topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

აბასთუმანი - ისტორიული ოძრხე
There are no translations available.

<უკან დაბრუნება


აბასთუმანი - დაბა ადიგენის რაიონში. მდებარეობს მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოძრხის ხეობაში, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან 28 კმ-ზე. სამთო-კლიმატური კურორტია (ზ.დ. 1340 მ). კურორტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა XIX ს-ის 70-იან წლებში. დაბის სტატუსი მიენიჭა 1926 წელს. IX-X საუკუნეებში მას "ოძრახედ" მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა “ოცხე”, XIX საუკუნიდან - "აბასთუმანი". დღევანდელი სახელი შეიძლება მომდინარეობდეს აბაზასძეთა საგვარეულო სახელისაგან. აბასთუმანში არის ტუბსანატორიუმები, აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია, კულტურის, განათლებისა და ჯანდაცვის ობიექტები, აგრეთვე არქიტექტურის ძეგლები:

  • შუა საუკუნეების ეკლესია,
  • "თამარის ციხე"
  • ეკლესია "ახალი ზარზმა" (1899-1902).
  • თამარის ხიდი


ოძრხე, ოძრახე - დ.ბერძენიშვილი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VII. - თბ., 1984. - გვ.625

ოძრხე, ოძრახე - ისტორიული ციხე-ქალაქი სამხრეთ საქართველოში (ახლანდელი ადიგენის რაიონი), დაბა აბასთუმნის მახლობლად, მდინარე ოძრხისწყლის მარჯვენა ნაპირზე. დგას 2 წყალგამყოფ მაღალ კლდოვან ქედზე. დარაჯობდა ოძრხისა და კურცხალისწყლის ხევებზე გამავალ გზას. სახელწოდება "ოძრხე" შესაძლოა დაკავშირებული იყოს ქართული ეთნიკური გაერთიანების ვიძერუხ-ვიტერუხის სახელთან. ძვ.ქართული ტრადიციის თანახმად, ოძრხე საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ყოფილა. დაუარსებია ქართველთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს - ოძრხოსს. მეფე ფარნავაზის დროიდან (ძვ.წ. III საუკუნის I ნახევარი) სამცხისა და აჭარის ერისთავის რეზიდენცია იყო. მეფე ვახტანგ გორგასლის (V საუკუნე) სიკვდილის შემდეგ - სამეფო ოჯახის საზამთრო რეზიდენცია. VIII საუკუნის 30-იანი წლებისათვის ოძრხეს უკვე აღარ ჰქონდა ადრინდელი მნიშვნელობა. XI საუკუნეში მეფე ბაგრატ IV-მ გავლენიან ფეოდალს - სულა კალმახელს უბოძა. 1191 წელს თამარ მეფის წინააღმდეგ აჯანყებულმა ფეოდალებმა გადაწვეს. XVI საუკუნეში საქართველოს სხვა ტერიტორიის ნაწილთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა; იყო ოსმალური ადმინისტრაციული ერთეულის, ახალციხის ლივის, ერთ-ერთი ნაჰიეს ცენტრი, შემდგომში მცირე დაბა. უფრო გვიან გაუკაცრიელდა. ციხის სიგრძეა დაახლოებით 50 მ, სიგანე - 15 მ. აქვს 2 მრავალსართულიანი კოშკი. კედლები ნაგებია ფლეთილი ქვებით, წყობაში ჩანს სხვადასხვა პერიოდის გადაკეთების კვალი. მდინარე ოძრხისწყლის ქვემოთ კარგი სამიწათმოქმედო რაიონია, რომელიც ადრიდანვე იყო ათვისებული. აქ რამდენიმე ნამოსახლარი გორაა, რომელთაგან ერთს ზადენ-გორა ჰქვია.

ლიტერატურა: ჭილაშვილი ლ., ქალაქები ფეოდალურ საქართველოში, ტ.1., თბ., 1968.

აბასთუმანი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ.I. - თბ., 1975.- გვ.14-15.

