topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

გ. სოხაშვილი - სამთავისი

<უკან დაბრუნება


გივი სოხაშვილი

სამთავისი

(მასალები ტაძრის ისტორიისათვის)

რედაქტორი მ. ამირანაშვილი

თბილისი 1973

თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა

ИЗДАТЕЛЬСТВО ТБИЛИССКОГО УНИВЕРСИТЕТА

GIVI SOKHASHVILI

SAMTAVISI

(MATERIALS ON THE HISTORY OF THE MONUMENT)

TBILISI UNIVERSITY PRESS

წინამდებარე მონოგრაფიის ავტორი გივი ილიას ძე სოხაშვილი დაიბადა 1927 წელს. 1951 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ხელოვნების ისტორიის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო საქართველოს სსრ ხელოვნების მუზეუმში უფროს მეცნიერ-თანამშრომლად. იგი სწავლობდა ძველ ქართულ არქიტექტურულ ძეგლებს. გამოაქვეყნა რიგი მონოგრაფიები, სამეცნიერო სტატიები, გზამკვლევები და ბუკლეტები. კითხულობდა ლექციებს ძველი ქართული ხელოვნების ძეგლთა შესახებ. იყო თბილისის ელექტრომექანიკურ ქარხანასთან არსებული კულტურისა და ხელოვნების სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. ტრაგიკულად დაიღუპა 1972 წლის 19 ოქტომბერს ქარელის რაიონის სოფელ ზემო ხვედურეთის კვირაცხოვლის ეკლესიის ნანგრევების გათხრის დროს.

რედაქტორისაგან

საქართველოს ფეოდალური ხანის ხუროთმოძღვრების ისტორიაში სამთავისის ტაძარს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. ძველი ქართული სამშენებლო ხელოვნების ევოლუციის გარკვეულ საფეხურებზე სამთავნელმა ხუროთმოძღვარმა პირველმა შექმნა საკულტო ნაგებობის ორიგინალური კომპოზიცია, რომელშიც ახლებურად გადაწყვიტა ტაძრის შინაგანი სივრცისა და გარე მასების ურთიერთშეთანხმების საკითხი, აგრეთვე ახლებურად გაიაზრა და განახორციელა ფასადების დეკორატიულ სისტემა. სამთავისის ტაძრის ხუროთმოძღვრული ტიპი XI-XIII საუკუნეების მანძილზე არსებითად მისაბაძ ნიმუშად იქცა. ქართველი ხუროთმოძღვრებისათვის ეს ფაქტი იმაზე მეტყველებს, რომ სამთავისის ტაძარში გადაწყდა და განხორციელდა ის ხუროთმოძღვრული ამოცანები, რომლებიც სავსებით პასუხობდა ეპოქის მოთხოვნებს მთელი სამი საუკუნის მანძილზე. ბუნებრივია, ასეთი ფუძემდებლური ძეგლის მონოგრაფიულად შესწავლა დიდ მეცნიერულ ინტერესს იწვევს.

ეს წიგნი უკანასკნელი ნაშრომია უდროოდ ჩვენგან წასული გივი სოხაშვილისა, რომელმაც არაერთი წელი მოანდომა სამთავისის ტაძრის ხუროთმოძღვრული თემის შესწავლას.

აწ განსვენებულმა ავტორმა ამ საკითხთან დაკავშირებით კვლევა-ძიებათა რიგი შედეგი მოხსენებებისა თუ ცალკე წერილების სახით გამოაქვეყნა კიდეც, ხოლო სამთავისის ტაძრის მშენებლობის ისტორიას სპეციალური ნაშრომი უძღვნა („მაცნე“ N3, 1968, გვ.178-199).

ჩვენს ხელთ არსებული მასალებით ცხადი ხდება, რომ ავტორს გაცილებით ფართოდ ჰქონდა გამიზნული დასახელებული ძეგლის შესწავლა. რისთვისაც იგი წლების მანძილზე აგროვებდა სათანადო მასალას ამ ტიპის ხუროთმოძღვრული ძეგლების შესახებ, რომელთა შუქზეც შემდეგში უნდა მოეხდინა ხუროთმოძღვრული თემისა და ფორმების მხატვრულ-ისტორიული ანალიზი. ამაზე მიუთითებს უამრავი ბარათი და ჩანაწერი, რომელიც გ. სოხაშვილის საკმაოდ მოწესრიგებულ და სამაგალითო მუყაითობით შედგენილ პირად არქივშია დაცული. აღნიშნული მასალის გათვალისწინებით ირკვევა, რომ ავტორს საფუძვლიანი კვლევა-ძიება უწარმოებია სამთავისის ტაძრის როგორც ხუროთმოძღვრული ფორმების, ასევე დეკორის თავისებურებათა ირგვლივ. ზემოთ თქმულის მიუხედავად, სამწუხაროდ, ნაშრომის ბოლო ნაწილი ავტორს, როგორც ჩანს, არ დაუწერია, რადგან ხელნაწერთა შორის ასეთს ჩვენ ვერ მივაკვლიეთ, ხოლო ავტორისეული ბარათებისა და ცალკეული ჩანაწერებით ტექსტის შედგენა გარკვეული მიზეზებით შეუძლებლად მივიჩნიეთ.

აღსანიშნავია, რომ ავტორს, როგორც ჩანს, ნაშრომის პირველი ვარიანტი არ დაუმთავრებია, ისე დაუწყია ნაშრომის ახალი (მეორე) ვარიანტი, რომლის მიხედვითაც დაიბეჭდა კიდეც წინამდებარე წიგნი მცირეოდენი ცვლილებებით, რაც ძირითადად სქოლიოთა უნიფიცირებამ და ნაშრომის რიგი ნაწილის ვარიანტებთან შეთანხმებამ გამოიწვია.

მიუხედავად იმისა, რომ ნაშრომის დამთავრება და საბოლოო გამართვა ავტორმა სიცოცხლეში ვერ მოასწრო, ჩვენი აზრით, მისი გამოქვეყნება წარმოდგენილი სახით სავსებით მიზანშეწონილად მიგვაჩნია შემდეგ გარემოებათა გამო: ნაშრომში მრავალი საყურადღებო საკითხია დასმული და ახლებურად გააზრებული. აქ პირველად სრული სახით არის გაშუქებული ტაძრის ისტორიის საკითხები, რომლის საფუძველსაც ნარატიული წყაროები და ლაპიდარული ხასიათის ეპიგრაფიკა წარმოადგენს. თავმოყრილი და კლასიფიცირებულია საკითხის ირგვლივ არსებული სპეციალური ლიტერატურა. ნაშრომს ახლავს სათანადო საილუსტრაციო მასალა ფოტოტაბულების სახით.

დარწმუნებული ვართ, რომ საკითხით დაინტერესებულ მკვლევართ გ.სოხაშვილის წინამდებარე ნაშრომი ბევრ საყურადღებო და აუცილებელ ცნობას მიაწვდის.

შ ე ს ა ვ ა ლ ი

სამთავისის ტაძარი მდებარეობს ისტორიულ შიდა ქართლში, ქ. კასპის ჩრდილოეთით 11 კმ-ის დაშორებით. იგი აღმართულია მდ.ლეხურას მარცხენა ნაპირზე, სოფ.სამთავისის ცენტრში. ტაძრის თეთრად მოკაშკაშე ფასადების ზეაზიდული პროპორციები, რასაც საკმაოდ მაღალი გუმბათი კიდევ უფრო აძლიერებს, ქართლ-იმერეთის მთავარი სამანქანო გზიდანაც კი იპყრობს მნახველთა ყურადღებას (ტაბ.1).

ძველ ქართულ მატიანეებსა და წერილობით წყაროებში სამთავისის ტაძარი მეტად ძუნწად არის წარმოდგენილი. იგი მხოლოდ ე.წ. „13 ასურელ“ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველ რედაქციებში. ქართლის ცხოვრებაში, ვახუშტის „გეოგრაფიასა“ და გვიანფეოდალური ხანის სიგელ-გუჯრებშია გაკვრით ნახსენები. ძეგლის შესახებ შედარებით სრულ მასალას ვხვდებით გასული საუკუნისა და ჩვენი ეპოქის მკვლევართა შრომებში.

ყველაზე ადრეული ცნობები სამთავისის ტაძრის შესახებ დაცულია X საუკუნეში შედგენილ 13 ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნში1. დასახელებულ შრომაში აღნიშნულია, რომ VI საუკუნის 50-იან წლებში ერთ-ერთ 13 ასურელ მამათაგანს ისიდორეს (ეზდერიოსს) სამთავისში დაუწყია მოღვაწეობა და იქვე დაუსრულებია თავისი სიცოცხლე. აქედან გამომდინარე, ადრინდელ წყაროებსა და XIX საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა ზოგიერთ შრომაში აისახა აზრი, თითქოს სამთავისის პირვანდელი ტაძარი აშენებულია VI საუკუნის მოღვაწის ისიდორეს მიერ. ვახუშტი თავის „გეოგრაფიაში“ იგივეს აღნიშნავს2. ამავე აზრს იმეორებდნენ XIX საუკუნის მოგზაურ-მკვლევარნი სამთავისის ტაძრის შესახებ.

