ევლოგიმ მიიღო ამ ომში ქართველთა გამარჯვების წინასწარმეტყველური ხილვის მადლი, რომელი საიდუმლოც მხოლოდ წმიდა იოანე შავთელს განუცხადა. ეს სასწაული კი ასეა აღწერილი მატიანეში: "...ანასდად ევლოგი დაეცა ჭმუნვის სახედ და ვითარ აჰა ესერა სამგზის მეყვსეულად ახლტა, ხმა ყო: აჰა დიდება ღმერთსა! ქრისტე ძლიერ არს. ხელნო ევლოგისანო, სპარსთაგან არა გეშინით, განუტევეთ, რათა ვიდოდის მშვიდობით. წყალობა ღვთისა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია. ოძრხეს შემოგარენში, კერძოდ კურორტ აბასთუმანში, დღემდე არის შემორჩენილი შუა საუკუნეების ეკლესია. იგი ამჟამად მოქმედია და მის ტერიტორიაზე დაფუძნებულია წმ.გიორგის მამათა მონასტერი. შემონახულია აგრეთვე ციხე, რომელიც დღესაც წმ.თამარ მეფის სახელით არის ცნობილი.

მე-16 საუკუნეში ოსმალეთმა სამხრეთ საქართველოს სხვა ტერიტორიებთან ერთად სამცხეც მიიტაცა. ამ დროისათვის ოძრხე მოიხსენიება, როგორც ოსმალეთის ერთ-ერთი ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრი და შედიოდა ახალციხის ლივის, ოცხის ნაჰიეში. მომდევნო პერიოდში იგი მოსჩანს როგორც მცირე დაბა. ამ საუკუნის ბოლოს უკვე აღარ არსებობდა ოძრხე, სამშვილდე, თმოგვი, დმანისი, ჟინვანი. ჩნდება ახალი დასახლებული პუნქტი აბასთუმანი.

1829 წელს, ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების საფუძველზე, რუსეთმა, სხვა ტერიტორიებთან ერთად, თურქეთს წაართვა აბასთუმნის სინჯაყი და თავის იმპერიას, რომელში საქართველოც შედიოდა, შეუერთა. სავარაუდოდ სოფ.აბასთუმნის დასახელება მომდინარეობს იქ მოსახლე აბაზასძეთა საგვარეულო სახელიდან, რომელიც დადასტურებულია "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში მე-16 საუკუნის ბოლოს. რუსეთ-თურქეთის ომის დაწყების წინ (1853 წ.), გენერალ ივანე ანდრონიკაშვილის მიერ სამხედრო ოპერაციის ჩატარების პატაკში ნახსენებია, რომ იმერეთ-ახალციხის დამაკავშირებელი, ყველაზე მოხერხებული გზა აბასთუმანზე გადიოდა. გავიდა დრო და რუსეთის ეგიდის ქვეშ მყოფ მესხეთში და აბასთუმანშიც ცხოვრება მშვიდობიან კალაპოტში ჩადგა.

მე-19 საუკუნის 70-იანი წლებიდან საფუძველი ჩაეყარა, აბასთუმნის როგორც ფტიზიატრიული კურორტის მშენებლობას, რომლის იშვიათი ბუნება და მაკურნებელი თვისებების მქონე ჰავა ნამდვილ სასწაულებს ახდენდა. სწორედ ამ მიზნით ჩამოვიდა, უფრო ადრე, მე-18 საუკუნის მიწურულს, აბასთუმანში რუსეთის იმპერატორის ნიკოლოზ მეორის ძმა, მეფისწული გიორგი, რომელიც ტუბერკულოზით იყო დაავადებული. მას თან ჩამოყვა იმდროინდელი რუსეთის ელიტარული საზოგადოების მრავალი წარმომადგენელი, რომელთა შორის გიორგი მეფიწულის აღმზრდელი, პეტერბურგის უნივერსიტეტის ასტრონომიის პროფესორი, ს.პ.გლაზენაპიც იმყოფებოდა. აღსანიშნავია, რომ მან, თან ჩამოტანილი 22 სმ-იანი რეფრაქტორით, მჭიდრო ორჯერად ვარსკვლავებზე დაკვირვებისას, შეამჩნია აბასთუმნის ასტროკლიმატის ძალზე მაღალი ხარისხი და ამის შესახებ სათანადო სტატიაც გამოაქვეყნა. სპეციალურად მეფისწულისთვის დაჩქარებული ტემპებით აშენდა საცხოვრებელი კომპლექსი, სამკურნალო თერმული წყლების აბანო, დიდებული სასახლე, რომელშიც საბჭოთა წყობილების დროს სანატორიუმი "მესხეთი", ხოლო 1994 წლიდან წმ.პანტელეიმონის დედათა მონასტერი განთავსდა და ამჟამად იქ სამონასტრო მოღვაწეობა მიმდინარეობს. მეფისწულის სურვილის თანახმად, 1896-1899 წ.წ. აშენდა წმ.ალექსანდრე ნეველის ეკლესია, რომელიც ზარზმის ეკლესიის პროტოტიპს წარმოადგენს და მას "ახალი ზარზმაც კი უწოდეს. ეკლესიის მოსახატად მოიწვიეს ცნობილი რუსი მხატვარი მ.ვ.ნესტეროვი, რომელმაც ეს სამუშაო 1902-04 წლებში შეასრულა.

