topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

დ. ბერძენიშვილი - ნარკვევები, ოძრხევი

<უკან დაბრუნება...<< აბასთუმანი-მთავარი გვერდი

ოძრხევი*

დევი ბერძენიშვილი

ნარკვევები

გამ. "სამკალი", თბილისი 2006 წ., გვ. 295-320

(*დაიბეჭდა ჟურნალში "ACADEMIA" ტ. 3, თბ. 2002)

ძვ. წელთაღრიცხვის VIII ს, ურარტულ ლურსმულ წარწეტრებში, სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ტომთა შორის გვხვდება დიაოხის, ზაბახას, ქათარზას, ვიძეროხის სახელები. ფიქრობენ, რომ ისინი აღნიშნავენ ტაოს, ჯავახეთს, კლარჯეთს, და სამცხის უძველეს სახელწოდებას - ოძრახეს... (1. 377, 383).

ლეონტი მროველის მიხედვით, ოძრხის დაარსება ლეგენდარულ მამამთავარს - ოძრახოსს უკავშირდება. საქართველოს პირველ მეფეს ფარნავაზს იქ ერისთავი დაუსვამს (29, 24). ქართლის მოქცევის მატიანე ოძრახეს მოიხსენიებს ძვ.წ. IV ს-იდან ურბნისის, კასპისა და სარკინე ქალაქის გვერდით. აქ, ამ ქალაქებში ხაზგასმით გამოყოფილია „დაბნები” და „ციხენი მათნი: ციხე დიდი სარკინისაი უფლისციხე კასპისა, ურბნისისა და ოძრახისაი" (3. 81). როგორც ამ უძველესი ცნობიდან ირკვევა, მაშინ ქალაქის დაბა და ციხე შეიძლებოდა საერთო გალავანში არ ყოფილიყო მოქცეული. ასე ჩანს ეს სარკინისა და ციხედიდის მაგალითზე, სადაც სარკინის დიდი ნაწილი მტკვრის მარცხნივ, ციხედიდი კი მტკვრის მარჯვნივ იყო. მსგავსი ვითარება უნდა ვივარაუდოთ ოძრხეშიც, სადაც ციხე მოშორებულია ქალაქისა, თუ დაბისათვის ხელსაყრელი ადგილისაგან.

„მოქცევაი ქართლისაი”-ს ზემოხსენებულ ცნობასთან დაკავშირებით, ნ. ბერძენიშვილი შენიშნავდა, რომ „იმისდა მიხედვით, თუ რა მნიშვნელობისა იყო ესა თუ ის ქალაქი, მას შეიძლებოდა ჰქონოდა ციხე.. ან უფლისციხე-ე-ი. ამა თუ იმ ქალაქის უფალი ამ ციხეში ყოფილიყო, მაშინ როცა სხვა ქალაქის ციხე უფლისა არ ყოფილიყო პირდაპირ, არამედ ამ უფლის მოხელისა. მაგალითად სარკინის ციხე დიდი უფლისა არ ყოფილა იმიტომ, რომ ამ ქალაქის უფალი მცხეთაში, თუ არმაზში იმყოფებოდა; რაც შეეხება კასპს, ურბნისს, ოძრახეს, ამათ უფლები იქვე ჰყავდათ და ეს უფლები ამ ქალაქთა ციხეებში ისხდნენ, ამ ქალაქების გარდა ეს ციხეები უფლობენ, უეჭველია, სხვა მიმდგომ, ნაკლები მნიშვნელობის დასახლებულ პუნქტებზე" (4, 331-332).

ცხადია, რომ უკვე მაშინ ოძრხე გარკვეულ ერთეულზე გაბატონებული ცენტრი იყო, შემდეგ საერისთავოს ცენტრად (296) ქცეული. ეს ერთეული უპირველეს ყოვლისა ოცხისწყალსა და მის შემდინარეებს მოიცავდა, რომელთაგან უმთავრესია: ოძრხე-ზეკარი, ბარათხევი-ბაია, ორპირი-დიდმაღალი, კურცხანა-ხორო, შემდეგ კი მცირე შენაკადები ქვაბლიანის შესართავამდე და სოფლამდე სახელწოდებით ზადენი.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი შემდინარეთა სათავეები უღელტეხილებით ბოლოვდები, რომელთაგან სამი იმერეთში გადადის, კურცხანა-ბოდოკლდით კი გოდერძზე, აჭარაში შეიძლება გადასვლა. ყველა ამ გზათა შესაყარი აბასთუმანთან, უმნიშვნელოვანესი პირობა იყო ოძრხის ციხე-ქალაქის აქ დაარსება-დაწინაურებისა. რკინისჯვრის უღელტეხილზე გამავალი გზა ისეთი მნიშვნელობის სავაჭრო მაგისტრალი ყოფილა, რომ იგი აღნიშნულია ახ.წ. IV ს. რომაელი გეოგრაფის კასტორიუსის მიერ შედგენილ რუკაზე. ეს გზა სომხეთის ქალაქ არტაშატიდან ჯავახეთ-სამცხეზე გამოვლით, დღევანდელ სოხუმამდე მიდიოდა. ფიქრობენ, რომ უღელტეხილამდე აღნიშნული პუნქტი ოძრხე უნდა იყოს (Ad mercurium) (5. 108).

ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, ზემოთ ნახსენებ, ოძრხის ცენტრობით შექმნილ ერთეულს ერქვა „ხევი ოძრახისა”. (2. 39) ამასვე უნდა აღნიშნავდეს წყაროებში დადასტურებული ამ სახელის მეორე ფორმაც – „ოძრხევი” და „ოძრხეველნი”, რაც იგივე „ოძრხის ხევი” და „ოძრხის ხეველნი” უნდა იყოს. ასეთ გამოთქმას იცნობს ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანიც „უნძრხევის” ფორმით (6-52, 61). სახელწოდებათა დაბოლოების შეკვეცის მსგავსი მაგალითები ბევრია სამხრ. დას. საქართველოში: ბონარხევი, ბარათხევი, ღოგადხევი სამცხეში, ჭანჭახევი, ოპირხევი აჭარაში, ასევეა წარმოებული ჩიტწყარო, მგელციხე და თვით აბასთუმანი, რაც აბაზაძეთ უბნის სახელი უნდა ყოფილიყო.

ამრიგად, ციხე-ქალაქ ოძრხის თავდაპირველი ქვეყანა იყო მისი ხევი, რომელიც აგრეთვე ოძრხევად იწოდებოდა. ოძრხის როლისა და მნიშვნელობის ზრდასთან ერთად ფართოვდებოდა მისი ქვეყანაც, ოძრხე მთელი სამცხის ცენტრად იქცა, სადაც ოძრხის ერისთავი იჯდა. I ს. ამბების გადმოცემისას, ლეონ მროველი წერს, რომ სუმბატ ბივრიტიანმა „აღაშენა ციხე ქუეყანასა ოძრხევისასა, რომელსა ეწოდების სამცხე, ადგილსა რომელსა ჰქვიან დემოთი”. იქ მას დაუტოვებია „ლაშქარნი შემწედ წუნდელთა და ბრძოლად ოძრხეველთა”. აქ უკვე კარგად ჩანს, რომ მთელი სამცხე ოძრხევის ქვეყანაა და მასში მასში იგულისხმება დემოთი, ანუ ქვაბისხევი (შდრ.: „ქვეყანა პარხლისა, რომელ არს ტაო"). იმავე ავტორის ცნობით, „იყო ოძრახეს ქალაქსა შინა ერისთავი მეფისა არმაზელისი, აზნაურთაგანი, და იგი დადრგომილ იყო სარწმუნოებით ერთგულებასა ზედა არმაზელისსა, და მას შეეწეოდეს მეგრელნი” (2, 47-48). მეგრელნი აქ ეგრისის, ანუ დას. საქართველოს მცხოვრებლებს ნიშნავს და ოძრხის ერისთავისადმი მათი დახმარებაც, ცხადია, ზემოაღნიშნული უღელტეხილებით უნდა მომხდარიყო. ოძრხის ხევის თავსა და ბოლოში არსებულ პუნქტებს ასახელებს ანდრია მოციქულის მოღვაწეობის ამსახველი თხზულება. ანდრიას გამოუვლია მთა, „რომელსა ეწოდების რკინის-ჯუარი, და თქმულ არს, ვითარმედ ჯუარი იგი თვით ნეტარისა ანდრიას მიერ აღმართებულ არს“. ესაა ცნობილი რკინისჯვრის უღელტეხილი, რომლის ჯვარიც ანდრია მოციქულის აღმართულად მიაჩნდათ. უღელტეხილებზე ჯვრების დადგმა საქართველოში ფართოდ გავრცელებული მოვლენა იყო, რომლის მოწმობაა ახლაც მრავალგან შემორჩენილი სახელწოდებანი და ქვაჯვრები (7). რკინისჯვრის დაკავშირება ანდრია მოციქულის სახელთან ამ გზის განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე მეტყველებს. შეიძლება წმ მოციქულის მიერ აღმართული ჯვრის მიბაძვით გავრცელდა ოძრხის ხევში სახელწოდებანი: ციხისჯვარი, საბაჯვარი-ნასაბაჯვრევი, გორი-ჯვარი, კარისჯვარი, წყუთაჯვარი-თუთაჯვარი...

ზემოხსენებული თხზულების მომდევნო თხრობიდან ჩანს, რომ ანდრიამ „შთავლო ხევი ოძრახისა და ... დაივანა სოფელსა, რომელსა ეწოდების „ზადენ-გორა”. წმ. ანდრიას ამ სოფელში უნახავს ადგილობრივი კერპთაყვანისმცემლები, რომლებიც „უზორვიდეს კერპთა ყრუთა, და ილოცა მოციქულმან.. და ყოველნი იგი კერპნი დაემხუნეს და შეიმუსრნეს” (2.39). ეს პუნქტი ახლაც ცნობილი ნასოფლარია ბენარის მახლობლად. XVI ს-ში კი, გორა და ზადენი ორი სოფელი ყოფილა ერთმანეთის მეზობლად (8. 168, 173).

