<უკან დაბრუნება (ნაწილი პირველი)...<<დაბრუნება მთავარ გვერდზე
ჯუანშერი
ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა
ნაწილი მეორე
2. მეხუთე მსოფლიო კრება
ოცდამეექუსესა წელსა იუსტინიანეს მეფობისასა იქმნა კრება მეხუთე, ას სამეოცდახუთთა წმიდათა მამათაგან, ქრისტეს აქეთ ფკზ~. კოსტანტინეპოლის, ვიგილიოს წმიდისა ჰრომთა პაპისა-ზე რომლისა წინა-მძღუარ იყვნეს ევტიქიოს კოსტანტინეპოლელი, აპოლინარი ალექსანდრიელი, დომნოს ანტიოქელი, და ადგილისა აღმავსებელნი იერუსალიმელთანი: სტეფანოს, გიორგი და დამიანოს ეპისკოპოსნი. ხოლო შემოკრბეს ორიგენიანთა და მის-თანა მიმდგომთათჳს, დიდიმოს და ევაგრესთჳს, რომელნი-ცა შეაჩუენნეს და დაამჴივნეს.
3. აფხაზთა მოქცევა
მათ-ვე ჟამთა შინა იუსტინიანეს მეფობისათა, აფხაზნი-ცა შეიცვალნეს უმჯობესად, და ქრისტეანობისა შეიწყნარეს ქადაგება. რამეთუ პალატსა შინა იუსტინიანე მეფისასა იყო ვინ-მე საჭურისი აფხაზი ნათესავით, და ევფრატა სახელის-დებით, რომელი წარივლინა მეფისა მიერ ქადაგებად მათდა და აღთქმად, ვითარმედ ამიერითგან არ-ცა ერთი-ღა-ვინ ნათესავისა მათისაგანი განჴუებულ იქმნებოდის მამაკაცობისაგან რკინისა მიერ. რამეთუ მრავალნი იყვნეს მათგანნი მსახურ სამეუფოსა საწოლისა, რომელთა საჭურის იცის წოდება ჩუეულებამან.
ვინა-ცა იუსტინიანე ტაძარი წმიდისა ღმრთის-მშობლისა აღაშენა აფხაზეთს შინა, ბიჭვინტას, და მღდელნი დაადგინნა მას შინა, რათა უგანცხადებულესად ასწავებდენ სჯულსა ქრისტეანობისასა.
ხოლო ჩვენ პირველსავე სიტყუასა მოვიდეთ. და მეფობითგან მირიან მეფისათა ვიდრე მეორისა ფარსმანისა გარდაჴდეს წელნი ორას ორმოცდაათნი. და მეფენი გარდაიცვალნეს ი~დ. და ვახტანგისითგან კათალიკოსნი გარდაიცვალნეს რვანი და მოკუდა ფარსმან, და დაჯდა მეფედ ძე მისი ბაკურ.
მეოცდათვრამეტე მეფე, ბაკურ, ძე ფარსმან მეფისა. ხოსროიანი ესე ბაკურ იყო მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან განამრავლნა ეკლესიანი და მღდელნი სამეფოსა შინა თჳსსა და განწმიდა ქართლი ყოვლისა ურწმუნოებისაგან. და მოკუდა კათალიკოსი ევლავიოზ, და მანვე მეფემან დასუა კათალიკოსი მაკარი. ამასვე ჟამსა მეფობდა სპარსეთს რომელსა ერქუა ურმიზდ.
და მას-ვე ჟამსა იყო სომხითს კაცი ერთი, შვილი მთავართა, სახელით ვასქენ. და ესუა მას ცოლი, მთავართა შვილი, რომელსა ერქუა შუშანიკ, ასული ვარდანისი. ხოლო ამას ვასქენს ეუფლა ეშმაკი და განიზრახა მიქცევა ცეცხლის-მსახურებად: წარვიდა წინაშე სპარსთა მეფისა, და დაუტევა სჯული ქრისტესი, და იქმნა ცეცხლის-მსახურ.
ხოლო სპარსთა მეფემან წარმოგზავნა იგი ნიჭითა დიდითა ერის-თავად რანისა. ვითარ მოვიდა და ცნა ცოლმან მისმან შუშანიკ ქმრისა მისისაგან დატევება ქრისტეს სჯულისა, არღარა ერჩდა იგი ცოლებად. და დაივიწყა სიყუარული ქმრისა თჳსისა, და ყოვლითა გულითა შეუდგა იგი ქრისტესა აღსრულებად მცნებათა მისთა.
მაშინ ვასქენ შეუდგა მრავალ-ღონედ, პირველად ლიქნითა და ვედრებითა, და ნიჭისა მიცემითა; შემდგომად შეაგდო სატანჯველთა შინა დიდთა რო/მელ სიგრძისაგან ვერ დავწერენ ღუაწლნი წმიდისა შუშანიკისნი. და მოკლა იგი ქმარმან მისმან ვასქენ, ერის-თავმან რანისამან.
მაშინ ბაკურ, მეფემან ქართველთამან, მოუწოდა ყოველთა ერის-თავთა მისთა, და შემოკრიბნა ლაშქარნი ფარულად, და წარემართა ვასქენს ზედა პარვით. რამეთუ ვასქენ ველსა გარე დგა კიდესა მტკურისასა, სადა მიერთვის მდინარე ანაკერტისა მტკუარსა, დაესხა და შეიპყრა ვასქენ. დაჭრეს წურილად და ასონი მისნი დამოჰკიდეს ხესა. ხოლო გუამი წმიდისა შუშანიკისი წარმოიღეს დიდითა პატივითა, და დაფლეს ცორტავს.
ამან ბაკურ მეფემან წარგზავნა მოციქული წინაშე სპარსთა მეფისა, აუწყა ესე ყოველი, და ითხოვა მისგან შენდობა. მაშინ სპარსთა მეფემან განიზრახა გონებასა თჳსსა, და თქუა: "უკეთუ შევრისხნე ქართველთა, განერთნენ იგინი ბერძენთა". და შენდობა აღირჩია: გამოგზავნა მოციქული ბაკურისი პასუხითა კეთილითა; რამეთუ ყოველი გმობა და ბრალობა ვასქენ მოკლულისა უბრძანა, და ამართლა ბაკურ სიკუდილსა მისსა. და წარმოგზავნა რანს და მოვაკანს სხუა ერისთავი, რომელსა ერქუა დარელ. და უბრძანა, რათა კეთილად მეგობრობდეს ქართველთა.
და მოკუდა კათალიკოსი მაკარი, და მან-ვე მეფემან დასუა სჳმონ კათალიკოსად. და მოკუდა ბაკურ, და დარჩეს შვილნი მისნი წურილნი, რომელნი ვერ იპყრობდეს მეფობასა.
მაშინ მეფემან სპარსთამან ურმიზდ მისცა ძესა თჳსსა რანი და მოვაკანი, რომელსა ერქუა ქასრე ამბარვეზი. მოვიდა და დაჯდა ბარდავს, და უწყო ზრახვად ერის-თავთა ქართლისათა: აღუთქუა კეთილი დიდი, და დაუწერა საერისთოთა მათთა მამულობაშვილითი-შვილამდე, და ესრეთ წარიბირნა ლიქნითა. და განდგეს ერის-თავნი და თჳს-თჳსად ხარკსა მისცემდეს ქასრე ამბარვეზსა.
და შვილნი ბაკურისნი დარჩეს მთიულეთს კახეთისასა; და ნათესავნი მირდატისნი, ვახტანგის ძისანი, რომელნი მთავრობდეს კლარჯეთს და ჯავახეთს, იგინი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა. სხუა ყოველი ქართლი, სომხითი და ასფურაგანი დაიპყრეს სპარსთა და ჰბრძოდეს ბერძენთა.
შემდგომად ამისსა მცირედთა წელთა იქმნნეს შფოთნი დიდნი სპარსეთს შინა, რამეთუ შევიდა თურქთა მეფე სპარსეთს შინა; მოვიდეს ბერძენნი, ეწყუნეს სპარსთა შუა-მდინარესა, აოტნეს და შევიდეს სპარსეთს, და იწყეს ტყუენვად სპარსეთისა. მაშინ ქასრე ამბარვეზმან დაუტევა რანი და ქართლი, და წარვიდა შუელად მამისა თჳსისა. ესრეთ რა უცალო იქმნეს სპარსნი, მაშინ შეითქუნეს ყოველნი ერის-თავნი ქართლისანი, ზემონი და ქუემონი, და წარგზავნეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა, და ითხოვეს, რათა უჩინოს მეფე ნათესავთაგან მეფეთა ქართლისათა და რათა იყვნენერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შეუცვალებელად. მაშინ კეისარმან აღასრულა თხოვა მათი, და მოსცა მეფედ დის-წული მირდატისი, ვახტანგის ძისა, ბერძნის ცოლისაგან, რომელსა ერქუა გუარამ, რომელი მთავრობდა კლარჯეთს და ჯავახეთს.
