topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბარნაველი თ. - აბასთუმნის ერთი წარწერის შესახებ

<უკან დაბრუნება.. <დაბრუნება მთავარ გვერდზე.

ბარნაველი თ. აბასთუმნის ერთი წარწერის შესახებ //მაცნე. - 1969. - N5. - გვ.139 - 142.

 

თეიმურაზ ბარნაველი

აბასთუმნის ერთი წარწერის შესახებ

(წარმოადგინა საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტმა)

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია,

"მაცნე", 1969, N5

1905 წელს ე. თაყაიშვილმა გამოაქვეყნა ერთი წარწერა აბასთუნიდან, წარწერიანი ქვა ნაპოვნი ყოფილა აბასთუმანში1. ეკლესიის ნანგრევების პირდაპირ, მდინარეების - კურცხანისა და აბასთუმნისწყლის შესართავთან.

ე. თაყაიშვილს მოყვანილი აქვს ამ წარწერის შინაარსის ამოხსნა, მაგრამ საეჭვოდ მიაჩნია წარწერის თვით მის მიერ მოცემული წაკითხვის სიზუსტე. მოჰყავს ამ წარწერის გადმონაწერი და ამოკითხვა. ტექსტის ამოხსნას იძლევა მხოლოდ მესამე სტრიქონიდან, სიტყვიდან „ბრძანებითა“ (ასევე იქცევიან შემდეგში სხვა მკვლევარებიც):

"ბრძანებითა ღვთივ დაცულისა მამფლისა არშუშა პატრიკისა და ნებითა ღვთისათა ქავთარ ერისთავისა ქორეპისკოპოზის ციხისთავობას მოწვეულ ვიყავ და ავმართევ პატიოსანი ჯუარი წმიდისა ღვთის მშობლისა სახელსა, სალოცველად ჩემდა და ძმათა ჩემთა მეოხებისათვს. შევწირე საყდარსა ამას საწუთროსა, რათა საუკუნოდ ავაგ კუხის ლოცვა მოიხსენონ“2.

აბასთუმნის წარწერას იხსენიებს ნ. მარი3, ე. თაყაიშვილის პუბლიკაციაზე მითითებით; ს. კაკაბაძის4 გადმონაწერი უმნიშვნელოდ განსხვავდება ე. თაყაიშვილის გადმონაწერისაგან. ეს წარწერა მოხსენიებული აქვთ ლ. მუსხელიშვილს5 და გ. ჩუბინაშვილს6 უკანასკნელად ეს წარწერა გამოცემული იყო 1953 წელს საქართველოს სახ. მუზეუმის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგში7, სადაც არსებითად განმეორებულია ე. თაყაიშვილის გადმონაწერი და ამოხსნა, გარდა წაკითხვაში რამდენიმე უმნიშვნელო სახესხვაობისა.

ამჟამად წარწერა დაცულია საქართველოს სსრ სახ. მუზეუმში. იგი მოთავსებულია ორ ქვაზე, შესრულებულია ასომთავრული დამწერლობით, რელიეფური ასოებით. წარწერა შესრულებულია ულამაზოდ და ნაწილობრივ ძლიერაა დაზიანებული, განკვეთის ნიშნები ნახმარი არ არის (იხ. მონახაზი, სურ.1 და ტაბ.I, II).

წარწერის გამოქვეყნებულ გადმონაწერებში და მის ამოხსნაში, ჩვენის აზრით, შეიძლება შეტანილ იქნეს რამდენიმე არსებითი კორექტივი და დამატება.

კორექტივები ეხება წარწერის შემდეგ ადგილებს:

პირველ სტრიქონზე დასაწყისში არის ასო Ⴕ (ქ)-ს ნაშთები და დაზიანებული ასო Ⴂ (გ) თუ Ⴊ (ლ) და მის წინ Ⴀ (ა) ასოს მონახაზის კვალი. დაზიანებულ ადგილს მოსდევს სავსებით გარკვეული სიტყვა, რომელიც იწყება Ⴢ (ჲ) ასოთი. აქ მოყვანილია სიტყვები ჂႥႲႬႠႤ (ჲვტნაე) და მის შემდეგ ႫႴႱႠ (მფსა) და არა ႫႴႪႠ (ე. თაყაიშვილი) ან ႫႴႣႠ (მუზ. კატალოგი).

ამ კორექტივს არსებითი ცვლილება შეაქვს შინაარსის ამოხსნაში: ასოთა პირველი ჯგუფი ჂႥႲႬႠႤ იხსნება როგორც საკუთარი სახელი ჲვსტინიანე (იუსტინიანე), მეორე სიტყვა კი განმარტავს, რომ აღნიშნული ჲვსტინიანე არის მ ე ფ ე.