ქართულ წარმართულ ღვთაებათაგან ზადენი ერთი უმთავრესია მცხეთის ზადენის გვერდით, ოძრხისხევის ზადენი უდავოდ უთითებს იქ არსებული წარმართულ საკულტო ცენტრზე. ამისივე მოწმობაა ქართველ არქეოლოგთა მიერ ზადენგორის მიდამოებში აღმოჩენილი ბრინჯაოს ნიღბიანი ხარის პატარა ქანდაკება საკულტო დანიშნულებისა (9. 673). ამ წარმართულ კერპების დამხობა იყო ანდრია მოციქულის ერთ-ერთ მიზანი, რომლის აღმნიშვნელად ზადენგორის თხემზე სულ ბოლო ხანებამდე იყო შერჩენილი ქვაჯვრის ბაზისი.

V ს-ში ვახტანგ გორგასლის დროს, ოძრხის ერისთავად მოხსენიებულია ბივრიტიანი, რომელიც იქვე სეფეწულად იწოდება. ადრე შუა საუკუნეების საქართველოში სეფეწული, უპირველეს ყოვლისა, სამეფო საგვარეულოს წარმომადგენელს ერქვა. მეფის მიერ თავისი ნათესავის ოძრხის ერისთავად დასმა, ამ საერისთავოს დიდ მნიშვნელობაზე მიუთითებს ქართლის სამეფოში. ამიტომაც იყო, რომ ვახტანგმა სიკვდილის წინ, წუნდისა და კლარჯეთი ერისთავებთან ერთად, „მოუწოდა... ბივრიტიანს, ერისთავსა ოძრხისასა და მათ მიათუალა ცოლი თვისი ელენე და შვილნი მისნი (2. 204). ამის შემდეგ მეფის ცოლ-შვილი ზაფხულს წუნდაში ატარებდა, ზამთრობით კი ოძრხეში იმყოფებოდა.

VI ს-ში სპარსეთის შაჰმა ქართლში მეფობა გააუქმა და ამის შემდეგ დიდხანს ქვეყანას ერისთავები მართავდნენ. ამ პერიოდის ოძრხის ისტორიისათვის უმნიშვნელოვანესი წყაროა რელიეფური წარწერა, რომელიც კურცხანა-ოძრხისწყლის შესართავთან არსებული სამონასტრო კომპლექსიდან უნდა იყოს წამოღებული. რამდენიმეჯერ გამოცემული, იგი სხვადასხვანაირად იკითხება და თარიღდება. ბოლო გამოცემით, ის VII-VIII სს-თა მიჯნას განეკუთვნება. წარწერიდან ირკვევა, რომ მის გამკეთებელს აღუმართავს ჯვარი წმ. ღვთისმშობლის სახელზე. ამ პირის ვინაობა არ ჩანს, მაგრამ ჯვრის აღმართვა მისთვის უბრძანებია მამფალ არშუშა პატრიკიოსს, რომელიც ქართველთა ერისთავი ყოფილა. წარწერაში საუბარია რომელიღაც ციხეში ქრისეპულის (ანუ ბრძანების) მიცემაზე (10. 37).

წარწერის წაკითხვის რომელი ვარიანტიც არ უნდა მივიღოთ, ნათელია, რომ ოძრხესთან არსებული მონასტერი VIII ს-თა მიჯნაზე იწყებს არსებობას, ხოლო წარწერაში მოხსენიებული ციხე ოძრხე უნდა იყოს. წარწერის შინაარსი უთუოდ მოწმობს, რომ ამ დროსაც ოძრხე სამცხის პოლიტიკურ ცენტრად რჩებოდა, თუმცა კი თანდათაან ჰკარგავდა ამ უპირეატესობას. ეს კარგად ჩანს არგვეთის მთავრების დავითისა და კონსტანტინეს „წამებიდან”, რომლითაც უსარგებლია ისტორიკოს ჯუანშერს VIII ს-ის 30-ანი წლების აღწერისას. ამ წყაროების ცნობით, მურვან ყრუ „მოვიდა სამცხეს და დაიბანაკა არეთა ოძრხისათა. რამეთუ იყო მაშინ ქალაქი იგი სახელოვანი, ძველ ნაქმართა მისთათვის” (2.234), ე.ი. იმხანად ძველი დიდებაღა შერჩენოდაო... ჩანს, მტერს ციხე-ქალაქი აუღია და დაუნგრევია. საგულისხმოა, რომ მურვან ყრუს მერე, პირველსავე ხსენებისას ოძრხე ციხედღა იწოდება და თან ისეთად, რომლის ხელახლა აღშენება გამხდარა საჭირო. „მატიანე ქართლისას” ცნობით, 888 წ. გუარამ მამფლის შვილმა ნასრამ „შეიპყრნა სამნი ციხენი სამცხეს: ოძრკე, ჯუარისციხე და ლომსიანთა, გუარამისივე აღშენებული” (2. 261). ამ თხზულების ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, ეს ციხეები „გუარამისივე აღშენებულნია”. გამოდის, რომ გუარამს ლომსიანთის გარდა, სამცხეში აუშენებია ჯუარისციხეც. ივ. ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ გურამის მიერ აშენებულ ციხეებში იგულისხმებოდა ოძრხეც; ცხადია, შეკეთების აზრით, რაკი იგი უძველესი ციხე-ქალაქი იყო (11. 97).

ზემოხსენებული ჯუარისციხე, ჟამთააღმწერლის მიხედვით, იგივე ციხისჯვარია, რაც დღევანდელი ციხისძირი უნდა იყოს. ამ ციხის ნანგრევი ახლაც შემორჩენილია ოძრხის ჩრდ.-აღმოსავლეთით, ბარათხევის სათავეებში. ამ სახელწოდების ციხეთა იგივეობას, ჩანს, იზიარებდა ვახუშტი ბატონიშვილიც: ჯვარისციხეს იგი წნისისხევის სათავეებში, „მთასა შინა” მოიხსენიებს, რაც დღევანდელი ციხისძირის მდებარეობას უახლოვდება. იქ კი, სადაც „მესხური მატიანე” მოგვითხრობს ბეჟან გოგორიშვილის მიერ ოსმალთათვის ციხისჯვრის გადაცემაზე, ვახუშტი იმავე ამბის აღწერისას, ჯუარისციხეს ასახელებს (12).

ლომსიანთა დღევანდელი ლეკნარის ციხე უნდა იყოს, წინუბნისხევის აღმოსავლეთ ტოტის სათავეებთან. მის მიდამოებში საყურადღებოა მთათა სახელები: რაბათი, საღალატო, ორჯვარი, საკრაულას სათავეზე გამავალ გზასთან კი მეორე რკინისჯვარი. ნიშანდობლივია ციხისჯვრისა და ლეკნარის ციხის მსგავსება. ესენი ეგრის-აფხაზეთიდან (ან იქით მიმავალი) გზების მაკონტროლებელი მიუვალი სიმაგრეებია. ჩანს, ოძრხის განახლებასთან ერთად, ამ სიმაგრეთა აგებით, გუარამ მამფალი მთლიან სისტემას ჰქმნიდა ეგრის-აფხაზეთის სამეფოსთან ურთიერთობის მოსაგვარებლად(13. 42-6).

საქართველოს ისტორიულ გეოგრაფიაში უკვე შენიშნული, რომ IX-ს-ის დამდეგისათვის ციხეების რაოდენობა მატულობს შენდება ახალი, ანახლებენ ძველ ციხეებსაც. ამისი ახსნა "მატიანე ქართლისას” ავტორს მოეპოვება: „იქმნა სიმრავლე მთავართა ქუეყანასა ქართლისასა და შეერია ბრძოლა, იქმნეს მტერ ურთიერთას”(2. 250). ასეთ პირობებში მოუხდა გვარამ მამფალს ოძრხის, ჯუარისციხისა და ლომსიანთის მშენებლობა. მაშინ ოძრხე ძველებურად მთელი სამცხის ცენტრი აღარ იყო და გვარამიც ამ ციხეთა შესავალ მიწა-წყალს იპყრობდა. ამას მოწმობს იმავდროულ სამცხეში „მირიან დიდებული უფლის" გვარამისაგან დამოუკიდებელი მოღვაწეობა. იგი მაშინ სამცხის მთავარი იყო და გიორგი მერჩულის ცნობით, თავისი შვილი კათალიკოსად დაუსვამს (3. 287).

შესაძლოა, გუარამ მამფლის ზემოხსენებული აღმშენებლობის ნაშთი იყოს ციხის გალავნისა და შიგ მოქცეულ შენობათა ნანგრევები, რომლებიც ჩვენმა დაზვერვითმა ექსპედიციამ მოიხილა 1985 წ. ლ. მუსხელიშვილის 1931-33 წწ. დღიურებიდან ჩვენთვის მანამდეც ცნობილი იყო აბასთუმანთან ე.წ. „თამარის ციხის” არსებობა, რომელსაც განსვენებული მეცნიერი XV ს-ზე ადრინდელად თვლიდა. მასვე შეემჩნია გვირაბის თაღოვანი გამოსასვლელი ოცხისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, რომლის ნაწილი ახლა მონგრეულია.

ეს გვირაბი საკმაოდ დამრეც, ტყით დაბურულ ფერდზეა, იგი ზოგან ჩანგრეულია და ამიტომაც ახლა ზევიდანაც ადვილია მისი მიმართულების განსაზღვრა. კლდის მასივი ქვევიდან ზევით ქედს ალმაცერად მიუყვება, სწორედ ამ კლდის შვერილებს ასდევს გვირაბიც. ერთგან ჩანგრეული ნაწილი გვირაბის ზომები ააშკარავებს იგი აქ კაცის სიმაღლისაა, სიგანე კი ორ მეტრამდე გამოდის, რომ მეციხოვნეებისათვის წყლის ამოზიდვა ცხენით ან ხარითაც მოხერხდებოდა, საჭიროების შემთხვევაში კი გარნიზონიც გაივლიდა (შდრ. რუსთაველთან: „გზა გვირაბითა შემოვა, მცველნი მუნ ზედა დგებიან”). იქვე ნაპოვნი თიხის მილის ნატეხი შესაძლოა მახლობლად წყაროს არსებობაზე მიუთითებდეს. ერთ ადგილას გვირაბი კედლითაა ამოქოლილი, რაც მოგვიანებით მის გაუქმებაზე მეტყველებს.