აბასთუმანი - დაბა (1926 წლიდან) ადიგენის რაიონში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის ხეობაში, სამთო - კლიმატური კურორტი. ზღვის დონიდან 1340 მეტრზე, ადიგენიდან 25 კმ-ზე, ახალციხიდან... 28 კმ-ზე. საშუალო წლიური ტემპერატურა 6,40C, (იავრისა -6,50C) ივლისისა 17,20C). ნალექები 626 მმ. წელიწადში; შეფარდებითი ტენიანობა ზაფხულში 50%-ს აღწევს. სხვა დროს ზომიერია. მთის სუფთა ჰაერი, ზმიერად მშრალი ჰავა, მზის ნათების ხანგრძლივობა (3 ათ. საათი წელიწადში) ტუბერკულოზის მკურნალობის ძირითადი ფაქტორებია. აქ უძველესი დროიდანვე ცნობილი იყო ჰიპერთერმული (ტემპერატურა 39-48,50C) სუსტად მინერალიზებული (0,4-0,5 ჰლ) ქლორსულფატნატრიუმიანი წყაროები (გოლიათისა ტემპერატურა 48,50C, გველისა - ტემპერატურა 420C, სურავანდისა - ტემპერატურა 39,0C). ჩვენებები: ფილტვების ტუბერკულოზი განვითარების ყველა ფაზაში (შორს წასული პროცესის გარდა), პნევმოპლევრიტისა და ლიმფადენიტის ქრონიკული და მწვავე ფორმა, ტუბერკულოზი ცალმხრივი და ორმხრივი პევმოთორაქსით (ჰიპოქსიისა და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობის გარეშე), ხორხის ინფილტრაციული ტუბერკულოზი და სხვ. აბასთუმანში არის 10 ტუბსანატორიუმი, მათ შორის მიკროკლიმატური მაჩვენებლებით გამოირჩევა სანატორიუმი "არაზინდო" (ზღვის დონიდან 1425 მ.) და "აღობილი" (ზღვის დონიდან 1600 მ.). კურორტი მუშაობს მთელი წლის განმავლობაში...აბასთუმნის ასტროფიზიკული ობსერვატორია, ხიდი მდინარე ოცხეზე (XII-XIII საუკუნეები), შუა საუკუნის ეკლესია და "თამარის ციხე", ეკლესია "ახალი ზარზმა" (1899-1902 წლები, ინტერიერი მოხატა მ.ნესტეროვმა, 1902-1904 წლებში). აბასთუმანი ახალი სახელია (XIX საუკუნიდან), IX-X საუკუნეებში ქართული ისტორიული წყაროები მას "ოძრახედ" და "ოძრხედ" მოიხსენიებენ. გვიანდელ შუა საუკუნეებში დამკვიდრდა "ოცხე" ("ოძრხეს" სახენაცვალი ფორმა). კურორტის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა XIX საუკუნის 70-ია წლებში.

ლიტერატურა: Нодия М.Ю., Курортные богатства Грузии, Тб., 1963.

აბასთუმანი - სოფელი ადიგენის რაიონში (ვარხანის სოფ.საბჭო), მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, მდინარე ოცხის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1160 მეტრზე, ადიგენიდა 18 კმ.ზე... სახელწოდება აბასთუმანი სახეშეცვლილი ფორმაა "აბასთუბნისა", წარმომდგარი უნდა იყოს ამ სოფელში მცხოვრებ აბასაძეთა (აბაზასძეთა) საგვარეულო სახელისაგან. სოფელი აბასთუმანი დადასტურებულია "გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში" (XVI საუკუნის მიწურული). ოსმალური ადმინისტრაციული დაყოფით აბასთუმანი ახალციხის ლივის ოცხის ნაჰიეში შედიოდა. 1829 წელს დაუბრუნდა საქართველოს.

აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორია - საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიისსა, სამეცნიერო კვლევითი დაწესებულება, საბჭოთა კავშირში პირველი სამთო ასტროფიზიკული ობსერვატორია. დაარსდა 1932 წელს დაბა აბასთუმანში (დამაარსებელი... ე.ხარაძე). 1937 წელს გადაიტანეს ყანობილის მთაზე (1650 მ.) აბასთუმნის მახლობლად. აქ ატმოსფეროს ახასიათებს მაღალი გამჭირვალობა და სტაბილურობა. მზიანი დღეების საშუალო წლიური რაოდენობა დაახლოებით 250. აბასთმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის სამეცნიერო კვლევითი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: გალაქტიკის შესწავლა ფოტომეტრიული, სპექტრული, ფოტოგრ. ასტრომეტრიისა და ვრსკვლავთა დინამიკის მეთოდებით; არასტაციონარული და ცვალებადი ვარსკვლავების გამოკვლევა ელექტროკოლორიმეტრიული და სპექტროფოტომეტრიული მეთოდებით; მზის სისტემატ. ფოტოსფერული და ქრომოსფერული დაკვირვებანი და მის აქტიურ წარმონაქმნებში მიმდინარე ფიზიკულ პროცესთა შესწავლა ელექტროპოლარიმეტრიული მეთოდით: დედამიწის ზედა ატმოსფეროს ფიზიკო-ქიმიური თვისებების შესწავლა ბინდისა და ღამის ცის სინათლის ელექტროფოტომეტრიისა და სპექტროსკოპიის მეთოდებით. ობსერვატორიის ძირითადი დანადგარებია: 1,25 მ დიამეტრის მქონე სარკიანი სრულიად ავტომატიზებული ტელესკოპი, 70-სანტიმეტრიანი მენისკური ტელესკოპი, 40 სანტიმეტრიანი რეფრაქტორი, 48-სანტიმეტრიანი რეფლექტორი ელექტროფოტომეტრითურთ, 36-44 სანტიმეტრიანი შმიდტის სისტემის ანაბერაციული ტელესკოპი, დიდი სამზეო ჰორიზ. ტელესკოპი, დაბნელებისგარეშე დიდი კორონოგრაფი, ქრომოსფერულ - ფოტოსფერული ტელესკოპი, ბინდისა და ღამის ცის ნათების დასაკვირვებელი სპეტრული და ელექტროფოტომეტრიული ხელსაწყოების კომპლექსი. ობსერვატორიაში დამუშავებული და დანერგილია ფოტოელექტრულ და კოლორიმეტრიულ დაკვივებათა მეთოდიკა; გამოქვეყნებულია ვარსკვლავთა სპექტრული და ფერის მაჩვენებელთა ვრცელი კატალოგები; დადგენილია ვარსკვლავთშორისეთში მატერიის განაწილებისა და მისი თვისებების მრავალი კანონზომიერება; გამოქვეყნებულია გალაქტიკის ბნელ ნისლეულთა ატლასი; დამუშავებულია ვარსკვლავთა სივრცული სიმკვრივეების გამთვლის მეთოდი; აღმოჩენილია კიბორჩხლისებრი ნისლეულის პოლარიზაცია და მითითებულია რადიოგამოსხივებასთან მისი კავშირი; აღმოჩენილია 2 კომეტა, 10-მდე მცირე ცთომილი, 10-მდე ცვალებადი ვარსკვლავი, 4 ახალი ვარსვლავი, 2 ზეახალი ვარსვლავი, რამდენიმე ასეული ემისიური და პეკულარული ვარსვლავი, 17 პლანეტისებრი ნისლეული და 3 ვარსვლავთა გროვა. აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორია 1937 წლიდან ეფექტურად მონაწილეობს საკავშირო და საერთაშორისო "მზის სამსახურში". 1967 წელს თბილისში შეიქმნა აბასთუმნის ასტრო-ფიზიკური ობსერვატორიის ლაბორატორია. ობსერვატორია 1937 წლიდან გამოსცემს "ბიულეტენს", რომელშიც ქვეყნდება ობსერვატორიაში შესრულებულ დაკვირვებათა და გამოკვლევათა შედეგები; თსუ ასტრონომიის კათედრასა და საკავშირო ასტრონომიულ - გეოდეზიურ საზოგადოების თბილისის განყოფილებასთან ერთად უშვებს "ასტრონომიულ კალენდარს" (1961 წლიდან).

