<უკან დაბრუნება
ფოთოლეთის ეკლესია
თამაზ გოგოლაძე - ბორჯომის ხეობის ისტორიული და ხუროთმოძღვრული ძეგლები
(გზამკვლევი)
გამომცემლობა "უნივერსალი",
თბილისი 2014, გვ.14-19
ფოთოლეთის მონასტერი (სურ.2) მდებარეობს ბორჯომის რაიონში, სოფელ ახალდაბიდან სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე. ტაძარს სახელწოდება ფოთოლეთი შემორჩა მისი მდებარეობიდან გამომდინარე, რადგან იგი მდებარეობს ფოთოლეთად წოდებულ ტყეში.
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ფოთოლეთის მონასტერს აიგივებენ გრიგოლ ხანძთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ დაარსებულ კვირიკეწმინდის ტაძართან და მისი აშენების თარიღად - IX საუკუნის 40-იან წლებს მიიჩნევენ. თუმცა არქიტექტურული მონაცემების საფუძველზე ტაძრის აშენების თარიღად ასევე მიღებულია უფრო ზოგადი ქრონოლოგიური მონაკვეთი - IX-X საუკუნეები.
ფოთოლეთის ეკლესია სამეკლესიან ბაზილიკას წარმოადგენს. ტაძარი ნაშენია მოვარდისფრო - მოყავისფრო ტონის უხეშად დამუშავებული ზომის ქვებით, რომელიც მხოლოდ პირითა მხრიდანაა მოსწორებული. შედარებით წესიერად გათლილი დიდრონი ქვები ნახმარია პილასტრებისა და ღიობთა წირთხლებისათვის. შუა ძირითად სივრცეს სამხრეთიდან, დასავლეთიდან და ჩრდილოეთიდან ერტყმის ერთიანი სამმხრივი გარშემოსავლელი, რომელსაც მხოლოდ ჩრდილოეთის ფრთის აღმოსავლეთ ბოლოში გამოეყოფა მოგრძო აფსიდიანი ცალკე სათავსი - სამკვეთლო. ეკლესიის შუა ნაწილს გარშემოსავლელთან ორი კარი აკავშირებს - სამხრეთისა და დასავლეთისა, რომელთა პირდაპირ არის გაჭრილი თვით ეკლესიის შესასვლელებიც. სამკვეთლო თითო კარითაა დაკავშირებული ცენტრალურ ნაწილთან და გარშემოსავლელთან. VIII-IX საუკუნეების ბორჯომის ხეობის სხვა ეკლესიების მსგავსად, ფოთოლეთის ტაძარს ახასიათებს სისადავე, ლაკონურობა და სამკაულების ნაკლებობა.
1939 წელს ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში სიძველეთა კომიტეტის მიერ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რ. მეფისაშვილი და ზ. მაისურაძე. ამ დროს გამოვლინდა ტაძარში X საუკუნის კანკელი და კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტები, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები. ფოთოლეთის ეკლესიის ძველი კანკელის ფრაგმენტები ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება, რომლის მარცხენა ბოძის სიგრძეზე ამოკაწრულია XI საუკუნის წარწერები, რომელიც შესწავლის პროცესშია და მალე გახდება ცნობილი ფართო სამეცნიერო საზოგადოებისათვის.
2007-2008 წლებში ფოთოლეთის ეკლესიაში რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. 2007 წელს არქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა რ. დავლიანიძე, ხოლო 2008 წელს კი რ. ხვისტანი. სწორედ 2008 წლის არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში ეკლესიის ჩრდილო გარშემოსავლელში, უფრო კონკრეტულად, სამკვეთლოს დასავლეთით, კედლის ძირში გამოვლენილ იქნა აკლდამა. აკლდამის სახურავ ქვის ფილაზე შესრულებულია შერეული ასომთავრული, ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერები. ამჟამად აღნიშნული წარწერიანი ქვის ფილა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.
აღნიშნული ქვის ნაკაწრი წარწერები ჩვენ რამდენგზის მოვინახულეთ მათი შესწავლის მიზნით, ადგილზე წავიკითხეთ წარწერის ტექსტები, დავამზადეთ მათი პალეოგრაფიული პირები და მოვახდინეთ ასევე მათი ფოტოფიქსაცია. აღნიშნული წარწერები პალეოგრაფიული მონაცემების საფუძველზე XI საუკუნით დავათარიღეთ. წარწერები შინაარსობრივი თვალსაზრისით სავედრებელ წარწერათა ჯგუფს მიეკუთვნება:
"ა) ქ(რისტ)ე შ(ეიწყალ)ე ნიკოლოზ;
ბ) ქ. უფალო შ(ეიწყალ)ე საწყალობელი სული შალვასი, ლოცვა ყავთ ღ{მრ}თისათუ{ი}ს ღ(მრ)თისა მოყ{ვ}არენო;
გ) ქ(რისტ)ე შ{ეიწყალ}ე ი{ო}ვანე;
დ) ღ(მერ)თმ(ა)ნ ნუ შეუდნეს ცოდვანი მნ{ა}თესა, რ{ომე}ლ ცხოარ არს;
ე) ქ. წმიდა გ(იორგ)ი შეიწყალე მონაი შენი შარიაქა და შეუნდვენ ცოდვანი და სხოანი ზრახვიენ რაიმე გრქუა შენ, გონიერო ხეო, უფალო, შუენიერო სამყარო, სა....;
ვ) წ(მიდა)ო გ(იორგ)ი შ(ეიწყალ)ე თორნიკ;
ზ) ქ(რისტ)ე ღ{მერ}თო."
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დღემდე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო გამოკვლევებით ფოთოლეთის ეკლესიას გრიგოლ ხანცთელის მოწაფის ქრისტეფორეს მიერ IX საუკუნის 40-იან წლებში აშენებულ კვირიკეწმინდასთან აიგივებდნენ.
ზემოთმოყვანილი წარწერები მყარ არგუმენტს წარმოადგენს იმისას, რომ დღემდე ქართულ ისტორიოგრაფიაში დამკვიდრებული მოსაზრება ფოთოლეთის ეკლესიის გაიგივებისა კვირიკეწმინდის ეკლესიასთან უარყოფილ იყოს. ჩვენ წარწერების მეშვეობით შეგვიძლია თამამად განვაცხადოთ, რომ ფოთოლეთის ეკლესია თავიდანვე წმიდა გიორგის სახელობის იყო. წინააღმდეგ შემთხვევაში წარწერაში მოხსენიებული პირები სასოებას წმიდა კვირეკესაგან ითხოვდნენ, მაგრამ როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს ასე არ არის.
მართალია, აღნიშნული წარწერიანი ქვა არქეოლოგიური გათხრების დროს სარკოფაგის თავზე იყო განთავსებული, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან მეორადი გამოყენების ფუნქცია შეიძინა. ამას გვაფიქრებინეს ის, რომ სავსებით დაუჯერებელია საფლავის ქვაზე ნაკაწრი წარწერა შეესრულებინათ XI საუკუნეში და მას დღემდე მოეღწია. ამის პრაქტიკა ქართულ ეპიგრაფიკაში საერთოდ არ მოგვეპოვება. ამის საპირისპიროდ კი სავედრებელი წარწერები ეკლესია-მონასტერთა ექსტერიერში და ინტერიერში კი მრავლად გვხდება ამ მიზნით ჩვენ მოვინახულეთ ფოთოლეთის ეკლესია და ტაძრის ექსტერიერში მრავლად მოიპოვება ამგვარი ტიპის ქვები, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ თავდაპირველად ეს წარწერიანი ქვაც ტაძრის ექსტერიერში იყო ჩადგმული. (იხ. დანართი N1).
წერილობითი წყაროებისა და არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით, XVI საუკუნის დასასრულს ფოთოლეთის ეკლესია წყვეტს ფუნქციონირებას.
2011 წლიდან ბორჯომ-ბაკურიანის მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) ლოცვა-კურთხევით აღდგა ტაძარში სამონასტრო ცხოვრება. დღეისათვის ფოთოლეთის ეკლესია მოქმედია და მამათა მონასტერს წარმოადგენს. მთავარი ტაძარი წმიდა გრიგოლ ხანძთელის სახელობისაა, სამხრეთი ნავი წმიდა სერაფიმე საროველის სახელობისაა, ხოლო ჩრდილოეთ ნავში სამკვეთლოა განთავსებული.
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა
1. დ. ბერძენიშვილი, ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი, თბილისი 1985 წელი
2. ბ. გელაშვილი, ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბილისი 2013 წელი
3. რ. მეფისაშვილი, გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა სააღმშენებლო მოღვაწეობა ქართლში, საქ. სსრ მეცნ. აკად. სახზ. განყ. მოამბე, 1963 წელი, N4
4. რ. შმერლინგი, ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი, თბილისი 1954 წელი
5. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I (V-X სს.), დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ, ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი 1963 წელი
6. რ. ხვისტანი, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, თბილისი 2009 წელი
7. დ. ხოშტარია, კვირიკეწმინდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის, მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1985 წელი, N1.
