topmenu

 

ბაგრატის ტაძარი

<უკან დაბრუნება

ბაგრატის ტაძარი, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ქუთაისში, "უქიმერიონის გორაზე". აგებულია X-XI საუკუნების მიჯნაზე. ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ.ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003), ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისა იყო. თავისი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებით განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ არქიტექტურულ ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნეების დროინდელი სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელ ნაწარმოებს. XVII საუკუნის დასასრულამდე ძეგლი უვნებლად იდგა. 1692, როგორც ვახუშტი მოგვითხრობს, "შემუსრეს ოსმალთა". XIX საუკუნის 30-იან წლებამდე შემორჩენილი იყო ტაძრის სამხრეთი და დასავლეთი კარიბჭეებიც, რასაც მოწმობს მხატვარ ნ. ჩერნეცოვის ჩანახატები.

ბაგრატის ტაძარი ტრიკონქის ტიპის ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა. გუმბათი ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობოდა, ჯვრის შვერილი მკლავები გარედან სწორკუთხა, შიგნით კი (აღმოსავლეთ, სამხრეთ და ჩრდილოეთ მხარეს) - ნახევარწრიული აფსიდებით იყო დასრულებული. შიგნითვე დასავლეთის მკლავს შემოუყვებოდა პატრონიკე - გალერეა, სადაც წირვა-ლოცვისა და დღესასწაულების დროს მეფე-დედოფალი და დიდებულები იდგნენ. საკურთხევლის ორსავ მხარეს სამკვეთლო და სადიაკვნე იყო. მშენებლობის დამთავრებამდე ძეგლს ჩრდილოეთ - დასავლეთიდან სამსართულიანი საცხოვრებელი კოშკი, ხოლო XI საუკუნის I ნახევარში სამხრეთიდან და დასავლეთიდან მდიდრულად მოჩუქურთმებული კარიბჭები მიაშენეს. მდიდარია ტაძრის მორთულობა. ფასადების გასაფორმებლად გამოყენებული დეკორატიული თაღების სისტემა ფასადებს ერთმანეთთან აკავშირებდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია აღმოსავლეთი ფასადი - ხუთი დეკორატიული თაღითა და ორი ღრმა ნიშით. სავსებით დასრულებული სახე აქვს სარკმელთა მოჩუქურთმებულ საპირეებსა და "სათაურებს". უხვადაა მოჩუქურთმებული კარიბჭეები. ძირითადი ნაგებობის ორნამეტს გრაფიკულობა, ხოლო კარიბჭეთა შემკულობას ღრმა, პლასტიკური კვეთა ახასიათებს.

შიგნით ბაზისები და სვეტისთავები რელიეფური გამოსახულებებითა და ჩუქურთმებით იყო შემკული, კედელ-კამარებსა და იატაკს მოზაიკა ამკობდა (იატაკზე დღესაც მოჩანს მისი ფრაგმენტები). სამხრეთ კარიბჭეში შემორჩენილია ფრესკის კვალი - ღვთისმშობლის გამოსახულება. ტაძრის ინტერიერსა და ეზოში აწყვია ქვაზე ნაკვეთი, რელიეფებითა და ორნამენტით შემკული დეტალები და ფრაგმენრები, რომლებიც ტაძრის შიდა კედლებსა და ფასადებს ამშევენდა. ბაგრატის ტაძრის დახვეწილი პროპორციები, გარე მასების ჰარმონიულობა, გრანდიოზული შიდა სივრცე, ფასადების კომპოზიცია, მრავალფეროვანი მორთულობა, რთულ ტექნიკურ ამოცანათა დაძლევა მოწმობს არქიტექტორის შესანიშნავ მხატვრულ ნიჭს, დიდ პრაქტიკულ გამოცდილებასა და ოსტატობას. 1952 წლიდან დაიწყო ტაძრის აღდგენა - კონსერვაციის სამუშაოები. პარალელურად მიმდინარეობს ძეგლის მეცნიერული შესწავლა და გამოკვლევა. 1994 წელს ბაგრატის ტაძარი გელათის მონასტერთან ერთად შეტანილ იქნა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. 2009 წელს საქართველოს მთავრობამ დაიწყო ტაძრის რესტავრაცია.