ხალხური გადმოცემები კი ძეგლის დაარსების რამდენადმე უფრო (10) ადრინდელ პერიოდზე მიუთითებს, კერძოდ V საუკუნის მე-2 ნახევარზე3. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ხშირად ზეპირსიტყვიერება (ძველ და სანდო ცნობებიდან მომდინარეობს და ამდენად იგი ყურადსაღები და ანგარიშგასაწევია. ამ მხრივ საყურადღებოა ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საქმეებში დაცული ცნობა, რომლის მიხედვითაც სამთავისის პირვანდელი ეკლესია აუშენებიათ ვახტანგ გორგასალის დროს, 472 წელს4.

სამთავისს იხსენიებს თამარ მეფის ისტორიკოსი ბასილი ეზოსმოძღვარიც5. დასახელებულ წყაროში აღნიშნულია, რომ სამთავისი ებოძა ჯერ მიქელს, ხოლო შემდეგ ანტონ კათალიკოსს.

გვიანფეოდალური ხანის სიგელ-გუჯრებში სამთავისის ტაძარი მოხსენიებულია მხოლოდ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ეკუთვნოდა სამთავისი, რა შემოსავალი და შეწირულობა ჰქონდა, რა ხატები და ჯვრები შესწირეს მისმა მეპატრონე ამილახორებმა და რა საეკლესიო წიგნები გადაწერეს სამთავნელმა ეპისკოპოსებმა. ამრიგად, აღნიშნული ხანის ცნობები იმდენად მწირია, რომ ამ ხანაში ძეგლის ისტორიის სრული სახით წარმოდგენა ვერ ხერხდება.

XIX საუკუნის 40-იან წლებში სამთავისი ინახულა მხატვარმა გ.გაგარინმა და მოგზაურ-მკვლევარმა ა.მურავიოვმა. გ.გაგარინმა ჩაიხატა სამთავისის ტაძრის აღმოსავლეთის ფასადის დეტალები და შემდეგ თავის დიდტანიან ალბომში მოათავსა6, ხოლო ა.მურავიოვმა თავის მოგზაურობის წიგნში „Грузия и Армения“-ში გამოაქვეყნა სამთავისის შესახებ ფოლკლორული მასალა7.

მომდევნო წლებში სამთავისს ეცნობა მ. ბროსე8. მკვლევარი ძეგლის ფასადებზე მოთავსებულ წარწერებს და ტაძრის შიგნით არსებულ ხატებსა და ჯვრებს განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს. სამწუხაროდ, მის მიერ გამოქვეყნებული ზოგიერთი წარწერა შეცდომებს შეიცავს. მიუხედავად აღნიშნული ნაკლისა, მ.ბროსეს შრომა სამთავისის ტაძრის წარწერების შესახებ მაინც ძვირფასია, რადგან ზოგიერთმა მათგანმა დღემდე ვერ მოაღწია. მაგალითად, აღმოსავლეთის ფასადის ჯვრის მკლავის მარჯვენა ზედა არეში წარწერა აღარ არსებობს. ასევე დაღუპულია (11) მ.ბროსეს მიერ არასრულად ამოკითხული 1056 წლით დათარიღებული წარწერა და გვიანი ხანის ისტორიული ცნობების შემცველი სამთავისის ხატები და ჯვრები.

საქართველოში მოგზაურობისას მხატვარმა დ.გრიმმა ჩაიხატა სამთავისის აღმოსავლეთის ფასადისა და ჩუქურთმის დეტალები, რომელიც გამოაქვეყნა 1859 წელს9. ცოტა მოგვიანებით მან მ.ბროსეს მოსაზრებები ძეგლის ისტორიის შესახებ გაიმეორა თავის შრომაში10. ძეგლის შესახებ წერილები გამოაქვეყნეს დ.ბაქრაძემ11 და ი.ტოლსტოიმ და ნ.კონდაკოვმა12.

გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა შორის განსაკუთრებით საყურადღებოა თ.ჟორდანიასა13 და ა. ხახანაშვილის14 შრომები, სადაც საინტერესოდ და შედარებით სრულად არის განხილული სამთავისის წარწერები. თ.ჟორდანიამ, ძეგლზე მუშაობის დროს, ეზოში მიაკვლია ტაძრის აშენების დამათარიღებელ (1030 წელი) წარწერას. იგი 1050, 1056, 1168 წლებისა და გვიანი ხანის წარწერებს თანმიმდევრულად და ზუსტად იკვლევდა. ასევე ვრცლად აქვს განხილული ძეგლის წარწერები ა.ხახანაშვილს, თუმცა იგი გვიანი ხანის წარწერების ანალიზის დროს ბროსეს მცდარ პოზიციებზე იდგა. კერძოდ, ტაძრის მეორედ აშენების თარიღში მეცნიერი თითქმის ორი საუკუნით ცდება.

აღნიშნული ნაკლის მიუხედავად გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევართა ღვაწლი განუზომელია სამთავისის ტაძრის დათარიღებისა და წარწერათა ამოკითხვის საქმეში. ამ შრომების გამოქვეყნების შემდეგ თითქმის საუკუნემ განვლო და ზოგიერთი წარწერა, რომელიც სამთავისის ტაძარზეა მოთავსებული, დღეისათვის ძნელი წასაკითხია. ამიტომ გამოქვეყნებულ წარწერებთან შეჯერებით შეიძლება სრულყოფილი სახით აღვადგინოთ დაზიანებული წარწერები.

სამთავისისადმი ინტერესი ჩვენი ეპოქის მეცნიერთა შორის კიდევ უფრო გაიზარდა. თუ გასული საუკუნის მოგზაურ-მკვლევარნი მხოლოდ წარწერების გამოქვეყნებით იფარგლებოდნენ, დღეისათვის ჩვენი ხელოვნების (12) ისტორიკოსები ძეგლის ძირეული შესწავლით არიან დაინტერესებულნი. მათ ყურადღება მიაქციეს ტაძრის ხუროთმოძღვრულ ფორმებს, გეგმას, ინტერიერს, ფასადების მხატვრულ გადაწყვეტასა და დეკორს.

ამ მხრივ, პირველ რიგში ყურადღებას იპყრობს პროფ. დ.გორდეევის შრომა სამთავისის ტაძრის შესახებ15. ავტორი დეტალურად იხილავს ქართლ-იმერეთის სინოდის კანტორის საარქივო მასალებს, რომლებიც ეხება გასული საუკუნის 40-50-იან წლებში წარმოებულ ძეგლის სარესტავრაციო სამუშაოებს. შრომაში ფართო ადგილი უჭირავს არქიტექტორ რიპარდის მიერ ძეგლის შეკეთებისათვის შესრულებულ ანაზომ-ჩანანატების აღწერასა და სათანადოდ ვრცელ ხარჯთაღრიცხვას. გარდა ამისა, რაც მთავარია, მკვლევარი იძლევა ძეგლის ირგვლივ შეკრებილი ვრცელი ლიტერატურისა და ძეგლის ისტორიის მოკლე მიმოხილვას.

აკად. გ.ჩუბინაშვილი სამთავისის ტაძარს იხილავს, როგორც ერთერთ საეტაპო ძეგლს და მას საპატიო ადგილს აკუთვნებს ქართული ხუროთმოძღვრების განვითარების ისტორიაში16.

პროფესორი მ.მაჭავარიანი თავის სადოქტორო დისერტაციაში მიმოიხილავს ტაძრის შინაგანი სივრცისა და გარე მასების ურთიერთდამოკიდებულების პრობლემას17. რ.შმერლინგი ეხება ძეგლის დეკორს, როგორც XI საუკუნის ქართულ ჩუქურთმათა შორის ერთ-ერთ საუკეთესოს18. ა.ცირესის შრომა „Искусство архитектуры“ წარმოადგენს სამთავისის ტაძრისა და მდინარე ნერლის ნაპირზე 1166 წელს აგებული პოკროვსკის ეკლესიის ხუროთმოძღვრული ფორმების, ფასადების, ინტერიერებისა და გეგმების შედარებით შესწავლას19.

აკად. ნ.სევეროვი20 და პროფ. ი.ციციშვილი21 თავიანთ შრომებში მოკლედ მიმოიხილავენ სამთავისის ტაძრის მხატვრულ-ისტორიულ მონაცემებს, გარდა ამისა ნ.სევეროვს ეკუთვნის საინტერესო გამოკვლევა სამთავისის ტაძრის გუმბათის ყელის რეკონსტრუქციის შესახებ22, პროფ. ვ.ბერიძე ძველ ქართველ ხუროთმოძღვრებს შორის საპატიო ადგილს უთმობს სამთავისელ ხუროთმოძღვარს და მიუთითებს ძეგლის მხატვრულ (13) ღირსებებზე23. სამთავისის ტაძრის „მეორედ აშენების“ თარიღისა და XV-XVII საუკუნეების ისტორიულ წყაროთა საუკეთესო ინტერპრეტაციას იძლევა ს.ბარნაველი24.

ძეგლის წარწერებსა და წერილობით წყაროებს ვრცლად აშუქებენ თავიანთ სადისერტაციო შრომებში მ.ქიქოძე25, ა. ბაქრაძე26 და ლ.მენაბდე27, თუმცა მათ შრომებში უმეტეს შემთხვევაში მ.ბროსესა და ა.ხახანაშვილის ზოგიერთი მოძველებული და მცდარი მოსაზრებების უკრიტიკო განმეორებას ვხვდებით.

