topmenu

 

მჭადიჯვარი - ძეგლთა აღწერილობა
There are no translations available.

<უკან დაბრუნება..<<დაბრუნება მთავარ გვერდზე...<<<ეკლესია - მონასტრები>>>

მჭადიჯვარის ისტორიული ძეგლები // საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა., ტ.2. - თბ., 2004. - გვ.279-282.

281. სოფელი მჭადიჯვარი

282. ზემო გორა-ნამოსახლარი

283. კლდისძირის სამაროვანი

284. მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი

285. ქვემო გორა-ნამოსახლარი

286. ღვთისმშობლის ეკლესია

281. სოფელი მჭადიჯვარი, ისტორიული ძეგლი მჭადიჯვარში 1754 წლის 16 აგვისტოს ქართლ - კახეთის ლაშქრმა დაამარცხა ხუნძახის მფლობელი ნურსალ - ბეგის ხელქვეით გაერთიანებული დაღესტნელ ფეოდალთა (ავარიელთა) მრავალრიცხოვანი ლაშქარი, რომელმაც კახეთისა და არაგვის ხეობის სოფლების დარბევის შემდეგ, მჭადიჯვარის ციხე-სიმაგრეს შემოარტყა ალყა. ციხის გარემოცვა ექვს დღეს გაგრძელდა. ქართლს კახეთის გაერთიანებულ ლაშქარს სათავეში ედგნენ თეიმურაზ II და ერეკლე II. ქართველთა გამარჯვებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა გლეხთა რაზმების თავგანწირვამ და ერეკლე II-ს ის სამხედრო ხელოვნებამ. მჭადიჯვრის ბრძოლას ისტორიული მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო პირველი დიდი გამარჯვება, რომელმაც საგრძნობლად შეასუსტა დაღესტნელ ფეოდალთა თარეში საქართველოში. 1905 წლის 3 აგვისტოს სოფელში მოხდა შეტაკება გლეხებსა და კაზაკებს შორის. გლეხები მემამულე გ.ბაგრატიონ-მუხრანელს აუჯანყდნენ. გამოსვლაში მონაწილეობდა 14 სოფლის 3 ათასამდე გლეხი. კაზაკთა დამსჯელმა რაზმმა აჯანყებულები განდევნა.

გ.აფრასიძე, კ.კახაძე.

ფოტოს ავტორი გ.ბარისაშვილი

282. ზემო გორა - ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი, მდებარეობს სოფლის დასავლეთით, შუახევისაკენ მიმავალ გზაზე. განეკუთვნება გვიანდელი ბრინჯაოს და ადრინდელი რკინის ხანას (ძვ წ - აღ. ის II ათასწლეული). 1955 წელს ძეგლზე დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა იაე ინტის შიდა ქართლის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. ნ.ბერძენიშვილი). გაითხარა 1969 წელს (ხელმძღ. ლ.წითლანაძე). ნამოსახლარზე გამოვლინდა შენობათა თიხით შელესილი კედლების ფრაგმენტები. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა (შავად გამომწვარი ორნამენტირებული კერამიკა, ბრინჯაოს ღერაკი, ხელსაფქვავის ქვა და სხვ.(ინახება აკც - ის დუშეთის არქეოლოგიური ბაზაში, აქვეა აღმოჩენილი თიხის საბეჭდავი დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.

