topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ს. ჭანტურია - კვირის შვიდეულის ძველქართულ სახელდებათა შესახებ

<უკან დაბრუნება



სოსო ჭანტურია

კვირის შვიდეულის ძველქართულ სახელდებათა შესახებ

მნათობი, 1991 წელი, N7, გვ.155-158

საკითხი იმის თაობაზე, ჰქონდათ თუ არა ქართველებს კვირის დღეთა საკუთარი სახელდებანი, მრავალი მკვლევარის ყურადღბას იპყრობდა. კვირის დღეების სახელები მსოფლიოს თითქმის ყველა ენაში გვხვდება და ხშირ შემთხვევაში ერთი წარმომავლობისაა. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია პლანეტების სახელების მიკუთვნების წესი. იგი ერთგვარად ქართულ ენაშიც არის დაკანონებული, გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, რომელთა ცალსახად და ერთი რომელიმე კონცეფციით ახსნა ბოლომდე ვერ მოხერხდა. სამე იმაშია, რომ მეგრულ, ლაზურ, ჭანურ და სვანურ ქართველურ ენებში დღემდე შემოინახა კვირის შვიდეულის განსხვავებული სახელები, რომელთა წარმომავლობის საკითხი ჯერ კიდევ დაუდგენელია.

ი.ჯავახიშილი კვირის დღეებს ღვთაებათა, კერძოდ ცის შვიდ მნათობთა სახელებს უკავშირებს (ი. ჯავახიშვილი, ქართველი ერის ისტორია, წ.I, 1951 წ.) შვიდდღიანი კვირა. რომელიც. ეტყობა, ბაბილონელებიდან მოდიოდა, მთვარის ფაზებით იყო განპირობებული. ამ მოსაზრებას ისიც აძლიერებს, რომ ძველი ასტრონომები ცაზე შვიდ „მოხეტიალე“ მნათობს ხედავდნენ და ასტროლოგიური წარმოდგენების განვითარებასთან ერთად ეს უკანასკნელნი ღვთიური მნიშვნელობით იმოსებოდნენ. ამიტომაც რიცხვი შვიდი თანდათან საკრალური გახდა (ი. კლიშინინი, 2 კალენდარი და ქრონოლოგია რუსულად, 1981, გვ.39).

სხვადასხვა დროსა და სხვადასხვა ხალხებში განსხვავებული ყოფილა როგორც კვირის დღეთა რაოდენობა, ასევე მისი დასაწყისიც. ცნობილია, რომ ხუთდღიანი კვირა ჰქონდათ ბაბილონელებს, ბერძნებსა და სპარსელებს; შვიდდღიანი კვირა ჰქონიათ მათვე და აგრეთვე ეგვიპტელებს, ებრაელებს, ინდოელებს და ჩინელებს. ასევე მიღებული ყოფილა რვადღიანი, ცხრადღიანი და ათდღიანი კვირეებიც (ი.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი).

რაც შეეხება კვირის დასაწყისის ცვლილებას აღსანიშნავია, რომ სულხან-საბა ორბელიანი შვიდეულს შაბათის დღით იწყებს (ლექსიკონი, გვ.276), რაც მის მიერ გამოყენებული და ჩვენთვის უცნობი წყაროს ინფორმაციით უნდა იყოს განპირობებული. ცნობილია, რომ ძველად სწორედ კრონოსის (სატურნი) დღით იწყებოდა შვიდეული. მზის დღით (ქრისტიანული ტერმინოლოგიით „კვირა“) შვიდეულის დაწყების წესი წარმართობის დროსვე შემოსულა მზის კულტის გაძლიერებასთან დაკავშირებით და მეოთხე საუკუნიდან კი იგი უცილობელ წესად ქცეულა (ი.ჯავახიშვილი დასას, ნაშრომი).