საბჭოთა წყობილების დროს ეკლესიამ მოქმედება შეწყვიტა და მეტ-ნაკლებად სრული სახითა და დაუზიანებლად მოაღწია ღვთის წყალობითა და იმის მიზეზით, რომ ხელისუფლებისათვის იგი უპირატესად წარმოადგენდა ცნობილი რუსი მხატვრის შემოქმედების მატარებელ ერთგვარ კულტურულ ძეგლს. 1919 წლის იანვარში, ისარგებლეს რა საყოველთაო განუკითხაობითა და არეულობით, თურქი ასკერების ბანდებმა ბარბაროსულად დააყაჩაღეს აბასთუმანი. აქედან მთავრობის სახელზე გაგზავნილ ერთ-ერთ დეპეშაში საზარელი ფაქტებია აღწერილი: "...ცულით დაჩეხეს ეკლესიის კარები,.. ოჯახებში ჩახოცეს უამრავი ადამიანი, გაიტანეს 5 ფუთამდე ვერცხლის განძეულობა, 500 000 მანეთის განძი, მოაოხრეს ყველაფერი, გაიტაცეს ყველა სამეურნეო იარაღი, სურსათი, ლოგინი, ტანსაცმელი... მთელ რეგიონში ვერ იპოვით 1 წალდსაც კი...". ასე რომ იმ დროისათვის აბასთუმანი სრულიად გაპარტახებული იყო. გავიდა დრო და დაბამ ჭრილობები ნელ-ნელა მოიშუშა. მოსახლეობამ ისევ გააგრძელა ცხოვრება.

აბასთუმანში მშვიდობა დამყარდა და ფართოდ გაიშალა საკურორტო მშენებლობა. იგი ისევ გახდა ერთგვარი ელიტარული კურორტი. აღსანიშნავია, რომ ტუბერკულოზით დაავადებულთა გარდა აქ დაუსვენიათ კულტურისა და ხელოვნების ისეთ თვალსაჩინო წარმომადგენლებს, როგორებიც იყვნენ - ზ.ფალიაშვილი, ნ.მარი, პ.ინგოროყვა, ი.გრიშაშვილი, გ.ქუჩიშვილი, ლ.ასათიანი, მ.ლებანიძე, ნ.მარის ვაჟი იური მარი და სხვები. ამას გარდა, აბასთუმანი ცნობილი გახდა, როგორც სამეცნიერო ცენტრიც.

