<<უკან დაბრუნება
გივი ინანიშვილი,
გიორგი ჩუბინიშვილი
ძვ.წ. I ათასწლეულის კოლხეთის მხატვრული ბრინჯაოს ნაწარმის ქიმიურ-ტექნოლოგიური გამოკვლევა
სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი - "არქეოლოგია", N4, გვ.19-27
თბილისი, 2021
ისტორიული კოლხეთის ტერიტორიაზე მოპოვებული ბრინჯაოს მრავალფეროვანი ფორმისა და დანიშნულების მასალა, არტეფაქტების კომპლექსური ქიმიურ-ტექნოლოგიური ანალიზი, წინაანტიკური და ანტიკური ხანის ხელოსნობისა და მხატვრული სხმულების ნიმუშთა მიღება-დამუშავების სქემის დადგენის საშუალებას იძლევა. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელონია და დიდ მეცნიერულ ინტერესს იწვევს ფერადი ლითონწარმოების უძველესი კერების შემცველი ძეგლების ფუნქციონირებისა და შესრულებული საკულტო-სარიტუალო დანიშნულების მხატვრული სხმულების კვლევის შედეგები.
ძვ.წ. I ათასწლეულში სამხრეთ კავკასიაში ვრცელდება ბრინჯაოსაგან დამზადებული, გრაფიკული დეკორით შემკული ნივთების დიდი რაოდენობა. რკინის იარაღი თანდათან ბატონდება მეურნეობის ყველა სფეროში; ბრინჯაო გამოიყენება ძირითადად სამკაულისა და საკულტო-სარიტუალო დანიშნულების საგნების დასამზადებლად. ბრინჯაოს ნაწარმის ტექნიკური და მხატვრული დამუშავების დონის ამაღლებამ დიდად გააუმჯობესა ბრინჯაოს ნაწარმის ხარისხი და მათი ესთეტიკური ღირებულება ხელოვნების დონეზე აიყვანა. კოლხეთში სწორედ ამ პერიოდის სამარხები გამოირჩევა ბრინჯაოს სრულყოფილი ნივთების სიმრავლით, იქმნება ბრინჯაოსაგან დამზადებული ხელოვნების შესანიშნავი ნიმუშები. (4)
ძვ.წ. I ათასწლეულის ფერადი ლითონის ინვენტარში, მიკვლეული და შესწავლილი კოლხეთის ცნობილი არქეოლოგიური ძეგლებიდან (ურეკი, ნიგვზიანი, მუხურჩა, ერგეტა, ვანი, საყანჩია და სხვ.), წარმოდგენილი მცირე პლასტიკის, ქანდაკების, სამკაულის, სარიტუალო ნაწარმის სახით, კონკრეტული არტეფაქტის შესრულებისა და შესაბამისად მისი წარმომავლობის საკითხს უკავშირდება. მიზანშეწონილია მსჯელობა როგორც ბრინჯაოს ნივთის მეტალურგიული დამზადების ტექნოლოგიაზე, ასევე მისი ზედაპირის დამუშავების მხატვრულ ხერხებზე. განხილული ინვენტარის კომპლექსურმა ანალიზმა საშუალება მოგვცა ვიმსჯელოთ ფართოდ განვითარებულ მხატვრულ ბრინჯაოს წარმოებაზე, რომლის რთულ ტექნოლოგიურ სქემას სრულყოფის დონეზე აჰყავს ბრინჯაოს პლასტიკური ფორმა, ნაკეთობათა რელიგიური ფუნქციის გათვალისწინებით. (2)
ჩამოსხმის ტექნოლოგიის შესაბამისად, ბრინჯაოს ქანდაკებები დამზადებულია ცვილის მოდელით, თითოეული ერთეული ორიგინალურია. თავდაპირველად ნივთის ფორმის შექმნის პროცესი წარმოებს რბილ მასალაში (ცვილში), რაც სრულიად განსხვავებული ხერხების გამოყენებას და ფლობას მოითხოვს, ვიდრე სხმული ბრინჯაოს მიღებადამუშავება. ლითონწარმოების მხატვრული მიმართულების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად უნდა ჩაითვალოს რთული ფორმისა და სპეციალური დანიშნულების ნივთის ჩამოსხმა, გრავირება, ჭრით დამუშავება (მცირე პლასტიკა, ქანდაკება, სარიტუალო ნიმუშები, სამკაული). ამას მოწმობს როგორც მათი აღმოცენის რაოდენობა, ისე თვითმყოფადობა, განვითარების გზა და სტილისტურ-თემატური თავისებურება.
