topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ბალიჭი
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

 

ბალიჭი //„ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. , გვ.90, // რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.

ბალიჭი - (ქც 4: 311,25; 315,20; 316,6). იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 311,25; 315,20; 316,6), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 52), 1741 წ. ისტორიული საბუთი (დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 150), გიულდენშტედტის „მოგზაურობა საქართველოში“ (გიულდენშტედტი 1962: 81; 1964: 13).

სოფელი ბალიჭი მდებარეობს ბოლნისის მუნიც-ში, მდ.კანგორის მარჯვენა ნაპირზე (მდ. მაშავერას მარჯვენა შენაკადი), დაბა კაზრეთიდან 3 კმ-ის დაშორებით. 1971 წ. სოფ. ბალიჭის განაპირას სასმელი წყლის მილებისათვის გაყვანილ თხრილში აღმოჩნდა ქვის სარკოფაგი, რომელიც გათხარა ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის კაზრეთის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. მ. სინაურიძე). სარკოფაგი დახურული იყო ორფერდა ქვის სახურავით, რომლის ზედაპირზე, ბოლო ნაწილში რელიეფურად გამოსახულია კიეებისკენ გაფართოებული ტოლმკლავა ჯვარი. მარჯვენა გვერდზე ორსტრიქონიანი ქართული ასომთავრული წარწერაა, რომელსაც სხვადასხვაგვარად კითხულობენ: „იესეს სული ქრისტე შეიწყალე“ (შანიძე 1972: 141; სინაურიძე 1975: 76,სქ.2); „იესე სახლისუფალი ქრისტე მოიხსენე“ (ბარნაველი 1972: 145). წარწერა თარიღდება VI-VII სს-ით (შანიძე 1972: 137-143). სარკოფაგი შედგება ერთ მთლიან ქვაში ამოკვეთილი როფისა (სიგრძე 1,87 მ, სიგანე 0,47 მ, სიღრმე 0,3 მ) და ორფერდა სახურავისაგან (სიგრძე 2,15 მ, სიგანე 0,7 მ). სარკოფაგი მთლიანად მიწით იყო დაფარული. გამთხრელის აზრით, სარკოფაგი მეორედაა გამოყენებული, რაზეც მეტყველებს წარწერისა და სარკოფაგში აღმოჩენილი ნივთების ქრონოლოგიური სხვაობა. წარწერა თარიღდება VI-VII სს-ით, ნივთები (ოქროს ბეჭედი და საკინძისთავი) კი არა უგვიანეს X საუკუნისა (სინაურიძე 1975: 76-78).

სხვადასხვა აზრია გამოთქმული სარკოფაგში ჩასვენებულ მიცვალებულთა რაოდენობაზე. ვ. ჯაფარიძე თვლიდა, რომ სარკოფაგში ორი მიცვალებული იყო დაკრძალული. პირველის ძვლები მიხვეტილი იყო სარკოფაგის ბოლოში. მეორე გაშოტილი ესვენა (ჯაფარიძე 1972: 137-145). მ. სინაურიძე კი სარკოფაგში ერთ მიცვალებულს ვარაუდობდა (სინაურიძე 1975: 77; 1977ა: 26-28).

სარკოფაგის აღმოჩენის ადგილზე გავლებულ სადაზვერვო თხრილებში აღმოჩნდა 20-მდე უინვენტარო ქვის სამარხი. მათში მიცვალებულები ესვენა ქრისტიანული წესით. ზოგიერთი სამარხის ასაგებად გამოყენებულია ჩუქურთმებით შემკული ადრე შუა საუკუნეების სტელების ნატეხები. რამდენიმე სამარხის კედლები ამოშენებული იყო ქვის წყობით. აქვე გამოვლინდა მასიური კედლების ნაშთები, რომლებიც შესაძლოა ეკლესიას ეკუთვნოდა. ფენა თარიღდება არა უადრეს VI-VII და არა უგვიანეს X-XI სს-სა (სინაურიძე 1977ა: 26-30).

1974-1975 წწ. ბალიჭში გაითხარა შუა საუკუნეების ნაგებობა. ფენა შეიცავდა გვიანბრინჯაოს ხანის კერამიკასაც. გამოვლინდა უინვენტარო ქვის სამარხები, რომლებშიც მიცვალებულები დაუკრძალავთ ზურგზე გაშოტილნი, თავით დასავლეთით (სინაურიძე 1977: 136). ბალიჭის განათხარი მასალა ინახება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში (ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს მუზეუმი).

სოფ. ბალიჭის ზემოთ, იმ გზასთან, რომელიც თავის დროზე წარმოადგენდა სომხეთისაკენ მიმავალ მთავარ გზას, მდებარეობს სურბ-ნიშანის (სურბ სარგისის) მცირე ზომის დარბაზული ეკლესია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. სახურავი და კედლები ჩამონგრეულია. აქვს ოდნავ გაფართოებული აფსიდა (სინაურიძე 1977: 129-138). ბიბლიოგრაფია: ბაგრატიონი 1941: 37, 39; ბაგრატიონი 1986: 52; ბარნაველი 1972: 144-147; გიულდენშტედტი 1962: 81; 1964: 13; დოკ. საქ. სოც. ისტ. 1940: 296; კოტინოვი 1980: 174; ლორთქიფანიძე 1977: 5-23; სინაურიძე 1973: 429; 1974ა: 437; 1975: 75-78; 1977: 129-144; 1977ა: 26-30; 1985: 47-53; 2000: 19-21; ქართ. წარწ. კორ. 1980: 149, 150; ქც4: 311,25; 315,20; 316,20; შანიძე 1972: 137-143; ჯაფარიძე 1972: 124-134; 1982: 383, 384.

 

აბულმუგის ეკლესია // ბოლნისის ისტორიული ძეგლები // ა(ა)იპ ბოლნისის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი, გამომცემლობა „საარი“, თბილისი, 2024, ISBN 978-9941-509-17-9

აბულმუგის ეკლესია მდებარეობს სოფელ ბალიჭის ჩრდილოეთით, მდინარე მაშავერას მარცხენა მხარეს, ნასოფლარ აბულმუგის ტერიტორიაზე (კოორდ. 41.377447, 44.383741). ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, აბულმუგში მოიპოვებდნენ რკინას, სპილენძსა და ლაჟვარდს. გვიან შუა საუკუნეებში აბულმუგი ჯერ ბარათაშვილთა, ხოლო მოგვიანებით ზურაბიშვილთა კუთვნილ სოფელს წარმოადგენდა. ეკლესია X საუკუნის დარბაზული ნაგებობაა, რომელიც განუახლებიათ XVIII საუკუნეში. სამშენებლო ქვად გამოყენებულია ბაზალტის ნაწილობრივ დამუშავებული და ტუფის კვადრები, რომელთა დიდი ნაწილი უფრო ადრეული ნაგებობის კუთვნილი ყოფილა. არქიტრავით დასრულებული კარი სამხრეთიდან აქვს, ინტერიერი კი სამი ვიწრო სარკმლითაა განათებული. ნახევარწრიული აფსიდის მხრები დასრულებულია თლილი კაპიტელებით, რომლებსაც ნათალი ქვის ტრიუმფალური თაღი ეყრდნობა. დარბაზის კამარა წყვილ პილასტრზე გადაყვანილ თაღს უჭირავს. ეკლესიის ფასადები სადაა, თუ არ ჩავთვლით VI-VII საუკუნეების სტელის ფრაგმენტებს, რომელთაგან ერთზე ამოკვეთილია ბოლნური მედალიონი და ბერძნული ასოები - ალფა და ომეგა, როგორც უფლის, საწყისისა და სასრულის, სიმბოლო. ტაძრის აღმოსავლეთის სარკმლის ღიობის ქვედა ნაწილში ამოკვეთილია ასომთავრული წარწერა, რომლის დაზიანებული ტექსტიდან ვეცნობით, რომ ეკლესია _ ღვთისმშობლის სახელობის, ხოლო ქტიტორი ვინმე ბასილი უნდა ყოფილიყო.

ეკლესია აღდგა 2016 წელს. ტაძარს 2006 წელს მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. [ლიტ.: 17; 33]