<უკან დაბრუნება
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შრომები
ТРУДЫ ТБИЛИССКОГО ГОСУДАРСТВЕННОГО УНИВЕРСИТЕТА ИМ. И.ДЖАВАХИВИЛИ
PROCEEDINGS OF I. JAVAKHISHVILI TBILISI STATE UNIVERSITY
ტ.349, 2003, გვ.351-361
ოთარ ჯაფარიძე
მონაწილეობდნენ თუ არა ქართველი ტომები ტროას ომში
ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ქართველი ტომები პელასგურ სამყაროს უკავშირდებიან და მათი პირველსაცხოვრისი ბალკანეთის ნახევარკუნძული და ეგეოსის ზღვის კუნძულები იყო [1,29]. ქართველ ტომებს უძველეს ხანაში მარტო შავი ზღვის სანაპირო კი არ ეკავათ, არამედ შორს დასავლეთითაც ეგეოსის ზღვის რეგიონშიც ცხოვრობდნენ და მჭიდრო გენეტიკური სიახლოვე აკავშირებდათ აქ მოსახლე ავტოქთონ პელასგებთან [2,133]. შემდეგში ეს ტომები უფრო შევიწროებულან და აღმოსავლეთში გადმოსახლებულან. ბერძნები ეგეოსის სამყაროში დაახლოებით ძვ.წ. III ათასწლეულში უნდა გამოჩენილიყვნენ, სადაც მანამდე, ჰეროდოტეს თქმით, პელასგები ცხოვრობდნენ [1,30]. ეს ძველი მოსახლეობა ქართველურკავკასიურ ტომებს ენათესავებოდა [1,34]. ეგეოსური სამყაროდან აღმოსავლეთით, კერძოდ, კავკასიის მიმართულებით მიგრაციას ჯერ კიდევ ტროას ომამდე უნდა ჰქონოდა ადგილი [3,144]. აღნიშნული დასკვნები უპირატესად ზოგიერთ ანტიკურ წყაროში დაცული ცნობების საფუძველზე იყო გამოტანილი. ეგეოსიდან კოლხეთში გადმოსახლების ცნობა უკვე გვხვდება ძვ.წ. VIII საუკ. პოეტ ევმელოს კორინთელთან [3,144]. აპოლონ როდოსელის „არგონავტიკის“ სქოლიოში მაკრონების პირველსაცხოვრისად ევბეია იხსენიება. მაკრონები შემდეგში მცირე აზიაში გადმოსახლებულან [3,133]. ვირგილიუსთან დაცული ერთი ცნობით ევბეიაში მოსახლეობდნენ აგრეთვე ხალიბები - "ხალიბები - ტომი პონტოში, რომელმაც რკინა აღმოაჩინა; სახელი ეწოდათ ხალიბიუმიდან, ევბეის სოფლიდან, რადგანაქედან გადასახლდნენ“ [2,135]. ჩანს ქართველთა პელასგურ სამყაროსთან კავშირი თითქოს Liber generation-ში, (352) რომელიც „შესაქმის წიგნის“ ლათინურ ვარიანტს წარმოადგენს. აქ კოშკის აღმაშენებლთა შორის იხსენიებიან - „თობელი, საიდანაც არიან ეტთალიელები“ [5,11]. ვარაუდობენ, რომ ამ უკანასკნელის ნაცვლად უნდა იყოს თესალიელები; თესალია პელასგთა ადგილსამყოფელი იყო, თობელი კი ქართველთა წინაპრადაა მიჩნეული [2,143). იბერიელების თესალიელობისაგან წარმომავლობის ცნობა ტაციტუსთანაც გვხვდება [6 II, 60]. დიონისიო პერიერგეტის თქმით ჰენიოხები პელასგიტების ქვეყნის შთამომავალნი არიან [7,685]. მისი ერთ-ერთი ცნობის კომენტარში ევსტათი აღნიშნავს: „უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგიერთი კოლხი ლიგიელები გამოსულები არიან ევროპელთაგან“ [7,135]. ჰეროდოტეს ცნობაში კოლხების ეგვიპტური წარმომავლობის შესახებ, ზოგის ვარაუდით, თითქოს ჭეშმარიტების მარცვალი ჩანს და ქართველი ტომების ფართოდ განსახლების მაჩვენებელი უნდა იყოს [2,134]. აღინიშნა აგრეთვე, რომ სინამდვილეს უნდა ასახავდეს ძველი ავტორების არაერთგზის ნათქვამი, ქართველი და ესპანელი ბერების ნათესაობის ცნობა და ქართველები შემდეგში ესპანეთიდან კავკასიაში გადმოსახლებულან [2,134].
ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ძვ.წ. III ათასწლეულში აღმოსავლეთიდან ხალხთა დიდი მიგრაციები იწყება დასავლეთით, რომელშიაც კავკასიური, კერძოდ ქართველური ტომებიც მონანილეობდნენ. მათი ეგეოსში, დამკვიდრების შემდეგ უნდა ჩამოყალიბებულიყო პელასგური მოსახლეობა, რომელიც ფართოდ ვრცელდება ეგეოსურ სამყაროში და ხმელთაშუაზღვისპირეთში [3,140]. უფრო გვიან, ძვ.წ. XIV საუკ. მოკიდებული, იწყება ეგეოსური სამყაროდან ხალხთა მიგრაციები აღმოსავლეთით კავკასიის მიმართულებით, რაც შემდეგში უფრო სისტემატურ ხასიათს იღებს [3,147]. როგორც არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ, ძვ.წ. III ათასწლეულში სამხრეთ კავკასიიდან მართლაც შეინიშნება საკმაოდ მძლავრი მიგრაციები სამხრეთით. ამ მოძრაობის შედეგად თითქმის მთელი აღმოსავლეთი ანატოლია მტკვარ-არაქსის კულტურის გავლენის ქვეშ ექცევა და უფრო სამხრეთით აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში ვრცელდება. მისი მცირე ნაკვალევი ცენტრალურ ანატოლიაშიც შეიმჩნევა (ალაჯა ჰუიუკი). ეგეოსის ზღვის აუზს და მცირე აზიის უფრო დასავლეთ ნაწილს ეს კულტურა ჩანს ვერ აღწევს [8,143]. როგორც ვარაუდობენ, ქართველი ტომები, პელასგების მსგავსად, აღმოსავლეთით გადმოსახლებულან და ჰალიძონ ხალიბებს ბერძენ-აქაველების წინააღმდეგ ტროელთა მხარეზე მიუღიათ მონაწილეობა, რაც მათ სიახლოვეს უნდა მოწმობდეს [2,29;9, 168].
(353) ქართველი ტომების შესახებ ცნობა უკვე ჰომეროსის პოემაში გვხვდება [1,15, 28]. ილიადის მეორე სიმღერის - „ხომალდთა კატალოგში“ ჩამოთვლილია ტროას ომში მონაწილე ბერძნების და ტროადელების მოლაშქრეთა ნაწილები. ტროადელთა მოკავშირეთა შორის მოიხსენიებიან შორიდან მოსული პაფლაგონელები მეათე, ჰალიძონები კი მეთერთმეტე ადგილას [10,366,368]. სამეცნიერო ლიტერატურაში არაერთგზის აღინიშნა, რომ ჰალიძონებში ხალიბები უნდა იგულისხმებოდნენ [11,125; 10,369; 12,1 19; 13,165].
ჰეროდოტესთან დაცული ცნობის ანალიზის საფუძველზე ტროას ომის მიზეზების შესახებ გამოითქვა მოსაზრება, რომ ჰომეროსი ტროადელებს და კოლხებს ერთ ბანაკში, ერთი ორიენტაციის ხალხად მიიჩნევს [10,366,370]. „ტროელთა კატალოგში“ ნათქვამია, რომ „ხოლო ოდიოსი და ეფისტროპოსი მიუძღოდნენ ალიძონებს შორეულ ალიბედან, სადაც არის ვერცხლის საბადო“1. ჯერ კიდევ სტრაბონი თავის „გეოგრაფიის“ XII და XIV წიგნებში რამდენიმე ადგილას იხსენიებს ალიძონ-ხალიბებს და აღნიშნავს, რომ ხალიბებს ადრე ალიძონები რქმევიათ [14], ეს აზრი შემდეგაც განმეორებულა[15,288].
სტრაბონის ამ ცნობას კარგახანია ჩვენში მიექცა ყურადღება [16,23]. სტრაბონის ამ ადგილების განხილვისას ითქვა, რომ ტროადელთა მხარეზე ომში ხალიბები მონაწილეობდნენ [11, 125] და შესაძლოა ალიძონებში იგივე ზანები ივარაუდებიან მდ.ჰალისის მხრიდან [11,27,125]. მაგრამ ვარაუდი, რომ ჰალიძონ-ხალიბების პირველსაცხოვრისი ეგეოსის ზღვის აუზში ყოფილა, რომლებიც შემდეგში უფრო აღმოსავლეთით მცირე აზიის მიწა-წყალზე გადმოსახლებულან, მთლად დამაჯერებელი არ უნდა იყოს.