განვიხილავთ კოლხეთის ძვ.წ. I ათასწლეულის ბრინჯაოს ქანდაკებების, მცირე პლასტიკის ნიმუშთა ქიმიურ-ტექნოლოგიური კვლევის შედეგებს და ჩვენ დამოკიდებულებას მათ მიმართ: კოლხეთის მცირე ქანდაკებების წარმომავლობის საკითხს, არის თუ არა მცირე ქანდაკება ე.ი. პლასტიური აზროვნება ავტოქტონური მოვლენა, თუ ის განპირობებულია გარკვეული ურთიერთობებით სხვადასხვა მეზობელ კულტურებთან (იმპორტულ ნაწარმთან).
ჩატარებული კომპლექსური ქიმიურ-ტექნოლოგიური კვლევის შედეგებმა განაპირობეს შევეხოთ ძვ.წ. X-VII საუკუნეების და ანტიკური ხანის კოლხეთის ბრინჯაოს ცალკეულ საკითხებს, ეთნოგენეზური სუბსტრატის და დამუშავების საწარმოების გარკვეულ ერთობლიობას. ბრინჯაოს მცირე პლასტიკის ნიმუშების შესრულების პრინციპებისა და არტეფაქტების თემატურმა ანალიზმა საშუალება მოგვცა ვიმსჯელოთ საზოგადოების რელიგიურ რწმენა-წარმოდგენების სისტემაზე, რელიგიურ სისტემაში პერსონაჟების ფუნქციების გამოვლენაზე. შუქი მოჰფინა ისეთ საკითხებს, როგორიცაა საზოგადოების ტექნიკუირ-ესთეტიკური მოთხოვნილებები; საგნის უტილიტარული ფუნქციის დადგენა, პლასტიკური ფორმების ტექნოლოგიურ-სტილისტური ცვლილებები, დროის აღნიშნულ მონაკვეთში მხატვრული აზროვნების განვითარების სტადიის დონე, არტეფაქტის რთული ფუნქციონალური დანიშნულება და ა.შ. (ანთროპომორფული, ზოომორფული, მრავალფიგურიანი პლასტიკის ნიმუშები) (3).
შესწავლილი ბრინჯაოს მასალა წარმოდგენილია სხვადასხვა ფორმისა და ძირითადი ფუნქციის მატარებელი არტეფაქტებით. მათ შორის გამოიყო მცირე პლასტიკის ნიმუშები, ქანდაკება, სამკაული. სპექტრული ემისიური ანალიზის მონაცემებით ნივთების დიდი ნაწილი დამზადებულია დარიშხნიანი ბრინჯაოსაგან, გამოირჩევა კალის მაღალი პროცენტული შემცველობისა და ოპტიმალური კალ-ტყვიის ლეგირებით მიღებული ლიგატურის შენადნობებიც (ცხრ.1).
გარკვეული მცირე პლასტიკის ნიმუშებიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცა ერთფიგურიან და ჯგუფური სკულპტურებისა და კომპოზიციების ანალიზს, სადაც პირობითად გამოიყო ქალისა და მამაკაცის თემები. ქალის თემაზე შექმნილი ჯგუფური სკულპტურებიდან საინტერესოა მუხურჩას სამაროვანზე აღმოჩენილი მხედარი ქალის გამოსახულებები, აგრეთვე ურეკში მიკვლეულია “კოლხური მადონის” სახელით ცნობილი კომპოზიცია.