მეოცდაცხრამეტე მეფე ქართლისა, კურაპალატი გუარამ ბაგრატოანი ხოლო ესე გუარამ იყო დედით ხოსროიანი და მამით ბაგრატოანი. და ესე ბაგრატოანნი შვილის-შვილნი და ნათესავნი არიან ამა გუარამისნი. ამას გუარამს მოსცა კეისარმან კურაპალატობა, და წარმოგზავნა მცხეთას. და შვილნი ბაკურ მეფისანი, ნათესავნი დაჩისნი, ვახტანგის ძისანი, რომლისადა მიეცა მეფობა ვახტანგ მეფესა, იგინი დარჩეს კახეთს. და დაიპყრეს კუხეთი და ჰერეთი იორითგან, და დასხდეს უჯარმოს და იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა. მაშინ კეისარმან წარმოსცა განძი დიდი გუარამ კურაპალატისა თანა, და უბრძანა, რათა მით განძითა გამოიყვანნეს ჩრდილოს ლაშქარნი, და შეერთნეს თანა სპანი ქართველთანი, და შეგზავნნეს სპარსეთს. ხოლო გუარამ ყო ეგრე: გამოიყვანნა ოვსნი, დურძუკნი და დიდონი, და წარუძღუანნა წინა ერის-თავნი ქართლისანი. შევიდეს ადარბადაგანს, დაუწყეს ტყუენვად. და ესე-ვითარნი ჭირნი და უცალოებანი მოიწივნეს სპარსთა ზედა.
მაშინ გამოჩნდა სპარსეთს კაცი ერთი რომელსა ერქუა ბარამ ჩუბინი. ესე ეწყო თურქთა, სპარსეთს შემოსრულთა, ვითარცა წერილ არს განცხადებულად ცხოვრებასა სპარსთასა, მოკლა საბა, თურქთა მეფე, და აოტა ბანაკი მათი. ხოლო სპანი იგი ბერძენთანი, რომელნი შესრულ იყვნეს სპარსეთს, შეიქცეს და წარვიდეს შინა. და ჩრდილონი იგი, გუარამ კურაპალატისა შეგზავნილნი, წარმოვიდეს იგინი-ცა შინა; რამეთუ ვინათგან მოიცალეს სპარსთა თურქთაგან, შეშინდეს, და დაეცა შიში და ძრწოლა ქართველთა სპარსთაგან. და ამან გუარამ კურაპალატმან იწყო ციხეთა და ქალაქთა მაგრებად.
და კუალად-ცა წყალობა ყო ღმერთმან ქრისტიანეთა ზედა, და სხუა შუღლი დავარდა სპარსეთს: რამეთუ იგი-ვე ბარამ ჩუბინი გაადგა სპარსთა მეფესა, და დასწუნეს თუალნი ურმიზდ მეფესა ცოლის ძმათა მისთა, და იწყეს ბრძოლად ჩუბინმან და ქასრე. იოტა ქასრე ჩუბინისაგან, და წარვიდა საბერძნეთს. და კეისარმან მავრიკ მოსცა ასული თჳსი ცოლად ქასრეს, და მოსცა სპა მისი და წარმოგზავნა ჩუბინსა ზედა. იოტა ჩუბინი სპარსეთით, და ქასრემან დაიპყრა სპარსეთი.
მაშინ მავრიკ კეისარმან იურვა ქართველთათჳს ქასრეს თანა, და რქუა: "ვინათგან დაუტეობიათ ქართველთა კერპთ-მსახურება, მუნითგან მორჩილნი ბერძენთანი არიან; რამეთუ ჟამსა შინა მძლავრებისაგან თქუენისა იქმნის განრყუნილ ქართლი, თუ არა სამართალი თქუენი არა არს ქართლსა ზედა. აწ ბრძანებითა ღმრთისათა, ვინათგან სრულსა სიყუარულსა ზედა ვართ მე და შენ, და ქართლი ჩუენ შორის იყავნ თავის-უფალ მშჳდობით: მე ვარ მწე და მოურავი ყოველთა ქართველთა და ყოველთა ქრისტიანეთა".
მაშინ ერჩდა სპარსთა მეფე კეისარსა, და განთავისუფლდეს ქართველნი. და ესე გუარამ კურაპალატი დადგა მორჩილებასა ზედა ბერძენთასა. იყო კაცი მორწმუნე და მაშენებელი ეკლესიათა. ამან იწყო ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა; და აქამომდე ჯუარი ველსა ზედა იყო, და ქმნა ეკლესია წელთამდის ოდენ.
და მეფობდა კეთილად და უშფოთველად. არამედ ერის-თავნი ქართლისანი ვერ სცვალნა საერისთვოთაგან მათთა, რამეთუ სპარსთა მეფისაგან და ბერძენთა მეფისაგან ჰქონდეს სიგელნი მკჳდრობისათჳს საერისთვოთა მათთა, არამედ იყვნეს მორჩილებასა გუარამ კურაპალატისასა. ხოლო ამას გუარამ კურაპალატსა ესხნეს ძენი, რომელთა ეწოდებოდა სახელად ერთსა სტეფანოზ და მეორესა დემეტრე. და მოკუდა კათალიკოსი სჳმონ და დაჯდა სამოელ. და მოკუდა კათალიკოსი სამოელ და დასუეს სამოელ-ვე. ამან-ვე გუარამ კურაპალატმან განაახლა საფუძველი ტფილისისა სიონისა, რომელი შემდგომად ამის გუარამისა განასრულეს აღშენება ტფილისის სიონისა: ნახევარი ერთმან ვინ-მე ქურივმან დედა-კაცმან, და ნახევარი ყოველმან ერმან, ჟამსა პირველის ადარნასე მთავრისასა, და იგი ადარნასე-ცა შეეწია აღშენებასა მისსა. რამეთუ ნათესავნი მორწმუნისა მირიან მეფისანი ყოველნი ეკლესიათა მაშენებელნიიყვნეს. და მოკუდა გუარამ კურაპალატი მეორმოცე ერის-თავთა-მთავარი ქართლისა სტეფანოზ. ძე გუარამ კურაპალატისა, ბაგრატოანი და დაჯდა ძე მისი სტეფანოზ. მეფობისა სახელი ვერ იკადრა სპარსთა და ბერძენთა შიშისაგან, არამედ ერის-თავთა-მთავრად ხადოდეს. და მოკუდა სამოელ კათალიკოსი, და ამან სტეფანოზ დასუა ბართლომე კათალიკოსად. ხოლო ესე სტეფანოზ იყო ურწმუნო და უშიში ღმრთისა, არა ჰმსახურა ღმერთსა, არ-ცა ჰმატა სჯულსა და ეკლესიათა.
და ამის-ზე იქმნა შფოთი დიდი საბერძნეთს: რამეთუ მავრიკ კეისარსა განუდგა ფოკას მჴედარი, და მოკლა მავრიკ კეისარი და შვილნი მისნი. და დაიპყრა საბერძნეთი ფოკას მჴედარმან. მაშინ სიძემან კეისრისამან, სპარსთა მეფემან ქასრე, იწყო ძებნად სისხლსა სიმამრისა და ცოლის ძმათა მისთასა, შესლვად და ტყუენვად საბერძნეთისა. განძლიერდა ბერძენთა ზედა, და ვერ წინა-აღუდგა ფოკას კეისარი. ხოლო სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, შეუშინდა მეფესა სპარსთასა, განუდგა ბერძენთა და მიექცა სპარსთა.
მას ჟამსა მან-ვე მეფემან ქასრე წარმოტყუენა იერუსალემი და წარიყვანა ძელი ცხოვრებისა; და. შემდგომად ამისსა აღიღო ღმერთმან ჴელი წყალობისა ქასრესგან: შეიპყრა იგი ძემან თჳსმან, შესუა იგი საპყრობილესა, და მოკუდა სენითა ბოროტითა.