გაზ. „დროების” 1879 წლის N198-ში, წერილში ნაქალაქარის ნანგრევები ოცხეს რაიონში” ილ. ალხაზიშვილი წერდა: „ეს ნაგებობა გადახურულია თაღით, მიემართება მდ.ოცხეს ნაპირებამდე... ბევრ ადგილას თაღი ჩანგრეულია, ჩაველი ნაგებობის შიგნით და მაშინ ცხადად გამოვლინდ რომ ეს იყო ფარული გზა გაყვანილი ციხიდან მდინარემდე. ნაგებობის შუა ნაწილს სიმაღლე აქვს ერთ საჟენზე მეტი, სიგანე 1,5 საჟენი. მშვენიერი, თლილი ქვის საფეხურები ეშვებიან მდინარემდე. უნდა გვახსოვდეს, რომ ფარული გზა გაყვანილია სიგრძით სამ ვერსტზე მეტ ციცაბო მთის ფერდობზე.” აღნიშნულ გვირაბს მივყავართ „თამარის ციხისაგან” სრულიად განსხვავებულ კედლებთან, რომლებსაც კურცხანა-ოცხისწყლის გამყოფი ქედის აღმ. ნაწილი უჭირავს. იგი უფრო ოცხისწყლისკენაა გადაწეული: აქედან უფრო ადვილად მოისვლება, კურცხანას მხრიდან კი ციცაბო ფერდები მიუვალია.

გალავნისა და მის შიგნით მოქცეულ ნაგებობათა წყობა ყველგან ერთგვაროვანია, გადაკეთების კვალის გარეშე: ესაა საშუალო ზომის, თანაბარი კვადრების ჰორიზონტალური მწკრივები კირხსნარზე. ადგილობრივი კლდის მონატეხი ქვები მეტნაკლებად დამუშავებულია და აქაური რეგულარული წყობა მკვეთრად სხვაობს „თამარის ციხის” კედლებისაგან. გალავანი, რომლის სიმაღლე ზოგან 7 მ-მდე აღწევს, ოთკუთხა კოშკებითაა გამაგრებული. უკიდურეს აღმ. ნაწილში, მიწაში ჩამჯდარი მცირე ნაგებობაა, თაღოვანი გადახურვით. მისი ზომებია 1X2 მ-ზე და პაწია ეკლესია ეგონებოდა კაცს, წინაუკმო დამხრობა, რომ "არა: აფსიდა და ორი მცირე კვადრატული ნიშა მას დასავლეთით აქვს, შესასვლელი კი აღმოსავლეთიდან. ჩანს აქ აკლდამა იყო, ან საძვალე. გალავნის შიგნით კიდევ რამდენიმე სათავსის კვალია სრულიად ანალოგიური წყობისა. ქედის ამ ნაწილის ყველაზე მაღალ ადგილას, იმავე წესით ნაგები, ოთკუთხა კოშკის ნანგრევი ჩანს.

აღწერილ ნანგრევებს „თამარის ციხესთან საერთო კედლები არ აკავშირებს, მაგრამ ძველად, გამაგრების ერთიან სისტემაში, მათ ალბათ მაინც გვერდი-გვერდ უხდებოდათ თანაარსებობა. ამაზე უნდა მიუთითებდეს ნაგებობათა ნაშთები ამ ორ ნაწილს შორის რომაა შემორჩენილი. საინტერესოა "თამარის ციხის" ჩრდ. შესასვლელის ქვედა, მოზრდილი ლოდების ჰორიზონტალური წყობა; იგი გაცილებით ძველი ჩანს, ვიდრე ამ ციხი ყველა კედელი: შესაძლოა "თამარის ციხის" ძველი ფენისა იყოს ოთკუთხა ნაგებობაც დას. კოშკთან; აქ განძის მაძიებლებს ორი-სამი საფლავი ამოუთხრიათ, რაც აქ ბრტყელსაკურთხევლიანი ეკლესიის არსებობაზე უნდა მიგვითითებდეს.

ზემოთ აღწერილი ნანგრევებისა და „თამარის ციხის” თანაცხოვრების პირობებში, ამ უკანასკნელს ალბათ დედაციხის როლი ეკისრებოდა: იგი უფრო გაბატონებულ ადგილზეა, ორივე მხრიდან ყელმოჭრილი. ცნობილია, რომ ამ მიუვალობის გამო, აკროპოლისებს უფრო უწყვეტი ცხოვრების კვალი სხვაგანაც მერჩენიათ. ამიტომაც „თამარის ციხე” გაცილებით გვიანამდე მოქმედებდა, მრავალგზის გადაკეთებული. ჩვენს მიერ აღწერილი ნანგრევები კი აღარ განუახლებიათ. ცხადია, ციხესთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს მხოლოდ არქეოლოგიური გათხრები დააზუსტებს, მაგრამ ჩვენი ვარაუდით, ოძრხის ციხის აღმ. ნაწილი გუარამ მამფლის IX-ს-ის მშენებლობას შეიძლება დაუკავშირდეს.

ზემოაღწერილ ციხეებთან დაკავშირებით, საინტერესო ჩანს ოძრხის ეტიმოლოგია, რომელსაც ენათმეცნიერი ალ. ჭინჭარაული გვთავაზობს. მისი აზრით, ოძრხე მომდინარეობს ორ-ძიხე, ანუ ორი ციხიდან (14. 107-120). თუ კი ასეა, მაშინ ტოპონიმი ძველად არსებული, რეალური ვითარების ამსახველი გამოვა.

კურცხანა-ოცხისწყლის გამყოფი ქედის მოხილვამ ქალაქისა და ციხის დამაკავშირებელი კედლები ვერსად დაადასტურა. ქალაქი კი დღევანდელი კურორტისა და მონასტრის მიდამოებში უნდა ვივარაუდოთ. ამის მოწმობაა ზემოთ აღწერილი წარწერიანი ქვები ციხის მოხსენიებით, დღესაც არსებული XIII-XIV სს ეკლესია კურორტის ტერიტორიაზე და ის მცირე ეკლესია, (რომელიც გვირაბის გამოსასვლელის სიახლოვეს იდგა ჯერ კიდევ XX ს-ის 30-იან წლებში. ლ.მუსხელიშვილის არქივში ინახება ს. კაკაბაძის მიერ მოწოდებული ცნობა, რომ 1920-იან წლებში, ელსადგურისათვის არხის გაყვანის დროს, აბასთუმნის აბანოს მახლობლად აღმოჩენილა სამარხი შიგ სასანური მონეტებით. მასვე უთქვამს, რომ დეკანოზ ზედგინიძის გადმოცემით, 1900–1905 წ, წმ. გიორგის ეკლესიის გამოღმა, იქ სადაც მაშინ საფუტკრე იყო, გზის გაყვანისას აღმოჩენილა სამარხი, რომელშიც რომაული მონეტები უპოვიათ. ეს ცნობები აქ ცხოვრების დამადასტურებელია წინა და ადრექრისტინელ ხანაშიც. წერილში გაზ."დროებიდან" მისი ავტორი აღწერს მონასტრის ნანგრევებს კურცხანა-ოცნისწყლის შესაყართან (ნახ.2) და შემდეგ წერს: „ზემოხსენებული მონასტრის დასწვრივ, ოცხეს ორთავე ნაპირზე გაფანტულია მრავალი ქვიტკირის ნასახლარები, რომელთა შორის უფრო შესანიშნავია მდინარის მხარმარცხნივ ის ალაგი, სადაც გავლილ 1878 წელს გზის გაყვანის დროს ბერძნებმა ქვიტკირის კედელი ააფეთქეს და ერთი ფრიად შესანიშნავი და საინტერესო სასაფლაო აღმოაჩინეს. ამ საფლავში მიცვალებული ქვის კუბოში სვენებულა. კუბოს სახურავადაც ქვაა. ბერძნებს ამ კუბოში უნახავთ ძვლები და თავი (კენჩხა). რამდენად არის მართალი არ ვიცი, მაგრამ ამბობენ კი, ვითომ მარჯვენა მკლავის ძვალზე ოქროს სალტე იპოვეს ბერძნებმაო. აქვე აღმოჩნდა ორი ქვა ხუცურის ზედ წარწერით... ეს საინტერესო ალაგი ერთს მაღალ კლდიან მთის ძირშია და ამის გამო იმ კლდითგან ნიაღვრისაგან ჩამონატან ქვითა და მიწით არის სრულებით წალეკილი და წარღვნილი.

ნასახლარები აქ მდინარის მხარმარჯვნივ უფრო მეტია - რადგან ვაკე ადგილიც მეტი ჰქონდათ. ამ ნაქალაქევის, ან ნასოფლარის ორთავე ნაწილები ერთთაღიანი კაი მაგარი ქვითკირის ხიდით ყოფილან შეერთებულნი. ხიდს ეხლაც ხმარობენ. ნასახლარების გარშემო ხილნარია გახშირებული... ხიდითგან ქვევით აღმოსავლეთისაკენ რო გაიხედამო, კლდეში გამოქვაბულ სამ გვირაბს შენიშნავთ.