1930-31 წ.წ. შუა აზიისა და ყარაბაღის პარალელურად, ს.პ.გლაზენაპის გამოკვლევებზე დაყრდნობით, საქართველოშიც ჩამოვიდა საგანგებო ექსპედიცია, სამთო ასტრონომიული ობსერვატორიის შექმნასთან დაკავშირებით მთიანი რაიონების ატმოსფერული რეჟიმის შესასწავლად, რუსი ასტრონომების ვ.ს.მოშკოვას, ბ.ვ.ნუმეროვისა და ვ.ბ.ნიკონოვის შემადგენლობით. გამოკვლევები ჩატარდა ცივგომბორზე, შუამთაში, ბაკურიანში, ცემში, წაღვერსა და აბასთუმნის მიდამოებში. აღნიშნული ექსპედიციის მუშაობის შედეგად კვლავ დადასტურდა, რომ აბასთუმანში მართლაც საუცხოო პირობებია ასტრონომიული კვლევისათვის. 1932 წელს დაარსდა აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, რომელიც საბოლოოდ 1937 წელს, მთა ყანობილზე, 1700 მეტრის სიმაღლეზე, იქნა გატანილი. მე-20 საუკუნის ბოლოს, ქართველი ხალხის საყოველთაო სულიერი აღორძინების პროცესში კურ.აბასთუმნის მოსახლეობაც აქტიურად ჩაება - ეკლესია იკურთხა და მოქმედი გახდა. ამის შემდგომ სხვადასხვა დროს იქ მოღვაწეობდნენ მამა ალექსანდრე (გალდავა), ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოსი მეუფე სტეფანე (კალაიჯიშვილი), ჭულეს მონასტრის იღუმენი მამა დიმიტრი (კაპანაძე), მამა მაქსიმე (გაბელაშვილი). მათი დაუღალავი და ყოველდღიური მოღვაწეობის შედეგად ეკლესია კეთილმოეწყო და გამშვენდა. მასში სისტემატურად აღევლინება წირვა-ლოცვა და საგანგებოდ, ზეიმით აღინიშნება დიდი საეკლესიო დღესასწაულები. განუწყვეტელმა წირვა-ლოცვამ და აქ მოღვაწე მამათა რუდუნებამ თავისი შედეგი გამოიღო: საგრძნობლად იმატა მრევლმა. ნათლობა, ჯვარისწერა და საეკლესიო სხვა საიდუმლოთა შესრულება უკვე წესად იქცა. აშენდა ახალი ეკლესია დედათა მონასტრის ტერიტორიაზე. ამოქმედდა წმ.გიორგის, მე-13 საუკუნის ეკლესია. სოფ.ვარხნისა და აბასთუმნის მრევლი აშენებს ახალ ეკლესიას. საპატრიარქოსაგან აბასთუმნის მრევლს ყურადღება არასოდეს მოკლებია. სხვადასხვა დროს აქ ბრძანდებოდნენ მღვდელმთავრები - ნეკრესისა და ჰერეთის ეპისკოპოსი, მეუფე სერგი (ჩეკურიშვილი), ახალქალაქისა და კუმურდოს მთავარეპისკოპოსი მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი), ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპისკოპოსი, მაღალუსამღვდელოესი მეუფე თეოდორე (ჭუაძე), ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსი, მეუფე გერასიმე (შარაშენიძე), წილკნის ეპარქიის მმართველი, მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი, მეუფე ზოსიმე(შიოშვილი). 1999 წელს აბასთუმანში ჩამობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, დიდი მეუფე ჩვენი, ილია მეორე, რომელმაც მოინახულა დედათა მონასტერი, საზეიმო წირვა-ლოცვა ჩაატარა წმ.ალექსანდრე ნეველის ეკლესიაში და დალოცა მრევლი და სრულიად საქართველო.

ს. ჭანტურია

გამოყენებული ლიტერატურა:

1. ივ.ჯავახიშვილი - "ქართველი ერის ისტორია", ტ.მე-2, მე-8
2. ქართლის ცხოვრება
3. ისტორიანი და აზმანი
4. მატიანე ქართლისაი
5. ბასილი ეზოსმოძღვარი - "ცხოვრება მეფეთა-მეფის თამარისი"
6. ლეონტი მროველი - მეფეთა ცხოვრება
7. საქართველოს ისტორიის ნარკვევები ტ.1, მე-2, მე-3, მე-4, მე-7
8. სერგი მაკალათია - "თამარ მეფე"
9. კონსტანტინე გრიგოლია - "თამარ მეფის კიდევ ერთი მემატიანე ისტორიკოსი"
10. ვახტანგ გურგენიძე - "თამარ მეფე"
11. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია
12. მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალციხის ფილიალის 10 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენციის მასალები, 2000 წ.