topmenu

 

ალავერდის ეპარქია

<უკან დაბრუნება

მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე)

დაბ. - 1960, თბილისი;

23.11.1988 - დიაკონი;

1990 - ბერად აღკვეცა;

16.04.1992 - ბოდბელი ეპისკოპოსი;

1993 - ალავერდელი;

1992 - 1995 - საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე;

1996 - მთავარეპისკოპოსი, ხუროთმოძღვრების ცენტის ხელმძღვანელი;

2000 - მიტროპოლიტი.

ალავერდის ეპარქია

(ქ. თელავი, ქ. ახმეტა, თელავისა და ახმეტის რაიონები)

აღმოსავლეთ საქართველოში კახეთში მდებარეობს და ქალაქებს - თელავს, ახმეტას და მათ მიმდებარე ტერიტორიას მოიცავს. მას აღმოსავლეთიდან ნეკრესის, დასავლეთიდან წილკნის, სამხრეთიდან საგერეჯო-გურჯაანის ეპარქიები ესაზღვრება, ხოლო ჩრდილოეთიდან კავკასიონის მთების ცენტრალური ქედი. ისტორიული ტრადიცია ალავერდის ეპარქიის ჩამოყალიბებას IX საუკუნის პირველ მეოთხედში კახეთ-ჰერეთის მმართველ კვირიკე III (1009-1037) მოღვაწეობას უკავშირებს. ეპარქიის საკათედრო ტაძარი კვირიკეს იმ ადგილზე აუგია, სადაც VI საუკუნის მეორე ნახევარში ცამეტ ასურელ მამათაგანმა იოსებ ალავერდელმა "აღაშენა და ჰყო მონასტერი წმიდის გიორგისა..." ეპარქიის დაარსებამდე აქაური მწყემსმთავარი - ამბა ალავერდელის - წოდებით იხსენიება. ტერმინი „ამბა“ სირიულია და მონასტრის წინამძღვრის ქართული სახელწოდების „მამის“ შესატყვისს წარმოადგენს. ამ ზედწოდებას ალავერდელი ეპისკოპოსები ატარებენ იმის გამო, რომ ისინი მონასტრის წინამძღვრებიც იყვნენ. ტრადიციის დამკვიდრება ალავერდის პირველი წინამძღვრის, იოსების სახელს უკავშირდება, რომელიც ამბა ალავერდელად იწოდებოდა. იოსებ ალავერდელის საფლავი თავისავე დაარსებული მონასტრის წმინდა გიორგის ეკლესიაში მდებარეობს. ისტორიულად კახეთის სამეფოში ალავერდელის დაწინაურებული მდგომარეობა ეპარქიის ხელსაყრელი მდებარეობით იყო განპირობებული. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ კახეთის ეპარქიათაგან ერთი - კახეთ-ალავერდის ეპარქია შეიქმნა, რომელმაც მთელი კახეთი გააერთიანა. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ განახლდა ისტორიული ეპარქიაც და პირველ მღვდელმთავრად დადგენილი იქნა 1923 წ. მოწამეობრივად აღსრულებული ეპისკოპოსი პიროს ოქროპირიძე. ეპარქიას ამჟამად მწყემსმთავრობს ალავერდელი მიტროპოლიტი დავით მახარაძე. ალავერდის ეპარქია ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეპარქიაა საქართველოში (მოიცავს ქალაქ თელავს და ახმეტას თავისი მუნიციპალიტეტებით). ალავერდის მონასტერი, რომელიც X საუკუნის კახეთის მთავრების ძირითადი სალოცავი იყო, XI საუკუნიდან ეპარქიის ცენტრად და კახეთის მეფეთა საძვალედ იქცა. ალავერდის ეპარქია კახეთის მეფეთა მძლავრი პოლიტიკური დასაყრდენი იყო. 1104 წელს, კახეთის შემოერთების შემდეგ, დავით აღმაშენებელმა ეპარქია სრულიად საქართველოს სამსახურში ჩააყენა. ალავერდის ეპარქიის საზღვრები იყო: ჩრდილოეთით და აღმოსავლეთით - კავკასიონის ქედი და მდინარე სტორი, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდინარე თურდო, დასავლეთით და სამხრეთ-დასავლეთით - კახეთისა და ცივგომბორის ქედები. მთიანეთიდან ალავერდის ეპარქიაში შედიოდა:ფშავ-ხევსურეთი და თუშეთი. საყმო მამულთა უმეტესობა ალავერდის ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფლებში იყო გაფანტული. ალავერდის ეპარქიას ეკუთვნოდა: ძველი შუამთის ყოვლადწმინდის საწინამძღვრო ეკლესია. ორმეოცთა საყდარი ოჟიოში, ყოვლადწმინდის საყდარი ხორხელში, მთლიანად ან ნაწილობრივ - მერე, კაკაბეთი, ვარდისუბანი, არბუხი, ღანუხი, ჩიბინიანი, ალავერდული, ახატელი, იყალთო, აქყვერი, თიანეთი, კისისხევი, უტო, კონდოლი, წინანდალი, ველისციხე და სხვა სოფლები. ალავერდელი ეპისკოპოსები მონასტრის მამადაც (წინამძღვრადაც) ითვლებოდნენ, ამიტომ ატარებდნენ ამბის ზედწოდებას. XVI საუკუნიდან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს. XV საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში კახეთის მეფე ალექსანდრე I-მა განაახლა მტრისაგან დარბეული ალავერდი და უხვად უბოძა ყმა-მამული. მალე ალავერდის ეპარქიამ პირველობა მოიპოვა მთელ კახეთში მცხეთისაგან გამოყოფაც სცადა, მაგრამ მცხეთის კათალიკოსმა აღკვეთა ეს ცდა. 1616 ალავერდი და მისი მამულები დაარბია აბას I-მა. XVII საუკუნის შუა წლებში თურქმანთა მომთაბარე ტომებმა მისი ადგილ-მამულები საძოვრად გადააქციეს, შენობა კი ციხესიმაგრედ. 1659 აჯანყებულმა კახელებმა თურქმანები განდევნეს, მაგრამ მტრისაგან მიზენებული ზარალი იმდენად დიდი იყო, რომ XVII საუკუნის დასასრულამდე ეპარქია ვეღარ აღდგა. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ალავერდი ლეკებმა დაარბიეს. 1735 წლის 21 ოქტომბერს კი თამაზ-ხანმა ააოხრა. ალავერდისა და მცხეთის კათედრების გაერთიანებამ (XVIII საუკუნის 80-იან წლებში) ხელი შეუწყო ალავერდის ეპარქია სამეურნეო-ეკონომიკურ აღორძინებას. 1811 ალავერდის ეპარქიაში ირიცხებოდა 113 ეკლესია, ხოლო ყმა-გლეხთა რიცხვი 342 კომლს აღწევდა.

http://www.orthodoxy.ge/tsnobarebi/eparqiebi/alaverdi.htm

http://ka.wikipedia.org/wiki/ალავერდის_ეპარქია

ჟურნალი „ორნატი“ №1, 2003 წ.

 

 

 

ალავერდის ეპარქიის ეკლესია-მონასტრები:

  • ახმეტის რაიონის ეკლესია - მონასტრები
  • თელავის რაიონის  ეკლესია-მონასტრები
  •