ეს ის დროა, როდესაც იღვიძებს ბერძენთა ინტერესი შავი ზღვის მიმართ. ქალაქ ტროას, რომელიც ჰელესპონტის აღმოსავლეთ სანაპიროზე იყო აღმართული, ხელსაყრელი მდებარეობა ეკავა და ჩანს მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრს წარმოადგენდა. ტროა VI პერიოდი ამ ქალაქის ხელმეორე აყვავების ხანაა [17,34]. იგი ეტყობა საიმედოდ აკონტროლებდა შავ ზღვაში შესასვლელს, რაც ბერძნებს ამ ზღვის ათვისებაში გარკვეულ სიძნელეებს უქმნიდა. ტროას ომის ერთ-ერთი მიზეზი ალბათ ესეც უნდა ყოფილიყო [18, 143; 19,143]. სადღეისოდ უფრო ის აზრია გავრცელებული, რომ ჰომეროსის ეპოსში ისტორიული რეალობაა ასახული [11,182; 20,198]. არქეოლოგიური გათხრებით დადასტურდა, რომ ტროა VI ძლიერ მიწისძვრას ემსხვერპლა, რომლის ნანგრევებზე შემდეგში (354) უფრო მოკრძალებული ტროა VIIa აღმოცენდა ძვ.წ. XIII საუკუნის შუა ხანებში, ჩანს, ეს ქალაქი ინგრევა უცხო ძალის შემოსევის შედეგად. ალბათ სწორედ ეს ეპიზოდი უკვდავყო ჰომეროსმა თავის პოემაში [17,182], ოღონდ თუ ჰომეროსი მართლაც ნამდვილ ამბავს გადმოგვცემს, ცოტა არ იყოს ეჭვს იწვევს ქართველ ტომთა ტროას ომში მონაწილეობა, რომ მართლაც ეს ტომები, სხვებთან ერთად, ეგეოსური სამყაროდან გადმოსახლებულიყვნენ, როგორც ამას ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, მაშინ შეიძლება კიდევ გვევარაუდა ბერძნეთა წინააღმდეგ მათი ტროელთა მხარეზე მონაწილეობა. მაგრამ, ძველ წერილობით ძეგლებში შემონახულ რამდენიმე ცნობის საფუძველზე ქართველ ტომთა წინა საცხოვრისის ეგეოსის ზღვის აუზში არსებობა, როგორც ზემოთ აღინიშნა, ნაკლებ სარწმუნო ჩანს. მართალია, ის აზრიც გამოითქვა, რომ ხალიბების ადრინდელი ადგილსამყოფელი მცირე აზიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობდა და ისინი აქედან უნდა მოსულიყვნენ ტროადელთა დასახმარებლად. მაგრამ, ხალიბების მცირე აზიაში თავდაპირველი საცხოვრისის შესახებ განსხვავებული მოსაზრებებია გამოთქმული. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ძველ ავტორებთან ხალიბების პირველსაცხოვრისის შესახებ ერთი გარკვეული აზრი არ არსებობდა და არც ის იყო ყოველთვის მთლად ნათელი, თუ ვინ იყვნენ „ხომალდთა კატალოგში“ ჩამოთვლილი ხალხები, კერძოდ ალიძონები შორეული ალიბიდან, სადაც იყო მათი ქვეყანა [21,98]. ზოგის ვარაუდით ხალიბებს ვრცელი ტერიტორია ეკავათ მდ.თერმოდონტის გაცილებით სამხრეთით. ისინი მდ.ჰალისის ორივე მხარეს ბინადრობდნენ და შორს დასავლეთით ვრცელდებოდნენ [22,40,44]. ამის საფუძველს თითქოს ძველ ავტორებთან შემონახული ცნობები გვაწვდიან, კერძოდ ლიკიფრონე აღნიშნავს, რომ ხალიბები პაფლაგონიის ხალხია, რომლებმაც პირველებმა მოიპოვეს რკინა. პონპონიუს მელას ცნობით კი ხალიბები ჰალისის ორივე მხარის მკვიდრნი არიან 23,573]. იგი იმასაც აღნიშნავს, რომ სინოპი და ამისი ხალიბების მიწა-წყალზე მდებარებდნენ [24,28]. შეინიშნა კიდეც, რომ მისი ეს ცნობა სრული გაუგებრობაა [24,28]. არაერთხელ აღინიშნა, რომ ქართველი ტომები ჰალისის აუზში ბინადრობდნენ და მის დასავლეთით ვრცელდებოდნენ [9,107; 11,125; 16,57]. ისიც კი ითქვა, რომ კაპადოკიის მოსახლეობის ძირითად, წამყვან ელემენტს ისტორიის მანძილზე ქართველი და მათი მონათესავე ტომები შეადგენდნენ, რომლებიც არსებითად წარმართავდნენ ამ მხარის პოლიტიკურ და კულტურულ ცხოვრებას [22,80,85]. ის, რომ „ტროადელთა კატალოგში“ ჰალიძონები კაფლაგონიის შემდეგ მოიხსენებიან და აგრეთვე ზოგი ძველი წყაროს (355) ცნობის საფუძველზე, ხალიბთა ტომის ჰალისის დასავლეთით გავრცელების აზრი მართებულად იყო მიჩნეული (25,119]. ისინი უზარმაზარ ტერიტორიაზე ვრცელდებოდნენ და ხეთური სამეფოს ფარგლებში შედიოდნენ (25,123]. მაგრამ, ხეთურ ხანაში ხალიბი ტომების ჰალისის აუზში ბინადრობის ვარაუდი საფუძველს მოკლებული უნდა იყოს. ნიშანდობლივია, რომ ხეთური წერილობითი ძეგლები დუმან მათი აქ ცხოვრების შესახებ. ხალიბებს რომ ხეთების სამფლობელოს საზღვრებში ეცხოვრათ და საერთოდ ამ სახელმწიფოსთან რაიმე არსებითი ხასიათის შეხება ჰქონოდათ, წერილობითი წყაროები უთუოდ შემოგვინახავდნენ ამ ცნობას. თუმცა აღინიშნა, რომ ხეთურ ტექსტებში მითითებული მდინარე Hulaijas – ქვეყანა შეიძლება ხალიბების მიწა-წყალს დავუკავშიროთ [25,120]. ერთ-ერთ დოკუმენტში მოხსენიებულ Haliwa–ში შეიძლება ხალიბთა ქვეყანა ვიგულისხმოთ [25,122]. მაგრამ, მათი ხალიბებთან დაკავშირება მთლად გამართლებული არ უნდა იყოს [9,167]. ვარაუდობენ, რომ თუთხალია IV ქრონიკაში მოხსენიებულ Halluiwa-ს ქვეყანაში შესაძლოა ჰალიძონები იგულისხმება [9,167;20, 189].