ძეგლის ყველაზე სრული პუბლიკაცია ეკუთვნის აკად. შ.ამირანაშვილს28. ავტორმა XI საუკუნის ხუროთმოძღვრული ძეგლის მხატვრულ-ისტორიული ანალიზის გარდა მოგვცა საინტერესო დასკვნები საკურთხევლის კედლის მხატვრობის შესახებ.

პროფ. ს.მაკალათიას მხარეთმცოდნეობის თვალსაზრისით მიმოხილული აქვს სამთავისის ტაძარი. აქ ავტორი ეხება ძეგლის ისტორიას, მის შემოგარენსა და საერთოდ ლეხურას ხეობას29.

გარდა დასახელებული ავტორებისა, სამთავისი მრავალ ქართველ ისტორიკოსსა და ხელოვნებათმცოდნეს აქვს მოხსენიებული თავიანთ შრომებში, როგორც დამხმარე მასალა. მაგალითად, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი იხილავს ძეგლის აღმოსავლეთის ფასადის წარწერას და მას უწოდებს „ტყუბწვეტოვან დამწერლობას30, ხოლო დასავლეთის ფასადის სარკმლების ზემოთ მოთავსებულ წარწერაში აღნიშნული სიტყვების „მეორედ აღაშენა“-ს შესახებ აკად. ნ.ბერძენიშვილი საინტერესო ახსნაგანმარტებას იძლევა31. (14)

სამთავისის ტაძრის ხედების, ფასადებისა და და დეტალების ფოტოგრაფირება ეკუთვნის კავკასიის ცნობილ გეოგრაფს, მხატვარს დ.ერმაკოვს, რომელმაც XIX-XX საუკუნეთა მიჯნაზე შექმნა ქართული კულტურის ძეგლების ფოტო-ნეგატივების უნიკალური კოლექცია. სამთავისის ტაძარი რიპარდის სქემატური ანაზომების გარდა აზომილი და გამოხაზულია ცნობილი საბჭოთა ხუროთმოძღვრების მ.ჩხიკვაძის, ნ.სევეროვის, ნ.ჩუბინაშვილისა და ლ.წილოსანის მიერ. (15)

ძეგლის აღწერა

სამთავისის ტაძარი გალავანშემორტყმულ საკმაოდ ფართო ეზოს (800 მ2) ცენტრშია აღმართული (სურ.1, ტაბ.2). გალავანს კუთხეებში საბრძოლო დანიშნულების მრგვალი კოშკი აქვს. ამჟამად ეზოში მოხვედრა შესაძლებელია ჩრდილოეთის მხარეს მდებარე თაღოვანი შესასვლელით, რომელზეც დაშენებულია სამსართულიანი სამრეკლო (ტაბ.48). როგორც ჩანს, გალავანს ადრე დასავლეთიდანაც ჰქონია შესასვლელი, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისში ამოუშენებიათ (ტაბ.3). გალავნის ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში შემორჩენილია სამთავისის ეპისკოპოსის ორსართულიანი პალატის ნანგრევი, სამხრეთით კი, - გალავნის შუა წელზე მოქცეული მცირე ზომის დარბაზული ეკლესიის ნაშთი (ტაბ.4).

ტაძრის ეზოს დონე თავდაპირველთან შედარებით 1,5 მეტრით არის ამაღლებული, ხოლო ძეგლის გარშემო 10 მეტრის სიგანეზე ჩანს ეზოს თავდაპირველი დონე, ისე რომ, ოთხივე მხარეს გარკვევით მოჩანს ტაძრის ორსაფეხურიანი ხარისხი. ეზოს ცენტრში აღმართულია სამთავისის ჯვარ-გუმბათოვანი ტიპის ტაძარი, რომელიც გეგმაში ოდნავ წაგრძელებულ სწორკუთხედში ჩაწერილ ჯვარს წარმოადგენს (სურ.2).

ტაძრის ინტერიერში თანაბარი სიგანის მკლავები ერთი ზომის სიმაღლეზეა ატყორცნილი. მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია ოთხი ცალკე მდგომი ბურჯი, რომლებიც ნახევარწრიული თაღებითაა შეკრული. თაღების ქუსლების შესაყართან წარმოქმნილ სამკუთხედებში ამოყვანილია აფრები, რომელთა საშუალებითაც კვადრატი წრეზე გადადის. ამ კონსტრუქციულ სისტემაზეა დამყარებული გუმბათის საკმაოდ მაღალი ყელი (სურ.3, 4, 5, 6).

შენობის შიგნითა მასები, რომელთა საშუალებითაც შინაგანი სივრცეა განსაზღვრული, გუმბათის გარშემოა განლაგებული; გეგმაზომიერად გააზრებული ნაგებობის კონსტრუქცია მაღალმხატვრულადაა ხორცშესხმული. როგორც ქვემოთ ვაჩვენებთ, ტაძრის შიდა სივრცე ჰარმონიულადაა შერწყმული ძეგლის გარეთა მასებთან, ისე რომ, გარეთა ფორმასა და (16)

შიდა სივრცეს შორის სრული შესაბამისობა არის მიღწეული, რაც ქმნის მხატვრული ერთიანობის შთაბეჭდილებას.

ინტერიერში აღმოსავლეთის მკლავი ბოლოვდება ნახევარწრიული აბსიდით: დანარჩენი სამი მკლავი კი სწორკუთხაა (სურ.2). აღმოსავლეთის მკლავის ჩრდილოეთით და სამხრეთით სამკვეთლო და სადიაკვნოა მოთავსებული, რომელთა აბსიდები ნახევარწრიული ფორმისაა. სამკვეთლოსა და სადიაკვნოს თავზე ამავე ზომის თითო პატრონიკენია მოთავსებული, რომლებშიც ამჟამად შესვლა შესაძლებელია მხოლოდ ინტერიერის ღიადებიდან კიბის მიდგმის საშუალებით (სურ.3).

დასავლეთის მკლავის ორსავე მხარეს თაღებია გახსნილი, რომელთა საშუალებითაც ჩრდილოეთითა და სამხრეთით არსებული ვიწრო და წაგრძელებული ფორმის სამყოფელებით უკავშირდებიან შიდა სივრცეს (სურ.47).

ტაძარს უწინ სამი კარი ჰქონდა. დღეისათვის კი მხოლოდ ორი კარია შემორჩენილი - დასავლეთის კედლის ცენტრიდან (სურ.11) და სამხრეთის (17) კედლის მარცხენა მესამე თაღიდან. მესამე კარი, გასულ საუკუნეს. შეკეთების დროს ამოუშენებიათ (სურ.9, 11).

ჩრდილოეთით შესასვლელი კარი დანარჩენ ორ კარზე მცირე ზომისაა როგორც სიმაღლით, ისე სიგანით. ჩრდილოეთის კარის ტიმპანი, რომელსაც შეისრული თაღი აქვს, საგრძნობლად არის ამაღლებული. დასავლეთის კარი, რომლის ტიმპანი ნახევარწრიული ფორმისაა, ამჟამად გაუქმებულია (სურ.10, ტაბ.7).

ტაძრის შიდა სივრცე ძირითადად განათებულია გუმბათსა და მკლავებში გაჭრილი 14 სარკმლით. აქედან სამი სარკმელი საკურთხევლის აბსიდშია მოთავსებული (სურ.3), სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავებში თითო-თითო დიდი სარკმელია გაჭრილი (სურ.5, 6). დასავლეთიდან ორი შეწყვილებული სარკმელია (სურ.4). გუმბათიდან 7 სარკმელი ანათებს გუმბათქვეშა სივრცესა და ინტერიერის დანარჩენ მონაკვეთს. სამკვეთლო და სადიაკვნო ტაძრის შიდა სივრციდან შემავალი შუქის გარდა მცირე ზომის ორ-ორი სარკმლით ნათდებოდა (ტაბ.5). ამჟამად ჩრდილოეთისა და სამხრეთის კედლებში გაჭრილი მრგვალი სარკმლები თითო ქვის ფილითაა დახშული, აღმოსავლეთის მხარის სარკმლები კი გახსნილია. რაც შეეხება პატრონიკენს, იგი განათებულია, როგორც აღმოსავლეთის მხრიდან თითო მრგვალი სარკმლით, ისე ინტერიერში არსებული ღიადებით.

გეგმაზომიერი განათების საშუალებით ტაძრის შინაგანი სივრცე თავისუფლად აღიქმება. ტაძარში შესვლისთანავე შეინიშნება გუმბათის ქვეშ ჩრდილო-დასავლეთით ოთხწახნაგოვანი ბურჯის არაპროპორციულობა დანარჩენ სამ რვაწახნაგოვან ბურჯთან (სურ.2). აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, რომელიც გვიან ხანაშია აღმართული, უსწორო ფორმისაა და დანარჩენ ბურჯებთან შედარებით აშკარად მსხვილია. აღსანიშნავია, რომ სამთავისის ტაძრის XI საუკუნის ფასადებისა და გუმბათის ყელის დეკორის ფრაგმენტები, ზემოთ ხსენებული ბურჯის დასავლეთის სიბრტყის ზედა და ქვედა ოთხივე კუთხის წყობაში უადგილოდაა ჩართული, როგორც საშენი მასალა (ტაბ.9). გარდა ამისა, ჩანს გუმბათის ყელის ქვედა წრეხაზის ოდნავ გამრუდება. აღნიშნული დეფექტები ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტის თავდაპირველ ფორმას გარკვეულად არღვევს.