ხოლო ამის სტეფანოზის-ზე მცხეთას მოკლდებოდა და ტფილისი განძლიერდებოდა, არმაზი აღოჴრდებოდა და კალა აშენდებოდა. და ძმა სტეფანოზისი, სახელით დემეტრე, აღაშენებდა ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა. რამეთუ სენი-ცა იყო მის თანა ბოროტი, და ვერ შემძლებელ იყო განშორებად კარსა ეკლესიისასა და სტეფანოზ მთავრობდა ყოველსა ქართლსა ზედა, და დაჯდა იგი ტფილისს, და ჰმორჩილებდა იგი სპარსთა.
ხოლო შემდგომად ამისსა რა-ოდენთა-მე წელიწადთა გამოჩნდა საბერძნეთს კაცი ერთი, თჳსი მავრიკ კეისრისა, სახელით ერაკლე. ამან მოკლა ფოკას კეისარი, და დაიპყრა საბერძნეთი. განძლიერდა იგი და მიიყვანნა დასავლეთით თურქნი, და შეკრიბნა სპანი ურიცხუნი, და წარმოემართა სპარსეთად ძებნად ძელისა ცხოვრებისასა. და მოვიდა პირველად ქართლს, სამცხეს, და ესმა სასწაულთ-მოქმედება ხატისა მის, რომელი წმიდასა ღმრთის-მშობელსა გამოესახა და მიეცა პირველ-წოდებულისა ანდრიასთჳს, და მას მოესვენა და დაესვენებინა მცირესა ეკუდერსა შინა აწყუერს. მოვიდა კეისარი ერაკლე ხილვად და თაყუანის-ცემად ხატისა მის. მაშინ იწყო ერაკლე აწყუერს დიდისა საყდრისა საძირკუელისა ჩაგდებად და შენებად, ვიდრემდის მიერითგან განსრულდა მორწმუნეთა კაცთა მიერ, და მიერ შექმნეს საეპისკოპოსოდ. ამან სტეფანოზ არა ინება განდგომა სპარსთაგან, და განამაგრნა ციხე-ქალაქნი, და დადგა ტფილისსა შინა. მოვიდა ერაკლე მეფე და მოადგა ტფილისსა. ხოლო სტეფანოზ იყო ქუელი მჴედარი და შემმართებელი; დღეთა ყოველთა გამოვიდის კართა ქალაქისათა, და ებრძოდის ბერძენთა. მაშინ უკუე მას წყობასა შინა ჩამოაგდეს სტეფანოზ და მოკლეს. და დაიპყრა კეისარმან ტფილისი.
ხოლო ციხესა კალისასა დარჩეს კაცნი, და არა მოერთნეს მეფესა; და ციხით გამოღმართ ციხის-თავმან აგინა მეფესა და რქუა: "ვაცისა წუერნი გასხენ და ვაცბოტისა კისერი გათქს". მაშინ ბრძანა მეფემან: "დაღაცათუ კაცმან ამან ბასრობით მრქუა მე ვაცბოტობა, არა არს ცუდ სიტყუა მისი". და მოიღო წიგნი დანიელ, და პოვა მას შინა წერილი ესრეთ: "გამოვიდეს ვაცი დასავლისა, და შემუსრნეს რქანი ვერძისა აღმოსავლისანი". მაშინ განიხარა მეფემან და დაიდასტურა, რამეთუ ყოველი-ვე განემარჯუებოდა სპარსთა ზედა.
მაშინ კეისარმან მოუწოდა ძესა ბაკურისსა, ქართველთა მეფისასა, ნათესავსა დაჩისასა, ვახტანგის ძისასა, რომელი ერისთაობდა კახეთს, რომელსა ერქუა ადარნასე, და მისცა მას ტფილისი და მთავრობა ქართლისა. და დაუტევა მის თანა ერის-თავი, რომელსა ერქუა ჯიბღა, და უბრძანა ბრძოლა კალისა, და თჳთ წარემართა მეფე ბრძოლად სპარსთა.
მეორმოცდაერთე მთავარი ქართლისა, ადარნასე. ძე ბაკურისი, ხოსროიანი ხოლო ამან ადარნასე, მთავარმან ქართლისამან, და ერის-თავმან ჯიბღუ უწყეს ბრძოლად ციხესა კალისასა. და კეისარი წარემართა ბაღდადს.
ხოლო მცირედთა დღეთა წარიღეს კალა და შეიპყრეს ციხის-თავი იგი. ამან ერის-თავმან პირველად პირი დრაჰკნითა აღუვსო, რომელ სიტყჳთა შენითა კეისარმან განიხარა-ო. და შემდგომად ამისსა ტყავი გაჰჴადა, და კეისარსა უკანა მისწია გარდაბანს: კადრებისათჳს მეფისა უყო ესე.
და ესე-ვითარითა სიკუდილითა წარეგნეს სტეფანოზ და მსახურნი მისნი. ამისთჳს უყო ესე ღმერთმან მთავარსა მას სტეფანოზს, რამეთუ არა მინდობითა ღმრთისათა ცხოვნდებოდა: მორწმუნეთა ემტერებოდა და ურწმუნოთა მოყურობდა.
მაშინ კუალად წარიღეს ბერძენთა საზღვარი ქართლისა: სპერი და ბოლო კლარჯეთისა, ზღჳს-პირი. და შვილნი სტეფანოზისნი დარჩეს კლდეთა შინა კლარჯეთისათა, სხუა ყოველი ქართლი დაიპყრა ადარნასე ბაკურის ძემან მთავრობით, და მეფობისა სახელი ვერ-ცა მან იკადრა. და ერის-თავნი იგი თჳს-თჳსსა საერისთოსა შინა მკჳდრობდეს შეუცვალებელად, და მორჩილებდეს ადარნასე მთავარსა.
და მოკუდა კათალიკოსი ბართლომე, და ამან ადარნასემ დასუა კათალიკოსად იოანე. და წარგზავნეს ანტიოქიას და მის თანა მონაზონი ერთი მოციქულათა-ცა და საკურთხეველათა-ცა. რამეთუ განწესებულ იყო კურთხევა ანტიოქიით კათალიკოსისა, და ვერ-ღა-რა-ვის ჴელეწიფებოდა სლვად გზასა ანტიოქიისასა. ამისთჳს დიდი ზრუნვა აქუნდა ქართველთა. ხოლო დღეთა თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისა წარავლინნეს მოციქულნი და მივიდეს წინაშე თეოფილაკტე ანტიოქელ პატრიაქისა, და მიუთხრეს ნეტარსა თეოფილაკტეს, ვითარმედ დიდსა ჭირსა შინა არიან ქრისტიანენი, მკჳდრნი ქართველთა სოფლებისანი, რამეთუ დღითგან ნეტარისა ანასტასი მღდელ-მოწამისათა არა კურთხეულ არს სიძნელისათჳს გზათასა. ხოლო მან ჰყო საზოგადო კრება, და განაჩინა ბჭობითა კრებისათა, მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპსთა თჳსთა თანა, რათა შეკრბებოდენ ეპისკოპოსნი სამრევლოსა მისისანი და აკურთხევდენ კათალიკოსსა ჟამითი-ჟამად, რომელი-ცა საღმრთომან მადლმან უჩუენოს მათ და რომელი გამოირჩიონ და სთნდეს მეფესა და ეპისკოპოსთა, და ერსა და მოყუასთა მის ეკლესიისათა. და შეუქმნა მათ აღწერილი მოსაჴსენებელი თავისა თჳსისათჳს და მუნ შემოკრებულისა კრებისათჳს და ჴელთ-დასხმულ ჰყო ერთი ორთა მათ მისსა მოვლინებულთა მონაზონთაგანი, სახელით იოანე, მის ჟამისა კათალიკოსად მათდა. ხოლო ამას ანტიოქიის კრებასა შინა გაპატიოსნდა და განთავისუფლდა მათგან კათალიკოსი. რამეთუ ჴელ-ქვეით აღარ არის პატრიაქთა, აღარ-ც აკურთხევენ, არამედ თჳსნი ეპისკოპოსნი აკურთხევენ და მიერითგან განეფინა ქუეყანასა ზედა, ვითარმედ განთავისუფლდა კრებასა შინა ანტიოქიისასა.
მაშინ უკუე იოანე გუთელ ეპისკოპოსი თჳსისა სამწყსოსა და ერისა მიერ მოივლინა ქართლად, და ქართლისა კათალიკოსისა იოანეს მიერ მიიღო ჴელთ-დასხმა მცხეთას, რამეთუ მას ჟამსა საბერძნეთისა კერძონი ხატთა ბრძოლისა წვალებასა დაეპყრნეს. და შემდგომად რა-ოდენისა ჟამისად მოკუდა კუალად კათალიკოსი იოანე და ამან-ვე ადარნასემ დასუა ბაბილა.