დ. ცხაკაიას აზრით, ძველ ქართველებს და მათ შორის მეგრელებს, ლაზებს, ჭანებსა და სვანებს ჰქონდათ არა მარტო მნათობთა საკუთარი სახელები, რომელთაგან მხოლოდ ორი შემოგვრჩა ("ღაჭღაჭი" - სატურნი და „მთიები“ - ვენერა), არამედ კვირის დღეების სახელებიც და მათ მიკუთვნებული ჰქონდათ არა მნათობთა სახელები, არამედ ზოდიაქის თანავარსკვლავედებისა. თუ ამ თორმეტ თანავარსკვლავედს მიემატება ორი უმთავრესი ღვთაება - მთვარე და მზე, მიიღება არა შვიდდღიანი, არამედ თოთხმეტდღიანი კვირა, რომელიც ავტორის აზრით, მთავარის ფაზებთან მიმართებაში უფრო ადვილი სათვალთვალო იქნებოდა (დ. ცხაკაია, მათემატიკურ მეცნიერებათა ისტორია საქართველოში..., 1959).

ამრიგად, გვაქვს კვირის დღეთა სახელდების ორი შესაძლო წესი, დავარქვათ მათ პირობითად „პლანეტური“ და „ზოდიაქური“. განვიხილოთ მოკლედ ამ ორი კონცეფციის ავტორთა თუ მხარდამჭერთა მოსაზრებანი კვირის დღეთა სახელებთან მიმართებაში და ვნახოთ, რამდენად სრულად შეიძლება მათი წარმომავლობის საკითხის დადგენა.

ი. ჯავახიშვილი ღვთაებათა ქართული პანთეონის დეტალური დახასიათების შემდგომ აკეთებს კვირის დღეთა სახელების ანალიზს. აღნიშნავს უზენაესი ღვთაების - კრონოსის დღით (შაბათით) შვიდეულის დაწყების ფაქტს და აკავშირებს მას სალიტერატურო ქართულში დამკვიდრებულ შაბათის სისტემის დღეების სახელთა არსებობასთან, სულხან-საბა ორბელიანი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შვიდეულის ჩამოთვლას სწორედ კრონოსის დღით იწყებს და დიოსის დღით ამთავრებს. აქ ხაზგასმულია ამ დღის შესაბამისი ღვთაების უზენაესობა. ი. ჯავახიშვილი შვიდეულის დღეთა სახელების სათითაოდ განხილვისას შაბათ დღეზე გარკვევით არაფერს ამბობს. გარდა იმისა, რომ ხევსურთა სიტყვით, ამ დღის შესაბამის მნათობ-ღვთაებას „მორიგე“ ეწოდება. შემდგომ, ი.ჯავახიშვილი აღნიშნავს, რომ შაბათი დღის სახელი დავიწყებული აქვთ მეგრულსაც, ჭანურსაც და სვანურსაც. თუ მკითხველი ამას მეტისმეტ თვითდაჯერებულობაში არ ჩამოგვართმევს, ნებას მივცემთ ჩვენს თავს და ამასთან დაკავშირებით გამოვთქვამთ ერთ მოსაზრებას, რომელიც საფუძვლად დაედო ამ სტატიას: იქნებ სწორედ ამ ქართველურმა ენებმა უკეთესად შემოგვინახეს შვიდეულის დღეთა ზოგიერთი არქაული და ამიტომაც განსხვავებული სახელი. აქვე, ალბათ, საინტერესო იქნება შემდეგი მაგალითი: ზოდიაქოს მშვილდოსნის თანავარსკვლავედს ებრაულად „ქასილე“ ეწოდება, ხოლო მეგრულად მშვილდის სახელია „ქაშქვილი“ (ი. ყიფშიძე, მეგრული ენის გრამატიკა, 1914). „ქასქვილი“, რომელიც ბმულ, შეკრულ რქას ნიშნავს. გავბედავთ და შემოგთავაზებთ ამ სახელთა ინტერპრეტაციის ახალ ვერსიას, რომელიც ბიბლიური კოსმოგონიიდან ამოდის.

ბიბლიიდან ცნობილია, რომ სამყაროს შექმნის პროცესს ხელმძღვანელობდა უზენაესი ღმერთი - ყოვლისშემქმნელი, რომელიც ექვსი დღის განმავლობაში რაღაც მატერიალურად განსხეულებულს ქმნიდა. შევუდგებით რა ბიბლიური კოსმოგონიის პროცესის განხილვას, სამყაროს შექმნის მეშვიდე დღის სურათით დავიწყებთ (ზ.კიკნაძე, საუბრები ბიბლიაზე. 1988 ბიბლია, 1990).