შენიშნული ნაკლოვანებების მიუხედავად. ტაძრის შიდა ხუროთმოძღვრული ფორმები დიდი მხატვრულობით ხასიათდება. ჯვრის მკლავებისა და გუმბათქვეშა ბურჯებზე მსუბუქად გადავლებული კამარები და შიდა ხალვათი სივრცე მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს.

შიდა სივრცის ორგანიზაციას, თავის მხრივ, სავსებით შეესატყვისება გარე მასების მხატვრული გადაწყვეტის თავისებურებანი. ტაძრის ზემოთ ატყორცნილი ფასადები, რომლებიც დეკორირებული კამარებით არის შემკული, მნახველზე მონუმენტურობის შთაბეჭდილებას ახდენს. (23) პროფილირებული კამარნარი, რომელიც კედლის სისქეშია შესული (ე.ი. კედლები ამ ადგილებში შეთხელებულია), ფასადებს რელიეფურ სახეს ანიჭებს.

ძეგლის ზემოთ აზიდული მკლავები ფრონტონით, კარნიზითა და ორკალთიანი სახურავით გვირგვინდება. გრძივი ფასადების ჰორიზონტალური კალთები კი ცერად დაქანებული ცალფერდა სახურავითაა გადახურული. ასევეა გადახურული განივი ფასადების დაცერებული კალთებიც.

ტაძრის გარეთა კედლები ყოველგვარი მინაშენების გარეშეა მოღწეული. ადრე მას სამხრეთისა და დასავლეთის მხრიდან კარიბჭეები ჰქონდა, რომელიც დაზიანების გამო გასული საუკუნის 50-იან წლებში მოუხსნიათ. ტაძრის სიგრძე უდრის 25 მეტრს, სიგანე - 18 მეტრს. მკლავების სიმაღლე გარედან ფრონტონის წვერამდე 20 მეტრია, მთელი ტაძრის სიმაღლე გუმბათის სახურავის წვერამდე კი 37 მეტრს აღწევს.

ტაძარი მოპირკეთებულია სუფთად გათლილი ღია მოლურჯო, მომწვანო, მოყვითალო და მონაცრისფრო კვადრებით. ღია მონაცრისფრო კვადრები განსაკუთრებით შენობის ქვედა ნაწილებში ჭარბობს. ფასადებზე კვადრების წყობა ძირითადად ჰორიზონტალურ მწკრივებს გაჰყვება. წყობის ნაკერები, გასული საუკუნის შეკეთების დროს, ნალესობით დაუფარავთ.

სამთავისის ტაძარს თავისი არსებობის მანძილზე მრავალი დაზიანება და აღდგენა განუცდია, რის გამოც მას ჩვენამდე პირვანდელი სახით ვეღარ მოუღწევია. კერძოდ: ჩრდილო-დასავლეთის გუმბათქვეშა ბურჯი დასავლეთის მკლავი და გუმბათი ძეგლის პირველი სამშენებლო ფენის თანადროული არ არის. გრძივ ფასადებსაც ატყვია შეკეთების კვალი. განსაკუთრებით, საუცხოოდ არის შემონახული აღმოსავლეთის ფასადი. მიუხედავად ძეგლის დაზიანებისა და შემდეგში სათანადო აღდგენისა, ტაძარს მაინც არ დაუკარგავს მთლიანი, თავდაპირველი მხატვრული სახე. რაც მთავარია ძეგლის გეგმა და ხუროთმოძღვრული ფორმები, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ძირითადად პირვანდელი სახითაა მოღწეული.

_____________________________________________________________________________________________________________________

1. ასურელ მოღვაწეთა ცხოვრების წიგნთა ძველი რედაქციები, ტექსტები გამოკვლევითა და ლექსიკონით გამოსცა ილია აბულაძემ, თბილისი, 1955, გვ. 38-39.
2. ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, თბილისი, 1941, გვ.72.
3. იოანე ხელაშვილი, კალმასობა, I, თბილისი, 1948, გვ.49; სოფელი მეტეხი და მისი ნაშთი, „მოგზაური“, 1902, N9-10, გვ.685; პ.უმიკაშვილი, ხალხური სიტყვიერება, I, თბ., 1937, გვ.563. 
4. Д.П.Гордеев, Материалы к обследованию памятников грузинского зодчества, преимущественно по архивным данным Самтависӣ-Известия Кавказcкoгo историко-apxeoлогического институтa, T.IV, 1926, стp.96. 
5 ქართლის ცხოვრება, II, თბ., 1959, გვ.122-123.  
6. G.Gagarine, Le Caucase pittoresque, Paris, 1847, pb.LXIII.  
7. A.H.Mypaвьeв, Грузия и Армения, т.III, CП6, 1848, cтp.85-87.  
8. M.Brosset, Rapports sur un voyage archéologique dans la Géorgie et dans L'Armenie. 3-e livraison, sixième rapports, Spb. 1851, გვ.4, 5, 121, 122, 126, 127.
9. Д.Гримм, Памятники византийской архитектуры в Грузии и Армении, CПб, 1859, 4 таблицы, помещённые в вып.6, 7, 11, 12, стp.3-4. 
10. Д.Гримм, Памятники христианской архитектуры в Грузии и Армении, 1866, стp.3-4.  
11. Записки Общества любителей Кавказской археологии, K.I, Тифлис, 1875, стр.129.  
12. И.Толстой и Н.Кондаков, Русские древности в памятниках искусства, вып.IV, CПб, 1891, стp.69-70.  
13. თ. ჟორდანია, ქრონიკები, I, 1892, გვ.171, 172, 201, 202, 259, ქრონიკები, II, 1897, გვ.332, 333.
14. А.Хаханов, Ксанское ущелье, Материалы по археологии Кавказа, вып.XII, 1898, გვ.43-49.
15. Известия KИАИ, IV, დასახელებული შრომა, გვ.88-122.
16. გ.ჩუბინაშვილი, ქართული არქიტექტურის გზები, 1936, გვ.132.
17. მ.მაჭავარიანი, საქართველოს ძველ მონუმენტურ ძეგლთა მოცულობითი გამოსახულება, სადოქტორო დისერტაცია, 1941, სამთავისზე იხ. გვ.296-301.
18. ქართული ხელოვნება, წ.I, 1942, გვ.57-70; P.Шмерлинг, Самтавро - памятник XI в. Малые формы в архитектуре средневековой Грузии, 1962, стp.115, 12I, 133, 134, 135, 146, 172.
19. A.Циpec, Искусство архитектуры, M., 1946, стp.99, 106.
20. H.П.Ceвepов, Памятник грузинского зодчества, M., 1947, Crp. 178 -179.
21. ი. ციციშვილი, ქართული არქიტექტურის ისტორია, 1955, გვ.63.
22. Н.П.Северов, к вопросу о реконструкции барабана Самтaвиcского. Xpaмa, „ქართული ხელოვნება“, VI, თბილისი, 1963, გვ.197-206.
23. ვ.ბერიძე, ძველი ქართველი ხუროთმოძღვრები, 1956, გვ.39-40, მეორე გამოცემა. მისივე. ძველი ქართველი ოსტატები. თბილისი, 1967, გვ.119-120.
24. ს.ბარნაველი, სამთავისის ტაძრის „მეორედ აღმშენებლის“ ვინაობა, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის მოამბე, ტ.XII, N9, 1951, გვ.571-579.
25. მ.ქიქოძე, საამილახოროს ისტორიიდან XV-XVIII სს-ში, 1952, საკანდიდატო დისერტაცია, გვ.1-252.
26. ა. ბაქრაძე, ქართული ეპიგრაფიკა როგორც ისტორიული წყარო (X-XIII სს.), 1954, საკანდიდატო დისერტაცია, გვ.70-90.
27. ლ.მენაბდე, ძველი ქართული მწერლობის კერები, ტ.I, ნაკვ.1, 1962, გვ.231—236.
28. შ.ამირანაშვილი, ქართული ხელოვნების ისტორია, 1961, გვ.254-255.
29. ს.მაკალათია, ლეხურას ხეობა, თბილისი, 1964.
30. ივ. ჯავახიშვილი, ქართული პალეოგრაფია, თბილისი, 1949, გვ.125.
31. ნ.ბერძენიშვილი, საქართველოს ისტორიის საკითხები, IV, თბილისი, 1967, გვ.273-279.

აღმოსავლეთის ფასადი

სამთავისის ტაძრის ფასადებიდან მეტად საყურადღებოა აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც ქართული ხუროთმოძღვრების ტრადიციის მიხედვით, როგორც წესი, განსაკუთრებით არის შემკული. იგი, მცირე შეკეთების მიუხედავად, თითქმის პირვანდელი სახითაა მოღწეული (სურ.8, ტაბ.5).

აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც აღმართულია ორსაფეხურიან ხარისხზე, ხუთი კამარით და ორი ნიშანია დანაწევრებული. ცენტრალური კამარით შემოსაზღვრულ სიბრტყეზე, ერთ ვერტიკალურ ღერძზე წარმოდგენილია მოჩუქურთმებული დიდი ჯვარი (ტაბ.10), ფაქიზი ჩუქურთმის წნულით დამშვენებული სარკმელი და ორი დეკორატიული რომბი (24) (ტაბ.11). ჯვრის მკლავების ზედა და ქვედა თავისუფალ არეს მოხდენილად ავსებს ქართული ასომთავრული წარწერა. აჟურული ფესტონებით შემკული ღრმა ნიშები აღმოსავლეთის ფასადის დეკორატიულ სისტემაში მძლავრად მოქმედი აქცენტია, რომელიც, ერთი მხრივ, მკაფიოდ ანაწევრებს სიბრტყეს, მეორე მხრივ, შინაგან სივრცეს მის გარე მასებში გამოავლენს. აღმოსავლეთის ფასადის საზეიმო განწყობილებას კიდევ უფრო (26)

აძლიერებს ფასკუნჯის ბარელიეფი (ტაბ.12, 13), ყურძნისა და ბროწეულებისაგან შედგენილი მოტივები (ტაბ.14, 15, 16), რაც მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ტოვებს. კამარნარი ფასადზე გასაოცარი სიზუსტითა და მოხდენილობით არის შესრულებული. ფასადის დაქანებული კალთების ნაპირებზე 3 ლილვისა და 2 წახნაგისაგან შემდგარი კონით შემოზღუდულია თითო დაბალი კამაროვანი სიბრტყე. მათ გვერდით მდებარე კედლის სიღრმეში შეჭრილ სამკუთხა ორ ნიშას გარს ევლება ლილვების უფრო დამსხვილებული კონა, რომელიც ოთხი ლილვისა და სამი წახნაგისაგან შედგება. ასევეა შემოფარგლული ლილვების კონით ცენტრალური სიბრტყე, რომელიც ფასადის ფრონტონამდეა ატყორცნილი. ფასადზე არსებული კამარნარი კედლის სიღრმეში 25 სანტიმეტრითაა შეჭრილი, რომელიც ფასადს დეკორატიულად ანაწევრებს (სურ.8, ტაბ.5).

აღმოსავლეთის ფასადის კუთხეებზე მდებარე პროფილირებული კაპიტელებიდან აღმართულია თითო ლილვი, რომელიც მოკაუჭებულ ადგილას, ზემოთ კვლავ კაპიტელით ბოლოვდება. ზედა კაპიტელი კედლის კუთხეზეა მოთავსებული, რომლის ქვემოთაც სტილიზებული ვაზის რქაა ამოკვეთილი. იგი მოკაუჭებულ ლილვიდან გარეთ გამოდის და ზემოთ მცენარეული ჩუქურთმის რელიეფით მთავრდება. აქვე, კედლის წიბოებზე. ვაზის რქაზე გამობმული ყურძნის მტევნები ჰკიდია. აღნიშნული დეტალები აღმოსავლეთისა და გრძივი ფასადების ურთიერთდამაკავშირებელ სამკაულს წარმოადგენენ. გარდა ამისა, განივ და გრძივ ფასადებზე არსებული ლილვების კონები შეუმჩნევლად ერწყმიან ერთმანეთს, რაც სამი ფასადის ურთიერთგადაწვნის შთაბეჭდილებას ქმნის (ტაბ.5).

განაპირა კამაროვან სიბრტყეებში ნიშების მხარის ლილვების გვერდით ჩუქურთმით შემკული ვიწრო სარკმლებია (ტაბ.17, 18), ხოლო ჩრდილოეთის მხარის ნახევარწრიული კამარის ქვეშ ტორაწეული ფასკუნჯის შესანიშნავი მაღალი რელიეფია მოთავსებული.

გასული საუკუნის 50-იან წლებში, ხუროთმოძღვარ რიპარდის ცნობით, ამავე კამაროვან სიბრტყეზე მეორე ფასკუნჯის ბარელიეფიც ყოფილა, რომელიც დაზიანების გამო, ძეგლის შეკეთების დროს, მოუცილებიათ1. ИКИАИ, т.IV, Д.Гордеев, დასახელებული შრომა, გვ.109.

თუ რიპარდის ამ ცნობას დავუჯერებთ და ორი ფასკუნჯის ბარელიეფს ერთმანეთის პირისპირ ჩრდილოეთის კამარის ქვეშ, ლილვების კაპიტელების დონეზე პერსპექტიულად წარმოვიდგენთ, მაშინ თვალსაჩინო გახდება ფასადის შემკულობაში წონასწორობის დარღვევა, ე.ი. სამხრეთის მხარის კამაროვანი სიბრტყის სიშიშვლე. ვფიქრობთ, რიპარდს ძეგლის აღწერისას მექანიკური შეცდომა მოსვლია, როდესაც მეორე ფასკუნჯის ბარელიეფს ჩრდილოეთის კამარის ქვეშ მიგვითითებს. იგი უთუოდ სამხრეთის კამარის ქვეშ შემორჩენილ დიდ კვადრზე უნდა ყოფილიყო (27), რომელიც დაზიანების გამო გასული საუკუნის შეკეთების დროს აუთლიათ.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

მხატვრული თვალსაზრისით, უფრო ლოგიკური უნდა იყოს აღმოსავლეთის ფასადის ჩრდილო-აღმოსავლეთის კამარაში ერთი ფასკუნჯის მოთავსება, ხოლო მეორესი, ამავე ფასადის სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე მდებარე კამარაში (ტაბ.5).

აღმოსავლეთის ფასადის განაპირა კამარების გვერდით, კედლის სისქეში, ორი სამკუთხა ნიშაა შეჭრილი, რომელიც, ერთი მხრივ, საკურთხევლის აბსიდისა და მის გვერდით მდებარე სამკვეთლო-სადიაკვნოს აბსიდებით წარმოშობილ კედლის ჭარბ სისქეს განტვირთავს, ხოლო, მეორე მხრივ, მთავარ დეკორატიულ აქცენტს ქმნის ნიშების შიგნით. ზემოთ თითო მოზრდილი სარკმელია გაჭრილი საკურთხევლის აბსიდის გასანათებლად. სარკმლები ოვალურად ამობურცული ჩუქურთმის საპირით არის დამშვენებული. სარკმლის ნაპირებს გარედან ორი ვიწრო ლილვი შემოზღუდავს, შიგნიდან კი, თითო ლილვი გაჰყვება (ტაბ.14, 15, 17. 18).

ნიშების ზემოთ, ნახევარწრიული კამარიდან ვერტიკალურად ეშვება ოთხი აჟურული ფესტონი. თითოეული მათგანი წარმოდგენილია სამყურა კუწუბის სახით. მის გარეთა ზედაპირზე, შეწყვილებულ ღარებს შორის ჩარიგებულია პაწაწა ამობურცული რგოლები, რომლებიც მარგალიტის მძივების იმიტაციას წარმოადგენს. ფესტონების ყოველი კუწუბის ზემოთ წარმოქმნილ სამკუთხედში ვაზის ორი გაშლილი ფოთოლია ამოკვეთილი. რომლის ცენტრიდანაც გამოსულ პატარა ყუნწს ყურძნის მტევანი ებმის.

ფესტონები ქვემოდან, ვერტიკალური კვეთით ორი ღრმა ღარით არის გაყოფილი, რომლის გარეთა ღარშიც წითელი ფერი შეინიშნება, შიგნითა ღარში კი - მუქი ლურჯი ფერი. ფესტონები, რომლებიც შიგნიდან კერად დაქანებულია, მოსაპირკეთებელი კვადრების ნაწილებს წარმოადგენენ. ნიშას შიგნით დეკორატიული ნიჟარაა მოთავსებული, ხოლო თაღის სეგმენტი მარაოსებური სახითაა დანაწევრებული. აქ არსებულ ღარებში ზოგიერთ ადგილას შემორჩენილია წითელი ფერის საღებავი.

ნიშების ზემოთ, ცენტრალური კამარის ზედა კაპიტელებიდან ორი ლილვია გადმოშვებული, რომლის ბოლოებიც ტოლმკლავებიანი დეკორატიული ჯვრებით ბოლოვდება. ჯვრების ორსავე მხარეს განაპირა ლილვი, ქვედა ნაწილს ვაზის რქა ებმის, რომელიც ბროწეულის კუნწულებით და ყურძნის ბოლო წახრილი თითო დიდი მტევნით ბოლოვდება (ტაბ.5, 14. 15, 16).

აღმოსავლეთის ფასადის კალთების ქვემოთ, ე.ი. განაპირა კამარების ზემოთ, თავისუფალ არეზე თითო მცირე ზომის უჩუქურთმო მრგვალი სარკმელია მოთავსებული. აღნიშნული სარკმლები სამკვეთლო-სადიაკვნოს ზემოთ არსებულ პატრონიკენის გასანათებლად იყო გაჭრილი. ამგვარი სარკმლები, გარკვეული მანძილიდან მოჩანს ჩრდილოეთისა და (28) სამხრეთის მკლავების აღმოსავლეთის კედლების ქვემოთაც, რაც მკლავებისშიგნითა სივრცის გასანათებლად იყო გათვალისწინებული.