ხოლო ერაკლე მეფე შევიდა სპარსეთს, და მოკლა ხუასრო მეფე, და წარიღო ბაღდადი, და წარმოიყვანა ძელი ცხოვრებისა. უკ-მოიარა გზა ქართლისა-ვე მეშჳდესა წელსა, რაჲთგან ჩაევლო. და ეკლესია ჯუარისა პატიოსნისა და სიონი ტფილისისა განესრულნეს ადარნასე ქართლისა მთავარსა.
მაშინ ერაკლე მეფემან წარიხუნა მანგლისით და ერუშეთით ფერჴთა ფიცარნი და სამსჭუალნი უფლისა ჩუენისა იესოს ქრისტესნი, რომელნი მოცემულ იყვნეს კოსტანტინესგან მირიანისდა.
შეწუხნა ადარნასე ქართლისა მთავარი, და ევედრებოდა კეისარსა, რათა არა წარიხუნეს ნიჭნი იგი ღმრთისა-მიერნი. არა ისმინა კეისარმან ვედრება მისი დაწარიხუნა. ხოლო ამის ადარნასეს-ზე გარდაიცვალნეს სამნი კათალიკოსნი: იოვანე, ბაბილა და თაბორ. მოკუდა ადარნასე, და დადგა ძე მისი სტეფანოზ.
მეორმოცდაორე მთავარი ქართლისა, სტეფანოზ, ძე ადარნასე მთავრისა. ხოსროიანი ესე სტეფანოზ იყო უმეტეს ყოველთა ქართლის მეფეთა და მთავართა მორწმუნე და განმწმედელი სჯულისა, მაშენებელი ეკლესიათა. და მან მოადგნა ზღუდენი ეკლესიასა ჯუარისა პატიოსნისასა, და აღაშენნა დარბაზნი, და დაუწერა კრება ყოველთა პარასკევთა, და მუნ შეკრბიან ყოველნი ეპისკოპოსნი და მღდელნი მის ადგილისა დაარისანი კათალიკოსის თანა, წინაშე პატიოსნისა ჯუარისა; ადიდიან პარასკევი, ვითარცა დიდი პარასკევი ხოლო საკათალიკოსოსა არიან კრებანი ყოველთა ხუთშაბათთა და ადიდიან წმიდა სიონი, ვითარცა დიდსა ხუთშაბათსა, საიდუმლოსა თანა ჴორცითა და სისხლითა ქრისტესითა. ხოლო მცხეთას საეპისკოპოსოსა არნ ყოველთა სამშაბათთა კრება და ჴსენება პირველ-მოწამისა სტეფანესი და ყოველთა მოწამეთა, დიდისა მისგან ძლიერებისა სპარსთასა რომელ წამებულ იყვნეს, და აბიბოს ნეკრესელ ეპისკოპოსისა, რომელმან მოაქცივნა უმრავლესნი მთეულნი არაგუსა აღმოსავლითნი. ხოლო პატიოსანი გუამი მისი დადვეს მცხეთას, საეპისკოპოსოსა, სამარხავსა ეპისკოპოსთასა. და დღესასწაულსა მისსა უფროს ყოველთა დღესასწაულთასა შეკრბიან და ადიდებდიან ღმერთსა.
მათ ჟამთა გამოჩენილ იყო მოჰამად, ნათესავი ისმაელისი, მოძღუარი სარკინოზთა სჯულისა, და ყოველი არაბია და იამანეთი დაიპყრა. და მოკუდა იგი, და დადგა მის წილ აბობიქარ, და შევიდა სპარსეთს. რამეთუ ვინათგან შესრულ იყო ერაკლე მეფე სპარსეთს, და განერყუნა სპარსეთი; და არღარა-ვინ იყო წინა-აღმდგომისპარსეთს. ამან აბობიქარ აგარიანმან დაიპყრა სპარსეთი, შევიდა ბაღდადს და მძლავრობით დაატეობინა უმრავლესთა ცეცხლის-მსახურება, და მოაქცივნა სარკინოზად. და მოკუდა იგი, და დადგა მის წილ ომარ, და უმეტეს განძლიერდა იგი. უთხრეს მეფესა ერაკლეს, ვითარ შემოვლენ აგარიანნი შამად და ჯაზირეთად, რომელ არს შუა-მდინარე. და გამოვიდა ერაკლე ფილისტიმად, რათა-მცა ეწყო მუნ. ხოლო იყო მუნ მონაზონი ვინ-მე, კაცი ღმრთისა, და მან რქუა მეფესა: "ივლტოდეთ, რამეთუ უფალმან მისცა აღმოსავლეთი და სამხრეთი სარკინოზთა, რომელ არს თარგმანი მისი სარას ძაღლთა". და მონაზონისა მის სიტყჳთა ესე უთხრეს ერაკლე მეფესა ვარსკულავთ-მრიცხველთა და სრულთა მისანთა. აღაშენა ერაკლე მეფემან სუეტი და დაწერა მას ზედა: "მშჳდობა შუა-მდინარეო და ფილისტიმო, ვიდრემდის წარჴდეს შჳდნი შჳდეულნი". შჳდეულისათჳს ესრეთ პოვეს ჟამი განსაზღვრებული ფილოსოფოსთა ჰერმის ტრისმეჯისტონის წიგნთა შინა სარკინოზთათჳს, რომელ არს ორას ორმოცდაათი წელი. მოჰმადის გამოჩინებამდე ალექსანდრეს წელთაგან იყო ცხრაას ოცდაშჳდი წელი ალექსანდრესი.
მაშინ ყოველნი ნათესავნი ბერძენთანი წარჩინებულნი ჰფლვიდეს ქუეყანათა შინა განძთა, რათა რაჟამს გამოვიდენ, პოვნენ განძნი იგი და არღარა ნახონ ჭირი წაღებისა და კუალად გამოღებისა.
და აღმოვლო ერაკლე კეისარმან გზა რანისა და მეორედ შემოვიდა ქართლად, და რქუა ნათესავსა სპარსთასა, რომელნი შემოლტოლვილ იყვნეს სარკინოზთაგან: "უკეთუ უწყით, ვითარმედ დასრულდა მეფობა თქუენი; დაუტევეთ ჩრდილო და შემოვედით ჩუენ თანა". და მათ დაუტევეს ქუეყანა ესე, და დაფლნეს განძნი მათნი; რომელნი-მე წარჰყვეს და რომელნი-მე დადგეს, და შეიტანნეს ყოვლისა საგანძურისა გუჯარნი. და რა გუჯარი დაწერეს, აღწერეს ნათესავი თჳსი და ქუეყანა, და დადვეს, რათა ოდეს მოვიდენ ბერძენნი, მით გუჯრითა მოიძივნენ ნათესავნი მათნი და თჳთოეულად განუყონ ქუეყანა და განძი.
მოკუდა კათალიკოსი თაბორ და დასუეს კათალიკოსად სამოელ. ამისა შემდგომად გარდაჴდეს რა-ოდენი-მე წელნი. ქრისტეს აქეთ ქ~ნვ იქმნა კრება მეექუსე, რ~ო წმიდათა მამათა კოსტანტინეპოლის შინა, მეათსამმეტესა წელსა პოღონატი კოსტანტინეს მეფობისასა. რომელი იყო მამა იუსტინიანესი, რომლისა წინა-მძღუარ იყვნეს თეოდორე და გიორგი ხუცესნი და იოანე დიაკონი, ადგილის-მცველნი აღათონ ჰრომთა პაპისანი, და გიორგი კოსტანტინეპოლელი, თეოფანე ანტიოქელი. ამის კრებისა მიერ ბრძანეს ესრეთ წმიდისა ეკლესიისა საქართველოსათჳს, რომელ არს წმიდა მცხეთა, რათა იყოს სწორ პატივითა ვითარცა წმიდანი სამოციქულო კათოლიკე ეკლესიანი, საპატრიაქონი. და იყოს კათალიკოსი ქართლისა სწორი პატრიაქთა თანა, და აკურთხევდეს, მწყსიდეს და განაგებდეს სიმართლით მთავარ-ეპისკოპოსთა, მიტროპოლიტთა და ეპისკოპოსთა, და სამწყსოსა თჳსსა ქართლსა გამოღმა-გაღმა კახეთსა, შაქსა, შირვანსა და მიდგმით-წამოვლით მთისა ადგილისათა, სუანეთისა და ჩერქეზის საზღვრამდის, სრულიად ოვსეთსა და ყოველსა ზემო-ქართლსა სამცხე-საათაბაგოსა. "მისთჳს მიგჳთვლია საქართველოს ეკლესიანი, მას ჰმონებდენ, და მის ჴელ ქუეშე იყვნენ, და სჯულსა მისსა ერჩდენ, და მისგან იმწყსებოდენ.და მიგჳცემია ჴელმწიფება შეკრვისა და განჴსნისა: რომელი შეკრას, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნას ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა ხოლო პირველითგან ანტიოქიის კრებისა მიერ განპატიოსნებულ იყო, და ამ კრებისა მიერ დაგჳმტკიცებია პატრიაქად, რამეთუ ნუ იქმნებინ მიტროპოლიტი, ნუ-ცა ეპისკოპოსი კათალიკოსისა შეუნდობრად. ხოლო უკეთუ ვინ-მე იკადროს კათალიკოსისა წინა-აღდგომა, მთავარ-ეპისკოპოსმან გინა მიტროპოლიტმან, ანუ ეპისკოპოსმან, ანუ დაიპყრას ხარისხი და ეკლესია ძალითა, კათალიკოსისა უკითხავად და შეუნდობელად, ანუ იკურთხოს მეფე გინა მთავარნი, ანუ მთავარ-ეპისკოპოსნი და მიტროპოლიტ-ეპისკოპოსნი, განიკუეთენ. ხოლო ოდეს-ცა ენებოს შემზადება და კურთხევა მირონისა, აკურთხოს თჳსსა ეკლესიასა".