ლიტერატურა: Харадзе Е.К., Абастуманская астрофизическая обсерватория, М., 1958.

აღმოსავლეთ საქართველო ენეოლითისა და ადრებრინჯაოს ხანაში - საქართველოს არქეოლოგია (რვა ტომად, ტომი II), ენეოლითი - ადრე ბრინჯაოს ხანა // სარედაქციო კოლეგია: ისტ.მეცნ დოქტორი ო.ლორთქიფანიძე, (მთავარი რედაქტორი), ისტ.მეცნ. დოქტორი ა.ჯალაღონია, (პასუხისმგებელი მდივანი), ისტ. მეცნ. დოქტორი თ.მიქელაძე, ისტ. მეცნ კანდიდატი გ.ცქიტიშვილი, ისტ. მეცნ კანდიდატი ვ.მ.ჯაფარიძე. რედაქტორი - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წევრ.კორ - ო.ჯაფარიძე. რეცენზენტები - ისტ. მეცნ კანდიდატები: თ.კიღურაძე, ლ.ნებიერიძე. თბილისი, გამომც. „მეცნიერება“, 1992 წელი, გვ.194-195.

აბასთუმნის „ყანობილის“ ნასახლარი

კურორტ აბასთუმანში, მდ.ოცხის მარჯვენა ნაპირზე, ყანობილის მთის ჩრდილო ფერდზე არსებულ ტერასაზე შემთხვევით აღმოჩენილ უძველეს ნასოფლარზე 1973, 1977 და 1980 წწ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ მცირე მასშტაბის გათხრითი სამუშაოები აწარმოვა. გაირკვა, რომ ნასოფლარი ტერასულადაა გაშენებული და უკავია დაახლოებით 1 ჰა ფართობი. სწორკუთხა, ერთმანეთთან მჭიროდ მიჯრილი შენობები ქვის მშრალი წყობითაა ნაგები, ხოლო აქვე აღმოჩენილი დამწვარი ძვლების მიხედვით ივარაუდება ბანური გადახურვის არსებობა. ეს ნაგებობები კონსტრუქციულად ამირანის გორის ნაგებობებს წააგავს. საცხოვრებლის იატაკი თიხატკეპნილია და მოწითალოდაა შელესილი. მის  ცენტრში თიხალესილი კერაა. კერასა და იატაკზე აღმოჩნდა კერამიკის ფრაგმენტები, ძვლოვანი და ქვის მასალა. მიმობნეული მასალის, დამწვარი ძვლებისა და ბათქაშის ნაშთებით ივარაუდება, რომ ნასახლარი თავდასხმის ან ხანძრის შედეგადაა განადგურებული. აქ აღმოჩენილი ორი ჯგუფის კერამიკიდან ერთი წარმოდგენილია შავპრიალა, ვარდისფერსარჩულიანი, უორნამენტო, დერგის, ქოთნის, კათხისა და სხვა ჭურჭლის ფრაგმენტებით, რომლის ანალოგებს მრავლად ვხვდებით მტკვარ-არაქსის კულტურის ძეგლებზე. მეორე ჯგუფის კერამიკა უმთავრესად ქილისებურია, ბრტყელძირა. არის მომრგვალებულძირიანიც, წითლად შეღებილი ზედაპირით. ზოგს ძირზე ეტყობა ჭილოფის ანაბეჭდი. ორნამენტი იშვიათია, გვხვდება პირქვეშ კოპი ან ნაკაწრით გამოყვანილი რომბი. ეს კერამიკა და ქვის ნაწარმის უმეტესობა ახლო პარალელებს პოულობს დასავლეთ საქართველოს (საგვარჯილე, სამელე-კლდე, სამერცხლე-კლდე და სხვ.). ენეოლით -ადრებრინჯაოს ხანის ძეგლების მასალებში. მასალა ინახება ახალციხის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმსა და არქეოლოგიური კვლევის ცენტრში.