აღმოსავლეთის ფასადზე დეკორატიული კამარები ატყორცნილია ფასადის მთელ სიმაღლეზე. ფასადის გვერდებზე ცერად დაქანებული უჩუქურთმო მარტივი პროფილის მქონე კარნიზამდე აზიდულია ზემოთ აღწერილი კამარებით შემოზღუდული სიბრტყეები, მათ შუაში კი, ცენტრალური კამაროვანი არე ფასადის ფრონტონის ორმაგად პროფილირებულ ჩუქურთმით შემკულ კარნიზამდე აღწევს (სურ.8, ტაბ.5).

ფრონტონის კარნიზის ქვედა ლილვის ცენტრიდან მცირე მანძილზე ერთი ლილვი ქვემოთ ეშვება, რომელიც ცენტრალურ კამარას პერპენდიპულარულად ებჯინება. აღმოსავლეთის ფასადის ცენტრალური კამარის არეში, ერთ ვერტიკალურ ღერძზე წარმოდგენილია დეკორატიული დიდი ჯვარი, საკურთხევლის აბსიდის ცენტრალური, საკმაოდ მოზრდილი სარკმელი და შეწყვილებული რომბები.

ნახევარწრიული კამარის ზემოთ ცენტრიდან გამოსული ოთხი ლელვისა და ორი წახნაგისაგან შემდგარი ვერტიკალური კონა ორად იყოფა და ფრონტონის ქვემოთ, კედლის სიბრტყიდან ამობურცულ ჩუქურთმით შემკულ ჯვარს გარშემო ერტყმის. აქ ჯვრის მკლავების გადაკვეთის ადგილას მცირე ზომის რელიეფური კოპია ამოწეული, რომელსაც პაწაწა ბურთულების მწკრივი შემოფარგლავს. დეკორატიული ჯვრის მკლავებში. დღედ კვადრებზე ულამაზესი ქართული ასომთავრული, ე.წ. ტყუბწვეტოვანი წარწერაა (ტაბ.10). ჯვრის ქვემოთ ლილვების კონები მცირე წრეხაზს კრავს, რომელშიც ჩუქურთმის ნაზი წნულით დამშვენებული კოპია პატარა ბურთულების წრეხაზით შემოზღუდული (ტაბ.19). კოპის ქვემოთ ელვების კონა შემოფარგლავს დიდი სარკმლის მინანქარივით ფაქი თმიან საპირეს. სულ ბოლოს, ქვემოთ ლილვები გარს ევლება რომბების სახით წარმოდგენილ ორ კვადრატს, რომელიც ჩუქურთმის შესანიშნავი წნულითაა შემკული (ტაბ.11).

ჩუქურთმის წნული რომბებში ჩარჩოს სახითაა ამოკვეთილი, რომლის შიგნითა კვადრატებში ჩუქურთმიანი კოპებია ამობურცული. კვადრატების კუთხეებში წრიული ფორმის კოპები პატარა სამკუთხედებს წარმოშობას, რომელიც წითელი ფერითაა შეღებილი. დასასრულ, რომბების ლილვების კონა ქვემოთ კვლავ ერთიანდება და პროფილირებული ბაზისებით ორისაფეხურიან ხარისხს ემყარება.

აღმოსავლეთის ფასადზე მოჩანს მხოლოდ რამდენიმე უმნიშვნელო შეკეთების კვალი; კერძოდ: ფასადის ჩრდილოეთის სარკმლის ზემოთ მარცხენა ჩუქურთმიანი საპირე გვიან ხანაშია შეკეთებული. ასევე აღდგენილი ჩანს ცენტრალური დიდი სარკმლის ქვედა ნაწილი, ფასადის ორსაფეხურიანი ხარისხი და ქვედა კვადრების ოთხი მწკრივი (ტაბ.5, 11). (29)

სამხრეთის ფასადი

აღმოსავლეთის ფასადის შემდეგ, როგორც ყოველთვის, მხატვრული შემკულობის თვალსაზრისით სამხრეთის ფასადია საყურადღებო (სურ.9, ტაბ.6). სამხრეთის ფასადი, რომელიც დანაწევრებულია ლილვების კონებისაგან შემდგარი ცხრა კამარნარით, სამ ნაწილად იყოფა. სამი, მაღალი კამარა მკლავის მთელ სიმაღლეზეა ატყორცნილი, სამ-სამი კამარა კი, ფასადის გვერდითი დაბალი კალთების ერთპროფილიანი უჩუქურთმო კარნიზის ქვემოთ სწორხაზოვნად არის განაწილებული. ლილვების ვერტიკალური კონები, რომლებიც სამი ლილვისა და ორი წახნაგისაგან შედგება, ერთმანეთზე ნახევარწრიული ფორმის კამარებითაა გადაბმული. სამხრეთ-აღმოსავლეთის კალთის სახურავის ზემოთ არსებული ფასადის სიბრტყე დანაწევრებულია ხუთი კამარით; ამგვარი კამარნარი დასავლეთის მკლავის სამხრეთის ფასადზე არ გვხვდება; ცნობილია, რომ ძეგლის ამ ნაწილს დაზიანება განუცდია, ხოლო აღდგენისას, როგორც ჩანს, იგი კამარნარით აღარ შეუმკიათ.

ფასადზე წარმოდგენილი სამი მაღალი კამარა სამხრეთის მკლავის მთელ სიმაღლეზეა აზიდული. აქ მისი ცენტრალური კამარა უფრო მაღლაა აწეული, ისე რომ, კამარები ფრონტონში თანაბარი მანძილით უახლოვდება ორმაგად პროფილირებულ უჩუქურთმო კარნიზს. ცენტრალურ კამარაში ზემოთ დიდი სარკმელია მოთავსებული, რომლის ჩუქურთმიანი საპირე ვიწრო ლილვითაა შემოზღუდული. სარკმლის ზემოთ, ნახევარწრიული კამარის ქვეშ, წრიული ფორმის ჩუქურთმიანი ვარდულია მოთავსებული (ტაბ.20).

ფასადის დასავლეთის მხარის კალთაზე წარმოდგენილი სამი კამარა არათანაბარი განისა და სიმაღლისაა. კამარების განი და სიმაღლე დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით თანდათანობით მატულობს. კამარების ზომების სხვაობა ნაკლებად შესამჩნევია, რადგან ეს ხდება თანდათანობით. დასავლეთის კალთის კამარების გაფართოება ცენტრალური კამარების მიმართულებით, ე.ი. სიმეტრიის საგანგებო დარღვევა, ფასადს რიტმული დინამიკის გარკვეულ შთაბეჭდილებას ანიჭებს. რაც შეეხება ფასადის აღმოსავლეთის კალთის სამ კამარას, იგი თანაბარი განითა და სიმაღლითაა წარმოდგენილი. შუა კამარაში ოდნავ ქვემოთ მცირე ზომის ჩუქურთმით შემკული მრგვალი სარკმელია გაჭრილი სადიაკვნოს გასანათებლად. ამჟამად სარკმელი შიგნიდან თხელი ქვის ფილითაა დახშული (ტაბ.21). აქვე, აღმოსავლეთის კიდეზე, კამარის კაპიტელის ზემოთ წარმოდგენილია ზუსტად ისეთივე მცენარეული რელიეფი და მოკაუჭებული ლილვი, როგორიც აღმოსავლეთის ფასადის ნაპირებზეა მოთავსებული. ხოლო ყურძნის მტევანი და ზედა ლილვის კაპიტელი გრძივ და განიკ ფასაღთა საზიარო სამკაულს წარმოადგენს (ტაბ.22).

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

სამხრეთის ფასადის დიდი სარკმლის მარჯვნივ აღმოსავლეთით (30) თაღოვან სიბრტყეში ჰორიზონტალურად ჩასმულია ლილვებით შემოზღუდული: ჩუქურთმიანი გრძელი ქვა. ჩვენთვის უცნობია, თუ რისთვის დასჭირდა ძეგლის აღმდგენელს ჩუქურთმის ფრაგმენტის უადგილო ადგილას ფასადზე მოთავსება. იგი XI საუკუნის ჩუქურთმაა. ასევე საინტერესოა, აღნიშნული ფრაგმენტი რისი ნაწილია და როდის მოხვდა სამხრეთის ფასადის წყობაში. იგი საგრძნობლად ვიწრო და გრძელი ფორმისაა. სამთავისის დღევანდელი ტაძრის არც ერთ სარკმელს თითქოს ამგვარი საპირე არ უნდა ჰქონოდა. ვარაუდის სახით შეიძლება იგი ვიგულისხმოთ სამხრეთის ან დასავლეთის მხარის კარიბჭის რომელიმე სარკმლის საპირედ. თუ ჩვენი ვარაუდი სწორია, მაშინ იგი რიპარდის (1850 წ.) დროსაა კედელში ჩასმული. ამჟამად, სამხრეთის ფასადზე დასავლეთიდან მეორე, მესამე, მეოთხე და მეხუთე ლილვების კონა, ოთხი მეტრის სიმაღლეზე, ჰორიზონტალურად ვიწრო კარნიზითაა გადაკვეთილი. კარნიზის ქვემოთ ფასადის ლილვების კონა სულ სხვა სახითაა წარმოდგენილი (ტაბ.6). კერძოდ აქ, ლილვებისა და წახნაგთა რაოდენობა გაზრდილია, აგრეთვე ლილვების წყვილ კონათა შორის პილასტრებია ჩართული. კარნიზიდან ერთი მეტრის ქვემოთ ლილვების დამსხვილებულ კონას ჩუქურთმით შემკული პროფილირებული კაპიტელები ამშვენებს. სულ ქვემოთ კი, ლილვები ებჯინება ფასადის წახნაგიან კვარცხლბეკს. ორ კარნიზს შორის მოქცეულ არეზე, ე.ი. ფასადის მესამე კამაროვან სიბრტყეში ქვემოთა კაპიტელებზე ნახევარწრიული ფორმის კამარაა გადაყვანილი. აქვე მარჯვენა პილასტრზე ლამაზი ჩაკვეთილი ასომთავრული წარწერის მკრთალი კვალი მოჩანს. იგი, როგორც ირკვევა, გასული საუკუნის შეკეთების დროს აუთლიათ.