რამეთუ მრავალნი მრავალ-გზის ამათ პირთათჳს გუკითხვიდეს, და დავბრკოლდებოდით ჩუენ უმეცრებით. და ესე მცირედნი სიტყუანი, ვითარცა თესლის-მკრებელმან მიმოგანთესულნი წმიდათა წერილთაგან, ერთად შემოვკრიბენ ჯერ-ჩინებითა შენითა, კაცო ღმრთისაო.
ხოლო სტეფანოსს ესხნეს ორნი ძენი არჩილ და მიჰრ. და განუყო ყოველი ხუასტაგი სამეფოსა მისისა, საგანძური ოქროსა და ვეცხლისა და თუალთა პატიოსანთა: და ნახევარი წარიღო ქუეყანასა ეგრისსა და წარიყვანა ძე თჳსი პირმშო მიჰრ; და ნახევარი საქონელისა მისისა მისცა არჩილს, უმრწემესსა ძესა თჳსსა. ხოლო არჩილ დაჰფლა საგანძური უფროსი ჴევსა კახეთისასა; ხოლო სამსახურებელნი ოქროსა და ვეცხლისანი ჴევსა უჯარმოსასა, და საგანძურნი ქართლისა და ჯავახეთისანი დასხნა გორს, რომელი მან-ვე ერაკლე განაჩინა სამალავად განძთა მათთჳს, რომელნი თანა ვერ წარჰქონდეს. სახელი გორისა მის არს ტონთიო, რომელ არს თარგმანებით "მთა ოქროსა". და დასუა მას ზედა ტილისმი, რათა ვერვინ შეუძლოს გამოღებად ხოლო საგანძურნი ყოველთა ქართლისა ეკლესიათანი დაფლნა აჩრდილსა დიდისა სიონისასა მცხეთას. და შემდგომად მცირედთა ჟამთა შევიდა არჩილ-ცა ეგრად-ვე და მუნ ყოფასა შინა მოკუდა სტეფანოზ, მთავარი ქართლისა, და მის წილ მეფე იქმნა ძე მისი მირ.
მეორმოცდასამე მეფე. მირ. ძე სტეფანოზ მთავრისა. ხოსროიანი რამეთუ მოიწია ამირა აგარიანი ქართლად, რომელსა ერქუა მურვან ყრუ, ძე მომადისი, რომელი წარმოევლინა ეშიმს, ამირმუმლსა ბაღდადელსა, ძესა აბდალ-მელიქისსა, ნათესავისაგან ამათისა. ამისთჳს ეწოდა მეორედ ყრუ, რომელ არა მიითუალვიდა სიტყუასა განმზრახთასა.
ხოლო რაჟამს აღიღო მთავრობა სპარსთა და არაბთა, და აღძრა ყოველი თესლ-ტომი აგარიანთა, და განილაშქრა ქრისტეანეთა ზედა, და აღაოჴრა და მოსრა, და ტყუე ყო ქუეყანა საბერძნეთისა და სასომხითოსა ვიდრე ზღუადმდე, და მოეფინა, ვითარცა ღრუბელი ბნელისა, სიმრავლითა, ვითარცა მკალი და მუმლი, არეთა ჩრდილოსათა, და დაფარა პირი ქუეყანისა.
და ყოველნი მთავარნი და პატიახშნი, ნათესავნი ერისთავთა და წარჩინებულთანი შეიმეოტნეს კავკასიად, და დაიმალნეს ტყეთა და ღრეთა. და მოვლო ყრუმან ყოველიკავკასია, და დაიპყრა კარი დარიელისა და დარუბანდისა, და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და უმრავლესნი ციხენი ყოველთა საზღვართა ქართლისათა.
და მოვიდა სამცხეს და დაიბანაკა არეთა ოძრჴისათა რამეთუ იყო მაშინ ქალაქი იგი სახელოვანი, ძველ ნაქმართა მისთათჳს. მაშინ უკუე აღიძრა და წარმოვიდა სამცხით და წარმოემართა ქუეყნად არგუეთად და წინა-მბრძოლნი და რჩეულნი წარმოვიდეს. მაშინ იყვნეს დიდნი და დიდებულნი ტომებითა მთავარნი, ქართველნი, სანახებისგან ქუეყანისა არგუეთისა, დავით და კოსტანტინე. მაშინ იყვნეს შეკრებილ და რჩეულ, და ფრთხილ. ხოლო იხილეს რა წარმართთა დავით და კოსტანტინე, აღიზახნეს ვითარცა მჴეცთა, და მოერთნეს. ხოლო დავით განაძლიერა გუნდი თჳსი, და უშიშ ყვნა იგინი, აღიზახა ვითარცა ლომმან და აოტა, და განაბნივნა იგინი, ურიცხჳ მოსრეს, და აღუდგინა ძლევა ქრისტეანეთა. მაშინ მეოტნი უკუნ-იქცეს და მიუთხრეს მურვან ყრუსა, რა იგი მოწევნულ იყო მათ ზედა, ვითარმედ წინა-მბრძოლნი ლაშქარნი რჩეულნი ყოველნი მოსრნეს შეშის-მსახურთა. ხოლო მან პირსა თჳსსა იკრნა ჴელნი თჳსნი და თქუა, ვითარმედ "ვინ არს მკადრე, რომელ-მცა წინა-აღუდგა დიდსა მოციქულსა მოამედს, დედის ძმასა ჩემსა". ესე თქუა და შეუძახა ყოველსა-ვე სიმრავლესა წარმართთასა, და წარმოემართნეს, ვითარცა ქვიშა სიმრავლითა, და მოვიდა ქუეყანად არგუეთისა, და შეიცვეს ტყე და ველნი, მთანი და ბორცუნი, და შეეწყუდივნეს ჴელსა წარმართთასა ერნი ქრისტეანეთანი, რამეთუ რომელნი-მე ტყეთა დაიმალნეს და რომელნი-მე მოსრნეს. დავით და კოსტანტინე და სხუან[ნი] ვიეთნი-მე შემდგომნი მათნი შეპყრობილ იქმნნეს. მაშინ, ვითარცა ეუწყა შეპყრობა მათი, (მაშინ) აღიტყუელნა ჴელნი და ადიდა დიდად დედის ძმა თჳსი მოამედ და სჯული მისი, გამარჯუებისა მისთჳს. ხოლო ვითარცა დაიბანაკეს, დაჯდა საყდართა ზედა, მიიყვანეს დავით და კოსტანტინე წინაშე ყრუსა, და წარადგინეს ჴელ-შეკრული უსჯულოსა მის. ხოლო ქრისტეს აღსარებისათჳს იწამნეს წმიდანი ესე და მრავალნი სატანჯველნი თავს-ისხნეს, და მერმე შთაყარნეს ტბასა მას, და თჳთ ივლტოდეს მტარვალნი, შეშინებულნი ჴმისა მისგან წმიდათა მათთჳს მოწამეთა, რომელ ისმოდა ზეცით. მაშინ უღმრთომან არა თავს იდვა.
და ვითარ ცნა, რამეთუ მეფენი ქართლისანი და ყოველნი ნათესავნი მათნი წარვიდეს ეგრისად და მუნით კუალად მიიცვალნეს აფხაზეთად, შეუდგა კუალსა მათსა და შემუსრნა ყოველნი ქალაქნი და სიმაგრენი ეგრისის ქუეყანისანი. და ციხე იგი სამ-ზღუდე, რომელ არს ციხე-გოჯი, შემუსრა, და შევლო ზღუდე იგი საზღვარი კლისურისა. და მოსლვასა მისსა კათალიკოსი იყო თაბორ.
და ვითარცა შევლო ყრუმან კლისურა, რომელი მას ჟამსა იყო საზღვარი / საბერძნეთისა და საქართველოსა, და შემუსრა ქალაქი აფშილეთისა ცხუმი. და მოადგა ციხესა ანაკოფისასა, რომელსა შინა არს ხატი ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისა, არა კაცობრივითა ჴელითა დაწერილი, არამედ ზეგარდამო, რომლისათჳს არავინ უწყის -- ვინა იგი მოსრული იპოვა თავსა ზედა მის გორისასა, რომელსა მოსდგამს სამხრით ზღუა და ჩრდილოთ ჭალაკი მწყურნები. მუნ შინა იყვნეს მაშინ მეფენი ქართლისანი მირ და არჩილ; ხოლო მამა მათი გარდაცვალებულ იყო და დამარხულ ეგრსა შინა. და ერის-თავი კეისრისა ლეონ შესრულ იყო ციხესა შინა სობღისასა, რომელ არს გარდასავალსა ოვსეთისასა. და ვერ-ვინ შემძლებელ იყო წყობად ყრუსა, რამეთუ იყვნეს სპანი მისნი უფროს და უმრავლეს ჭალაკთა ეგრისათა.
ხოლო ამან-ვე ყრუმ შეიპყრა და აწამა წმიდა დავით და კოსტანტინე, რომელთა წამებასა ვრცელად მოგჳთხრობს ცხოვრება მათი. და ჩუენ პირველი-ვე სიტყუა ვიწყოთ.
მაშინ ვითარ იყვნეს ციხესა მას შინა ანაკოფისასა, მუნ მივიდა მურვან ყრუ და უწყო ბრძოლა მეფეთა მათ. მაშინ რქუა არჩილ ძმასა თჳსსა მირს: "მიწყუდეულ არს ციხე-ქალაქი ესე შემუსრვად. და უკეთუ შეგჳპყრნენ ჩუენ ჴელად, გამოიკითხნეს ყოველნი საგანძურნი ნამალევნი, რომელნი იგი დავფლენით ქუეყანასა ჩუენსა, მონაგებნი მირიან ღმრთივ-განბრძნობილისანი, და კუალად ვახტანგ ღმრთივ-განბრძნობილისა მეფისანი, და ყოველთა შვილთა მათთანი, რომელთა გუშვნეს ჩუენ. და იგი-ცა ითხოვოს, რომელი დამალა ერაკლე მეფემან, რომლისა აღწერილი ყოველი დავდევით ორთა მათ თანა გჳრგჳნთა ზურმუხტისა და იაგუნდისა ძოწეულისათა, რომელნი იგი გამოიტანნა მამამან ჩუენმან, დიდმან მეფემან ვახტანგ, ინდოეთით და სინდეთით, დავფლენით იგი უჯარმოს, მახლობელად შორის ორთა მათ კოშკთა უმცველოთა, და ყოველი იგი აღწერილ არს გონებასა ჩემსა. და შენ წარიხუენ ორნი იგი გჳრგჳნნი, ოქროსა და ანთრაკისანი: ერთი მირიან მეფისა და ერთი ვახტანგისი, რომელი მოუძღუნა სპარსთა მეფემან ვახტანგს, ყოველსა თანა ოქროსა და ვეცხლსა, რომელი აჰკიდა სატჳრთავსა ხუთასსა და მკჳრცხლსა ორიათასსა; და შენ და მამამან ჩუენმან დასდევით იგი ქუთათისს და ციხე-გოჯს. ხოლო მე გჳრგჳნნი იგი ჩემნი და გუჯარნი ტყჳვისანი მარტოდ დავსხენ. აწ, უკეთუ მოვკუდეთ, განძი იგი ყოველი უცნაურად დარჩეს, და გამოსლვასა ბერძენთასა ძიება ყოს კეისარმან ნათესავისა ჩუენისათჳს, და მოსცეს მეფობა და განძი-ცა იგი. აწ უკუე არა ვიქმნეთ ჩუენ მიზეზ მოოჴრებისათჳს ქართლისა და საბერძნეთისა, არამედ განვიდეთ და ვეწყუნეთ ზღჳთ-კერძოსა ამას გუერდსა შინა. და თუ ენებოს ღმერთსა, ერთითა იოტოს ათასი და ორითა ბევრი".
და მივიდეს წინაშე წმიდისა მის ხატისა ყოვლად წმიდისა ღმრთის-მშობელისასა, თაყუანის-ცეს შევრდომით და იტყოდეს: "განვალთ სასოებითა ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისათა, რომელი იშვა შენგან, მისა შეწირე ოხა ჩუენთჳს, და თანა-მავალ მეყავ ჩუენ წყალობა შენი". და იყო მათ თანა სიმრავლე მცირედ ტაძრეულისა მათისა და ნათესავი ერის-თავთა და პატიახშთა, ათასი ოდენ, ხოლო სპათაგან აფხაზთა მბრძოლი ორი ათასი. და ვიდრე განთენებამდე მოავლინა უფალმან სარკინოზთა ზედა რისხვა ერსა და ბანაკსა და ეტლებსა მისსა ზედა რამეთუ აბაშთა ნათესავი იყო დაბანაკებული მდინარესა მას ზედა, რომელსა რქჳან აბაშ[ა], ხოლო უნები და ეტლები მდინარისა კიდესა, რომელსა რქჳან ცხენის-წყალი. და იქმნეს სასწაულნი ზეგარდამო, ქუხილნი და ელვანი; და ხორშაკი ბღუარისა, და გუემნა იგინი სატლითა სისხლისათა. და ეჩუენა მას ღამესა არჩილს ანგელოზი უფლისა, რომელმან რქუა მას: "წარვედით და ეწყუენით აგარიანთა, რამეთუ მიმივლენია მათ ზედა გუემა სასტიკად მომსრველი, კაცითგან მიპირუტყუთამდე. და განრახჳდეთ, გესმეს ბანაკით მათით ჴმა ვაებისა და ტირილისა. ხოლო თქუენ მჴნე იყვენით და განძლიერდით სასოებითა ღმრთისათა". და ვითარცა განთენდებოდა, ისმა ბანაკით მათით ჴმა ტირილისა და გოდებისა.
მაშინ უკუე განვიდეს სასოებითა ღმრთისათა წყობად მათდა: და ეწყუნეს, და მოსცა უფალმან ძლევა მცირედთა ერთა ქრისტეანეთა; და მოსწყდა სატლითა სარკინოზთაგან ოცდათხუთმეტი ათასი, ხოლო მახჳლითა-სამი ათასი. და იწყლა მირ მაზრაკითა ფერდსა, ხოლო ქრისტიანეთაგან მას დღესა შინა მოკლეს კაცი სამოცი, და სარკინოზთა ცხენი დაეცა ვითარცა ჭალაკი და ჩაჰყრიდეს ყოველსა მას ზღუად.
მაშინ იხილა აგარიანმან ვინ-მე ჩუენება, რომელსა ეტყოდა რე-ცა მოციქული მათი: "მოუცემია ღმერთსა ძლევა ჩუენდა ვიდრე აღსრულებადმდე ათთა მეფეთა, ვითარცა რქუა აბრაამს და აგარს ღმერთმან, არამედ ეკლესიათა წმიდათა და კაცთა ღმრთის-მსახურთა ეკრძალებოდეთ, ვითარცა იგი გამცენ კურანსა შინა ჩემსა". მსწრაფლ აღიყარნეს და უკუნ-იქცეს კუალსა-ვე თჳსსა. და ვითარცა აღიარეს ციხე-გოჯი, და დაიბანაკეს წყალთა მათ ზედა ორთა, მსგავსად ერთისა, და გარდამოჴდა წჳმა ფიცხელი, აღდგეს მდინარენი სასტიკად; და მიმართა უმცროსმან წყალმან სპასა აბაშთასა, და წარიღო მათგან მკჳრცხლი ოცდასამი ათასი. და მიმართა უფროსმან წყალმან მჴედართა, რომელთა-იგი ბანაკი იყო უჭალავე, რომელნიმე ივლტოდეს ადგილითა და რომელნი-მე ხეთა ზედა გაჴდეს, და წარიღო ცხენი ოცდათხუთმეტი ათასი. და მიერითგან სახელ-ედვა ორთა მათ მდინარეთა: ერთსა ცხენის-წყალი და ერთსა აბაშა.
და ვითარცა იხილა ესე ყოველი მურვან ყრუმან, მოწევნული მის ზედა, ფრიად აბრალა [თავსა] თჳსსა [და] განმზრახთა მისთა იწროსა და მაღნარსა ამას ქუეყანასა მოსლვისათჳს, და აღიძრა და დაიბანაკა პიტიოტას, ზღჳს-პირს, ქალაქსა, რომელსა ჰქჳან ცხუ[მი]. და აღიყარა მუნით და შემოვლო გზა გურიისა. და განვლეს სპერისა, და სიმრავლისაგან არა შეჩენილ იყო დაკლება. ხოლო უწინავე დასჭრეს კუდები ცხენთა მათთა, რამეთუ თიჴისაგან ვერ ითრევდეს.
და ჩაიარა უღმერთომან მურვან ყრუ ზღჳს-პირი და გამოიხუნა ციხენი და ქალაქნი ზღჳს-პირისანი, და ოჴერ და უ[ვ]ალ ყო ყოველი ქუეყანა ზღჳს პირისა, ვიდრემდის მიიწია ქალაქსა მას, რომელ არს კოსტანტინეპოლე, და დაიბანაკეს, რომელსა ხალკიდონ ჰქჳან რამეთუ არს მუნ ზღუა იწროდ წარმდინარე და არა აქუს ტანი სიფართისა. ამისთჳს განიზრახა უგუნურმან და უგონებომან ყრუმან, რათა ქვითა აღავსოს ზღუა და სავალ ყოს, რათა ფრჴივ განიყვანოს ერი თჳსი ზღუასა ზედა, და ესრეთ გამოიღოს ქალაქი კოსტანტინეპოლე. არამედ ღმერთმან ცუდ ყო განზრახვა მისი, ეწია რისხვა ღმრთისა; რამეთუ დაიწვა მწუხრი მრთელი, და განთიად იპოვა მკუდარი, მოძაგებული და დავიწყებული ყოველთა მიერ. და ვითარცა იხილეს ესე სპათა მისთა, განიბნივნეს და ლტოლვილნი წარვიდეს ქუეყანად თჳსად.
ხოლო იქმნა მას ჟამსა განრყუნილ ქუეყანა ქართლისა, სომხითისა და რანისა და არღარა იპოვებოდა ნაშენები, არცა საჭამადი კაცთა და პირუტყუთა ყოვლად-ვე. და წარავლინეს მოციქული წინაშე ბერძენთა მეფისა მირ და არჩილ და ლეონ, ერის-თავმან აფხაზეთისამან, და აუწყეს ესე ყოველი, რაცა იქმნა ღმრთისა მიერ ჴელითა მათითა. ხოლო მან წარმოსცა ორი გჳრგჳნი და გუჯარი მირსა და არჩილს, და მოსწერა მათ თანა, ვითარმედ: "თქუენი იყო მეფობა, სიმჴნე და სიბრძნე ქართლსა შინა. აწ დაღაცათუ იდევნებით ჩუენ თანა მსახურებისათჳს ჯუარისა, მოქცევასა ჩუენსა, ვითარცა აღმითქუა ჩუენ ღმერთმან, ჩუენ თანა-ვე იდიდნეთ. არამედ დაადგერით სიმაგრეთა შინა თქუენთა, ვიდრემდის წარჴდეს წელიწადნი მათნი სამასნი; რამეთუ ორას მეერგასესა წელსა განივთოს მეფობა მათი და განსრულებასა მესამასისა წლისასა მოეცეს ძალი მეფობასა ჩუენსა, და შევმუსრნეთ აგარიანნი, და ყოველნი მათნი ამაღლებულნი დამდაბლდენ, და ჩუენ თანა მადიდებელნი ამაღლდენ".
და მოუწერა ლეონს ესრე სახედ: "ყოვლად-ვე საზღვართა ქართლისათა ჩუენგან ქმნილ არს ვნება და მეფეთა მათთაგან ჩუენდა მომართ თანა-დადგომა და რგება. აწ ესე მესამე მსახურება და რგება დადვეს ჩუენ თანა საყდარსა ამას სამეუფოსა: პირველად ნათელი მიიღეს ჴელსა ქუეშე ჩუენსა; კუალად შემუსრვისაგან დაარჩინეს დიდი ქალაქი პონტოსა, და შორის ჩუენსა და შორის სპარსთა ყვეს მშჳდობა. რამეთუ იგი-ვე ვახტანგმეფე შუამდგომელ იქმნა, და ჴრმლითა მისითა უკ-მოუღო სამეფოსა ამას პალესტინე და ორი ნაწილი ჯაზირეთისა. აწ თუ-მცა ღმერთსა არა მაგათ მიერ დაებრკოლა ბოროტი ეგე მტერი, შემო-მცა-სრულ იყო ვიდრე კოსტანტინეპოლედმდე, და შვილთა შორის ნებროთისთა წარჩინებულ ყვნა ღმერთმან ეგენი, რამეთუ არა მოაკლდეს ნათესავსა მაგათსა ბრძენი გულის-ხმის-მყოფელი და მბრძოლი, ვითარცა ესე მოგჳთხრობს ჩუენ აღწერილი გუჯარი, რომელსა შინა აღწერილ არიან მეფენი, წარჩინებულნი ტომებით და სოფლებით მათით. ხოლო შენდა მიბრძანებიეს ერისთაობა აფხაზეთისა შენ და შვილთა შენთა და მომავალთა შენთა მიუკუნისამდე. არამედ კეთილად პატივს-ცემდი მეფეთა და ერთა მაგათ ქართლისათა, და ამიერითგან ნუ-ღა-რა-მცა ჴელგეწიფების ვნებად მათდა და საზღვართა მათთა ეგრისათა, ვიდრემდის იყვნენ მანდა ანუ განვიდენ მანდით.
ხოლო მირ დამძიმდა წყლულებისა მისგან მოსიკუდიდ, და რქუა ძმასა თჳსსა არჩილს: "მე ესე-რა წარვალ, ძმაო, მამათა ჩუენთა თანა; არამედ წარმეც და დამფალ საფლავსა მამათა-ვე ჩუენთა თანა და შენ გაუწყო ადგილი საგანძურთა ჩუენთა ნამალევთა სადა არს. და არა მივის ძე-წული შვილი მკჳდრად, არამედ მისხენ შჳდნი ქალნი. აწ შენ ხარ მკჳდრი სახლისაგან მეფობისა ჩუენისა, მირიან მეფისა. და შენ თჳთ უწყი, ვითარმედ ქალი, შვილი ჩუენი, არა მივსცით ერის-თავთა ჩუენთა ცოლად. ანუ მივსცით მეფეთა, ანუ მო-ვინ-მე-ვიდის სპარსთაგან ნათესავი მეფეთა, ვითარცა ფეროზ, რომელსა მისცა მირიან მეფემან. ასული მისი ცოლად. და ჩუენ შემცირებულ ვართ, რამეთუ შენ ხარ უცოლო, და მე ვარ უძეო. აწ რათგან მოიყვანნიან მამათა ჩუენთა ცოლნი ასულნი ერის-თავთა ჩუენთანი, მისცენ მათ ასულნი ჩემნი და განუყვენ მათ ქუეყანანი ქართლისანი: ნახევარი შენ და ნახევარი მათ ხოლო საუხუცესოდ რომელ მქონდა, მომიცემია შენდა, და გქონდეს საუხუცესოდ: ეგრისი, სუანეთი, თაკუერი, არგუეთი და გურია. ხოლო კლარჯეთი და შუა მთიულეთი მიეც ასულთა ჩემთა, რათა მუნ შინა იყვნენ ჟამთა ამათ ბოროტთა. და მამა-ცა ჩუენი მოკუდა შფოთსა ამას შინა და ვერ წარვეცით იგი მცხეთას, წარსცენ ძუალნი მისნი და დაჰფლენ საყდარსა ქუთათისსა, რათა იპოვოს იგი საწამებელად სამკჳდროსა ჩუენისა, და შენ დაადგერ აქა და ემოყურებოდი ბერძენთა, ვიდრემდის განქარდეს ბნელი ესე".