მართალია ღმერთმა სამყაროს შექმნის პროცესს უშუალოდ ექვსი დღე მოანდომა, მაგრამ მითოსში მეშევიდე დღეც ფიგურირებს და შვიდის საკრალურობა, გარდა მთვარის ფაზებთან კავშირისა და მნათობთა რიცხვისა, ალბათ, აქედანაც იძენდა მნიშვნელობას. ექვსი დღის შემოქმედებითი საქმიანობის შემდგომ უზენაესმა ღმერთმა კოსმოგონია დაამთავრა და მოხდა „შაბათ“, რაც ებრაულად სწორედ შეწყვიტეს, განსრულებას ნიშნავს. შესაქმის ამ მეშვიდე დღეს შექმნილის მთლიანობაში, აღქმის შემდგომ, ღმერთმა კვლავ მოიწონა თავისი ნამუშევარი უკვე აღმატებეთ, ხარისხში: „...დაინახა ღმერთმა ყოველივე, რაც შექმნა, და, აჰა, ძალიან კარგი იყო..“ თქვა კვლავ „ტობ", რაც კეთილს, მეშვენიერს ნიშნავს ებრაულად (ზ. კიკნაძე, დასახ. ნაშრომი). ამგვარად დადგინდა ყოვლად კეთილის მექმნის შეწყვეტა, რომელიც ერთიანობაში ჟღერს როგორც „შაბათ ტობ" და ამიტომაც დაკანონდა იგი ღვთის წმინდა დღედ. რაც ებრაული რელიგიური ტრადიციებითაცაა დადასტურებული. ჩვენი აზრით, ბიბლიური შინაარსით ამგვარად დატვირთული „შაბათტოგ“-ი ფონეტიკური ცვლილებების გათვალისწინებით კარგად ესადაგება მეგრულ-ჭანურ „საბატონ“-სა და სვანურ „საფტინ“- საც, თუ არაფერს ვიტყვით ქართულ სალიტერატურო „შაბათ“ზე.

შემდეგი დღე კვირა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, შვიდეულის დასაწყისი საქართველოში ჯერ კიდევ ქრისტიანობის შემოსვლამდე გახდა. ი.ჯავახიშვილს ამ დღის, როგორც უმთავრესი დედა ღვთაების - მზის დღის, სახელდება დეტალურად აქვს განხილული. მეგრულ-ჭანურშიც მას „ჟაშხა“-„ბჟაშხა“ ეწოდება (ბჟა“—მზე, რძე).

ბიბლიური კოსმოგონიის მიხედვით ეს იყო პირველი დღე, როცა „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი“ მივანიშნებთ მხოლოდ, რომ დედამიწაზე ნათელის უპირველესი გამოვლინება სწორედ მზეა. შვიდეულის შემდეგი დღე ორშაბათი ქართულში მთვარის დღედ არის მიჩნეული: „მთვარისა“, „თუთაშხა“, „თუთაჩხა“. „დოშდიშ“. მთვარე კი მთელს აღმოსავლეთში ერთ-ერთი უმთავრესი ღვთაება იყო (ი.ჯავახიშვილი, დასახ. ნაშრომი) საქართველოში იგი წმინდა გიორგის ხატებად არის მიჩნეული და დღემდე სათაყვანერელ მამა ღვთაებად ითვლება.

ბიბლიური წარმოდგენებით მას „კოსმოგონიის“ მეორე დღე შეესაბამება, ამ დღეს განკვეთა (დემიურგმა კი განკვეთა გველეშაპი) ღმერთმა ერთიანი წყალი ზემო და ქვემო წყლებად და საზღვარს, მათ შორის გავლებულს, უწოდა „ცა“. ჩვენი აზრით, საინტერესოა დემიურგის მიერ გველეშაპის განკვეთისა და წმინდა გიორგის მიერ, აგრეთვე გველეშაპის განგმირვის თემათა იდენტურობა. ამის გარდა, ცაზე ნათელის ერთ-ერთი გამოვლინება მთვარეც არის. ანგარიშგასაწევია ის ფაქტიც, რომ მზე და მთვარე ყოველთვის იყვნენ ღვთაებათა წარმართული პანთეონის უპირველესი წევრები და თავიანთი განსაკუთრებულობის გამო, შვიდეულის დღეთა სახელდების ნებისმიერი წესის გამოყენებისას განყენებულ მიდგომას თხოულობენ. სამშაბათი, „არიასი“, "თარხონისა" ქართული ტრადიციის თანახმად მარსის დღედ არის მიჩნეული.

