topmenu

 

სხალტბის ეკლესია
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

სხალტბის კვირაცხოვლის ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი, აგურით ნაგები ერთნავიანი ეკლესია, დგას სოფ.სხალტბის დასავლეთით 1,5 კმ-ზე, სასაფლაოზე. ეკლესია დარბაზულია (9×7,8 მ), ნაგებია აგურით. შესასვლელი სამხრეთიდანაა, კარიბჭიდან. სამხრეთი კარის თავზე მოთავსებული მხედრული წარწერის მიხედვით, ეკლესია აუგიათ ივანე ზედგინიძის ძის სახლთუხუცეს შიოშისა და მისი მეუღლის თამარის ბრძანებით 1669 წ. კარიბჭის ერთ-ერთ სვეტზე ამოკვეთილ წარწერაში მოხსენიებულია ეკლესიის მშენებელი ოსტატი სარქარი მელქან ფურცხვანიძე(?), რომლის სახელი გარკვევით არ იკითხება. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილია განიერი სარკმელი, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა თაღოვანი ნიშებია. საკურთხეველი ერთი საფეხურით ამაღლებულია. დარბაზის ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებზე ერთსაფეხურიანი პილასტრებია, რომლებსაც შეისრული კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობა. ეკლესიის ყოველ კედელში თითო სარკმელია; ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში სარკმლები კამარის საყრდენთანაა გაჭრილი, მათ ქვემოთ პატარა ნიშებია. ინტერიერში შელესილობა დაზიანებულია. სამხრეთის ფასადზე შესასვლელის საპირე ორნამენტითაა მორთული. ეკლესიის თანადროული კარიბჭე ნაგებია რიყის ქვით. მისი სამხრეთის თაღედი ფასადის მხარეს მთლიანად გახსნილია: აქ სამ რვაწახნაგოვან ბოძს ოთხი შეისრული თაღი ეყრდნობა. ყოველი ბოძის სამი წინა წახნაგი მორთულია ჯვრებითა და გეომეტრიული მოტივებით. მოჩუქურთმებული ყოფილა ლავგარდანიც (მხოლოდ აღმოსავლეთითაა შემორჩენილი მცირე ნაწილი). კარიბჭის თაღები შემკულია ნახევარდისკოების მწკრივით. თამარ მეფის დროს (1202) სხალტბიდან შიომღვიმის მონასტრისათვის გაიყვანეს წყალსადენი,რომელიც იმ დროისათვისრთულ ჰიდროტექნიკის ნაგებობას წარმოადგენდა.

გამოყენებული წყარო:

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. V. თბ., 1990, გვ.310.