იმ შესანიშნავ სასაფლაოდგან გზა ვიწრო, ტყით შემოსილ ღელეში, მდინარის მხარმარცხნივ შესდევს და ასიოდე საჟენს რომ გავივლით, წავადგებით ერთს დიდ ვაკე ალაგს, მდ. ოცხის ორთავე ნაპირებზე მდებარეს, რომელიც მოფენილია ათასგვარი, ქვითკირის შენობებით და სილნარით. ამ ვაკობზე, მდინარის მარცხენა ნაპირზე აშენებულია 1875 წელში სამეტაჟიანი კაზარმა, სადაც ერთი როტა სალდათი გამუდმებით სდგას. კაზარმის უკან, ჩრდილოეთის მხრივ ერთი დიდი ნამონასტრალი ეტყობა, რომლის გვერდზედაც მთავარმართებლის თ. ვარანცოვის ბრძანებით აშენებულა ახალი ეკლესია. ეს ეკლესია კარგი და მშვენიერია; წირვა-ლოცვა აქ მხოლოდ ზამთრობით არის ზემოხსენებული სალდათებისათვის, საფხულობით კი აბანოებთან გოსპიტლის ეკლესიაში სწირავდნენ ხოლმე საბანაოთ მოსული ხალხისათვის... ახალი შარის გზა კაზარმის წინ არის გაყვანილი და ამ გზის თხრის დროს, ბევრგან აღმოჩენილა მთელ-მთელი თონეები. ქვევრები, ორმოები, წყლის რუები და სხვა, რომელნიც ახლაც ატყვია გზის ნაპირებზედ. აქვე, ოცხის მარჯვენა ნაპირზე პატარა ნასაყდრალი დგას მთელთაღიანი, რომლის გარშემოც ორასამდე ქვითკირის ნასახლარები ეტყობა..” შემდეგ აღწერილია „თამარის ციხე” და ხალხში შემორჩენილი თქმულებები თამარის აკვნის, სარკისა და კიდობნის შესახებ, რომელიც ავტორს ვეღარ უპოვია.

ოცხისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, ყაზარმიდან ზევით ნახევარ ვერსტზე, პატარა გორაკზე მას ორმოცამდე საფლავი უნახავს. გათლილი ქვის ფილებით შედგენილ ქვაყუთებს სახურავი ქვები ზოგან მოგლეჯილი ჰქონიათ. საფლავების ინვენტარზე არაფერია თქმული (15).

ზემოთ აღწერილი ნაშთების გარდა, ქალაქის ლოკალიზაციისათვის მნიშვნელოვანია მინერალური წყლის ცხელი აბანო, რომლის სამკურნალო თვისებები ასე აქვს აღწერილი ვახუშტი ბატონიშვილს: „არს მთის კალთას წყაროდ გამომდინარე, ფრიად დიდი და ცხელი, მდუღარის მსგავსი, რომელსა უწოდებენ ოცხეს. მასზედა არს შენი აბანო, და ბანობენ მრავალნი, რამეთუ ჰკურნებს ქარით დახუთვილსა ძლიერსა, მუწუკსა და ბუგრსა, ძნიად საკურნებელსა მკურნალთაგან” (16. 125). ასეთი აბანოები ძველ საქართველოში დიდი ყურადღების ობიექტებად ითვლებოდა. ოცხის ეს აბანო ერთნაირად მიმზიდველი იყო ძველი ერისთავების, ვახტანგ გორგასლის ცოლ-შვილის, თუ რუსი დიდი მთავრისთვის. აქვე შეიძლება გავიხსენოთ ისიც, თუ რა როლი ითამაშა გოგირდოვანმა თბილმა წყალმა თბილისის დაარსებისა და მისი სახელის წარმოქმნაში.

მიუხედავად გუარამ მამფლის აღმშენებლობისა, ახალქალქობის ხანისათვის” ოძრხე აღარ იყო სამცხის ძირითადი ცენტრი. აქ თანდათან სხვა პუნქტები დაწინაურდნენ ყველი, ჯაყი, აწყური, ახალციხე, რომლებიც სამცხეში ასევე მიკროქვეყნებს შეადგენდნენ. ამათ გვერდზე იყო ოძრხის ერთეულიც, რომელიც IX-X სს -ში ისევ "ხეც”-ად იწოდებოდა. ამაზე მიუთითებს ერთი წარწერიანი ქვა, ზარზმის მონასტერში, რომ ინახება ამჟამად.

გიორგი ბოჭორიძის სამცხე-ჯავახეთში მოგზაურობის დღიურიდან ჩანს, რომ 1932 წლისათვის ეკლესიის ქვები ასომთავრული და ნუსხური წარწერებით, უკვე ზარზმაში იყო გადატანილი აბასთუმნიდან. ახლა ამ ქვათა წარმომავლობა არავინ იცის, მაშინ კი ეს ცნობა ადგილობრივ მოსახლეობას მიუწოდებია მკვლევრისთვის. და აი, ერთი მოზრდილი ქვის გადანატეხზე ნუსხურ წარწერაში იკითხება: „ქრისტე, შეიწყალე ხევისუფ(ალი) ძნელა(ი)”. წარწერას მარცხნივ ახლავს მოგრძო, რელიეფური ჯვარი, გამოსახული დადაბლებულ ფონზე. შესაძლოა წარწერა ყოფილიყო ჯვრის მარცხნივაც, ქვის ჩამოტეხილ ნაწილზეც.

მეორე ქვა სარკმლის თავსართია, შუაში ლომის რელიეფური ფიგურით; მის მარცხნივ წრეში ჩასმული რვაკუთხედია, შექმნილი ორი კვადრატის ერთმანეთზე დადებით, რომლის შუაგულში რაღაც გამოსახულებაა, ლომის მარჯვნივაც ასეთივე რვაკუთხედია, შუაში გეომეტრიული ორნამენტით. ამის ქვევით, ორი გრეხილი ლილვით სარკმლის რელიეფური წარბია გამოხატული, რომლის ქვეშაც ასომთავრული წარწერაა: „ქრისტე, შეიწყალე ისაკაი, შვილნი მი(სნი)”.

ჩუქურთმითა და პალეოგრაფიული ნიშნებით, ეს ორი ქვა IX-X სს-ით შეიძლება დათარიღდეს. გადმოცემა ამ ქვების აბასთუმნიდან წარმომავლობის შესახებ, ძველ ოძრხესა და მის მიდამოებს უნდა გულისმობდეს; უფრო კი მონასტერს კურცხანა-ოცნისწყლის შესაყართან, როგორც არ უნდა იყოს, ნათელია რომ ძნელა ხევისუფალია ოძრხის ქვეყნისა, ან მასში შემავალი კურცხანის ხეობისა, სადაც სწორედ ამ დროის ძეგლები ჭარბობს.

ოძრხე XI ს-ის 50-ან წლებში, ჩანს სამეფო ყოფილა. 1058 წელს, როდესაც სულა კალმახელმა ბაგრატ IV-ის დაუძინებელი მტერი ლიპარიტ ბაღუაში შეიპყრო და მეფეს მიჰგვარა, ამ ერთგული სამსახურის სანაცვლოდ, ბაგრატმა „უბოძა სულას მამულობით (ე.ი. სამემკვიდრეოდ დ.ბ.) ციხისჯუარი და ოძრხე ბოდოკლდითა, და სხუაცა მრავალი საქონელი და სამღდელო- მოძღურონი. და რაცა უნდა"-ო, მოგვითხრობს მატიანე ქართლისა (2, 305).

ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი ამ ადგილს ასე გადმოსცემს: „მისცა სულას ციხისჯვარი, ოძრხე და დიდძალი საჩუქარი”(6. 228). ბოდოკლდეს მთარგმნელი არ იხსენიებს, ჩანს მას ოძრხეში გულისხმობს. გამოთქმა „ციხისჯუარი და ოძრხე ბოდო-კლდითა“, გამომხატველია იმისა, რომ ციხისჯვარი და ოძრხე ამ დროს თანაბარი მნიშვნელობის პუნქტებია, ბოდოკლდე კი, უფრო ნაკლები მნიშვნელობისა, რომელიც ოძრხეზე ჩანს დამოკიდებული. ბოდოკლდე ორი დიდი ნასოფლარი და ციხის ნანგრევია კურცხანის მარჯვენა ტოტის სათავეში. აქაური ნასახლარებისა და ეკლესიების სიდიდე და ხარისხი მოსახლეობის ეკონომიკურ შესაძლებლობებზე მეტყველებს. ნასოფლარები გათხარა და შეისწავლა ლ. მუსხელიშვილმა, რომელმაც ისინი X-XI სს-ით დაათარიღა.

ამ ნასოფლართა გავლით ადის ცხენის ბილიკი ბოდოკლდის ციხესთან, საიდანაც გადადის სოფ.ენთელში, საირმესა და ქვაბლიანის ხეობის სხვა სოფლებში. იგივე გზა უერთდება ზარზმა-გოდერძის ძირითად მაგისტრალს აჭარისაკენ. ბოდოკლდე კურცხანის ხევის მფლობელთა სიმაგრეა და აქაური გზის მაკონტროლებელი.

ციხისჯვარი, ანუ ციხისძირი, როგორც ახლა მას უწოდებენ, ბარათხევის სათავეშია, მიუვალ კლდეზე ნაგები, რომელიც იმერეთისაკენ მიმავალ გზებს ჰკეტავს; ესენია: ოძრხე-ბარათხევით მიმავალი ცხენის გზა, სამცხის სვირიდან ქედზე გადმოსული გზა და წინუბნისხევს ამოყოლილი გზა. ეს გზები ციხის მიდამოებში შეიყრება და უღელტეხილით გადავა ხანისწყლის ხეობაში ხანში, ბაღდათში, ვარდციხეში. ციხიდან ამ მანძილს ცხენით ოთხ საათში გადიან. ციხისჯვრიდან ზეკარისკენაც მიდის გზა ქედის ჩრდილოეთით, რასაც ერთი საათი სჭირდება. ამავე ციხიდან ოძრხისაკენ ბარათხევით ჩამავალი გზის მარჯვნივ საინტერესოა ტოპონიმი ნაქალაქარი, რომელიც ნასახლარებს ეწოდება (ნახ.3).