და მოკუდა მირ, და წარმოსცეს მცხეთას, და დაფლეს ზემოსა ეკლესიასა, შესავალსა კარისასა. და დაჯდა მის წილ მეფედ ძმა მისი-ვე არჩილ.
მეორმოცდაოთხე მეფე, არჩილ, ძე სტეფანოზ მეფისა და ძმა მეფისა მირისა, ხოსროიანი ხოლო არჩილ მოუწოდა ერის-თავთა ქართლისათა, და მისცნა ძმის-წულნი მისნი: ერთი მისცა მამის ძმის-წულსა მისსა, შვილსა გუარამ კურაპალატისასა, რომელსა ჰქონდა კლარჯეთი და ჯავახეთი; მეორე მისცა პატიახშსა, ნათესავსა ფეროზისსა, რომელი მთავრობდა თრიალეთს, ტაშირს და აბოცს; მესამე მისცა ნერსეს ნერსიანსა რომელი-იგი იყო წარჩინებული ვახტანგ მეფისა. მეოთხე მისცა ადარნასეს ადარნასიანსა, და ორთა-ვე ამათ განუყო ზენა სოფელი, რომელ არს ქართლი; მეხუთე მისცა ვარზმანს, და მისცა კოტმანითგან ქურდის-ჴევამდე; იყო ესე ვარზმან ნათესავი სპარსთა ერის-თავისა ბარდაველისა, რომელი იყო დედის მამა ვახტანგ მეფისა; მეექუსე მისცა ჯუანშერს ჯუანშერიანსა, რომელი-იგი იყო ნათესავი მირიან მეფისა, შვილთაგან რევისთა, და მისცა ჯუარი და ხერკი, და ყოველი მთიულეთი, მანგლისის ჴევი და ტფილისი. ხოლო ნაწილი არჩილისი იყო განზოგებით გამონაყოფი ყოველთა ამათ ჴევთაგან. და ვითარ იხილეს, რამეთუ ჯუანშერს უმეტესი ნაწილი მისცა, დაუმძიმდა მცირედ რა-მე სხუათა მათ. და განუტევნა მთავარნი ესე ცოლებით-ურთ თჳს-თჳსად ადგილად.
ხოლო არჩილ მოუწოდა ლეონს და რქუა: "კურთხეულ იყავ შენ უფლისა მიერ, რამეთუ კეთილად იღუაწე სტუმრობა ჩუენი, და დამიცვენ ჩუენ ადგილთა შენთა მშჳდობით: გარნა აწ უწყიეს შენება ადგილთა ჩუენთა კლისურითგან აღმართ. წარვალ და დავეშენები ციხე-გოჯს და ქუთათისს. აწ ითხოვე თავისა შენისათჳს რა გნებავს ჩემგან, ნაცვლად კეთილისა მსახურებისა შენისა".
ხოლო ლეონ რქუა: "მომცა მე კეისარმან ქუეყანა ესე მკჳდრობით კეთილად სიმჴნითა თქუენითა. ხოლო ამიერითგან არს ესე მამულობით სამკჳდრებელ ჩემდა კლისურითგან ვიდრე მდინარედმდე დიდად ხაზარეთად, სადა დასწუდების წუერი კავკასიისა ამის. შემრთე მეცა მონათა შენთა თანა, რომელნი-ესე დღეს ღირს ყვენ შვილად და ძმად შენდა. არა მინდა ნაწილი შენგან, არამედ ჩემი-ცა ესე შენდა-ვე იყოს".
მაშინ მისცა ლეონს ცოლად ძმის-წული მისი გუარანდუხტ და გჳრგჳნი იგი, რომელი ბერძენთა მეფესა წარმოეცა მირისთჳს. და ყვეს აღთქმა და ფიცი საშინელი, ვითარმედ არა იყოს მტერობა შორის მათსა, არამედ ერჩდეს ლეონ არჩილს ყოველთა დღეთა მისთა. წარმოვიდა არჩილ და დაემკჳდრა ეგრისს ვიდრე შორაპნადმდე და განაგნა ყოველნი ციხენი და ქალაქნი, და აღაშენა ციხე საზღუარსა ზედა გურიისა და საბერძნეთისასა. და წარჴდა ამათ შინა წელიწადი თორმეტი, და იწყო შენებად ქართლმან. ხოლო განრყუნილ იყო საყოფელად მცხეთა. გარდამოვიდა არჩილ ეგრისით, და დაჯდა ნაციხარსა ჴიდრისასა.
მაშინ მოვიდა მისა მთავარი ერთი, რომელი იყო ნათესავისაგან დავით წინასწარმეტყუელისა, სახელით ადარნასე, ძმის-წული ადარნასე ბრმისა, რომლისა მამა მისი მზახებულ იყო ბაგრატონიანთად-ვე, და ბერძენთა მიერ დადგინებულ იყო ერის-თავად არეთა სომხითისათა, და ტყვეობასა მას ყრუისასა შთასრულ იყო იგი შვილთა თანა გუარამ კურაპალატისთა კლარჯეთს, და მუნ დარჩომილ იყო. ითხოვა არჩილისგან და რქუა: "უკეთუ ინებო და მყო მე ვითარცა მკჳდრი შენი, მომეც ქუეყანა". და მისცა შულავერი და არტანი.
ამისა შემდგომად მოვიდა არჩილ კახეთად, და ყოველთა ტაძრეულთა მისთა მიუბოძა კახეთი, და აზნაურ ყვნა იგინი, აღაშენა ეკლესია საძმორს, შეირთო ცოლი ასული გუარამ კურაპალატისა, რომელი იყო შვილთაგან ვახტანგ მეფისათა, ბერძნისცოლისა ნაშობთა და დაჯდა წუქეთს, და აღაშენა კასრი, და ჴევსა ლაკუასტისასა აღაშენა ციხე. და პოვნა წუქეთს მთავარნი, რომელთადა მიებოძა ვახტანგ მეფესა წუქეთი, და იყო მაშინ რომელი ერისთავობდა თუშთა და ხუნზთა ზედა და ყოველთა წარმართთა მის მთისათა, სახელით აბუხუასრო, და არა ინება მისგან წაღებად წუქეთი. და აღაშენა ციხე-ქალაქი ერთი ნუხპატს ორთა წყალთა შუა. ხოლო ნუხპატელნი უწინარეს იყვნეს კაცნი წარმართნი და მჴეცის-ბუნებისანი, არამედ ყრუსა მოესრა სიმრავლე მათი. და იძულებით მონათლნა არჩილ იგინი.
განძლიერებულ იყვნეს სარკინოზნი ქუეყანასა რანისასა; დაეპყრათ გაზირი და სომხითი, და ჰბრძოდა მასლამა ბერძენთა. ხოლო ძმის-წულნი ადარნასე ბრმისანი, რომელთა დასწუნეს მამის ძმასა თუალნი, წარმოვიდეს ტარონით შაკიხად, სამნი ძმანი, და დაემკჳდრნეს მუნ, ბრძანებითა არჩილისითა, რამეთუ ყოველი პირი კავკასიისა, რანით კერძი, უმკჳდრო ქმნილ იყო. ხოლო ჰერეთი და კახეთი ჭალაკთა და ტყეთაგან უკეთუ დარჩომილ იყო, და დაემკჳდრნეს სამნივე იგი ძმანი ვიდრე გულგულამდის.
მას-ვე ჟამსა პატიახშნი ვინმე არა შეეშუნეს კლარჯეთს, სხუად წარვიდეს ნახევარნი მათგანნი, და შეიპყრეს კლდე ერთი ტაოს, რომელსა ერქუა კალმახი, და აღაშენეს ციხედ. ხოლო ნახევარნი მოვიდეს კახეთად არჩილის თანა. ერთსა მათგანსა მისცა ცოლად ნათესავისაგან აბუხუასროსა, რამეთუ დაქურივებულ იყო იგი და არა ესუა ქმარი, და მიუბოძა წუქეთი ციხით და კასრით-ურთ. ჟამთა მათ დაეცადნეს სარკინოზნი შემოსლვად ქართლად ყრუსა წარსლვითგან წელიწადსა ორმოცდამეათესა. აქა ჟამამდე არღარა შემოვიდოდეს, არამედ მიიღებდეს ხარკსა ერის-თავთაგან.
და ესხნეს არჩილს ძენი ორნი: ჯუანშერ და იოვანე, და ასულნი ოთხნი: გუარანდუხტ, მარიამ, მირანდუხტ და შუშან.
ესე არჩილის წამება, და მეფეთა ცხოვრება, და ნინოს მიერ ქართლის მოქცევა ლეონტი მროველმან აღწერა.
|