ნ.ანდღულაძე

ლიტ.: ჩაკვეტაძე დ., ძეგლი უქიმერიონზე, თბ., 1964;

ცინცაძე ვ., ბაგრატის ტაძარი, თბ., 1964,

ბაგრატის ტაძარი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.II.- თბ.,1977.- გვ.132.

http://ka.wikipedia.org/wiki

 

ბაგრატის ტაძარი 1930 წელს გადაღებული ამერიკელი რეჟისორის მიერ

 

ბაგრატის ტაძრის უძველესი ფოტოები


ბაგრატის ტაძრის აღდგენასთან დაკავშირებით

 

 

 

*************************************************************************
ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1971. - გვ.230 - 233..
საქართველოს ერთიანი ფეოდალური სახელმწიფოს წარმოქმნის შედეგად, რაც განხორციელებული იყო, როგორც ბაგრატ III (975-1014) წინდახედული მოქმედების წყალობით, ქართული მხატვრული კულტურა ვითარდება ახალი შემოქმედებითი ძალით. ქართული ხელოვნების განვითარების ახალ ეტაპზე წამყვანი მნიშვნელობა ენიჭება არქიტექტურას, რომელიც თითქმის ერთდროულად საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ქმნის მონუმენტურ კათედრალებს, რომელთა შესწავლა მხატვრულ-ისტორიული თვალსაზრისით საშუალებას გვაძლევს დავადგინოთ, რომ ჩვენი ქვეყნის თითოეული სამეფო-სამთავროს მხატვრული მიღწევა არქიტექტურის დარგში, გადამუშავებული სახით მოცემულია განუყოფლ მთლიანობაში....<< ტექსტი სრულად აქ ...<<
*************************************************************************
ბაგრატის ტაძარი //საქართველოს სულიერი საგანძური. წ.I. - თბ., 2005.- გვ.148-151.
ქუთაისში, "უქიმერონის გორაზე" მდებარე ბაგრატის ტაძარი აგებულია ბაგრატ III-ის მეფობის ხანაში, X-XI  საუკუნეებში. ჩრდილოეთი კედლის წარწერის თანახმად, "ქ.ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223" (1003). ღვთისმშობლის მიძინების ბაგრატის ტაძარი ხუროთმოძღვრული და მხატვრული ღირსებებით ქართული არქიტექტურის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობის ნიმუშია და განვითარებული შუა საუკუნეების  სტილის საბოლოო  დამამკვიდრებლად ითვლება.... << ტექსტი სრულად აქ ....<<
**************************************************************************
ბაგრატის ტაძარი // ჟღერს ქვის ჰარმონია, ნაკვეთი პირველი, ტ.13. საკითხავნი ყმაწვილთათვის, გამ."ციცინათელა", 2006 წ., გვ.142-146
X-XI სს-ის მიჯნის ხუროთმოძღვრების ძეგლი, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი მდებარეობს ქუთაისში, რიონის მარჯვენა ნაპირზე, უქიმერიონის გორაზე. აგებულია ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. თავისი ისტორიული და მხატვრული მნიშვნელობით ბაგრატის ტაძარს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართული არქიტექტურის ისტორიაში, როგორც განვითარებული შუა საუკუნის სტილის საბოლოოდ დამამკვიდრებელს....<< ტექსტი სრულად აქ..<<
***********************************************************************************
განვითარებული ფეოდალიზმის ხელოვნება - ბაგრატის ტაძარი //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995. - გვ. 86 - 87
