There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ჯვრის მონასტერი მცხეთაში
მე-6 საუკუნის ქართული ქრისტიანული მონასტერი. დგას მთაზე, ძველი დედაქალაქის - მცხეთის პირდაპირ, იქ სადაც არაგვი ერთვის მტკვარს. მცხეთა-მთიანეთის მხარე, ქართლი. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. ქრისტიანობის მიღების პირველი წლებიდანვე ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ კავკასიია სხვა ქრიატიანი ერებიც. VI საუკუნის II ნახევარში ამ ჯვრის არსებობას ადასტურებს "ევსტათი მცხეთელის ცხოვრებას". VII საუკუნის II ნახევარში (545-სა და 586 შორის) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა (დგას საგანგებო სუბსტრუქციაზე, რომელშიც სამარხია). გარედან იგი ორფერდასახურავიანი მარტივი სწორკუთხა ნაგებობაა, შიგნით ჯვრისებრი მოხაზულობა აქვს (1 აფსიდითა და 3 სწორკუთხა მკლავით). შუაში კვადრატია, რომელსაც გუმბათისებრი გადახურვა ჰქონია (მხოლოდ ყელის გარეშე). ამ პატარა სამლოცველოს დღეს ჯვრის მცირე ტაძარს ანუ "მცირე ჯვარს" უწოდებენ. იმავე VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელსაც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დროს თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი კარგად მოაღწია დღემდე. ჯვრის უშუალო წინამორბედია ნინოწმინდის ტაძარი. ჯვარში განვითარებულია და მხატვრულად სრულყოფილია ნინოწმინდის კომპოზიცია. გეგმის საფუძველს აქაც კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი შეადგენს, მაგრამ ეს კუთხის ოთახები რადიალურად კი არ არის განლაგებული, როგორც ნინოწმინდაში, არამედ აფსიდების ღერძების პარალელურად და გუმბათქვეშა სივრცესთან დაკავშირებულია კუთხის ღრმა ნიშებით, რომელთაც წრის 3/4-ის მოხაზულობა აქვთ. შენობის ბირთვს, ჩვეულებისამებრ, შეადგენს კვადრატი, რომლის თავზეც აღმართულია 8-წახნაგოვან ყელზე დამყარებული გუმბათი. იგი მთელი შიგა სივრცის დომინანტია, განსაზღვრავს ყველა სხვა ნაწილის ფორმასა და პროპორციებს ამ ზუროთმოძღვრულ სივრცეში, რომელიც ხიბლავს ადამიანის ნაწილთა სრული წონასწორობითა და პროპორციათა ჰარმონიით. ჯვრის გარეგნული სახე ნათლად ასახავს სივრცის შიგა დანაწევრებას. აქ გვაქვს შიგა და გარე ფორმების მხატვრულად გააზრებული შესაბამისობა. ეს პირველი მაგალითია შუა საუკუნეების ქართულ ხუროთმოძღვრებაში, როცა ფასადის სახე დამოუკიდებელი, შეგნებულად დასახული მხატვრული ამოცანის მნიშვნელობას იძენს. ამიერიდან ეს ქართული არქიტექტურის დამახასიათებელი ნიშანი იქნება ერთი იმ მრავალ ნიშანთაგანი, რომლებიც მკვეთრად განასხვავებენ მას ბიზანტიურისაგან (ბიზანტიაში ხუროთმოძღვართა ყურადღებას მთლიანად იპყრობდა დიდებული შიგა სივრცის შექმნის ამოცანა, ფასადები მათ არ აინტერესებდათ). მიუხედავად იმისა, რომ შენობა დიდი არ არის (სიმაღე 25 მ არ აღემატება), იგი მონუმენტურ შთაბეჭდილებას ტოვებს. ფასადთა დამუშავებაში სრული კანონზომირებაა. ჯვრის ტაძარი