სულა კალმახელისათვის სამემკვიდრეო მფლობელობაში ამ სამი ციხის ბოძებით, ხდებოდა ოცხისწყლის მთელი ხეობის, ძველი ოძრხის ქვეყნის გადაცემა აზნაურის მფლობელობაში, რაც ამიერიდან ფეოდალურ მამულად ჩამოყალიბდა. სულამ, ჯაყელთა საგვარეულოს ერთი შტოს წარმომადგენელმა, სამცხეში მიიღო იმოდენა და ისეთი მნიშვნელობის ქვეყანა, რომ იგი გახდა ახალი პოლიტიკური ერთეულის - საათაბაგოს შექმნის ფუძემდებელი (17. 26). ამ ახლადჩამოყალიბებულ ფეოდალურ მამულში ოძრხის როლი შემცირებული ჩანს. წინა პლანზე ციხისჯვარი გამოდის, რომელიც იმერეთის უღელტეხილებთან უფრო ახლოა, ვიდრე ოძრხე. ამიტომაც მოხდა, რომ ჯაყელთა საგვარეულოს აქაურმა შტომ ჯაყელ-ციხისჯვარელთა სახელი დაიმკვიდრა და არა ჯაყელ-ოძრხელისა.

1190 წელს თამარის წინააღმდეგ აჯანყების დროს, მეფეს უღალატეს ბოცო სამცხის სპასალარმა და სხვა მესხმა დიდებულებმაც, გარდა „ივანე ციხისჯუარელისა რომელსა ყუარყუარეცა ეწოდების; ესე დამაგრდა თვისითურთ მოკიდულითურთ, ვითარ გუარ ეყოდაცა მომგონებელ სულაისა ერთგულებისა, რომელმან ბაღუაშსა ზედა უერთგულა ბაგრატს–ო", მოგვითხრობს თამარის ისტორიკოსი.

აჯანყებულებმა დადიანის წინამძღოლობით, იმერეთიდან „გარდაიარეს რკინის ჯუარი და ჩავიდეს ციხისჯუარს”. შემდეგ „დაწუეს ქალაქი ოძრხე” (18. 49, 51) მოტანილი ამონაწერებიდან კარგად ჩანს, რომ ციხისჯვარი და ოძრხე ისევ ერთიანი ფეოდალური მამული ყოფილა, რომ პირველის აღებით მეორის დამორჩილება ადვილდებოდა, თორემ ოძრხეში ციხისჯვრის გაუვლელადაც შეიძლებოდა მისვლა ზეკარით. ისტორიკოსი ციხისჯვრისა და ოძრხის ციხის აღებაზე არაფერს ამბობს, მხოლოდ ქალაქის დაწვას იხსენიებს. ივანე ციხისჯვარელზე ნათქვამი „დამაგრდა თასითურთ მოკიდულითურთო”, იმას უნდა ნაშნავდეს, რომ ეს ციხეები აჯანყებულებს ვერ აუღიათ.

1205 წ. ბასიანს საომრად ლაშქრის გასტუმრების შემდეგ, მეფე თამარი ვარძიიდან ოძრხეს მოსულა. მას თან ახლდნენ ქართლის კათალიკოსი თევდორე, ეპისკოპოს-მონაზონნი, იოანე შავთელი და „ევლოგი სალოსად წოდებული წინასწარმცნობელობისა ღირსქმნილი”. მეფეს ეკლესია-მონასტრებისა და სოფლებისათვის უბძანებია ელოცათ ქართველთა გამარჯვებისათვის, თვითონაც დღესა და ღამეს ლოცვაში ატარებდა. ეს ლიტანიობა ალბათ ოძრხესთან მდებარე მონასტერში ტარდებოდა, სადაც ბერ-მონაზონთა სენაკები მრავლად იყო.

თამარის ისტორიკოსის სიტყვით, მეფესთან მყოფ სალოსს ერთ დღეს „განკვირვება დაეცა... სამგზის, და მეყსეულად ახლტა. და კმა ყო: „აჰა წყალობა სახლსა ზედა თამარისსა მოიწია და ივლტოდა და აღვიდა მთასა, რომელსა ჰქვან არაგანნი” (18. 95, 98). იქვე მყოფ შავთელს მეფისათვის განუმარტავს, რომ ეს კეთილი - ჩვენება იყო. წინასწარმეტყველება მართლაც ამხდარა, ქართველთა ლაშქარს გაუმარჯვია. მოტანილ ციტატაში ასე ნიშანდობლივ დასახელებული მთა არაგანნი, სადაც თამარის კარიდან გაქცეული ევლოგი ასულა, ოძრხის მახლობლად უნდა ყოფილიყო. ასეთი სახელი ახლა არ ჩანს, თუ არ ჩავთვლით შორეულ მსგავსებას ტოპონიმთან არაზინდო...

1260-იან წლებში, მონგოლთა ბატონობის დროს, არღუნ ყაენი სამცხეში შემოვიდა და მიადგა ციხისჯვარს. მიუხედავად მტკიცე ზღუდეების უქონლობისა, მიუვალი სიმაგრის მეციხოვნენი მტერს მედგრად შებმიან. ჟამთააღმწერლის სიტყვით, არღუნმა „ვითარ იხილა სიმტკიცე ციხისჯვარისა, რომელ არს ჯუარის ციხე, აიყარა და წავიდა” (18. 241-242). ნიშანდობლივია, რომ ამ ოცდღიანი საომარი ოპერაციის აღწერისას, ოძრხე არ იხსენიება, სამცხეში მყოფი ულუ დავითიც აწყურში ჩერდება და არა ოძრხეში. ჩანს ეს უკანასკნელი დაცემის გზაზე დგება სამცხეში მომხდარი ამაოხრებელი ომების დროიდან მოყოლებული.

ვახუშტი ბატონიშვილის სიტყვით, ოძრხის ქალაქი და ციხე XV ს-მდე არსებობდა, შემდეგ კი დაბად შემორჩა. შეიძლება ვიფიქროთ, მაშინ ჯერ კიდევ არსებობდა ოძრხისხევის ერთეული: ნ. ბერძენიშვილს 1933 წ. ჯავახეთში მოგზაურობისას, ვანისქვაბთა „თეთრ ეკლესიაზე", მხედრული ასოებით მინაწერთა შორის ამოუკითხავს: „ქ. ფრიად ცოდვილსა ოძრკელელსა დეკანოსისა შვილსა ლუკას შეუნდვენ ღმერთმან" (19. 121). ავტორის მიერ XV-XVI სს.-ით დათარიღებული ეს წარწერა იმითაა საინტერესო, რომ აქ დასახელებული ლუკა მამის შვილობითაა მოხსენიებული”: დეკანოზისა შვილი, ე.ი. ამ დროს ოძრხის მონასტერი ისევ მოქმედი იყო. ასევე საინტერესოა სიტყვა "ოძრხელელი”. ოძრხე-დან მოსალოდნელი იყო ოძრხელი-ოცხელი. ამიტომ უნდა ვიფიქროთ, დამწერი გულისხმობდა ოძრხის ხევს „ოძრკევს”, საიდანაც გამოვიდოდა „ოძრჩეველი-ოძრკელელი" (20).

ახალი ქც-ის მესამე ტექსტი მოგვითხრობს, რომ სამცხეში საომარ მოქმედებათა გამო, 1546 წ. იმერეთის მეფე ბაგრატს აწყურის ღმრთისმშობლის ხატი წაუსვენებია ციხისჯვარს; 1553 წ-ს კი „ციხისჯუარიდამ აწყურისა ღმრთისმშობელი ტყუედ წაასვენეს იმერეთს” (18. 500, 501). მესხური მატიანის ცნობით, 1564 წლის აგვისტოში, ციხისჯვარს ყოფნისას, ყვარყვარე ათაბაგს შვილები შეეძინა – ბასილი და ბექა-პავლე. ბუნებრივია, აქ სოფელი ციხისჯვარი იგულიხმება, ციხის ჩრდილოეთით მდებარე, სადაც ჩანს ათაბაგი საზაფხულოდ იყო ამოსული. ე.ი. ციხისჯვარი მაშინ ათაბაგს ეკუთვნოდა, მაგრამ უკვე 1587 წ. იმავე წყაროს მიხედვით, „გოგორიშვილმა ბეჟან ციხისჯუარი უკუიჭირა და მისცა ფაშას”(22. 77, 56).

XVI ს-ის შინაომების დროს, ათაბაგის მეუღლემ ვარაზა შალიკაშვილი მოაკვლევინა, რომელიც შაჰ-თამაზის ცოლის ძმა იყო. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, 1574 წ ირანის შაჰი სამცხეში შემოსულა, აუკლია იგი და განსაკუთრებით აუოხრებია ოძრხე (23, 577).

1595 წლით დათარიღებულ გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში საყურადღებო ცნობებია შემონახული ოძრხისა და მისი ნაჰიიეს შესახებ. აქ იგი ახალციხის ლივის ერთ-ერთი რაიონია და 25 სოფელს აერთიანებს ოძრხისწყლისა და კურცსანის ხეობებისას. როგორც სახელწოდებიდანაც ჩანს, ამ ნაწილის ცენტრია ოცხის ციხე და მისი რაბათი. ესაა 4მ კომლით დასახლეპული პუნქტი, რომელსაც დავთრის მიხედვით, უკვე ოცხე ჰქვია, აქვს სიმაგრე, წმინდა უბანი (ანანურწმინდა?). ასევე სათესველები სახელწოდებით: კურდღელაანთუბანი და ყანობირი.

ოცხეს ექვემდებარებოდა ამ დროს კურცხანის ნასოფლარები ბოდოკლდე და დათვეთი. ასევე ექვსკომლიანი მონასტერი, რომელიც ოსმალო აღმწერლებს სოფლის საკუთარ სახელად მიუჩნევიათ (8 162). ესაა ზემოთ ხშირად ნახსენები მონასტერი კურცხანისა და ოცხისწყლის შესართავთან. კურცხანის, ისევე როგორც ოცხისწყლის სხვა შემდინარეთა ბევრი ნასოფლარი, ალბათ გაპარტახების გამო, დავთარში აღნიშნული არაა. არ ჩანს არც ციხისჯვარი-ციხისძირი და სხვა პუნქტები, რომელთა რიცხვი ნაშთების მიხედვით, გარდა დავთარში აღწერილი სოფლებისა, კიდევ ოცამდე დაითვლება. XVI საუკუნის ოცხის ნაჰიიე, გამოძახილი უნდა იყოს ადრეული „ხევი ოძრახისა”, ანუ „ოძრხევისა”, „ციხისჯუარი და ოძრკე ბოდო–კლდითა”, ე.ი. სამცხის ერთ-ერთი თემი ახალი პუნქტების დამატებით. ოსმალების მიერ დაპყრობილი სამხ. საქართველოს ადმინისტრაციული დანაწილება ამ მხარის ძველი კურიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეულების გათვალისწინებით ხდებოდა, რასაც ჯავახეთის მაგალითიც ადასტურებს (24, 115).

დავთარში სოფ. აბასთუმანთან აღწერილია სოფ. თომასკერტის ციხის რაბათი, ათკომლიანი სოფელი, სადაც ოცხის ლივის სანჯაყბეგის, ვინმე ხიდირის მამული ცალკეა აღრიცხული. ს. ჯიქიას ამ სოფლისა და ციხის ადგილმდებარეობა გარკვეული არ აქვს და ამდენად არც რუკაზეა იგი დატანილი (8. 164, 176).

დღევანდელი სოფ. აბასთუმანი ძირითადად ოცხისწყლის მარცხენა ნაპირზეა, თუმცა კი მარჯვენა სანაპიროც ამათვე აუთვისებიათ. სწორედ მარჯვენა სანაპიროს განმხოლოებულ, მოგრძო გორაზე შერჩენილია ციხე-გალავნის ნანგრევი, რომლის ფართობია 65X25 მ. ციხეს ორი მრგვალი კოშკი ჰქონია დასავლეთისა და აღმოსავლეთის ბოლოებში. პირველი ოთხსართულიანი ყოფილა, მეორეში კი, მოგვიანებით ეკლესია გაუმართავთ, შეისრული თაღით. ნაგებობას სხვადასხვა აღმშენებლობის პერიოდი ეტყობა, სადაც გვიანი წყობა ჭარბობს: მცირე ზომის ნაგლეჯი კლდის ქვა, ბათქაშის ჭარბ ხსნარზე. ანაკრეფ კერამიკაში არის წინარექრისტიანულ ნაშთები, ქვის ხელსაფქვავი, ასევე მოჭიქული კერამიკის ნატეხები. ციხის ჩრდილოეთით ნასახლართა ბუდეებია. ცხადია ესაა სოფ. თომასკერტის ციხის რაბათი, სადაც ხიდირის მამული ყოფილა, ეს ციხე კი, შესაძლოა ხიდირ სანჯაყ-ბეგის სადგომიც იყო.

ზემოხსენებულ ლოკალიზაციას ადასტურებს კიდევ ერთი გარემოება: ოცხის ნაწილეს აღწერის ბოლოს, ხიდირ სანჯაყბეგის მამულთან აღწერილია სოფ. გიორგეთუბანი, მეორე სახელი გიორგეთის ციხე. გამოდის, რომ დავთრის დროს ეს ნასოფლარი გაუქმებული ციხის ნანგრევის სახელს ატარებდა. მართლაც, თომასკერტიდან 2,5 კმ-ზე ჩრდილოეთით, ოცხისწყლის მარჯვენა ნაპირზე, კიდევ ერთი ციხის ნანგრევია შემორჩენილი. მას კლდოვანი ბორცვი უკავია, აშკარად ჩანს ქვედაციხის გალავანი და ზედაციხე, დამხრობილი ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. აღმ. კედელში ნახევარწრიული ბურჯია, რომლითაც ქვედაციხეში შევდივართ. ზედაციხის ფართობია დაახლ 45X12 მ. კედლის წყობა რეგულარულია, საშუალო ზომის ლოდები კირხსნარზეა ნაწყობი. მოგრძო ქვების ჰორიზონტალური მწკრივები ზოგან იცვლება და ისინი სიმაღლეზე, ვერტიკალურადაა ჩალაგებული. კედლის სისქე 1 მ-ია. სამხრეთის მთავარ კოშკს ორი სამზერი აქვს, რომლებიც ქვევიდან მომავალ, კლდეში გაჭრილ გზას გაჰყურებენ. წყობის მიხედვით, ციხე განვითარებული შუა საუკუნეებისაა და არც გვიანი შეკეთების კვალი ეტყობა. ეს უნდა იყოს ოცხის ნაჰიეში 25 პუნქტად აღნიშნული გიორგეთის ციხე, რომელსაც მოგვიანებით გიორგეთუბანი დარქმევია, ალბათ ციხის გაუქმების შემდეგ. ამას უნდა ადასტურებდეს ისიც, რომ დავთარში ამ ციხის რაბათი კი არა, არამედ სოფ. გიორგეთუბანი იხსენიება, სადაც ორი კომლი ცხოვრობდა (25, 130; 8. 176).

დავთრის დროს აღარ მოქმედებდნენ ბოდოკლდისა და ხერხემის ძველი ციხეები: ბოდოკლდე იქ უმოსახლო ნასოფლარი ხერხემი კი 29 კომლიანი სოფელი, რომელიც ციხის რაბათს აღარ წარმოადგენს (25. 123; 8. 169), მიუხედავად იმისა, რომ ხერხემის ციხე დღესაც კარგად შემორჩენილა, ხერხემი მესხურში ხერხემალს ნიშნავს (26) და ადგილზე მნახველიც უმალ რწმუნდება ამ შედარების სიზუსტეში: კლდოვანი ქედის ვიწრო ხერხემალი მთლიანად უკავია ციხე-გალავანს, დამხრობილს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ.

ორი მოზრდილი კოშკი გალავნის თავსა და ბოლოში ციხის ორ შემოსასვლელს სდარაჯობს. მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთისაა, სადაც კარგად შერჩენილა თაღი და კედლებში ხვრელები კარის საკეტი ურდულებისათვის. კარის მარჯვნივ ოთხკუთხა კოშკია, ფართობით 10X12 მ. მისი კედლები დაახლოებით 15 მ-ის სიმაღლისაა და 4-5 სართულიანი უნდა ყოფილიყო. სართულებს შორის გადახურვისთვის კედლებს კარგად ეტყობა ბუდეები ძელებისათვის. კოშკი ნაგებია მცირე ზომის, თანაბარ ქვათა მწკრივებით, შეინიშნება სხვადასხვა პერიოდის წყობა. კოშკის კუთხეები გარედან მომრგვალებულია.

გალავნის ზედა კოშკამდე შიდა ეზოში, სამხრეთ კედელთან კიდევ ერთი ნაგებობის კვალია, ჩრდილოეთით კი ეკლესიის ნანგრევი. მისი სამხრეთი კედელი განსხვავებული ჯიშის გათლილი ქვებით ყოფილა მოპირკეთებული. ამათგან სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში ოთხი ლოდიღა შერჩენილა, დანარჩენი გაზიდულია. ამ დარბაზულ ნაგებობას შესასვლელი სამხრეთიდან აქვს და ერთი სამზერი ჩრდილოეთ კედელში. უნდა ვიფიქროთ, გალავნის სამზერიან კედელს შემდგომში მიადგეს ეკლესია. შემორჩენილია ნაშთი საკურთხევლის და ეკლესიის შუა თაღისა. არავითარი ჩუქურთმა ამ ნაგებობას არ ახლავს. ის შეიძლება XIV-XV ს-ისა იყოს.

ციხეში ყველაზე უკეთ შემორჩენილია დას. კოშკი, რომელსაც გაბატონებული მდებარეობა აქვს. ესაა გარედან მომრგვალებული, ეზოსკენ კი ბრტყელი კედლით მოქცეული ოთხსართული შენობა. მისი შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა, ბრტყელი კედლის მეორე სართულზე, ჩანს მისადგმელი კიბით, კოშკის ქვედა სართულის ფართია 4X5 მ; მესამე და მეოთხე სართულ-შორისი ცილინდრული გადახურვა გათლილი ქვებისაგან შემდგარ თაღს უჭირავს. კედლებში მაღალი საისრე ნიშებია დატოვებული მშვილდის ჩასადგმელად, რომლებიც კედლის სიღრმეში ვიწროვდებიან. ისინი ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ამომავალ ბილიკებს დაჰყურებენ.

დასავლეთის მხრიდან გალავანს მეორე შემოსასვლელი აქვს. კოშკის მეოთხე, საბრძოლო სართულის ჩრდ. მხარეს სალოდეების ნაშთიც შერჩენია. ამ ნაგებობას უკეთ ეტყობა ძველი წყობა: გარედან მცირე, თანაბარი ზომის ქვათა რეგულარული მწკრივები კირხსნარზე; ამავე დროს ეს მოგრძო ლოდები კედლის სიღრმეში პერპენდიკულარულადაა ნაწყობი. ციხის ეს ძველი ფენა VIII-IX ს-ისა შეიძლება იყოს (ნახ.4)

ხერხემისწყლის მეორე მარჯვენა ნაპირზე, ციხისაკენ ნაგზაური მიდის, იგი ნასოფლარს მიადგება. აქ უნდა ყოფილიყო სოფ. ხერხემი. ნასოფლართან მჟავე წყაროა და გაშლილი სახნავ- სათესი. აქედან ერთი გზა ციხეზე მიდის, მეორე კი ხერხემისწყალს მიჰყვება საძოვრებისაკენ. გზასაყართან კლდეზე კედლები მოჩანს. წყობა ციხის თანადროულია და უნდა ვიფიქროთ, მისივე სისტემის ერთ-ერთი კოშკი იყო, ამ გზათა მოდარაჯე. ხერხემისწყლის აყოლებით, ციხის მოპირდაპირე ქედზე გამოქვაბული მოჩანს. იქ ორი-სამი მ-ის სიმაღლის კედელია ამოშენებული, საერთო იერით მოგვიანი პერიოდისა. სიახლოვის გამო, შესაძლოა, ისიც ხერხემლის ციხესთან დავაკავშიროთ.