ამრიგად, ჩვენ ვგებულობთ, უპირველეს ყოვლისა, რომ ეს წარწერა შესრულებული ყოფილა "ივსტინიანე მეფესა[ზე]“·

მეორე სტრიქონზე მთლიანად ამოტეხილია დასაწყისი ასოები, მაგრამ წარწერის შერჩენილი ფრაგმენტების მიხედვით, ამ სტრიქონზე მოთავსებული უნდა იყოს ჩვეულებრივი კეთილის სურვილის ფორმულა ივსტინიანე მეფის მიმართ „...Ⴂ...Ⴃ(?)ႣႪႨ  Ⴌ`ႧႥ Ⴇ||Ⴀ [ႸႭႰႨႱ] ე.ი. „[ჰყავ ღმერთმან] გ[ან]დიდებული ნათესავთა [შორის] (?)“.

მესამე და მეოთხე სტრიქონები დავას არ იწვევს. მაგრამ მეხუთე სტრიქონის შინაარსის გარკვევისათვის უნდა მივაქციოთ ყურადღება მეოთხე სტრიქონის ბოლოში მოხსენებულ პირს და კონტექსტს, „ ...ნებითა ღმრთისათა ქავთარისა ერისთავისა...“.

მეხუთე სტრიქონში ლაპარაკია იმის შესახებ, რომ ეს ქავთარ ერისთავი ციხისთავი ყოფილა, მაგრამ ზემომოყვანილ პუბლიკაციაში ეს ადგილი გაუგებარი რჩება, რადგან „ციხისთავობასა“ სიტყვის წინ არსებული ასოთა ჯგუფი ამოხსნილია როგორც „ქორეპისკოპოზის“, რაც გამოწვეული უნდა იყოს იმით, რომ ასოთა ამ ჯგუფის მესამე ასო რატომღაც მიღებულია Ⴆ (ზ) ასოდ, თუმცა გარკვევით წერია ასო Ⴊ (ლ).

მაშასადამე, აქ გვაქვს ასოთა ჯგუფი ႵႤႮႪႱ (ქეპლს) და არა ႵႤႮႦႱ (ქეპზს). როგორც კონტექსტი გვიკარნახებს, აქ მოყვანილი უნდა იყოს იმ ციხის დასახელება, რომლის თავად ყოფილა ქავთარ ერისთავი. ასოთა მოყვანილი ჯგუფი სრული საფუძვლიანობით შეიძლება ამოიხსნას როგორც ციხის სახელწოდება „ქრიზეპოლი“ (ქრიზოპოლი), რაც ნიშნავს „ოქროს ციხეს“. როგორც ვიცით, ამ სახელწოდებითაა ცნობილი აბასთუმნის მახლობლად, ქვაბლიანში არსებული ციხე, რომელიც დღესაც აკვირვებს მნახველს თავისი გრანდიოზულობით. საყურადღებოა ისიც, რომ ამ ციხეს თურქულად „ალთუნყალა“ ეწოდება, რაც ამ ციხის ქართული სახელის „ოქროს ციხე“-ს ზუსტ თარგმანს წარმოადგენს.

მეექვსე-მერვე სტრიქონების ტექსტი სრულად იკითხება.

მეცხრე სტრიქონის ბოლოში არსებული სიტყვა პუბლიკაციებში სწორად არ არის გახსნილი. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ Ⴝ (ჭ) ასოს მაგიერ წაკითხული იყო Ⴃ (დ) ასო, თუმცა ასო Ⴝ (ჭ) კარგადაა შენახული და არავითარ ეჭვს არ იწვევს, Ⴃ (დ) ასოს დაწერილობასთან შედარების გარეშეც. ამ კორექტივის შედეგად ასოთა ჯგუფი ႽႰႱႠ იქნებ იხსნებოდეს როგორც „ჭირისა“.

მეთერთმეტე სტრიქონზე საეჭვოა წაკითხვა „ავაგ კუხის (ან კახის)“ (ე. თაყაიშვილის რუს. ტექსტი). ასოთა ეს დაქარაგმებული ჯგუფი შეიძლებოდა აგრეთვე სხვაგვარადაც ამოხსნილიყო — „კურთხეულს“, „კალმახელს“ და სხვა. მაგრამ, სხვა მონაცემების უქონლობის გამო, ავაგის ვინაობის აღმნიშვნელ სიტყვას კითხვის ქვეშ ვტოვებთ.