8. დ. ხოშტარია, X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის - საკირის მიდამოებში, მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის..., 1986 წელი, N3
9. დ. ხოშტარია, IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბილისი, 1987 წელი
10. დ. ხოშტარია, ჯავახეთის საეკლესიო ხუროთმოძღვრების ზოგიერთი თავისებურება, "ლიტერატურა და ხელოვნება" 1997, N1-2
11. ნ. ჯაბუა, ქრისტიანული ტაძრის არქიტექტურული ტიპები შუა საუკუნეების საქართველოში, თბილისი 2012 წელი
12. Меписашвили Р, Основные особенности трех церковных базилик Грузии, Тфл 1977 г
13. Шмерлинг Р, Малые формы в архитектуре средневековой Грузии, Тб., 1962 г
14. Mepisaschwili R, W. Zinzadze, Die Kunst des alten Georgien, Leipzig, 1977
15. Mepisaschwili R, Georgien. Wehrbauren und Kirchen, Leipzig 1987
დანართი N1
თამაზ გოგოლაძე, ირაკლი გელაშვილი, ნინო ხარშილაძე
ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრი წარწერები და მათი ისტორიულ - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
ფოთოლეთის მონასტერი ბორჯომის რაიონში, სოფელ ახალდაბიდან სამხრეთით 5 კილომეტრის მანძილზე, მთის ოდნავ გავაკებულ ფერდზე მდებარეობს. დღემდე ტაძარს გრიგოლ ხანძთელის ერთ-ერთი მოწაფის - ქრისტეფორეს მიერ აგებულ კვირიკეწმიდად მიიჩნევდნენ და შესაბამისად, მისი აშენების ქრონოლოგიას IX საუკუნის 40-იანი წლებით განსაზღვრავდნენ.
1939 წელს ფოთოლეთის ეკლესიის შენობაში სიძველეთა კომიტეტის მიერ ჩატარდა არქეოლოგიური გათხრები, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ რ. მეფისაშვილი და ზ. მაისურაძე. ამ დროს გამოვლინდა ტაძარში X საუკუნის კანკელი3 და კარნიზის დეკორატიული მორთულობისათვის განკუთვნილი სამკუთხედის ფორმის ბოლოების მქონე კრამიტები, რომელთა ჩაღრმავებულ სამკუთხედებში მოქცეულია ერთმანეთის პირისპირ მდგომი ირმების რელიეფური გამოსახულებები. ფოთოლეთის ეკლესიის ძველი კანკელის ფრაგმენტები ამჟამად შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების მუზეუმში ინახება,4 რომლის მარცხენა ბოძის სიგრძეზე მოთავსებულია ნაკაწრი წარწერები.5
2007-2008 წლებში ფოთოლეთის ეკლესიაში რესტავრაციის საპროექტო სამუშაოებისათვის აუცილებელი არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა. 2007 წელს აქეოლოგიურ გათხრებს ხელმძღვანელობდა რ. დავლიანიძე, ხოლო 2008 წელს კი რ. ხვისტანი. სწორედ 2008 წლის არქეოლოგიური გათხრების ფარგლებში ეკლესიის ჩრდილო გარშემოსავლელში, უფრო კონკრეტულად, სამკვეთლოს დასავლეთით, კედლის ძირში გამოვლენილ იქნა აკლდამა. აკლდამის სახურავ ქვის ფილაზე შესრულებულია შერეული ნუსხური და მხედრული ნაკაწრი წარწერები.6
ამჟამად აღნიშნული წარწერიანი ქვის ფილა ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება. იგი საკმაოდ დიდი ზომის (101×178.5 სმ) მოყავისფრო ფერის ქვის ფილაა, რომელიც დაზიანებულია: ფილა სამ ნაწილად არის გატეხილი. ამა წლის გაზაფხულ-ზაფხულზე ჩვენ აღნიშნული ქვის ნაკაწრი წარწერები შესწავლის მიზნით რამდენგზის მოვინახულეთ, ადგილზე წავიკითხეთ წარწერის ტექსტები, დავამზადეთ მათი პალეოგრაფიული პირები და მოვახდინეთ მათი ფოტოფიქსაცია. წარწერების ადგილზე შესწავლამ აჩვენა, რომ ისინი შინაარსობრივი თვალსაზრისით სავედრებელ წარწერათა ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომელთა ქრონოლოგიასაც პალეოგრაფიული მონაცემების საფუძველზე, XI საუკუნით განვსაზღვრავთ.
1. ნაკაწრი წარწერები, მათი ტექნიკური აღწერილობა და პალეოგრაფიული დახასიათება
I ნიკოლოზის სავედრებელი წარწერა (XI ს.)
წარწერა მოთავსებულია დაზიანებული ქვის პირველი ფილის ზედა მხარეს; გარდამავალი მხედრული; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით, თუმცა წარწერის ბოლო გრაფემა "ზენ"-ი ქვის დაზიანებულ ნაწილშია მოთავსებული და ფრაგმენტულად ჩანს; წარწერის ფართობი: 11.7×27.5; ყველაზე დიდი გრაფემის "კალი" ზომაა: 11.7×2.5; ყველაზე პატარა გრაფემის "ნარი" ზომაა: 2×0.5; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.
პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია გარდამავალი მხედრულით. კერძოდ, ნუსხურია "შინი". წარწერაში გრაფემა "ენი" დასტურდება ორჯერ და ორივე შემთხვევაში გადმოცემულია გარდამავალი მხედრულის ტიპიური მოხაზულობით - დაკუთხული, ორკბილა ზედა განივი ხაზით და გრძელი, ოდანავ მარცხნივ შეღუნული ვერტიკალური ხაზით. ასეთი "ენი" დამახასიათებელია XI საუკუნის გარდამავალი მხედრულით შესრულებული წარწერებისათვის. პარალელის სახით შეიძლება დასახელდეს სვანეთის XI საუკუნის წარწერა - გრაფიტები. (მაგ. ბერდო ამროლაისძის, გიორგი ტგელაის და იოვანეს II წარწერა, აცის მთავარანგელოზის ეკლესიიდან. გეორგეს წარწერა, თეკალის მაცხოვრის ეკლესიიდან. იოვანეს III წარწერა, იელის მაცხოვრის ეკლესიიდან.)7 განსაკუთრებით აღსანიშნავია წარწერის მესამე გრაფემის ნუსხური "შინი" მოხაზულობა, სახელდობრ, ასოს ზედა ნაწილი მომრგვალებულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნელ-ნელა ის ემსგავსება მხედრულის "შინი". გარდამავალი მხედრულის ასოები ერთმანეთზეა გადაბმული, გამონაკლისია, სახელ "ნიკოლოზი"-ის პირველი გრაფემა "ნარი", მეოთხე გრაფემა "ონი" და ბოლო გრაფემა "ზენი".
ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება სამი სიტყვისაგან. იგი ვინმე ნიკოლოზის მოსახსენებელია. წარწერა იწყება ტრაფარეტული ფორმულით ქრისტე შეიწყალე, რომელიც, ტრადიციულად შუაკვეცილობითი დაქარაგმებითაა წარმოდგენილი.
II შალვას სავედრებელი წარწერა (XI ს.)
წარწერა მოთავსებულია დაზიანებული ქვის მეორე და მესამე ფილის ზედა მხარეს; ეპიგრაფიკული ნუსხური გარდამავალი მხედრული ასოების შერევით; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით, თუმცა ზოგ ადგილას აღენიშნება დაზიანების ნიშნებიც; წარწერაში გრაფემა "უნი" გადმოცემულია ასოს "ონი" მეშვეობით; წარწერის ფართობი: 5.1×76.4; ყველაზე დიდი გრაფემის "ქანი" ზომაა: 5×1; ყველაზე პატარა გრაფემის "ინი" ზომაა: 0.3×0.3; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.
პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხური და გარდამავალი მხედრული დამწერლობით. კერძოდ, ნუსხურია: ქანი, ფანი, ანი, შინი, ენი, ანი, წილი, ყარი, ანი, სანი, შინი, ანი, ვინი, ანი, სანი, ინი, ცინი, ვინი, ანი, ყარი, ანი, ვინი, სანი, ანი, ონი, სანი, სანი, ანი, მანი, ონი, ყარი, ანი, რაე, ხოლო გარდამავალი მხედრულია: ონი, ლასი, ონი, სანი, ლასი, ონი, ბანი, ენი, ლასი, ონი, ლასი, ინი, ლასი, ლასი, ონი, თანი, ღარი, თანი, თანი, ღანი, თანი, ენი, ნარი, ონი. განსაკუთრებით აღსანიშნავია წარწერის მესამე გრაფემის ნუსხური "შინი" მოხაზულობა, სახელდობრ, ასოს ზედა ნაწილი მომრგვალებულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ ნელ-ნელა ის ემსგავსება მხედრულის "შინი"-ს. ტექსტის დასაწყისში ასო "ქანი" ამოკაწრული სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით, ამის შემდეგ ყურდაღებას იქცევს გრაფემა "ონი"-ს მოხაზულობა, რომელიც წარწერაში რვაჯერ არის გადმოცემული. პირველ ექვს შემთხვევაში გარდამავალი მხედრულითაა მოცემული და დიდ მსგავსებას ამჟღავნებს აცის (იელის) მთავარენგელოზთა ეკლესიის ბერდო ამროლაისძის XI საუკუნის წარწერაში8 გამოყენებულ გრაფემებთან. გარდა ამისა, გრაფემის "ონი" მეშვეობით გადმოცემულია გრაფემა "უნი". ასევე ყურადღებას იქცევს წარწერაში ექვსჯერ გამოყენებული "ლასი" მოხაზულობა, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: იგი მხოლოდ გარდამავალი მხედრულისათვის დამახასიათებელი სამი კბილის სახითაა წარმოდგენილი და ქვედა ხაზი არ აქვს. ასეთივე ლანი გვხვდება აცის (იელის) მთავარენგელოზთა ეკლესიის გიორგი ჯავიანის XI საუკუნის ნაკაწრ წარწერაში.9 ასეთივეა იფრარის მთავარანგელოზის ეკლესიის XI საუკუნის ქავთარის მოსახსენებელ წარწერაში მოცემული ლანის მოხაზულობა.10 ჩვენთვის საინტერესო წარწერის ტექსტში გრაფემა "თანი" სამჯერ არის მოცემული და დიდ მსგავსებას ამჟღავნებს იფრარის მთავარანგელოზის ეკლესიის XI საუკუნის იოვანეს სავედრებელ წარწერაში გამოყენებულ "თან"- თან. რაც შეეხება ასო "ფანი" დიდ მსგავსებას ამჟღავნებს იფარის წმიდა გიორგის ეკლესიის XI საუკუნის მეფოველთა სახელით ცნობილ წარწერაში11 დაფიქსირებულ "ფანი"-თან. ძალიან საინტერესო მოხაზულობა აქვს ასოს "ბანი", კერძოდ, თავი აქვს წარწერის შუა ნაწილში, ხოლო მისი დიდი მუცელი შეკრული აქვს წარწერის ქვედა ნაწილში, დაახლოებით ასეთივე "ბანი" გვხვდება ლამარიას ღმრთისმშობლის ეკლესიის XI საუკუნის იოვანეს სავედრებელ ნაკაწრ წარწერაში.12 ასევე გასათვალისწინებელია მუჟალის მთავარანგლოზთა ეკლესიის X-XI საუკუნეების ხარებას წარწერის13 "ბანი", რომელიც მოხაზულობათა დახვეწილობით საგრძნობლად ჩამოუვარდება ჩვენთვის საინტერესო წარწერის "ბანი" მოხაზულობას. ზუსტად ანალოგიური "ბანი" ამოკვეთილია ლიხნის ტაძრის აღმოსავლეთ ქორედზე მოთავსებულ ორ მდივან-მწიგნობრულ წარწერათა ფრაგმენტებში.14 ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული წარწერას XI საუკუნით ვათარიღებთ.
ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება თერთმეტი სიტყვისაგან. იგი ვინმე შალვას მოსახსენებელ ტექსტს წარმოადგენს. წარწერა იწყება ტრაფარეტული ფორმულით უფალო შეიწყალე, რომლის პირველი სიტყვა უფალო დაქარაგმების გარეშე არის მოცემული, ხოლო მეორე სიტყვა შეიწყალე, ტრადიციულად შუაკვეცილობითი და ქარაგმებითაა წარმოდგენილი. ამის შემდეგ მოდის შემდეგი სიტყვები საწყალობელ სული შალვასი ანუ მოხსენებულია ის პიროვნება ვისი სულის მეოხებასაც შესთხოვენ უფალს, რასაც მოსდევს ლოცვითი ნაწილი: ლოცვა ყავთ ღმრთისათვის ღმრთისა მოყვარენო.
III იოვანეს სავედრებელი წარწერა (XI ს.)
წარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის პირველ ფილაზე; სწორი ეპიგრაფიუკული ნუსხური; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით; წარწერის მეორე და მესამე გრაფემები ფრაგმენტულად იკითხება; წარწერის ფართობი: 9.5×12; ყველაზე დიდი გრაფემის "ქანი" ზომაა: 9.5×0.8; ყველაზე პატარა გრაფემის "ინი" ზომა: 0.3×04; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.
პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით. განსაკუთრებით აღსანიშნავია წარწერის პირველი გრაფემის "ქანი" მოხაზულობა, რომელსაც მარცხენა მხარეს ზედა ნაწილი ზევით აქვს მიმართული, ხოლო მარჯვენა მკლავი ქვევით აქვს მიმართული. გრაფემა "ენი" ტექსტში დასტურდება სამჯერ, პირველ ორ შემთხვევაში გადმოცემულია სწორი მოხაზულობით, ხოლო მესამედ სწორ ეპიგრაფიკული ნუსხურითაა გადმოცემული, თუმცა ჰორიზონტალური ხაზები დახრილია მარჯვნიდან მარცხნივ. ასევე აღნიშვნის ღირსია, გრაფემების "შინი" და "ვინი" მოხაზულობა, კერძოდ, ორივე ასო სხვა ასოებთან (მხედველობაში გვაქვს გრაფემები: "ქანი", "ენი" შედარებით მცირე ზომისაა, თუმცა სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით არიან გადმოცემულნი. ასევე ყურადღებას იქცევს გრაფემის "ნარი" მოხაზულობა, რომლის ზედა ნაწილს ჩამოუდის სწორი ხაზი ქვემოთ, ასეთივე ანალოგიას ვპოულობთ გარეჯის მრავალწყაროს XI საუკუნის გიორგი ლავრელის წარწერაში15 მოყვანილ "ნარ"-თან, რომელსაც ზედა ნაწილის ხაზი ქვევით ჩამოუდის, თუმცა ჩვენთვის საინტერესო "ნარი"-გან განსხვავებით ზედა ნაწილი მომრგვალებული აქვს და გამხედრულებისაკენ არის მიმართული. ზუსტად ასეთივე "ნარი" არის იფარის წმიდა გიორგის ეკლესიის XI საუკუნის მეფოველთა სახელით ცნობილ წარწერაში ამოკაწრული.16 წარწერის მეორე და მესამე გრაფემები "ენი" და "შინი" დაზიანებულია: აღარ იკითხება ენის კბილები და შინის ზედა ნაწილი. გრაფემა შინი ოთხხაზოვან ბადის ზედა რეგისტრშია წარმოდგენილი. ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, აღნიშნული წარწერას XI საუკუნით ვათარიღებთ.
ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება სამი სიტყვისაგან. იგი ვინმე იოვანეს მოსახსენებელია. წარწერა იწყება ტრაფარეტული ფორმულით ქრისტე შეიწყალე, რომელიც, ტრადიციულად შუაკვეცილობითი დაქარაგმებით არ არის წარმოდგენილი.
IV მნათეს სავედრებელი წარწერა (XI ს.)
წარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის შუა წელზე, სამივე ფილაზე; სწორი ეპიგრაფიკული ნუსხური; 2 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით, ზოგ ადგილას აღენიშნება მცირე დაზიანებები; წარწერის ფართობი: 8×98.3; ყველაზე დიდი გრაფემის "ცინი" ზომა: 4.7×2; ყველაზე პატარა გრაფემის "ინი" ზომაა: 1.1×1; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.
პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით, რომელშიც შერეულია ასომთავრული გრაფემები: ღარი, შინი, დონი, ანი და რაე. აღსანიშნავია, რომ თანი პირველ შემთხევაში გადმოცემულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით, ხოლო მეორე შემთხევაში ასომთავრულით. ასო "მანი" წარწერაში ორჯერ არის მოცემული. გრაფემის "მანი" ზედა ნაწილი ზევით არის მიმართული, რომელსაც მუცელი მომრგვალებული აქვს, კერძოდ, პირველ შემთხევაში შეუკრავი, ხოლო მეორე შემთხვევაში შეკრული სახით. გრაფემა "უნი" წარწერაში ორჯერ გვხვდება. პირველ შემთხვევაში სამი კბილით, რომელსაც ჩამოუდის ოდნავ დახრილი სწორი ხაზი, ხოლო მეორე შემთხვევაში ორი კბილი ასვე ოდნავ დახრილი სწორი ხაზით. წარწერაში გრაფემა "დონი" ორჯერ გვხვდება და ოთხხაზოვანი ბადის ქვედა რეგისტრშია წარმოდგენილი, უფრო კონკრეტულად, დონი მართალია ასომთავრულია, მაგრამ მისი მუცელი მოკლე ყელთან დაკავშირებისას (თითქმის არ ჩანს ყელი) მარცხნივ გახსნილია და ამით გარდამავალი მხედრული "დონი" მოხაზულობისაკენ მიდრეკილებით არის გამოცემული. "დონი" წარწერაში ორჯერ გვხდება და ორივეჯერ ერთიდა იგივე მოხაზულობით. მსგავსი მოხაზულობის დონი გვხდება XI საუკუნის სხვა ეპიგრაფიკულ ძეგლებში: დარკვეთის ეკლესიისა17 და მრავალძალის კეთილად მოღუაწეთა18 წარწერებში. ასო "ონი" წარწერაში ორგზის არის მოყვანილი და ორი დახრილი კბილით არის წარმოდგენილი. ასევე "რაე" მარცხენა მკლავი არსად არ უერთდება მთავარ ხაზს, რაც აღნიშნული წარწერის ერთ-ერთ მთავარ თავისებურებას წარმოადგენს. წარწერაში ცინი და ხარის ფეხი მორკალულია და ჩამოდის ოთხხაზოვანი ბადის ქვედა რეგისტრში. წარწერაში მხოლოდ ერთი სიტყვა "ღ(მერ)თმ(ა)ნ" არის დაქარაგმებული და აღნიშნულ სიტყვას ქარაგმა (სწორი განივი, მარცხნიდა მარჯვნივ ზევით აწეული ხაზი) უზის გრაფემების "მანი"-სა და "ნარ"-ს შორის. აღნიშნული პალეოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, აღნიშნული წარწერა XI საუკუნით უნდა დათარიღდეს. ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება რვა სიტყვისაგან. იგი ვინმე მნათეს ანუ სტიქაროსანის მოსახსენებელია. წარწერა არ იწყება ტრაფარეტული ფორმულით: ქრისტე შეიწყალე ან უფალო შეიწყალე, პირიქით, აქ არის მიმართვა ღმრთისადმი, რომ არ შეუნდოს ცოდვანი მნათესა, რომელიც წარწერისავე შინაარსის მიხედვით, ცხუარია. ჩვენი აზრით, ამ წარწერიდან ჩანს დიდი სულიერება მნათესი, რომელიც იმდენად უღირსად თვლის თავის თავს უფლის წინაშე, რომ თავდამბლობის ნიშნად ცოდვების არ შენდობას თხოვს, თუმცა წარწერის ბოლოს დასძენს, რომ ის უფლის ცხვარია მისი ქრისტიანობის დადასტურების ნიშნად. აღნიშნულ წარწერის ანალოგიას წარმოადგენს ბეთანიის ტაძრის ერთ-ერთი მხატვრის - სოფრომის წარწერა, რომელიც შემდგომი შინაარსისაა: "უფალო ნუ შეუნდობ სოფრომს".19 ასევე განძის წმიდა იოვანეს ეკლესიის XIII-XIV საუკუნეების ასომთავრული წარწერა: "უ(ფალ)ო არ შ(ეიწყალ)ე".20
V შარიაქას სავედრებელი წარწერა (XI ს.)
წარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის პირველ ფილაზე; სწორი ეპიგრაფიკული ნუსხური; 5 სტრიქონი; ამოკაწრულია დაბალი კვეთით; ზოგ ადგილას აღენიშნება დაზიანებები, განსაკუთრებით - წარწერის მეოთხე და მეხუთე სტრიქონებზე; წარწერის ბოლო ნაწილი გადაშლილია და შესაბამისად აღარ იკითხება; წარწერის ფართობი: 13.5×22; ყველაზე დიდი გრაფემის "წილი" ზომაა: 2.8×1; ყველაზე პატარა გრაფემის "ანი" ზომაა: 0.3×0.3; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი
პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერა შესრულებულია მაღალი და წვრილი ასოებით. გრაფემები განლაგებულია ოთხხაზოვან საწერ ბადეში. პირველ სამ სტრიქონში დაცულია ჰორიზონტალურობა, ხოლო მეოთხე და მეხუთე სტრიქონები ამოკაწრულია ოდნავ გასწვრივ. წარწერაში მოცემული ნუსხური ასოების უმეტესობა (ქანი, წილი, ინი, ენი, ყარი, რაე, სანი...) გადმოცემულია სწორი და არა გვერდზე გადახრილი მუხაზულობით. აქედან გამომდინარე, წარწერის დამწერლობა შეიძლება ჩაითვალოს როგორც სწორი ეპიგრაფიკული ნუსხური, თუმცა შერეულია ასომთავრული "ანი". სწორი ტანგამართული ნუსხური დამწერლობა დამახასიათებელია XI ს.-თვის, პარალელის სახით შეიძლება დასახელდეს როგორც ხელნაწერები (A-1769, H-1741, შ-1276, A-996, A-844), ისე ეპიგრაფიკული ძეგლები (მრავალწყაროს XI ს.-ის წარწერები, ატენის X-XI სს. წარწერები).
გრაფემა ანი წარწერის ტექსტში თექვსმეტჯერ არის გამოყენებული. აქედან პირველ ექვს შემთხვევაში იგი გადმოცემულია ასომთავრული ანი-ს სახით, ხოლო დანარჩენ ათ შემთხვევაში ნუსხური დამწერლობითაა შესრულებული. გრაფემა "განი" წარწერაში სამჯერ არის ამოკაწრული, რომელსაც მარჯვნივ გაზიდული მუცელი აქვს. მისი მუცლის ზედა ნაწილი საკმაოდ მკვეთრ რკალს აკეთებს. აგრეთვე, მკვეთრად არის გაზიდული მარჯვნივ, გრაფემა "შინის" ქვედა ვერტიკალური ხაზებიც, რომლებიც დაკუთხული, ან მომრგვალებული ფორმითაა გადმოცემული, ხოლო მუცელი ღრმა რკალს ხაზავს. ასო "მანი" წარწერაში ოთხჯერ არის მოცემული. გრაფემის "მანი" ზედა ნაწილი ზევით არის მიმართული, რომელსაც მუცელი ორ შემთხვევაში მომრგვალებული აქვს, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ოთხკუთხედი ფორმის მუცელი აქვს. აღნიშვნის ღირსია გრაფემის "ქანი" მოხაზულობა, რომელიც სამგზის არის ამოკაწრული. პირველ შემთხვევაში იგი ქანწილის სახითაა მოცემული და შესრულებულია სწორი ეპიგრაფიკული ნუსხურით, ხოლო დანარჩენ ორ შემთხვევაში ასოს "ქანი" მთავარი ხაზი მორკალული ფორმითაა წარმოდგენილი და მის ვერტიკალურ, განივ ხაზს დამატებითი მცირე ზომის ხაზები აქვს (მარჯვენა მხარეს დაბლა მიმართული, ხოლო მარცხენა ნაწილში ზევით აზიდული). ასო "უნი" წარწერაში ორი კბილითაა შესრულებული. გრაფემის "ვინი" მთავარი ვერტიკალური ხაზი მკვეთრად არის გაზიდული მარჯვნივ. საინტერესოა გრაფემის "სანი" მოხაზულობაც, იგი არ იკეთებს მუცლის რკალს და მცირე ზომის მარჯვნივ გაზიდული ჰორიზონტალური ხაზით არის გადმოცემული, რომელსაც ქვევით მიმართული მცირე, ვერტიკალური ხაზი აქვს. ასოს "ცინი" ფეხი საკმაოდ გრძელია. წარწერაში მხოლოდ ერთი სიტყვა "გ(იორგ)ი" არის დაქარაგმებული და აღნიშნულ სიტყვას ქარაგმა (სწორი განივი ხაზი) უზის გრაფემა "განი"-სა და "ინი"-ს შორის. ჩვენთვის საინტერესო წარწერა პალეოგრაფიული თვალსაზრისით დიდი მსაგვასებას ამჟღავნებს გარეჯის მრავალწყაროს XI საუკუნის დავითის წარწერასთან,21 და სხვ. აღნიშნული პალეოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, აღნიშნული წარწერას XI საუკუნით უნდა დათარიღდეს.
ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება ოცდაორი სიტყვისაგან. იგი ვინმე შარიაქას სავედრებელ ტექსტს წარმოადგენს. წარწერის დასაწყის ნაწილში შარიაქა შეწყალებას სთხოვს წმიდა გიორგის და ცოდვებისა თუ სხვა ზრახვების შენდობას სთხოვს:"ქ. წმიდა გ(იორგ)ი შეიწყალე მონაი შენი შარიაქა და შეუნდვენ ცოდვანი და სხუანი ზრახვიენ რაიმე". ამის შემდეგ მიმართვის ადრესატი არის თავად უფალი, რომელსაც მოიხსნიებს, როგორც გონიერ ხესა და მშვენიერ სამყაროს: "გრქოა შენ, გონიერო ხეო, [უ]ფალო, შუენიერო სამყარო". როგორც ცნობილია, ხე უძველესი დროიდან სიცოცხლის ანუ ქრისტეს სიმბოლოა და აქედან გამომდინარეა, რომ წარწერის ამომკაწვრელი უფალს "გონიერი ხეო"-ს ეპიტეთით მოიხსენებს.
VI თორნიკეს სავედრებელი წარწერა (XI ს.)
წარწერა ამოკვეთილია დაზიანებული ქვის მეორე და მესამე ფილაზე; მდივან-მწიგნობრული მხედრული; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია მკაფიო კვეთით; წარწერის ფართობი: 11×30.5; ყველაზე დიდი გრაფემის "კალი" ზომა: 9.7×1; ყველაზე პატარა გრაფემის "ონი" ზომა: 0.3×2.2; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია სწორი განივი ხაზი.
პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. იგი შესრულებულია მდივან-მწიგნობრული მხედრულით. წარწერაში პირველი (წილი) და ბოლო (კალი) გრაფემები სხვა ასოებთნა შედარებით გრძელია. წარწერის პირველი გრაფემა "წილი" გადმოცემულია სამი კბილის მეშვეობით. ასეთივე წილი შესრულებულია 1072/1073 წლების ვაჩე პროტოსპატარისა და იპატოსის და პეტრიკ პატრიკისა და მწიგნობართუხლით ცნობილ წარწერაში,22 კერძოდ, წარწერის მეორე სტრიქონის დასაწყისს სიტყვა "შემეწიე"-სა და ამავე სტრიქონის სიტყვა "წინამიმდებარეთა"-ში. ასვე საინტერესო მოხაზულობით გამოირჩევა გრაფემა "კალი", რომელსაც მუცელი არ ეკვრის. ასეთივე "კალი" გვხვდება ლიხნის ტაძრის XI საუკუნის 60-იანი წლებით დათარიღებულ პეტრიკოპულის წარწერაში.23 ჩვენთვის საინტერესო წარწერაში ამოკაწრული "განი" და "შინი" დიდ მსგავსებას ამჟღავნებს ლიხნის ტაძრის აღმოსავლეთ ქორედის XI საუკუნის წარწერის განთან და შინთან.24 წარწერაში ასო "ონი" ორჯერ არის ამოკაწრული. პირველ შემთხვევაში თანამედროვე "ონი" მოხაზულობისაა, ხოლო მეორე შემთხვევაში უფრო გარდამავალი მხედრულის "რაე" წააგავს. ასეთივე "ონი" ამოკაწრულია XI საუკუნის ბერდო ამროლაისძის წარწერაშიც.25 აღნიშნული პარალელებისა და პალეოგრაფიული მონაცემების გათვალისწინებით, აღნიშნული წარწერა XI საუკუნით უნდა დათარიღდეს.
ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება ოთხი სიტყვისაგან. იგი ვინმე თორნიკეს სავედრებელ ტექსტს წარმოადგენს. თორნიკეს სავედრებელი მიმართულია შარიაქას სავედრებელი წარწერის მსგავსად წმიდა გიორგისადმი. სწორედ აღნიშნული წმიდანისაგან ითხოვს ჩვენთვის საინტერესო პირი შეწყალებას. წარწერა იწყება ფორმულით: წ(მიდა)ო გ(იორგ)ი შ(ეიწყალ)ე, რომელიც, ტრადიციულად შუაკვეცილობითი დაქარაგმებით არის წარმოდგენილი. ამის შემდეგ მოდის სახელი თორნიკე "თორნიკ"-ის ფორმით
VII სავედრებელი წარწერის ფრაგმენტი (XI ს.)
წარწერა ამოკაწრულია დაზიანებული ქვის მეორე ფილაზე; გარდამავალი მხედრული; 1 სტრიქონი; ამოკაწრულია მკაფიო კვეთით; წარწერის ფართობი: 9×11.3; ყველაზე დიდი გრაფემის "ქანი" ზომა: 8×2; ყველაზე პატარა გრაფემის "ღარი" ზომა: 0.4×0.5; განკვეთილობის ნიშნები არ ახლავს; ქარაგმის ნიშნად გამოყენებულია მაცხნიდან მარჯვნივ დახრილი სწორი განივი ხაზი.
პალეოგრაფიული დახასიათება: წარწერის ასოები განლაგებულია ოთხხაზოვან ბადეში. შესრულებულია გარდამავალი მხედრულით. წარწერის პირველი გრაფემა "ქანი" გადმოცემულია სწორი ვერტიკალური ხაზით და ჰორიზონტალური ხაზი კი აზიდულია მარცხნიდან მარჯვნივ. გრაფემა "ენი" გადმოცემულია გარდამავალი მხედრულისათვის დამახასიათებელი დაკუთხული, ორკბილა ზედა განივი ხაზით და გრძელი ოდნავ მარცხნივ შეღუნული ვერტიკალური ხაზით. ასეთივე "ენი" ამოკაწრულია ნიკოლოზის სავედრებელ წარწერაში (იხ. ზემოთ: I წარწერა). შემდგომი სამი გრაფემა "ღარი", "თანი" და "ონი" ამოკაწრულია გადაბმით.
ტექსტის ანალიზი: ტექსტი შედგება ორი სიტყვისაგან, რომლებიც გადმოცემულია შუაკვეცილობითი დაქარაგმებით და იკითხება შემდეგი სახით - "ქრისტე ღმერთო". იგი ვინმე ანონიმის სავედრებელ ტექსტს წარმოადგენს და არ შეიცავს არანაირ ინფორმაციას დამწერის ვინაობის შესახებ. მსგავსი ფორმულირებები გვხდება როგორც ადრეულ, X-XI საუკუნეების (დაღეთის ეკლესიის წარწერა)26, ასევე გვიანდელ XVII-XVIII საუკუნეების ეპიგრაფიკულ ძეგლებში. (უდაბნოს მონასტრის წარწერები).27
1. ფოთოლეთის ნაკაწრ წარწერათა ისტორიულ-წყაროთმცოდნეობითი ანალიზი
როგორც ცნობილია, IX საუკუნის 40-იან წლებში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეებმა - თეოდორემ და ქრისტეფორემ ქართლში, სამცხის მოსაზღვრე მხარეში დაარსეს ორი მონასტერი: ნეძვი და კვირიკეწმიდა.
გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების მიხედვით, გრიგოლი და მისი მოწაფეები - თეოდორე და ქრისტეფორე `წარვიდეს ზოგად სამცხისა და ქართლისა არეთა მათ უდაბნოთა, და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ და აღაშენეს სენაკები ორგანვე. და უწოდეს თევდორÀს ვანსა ნეძÂ, ხოლო ქრისტეფორÀსსა კÂრიკე-წმიდაÁ, და მოწაფენი დაუტევნეს"28
პირველი სავანის - ნეძვის ადგილმდებარეობის საკითხი ქართულ სპეციალურ ლიტერატურაში გადაჭრილია და მას ახალდაბიდან 12 კილომეტრით დაშორებით მდებარე, თითქმის დანგრეულ სამონასტრო კომპლექს - ნეძვთან აიგივებენ,29 რაც შეეხება კვირიკეწმიდის ადგილმდებარეობის საკითხის ლოკალიზებას, მდგომარეობა აქ უფრო რთულადაა.30
ხელოვნებათმცოდნე დავით ხოშტარია ფოთოლეთის ეკლესიას ქრისტეფორეს მიერ დაარსებულ კვირიკეწმიდასთან აიგივებს. მეცნიერი თავის 1985 წელს ჟურნალ მაცნეს პირველ ნომერში გამოაქვეყნებულ წერილში "კვირიკეწმიდის მდებარეობის საკითხისათვის" აღნიშნავს, რომ კვირიკეწმიდის "ლოკალიზაციის საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის. ამ საკითხის გადაჭრა უკავშირდება მთელ რიგ პრობლემებს, ერთი მხრივ, ისტორიული გეოგრაფიის, ხოლო, მეორე მხრივ, არქიტექტურის ისტორიის სფეროებიდან".31
ამის შემდეგ ქრონოლოგიური თანმიმდევრობით მოჰყავს ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმული მოსაზრებები კვირიკეწმიდის ლოკალიზაციის შესახებ.
მეცნიერი ყურადღებას ამახვილებს "გრიგოლ ხანცთელის" ცხოვრებაში დაცულ ციტატაზე, რომლის მიხედვითაც ვიგებთ, რომ ნეძვი და კვირიკეწმიდა დაარსებულა "ზოგად სამცხისა და ქართლისა არეთა მათ უდაბნოთა... ქართლსა შინა". ეს ფრაზა ავტორს აფიქრებინებს, რომ "აღნიშნული მონასტრები გაშენდა ერთიმეორის უშუალო სიახლოვეს".32 ამის პარალელურად, მეცნიერი ითვალისწინებს იმ ფაქტსაც, რომ ქართლ-სამცხის სასაზღვრო პუნქტი მტკვარზე VIII-X საუკუნეებში იყო ტაშისკართან, რაც სავსებით შეესაბამება ნეძვის ადგილმდებარეობას. იგი ასევე ითვალისწინებს იმ მოსაზრებასაც, რომ ქართლ - სამცხის საზღვარი VIII-X საუკუნეებში სულ ტაშისკარზე არ გადიოდა და ის სოფელ დვირზეც ინაცვლებდა ხოლმე. მისი აზრით, ამ შემთხვევაში კვირიკეწმინდა და ჩითახევის ეკლესია კი ჯდება სასაზღვრო ზოლში, მაგრამ ნეძვის ძალზედ სცილდება მას. აქედან გამომდინარე, მას ნაკლებად დამაჯერელად მიაჩნია ქრისტეფორეს მიერ აშენებული ეკლესიის საკვირიკისა და ჩითახევის მონასტრებთან გაიგივების შესაძლებლობა. უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომ კვირიკეწმინდა უნდა მდებარეობდეს ნეძვის მახლობლად, ახალდაბის სექტორში.