აღწერილი დეტალები, ცხადია, ფასადზე მიშენებული ნაგებობის ინტერიერის ჩრდილოეთის კედლის ხუროთმოძღვრული დეკორია. როგორც რიპარდის მიერ 1847 წელს შესრულებული სამთავსის ტაძრის გეგმისა და ფასადების ანაზომების მიხედვით ირკვევა, სამხრეთის ფასადზე მიშენებული ნაგებობა დასავლეთის კიდიდან იწყებოდა და მთავრდებოდა ფასადის ცენტრალური კამარის აღმოსავლეთის ლილვის გვერდით. მისი საერთო გარეთა სიგრძე, რიპარდისეული ანაზომების მიხედვით, 12 მეტრი უნდა ყოფილიყო, ხოლო სიგანე - 4 მეტრი. ამრიგად, მინაშენის გეგმა საკმაოდ დაგრძელებულ სწორკუთხედს წარმოადგენდა, რომლის შიგნითაც აღმოსავლეთის მხარე სწორკუთხედით ბოლოვდებოდა. გარდა ზემოთ აღნიშნულისა, რიპარდისეული ანაზომების მიხედვით შესაძლებელია რამდენადმე ზუსტად აღვადგინოთ სამხრეთის მხარის მინაშენის ინტერიერის მხატვრული გადაწყვეტა, ხოლო ზოგადად წარმოვიდგინოთ მისი გარეთა მასები და ხუროთმოძღვრული ფორმები (სურ.13).

ტაძრის ფასადზე შემორჩენილი კარიბჭის პილასტრებიანი ლილვების კონა კაპიტელის ზემოთ კედლის სიბრტყიდან ოდნავ გადმოწეულია, რაც იმის მანიშნებელია, რომ კარიბჭის შიგნით, ცილინდრული თაღი პილასტრებზე დამყარებული ოთხი პროფილირებული კამარით იქნებოდა (32) დანაწევრებული. ცხადია, კარიბჭის სამხრეთის კედლის შიგნით ისეთივე ლილვების კონები იქნებოდა, როგორიც დღეს ტაძრის სამხრეთის ფასადზეა შემორჩენილი (ტაბ.23, 24).

რიპარდისეულ ანაზომებში სამხრეთის მხარის კარიბჭეს გარედან შესასვლელი არ უჩანს. როგორც ცნობილია, შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ისეთ ძეგლებს, როგორიცაა ოშკი, მანგლისი. ბაგრატის ტაძარი, ნიკორწმინდა, სვეტიცხოველი, სამთავრო, ალავერდი, სავანე და სხვ. ტრადიციულად კარიბჭეებში შესასვლელები სამხრეთის მხრიდან ჰქონდათ. თუ რიპარდისეულ კარიბჭის ანაზომზე შესასვლელი კარე არ არის დატანილი, ეს უთუოდ მისი დიდი დაზიანებით აიხსნება, ანდა შესაძლოა რიპარდს კარიბჭის კარი ამოშენებულიც კი დახვდა ძეგლის აზომვის დროს. კარიბჭე ტაძართან ტიმპანიანი დიდი პორტალით იყო დაკავშირებული, რომელიც გასული საუკუნის შეკეთების დროს იქნა ამოშენებული. აღნიშნული კარიბჭის ინტერიერი დასავლეთისა და აღმოსავლეთის მხრიდან გაჭრილი მცირე სარკმლებით ნათდებოდა.

კარიბჭის შუა ადგილი, რომელიც ამაღლებული ყოფილა, გარედან ორფერდიანი სახურავით იყო გადახურული. შიგნიდან აღნიშნული ადგილი, სავარაუდოა, ჯვრული თაღით ყოფილიყო წარმოდგენილი. გვერდითი ცილინდრული თაღები კი ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით ცერად დაქანებული ერთფერდიანი სახურავით იყო დახურული (იხ. ტაბ.12). რადგან რიპარდის ანაზომებში არ არის აღნიშნული კარიბჭის ფასადთა შემკულობა, ამიტომ ძნელია დაბეჯითებით რაიმეს თქმა. ისე კი, რა თქმა უნდა, იგი გარედანაც ისევე მომხიბლავი იქნებოდა, როგორც ფასადზე შემორჩენილი მისი ინტერიერის ლილვების კონები და მოხდენილი ჩუქურთმიანი კაპიტელებია (სურ.13).

სამთავისის ტაძრის ჩრდილოეთის ფასადი, რომელიც სამხრეთის ფასადის ზუსტ პირს წარმოადგენს, როგორც თავისი ცხრა კამარით და დეკორის მოხაზულობით, ისე მისი აღმოსავლეთის ფასადთან ჰარმონიული გადაბმით სამხრეთის ფასადთან შედარებით განსხვავებულს არაფერს შეიცავს და ამიტომ მის აღწერაზე აღარ შევჩერდებით (სურ.10, ტაბ. 8).

ჩრდილოეთის ფასადი სამხრეთის ფასადისაგან განსხვავდება მხოლოდ იმით, რომ მის დასავლეთის მხარის მესამე კამარაში, გვიან ხანაში გაჭრილ მცირე ზომის კარს არ გააჩნდა მინაშენი. გარდა ამისა, ცენტრალური კამარის სარკმლის საპირე ამობურცული გლუვი ზედაპირითაა წარმოდგენილი, ხოლო სარკმლის ზემოთ არსებული ვარდული ზოგად კონტურებშია შესრულებული.

დასავლეთის ფასადი

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

ზემოთ აღნიშნულ ფასადებთან შედარებით დასავლეთის ფასადი თავისი შემკულობით ნაკლებად საყურადღებოა. რაც აიხსნება იმით, რომ (34) ის გვიანი ხანისა და გასული საუკუნის აღდგენების დროს სრულიად დაუკარგავს პირვანდელი სახე (სურ.11, ტაბ.7).

დასავლეთის ფასადის ცენტრში მოთავსებული პორტალი, რომლის ნაპირებიც დეკორირებული ლილვებითაა დაფარული, მნახველზე არც თუ ისე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ლილვები და მასში ჩართული ჩუქურთმის სარტყელი, რომელიც ამ საუკუნის დასაწყისშია შესრულებული, მოკლებულია მხატვრულ გემოვნებას. პორტალის გარშემო არსებული „სამკაული“ თავისი შესრულების ტექნიკითა და მხატვრული დამუშავებით სრულიად განსხვავდება ტაძრის დანარჩენი ფასადების დეკორისაგან.

პორტალის ზემოთ შეწყვილებული ორი სარკმელია გაჭრილი. სარკმლებს შორის ჯვრის ქვედა, გრძელი მკლავია მოთავსებული. როგორც რიპარდისეული ანაზომებიდან ჩანს, გასული საუკუნის 50-იან წლებამდე ჯვარს დაზიანებული ზედა მკლავებიც გააჩნდა, რომელიც ძეგლის შეკეთების დროს მოუხსნიათ (სურ.12). შეწყვილებული სარკმლების საპირეებში 16 სხვადასხვა სახის ჩუქურთმა შეინიშნება. თითოეული ჩუქურთმა გასაოცარი სილამაზისაა. აქ არსებული ჩუქურთმები ებმის ერთმანეთს. ამიტომ სარკმლების დეკორი ერთბაშად ძნელი აღსაქმელია და ამდენად მოსაწყენიც. სარკმლებს შორის შემორჩენილ ჯვრის ქვედა მკლავში მოთავსებულია 3 სხვადასხვა კვეთის ჩუქურთმა.

დღეისათვის დასავლეთის ფასადზე, გარდა პორტალის, ჯვრის ქვედა მკლავისა და მის გვერდებზე არსებული სარკმლებისა სხვა არაფერია შემორჩენილი. გვიანფეოდალურ ხანაში, როგორც ცნობილია, დასავლეთის ფასადს დიდი დაზიანებისა და აღდგენების შედეგად იმდენად შეუცვლია სახე, რომ იგი დანარჩენი ფასადების პირვანდელ მხატვრულ გადაწყვეტასთან სრულიად შეუსაბამოა.