ზემოთ აღწერილი ციხისა და სოფლის მფლობელი აზნაური უნდა ყოფილიყო ხერხემელი, რომლის შთამომავლობა ხერხემელისძეთა თავადურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა სამცხეში. აღნიშნული საგვარეულო იხსენიება „ქართლის ცხოვრებაში: XIII ს-ის 80-იან წლებში თურქები ტაოს შემოესივნენ, ჟამთააღმწერლის სიტყვით, „ვაშლოვანით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ხერხემელისძეთა აზნაურთაგან” (18. 311). როგორც ჩანს, ხერხემლისძეთა მეთაურობით, ქართველებს ამ დიდი შემოსევის ერთ-ერთი ომი მოუგიათ.

მურღული და ნიგალის ხევი ჭოროხის შენაკადებია კლარჯეთში, ჭანეთის სიახლოვეს. ხერხემლისძეთა იქ მოხსენიება შესაძლოა მიუთითებდეს იმაზე, რომ აღნიშნული საგვარეულოს ერთი შტო მაინც, სამცხიდან დასავლეთით გადასულა. ამასვე უნდა ადასტურებდეს ისიც, რომ 1312 წ. ხერხემლისძეთა ასული სწორედ კლარჯეთში, ანჩის საყდარს სწირავს სამღვდელთმთავრო ოლარს, რომლის ამოქარგულ ასომთავრულ წარწერაში იკითხება: „ანჩისა ხატსა და საყდარსა მისსა მოვაკსენე და შევსწირე წმიდაი ესე ოლარი დაუდე ანჩელსა ებისკოპოსსა მე თამარ ხერხემლისძისა ასულმან სალოცავად სულისა ჩემისათვის და რაოდენიცა ებისკოპოსნი იკმარებდეთ, ლოცვასა მომიხსენებდეთ. ღმერთო აკმარე ესე ოლარი ანჩელს იოვანეს და შემდგომად ძმათა მისთა მღვდელთ-მოძღვართა სათნოდ შენდა მწყემსობასა შინა. ქორონიკონსა ფლბ-სა” (27. 183).

სვანეთის სოფ. იენაშის ეკლესიაში ყოფილა ხატი წმ. ბასილისა, რომლის წარწერაში იკითხება: „წმიდაო ბასილ, მფარველ მექმენ ორსავე შინა ცხოვრებასა იოვანე ხერხემელსა.” ხატი XIII-XIV ს-ით თარიღდება და მისი წარმომავლობა უცნობია (28, 344), იმავე XIII-XIV ს-ით თარიღდება ერთი სვანური საბუთი, რომლითაც იმერეთის მეფე კონსტანტინე, აზნაურ გოშგოთელიანს ნასისხლად უმტკიცებს მისსავე ნაქონებ ხორხომელისძეს (29, 113). თუ ზემოხსენებული გვარი ხერხემლისძეს უკავაშირდება, მაშინ უნდა ვიფიქროთ, რომ ამ გვარის წარმომადგენლები სვანეთშიც დამკვიდრებულან.

ვახუშტისათვის ხერხემი და ხერხემლისძენი უცნობი იყო. ჟამთააღმწერლის ზემოხსენებულ ეპიზოდს თურქთა შემოსევის შესახებ იგი ასე გადმოსცემს: თურქები „ჩამოვიდნენ მუღრისს და ნიგალის-ხევს, მოსრეს აზნაური ხერხეულისძე” (12, 24 9). მისივე აზრით, „ხერხეულისძე იყო სამცხეს და იტყვის ოსობას, არამედ არს მოსლვა მისი შემდგომად გაყრილებისა” (16. 25).

ანჩის საყდრის ოლარის ზევით მოტანილ წარწერას რომ ეხებოდა, თ. ჟორდანია შენიშნავდა, რომ ხერხემლისძეთაგან მომდინარეობენ ხერხეულისძენი, რომელნიც XVII ს-ში იხსენიებიან სამცხის აზნაურებადო (30. 175-176). ხერხეულისძენი, პირველად XV ს-ში ჩნდებიან. ესენი არიან ხერხეულიძე ჯავშანა, მისი ძმები აღნია და გოგი, კახეთს მოახალშენენი 1466-71 წლებში. მეფე გიორგის ისინი თავისი მამულით სვეტიცხოვლისათვის შეუწირავს (29. 284). ამ გვარის წარმომადგენლები შემდგომში ხშირად იხსენიებიან, მაგრამ მათი კავშირი სამცხესთან აღარ ჩანს.

1516 წლის მცხეთის საპატრიარქოს სამცხეში საქონებელისა და სამწყსოს სიაში ხერხემლისძეთა მამული სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით, უკვე თაქთირისძეთა გვარს ეჭირა (22. 33). უნდა ვიფიქროთ, აქ პირველ ყოვლისა სამცხის სოფელი ხერხემი, ციხე და მისი მიდამოები იგულისხმებოდა. ხერხემლისძენი ამის შემდეგ აღარ იხსენიებიან. დღემდე შემორჩნენ ხერხეულიძენი (თუ ისინი ხერხემლიძეთაგან მოდიან) და თავდგირიძეები (თაქთირიძე, თაგდირიძე თადგირიძე, თავდგირიძე).

იოანე ბაგრატიონი ხერხეულიძეთა საგვარეულოს შესახებ წერდა: „ესენი არიან ძველად სამცხესა შინა ადგილის ხერხეთის მცხოვრებნი და მათის ხეობისა მოხელენი. დროსავე თამარ მეფისასა და ამათ ნათესავთაგანიცა იყო მოხელედ კავკასიასა შინა, ადგილსა ნარად წოდებულსა, რომელმანცა მუნებურისა კარგისა გვარისა ოსისა გორშიშვილისა ქალი შეირთო ცოლად და მის გამოცა შვილთა მათთა უწოდდნენ გოჭიანად. ხოლო უკანასკნელ დროსა მეფისა დიდისა თეიმურაზისა, ოდეს სპარსნი მოვიდნენ ურიცხვითა მხედრობითა საქართველოსა ზედა და ბრძო მეფემან თეიმურაზ ადგილსა მარაბდად წოდებულსა წელსა ქრისტეს აქეთ 1633-სა, ამა ვრძოლასა შინა მხნედ გამოჩნდა აღათანგი ხერხეულიძე, რომელიცა იქმნა წარჩინებულ და მერე შთამომავლობანიცა იყვნენ პატივცემულ მეფეთაგან და მოხელენიცა იყვნენ სხვადასხვა სამსახურსა შინა, და აწ არიან ხერხეულისძენი სხვადასხვა სახლად: 1) დავითის შვილები, 2) გიორგის შვილები, 3) ჯამასპის შვილები, 4) აღათანგისა და მისის ძმისწულის შვილები და სხვანი კიდევ ზაქარიას შვილები და მკვიდრობენ ქრცხინვალის ნაწილებთა ადგილთა შინა” (31. 28-29).

ზოგიერთ უზუსტობასთან ერთად („ხერხეთი”, მარაბდის ომის თარიღი) აქაც დამოწმებულია აზრი ხერხეულიძეთა სამცხის ხერხემიდან წარმომავლობის შესახებ. ჩანს, ამ საკითხს შემდგომი კვლევა სჭირდება.

XVII ს-ში გიორგი სააკაძესთან დაკავშირებით, იოსებ თბილელი სამცხის სხვა პუნქტებს შორის იხსენიებს ციხისჯვარსა და ოცხესაც: „დაუთ-ბეგ გოგორიშვილსა მკვიდრად აქვს ციხისჯვარია, მითხრა ხელთ მოგცემ ციხესა, მან დაიფიცა გვარია”-ო, ათქმევინებს თბილელი სააკაძეს (32. 634). აქედან ჩანს, რომ ციხისჯვარი 1625 წ-სათვის გოგორიშვილს გაუმაგრებია და მის გამოყენებას ყიზილბაშების წინააღმდეგ აპირებდა სააკაძე.

შემდეგ ავტორი იხსენიებს ელისბარ და ბეჟან თაქთირიძეებს, რომლებიც გიორგი სააკაძეს ეხმარებოდნენ. აქ თაქთირიძეთა სამფლობელოზე ნიშანდობლივ არაფერია თქმული, მაგრამ საფიქრებელია, რომ ისინი ისევ ხერხემლისძეთა მამულს ფლობენ ოცხის ნაწილებში. ამაზე უნდა მიუთითებდეს თაქთირიძის დახმარება სააკაძისადმი იმერეთს გადასასვლელად: ჩანს მისთვის კარგად იყო ცნობილი იქით მიმავალი გზა-ბილიკები: „ბეჟან მითხრა თაქთირიძემ: „იმერეთს ვარ ბევრჯერ მსვლელი, მეცა თანა წამოგყვები მეფესთან ხარ თუ მიმსვლელი”(32. 636). - იმერეთიდან წამოსული სააკაძე ამბობს: „მეფესა ვსთხოვე დასტური, გარდმოვლე მთანი ოცხეო, მთას აქათ წყალი გაუდის, დიაღ ცხელი და მოცხეო. გულს უთხარ: "ისრევ გამაგრდი, ხმალს კიდევ სისხლი მოცხეო და სხვა (32. 637). ამ ეპიზოდში ოცხის აბანო იხსენიება მხოლოდ, ციხე კი არა. უნდა ვიფიქროთ, ამ ციხის მნიშვნელობა მაშინ დაცემული იყო.