აღნიშნულ სექტორში მას ყველაზე მეტად საყურადღებოდ ფოთოლეთის მონასტერი მიაჩნია, რასაც მოსდევს ტაძრის მისეული დეტალური არქიტექტურული აღწერა და მიდის შემდგომ დასკვნამდე, რომ "ფოთოლეთის ეკლესია, რომელსაც, როგორც ზემოთ ვნახეთ, ზუსტად უდგება კვირიკეწმიდის მდებარეობის მერჩულესეული განსაზღვრა, არქიტექტურითაც შეეფერება ქრისტეფორეს სავანის დაარსების ხანას და თანაც ძლიერ წაააგავს ნეძვის ტაძარს. ამ მომენტების დამთხვევა, ვფიქრობთ, საფუძველს გვაძლევს გავაიგივოთ კვირიკეწმიდის მონასტერი დღევანდელ ფოთოლეთთან. რა თქმა უნდა, იდენტიფიკაციის ეს ვერსია უეჭველი არ არის და ზოგიერთ პირობითობასთანაა დაკავშირებული, მაგრამ ჩვენი დღევანდელი ცოდნის დონეზე, ყველა არსებული მონაცემის გათვალისწინებით ის ყველაზე სარწმუნო უნდა იყოს".33
დ. ხოშტარიამ თავისი აზრს კვირიკეწმინდის ადგილმდებარების შესახებ კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა თავის 1986 წლის ნაშრომში "X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის-საკირის მიდამოებში".
ავტორი სანამ უშუალოდ აღნიშნული მონასტრების ხუროთმოძღვრულ აღწერაზე გადავიდოდეს შესავალ ნაწილში ამბობს, რომ X საუკუნის 40-იან წლებში აგებული მონასტრების "უადრესი წარმომადგენლები ...არის თეოდორეს მიერ დაარსებული ნეძვის "დიდებული ლავრა" და, ალბათ, ამჟამად ფოთოლეთის სახელით ცნობილი ნამონასტრალი, რომელიც, ჩვენი აზრით, უნდა იყოს ქრისტეფორესეული კვირიკეწმიდის სავანე".34
ამის შემდეგ სქოლიოში უთითებს თავის სტატიას კვირიკეწმიდის ადგილმდებარეობის შესახებ, რომლის შემდეგაც დასძენს, რომ "ამ წერილის დაბეჭდვის შემდეგ გამოვიდა დ. ბერძენიშვილის ზემოთ დასახელებული ნაშრომი თორ-ჯავახეთის ისტორიული გეოგრაფიის შესახებ, რომელში შემოთავაზებულია ნაწილობრივ ახალი გეგმა გიორგი მერჩულეს ცნობებისა კვირიკეწმიდის მდებარეობის თაობაზე (გვ.16). დ. ბერძენიშვილი სავსებით სწორად შენიშნავს, ფრაზაში "და წარვიდეს ზოგად ქართლისა და სამცხისა არეთა მათ უდაბნოთა და პოვნეს ორნი ადგილნი სამონასტრედ..." (ლაპარაკია თეოდორესა და ქრისტეფორეს წასვლაზე ხანძთიდან გრიგოლის თანხლებით ახალი მონასტრების დასაარსებლად. "ზოგად" ვითარების გარემოებაა ("წარვიდეს ზოგად", ე.ი. ერთად) და არა განსაზღვრება ("ზოგადი არე", როგორც საზოგადო, სასაზღვრო არე - ასე ესმოდათ ეს ადგილი ი. ჯავახიშვილს, პ. ინგოროყვას და მათს კვალდაკვალ მთელ რიგ სხვა მკვლევარებსაც, მათ შორის ჩვენც). ამით საფუძველი გამოეცალა მოსაზრებას, თითქოს კვირიკეწმიდა მაინცდამაინც ქართლ-სამცხის საზღვრის მიდამოებში მდებარეობდეს, მაგრამ სხვა არგუმენტები ფოთოლეთ-კვირიკეწმიდის იგივეობის სასარგებლოდ რჩება და დღესდღეობით, ვფიქრობთ, ეს მაინც ყველაზე მისაღები ვერსია კვირიკეწმიდის ლოკალიზაციისა, სხვათა შორის, დ. ბერძენიშვილიც შენიშნავს, რომ ფოთოლეთი თეოდორეს თანამშრომელთა გაშენებული უნდა იყოს".35
მართალია, დ. ბერძენიშვილი შენიშნავს, რომ "ნეძვის მიდამოებში არის კიდევ ორი მონასტერი: ივანე ნათლისმცემლისა სარმანიშვილის ხევში და ფოთოლეთისა - ახალდაბის ციხის დასავლეთით. ორივე ძლიერ წააგავს ნეძვის მონასტერს და მისი თანადროულნი უნდა იყვნენ, შესაძლოა გრიგოლ ხანძთელის მოწაფის - თევდორეს თანამშრომელთა ღვაწლით ნაგებიც კი".36 თუმცა ის არ აკონკრეტებს იმ ფაქტს, რომ აღნიშნული ორი მონასტერი ქრისტეფორეს მიერ იყო აგებული. ჩვენი აზრით, თევდორეს თანამშრომელთაში გულისხმობს მის სხვა დამხმარე პირებს და არა მაინცდამაინც ქრისტეფორეს, როგორც ეს აქვს გაგებული დავით ხოშტარიას. უფრო მეტიც, დ. ბერძენიშვილი იზიარებს იმ აზრს, რომ ქრისტეფორესეული კვირიკეწმიდა ქვაბისხევის პირდაპირ მდებარე საკვირიკეს სამონასტრო კომპლექსთან უნდა იქნეს გაიგივებული. ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ "...საკვირიკეს მიჩნევა კვირიკეწმიდად; სახელის სამონასტრო კომპლექსის, სოფლის არსებობის გარდა, ამას მხარს უჭერს მისი ქართლ-სამცხის საზღვარზე არსებობაც, რაც გადამწყვეტი მნიშვნელობისა ჩანს."37
1987 წელს დავით ხოშტარიას თავის საკანდიტატო დისერტაციაში "IX-X საუკუნეების ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში" იგივე აზრი აქვს გატარებული ფოთოლეთი ეკლესიიის კვირიკეწმიდის მონასტერთან გაიგივების შესახებ.38
როგორც ვნახეთ, დღემდე ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში კვირიკეწმიდის მონასტრის ლოკალიზაციის შესახებ რამოდენიმე მოსაზრება არსებობდა. მეცნიერთა ერთი ნაწილი (პ. ინგოროყვა, ს. ჯიქია) ქრისტეფორეს მიერ დაარსებულ კვირიკეწმიდას სოფელ საყუნეთის სექტორში, სოფელ კოპაძესთან აკავშირებდა, მეორე ნაწილი (ნ. ბერძენიშვილი, გ. ჩუბინაშვილი, ს. მაკალათია, გ. ზედგინიძე, დ. ბერძენიშვილი, ვ. აბულაძე,) აღნიშნულ მონასტერს სოფელ დვირთან მოიაზრებდნენ, მესამე ნაწილმა (რ. მეფისაშვილი) კვირიკეწმიდა არქიტეტურული მონაცემების საფუძველზე ჩითახევის მონასტერთან გააგივა, ხოლო მეოთხე ნაწილი (დ. ხოშტარია) კვირიკეწმინდას აიგივებს ფოთოლეთის ეკლესიასთან ისტორიულ - გეოგრაფიული და ხუროთმოძღვრული თვალსაზრისით.
მას შემდეგ, რაც გავეცანით ქართულ ისტორიოგრაფიაში გამოთქმულ მოსაზრებებს ჩვენთვის საინტერესო საკითხის გარშემო, ჩნდება ლოგიკური კითხვა - რამდენად შეესაბამება რეალობას ქრისტეფორეს მიერ დაარსებული კვირიკეწმიდის ფოთოლეთის ეკლესიასთან გაიგივება?
აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გაცემის მიზნის კიდევ ერთხელ მოვიტანთ ფოთოლეთის ნაკაწრ წარწერათა ტექსტების ჩვენეულ წაკითხვებს:
* ქ(რისტ)ე, შ(ეიწყალ)ე ნიკოლოზ
* ქ. უფალო, შ(ეიწყალ)ე საწყალობელ{ი} სული შალვასი, ლოცვა ყავთ ღ{მრ}თისათუ{ი}ს ღ(მრ)თისა მოყვარენო
* ქ(რისტ)ე, შ{ეიწყალ}ე ი{ო}ვანე
* ღ(მერ)თმ(ა)ნ ნუ შეუდნეს ცოდვანი მნ{ა}თესა, რ{ომე}ლ ცხოარ არს
* ქ. წმიდა გ(იორგ)ი, შეიწყალე მონაი შენი შარიაქა და შეუნდვენ ცოდვანი და სხუანი ზრახვიენ რაიმე, გრქოა შენ, გონიერო ხეო, {უ}ფალო, შუენიერო სამყარო, სა...