მუხურჩის ეგზემპლარები აღმოჩენილია ეროზირებული ზედაპირის დაცულობით, სადაც განსახიერებულია ცხენზე ამხედრებული ანთროპომორფული ქალღმერთების სკულპტურა. მუხურჩის სამაროვანზე აღმოჩენილ კომპოზიციას ბევრი რამ აკავშირებს კუნძულ სამოსზე აღმოჩენილ ჯგუფურ ქანდაკებასთან. მათ თემატურ და იკონოგრაფიულ ერთტიპიურობასთან ერთად, მნიშვნელოვანია ნივთების ერთგვაროვანი დამზადების ტექნოლოგიური სქემა და სხმულის ანალოგიური ლიგატურე, რაც შეიძლება ქანდაკებათა წინაანტიკური ხანის კოლხეთის ხელოვნების კუთვნილებაზე მიუთითებდეს.
ცხრილი N1
ურეკის ცხენზე მჯდომარე ქალღმერთის ფიგურა ბავშვით, დაცულობით ოპტიმალურია; ქანდაკება მნიშვნელოვანია როგორც თემატური, ისე სტილისტური თვალსაზრისით. ფიგურის ზედაპირზე კარგად ჩანს ბრინჯაოს ტექნოლოგიური მახასიათებლების გამოყენების შესაძლებლობები. ჯგუფური კომპოზიციების ტექნოლოგიური დამუშავების, ჩამოსხმული დეტალების შესრულების დონით, კომპოზიციის ექსპრესიულობით და დინამიურობით კოლხეთის ფერადლითონ-დამუშავების ერთ-ერთი შედევრია. სხმულის ლიგატურა წარმოდგენილია კალა-დარიშხანის ლეგირებით და გამოირჩევა კარგი ტექნოლოგიური მახასიათებლებით.
ქიმიურ-ტექნოლოგიური კვლევის შედეგების გათვალისწინებით, წინაანტიკური ხანის კოლხეთში ბრინჯაოს წარმოების კერები აგრძელებენ გვიანბრინჯაოს ფერადი ლითონის დამუშავების ტრადიციებს და მხატვრული სხმული ძირითადად მზადდება დარიშხნიანი ლიგატურით, გამოიყენება აგრეთვე კალა-ტყვიის შენადნობი.
დარიშხანი და კალა-ტყვიის შემცველი ლიგატურა ზრდის შენადნობის საჩამოსხმო ტექნოლოგიის წარმადობას, ამავე დროს ზრდის სიმყიფესაც და აძნელებს ნივთის ჭედვით დამუშავებას. ამდენად, საკულტო-სარიტუალო დანიშნულების არტეფაქტები მიღებულია მხატვრული სხმულის ტექნოლოგიით ცვილის მოდელით.
ელინისტური ხანის კოლხეთის მხატვრული ბრინჯაოს არტეფაქტები, წარმოდგენილია ვანის ნაქალაქარზე. გამორჩეულია ქანდაკებათა შესრულების სტილი, მათ ფართოდ გამოყენება საკულტო კომპლექსების ინტერიერისა და გარე სივრცის წარმოდგენის მიზნით, ასევე გამოყენებული ლითონის მასალის კარგი დაცულობა (ქანდაკებათა კეთილშობილი პატინით დაფარული ზედაპირით), გარკვეულ ინტერესს იწვევს მათი დამზადების ტექნოლოგიისა და წარმომავლობის საკითხთა დასმისათვის (1. გვ. 44-45).
შენადნობთა ძირითადი ელემენტების განაწილებით და კორელაციური დამოკიდებულების გრაფიკებით გამოკვლეული მასალა დაიყო ორ მეტალურგიულ ჯგუფებად, რომელთაგან გამოიყო რამდენიმე ქიმიურ-ტექნოლოგიური ქვეჯგუფი, სადაც გაერთიანდა ქიმიურად ერთგვაროვანი სინჯები, ქიმიურ ქვეჯგუფებში მოხვედრილი ფრაგმენტები წარმოადგენენ ერთი სკულპტურის ან ქანდაკების სხვადასხვა დეტალის ნაწილებს.
სპექტრული ანალიზის ცხრილის მონაცემებიდან ჩანს, რომ მასალის ძირითადი ნაწილი არის კალა-ტყვიით ლეგირებული ბრინჯაო. მცირე ნაწილი წარმოდგენილია კალიანი ბრინჯაოს შენადნობით. გვხვდება სამკომპონენტიანი ლეგირებით მიღებული შენადნობიც (Sn, Pb, As), სადაც წამყვანი ელემენტებია კალა და ტყვია. ამდენად აღნიშნული სინჯებიც ერთიანებდება ტყვია-კალიანი შენადნობის ტიპის ლიგატურაში. ცალკე გამოყოფილი დარიშხან-ანთიმონიანი ბრინჯაოს მასალა არ არის გამოყენებული. ამგვარად, მასალის ქიმიურ-ტექნოლოგიური კვლევის შედეგები ადასტურებს ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილ ქანდაკებათა დამზადების ერთგვაროვანი ტექნოლოგიური სქემის გამოყენების ფაქტს (სპილენძის ფუძეზე მიღებული შენადნობი მაღალკალიანი ლეგირებით და ტყვიის ოპტიმალური შემცველობით).
ცხრილი 2
ვანის ქანდაკებათა ჩამოსხმის წესის გარკვევის მიზნით, მნიშვნელოვანია ბერძნული ბრინჯაოს ქანდაკების მიღება-დამზადებისა და სახელოსნოთა ტექნოლოგიური სქემის განხილვა. აღნიშნული საკითხი უშალოდ დაკავშირებულია მზა პროდუქციის ქიმიურ-ტექნოლოგიურ მონაცემებთან. ნივთიერი მასალა ქანდაკების ნაწილების სახით, საშუალებას გვაძლევს ვიმსჯელოთ ელინისტური ხანის კოლხეთში ბრინჯაოს მხატვრული დამუშავების შესაძლებლობებზე.
არქეოლოგიური მონაპოვარი მასალის მიხედვით, საჩამოსხმო წარმოების ნარჩენებისა და სხმული ქანდაკებების შესწავლით ცნობილია, რომ ღრუტანიანი ქანდაკებები შესრულებულია მთლიანად ცვილის მოდელით. შედარებით პატარა სიმაღლის ქანდაკება ჩამოსხმულია თიხის სამაგრებით, დიდი ზომის სხმულებისათვის გამოყენებულია ლითონის საყრდენები. დიდი ზომის ქანდაკებების ჩამოსხმა შეზღუდული იყო საჭირო რაოდენობის ერთჯერადი ლითონის მასის ერთდროულად ჩამოსხმის შესაძლებლობით. საჩამოსხმო სახელოსნო მოწყობილი იყო უშუალოდ ტაძრებისა თუ საკულტო დანიშნულების შენობების სიახლოვეს (5, გვ.156, ცხრ.2). ანალოგიური მონაცემებია დაფიქსირებული ათენის და ოლიმპიაში ბრინჯაოს ქანდაკების საჩამოსხმო წარმოების ძეგლებზე (6, გვ. 163,169).
ამასთან, თუ გავითვალისწინებთ ელინისტური ხანის საბერძნეთსა და კოლხეთში არსებული ბრინჯაოს ქანდაკებათა ჩამოსხმის ტექნიკა-ტექნოლოგიურ პირობებს და ვანის ნაქალაქარზე მეტალურგიულ სახელოსნოს მოქმედების პრინციპს, შეიძლება განვიხილოთ კოლხეთში ვანის ნაქალაქარზე ქანდაკებათა დამზადების და ბოსფორში გამოკვლეულ საჩამოსხმო ობიექტების სამუშაო ორგანიზაციულ სქემას შორის საერთო ტექნოლოგიური ციკლის ელემენტები. ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ბრინჯაოს მეორადი დამუშავების საწარმოო უბანზე მიკვლეული წარმოების ნარჩენების ქიმიურ-ტექნოლოგიური შესწავლის შედეგები, ტიპიურია ელინისტური ხანის ფერადლითონ-დამუშავების სახელოსნოთა და კერძოდ ძველი ბერძნული საჩამოსხმო სახელოსნოების სამუშაო ორგანიზაციულ-საწარმოო ფუნქციონირების პირობებისათვის (5, გვ. 156-157).
ბრინჯაოს სხმულის ბერძენი ოსტატები ძვ.წ. V-III სს პერიოდში იყენებენ როგორც კლასიკურ კალიან ბრინჯაოს, ისე კალ-ტყვიის დამატებით მიღებულ შენადნობს. კალიანი ბრინჯაოს სხმული ფართოდ გამოყენება ძვ. წ. IV საუკუნემდე. ძვ. წ. III საუკუნიდან მას ცვლის კალა-ტყვიით ლეგირებული მასალა (5, გვ. 159; 6, გვ.114). ანალოგიური სურათია წარმოდგენილი ვანის ქანდაკებების დამზადების ტექნოლოგიური სქემის მიხედვით, სადაც ძირითადად გამოყენებულია კალიანი და კალა-ტყვიით ლეგირებული ბრინჯაოს სხმული. საყურადღებოა პანტიკაპეის აკროპოლის გათხრებიდან ცნობილი ბრინჯაოს ქანდაკების საჩამოსხმო წარმოებისათვის დამახასიათებელი კალა-ტყვიით ლეგირებული ბრინჯაოს (Sn=2,24,9%; Pb=0,7-11,5%) და ვანის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ქანდაკების ლიგატურის (Sn=2,0-11,9%; Pb=0,4-10,0%) ერთგვაროვანება მათი ძირითადი მალეგირებელი ელემენტების შემცველობის იხედვით.
ანტიკური ხანის კოლხეთში აღმოჩენილი ბრინჯაოს ქანდაკებების ქიმიურ-ტექნოლოგიური ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას, რომ ისინი დამზადებულია ადგილობრივი სპილენძ-ბრინჯაოს საწარმოო ბაზაზე, წარმოადგენენ ელინისტური პლასტიკის ნიმუშებს და იმეორებენ ბერძნულ საჩამოსხმო ხელოსანთა მიერ შესრულებულ, ცვილი მოდელით – მიღებულ ქანდაკებათა სტილისტურ და ტექნოლოგიურ კრიტერიუმს.
პლასტიური ფორმა, როგორც ხელოვნების სახეობა, აყენებს მოთხოვნებს მოდელირების ოსტატისა და მხტვრული სხმულის მიღების ტექნოლოგიური აზროვნების წინაშე, რომელიც დამოკიდებულია შექმნილი ნაკეთობის რელიგიურ ფუნქციასა და მნიშვნელობაზე.
პლასტიური აზროვნების თვალსაზრისით, კოლხეთში ადრერკინის ხანაში იქმნება ხელოვნების ნიმუშები ადრე არსებული ტრადიციის, წინა ეტაპების გავლის შდეგად, რომელიც წარმატებით გრძელდება ანტიკურ ხანაში. ბრინჯაოს მცირე ქანდაკებები და თვით მოვლენაც აიხსნება ამ ტექნიკა-ტექნოლოგიური თავისებურებებითაც. პლასტიური აზროვნების ამ რეგიონში წარმოშობა და დამკვიდრება არ გამორიცხავს (განსაკუთრებით პირველ ეტაპზე) გარე სამყაროსტან. ამავე დროს ის გააზრებული და შეთვისებულია მისი შემქნელი საზოგადოების მიერ, წარმოადგენს მრავალფუნქციური აზროვნების პროდუქტს, სადაც ასახულია კოლხური კულტურის ლოკალური თავისებურებანი. ეს მოვლენა უნდა განვიხილოთ, როგორც ეტაპობრივი და ავტოქტონური.
ლიტერატურა
1. ლორთქინაძე ოთ. ვანის ნაქალაქარი. 1972. თბ. (7-80)
2. მიქელაძე თ. კოლხეთის ადრერკინის ხანის სამაროვანები. 1985. თბ.
3. პაპუაშვილი რ. გვიანბტინჯაო-ადრერკინის ხანის კოლხეთის სამარხორმოთა ფარდობითი ქრონოლოგიისათვის. “ძიებანი.” 1998. თბ. (43-57).
4. ფანცხავა ლ. კოლხური კულტურის მხატვრული ხელოსნობის ძეგლები. 1988. თბ.
5. Марченко И. Д. Матералы по металлургий и металало оброботке Пантикапея. МИД,56Б. 1957.
6. Трейстер М. Ю. Новые данные о художственной обработке металле на Боспоре. ВДИ, 1, 1984 (146-159)
|