ქუთაისის ტაძარი აგებულია ბაგრატ III მიერ 1003 წელს. იგი ოშკის ტაძრის მსგავსად წარმოადგენს რთულ ტრიკონქს, მაგრამ კიდევ უფრო სრულყოფილია და საზეიმო. აცილებულია პატარა სადგომები ჩრდილოეთისა და სამხრეთის აფსიდების გვერდებზე, საგრძნობლად გაფართოებულია სამნავიანი დასავლეთის მკლავი და მის გვერდებზე შექმნილია ტაძართან ორმაგი თაღებით დაკავშირებული პატრონიკე, რომელზედაც ასასვლელი იყო...<<ტექსტი სრულად აქ...<<
***********************************************************************************
ქუთაისი, ბაგრატის ტაძარი //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება. - თბ., 1974. - გვ.52-53;
ჩვენ მივადექით XI ს-ის მიჯნას. XI საუკუნე ჩვენი ძველი ხუროთმოძღვრების დიდი საუკუნეა, როდესაც ახალი სტილის ნიშნები სრულსა და ყოველმხრივ ხორცშესხმას ჰპოვებს, როდესაც გაერთიანებული საქართველოს ყველა კუთხეში მშენებლობა არაჩვეულებრივი ინტენსიობით იშლება. არა მარტო დიდი საეპისკოპოსო ტაძრები, არამედ პატარა სასოფლო სამლოცველოებიც მოწმობს, რომ სახუროთმოძღვრო ხელოვნებამ კვლავ მიაღწია სრული სიმწიფის საფეხურს.<<ტექსტი სრულად აქ.<<
***********************************************************************************
დ.ბერძენიშვილი - წარწერებიანი არქიტექტურული დეტალი ბაგრატის ტაძრის მიდამოებიდან -
1986 წლის 13 ოქტომბერს ქუთაისის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღვანელი პროფ. ო.ლანჩავა) ბაგრატის ტაძრის მიდამოებიდან, გვიანდელი ციტადელის სამხრეთ - აღმოსავლეთ მხარეს, მიწის ზედაპირიდან 150 სმ-ის დონეზე მიაკვლია ასომთავრულ წარწერიან ქვის დეტალს, რომელიც ეკლესიის კარნიზის ფრაგმენტს უნდა წარმოადგენდეს (სურ.1)...<<ტექსტი სრულად აქ...<<
************************************************************************************
ვახტანგ ცინცაძე  - ბაგრატის ტაძრის დიდებულ ნანგრევებთან //ძეგლის მეგობარი, თბ., 1964 წ., N1.
1946 წელს ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომლები და მათი ხელმძღვანელი - აკად. გ.ჩუბინაშვილი, ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორ მასწავლებელთა ჯგუფმა მიიწვია გელათის დიდებული ანსამბლის ზოგი საკითხის განხილვის მიზნით....<<ტექსტი სრულად აქ...<<<
************************************************************************************
ო.ლანჩავა, რ.ისაკაძე - არქეოლოგიური კვლევები ბაგრატის ტაძარში // ძველი ხელოვნება დღეს, 2010 წ., N1, გვ.4-14
ქუთაისისა და მისი მიდამოების (სურ.1) არქეოლოგიური ძეგლები თითქმის საუკუნენახევარია, რაც მკვლევართა განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა1. ამ რეგიონის ძველი ისტორიის კვლევის საქმეში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის ინსტიტუტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გაერთიანებულმა არქეოლოგიურმა ექსპედიციამ. პროფ.ოთარ ლორთქიფანიძის ხელმძღვანელობით 1963-1965 წლებში ფართო მასშტაბიანი დაზვერვითი სამუშაოების შედეგად გამოვლინდა და სამეცნიერო მიმოქცევაში შევიდა სხვადასხვა ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები, რის საფუძველზეც შეიქმნა მიკრორეგიონის არქეოლოგიური ძეგლების რუკა2....<<ტექსტი არულად აქ...<<
************************************************************************************