ოცხის ციხის, ან ქალაქის შესახებ ასევე არაფერია თქმული ბერი ეგნატაშვილის ცნობაშიც: 1632 წ. როსტომ მეფემ დადიანის და ითხოვა. ახალციხის უსუფ ფაშამ „დაანება გზა როსტომ მეფესა, გარდმოვლო ოცხე და ჩამოვიდა ქართლს” (18. 420). ოცხე აქაც ზეკარის უღელტეხილსა და ხეობის ზემო წელს უნდა აღნიშნავდეს მხოლოდ.

ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი 1694-1732 წლებისა, ისევ იხსენიებს ოცხის ლივასა და ნაჰიილეს, აქ იგი გაცილებით შემცირებული ჩანს, ვიდრე ერთი საუკუნის წინ „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარში”. ჯაბა დავთარში ოცხის ნაჰიიეს მხოლოდ ექვსი პუნქტი იხსენიება. ესენია სოფლები: ხერხემი, ჭიხელი, უნწა, რაბათი, და კარისჯვარი. საინტერესოა, რომ აქ პუნქტი ოცხე არსად დასახელებული აღარაა, თუმცა კი ლივა და და ნაჰიიე ამ სახელს ატარებს ძველი ტრადიციის მიხედვით. 1712 წ. იგი ასეთ კონტექსტშია მოხსენიებული: „ოცხეს ნაჰიიე, ამავე ლივაში. სახასო მამული ოცხეს მირლივას ჯუნდი (მოჯირითე) მუსტაფას სახელზე.. სოფელი რაბათი, ექვემდებარება ხსენებულს", რომლის წლიური შემოსავალი ყოფილა 216 300 ახჩა (33, 139). ცხადია, რომ ეს სოფელი რაბათი „გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთრის" სოფ ოცხის ციხის რაბათია, რაც თავისთავად ციხისუბანს, მის დასახლებას გულისხმობდა.

ზემოაღნიშნული სოფლებიდან, რაბათის შემდეგ, ყველაზე მდიდარი სოფელი ხერხემი ჩანს, რომელიც 1704-1705 წ-ს იხდიდა გადასახადს 21 500 ახჩის რაოდენობით (33. 110).

ამის შემდეგ ოცხის ციხე აღარსად გვხვდება, ვიდრე 1810 წლამდე. ამ წელს კი რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლმა იმერეთის მეფე სოლომონმა, ახალციხის ფაშის შერიფის ნებართვით, იმერეთის საზღვრად ოცხის ციხეში დაიდო ბინა (17. 415). როგორც ჩანს ეს იყო ქართველების მიერ ამ ციხის გამოყენების უკანასკნელი შემთხვევა.

ზემოთ მოტანილმა მასალამ დაგვანახა, რომ ოცხისა და ციხისჯვრის მნიშვნელობის ზრდა, თუ დამცრობა სხვადასხვა დროს, ბევრად იყო დამოკიდებული იმერეთს გარდამავალ გზებზე. იმაზე თუ როდის ცხოველდებოდა, ან მინელდებოდა ამ გზებით კავშირი მეზობელ ქვეყნებთან. ამიტომაა, რომ თურქული წყაროები არაფერს ამბობენ მათზე, იმავდროულ ქართულ წყაროებს კი ისინი მაშინვე აგონდებათ, როცა იქ ქართველი ვინმე გამოჩნდება, იმერეთთან მოსალოდნელ ურთიერთობაში.

XIX ს-დან ოცხეს აბასთუმანი შეერქვა, თუმცა არ ჩანს ზუსტად როდის მოხდა ეს. ამ მხრივ საინტერესოა ერთი გვიანდელი კურთხევანის ქართული მინაწერი 1882 წლისა: „ტერ იოსებ ხუციოვისაგან ეს მაშტოცი შეწირული არის მოსახსენებლად ტერ გრიგორ ნეფესოვისა ოცხის კათოლიკების ეკლესიაში (44. 126). ეს უნდა იყოს ეკლესია აწინდელ დაბა აბასთუმანში, მდინარის მარცხენა სანაპიროზე, სადაც სულ ბოლო დროსაც პურის საცხობი იყო გამართული.

შენიშვნები, დამოწმებული წყაროები და ლიტერატურა:

1. გ. მელიქიშვილი. სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს მოსახლეობის უძველესი გაერთიანებები, საქართველოს ისტორიის ნარკვევები 1, თბ. 1970

2. ქართლის ცხოვრება I, სიმ. ყაუხჩიშვილის გამოც. თბ. 1955. შმდ. ქც.

3. ძველი ქართული აგიოგრაფიული ლიტერატურის ძეგლები I, ილ. აბულაძის რედაქციით, თბ. 1964.

4. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები VIII. თბ., 1990.

5. ნ. ლომოური. ძველი საქართველოს სავაჭრო გზების საკითხი, ისტორიის ინსტიტუტის „შრომები” IV, I ნაკვ. თბ. 1958,

6. ქართლის ცხოვრების ძველი სომხური თარგმანი, ილ. აბულაძის გამოც. თბ. 1953.

7. მათ პრაქტიკული დანიშნულებაც ჰქონდათ: მაღალმთიან ზონა ხშირი უამინდობისა და ნისლიანობის დროს, ისინი გზის მიმართულების გარკვევაში ეხმარებოდნენ მგზავრებს.

8. ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი III, თბ. 1958

9. საქართველოს ისტორიის ნარკვევები I, თბ. 1970.

10. ლაპიდარული წარწერები I, ნ. შოშიაშვილის გამოც. თბ. 1980.

11. ივ. ჯავახიშვილი. ქართველი ერის ისტორია II, თბ. 1983.

12. ქც IV, 663, 724; სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, პუბლიკაცია ქრ. შარაშიძისა, თბ. 1961, 56.

13. დ. ბერძენიშვილი. სამცხის ისტორიული გეოგრაფიიდან (ლომსიანთა), კრებ. „მესხეთი, ისტორია და თანამედროვეობა”, ახალციხე 2000.

14. ალ. ჭინჭარაული „ოძრხე”–ს ეტიმოლოგიისათვის, „საქართველო” I, თბ. 1998.

15. გაზ. „დროება”, 1879, N106.

16. ვახუშტი. „აღწერა სამეფოსა საქართველოსა” თ.ლომოურისა და ნ.ბერძენიშვილის რედაქციით, თბ. 1941.

17. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები II, თბ. 1965.

18. ქც II, თბ. 1959.

19. ნ. ბერძენიშვილი. საქართველოს ისტორიის საკითხები I, თბ. 1964.

20. ბოლო ხანებში, XII ს-ის გარეჯული კრებულის XIV ს-ის მინაწერებს დაყრდნობით, თ. ჯოჯუამ გამოთქვა მოსაზრება, რომ იქ მოხსენიებული „ლუკა მოქველი, წარმომავლობით ციხე-ქალაქ ოძრხის მფლობელთა ფეოდალურ სახლს ეკუთვნოდა და Ven–4–ის მინაწერში დადასტურებული „ოძრხელ"-იც უფრო მის გვარს წარმოადგენდა, ვიდრე სასულიერო წოდებას”. ამავე წერილის მე-6 შენიშვნაში ავტორი აღნიშნავს რომ ვანის ქვაბთა ეკლესიის XV-XVI ს-თა მინაწერში მოხსენიებული „ოძრხელელი" „უთუოდ ოძრხის მონასტრის წინამძღვრობას უნდა ნიშნავდეს” (მოქვის უცნობი ეპისკოპოსი ლუკა ოძრხელი (1360-იანი წლები) და მისი ხუთი მინაწერი XII ს-ის გარეჯული კრებულის (Ven–4–ის აშიებზე. ისტორიულ-ეთნოგრაფიული შტუდიები VI, თბ. 2003). “ციხე-ქალაქ ოძრხის მფლობელთა ფეოდალური სახლი” წყაროებში არ დასტურდება. ასეთი რომ ყოფილიყო ალბათ გამოჩნდებოდა ცნობილ საბუთებში (1516 წ. ახლო): მცხეთის ეკლესიის „ძუელთაგან საქონებელნი - სამწყსონი სამცხეს თავადნი და სოფელნი”. ამიტომ „ოძრხელ”-იცა - ოქრხელელ”-იც იქაურ მონასტერთან დაკავშირებული გვარსახელები უნდა იყოს (შდრ.: ვარძიელი, ოპიზარი, ხახულარი...).

21 სამხრეთ საქართველოს ისტორიის მასალები, ქრ. შარაშიძის გამოც., თბ. 1961.

22 ქც IV, თბ. 1973.

23. დ. ბერძენიშვილი. ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან, ზემო ქართლი - თორი, ჯავახეთი, თბ. 1985.

24. ს. ჯიქია. გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი II, თბ. 1941.

25. ალ. ღლონტი. ქართული კილო-თქმათა სიტყვის კონა II, თბ. 1975.

26. ექვთ. თაყაიშვილი. არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში, ძველი საქართველო II, თბ. 1913-1914.

27. ექვთ. თაყაიშვილი. არქეოლოგიური მოგზაურობა ლეჩხუმ-სვანეთში, 1913 წ. პარიზი, 1937.

28. პ. ინგოროყვა. სვანეთის საისტორიო ძეგლები, თბ. 1940.

29. თ. ჟორდანია. ქრონიკები II, თბ. 1897.

30. იოანე ბაგრატიონი. შემოკლებითი აღწერა საქართველოსა შინა მცხოვრებთა თავადთა და აზნაურთა გვარებისა, თბ. 1927.

31. იოსებ ტფილელი. დიდმოურავიანი, ქართული მწერლობა, თბ. 1989.

32. ჩილდირის ეიალეთის ჯაბა დავთარი, ცის. აბულაძისა და მიხ. სვანიძის გამოც. თბ. 1979.

33. ახალციხის მუზეუმის ხელნაწერთა აღწერილობა, თბ. 1987.