ბოლნისის სიონის შემდეგ ხუროთმოძღვრების სკულპტურული მორთვის ახალ საფეხურს წარმოადგენს. ფიგურული რელიეფების განლაგება ღრმად გააზრებულ სისტემას ექვემდებარება. დასავლეთი ფასადი, რომელიც ზედ ქარაფის პირასაა დაკიდებული და შორიდა ჩანს, მარტივად და ზოგადად არის დამუშავებული. აქ მთავარი ფასადები აღმოსავლეთ და სამხრეთისაა. აღმოსავლეთ ფასადზე საკურთხევლის აფსიდს 3 სარკმელი აქვს, რომლებიც შეკრულია მათ ტავზე გავლებული დეკორატიული, რელიეფური სარტყლით. სარტყლის ზემოთ, სარკმლების შესაბამისად, მოთავსებულია 3 რელიეფური გამოსახულება იმ პირებისა, რომელთა თაოსნობათა და ხარჯითაც აშენდა ეკლესია: შუაში ქრისტეს წინაშე მუხლმოდრეკილი სტეფანოზ ერისმთავარია, ე.ი. მთავარი მშენებელი; მარცხნივ - მისი ძმა დემეტრე მფარველი ანგელოზთურთ, მარჯვნივ - სტეფანოზის მემკვიდრე ადარნასე (მის ზემოთაც ფრთაგაშლილი ანგელოზია, რომელსაც მარჯვენა ხელი წინა აქვს გაწვდილი); ადარნასეს წინაა მუხლმოდრეკილი ბავშვი - მისი ძე. სამივე რელიეფზე ასოთმთავრული წარწერებია, რომლებშიც მშენებელთა სახელები და ტიტულებია მოხსენიებული (ჯვრის წარწერები). სამხრეთი ფასადი საკმაოდ ღრმა ნიშების წყალობით უფრო დიფერენცირებული ჩანს. სამხრეთ შესასვლელის თავზე, ტიმპანში, არის ძცელი ქრისტიანული სამყაროში დიდად გავრცელებული გამოსახულება- ანგელოზთა მიერ ჯვრის ამაღლება. კომპოზიცია ოსტატურადაა ცართული და შეხამებული ტიმპანის ნახევარწრიულ მოხაზულობასთან. სამხრეთის ფასადის სხვა რელიეფები (ნიშებში მოთავსებული) ძლიერ დაზიანებულია. ფასადი, რომლის წინაც მცირე ჯვრის ეკლესია დგას, სრულიად მოურთავია. შენობის საერთო ჰარმონიისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს ფასადთა პერანგის მშვენივრად გაღლილი ქვის ფერს - მოვარდისფრო-ქვიშისფერს, დროთა ვიტარებისაგან თითქოს ოდნავ შეჟანგულს. ტაძარი არა მარტო ფორმებით, მასშტაბით და პროპორციებით ეხამება გარემოს, არამედ ფერითაც. ჯვრის ტაძარი - ძველი ქართული ხუროთმოძღვრებია ზიებათა დამარგვინებელი და ყველზე სრულად განმასახიერებელი ნაწარმოები - საფუძველს უყრის განვითარების მთელ საფეხურს: VII საუკუნეში იქმნება ანალოგიურ ძეგლთა მთელი ჯგუფი, რომლებიც გეგმისა და საერთო აგებულების მხრივ დიდად უახლოვდება მცხეთის ჯვარს, მაგრამ, ბუნებრივია, კერძო თვისებებითა და დეტალებით განსხვავდება მისგან. ასეთებია ატენის სიონი, ძველი შუამთა, მარტვილი. ჯვრის ტიპი, ე.ი. კუთხისოთახებიანი ტეტრაკონქი, ცნობილია მხოლოდ საქართველოსა და სომხეთში. სომხური ნიმუშები ქართული ნიმუშთაგან განსხვავდება გარკვეული თავისებურებით, როგორც საერთოდ ამ ორი ქვეყნის ხუროთმოძღვრება. ტაძრის გარშემო არსებული საფორტიფიკაციო ნაგებობები (ამჟამად დანგრეული კოშკი და გავალავი) უფრო გვიანდელია. წლების განმავლობაში ჯვრის კომპლექსისთვის ბევრი ზიანი იქნა მიყენებული, ბუნებით თუ ადამიანის ხელით და ამჟამად ის მსოფლიოს 100 განადგურების პირას მისულ უმთავრეს კულტურულ ძეგლთა შორისაა.
|