ძველი ლიტერატურული ტრადიციით ხალიბები უპირატესად იხსენიებიან როგორც რკინის მეტალურგიით დასაქმებული ტომები. გამოითქვა მოსაზრება, რომ ბერძენი ავტორები ხალიბებში ერთ რომელიმე კონკრეტულ ტომს კი არ გულისხმობენ, არამედ მცირე აზიის სხვადასხვა რეგიონის მოსახლეობას, ვინც რკინის მოპოვებასა და დამუშავებასთან იყვნენ დაკავებულნი [24,27]. ზოგს საერთოდ ეჭვი შეაქვს ხალიბების რეალურ არსებობაში [26,71;21, 117). ხალიბი ცალკე სატომო სახელი კი არ იყო, არამედ რკინის დამუშავებასთან დაკავშირებულ პროფესიას აღნიშნავდა [11, 151]. მაგრამ, ამ დაეჭვებისათვის თითქოს საფუძველი არ არსებობს და ხალიბები ერთ-ერთი უძველესი მოსახლეობა იყო, რომლის ძირითადი ადგილსამყოფელი ლოკალიზებული უნდა ყოფილიყო სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში. სწორედ აქ გულისხმობს ანტიკურ ავტორთა უმრავლესობა მათ საცხოვრისს [24,27]. ხალიბთა ქვეყანაში ფართოდ გავრცელებული აზრით, ძვ.წ. II ათასწლეულში უნდა ჩასახულიყო რკინის წარმოების ტრადიცია [24,27, 161], ისიც კი აღინიშნა დასავლეთ საქართველოში აღმოჩენილ რკინის დამამუშავებელ სახელოსნოებში ნაპოვნი მასალების საფუძველზე, რომ უადრესი მათგანი თითქოს უკვე ძვ.წ. II ათასწლეულის პირველ ნახევარს მიეკუთვნებიან, გვიანები კი ანტიკური ხანისა უნდა ყოფილიყო [28,212]. შესაძლოა ამ ძეგლების ადრეული თარიღი რამდენადმე გადაჭარბებულია, მაგრამ ერთი თითქოს ცხადი უნდა იყოს, რომ რკინის მოპოვება და დამუშავება (356) აქ უკვე საკმაოდ ინტენსიურად მიმდინარეობდა. დაახლოებით ამ რეგიონში, რამდენადმე უფრო სამხრეთით, აღნიშნავს ანტიკურ მწერალთა უმრავლესობა ხალიბთა ძირითად ადგილსამყოფელს. ხალიბების შორს, დასავლეთით, ჰალისის მარცხენა სანაპიროზე გავრცელების უსაფუძვლობა კარგადაა ნაჩვენები ზოგიერთი მკვლევრის ნაშრომებში [24,28; 29,135].