ამ კორექტივების შედეგად განხილული წარწერა შემდეგი სახით იწერება მთლიანად:

რაც მხედრულზე გადაყვანით, ქარაგმის გახსნით და ნაკლოვანი ადგილების შევსებით შემდეგ ტექსტს მოგვცემს:

„ქ[.....]ა გ(?) ჲვსტინიანე მეფესა[ზე] || [ჰყავ ღმერთმან გან]დიდებული ნათესავთა || ] შორის] (?), ბრძანებითა ღმრთივ დაცულისა - მამფალისა || არშუშა პატრიკიოზისა და, ნებითა ღმრთისაჲთა, ქავთარისა ერისთავისა || ქრიზეპოლის ციხისთა[ვ]ობასა, მოწოდებულ ვიყავ და აღვმართევ პატიოსანი ჯვარი წმიდისა ღმრთისმშობლისა სახელსა (ზედა), სალოცველად ჩემდა და || ძმათა ჩემთა, მეო||ხებისათვის ყოვლისა ჭირისა(?)|| ამის საწუთროისა, და საუკუნოდ ავაგ კხს(?) ლოცვასა მოიჴსენებდეთ“.

წარწერის დათარიღებისათვის საჭიროა გავარჩიოთ მისი პალეოგრაფიული მხარე.

წარწერა რელიეფურია, მაგრამ არე მთლიანად კი არაა ამოღებული, არამედა თითოეული სტრიქონი გამოყოფილია ვიწრო რელიეფურივე ზოლით და ამით წარწერა მეტად თავისებურ სახეს იღებს, სავსებით განსხვავებულს უფრო ადრეული წარწერებისაგან, მაგალითად — ბოლნისის სიონის წარწერებისაგან (V ს.); ამ განსხვავებას ემატება თვით ასოების რელიეფის ხასიათი. აბასთუმნის წარწერა ასოთა კვეთის მანერით დგას შუა გზაზე ადრეულ (V ს.) რელიეფურ და ამგვარსავე რელიეფურ, მაგრამ უფრო მოგვიანო (IX-X სს.) ხანის წარწერებს შორის.

ძლიერ დამახასიათებელია ასოების მოხაზულობაც: ასოები მრავალ შემხვევაში მოხაზულობითაც ვარიაციებს წარმოგვიდგენენ, მაგალითად, ასოები Ⴊ, Ⴃ; უკანასკნელი ასო ხან დაბალყელიანია, ხან მისი თავხაზი ზედ ეკვრის წრეხაზს, მაგრამ არა გვაქვს არც ერთი შემთხვევა, რომ Ⴃ (დ) ასოს მუცელი არ წარმოადგენდეს ზუსტად მოხაზულ წრეხაზს, რაც ხშირად გვხვდება X საუკუნეში. აბასთუმნის წარწერაში არც ერთხელ არ გვხვდება თავშეკრული Ⴁ (ბ), ერთ შემთხვევაში გვაქვს Ⴘ (შ), რომლის თავს მარჯვენა კიდე სრულიად არა აქვს, რაც აგრეთვე არ გვხვდება ადრეულ წარწერებში. დამახასიათებელ მაგალითს გვაძლევენ აგრეთვე ასოები Ⴢ, Ⴜ Ⴌ და სხვ.

განსაკუთრებული ყურადღების ღირსია ის, რომ აქ გვაქვს ასოების მონოგრამული შერწყმის შემთხვევები; ასეთი გახლავთ Ⴎ და Ⴒ ასოების შერწყმა სიტყვებში - „პატრიკიოსი“. ამგვარი მოვლენა ადრეულ (V ს.) წარწერებში არ გვხვდება. ამავე დროს აბასთუმნის წარწერაში არაა არავითარი კვალი ასოთა დეკორატიული გაფორმებისა, რაც ემჩნევა მოგვიანო წარწერებს. აგრეთვე არაა არც ერთი შემთხვევა ასოების ზემო კიდურებიდან მარცხნივ შვერილის გამოზიდვისა, რაც უკვე დამახასიათებელია VIII და IX საუკუნის წარწერებისათვის“8.

პალეოგრაფიული ხასიათით აბასთუმნის წარწერის შესრულება შეიძლება ვივარაუდოთ VI და VII საუკუნეებს შორის.

როგორც ვიცით, ცნობილია ორი იუსტინიანე (ჲვსტინიანე) მეფე: ა) იუსტინიანე I დიდი, რომლის მეფობა 527-565 წლებში მოდის, და ბ) იუსტინიანე II - რომელიც 685-695 და 705-711 წლებში მეფობდა.