ლ.წითლანაძე

285. ქვემო გორა - ნამოსახლარი

არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს სოფლებს მჭადიჯვარზა და ლამოვანს შორის, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირას. ძეგლი მრავალფეროვანია. განეკუთვნება ადრინდელ ბრინჯაოს ხანიდან ადრინდელ შუა საუკუნეებამდე პერიოდს. აღმოჩნდა 1953 წელს იაე ინ-ტის სადაზვერვო ექსპედიციის მუშაობის დროს (ხელმძღ. ნ.ბერძენიშვილი). 1969 და 1983 წლებში, დროგამოშვებით გორაზე გათხრები ჩაატარა იაე-ინსტიტუტის ნარეკვავის (ხელმძღვანელი ლ.წითლანაძე), ჟინვალისა და აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთის (ხელმძღ. რ.რამიშვილი) არქეოლოგიურ ექსპედიციებმა. გორა წარმოადგენს აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებულ ხელოვნურ ბორცვს. მისი ფართობია დაახლოებით 1000 კვ.მ., ხოლო სიმაღლე გათხრამდე 7 მეტრს აღწევდა. ქვედა ფენაში (ადრინდელი ბრინჯაოს ხანა) გამოვლინდა ოთკუთხა მოყვანილობის თიხით შელესილ შენობათა ნაშთები და სხვაადსხვა ფორმის კერა-საკურთხეველი. აღმოჩნდა თიხის ჭურჭლის ნატეხები, ტიგელისფრაგმენტი, ლითონის ცულის ყალიბი, ქვისა და ძვლის იარაღები, ხელსაფქვავის ქვები და სხვ. ნამოსახლარზე გამოვლინდა სამეურნეო ორმოები, რომლებშიც აღმოჩნდა კერამიკის ნატეხები, ძვლის და ქვის იარაღი და შინაურ ცხოველთა ძვლები. შუა ფენა (გვაინდელი ბრინჯაოს - ადრინდელი რკინის ხანა) სისქით აღემატებოდა სამ მეტრს და შეიცავდა რამდენიმე ჰოიზონტს. პირველ ჰორიზონტში (გვიანდელი ბრინჯაოს ხანის ადრეული ეტაპი) გამოვლინდა თიხით ნაშენი მიწური შენობის ნაშთები, სამეურნეო ორმოები და შავად გამომწვარი თიხის ჭურჭლის ნატეხები. მეორე ჰორიზონტში (გვიანდელი ბრინჯაოს ხანა) აღმოჩნდა თიხის ქოთნების, დერგების, ჯამების ნატეხები, ნამგლის კაჟის ჩასართები, ძვლის იარაღები. მესამე ჰორიზნტში (ადრინდელი რკინის ხანა) გამოვლინდა შენობათა ნაშთები ქვის საძირკველზე, პურის საცხობი ღუმელები, შავად და ნაცრისფრად გამომწვარი კერამიკის ნატეხები. შემდეგი პერიოდის ფენას განეკუთვნება ელინისტური ხანის სათავსის ნაშთები, რომლის იატაკში ჩაფლული იყო სარიტუალო ჭურჭელი. გამოვლენილის წითლად შეღებილი კერამიკა, მოხატული ქვევრების ფრაგმენტები და სხვა. ზედა ფენაში (ადრინდ. შუა საუკუნ.) გაითხარა კლდისა და რიყის ქვებით ნაგები, კრამიტით გადახურული 11 სათავსი და 2 მარანი. აღმოჩნდა თიხით სამზარეულო და სამეურნეო დანიშნულების ჭურჭლის ნატეხები და ქვევრები. ნამოსახლარს შემოვლებული ჰქონდა რიყის ქვის გალავანი. აღმოჩენილი არქეოლოგიური მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ლ.წითლანაძე

283. კლდისძირის სამაროვანი

არქეოლოგიური ძეგლი - მდებარეობს მდინარე ნარეკვავის ხეობაში, ადგილ ქვემო გორის სამხრეთით, 100-150 მეტრზე, განეკუთვნება ძვ.წ -აღ-ის IV - III საუკუნეებს. 1974 წელს გათხარა იაე- ინ-ტის ნარეკვავის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვ. ლ.წითლანაძე). სამაროვანზე გამოვლინდა ორმოსამარხი, რომელშიც აღმოჩნდა შავად გამომწვარი გვერდებბურცობიანი კოჭობი, წითლად გამომწვარი და წითელი ზოლებით შემკული ჭურჭლის ნატეხები, რკინის იარაღი (მოხრილი დანები, გრძელმასრიანი შუბისპირები, რკინის თავკვერიანი ცული, სატევარი), რკინის სამკაულები (სამაჯური, ფარაკიანი ბეჭედი), სერპანტინის მძივი. ქრეოლოგიური მასალა ინახება აკც-ის დუშეთის არქეოლოგიურ ბაზაში.

ე.ბერაძე, ლ.წითლანაძე.

286. ღვთისმშობლის ეკლესია

არქიტექტურული ძეგლი, დგას სოფლის სამხრეთ ნაწილში, ძველ სასაფლაოზე, განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (12,6X6 მ.), ნაგებია რიყის ქვის სწორი რიგებით, კონსტრუქციული ნაწილები და კარ-სარკმელთა ღიობები სუფთად გათლილი შირიმითა და ქვიშაქვითაა გამოყვანილი. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა დანგრეული ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენი და ჩრდილო კედელი, დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების უმეტესი ნაწილი. ჩამოშლილია აღმოსავლეთ კედლის საპირე წყობა. შესასვლელი სამხრეთიდანაა, მას გარეთა გადახურვა და წირთხლები მონგრეული აქვს. აღმოსავლეთით ღრმა ნალისებრი აფსიდია. აფსიდის შუა ნაწილი დანგრეულია და სარკმლის ღიობის მხოლოდ ჩრდილოეთის წირთხლის ნაწილია შემორჩენილი. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიშენებულია ტრაპეზი. აფსიდის კონქის თაღს, რომელიც თითქმის მთლიანად შირიმითაა ნაწყობი, ოდნავ ნალისებრი ფორმა აქვს. დასავლეთ კედელში ერთი თაღოვანი სარკმელია. დარბაზის გრძივი კედლების პილასტრებიდან მხოლოდ სამხრეთის ორი პილასტრია შემორჩენილი.

თ.დვალი

284. მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

არქიტექტურულ - ისტორიული ძეგლი მდებარეობს სოფლის ცენტრში, მდინარე ნარეკვავის მარჯვენა ნაპირას. კომპლექსში შედის მთავარანგელოზთა ეკლესია და ციხე - გალავანი. სამშენებლო წარწერის მიხედვით, ეკლესია 1668 წელს აუგია დომენტი კათალიკოსს, ხოლო ციხე გალავანი - კონსტანტინე მუხრანბატონს 1746 წელს. ციხე - გალავნის დიდი ნაწილი ამჟამად დანგრეულია და მის ადგილზე საცხოვრებელი სახლები დგას.ეკლესია - გუმბათოვანია (20,4X 17 მ.; შიგნით სიმაღლე იატაკიდან გუნბათის წვერომდე 23 მ.),

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ნაშენია აგურით. ყველა საბჯენი თაღი, იმპოსტი, შესავლელების ტიმპანები,სარკმლების თაღები და კონსოლები თლილი ქვისაა. ნაკერი აგურებს შორის პირამდე დუღაბითაა ამოვსებული, რის გამოც კედლებს გლუვი ზედაპირი აქვს. შესასვლელი სამხრეთიდანა, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდანაა (ამოქოლილია). ეკლესიის შიდა სივრცეს ქმნის ჯვრის ოთხი მკლავი და მათ გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი. აღმოსავლეთით ღრმა ნახევარწრიული აფსიდია. აფსიდის წინ ბემაა. საკურთხევლის ორივე მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნეა (ორივე აფსიდიანია, თითო სარკმლით). ორივე სათავსი თაღოვანი გასასვლელებით უკავშირდება საკურთხეველსაც და სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავებსაც და სამხრეთის და ჩრდილოეთის მკლავებსაც. (ამჟამად მკლავებში გასასვლელები ამოქოლილია). სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე კამარით გადახურული, უაფსიდო და უსარკმლო თითო ოთაია, რომლებსაც შესაბამისი მკლავის მხარეს (დასავლეთით) თლილი ქვით გამოყვანილი თითო ორმაგი თაღი აქვს - თაღებს შპროს სვეტით. გუმბათი ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და ორ, თავისუფლად მდგომ, რვაწახნაგა ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან გუმბათის წრიულ საფუძველზე გადასვლა აფრების მეშვეობით ხდება. გუმბათის ყელში თორმეტი სარკმელია, ჯვრის მკლავებში - ათი, მაშასადამე სამ-სამი დიდი სარკმელი ჩრდილოეთის და სამხრეთის მკლავებშია. დასავლეთის მკლავის ღერძზე ერთი მაღალი და ვიწრო სარკმელია, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ მოანკვეთებში, დაბლა - თითო პატარა სარკმელი. აფსიდში ერთი დიდი სარკმელია, რომლის ქვემოთ, ერთ დონეზე, სამი ერთნაირი ისრულთაღიანი ნიშია.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე

ფასადები ძირითადად ყრუ თაღებითაა მორთული. აღმოსავლეთის ფასადის თაღებიდან სამი განიერი თაღი (შუა ძალიან მაღალი, განაპირები უფრო დაბალი) ძირითადად სიბრტყეებს შემოსაზღვრავს, ხოლო ორი, შედარებით ვიწრო - აფსიდის სარკმლის გვერდებზე არსებულ სამკუთხა ნიშებს. ჩრდილოეთის და სამხრეთის ფასადები ერთმანეთის მსგავსია, თითოეულ მათგანზე ექვსი ერთნაირი სიმაღლის თაღია, სამხრეთით კარის ტიმპანზე, მხედრული სამშენებლო წარწერაა. დასავლეთით ფასადის ქვედა ნაწილში, ერთ დონეზე განლაგებულია ხუთი უწყვეტი თაღი. შუა თაღის ზევით, სადა სიბრტყეზე, სარკმელია. შუა თაღის არეში, კარის ტიმპანზე, ასომთავრული სამშენებლო წარწერაა. თორმეტწახნაგა გუმბათი მაღალი და განიერია, შემკულია ლეკალური აგურით გამოყვანილი თაღედით. თაღების არე ჰპროზპნტალური ლილვებითაა ჰამოყოფილი წახნაგების ქვედა არისაგან, რომელშიც სარკმლებია გაჭრილი. ფასადები დაგვირგვინებულია აგურის ლავგარდნით, რომლის პროფილს ჩვეულებრივად დაწყობილი აგურის სამი საფეხური შეადგენს. გუმბათის ლავგარდანი ქვისაა - საფეხუროვანი. ეკლესიის დასავლეთ ფრონტონის კეხზე დგას XIX საუკუნის

სამრეკლო - ოთხ კვადრატულ ბოძზე დაყრდნობილი თაღებით შექმნილი და ნახევარსფერული თუნუქის სახურავით დასრულებული ფანჩატური. ადრე ეკლესია გადახურული ყოფილა მოჭიქული (მომწვანო ლურჯი) კრამიტით. ამჟამად სახურავი თუნუქისაა.

ციხე - გალავანი - გეგმით ოთხკუთხაა (49,5Х34,3 მ.) ნაგებია რიყის ქვით და აგურით (კონსტრუქციები, ქონგურები, სალოდკები). კუთხეებში ცილინდრული კოშკებია. გალავნის ძირითადი ნაწილი დანგრეულია, აღმოსავლეთიდან მიშენებულია საცხოვრებელი სახლები, გალავნის ქვედა ნაწილი ყრუკედლებიანი იყო, ხოლო ზედა ნაწილში სათოფურები და სალოდეები ჰქონდათ დატანებული. შესასვლელი სამხრეთიდანაა. კარი (სიგრძე 1,2 მ) აგურითაა ამოყვანილი და გადახურულია სწორკუთხედში ჩასმული ისრული თაღით. კარის გვერდებზე პილასტრებია, რომლებიც მთელს სიმაღლეზე, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილი რომბებითაა დამუშავებული. კარის თავზე ჩადგმულ ორ ქვაზე მხედრული სამშენებლო წარწერაა, რომლის თანახმად ეკლესიის აგებიდან მოკლე ხანში, ქართლის ერთ ერთი დარბევის დროს ლეკებს სოფ.მჭადიჯვარიც აუოხრებიათ, მაგრამ ეკლესია დანგრევას გადაურჩა. 1746 წელს კონსტანტინე მუხრანბატონს აღუდგენია სოფელი და აუშენებლია ციხე, "რათა კაცრიელ იქნას და ეშენონ კაცთა და მტერთა და მარბიელთაგან უვნებლად". ციხე-გალავნის კოშკებიდან ყველაზე დიდია ჩრდილო-დასავლეთისა. იგი ეკლესიაზეა მიშენებული და მას მეორე სართულზე გაჭრილი კარით (ამოქოლილია) უკავშირდებოდა. კოშკს ამავე სართულზე, აღმოსავლეთით მეორე კარიც აქვს. იგი გალავნის გარეთ გადის. ამ კარით მხოლოდ მშვიდობიან დროს სარგებლობდნენ. კოშკი ცილინდრულია, სამსართულიანი. I სართული ყრყკედლებიანია, სამეურნეო დანიშნულებისაა, II სართულს გუმბათოვანი კამარა აქვს. მის კედლებში ბუხარი სარკმლები, სათოფურები და სხვადასხვა ზომის  ნიშებია. III სართული მაღალკედლებიანი საბრძოლო ბანია, ბანზე ასასვლელი კიბე II სართულის კედელშია ჩაყოლებული. საბრძოლო ბანი ფართობით ორჯერ აღემატება ქვედა სართულებს. აქ ექვსი სალოდე, ორი საზარბაზნე და იცდახუთი სათოფურია. დანარჩენი სამი კოშკიც სამსართულიანია, შესასვლელი სამივეს I სართულზე ჰქონდა, ეზოს მხარეს. II სართულზე სათოფურები და სარკმლებია, III სართული სათოფურებიანი და სალოდეებიანი საბრძოლო ბანია. სართულშუა გადახურვა ყველგან ხისა ყოფილა.

თ.დვალი., პ.ზაქარაია.