ანატოლიის ცენტრალური ნაწილი, კაპადოკია მიმდგომი მხარეებით ხეთების ძირითადი ადგილსამყოფელი იყო [17,178]. ამიტომ, ცოტა არ იყოს ძნელი წარმოსადგენია, რომ ხეთების სამეფოს ხანაში აქ წამყვანი ადგილი ქართველ და მათ მონათესავე ტომებს სჭეროდათ [22,40, 80,85]. არც ის ჩანს მთლად დამაჯერებელი, რომ ხეთურ ხანაში ხალიბთა ტომები უზარმაზარ ტერიტორიაზე იყვნენ გავრცელებულნი და ხეთების სამეფოს ფარგლებში შედიოდნენ [25,123]. ხეთების ახალი სამეფოს პერიოდი ის დროა, როდესაც სამხრეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილში გვიანბრინჯაოს ხანის კოლხური კულტურა ჩამოყალიბდა, რომლის ფორმირებაში ძირითადად ყველა კოლხი ტომი მონაწილეობდა. ამ კულტურის გავლენის ქვეშ ექცევა სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის საკმაოდ მოზრდილი მიწა-წყალი, რომლის სამხრეთი საზღვარი ანტიკური ხანის კოტიორამდე (დღევანდელი ორდუ) აღწევდა [30,315; 31,67]. კოლხი ტომების ძირითადი ადგილსამყოფელი, ჩანს მთელი კოლხეთი, მიმდგომი მხარეებით, კოლხური კულტურის გავრცელების არეალი უნდა ყოფილიყო. შესაძლოა, ხალიბთა ტომის ძირითადი საცხოვრისი ამ კულტურის გავრცელების ფარგლებში შედიოდა და სამხრეთ-აღმოსავლეთ შავი ზღვისპირეთის უფრო სამხრეთ რეგიონს მოიცავდა [32, 200]. ამ დროისათვის კოლხი ტომების უფრო შორს, დასავლეთით გავრცელება ნაკლებად სავარაუდოა. ეს პერიოდი ცენტრალურ ანატოლიაში ხეთების ახალი სამეფოს აღზევების დროა. ამიტომ, ტროას ომის ხანაში, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევარში მიმდინარეობა და [20,169; 18,143; 19,32], ქართველი ტომების, კერძოდ, ხალიბების შორს, დასავლეთით გავრცელება ნაკლებ მოსალოდნელია. შესაძლოა რამდენადმე გვიან, ანტიკურ ხანაში ზოგი ტომი უფრო სამხრეთით ვრცელდებოდა, მაგრამ კოლხური კულტურის დროს ეს ვარაუდი თითქოს საეჭვო უნდა იყოს.
სამხრეთ-დასავლეთი კოლხეთი კოლხური კულტურის ჩამოყალიბების ძირითადი რეგიონი უნდა ყოფილიყო [31,67]. აქ ამ დროს მძლავრად მოქმედებს ჭოროხის მეტალურგიული ცენტრი. უფრო გვიან ამ მხარეში რკინის წარმოება წინაურდება [28,218]. შესაძლოა, რომ მეტალურგიის დაწინაურება იმ კოლხი ტომების დამსახურება (357) იყო, რომლებსაც არაერთგზის იხსენიებენ ძველი მწერლები, როგორც ლითონის დამუშავების მაღალ ოსტატებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ანტიკური ავტორები თითქმის არავითარ ცნობას არ გვაწვდიან საკუთრივ კოლხეთში ბრინჯაოს მეტალურგიული წარმოების შესახებ [32, 202). კოლხეთის სხვადასხვა რეგიონში ჩატარებული არქეოლოგიური სამუშაოები მოწმობენ, რომ ამ დროს აქ სპილენძის მოპოვება, ბრინჯაოს მეტალურგია, შემდეგ კი რკინის წარმოება საკმაოდ მაღალ დონეზე უნდა მდგარიყო.
ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან, კოლხური კულტურის აყვავების ხანაში, კოლხი ტომების გაერთიანების, კონსოლიდაციის პროცესი მიმდინარეობს, რაც კარგად აისახა კულტურის ერთიან ხასიათში, ამ დროს აქ მოსახლეობის საკმაოდ მძლავრი ერთობა ჩამოყალიბდა, რომელიც საიმედოდ აღუდგა წინ უცხო ძალის არაერთი აგრესიის ცდას. კოლხეთში თანდათანობით სახელმწიფოებრიობის წარმოქმნის საფუძველი იქმნება. ასეთი ვითარება იყო კოლხეთში, სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მიმდგომი მხარეებით, სანამ ანტიკურ მწერლობაში პირველი ცნობები გაჩნდებოდა აქ მოსახლე ტომების შესახებ.
ბერძენ ავტორთა თვალით დანახული კოლხეთი საკმაოდ მრავალი ტომის ადგილსამყოფელი იყო, რომელთაგან ზოგი საკმაოდ დაბალ საფეხურზე მდგარა. მათში ჯერ კიდევ შერჩენილი ყოფილა უზნეო წეს-ჩვეულებები. შესაძლოა კოლხეთის ზოგიერთ განაპირა რეგიონში მართლაც შემოინახა გადმონაშთის სახით ზოგი ძველი ადათ-წესი, რასაც არაერთი ავტორი აღნიშნავს. შესაძლოა ისიც, რომ ბერძენი ავტორები ცოტა არ იყოს ამუქებენ ბარბაროს ტომთა ცხოვრების წესს, მათ ზნე-ჩვეულებას, ყოველ შემთხვევაში, ტროას ომის დროს და მერეც, ანტიკურ ხანაში, როგორც ამას არქეოლოგიური მონაცემები მოწმობენ, კოლხეთი კულტურულად საკმაოდ დაწინაურებული უნდა ყოფილიყო. ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოსა და I ათასწლეულის დასაწყის ხანებში სამხრეთ-აღმოსავლეთი შავიზღვისპირეთი კოლხას საკმაოდ მოზრდილი გაერთიანების ადგილსამყოფელი უნდა ყოფილიყო [33,39]. ჩანს, იგი უკვე გარკვეულ როლს ასრულებდა სამხრეთით მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებში, რაც აისახა კიდეც იმ დროის ასურულ და ურარტულ წერილობით წყაროებში.
და მაინც, მონაწილეობდნენ თუ არა ქართველი ტომები ტროას ომში? თუ დავუჯერებთ ზოგიერთ ანტიკურ ავტორს, აქ საეჭვო თითქოს არაფერია. მაგრამ, ბერძენ-რომაელ მწერლებს მცირე აზიის დასავლეთ ნაწილში მიმდინარე მოვლენებისაგან საკმაოდ დიდი დრო აშორებთ, ამიტომ, მათი მონათხრობის მიმართ მაინც (358) გარკვეული სიფრთხილეა საჭირო. ზემოთ უკვე აღინიშნა, რომ ქართველი ტომების, კერძოდ ხალიბების ეგეოსური სამყაროდან აღმოსავლეთით გადმონაცვლებას თითქოს საფუძველი არ ეძებნება. არც მათი ჰალისის იქით შორს, დასავლეთით გავრცელება უნდა იყოს მთლად მართებული. ხალიბების ძირითადი საცხოვრისი სამხრეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში უნდა ყოფილიყო ლოკალიზებული. ტროას ომში მონაწილეობის შემთხვევაში მათი დასავლეთით მარშრუტი ან ზღვით, ან ხმელეთით უნდა განხორციელებულიყო. ხმელეთით გადაადგილებისას ხალიბებს საკმაოდ რთულ და მძიმე პირობებში მოუხდებოდათ მოძრაობა - შორი მანძილი, ძნელად გადასალახავი რთული რელიეფი და ხეთების ახალ სამეფოს ტერიტორიაზე გავლა, რაც ალბათ არც თუ იოლი დასაძლევი უნდა ყოფილიყო. არც ზღვით მარშრუტი იქნებოდა მაინცდამაინც ადვილად გასავლელი, თუნდაც ამ გზის სიშორის გამო, თანაც ხალიბები ზღვაოსნებად არ მოიხსენიებიან. სამხედრო კავშირი ალბათ ჯერ კიდევ ტროას ომის უშუალოდ დაწყების წინ უნდა შემდგარიყო, თორემ შემდეგ ქალაქი ათი წლის მანძილზე უკვე ალყაშემორტყმული იყო. ზოგი მკვლევარი აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის დასავლეთ ანატოლიაში უნდა შექმნილიყო აშუვას ქვეყნის საკმაოდ ძლიერი კოალიცია, რომელშიაც ჰალიძონებიც შედიოდნენ [20,189]. აშუვას სიაში მოხსენიებული ჰალუვა-ში რომ მაინცდამაინც ჰალიძონები იგულისხმებიან, თითქოს ნაკლებ დამაჯერებელი უნდა იყოს. ამ შემთხვევაშიც, სხვა, რომ არა იყო რა, ხმელეთის მარშრუტი საკმაოდ ძნელი დასაძლევი იქნებოდა.
დასასრულს უნდა აღინიშნოს, რომ ქართველი ტომები საერთოდ არ იხსენიებიან ხეთურ ლურსმულ წერილობით წყაროებში. უთუოდ ნიშანდობლივია ის, რომ ხეთურ ტექსტებში არსად არ აღინიშნება ხეთების მონაწილეობა ტროას ომში და არც ამ ომის ამბავია გადმოცემული [20,191]. ხეთების საგარეო პოლიტიკა უმთავრესად მიმართული იყო სამხრეთით ჩრდილო სირიაზე, აღმოსავლეთით კი ხური-მითანის სამეფოზე (34,44; 35,182; 36,219). დასავლეთთან ურთიერთობა უპირატესად ახალი დროიდან, სუფილულიუმას ხანიდან შეინიშნება [36,228]. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დროისათვის საგრძნობლად შეფერხდა კალის შემოტანა აღმოსავლეთიდან. საერთოდ ასურული სავაჭრო კოლონიების დარბევამ, შემდეგ კი ასურეთის დაწინაურებამ მნიშვნელოვნად შეანელა აღმოსავლეთთან სავაჭრო ურთიერთობა. განსაკუთრებით ეს საგრძნობი იყო კალის შემოზიდვასთან დაკავშირებით, რომელიც ძველ სამყაროში ვაჭრობის ძირითადი საგანი იყო. ხეთების ახალი სამეფოს აღზევების ხანაში, სუფილულიუმას დროიდან სულ (359) უფრო იზრდება ინტერესი დასავლეთის სავაჭრო გზის მიმართ, - საიდანაც ეს ძვირფასი ლითონი ევროპიდან, ბოჰემიის წყაროდან უნდა შემოეტანათ [37,191; 38,38]. ამიტომაც, ხეთის ქვეყანა ყოველ ღონეს ხმარობდა, რომ გაეძლიერებინა კონტროლი დასავლეთის გზის მიმართულებით [37,190]. აქ მთავარ დაბრკოლებას არცავა წარმოადგენდა, რომელსაც იგივე ინტერესები ამოძრავებდა ამ გზის მეთვალყურეობის გაძლიერებასთან დაკავშირებით. ამ დროს საგრძნობლად იზრდება მოთხოვნილება ბოჰემიის კალაზე. როგორც ჩანს, კალის ნაკლებობა არ იგრძნობა და მას ფართოდ იყენებენ ბრინჯაოს იარაღის დასამზადებლად [37,191]. ხეთის სამეფოს მმართველები ცდილობენ კეთილურთიერთობის