წარწერა შეიძლება იყოს შესრულებული VI საუკუნეში, ე.ი. იუსტინიანე I-ის დროს, რაც დასტურდება მეორე პერსონაჟის ვინაობის გარკვევითაც.

წარწერაში მოხსენიებული არშუშა პატრიკიოსის სახელთან დაკავშირებით საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ქართულ ისტორიულ წყაროებსა და ლიტერატურაში ცნობილია ამ სახელის მქონე რამდენიმე ისტორიული პირი.

არშუშა მოხსენიებულია შუშანიკის მარტვილობაში: მისი მოღვაწეობა V საუკუნის შუახნებს მიეკუთვნება9.

არშუშა ქართლის პიტიახშია იეზდიგერდ II-ის (438-457) ხანაში10. არშუშა ქართლის პიტიახში მოხსენებულია ევსტათე მცხეთელის მარტვილობაში11.

არშუშა კუროპალატი მოხსენებულია ქართლის მოქცევის ისტორიაში12,

ე. თაყაიშვილს შესაძლებლად მიაჩნია გააიგივოს წარწერაში მოხსენებული არშუშა პატრიკიოსი იმ არშუშასთან, რომელიც მოხსენებულია ევსტათე მცხეთელის ცხოვრებაში ქართლის პიტიახშად13.

გარჩეული წარწერა შეიცავს საყურადღებო ცნობებს და მათ შორის ამტკიცებს, რომ „ოქროს ციხე“ (ქრიზეპოლი, ალთუნყალა) უკვე VII საუკუნის ახლოს იმდენად მნიშვნელოვანი ყოფილა, რომ ციხისთავად თვით ერისთავი ჰყოლია (ალბათ, ოძხის – ოცხის ერისთავი). აქედან ცხადი ხდება, რომ ოქროს ციხის ისტორია შორს, საუკუნეთა სიღრმეში მიდის.

---------------------------------------------------------

1. Е. Такайшвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, кн.II, T6., 1905, cтp.63-66.

2. იქვე, გვ.66, თაყაიშვილი წერს, რომ წარწერის ამოხსნა უდავოდ არ მიაჩნია: "Разбираемая надпись, как видно очень древняя, но не можем ручаться за достовернось её дешифровки".

3. Н. Марр, Исторический очерк грузинской церкви с древнейших времён (доклад на заседании I. XII-1906 г., Церковные веломости №3 (приложение), Мю, 1907, стр. 108-109.

4. ს. კაკაბაძე, ქართული სახელმწიფოებრიობის გენეზისის საკითხები, საისტორიო მოამბე, წ.I, თბ., 1924, გვ. 105-105.

5. ლ. მუსხელიშვილი, სამშვილდის სიონის წარწერები წარწერები და აშენების თარიღი, ენიმკის მოამბე, ტ.XII, თბ., 1943, გვ.. 91

6. Г.Н. Чубинашвилиб Болнисский Сион, Известия ИИЯИМК, т. IX, Тб. 1940, стр.73

7. საქართველოს სახ. მუზეუმის ეპიგრაფიკული ძეგლების კატალოგი, თბ., 1953, გვ.9-10, ტაბ.III, N2,3

8. თ. ბარნაველი, ატენის სიონის წარწერები, თბ., 1957. გვ.14, 16, სურ.11, 12.

9. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, ტ.I (V-VII), თბ., 1963/4. გვერდი 11.

10. ივ. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ.I, თბ., 1951, გვ.280.

11. გ. ბ. საბინინი, მარტვილობა და მოთმინება წმიდისა ევსტათი მცხეთელისა, „საქართველოს სამოთხე“, სპბ., 1888, გვ.315.

დ. ბაქრაძე, ვახუშტის საქართველოს ისტორია, ტ.1, თბ., 1885 (შენიშვ.), გვ.111.

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტ. ძეგლები, წ.I, თბ., 1963/4, გვ.34.

12. ე. თაყაიშვილი, სამი ისტორიული ქრონიკა, მოქცევა ქართლისა, თბ., 1890, გვ.37.

ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტ. ძეგლები, წ.I. გვ.97. (დაწვრილებით არშუშა კუროპალატის შესახებ იხ. ე. თაყაიშვილი - სამი ისტორიული ქრონიკა, გვ.36-38).

13. Е. Такайшвили, Археологические экскурсии, разыскания и заметки, кн.II, T6., 1905, cтp.66.

 

გამოყენებული წყარო: https://iverieli.nplg.gov.ge/handle/1234/162997