ფასადის ცენტრალურ ნაწილში აშკარად შეინიშნება ახალი, ღია ნაცრისფერი ქვების წყობა, რომელიც ზოგიერთ ადგილებში ჰორიზონტალურ მწკრივებს არ გასდევს. ძველ წყობაში კი, სადაც მუქი ნაცრისფერი ქვაა ნახმარი, ძირითადად სწორ ხაზებზეა განლაგებული (ტაბ.7).

დასავლეთის ფასადი დღეს თუ ნაკლებად საყურადღებოა თავისი ნუროთმოძღვრული ფორმებითა და შემკულობით, სამაგიეროდ იგი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ხუთი ასომთავრული წარწერით, რომელიც გვაუწყებს ტაძრისა და კარიბჭის როგორც აგების, ისე მისი აღდგენის თარიღს, რაზედაც ქვემოთ საგანგებოდ შევჩერდებით.

აღმოსავლეთისა და გრძივი ფასადების შემკულობის აღწერის შემდეგ, ბუნებრივია, დაგვებადება აზრი - თუ როგორი სახით იქნებოდა დასავლეთის პირვანდელი ფასადი. ამ მიზნით შეიძლება დავუშვათ, რომ დასავლეთის ფასადის სიბრტყე ხუთი კამარით იქნებოდა დანაწევრებული, რომლის განაპირა ლილვები გადაებმებოდა გრძივი ფასადების კიდეებზე (36) აღმართულ ლილვების კონას და ამით ძეგლი მთლიანად მოექცეოდა დეკორატიული სისტემის ბადეში.

გადიდებისთვის დააწკაპუნეთ ფოტოზე (+)

დასავლეთის ფასადი კიდევ უფრო საინტერესო და მიმზიდველი იქნებოდა, თუ მის განაპირა სიბრტყეებში, გარედან ამოშენებულ მცირე ზომის სარკმლებსაც გავხსნიდით; გარდა ამისა, თუ პორტალს, დიდ ჯვარსა და მის ქვედა მკლავის გვერდებზე ორივე მხარეს მდებარე სარკმლებს ძეგლის თანდართული დეკორით შევამკობდით, მაშინ ფასადი სრულყოფილ სახეს მიიღებდა.

გასული საუკუნის შეკეთებამდე დასავლეთის ფასადზე მინაშენის ნაშთი იყო შემორჩენილი, რომელიც, რიპარდის ანაზომების მიხედვით, სამი სათავსისაგან შედგებოდა. მინაშენი ფასადის სამხრეთის კიდიდან იწყებოდა და დაახლოებით 15 მეტრის სიგრძეზე მთავრდებოდა. რიპარდს ტაძრის გეგმისა და ფასადების ანაზომების შესრულების დროს დასავლეთის მინაშენის სამხრეთის ნაწილი, რომელიც კვადრატული ფორმის სათავსს წარმოადგენდა, თითქმის სულ დანგრეული დახვედრია, რის გამოც მინაშენის ამ ნაწილის კარი და სარკმელი ნახაზებზე ვეღარ დაუტანია (სურ.12). მინაშენის შუა ნაწილი, რომელიც ფასადის ცენტრში გაჭრილ კარზე იყო მიდგმული, კარიბჭე უნდა ყოფილიყო. ჩრდილოეთის მხარის სათავსში, (37) ძველი გეგმის მიხედვით, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია არსებობდა, რომელშიც მოხვედრა მხოლოდ კარიბჭიდან ხერხდებოდა. ეკლესია შიგნიდან სრულიად სადა და მარტივი ფორმისა ყოფილა, რომელსაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდი ჰქონდა. ინტერიერის გასანათებლად ჩრდილოეთის მხარეზე ერთი სარკმელი იყო გაჭრილი. დასავლეთის მხარის სამნაწილიანი მინაშენი ორფერდიანი გადახურვის ქვეშ უნდა ყოფილიყო მოქცეული.

და ამრიგად, ძეგლის სავარაუდო რეკონსტრუქცია რამდენადმე სრულყოფილ შთაბეჭდილებას გვიქმნის დასავლეთის პირვანდელი ფასადის მხატვრულ გადაწყვეტაზე (სურ.13).

გუმბათი

ტაძრის ჯვრის მკლავების ურთიერთგადაკვეთით მიღებული კვადრატი აფრების საშუალებით პირდაპირ წრეხაზზე გადადის, რომელზედაც აღმართულია გუმბათის ყელი თავისი მაღალი კარაქით (სურ.2, 3-6). გუმბათის ყელის დიამეტრიც და სიმაღლეც 8 მეტრს უდრის; ამავე სიმაღლეზეა აზიდული გუმბათის კარავი. შორი მანძილიდან ძეგლის დათვალიერების დროს აშკარად შეინიშნება ტაძრის მასებისა და გუმბათის ურთიერთარაპროპორციულობა. აღნიშნული გარემოება მეტყველებს, რომ გუმბათი ტაძრის პირვანდელი სამშენებლო ფენის სინქრონული არ არის. ამას ისიც ადასტურებს, რომ გუმბათის ყელზე მოთავსებული დეკორი და სარკმლების გლუვად ამობურცული საპირეები სრულიად შეუსაბამოა ძეგლის მხატვრული შემკულობის თავდაპირველ ფორმებთან (ტაბ.1, 3, 8).

როგორც ცნობილია, გვიანფეოდალურ ხანაში, რაღაც კატასტროფის შედეგად ჩამოინგრა ტაძრის შიგნითა, გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთის ბურჯი, რამაც შემდეგ გუმბათის ჩამოქცევა გამოიწვია. გუმბათის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის ჩამოვარდნის დროს განსაკუთრებით დაზიანებულა დასავლეთის ფასადი, ნაწილობრივ კი ჩრდილოეთის ფასადის დასავლეთის მხარე. ძეგლის აღდგენისას დაზიანებული ჩრდილოეთის ფასადისათვის დაუბრუნებიათ პირვანდელი სახე, ხოლო გუმბათქვეშა ჩრდილოდასავლეთის ბურჯი, გუმბათი და დასავლეთის კედელი თავიდან აუშენებიათ1.

როგორც აკადემიკოსი ნ.სევეროვი აღნიშნავს, ჩამოქცეული გუმბათის ყელის სარკმლების გადარჩენილი ჩუქურთმიანი ქვები ძეგლის აღდგენის დროს დასავლეთის ფასადის შეწყვილებული სარკმლების საპირეებში ჩაუსვამთ2 (ტაბ.25). დასავლეთის ფასადის ახლანდელი სარკმლის დეკორი რომ თავდაპირველად გუმბათის სარკმლების სამკაულს წარმოადგენდა, ეს მისი რელიეფის კვეთის ხასიათით დასტურდება. ამგვარი ჩუქურთმები, როგორც წესი, იხმარებოდა გუმბათის ყელზე და მისი რელიეფის ღრმა კვეთა შორი მანძილიდან დასანახავად იყო გათვალისწინებული.

გუმბათის ყელი 13 წახნაგისაგან შედგება. ამათგან მხოლოდ 7 წახნაგია სარკმლით გახსნილი; დანარჩენი 6 წახნაგი კი ცრუ სარკმლითაა წარმოდგენილი, ე.ი. თითო წახნაგის გამოშვებით სარკმელია გაჭრილი. ამ მხრივ ერთ გამონაკლისს წარმოადგენს გუმბათის ყელის ჩრდილო-აღმოსავლეთის ორი წახნაგი, რომლებშიც სარკმლებია გახსნილი. სარკმლების (39) გარშემო ვიწრო ლილვებით შემოსაზღვრულია გლუვი საპირეები, რომელიც გუმბათს აშკარად ნაკლებად მხატვრულ ელფერს ანიჭებს.

გუმბათის ყელის ქვედა წრეხაზზე, ვერტიკალურად აღმართული, წიბოზე მოთავსებული ლილვები, ზემოთ ორი ლილვის წრეხაზი და სახურავის ქვეშ მოთავსებული დაბალი რელიეფის მქონე ჩუქურთმიანი კარნიზი გუმბათს, შემკულობის თვალსაზრისით, თითქმის არაფერს მატებს.

გუმბათის კარავი სუფთად გათლილი ლორფინებით იყო გადახურული, ხოლო ტაძრის მკლავები და მისი დაქანებული კალთები კი თხელი თუნუქით. მკლავების ფრონტონის კეხებზე დადგმულია მცირე ზომის გუმბათოვანი ტაძრის ფორმის აკროტერები.

ძეგლის აღწერის დასასრულს, თუ გუმბათის პირვანდელ ფორმებს პერსპექტივაში წარმოვიდგენთ და მის ყელზე სარკმლების საპირეებსა და მის ზემოთ არსებულ კარნიზს თავისი ეპოქის შესაბამისი ჩუქურთმებით შევამკობდით, ასევე, თუ გუმბათის აზიდულ სახურავს პროპორციულად დავადაბლებდით, მაშინ გუმბათი წარმოგვიდგებოდა ძეგლის საერთო დეკორატიული სისტემის განუყოფელ ნაწილად (სურ.13, ტაბ.26).

<<< გაგრძელება (ნაწილი II)

 

 

-------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------

1. ИKИAИ, т.IV, Гордеев. დასახ. ნაშრ., გვ.116. ვ. ბერიძე, ძველი ქართველი ოსტატები, თბ., 1967, გვ.120.
2. H.Cеверов, დასახ. ნაშრ., გვ.201.