დამყარებას ახაიავას ქვეყანასთან, რომელიც ორი კონტინენტის - ევროპის და აზიის შესაყარზე მდებარეობდა [37,193; 38,38]. ჩანს, დასავლეთ ანატოლიასთან ერთად მას, როგორც ვარაუდობენ, მარმარილოს ზღვის სანაპიროზე ევროპაშიც ჰქონდა ფეხი მოკიდებული 38,157; 37,191; 36,213]. ხეთებისათვის ხმელეთის ეს გზა იყო მთავარი, თორემ შავ ზღვაზე გასასვლელი მათ ქაშქებმა გადაუკეტეს [37,191]. დასავლეთის სავაჭრო გზაზე კონტროლს, როგორც ჩანს, ახაიავა ანხორციელებდა. ისიც კი აღინიშნა, რომ ჰისარლიკი (ტროა) ახაიავას მეფეთა ციტადელი უნდა ყოფილიყო [37,191]. როგორც ჩანს, ახაიავას ქვეყანას და ხეთების სამეფოს შორის რაიმე მნიშვნელოვანი ხასიათის უთანხმოებას ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ხეთების მმართველები, როგორც ჩანს, ახერხებდნენ მათთან რაიმე სერიოზულ კონფლიქტების თავიდან აცილებას და არც არასოდეს ულაშქრიათ ახაიავაზე [37,192; 38,43]. ტროას ომის შემდეგ მალე ხეთების იმპერიაც წყვეტს თავის არსებობას. (360)
-------------------------------------------------
1. თარგმანი თ.ყაუხჩიშვილის. იხ. მისი „სტრაბონის გეოგრაფია“ წიგნი XII, თავი III, 20, გვ.205
ლიტერატურა
1. ს.ყაუხჩიშვილი; რას მოგვითხრობენ ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, თბ. 1964, გვ.29
2. აკ. ურუშაძე; ძველი კოლხეთი არგონავტების თქმულებაში, თბ. 1964, გვ.133
3. რ.გორდეზიანი, წინა ბერძნული და ქართველური, თბ., 1985, გვ.144
4. სქოლიო I 1024, II 392
5. გეორგიკა, I, თბ., 1961, გვ.11
6. "ანალები", II, 60
7. დიონისიო პერიერგეტი, 685; თ.ყაუხჩიშვილი, ბერძენი მწერლები საქართველოს შესახებ, I, თბ., 1967, გვ.122
8. ო.ჯაფარიძე; ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის, თბ, 1976, გვ.143
9. რ.გორდეზიანი; „ილიადა“ და ეგეოსური მოსახლეობის ისტორიის და გენზისის საკითხები, თბ., 1970, გვ.168
10. ს.ყაუხჩიშვილი; ჰეროდოტეს ისტორიის" 1, 2, 3 თავი და ჰომეროსის "ხომალდთა კატალოგი", თსუ შრომები ტ.34, თბ., 1948, 366, 368
11. А.Сванидзе. Материалы по истории aлaрoдийских племён, Тб., 1937, с.125
12. И.М.Дьяконов. Предыстория армянского народа. Ереван, 1968, с.119
13. თ.მიქელაძე; ქართველი ტომების და ბერძნული სამყაროს ურთიერთობის გენეზისისათვის, საქ. მეცნ. აკადემიის საზოგადოებრივი განყოფილების მოამბე, ტ.II, 1960, გვ.165
14. სტრაბონი; წიგნი XII, 3, 20-24, წიგნი XIV, 2, 13; 5, 22, 28; თ.ყაუხჩიშვილი, სტრაბონის გეოგრაფია, გვ.20
15. გეორგიკა; ტ.III, თბ., 1936, გვ.288
16. А.Хаханов. Древние пределы расселення грузо 10 Малой Азии. Москва, 1890, с.23
17. A.Goetze, Kleinasien, München, 1957, გვ.34
18. ლ.გორდეზიანი В-ხაზოვანი ტექსტების DO-E-RO ძველი სამყაროს სპეციალური ისტორიის კონტექსტში, თბ., 1999, გვ.43
19. ლ.გორდეზიანი; ტროას ომის თარიღისათვის, კავკასიურ-ახლო აღმოსავლური კრებული, თბ., 2001, გვ.32
20. Р.В.Гордезиани. Проблемы гомеровского эпоса. Тб., 1978, с.198
21. გ.მელიქიშვილი; ძიებანი საქართველოს, კავკასიის და ახლო აღმოსავლური ძველ ისტორიის დარგში, თბ., 1999, გვ.98
23. ლ.სანიკიძე; ხალიბთა ადგილსაცხოვრისის საკითხისათვის, საქ. მეცნ. აკადემიის მოამბე, ტ.XVII, N6, თბ., 1956, გვ.573
24. М.И. Максимова. Античные города Юго-Восточного Причерноморья. М. Л., 1956, с.28
25. თ. მიქელაძე, ძიებანი კოლხეთის და აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის უძველესი მოსახლეობის ისტორიიდან, თბ., 1974, გვ.119
26. Г.А. Меликишвили. К истории древней Грузии, Тб., 1959, с.75