ამ ნაკითხის გარჩევისას ი. ჯავახიშვილი ავლებს რა პარალელებს ელჭექის პროტო-ხატურ ღვთაება „ტარო“-სა, ხეთების ომიანობის ღმერთ „ტარხონ“-სა, მითანელთა „ტარკუდიმე“-სა, ეტრუსკულ „ტარკვინიუს“-სა და ქართულ „თარხონ“-ს შორის, ამტკიცებს, რომ ყველა ისინი მარსის სახელებია. თვლის, აგრეთვე, რომ „თახა“ არის ფონეტიკური ცვლილებების შედეგად „ტარჰონ“-ისგან წარმოშობილი სახელი.

დ. ცხაკაია ამასთან დაკავშირებით ასკვნის რომ ჭანური „ტიკინაჩხა“ წარმოსდგება თიკანიდან და ნიშნავს თიკანის (თხის) დღეს, რაც კარგ თანხმობაში ჩანს მეგრულ „თახაშხა"-სთან. სწორედ ეს მოსაზრება არის კვირის დღეთა სახელდების "ზოდიაქური“ წესის ერთ-ერთი ძირითადი ამოსავალი. აქვე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ ზოდიაქოს შესაბამის თანავარსკვლავედს სხვადასხვა ქვეყნებში თხას, თიკანს და თხის რქასაც უწოდებენ. მაგალითად, არაბულად „ჯადი“ ერთდროულად თხასაც ნიშნავს (დ. ცხაკაია, დასახ. ნაშრომი).

ამასთან დაკავშირებით შევნიშნავდით, რომ ჭანურში არსებული სამშაბათის აღმნიშვნელი კიდევ ორი სახელი „ერკინაჩხა“ და „ეკინაჩხა“ ანალოგიურ მსგავსებას ამჟღავნებენ ვერძის (ვაცის) სინონიმებთან. "ერჯი“ (მეგრულად) და ერკემალი: „ერკი“ - „ერჯი“, „ერკი“ - ერკემალი, ამის გარდა ღიად რჩება ზოდიაქოს ამა თუ იმ თანავარსკვლავედთან შვიდეულის შესაბამისი დღის თვეში ორჯერ მისადაგების პრინციპის დადგენის საკითხი.

ბიბლიური კოსმოგონიის თანახმად, ეს იყო მესამე დღე, როცა შეიქმნა მიწა და მისი საფარველი. ამასთან დაკავშირებით საინტერესოდ ჩანს, ფონეტიკური ცვლილებების დაშვებით, „თახა“-ს მიწასთან დაკავშირება. მიწას მეგრულად „დიხა“ ეწოდება და მიწის ერთი სახეობა თიხაც ხომ არის. ასე რომ, გამორიცხული არაა „დიხაშხა“ „თახაშხა“-ს პირვანდელი ფორმა იყოს და მიწის ღვთაების დღეს აღნიშნავდეს. აქვე საყურადღებოდ მიგვაჩნია ი. ჯავახიშვილის მიგნება, რომ სამეგრელოში არსებობდა, დიდმარხვის წინ ოცდახუთი დღით ადრე, ოთხშაბათ დღეს, ნიადაგის ღვთაების "ნერჩის პატენი“-ს ლოცვა „ოჯუმაშხური“. ღიად რჩება ერთი დღით „ჩანაცვლების“ საკითხი, მაგრამ ამასთან დაკავშირები შეიძლება გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ არაბულად „ჯუმა“ პარასკევი დღეა და არა ოთხშაბათი – „ჯუმაშხა“. როგორც მოსალოდნელი იყო, „ჩანაცვლების“ ასეთი ფაქტები თავისთავად ცალკე ახსნას მოითხოვენ. გარდა ყოველივე ზემოთქმულისა, ი. ჯავახიშვილის აზრით, საქართველოში „მიწის დედა“ ღვთაების არსებობა ეჭვს არ უნდა იწვევდეს.