* წ(მიდა)ო გ(იორგ)ი, შ(ეიწყალ)ე თორნიკ
* ქ(რისტ)ე ღ{მერ}თო
როგორც ვხედავთ, ზემოთმოყვანილი 7 წარწერიდან მეხუთე და მეექვსე წარწერაში სავედრებელი მიმართულია წმიდა გიორგისადმი, რაც კიდევ ერთხელ დოკუმენტურად ეწინააღმდეგება ქართულ სამეცნიერო წრეებში ბოლო დროს დამკვიდრებულ მოსაზრებას კვირიკეწმიდის ფოთოლეთის მონასტერთან გაიგივებასთან (დ. ხოშტარია) დაკავშირებით. პირიქით, აღნიშნულ ორ წარწერაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ფოთოლეთის ეკლესია წმიდა გიორგის სახელობის მონასტერს წარმოადგენდა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარწერაში მოხსენიებული პირები სასოებას წმიდა კვირეკესაგან ითხოვდნენ, მაგრამ როგორც ზემოთ ვნახეთ, ეს ასე არ არის, პირიქით ისინი წმიდა გიორგისაგან ითხოვენ მეოხებას. ასევე სრულიად დაუჯერებელია IX-X საუკუნეებში აგებული მონასტრის სახელობა დავიწყებას მისცემოდა XI საუკუნეში.
მართალია, აღნიშნული წარწერიანი ქვა არქეოლოგიური გათხრების დროს სარკოფაგის თავზე იყო განთავსებული, თუმცა ჩვენ ვფიქრობთ, რომ მან მეორადი გამოყენების ფუნქცია შეიძინა. ამას გვაფიქრებინეს ის, რომ სავსებით დაუჯერებელია საფლავის ქვაზე ნაკაწრი წარწერები შეესრულებინათ XI საუკუნეში და მას დღემდე ჩვენამდე მოეღწია. ამის პრაქტიკა ქართულ ეპიგრაფიკაში საერთოდ არ მოგვეპოვება. ამის საპირისპიროდ კი სავედრებელი წარწერები ეკლესია - მონასტერთა ექსტერიერში და ინტერიერში კი მრავლად გვხდება. ამ მიზნით ჩვენ მოვინახულეთ ფოთოლეთის ეკლესია და ტაძრის ექსტერიერში მრავლად მოიპოვება ამგვარი ტიპის ქვები, რაც გვაფიქრებინებს იმას, რომ თავდაპირველად ეს წარწერიანი ქვაც ტაძრის ექსტერიერში იყო განთავსებული.
ამრიგად, ფოთოლეთის ეკლესიის ნაკაწრ წარწერათა მეშვეობით ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ბოლო დროს გაბატონებული მოსაზრება კვირიკეწმიდა - ფოთოლეთის იდენტიფიკაციასთან დაკავშირებით (დ. ხოშტარია) გაბათილებულ იქნა. აქედან გამომდინარე, ჩვენს მიერ ზემოთმოყვანილი სხვა დანარჩენი მოსაზრებების გაზიარება ან უარყოფა კვირიკეწმიდის ადგილმდებარეობის საკითხის შესახებ მომავალი კვლევის საგანს წარმოადგენს
Appendix 1
Tamaz Gogoladze, Irakli Gelashvili, Nini Kharshiladze
Graffiti from the Potoleti Church and their Analysis by Means of Historical and Source Study Methods
Summary
Several opinions have been circulating among Georgian scholars about location of the Kviriketsmida Monastery until now. Based on historical-geographical and architectural analysis, certain scholars (D. Khoshtaria) identified Kviriketsmida with Potoleti church.
In a course of archaeological excavations of the monastery in 2008, a cist was unearthed within the north cloister, to the west of the prothesis. Seven graffiti in mixed nuskhuri and mkhedruli scripts were found on the cist leadtombstone. In spring and summer 2014 we have visited the site several times with the purpose of studying these inscriptions. We have made paleographic copies of the graffiti and have photographed them. In situ study of the graffiti has shown that by content they belong to supplication inscriptions. Based on paleographic peculiarities, we have dated the graffiti to the 11th century.
Supplications found in the fifth and sixth inscriptions out of the seven graffiti on the cist lead are addressed to St. George. This fact contradicts to identification of Kviriketsmida with Potoleti church (D. Khoshtaria) accepted by Georgian scholars lately. On the contrary, the both above-mentioned inscriptions indicate that the Potoleti church was a branch of St. George Monastery. Otherwise, individuals mentioned in the inscriptions would have asked for assistance from St. Kvirike. But as we have noted above, their supplications are addressed to St. George. It is hard to believe that the name of the monastery built in the 9th c. - first half of the 10th century, by the 11th century was already forgotten.
In spite of the fact that the unearthed slab with graffiti was used as a tombstone, we consider it a secondary use stone, because it is hard to believe that the 11th-century graffiti on a tombstone could have survived till now. We are not aware of such cases in the Georgian epigraphy. On the other hand, supplication inscriptions were often scratched on exterior and interior walls of churches. We have examined walls of the Potoleti church and found out that the stones similar to the tombstone under consideration are abundantly used in the masonry of the church interior. Based on this, we consider that initially the slab with graffiti was a part of the church interior decoration.
Thus, based on the analysis of graffiti from Potoleti church we have refuted consideration about identification of Kviriketsmida with Potoleti church (D. Khoshtaria) accepted by Georgian scholars lately.
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3 აღნიშნული კანკელის თარიღს პირველად ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გვაძლევს რენე შმერლინგი იხ. რ. შმერლინგი, ქართული ხუროთმოძღვრული ორნამენტი, ტექსტი, მასალის შერჩევა და ნახატები რენე შმერლინგისა, ტაბულები შეადგინა ა. კრავჩენკომ, "სახელმწიფო გამომცემლობა", თბილისი 1954 წელი გვ. 46; იხ. აგრეთვე: Шмерлинг Р, Малые формы в архитектуре средне вековой Грузии, Тб., 1962 г, გვ.53-54.
4 ფოთოლეთის კანკელის შავ-თეთრი ფოტოები იხ. Mepisaschwili R, V. Zinzadze, Die Kunst des alten Georgien, Leipzig, 1977, გვ.240-241
5 აღნიშნული წარწერების შესახებ ინფორმაცია მოგვაწოდა ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორმა - დავით ხოშტარიამ, რისთვისაც მას დიდ მადლობას მოვახსენებთ. მეცნიერმა ამასთან ერთად გვაცნობა, რომ აღნიშნული წარწერების წაკითხვაში მას დახმარება გაუწია ხელოვნებათმცოდნეობის მეცნიერებათა დოქტორმა - გიორგი გაგოშიძემ. ფოთოლეთის ეკლესიის კანკელის წარწერების ნაწილი მეცნიერს მოტანილი აქვს თავის საკანდიტატო დისერტაციაში "IX-X საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში". ავტორი საუბრობს რა ფოთოლეთის ეკლესიის X საუკუნით დათარიღებული კანკელის შესახებ, ამის შემდეგ შენიშვნის სახით გააქვს შემდეგი: "ფოთოლეთის კანკელზე საინტერესოა წვრილი ნუსხური ასოებით შესრულებული წარწერები. ისინი შესრულებულია აღსავლის კარების ჩრდილოეთ წირთხლზე. სულ შემოინახა შვიდი წარწერა. მოგვყავს ქარაგმების გახსნით:
1. გაკეთებულია ძირიდან დაახლოებით 80 სმ-ზე: "ხატო ღვთაებისაო შეიწყალე დამიანე ბდე..." (ბოლო სამი გრაფემა აღარ იკითხება. უკანასკნელი "ენ"-ის თავზე ქარაგმაა).
2. პირველი წარწერიდან ცოტა ქვემოთ უფრო გაკრული ხელით ორ სტრიქონად ამოკვეთილია ქართული ანბანი: ა ბ გ დ ე ვ ... და ა. შ.
3. ძირიდან 50-იოდე სმ-ზე: "ხატო ღვთაებისაო შემიწყალე"
4. ზედ წინა წარწერის ქვეშ: "ხატო ღვთაებისაო ( ) შეიწყალე ბასილი კახი".
5. ძირიდან დაახლოებით 20 სმ-ზე: "ქრისტე კვირიკე (ან კონსტანტინე) შეიწყალე".
6. სულ ქვემოთ, თითქმის ზედ იატაკთან: "ხატი მოვიდა". ეს წარწერა განსაკუთრებით საყურადღებოდ გვეჩვენება. ეტყობა ის ეხმაურება რომელიღაც ცნობილი ხატის გადმოსვენებას ფოთოლეთის ეკლესიაში.
7. იმავე სვეტის პირითა წახნაგზე მიახლოებით მეხუთე წარწერის დონეზე ორნამენტებს შორის ამოკვეთილია ორი ასო ქარაგმით - კე ე. ი. ისევ კვირიკე ან კონსტანტინე. ფოთოლეთის კანკელის წარწერები დღემდე შესწავლილი და გამოცემული არ არის. წინასწარული შეფასებით ისინი შეიძლება X-XII საუკუნეებს მიეკუთვნოს" (დ. ხოშტარია, "IX-X საუკუნეების ხუთრომოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში", საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბილისი, 1987 წელი, გვ.108-109). ჩვენ ამა წლის ზაფხულში მოვინახულეთ აღნიშნული კანკელის ქვა და მისი წარწერები, ამოვიკითხეთ კანკელის ქვის სვეტზე შესრულებული ნაკაწრი წარწერები, მოვახდინეთ მათი ფოტოფიქსაცია. ფოთოლეთის კანკელის წარწერების ჩეენეული წაკითხვები და ჩვენს მიერ ჩატარებული ისტორიულ - წყაროთმცოდნეობითი ანალიზი სულ მალე ცნობილი გახდება ფართო სამეცნიერო წრეებისათვის.
6 რ. ხვისტანი, მასალები საქართველოს ქრისტიანული არქეოლოგიისათვის, თბილისი 2009 წელი, გვ.98.
7 სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო-საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი 1988 წელი, გვ.238-239; 243; 245; 251; 260-262; 278.
8 სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II ეპიგრაფიკული ძეგლები, ტექსტები გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევები და სამეცნიერო - საცნობარო აპარატი დაურთო ვალერი სილოგავამ, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი 1988 წელი, გვ.238-239.
9 სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II გვ. 240-241.
10 სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II..., გვ.267.
11 სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II გვ.333.
12 სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II გვ.352.
13 სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II გვ.369.
14 ვ. სილოგავა, სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი 2004 წელი, გვ.214-215
15 ვ. სილოგავა, წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან (IX-XIII სს.), პალეოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა, გამომცემლობა "ინტელექტი", თბილისი 1999 წელი, გვ.149.
16 სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II, გვ. 333.
17 დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი 1980 წელი, გვ.76; 79; 80.
18 დასავლეთ საქართველოს წარწერები, ნაკვ. I (IX-XIII სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ვალერი სილოგავამ, გამომცემლობა "მეცნიერება", თბილისი 1980 წელი, გვ.95.
19 არქიმანდრიტი ლაზარე, ივერიის ბეთანია, თბილისი 1994 წელი, გვ.18.
20 ჯავახეთის ეპიგრაფიკული კორპუსი, ლაპიდარული წარწერები, ტოპონიმია, საღვთისმეტყველო ლიტერატურული ცენტრები, გამოსაცემად მოამზადეს და გამოკვლევები დაურთეს ვალერი სილოგავამ, ლია ახალაძემ, მერაბ ბერიძემ, ნესტან სულავამ და როინ ყავრელიშვილმა, თბილისი 2012 წელი, გვ.42.
21 ვ. სილოგავა, წარწერები გარეჯის მრავალწყაროდან (IX-XIII სს.), პალეოგრაფიული და წყაროთმცოდნეობითი გამოკვლევა, გამომცემლობა "ინტელექტი", თბილისი 1999 წელი, გვ.98-103.
22 ვ. სილოგავა, სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, გამომცემლობა "არტანუჯი", თბილისი 2004 წელი, გვ.208.
23 ვ. სილოგავა, სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, გვ.202.
24 ვ. სილოგავა, სამეგრელო-აფხაზეთის ქართული ეპიგრაფიკა, გვ.219.
25 სვანეთის წერილობითი ძეგლები, ტომი II, გვ. 238-239.
26 ქართული წარწერების კორპუსი, ტომი I, (აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველო V-X სს.), შეადგინა და გამოსაცემად მოამზადა ნ. შოშიაშვილმა, გამომცემლობა `მეცნიერება, თბილისი 1980 წელი, გვ.246.
27 გარეჯის ეპიგრაფიკული ძეგლები, ტომი I, ნაკვეთი პირველი, წმ.დავითის ლავრა, უდაბნოს მონასტერი (XI-XVIII სს.), გამოსაცემად მოამზადეს დარეჯან კლდიაშვილმა და ზაზა სხირტლაძემ, თბილისი 1999 წელი, გვ. 124; 160; 339.
28 ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები, წიგნი I (V-X სს.), დასაბეჭდად მოამზადეს ილ. აბულაძემ, ნ. ათანელიშვილმა, ნ. გოგუაძემ, ლ. ქაჯაიამ, ც. ქურციკიძემ, ც. ჭანკიევმა და ც. ჯღამაიამ, ილია აბულაძის ხელმძღვანელობითა და რედაქციით, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა, თბილისი 1963 წელი, გვ.279, იხ. აგრეთვე: ძველი ქართული მოთხრობა V-XII საუკუნეებში, შეადგინა, წინასიტყვაობა დაურთო და რედაქცია გაუკეთა რ. თვარაძემ, გამომცემლობა "საბჭოთა ხელოვნება", თბილისი 1979 წელი, გვ.230
29 რ. მეფისაშვილი, "გრიგოლ ხანძთელის მოწაფეთა სააღმშენებლო მოღვაწეობა ქართლში", საქ. სსრ მეცნ. აკად. სახზ. განყ. მოამბე, 1963 წელი, N4, გვ.232-241.
30 ქართულ ისტორიოგრაფიაში მეცნიერთა ერთი ნაწილი პავლე ინგოროყვა (პავლე იგოროყვა, გიორგი მერჩულე ქართველი მწერალი მეათე საუკუნისა, ნარკვევი ძველი საქართველოს ლიტერატურის, კულტურის და სახელმწიფოებრივი ცხოვრების ისტორიიდან, გამომცემლობა "საბჭოთა მწერალი~, თბილისი 1954 წელი, გვ.393-395); სერგი ჯიქია (ს. ჯიქია, გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი, წიგნი III, გამოკვლევა, "საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა", თბილისი 1958 წელი, გვ.124-125) ქროსტეფორეს მიერ აშენებულ კვირიკეწმიდის მდებარეობას ბორჯომ-ახალციხის სასაზღვრო ზოლში, უფრო კონკრეტულად, სოფელ საყუნეთის სექტორში, სოფელ კოპაძესთან განსაზღვრავს, მეცნიერთა მეორე ნაწილი (რუსუდან მეფისაშვილი) კვირიკეწმიდას ჩითახევის ეკლესიასთან (დ. ხოშტარია, "ჩითახევის მონასტრის ეკლესია (IX საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი)", "მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია", 1983 წელი, N4) აიგივებს (Меписашвили Р, Основные особенности трех церковных базилик Грузии, (Доклад намеждународном симпозиуме по грузинскому исскуства), Тб. 1977 г, გვ.6-7), მესამე ნაწილი (დავით ხოშტარია) ფოთოლეთის ეკლესიასთან აიგივებს, ხოლო მეოთხე ნაწილი ნიკო ბერძენიშვილი (ნ. ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, წიგნი I, ისტორიული გეოგრაფია, "საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობა", თბილისი 1964 წელი, გვ.250); გიორგი ჩუბინაშვილი (გ. ჩუბინაშვილი, "ქვაბის-ხევის ხეობის ძველი ბაზილიკა", სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები, ტ.34 а-ბ, 1948 წელი, გვ.396); სერგი მაკალათია, (ს. მაკალათია, ბორჯომის ხეობა (ისტორიულ-ეთნოგრაფიული ნარკვევი), გამომცემლობა "სახელგამი", თბილისი 1957 წელი, გვ.41-42; იხ. აგრეთვე: Макалатия С, Боржомское ушелье (Историко-Этнографический очерк), Тб. 1958 г, გვ.47-49); გიორგი ზედგინიძე (გ. ზედგინიძე, სამხრეთ საქართველოს რამდენიმე ისტორიული პუნქტის ლოკალიზაციისათვის, მაცნე ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია, თბილისი 1972 წელი, N3, გვ.165-166), ვალერიან აბულაძე (ვ. აბულაძე, ბორჯომის ხეობის წარსული და აწმყო, გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი 1983 წელი, გვ.23-27); კი კვირიკეწმიდაში ქვაბისხევის პირდაპირ მდებარე საკვირიკეს კომპლექსს მოიაზრებენ.
31 დ. ხოშტარია, "კვირიკეწმინდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის", "მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა დახელოვნების ისტორიის სერია", 1985 წელი, N1, გვ.72.
32 დ. ხოშტარია, "კვირიკეწმიდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის", "მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია", 1985 წელი, # 1, გვ. 75.
33 დ. ხოშტარია, "კვირიკეწმიდის ადგილმდებარეობის საკითხისათვის", "მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია", 1985 წელი, N1, გვ.80
34 დ. ხოშტარია, "X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის - საკირის მიდამოებში", "მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია~, 1986 წელი, N 3, გვ. 135.
35 დ. ხოშტარია, "X საუკუნის სამონასტრო ეკლესიები ტაძრის - საკირის მიდამოებში", "მეცნიერებათა აკადემიის მაცნე. ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიისა და ხელოვნების ისტორიის სერია~, 1986 წელი, N 3, გვ. 135.
36 დ. ბერძენიშვილი, "ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი - თორი, ჯავახეთი", თბილისი, 1985 წელი გვ.19
37 დ. ბერძენიშვილი, "ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი - თორი, ჯავახეთი",თბილისი, 1985 წელი, გვ.15. 38 დ. ხოშტარია, "IX-X საუკუნეების ხუთრომოძღვრული ძეგლები ბორჯომის ხეობაში~, საკანდიდატო დისერტაცია და ავტორეფერატი, თბილისი, 1987 წელი, გვ.15-23.
|