ბიბლიოგრაფია

1.K. C. Каландадзе, Древнейшее поселение в Абастумани, ПАИ в 1972 г., Тб., 1973.

2.Г.Г.Пхакадзе, А.З.Орджоникидзе, Работы в Абастумани, АО, 1977 г., Тб., 1978.

3.Г.Г.Пхакадзе, K. C. Каландадзе, А.З.Орджоникидзе, Результаты работ Абастуманской экспедиции, ПАИ в 1980 г., Тб., 1982.

 

 

 

 

*************************************************************************************

აბასთუმანი, ოძრხე (ისტორია) - ს.ჭანტურია

ოძრხე, ოძრახე - ისტორიული ციხე ქალაქი, რომელიც ლეონტი მროველის თანახმად, ქართველ ხალხთა ერთ-ერთ ლეგენდარულ ეთნარქს-ოძრხოსს დაუარსებია და მდებარეობდა დაბა აბასთუმნის მახლობლად მდინარეების - ოძრხესა და კურცხალისწყალის წყალგამყოფ კლდოვან ქედზე. იგი დარაჯობდა ამ მდინარეთა ხევებზე გამავალ ე.წ. "რკინის-ჯვარის" (ამჟამინდელი ზეკარის უღელტეხილი) გამავალ მნიშვნელოვან გზას, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებდა ლიხთიმერეთისა და მესხეთის რეგიონებს. "...ციხე ქვეყანასა ოძრხევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა რომელსა ჰქვიან დემოთი, მოკიდებულად მთასა ღადოსსა.... ღადოს მთა ცალსახად იგივდება ახლანდელი აბასთუმნის ჩრდილოეთით მდებარე ქედთან ზეკარის უღელტეხილით....<<ტექსტი სრულად აქ...<<

*************************************************************************************

ოძრახე - ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი// გ.გამყრელიძე, დ.მინდორაშვილი, ზ.ბრაგვაძე, მ.კვაჭაძე, თბილისი, 2013

ოძრახე, ქალაქი, ციხე (ქც 4: 658,2; 664,9). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ჯუანშერის "ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა" (ქც 1: 185,25; 204,4; 205,2; 234,8), ლეონტი მროველის "ცხოვრება მეფეთა" (ქც 1: 9,24; 17,19; 24,20; 39,24; 47,11,13,21; 57,8), "მატიანე ქართლისა" (ქც 1: 261,19; 305,3)...  <<ტექსტი სრულად აქ...<<

**************************************************************************************

ბარნაველი თ. აბასთუმნის ერთი წარწერის შესახებ //მაცნე. - 1969. - N5. - გვ.139 - 142.

1905 წელს ე. თაყაიშვილმა გამოაქვეყნა ერთი წარწერა აბასთუნიდან, წარწერიანი ქვა ნაპოვნი ყოფილა აბასთუმანში1. ეკლესიის ნანგრევების პირდაპირ, მდინარეების - კურცხანისა და აბასთუმნისწყლის შესართავთან. ე. თაყაიშვილს მოყვანილი აქვს ამ წარწერის შინაარსის ამოხსნა, მაგრამ საეჭვოდ მიაჩნია წარწერის თვით მის მიერ მოცემული წაკითხვის სიზუსტე. მოჰყავს ამ წარწერის გადმონაწერი და ამოკითხვა. ტექსტის ამოხსნას იძლევა მხოლოდ მესამე სტრიქონიდან, სიტყვიდან „ბრძანებითა“ (ასევე იქცევიან შემდეგში სხვა მკვლევარებიც)..<<ტექსტი სრულად აქ...<<