შვიდეულის შემდეგი დღეა ოთხშაბათი - „ერმისა“, რომელსაც წარმართული ქართული სახელი, როგორც ამას ი. ჯავახიშვილი აღნიშნავს, სამწერლობო ქართულში არ უჩანს. ორბელიანისაგან მომდინარე სახელდება - „ერმისა“ მას აფიქრებინებს, რომ ეს ნამდვილად ჰერმესი - მერკურის დღეა. მეგრულად ამ დღეს "ჯუმაშხა“, ჭანურად „ჯუმაჩხა“, ხოლო - სვანურად „ჯგმაშ“ „ჯუმაშ" ეწოდება. ხევსურეთში კი არსებობს ხატი „ჯიმაღ“. შემდგომ მიაკვლევს რა ელამიტურში და ვანურ ლურსმულში მერკურის სახელებს "შუმუდუ“-სა და „შიმიგიშ“, „ჯიმიღიშ“-ს, ი. ჯავახიშვილი მის დღეს მარჩბივის თანავარსკვლავედს დაუკავშირებს და დაასკვნის, რომ „ჯიმაღ“-ის ღვთაება და „ჯუმა“ მერკური უნდა იყოსო.

დ. ცხაკაიამ ყურადღება მიაქცია, რომ ლაზურად "ჯუმა“ ძმას ნიშნავს და თავისი "ზოდიაქური“ კონცეფციის დასამტკიცებლად ეს დღე მარჩბივის თანავარსკვლავედს დაუკავშირა. ხაზგასმულია ის ფაქტიც, რომ 1188 წლის ასტრალური შინაარსის ხელნაწერში ეს თანავარსკვლავედი ორი ბიჭუნას სახითაა გამოსახული.

ბიბლიის მიხედვით, სამყაროს შექმნის მეოთხე დღეს უზანაესმა ნათელის უშუალო გამოვლინებანი მზე, მთვარე და ვასკვლავები დაამკვიდრა ცაზე. რაკი მზესა და მთვარეს კვირის შვიდეულში თავიანთი საპატიო ადგილები უკვე აქვთ მიკუთვნებული, რა შეიძლება მივუსადაგოთ ვარსკვლავებს? მეგრულში „ჯუმა“ შედგენილი ზმნის „ჯუმაფა“-ს ძირია, ეს ზმნა თან წაყოლიებას, წაღებას ნიშნავს და აქაც წყვილად ქმედების არსთან გვაქვს საქმე. როგორც რ. პატარიძე აღნიშნავს: "..უძველესი დროიდან, როცა მთვარის სიდერული თვე შეიცნეს, საჭირო გახდა მთვარის ყოველდღიური ადგილსამყოფელი ცაზე ვარსკვლავებს შორის როგორღაც აღნიშნულიყო. მთვარის ყოველ დღიური მოძრაობის გასარკვევად მის ყოველდღიურ ადგილსამყოფელს ცაზე... ვარსკვლავთ ჯგუფით — ხომლით განსაზღვრავდნენ...“ (რ.პატარიძე, ქართული ასომთავრული, — 1980). ამასთან დაკავშირებით უნდა გავიხსენოთ მეგრული ხალხური ლექსი, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერს: მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი, „ხვიჩა-ხვიჩა ვარსკვლავები და და ძმაა ჩემი. მზე - მთვარის ფუნქციები ძველი წარმოდგენებით სავსებით გარკვეულია. ბუნებრივია, რომ მათ ჰყავდათ შვილები, ცის ერთ-ერთი უმთავრესი ქალწული – ღვთაება, „მთიები" ვენერა რომ მათი ქალიშვილია, დასაბუთებულად შეიძლება ჩაითვალოს და, როგორც ამას ცოტა მოგვიანებით ვნახავთ, მას ხუთშაბათი დღე ჰქონდა მიკუთვნებული. აქედან გამომდინარე, ალბათ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მზისა და მთვარის სხვა შვილის (იქნებ ტყუპი ძმების) დღედ „ჯუმაშხა“ ყოფილიყო მიჩნეული.

შვიდეულის შემდეგი დღეა ხუთშაბათი, რომელიც, სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, აფროდიტეს ანუ ვენერას ეძღვნებოდა. მას ქართულლად „მთიები“ ