<<უკან დაბრუნება << უძველესი საქართველო
გივი ინანიშვილი - უძველესი სამთამანდო წარმოების ძეგლები პრეისტორიულ საქართველოში (საყდრისი) // არქეოლოგია N1 (სამეცნიერო-კვლევითი ჟურნალი), 2018
პრეისტორიული საქართველოს ტერიტორიაზე უძველესი სამთამადნო და მეტალურგიული წარმოების განვითარების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნედლეულის ბაზას მცირე კავკასიონის მთიანეთის ზონაში განლაგებული ძირეული (სამადნო) და ქვიშრობული - ოქროს საბადოები, პოლიმეტალური მადნები წარმოადგენდა. ამ რეგიონის ოქროშემცველ გამადნებათა სისტემა მოიცავს რამდენიმე საწყის (ელოვიურ) მადნეულის ზონას, რომელიც იყოფა ცალკეულ მადანგამოსავლებად. ამ მიმართულებით საინტერესოა ბოლნისის რაიონის ტერიტორიაზე განლაგებული პოლიმეტალური გამადნების სისტემა, სადაც აღმოჩენილია ოქროს მოპოვებადამუშავებასთან დაკავშირებული, საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვი, რომლის მადანგამოსავლებზე დადასტურებულია ოქროს მოპოვების უძველესი მაღაროგამონამუშევარი (5).
საყდრისის ბორცვზე პირველი სამეცნიერო სამუშაოები გასული საუკუნის 80-იან წლებში ჩატარდა სამთო საქმის ცნობილი სპეციალისტის, ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატის, თეიმურაზ მუჯირის ხელმძღვანელობით. საველე-კომპლექსური ექსპედიციის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ოთ. ლორთქიფანიძის არქეოლოგიური კვლევის ცენტრისა და სამთო მექანიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელთა ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული იყო არქეოლოგიის (დ. გოგელია, გ. გობეჯიშვილი), გეოლოგიის (გ. კორინთელი, ი. ლაგვილავა) და მეტალურგიის (გ. ინანიშვილი) სპეციალისტებით, რომელთაც დიდი გამოცდილება ჰქონდათ ცენტრალური კავკასიონის სამხრეთ ზონაში ცნობილი ბრინჯაოს ხანის სამთამადნო-მეტალურგიული ძეგლების კვლევა-ძიების საქმეში. ამ პერიოდში მომზადებულ ანგარიშებში პირველად გამოითქვა მოსაზრება აქ შესაძლო პრეისტორიული გამონამუშევრების არსებობის შესახებ (2. 3, 6). 2004 წელს საყდრისიყაჩაღიანის ბორცვზე პირველადი არქეოლოგიური კვლევები დაიწყო. 2007 წლიდან 2013 წლამდე საველე სამუშაოებს აწარმოებდა ქართულ-გერმანული არქეოლოგიური ექსპედიცია პროფესორ თომას შტოლნერისა და დოქტორ ირინა ღამბაშიძის ხელმძღვანელობით. ძეგლის ცალკეული ამორტიზირებული უბნების განვითარების გათვალისწინებით, გეოლოგიური მონაცემებით (მადნის გავრცელება, მინერალური ფორმულა), არქეოლოგიური შეფასებით (დათარიღება) და ანალიტიკური ანალიზის მიხედვით შეიძლება განისაზღვროს პრეისტორიული სამთამადნო წარმოების რეალური ისტორიული მნიშვნელობა. მოგვყავს ძეგლის ცალკეული სამუშაო უბნების გავრცელების სქემატური გეგმა (თ. მუჯირის მიხედვით), (სურ. 1, 2, 3).
საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უძველეს მაღაროთა (საბადოთა) ათვისებაგამოყენების ისტორიის დასადგენად, კერძოდ, აღმოჩენილი საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს შესაბამის გამადნებათა სისტემის გეოლოგიური აგებულების გათვალისწინებით, მადნეული წიაღისეულის გავრცელების კანონზომიერებათა კვლევას და ამასთან ერთად მეცნიერულ პროგნოზირებას არსებითი, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.
სურ. 1. მცირე კავკასიონის მთიანეთი. ს. საყდრისი (აბულმუგის პოლიმეტალური გამადნება). ოქროს მოპოვების ძველი მაღარო, უბანი N1 (გეგმა და ჭრილები):
1. ოქროშემცველი ძარღვი; 2. მეორადი კვარციტები; 3. ზედაპირის გრუნტი
ცნობილი მეცნიერი გეოლოგის გიორგი თვალჭრელიძის გამოკვლევებისა და ნაშრომების შესაბამისად, ბოლნისის მადანგამოსავალთა ველში ოთხი სამადნო სხეულია. აბულმუგის პოლიმეტალური გამადნების დამბლუდის მონაკვეღზე 0,5-1,0 მ-ის სიმძლავრის სამი ათეული ოქროს შემცველი ძარღვია დაფიქსირებული, ოქროს განსხვავებული შემცველობით. ზოგიერთ შემთხვევაში ის 50 გ/ტ აღწევდა. სავარაუდოა, რომ საყდრისის ოქროს შემცველი კვარციტული ძარღვი ძველი სამთოელის ყურადღებას ადვილად მიიპყრობდა. ოქროს ქიმიური ინერტულობის გამო მადნების დაქუცმაცებისა და დისპერგირების პროცესში თვითნაბადის ნაწილაკები ცილდებიან კვარციტის ფუჭ ქანს და ფლოტაციით დამუშავებისას გრავიტაციით მდიდრდებიან. მიღებული ოქროს ნაწილი გამოდნება და ზოდად იქცევა. აღნიშნული პრიმიტიული, ემპირიული პროცესი და გამოცდილება პრეისტორიული პერიოდის ოქროს მოძიებისა და დამუშავების საფუძველია (1, გვ.47).
საყდრის-ყაჩაღიანის მაღარო გაყვანილია ოქროშემცველი პოლიმეტალური მადნის ძარღვებზე, რომლებიც მეორად კვარციტებშია გავრცელებული. გამოღებულია და გადამუშავებულია 0,5-1,5 მ სიმძლავრისა და ოქროს შედარებით მაღალი შემცველობის ზონური განლაგება. აქ მადნის მოპოვება ხდებოდა ღია, მიწისქვეშა და კომბინირებული გამონამუშევრების საშუალებით. ქანის დამუშავება განხორციელებულია სხვადასხვა ზომის ღრმულებისა და გაყვანილობების გამოყენებით, ხვრელის ტიპის დიდი მოცულობის ღრმულებით, კომბინირებული მეთოდით.
სურ. 2. მცირე კავკასიონის მთიანეთი. ს. საყდრისი (აბულმუგის პოლიმეტალური გამადნება). ოქროს მოპოვების ძველი მაღარო, უბანი N2 (გეგმა და ჭრილები):
1. ოქროშემცველი ძარღვი; 2. მეორადი კვარციტები; 3. ზედაპირის გრუნტი
მადანგამოსავლების ღია წესით დამუშავების შემდეგ, შესრულებულია მიწისქვეშა სამუშაოები, მათი გაერთიანებული გამომუშავების სისტემა ქმნის მაღაროს ღია-დახურულ გამონამუშევართა კონსტრუქციის ტიპურ ობიექტს.
სურ. 3. მცირე კავკასიონის მთიანეთი. ს. საყდრისი (აბულმუგის პოლიმეტალური გამადნება). ოქროს მოპოვების ძველი მაღარო, უბანი N3 (გეგმა და ჭრილები):
1. ოქროშემცველი ძარღვი; 2. მეორადი კვარციტები; 3. ზედაპირის გრუნტი
საყდრისის ძველი მაღაროს სისტემაში ერთიანდებიან ჰორიზონტალური, დახრილი და ვერტიკალური მაღარო-გამონამუშევრები (კამერის განივკვეთი = 1,0X1,2 მ; სიღრმე = 3040 მ). ძეგლზე მოპოვებულია ქვის ჩაქუჩები და უროები საერთო ზომებითL 13X8X6 სმ – 23X14X10 სმ. ოქროშემცველი ქანის გამდიდრება ხდებოდა მაღაროს შესასვლელის სიახლოვეს, სადაც დადასტურებულია ქვის იარაღი და არაერთი ფუჭი ქანის გადანაყარი. როგორც მოსალოდნელი იყო, ქვის იარაღი ფორმით და ზომებით ანალოგიურია ცენტრალური კავკასიონის მეტალურგიული ცენტრის სამთამადნო ძეგლებზე მოპოვებული ამ დანიშნულების იარაღისათვის. ასევე იდენტურია მაღაროთა გაყვანა-დამუშავების ტექნიკა-ტექნოლოგიური სქემა, მაღარო გამონამუშევართა ფორმები, განივკვეთის ზომები და ა.შ. (3, გვ.102).
თანამედროვე სამთო საქმის თეორიულ და პრაქტიკულ ტექნიკურ-ტექნოლოგიურ განზომილებათა შესაბამისად, ძველი სამთო მეტალურგიული ცენტრის სამთამადნო ობიექტი მოიცავდა შრომატევად ოპერაციებს: შემცველი ქანის გახსნას, მცირე ღია კარიერის მომზადებას, მაღაროს გაყვანას, მადნის ტრანსპორტირებას და გამდიდრებას.
მადნის შემცველი ქანის ძიება, თვითნაბადი ოქროს ფერის, გავრცელების ხასიათისა და ზედაპირის რელიეფის მიხედვით წარმატებით ხორციელდებოდა. თანამედროვე გეოლოგიურსადაზღვერვო გვირაბი გამონამუშევრებთან. არაერთხელ თანხვედრილი აღმოჩნდა ძველ მიწისქვეშა სამთამანდნო წარმოების ძეგლების არქეოლოგიური შესწავლისას, დადასტურებულია სხვადასხვა ტიპის სადაზვერვო ორმოები, თხრილები, მიტოვებული მცირე ზომის მაღაროს ღრმულები და ა.შ., რომლებიც მადნის საძიებო ობიექტებია. პრეისტორიული ხანის სამთამადნო წარმოების ადრეულ ძეგლებზე, სადაც საძიებო სამუშაოდან მაღაროს ტიპის გამონამუშევრის საექსპლუატაციო გამოყენებაზე გადასვლის პრინციპულ სქემებზე გვაქვს საუბარი, მათი ათვისებისათვის საჭირო ემპირიულ ცოდნა-გამოცდილებასთან ერთად, მადნის ძიება-გამოღების შემუშავებული მეთოდები და კრიტერიუმები უნდა ვივარაუდოთ, რაც კარგად შესამჩნევია საყდრისი-ყაჩაღიანის მაღაროს გაყვანილობისა და კონსტრუქციის მიხედვით (4, გვ. 13).
დიდად მნიშვნელოვანია და მეცნიერულად საინტერესო ინფორმაცია, რომ ფ.თავაძის მეტალურგიისა და მასალათმცოდნეობის ინსტიტუტში, სადაც მუშავდებოდა პრობლემა: ოქროს შემცველი მადნების ბაქტერიული მეთოდებით გამდიდრებისათვის, 2009 წელს შესწავლილ იქნა საყდრისის მაღაროს კედლებიდან აღებული ნიმუშები. სინჯების მინერალოგიური, ქიმიური, ფაზური და მიკროსკოპული კვლევის შედეგებით გაირკვა, რომ მადნის ძარღვიდან აღებული ნიმუში შეიცავდა 4 გ/ტ-მდე ოქროს, რომლის შემცველობა გამდიდრების პირობებში ოთხჯერ გაიზარდა (1, გვ. 44).
მაღაროს წარმატებულ ფუნქციონირებას ადასტურებს საყდრისის მიმდებარე ტერიტორიაზე მიკვლეული და შესწავლილი ბალიჭი-ძეძვების ნამოსახლარი, რომელიც სამთოელთა საქმიანობას უკავშირდება: აღმოჩენილია ქურა, დიდი რაოდენობით ქვის სასრესი იარაღი, სანაყები, უროები და სხვა მადნის გამდიდრება-გამოდნობისათვის გამოყენებული მასალების ნაშთები.
სამთამადნო წარმოების ძეგლი დათარიღებულია რადიოკარბონული ც-14-ის მეთოდით, მაღაროში აღმოჩენილი ნახშირის ფენის სინჯების შესაბამისად, ასაკი ძვ. წ. IV ათასწლეულის მიწურულით და III ათასწლეულით განისაზღვრება. ჩვენი აზრით, სრულიად მართებულია მაღაროს ფუნქციონირება ძვ.წ. III ათასწლეულით განისაზღვროს, თარიღი შეესაბამება ადრეშუა ბრინჯაოს ხანის გარდამავალ პერიოდს, როდესაც სამხრეთ კავკასიაში ცნობილია სამარხეული წარმომავლობის საკულტო-სარიტუალო დანიშნულების ოქროს ინვენტარი.
საყდრისის მაღაროსთან დაკავშირებული კვლევებისა და არქეოლოგიურ-ტექნოლოგიური დასკვნების შესაბამისად, საქმე გვაქვს უძველეს მაღაროსთან, რომელიც ბრინჯაოს ხანის სამხრეთ კავკასიის ტერიტორიაზე უძველეს სამთო-მეტალურგიული წარმოების ძეგლების არსებობაზე მიუთითებს.
პრეისტორიული მემკვიდრეობაა, სამთო-მეტალურგიული რომელიც სათანადო ძეგლები უნიკალური კულტურული სახელმწიფო ყურადღებას იმსახურებს, რათა არქეოლოგიურ-ისტორიული მეცნიერული კვლევა-ძიების საფუძველზე განისაზღვროს ძეგლის კულტურული არსი, დაცული იქნეს ხელყოფისაგან მოქმედი კანონმდებლობით.
ლიტერატურა
1. თავაძე გ., სახვაძე დ., ხანთაძე ჯ., 2013. გასტეხს ქვასაცა მაგარსა. ჩვენი მწერლობა. თბ., (44-48).
2. ინანიშვილი გ., ჩართოლანი შ., მაისურაძე ბ., გობეჯიშვილი გ., მუჯირი თ., 1998. საქართველოს უძველესი სამთამადნო წარმოების ძეგლები. ძიებანი, #2, თბ., (52-62).
3. ინანიშვილი გ., მაისურაძე ბ., გობეჯიშვილი გ., 2010. საქართველოს უძველესი სამთამადნო და მეტალურგიული წარმოება. თბ.,
4. ჩართოლანი შ., მუჯირი თ., გობეჯიშვილი გ., 1994. ტექნიკური პროგრესი სამთამადნო წარმოებაში საქართველოს ტერიტორიაზე ძვ.წ. IV-I ათასწლეულებში. სამეცნიერო სესია: მსოფლიო კულტურულ-ისტორიული პროცესი და საქართველო. თბ., (10-14).
5. Барская Р. Р., Гоциридзе К. С., 1958. Золото. Природные ресурсы Грузинской ССР. I, М., (221-229).
6. Муджири Т. П., Квирикадзе М.В., 1979. Полевые исследования древних рудников Грузии эпохи бронзы, ИГНТ, I, Тб., (67-83 ).
|