27. Б.Б. Пиотровский. Ванское царство. Москва, 1959, 161, 218;
28. Д.А. Хахутайшвили. Производство железа в древней Колхиде, Тб., 1987
29. Н.Ю. Ломоури. К иcтopин Понтийсского царства. Тб., 1979, с.135
30. Б.А. Куфтин. К вопросу о древнейших корнях грузинской культуры на Кавказе по данным археологии. Вестник Гос. музея Грузии, ХІІ в. Tб., 1944, с.315
31. ო.ჯაფარიძე; დასავლეთ საქართველო გვიანბრინჯაოს ხანაში, მაცნე, ისტორიის, არქეოლოგიის, ეთნოგრაფიის და ხელოვნებათმცოდნეობის სერია 41, თბ. 1982, გვ.67
32. А.А.Иессен. К вопросу о древнейшей металлургии меди на Кавказе, Известия ГАИМК, вып.120, М.-Л., 1935, с.200
33. საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.I, თბ. 1970, გვ.39
34. გ.გიორგაძე; ხეთოლოგიური და ქართველოლოგიური ძიებანი, თბ. 1999, გვ.44
35. E. und Klengetl; Die Hethiter und ihre nachbarn, Leipzig 1968,
36. ძველი აღმოსავლეთის ხალხთა ისტორია, თბ. 1988, გვ.219
37. J.Mellaart, Anatolian Trade wiht Europa and Anatolian Geography, and Culture Provinces in the Late Bronze Age, Anatolian Studies XVIII, 1968, გვ.191
38. Дж.Г.Маккуин. Хетты и их современники в Малой Азии. М., 1983, с.38
О.М. ДЖАПАРИДЗЕ
К ВОПРОСУ ОБ УЧАСТИИ ГРУЗИНСКИХ ПЛЕМЕН В ТРОЯНСКОЙ ВОЙНЕ
Резюме
В грузинской историографии было высказано мнение, будто грузинские племена с древнейших времен проживали не только на побережье Черного моря, но и занималня определенные регионы Эгейского бассейна. Они находились в генетическом родстве с автохтонным населением — эгей-пеласгами. Грузинские племя гализоны — халибы совместно с пеласгами принимали участие в Троянской войне на стороне защитников города. В научной литературе неоднократно высказывалось мнение, что в гомеровском эпоҫе передана историческая реальность и под гализонами подразумевалось грузинское племя - халибы. У древних авторов нет единого мнения относительно первичной родины халибов. Вряд ли можно согласиться с мненим, что занимаемая халибами территория простиралась от Чорохи до реки Галис. Хеттские письменные источники об этом ничего не сообщают. По-видимому, халибы в основном обитали на юго-восточном побережье Чёрного моря и их участие в Троянской войне маловероятно.
OTAR JAPARIDZE
DID GEORGIAN TRIBES TAKE PART IN THE TROYAN WAR?
Summary
It was noted in the Georgian scholarly literature that Georgian tribes spread far to the west in the Aegean Sea region and were closely linked genetically with the Pelasgian world. Like the Pelasgians, Georgian tribes too re-settled to the east and the Halyban - Chalybes took part in the war on the Troyan's side. However, as who Alizones from distant Alybe, mentioned in the "Catalogue of Ships", were and whether they were related to Georgian tribes, namely the Chalybes, is not quite clear There is no common opinion on the initial place of settlement of the Chalybes. Their main location must have been the South-Eastern coast of the Black Sea. The spread of the Chalybes to the Most of the Ilalysise is less likely. Their participation in the war among the defenders of Troy is not quite convincing In case of their involvement in this war the Chalybes would have to overcome many obstacles distance, passable relief, passage through the territory of the New Hittite Kingdom, etc.
|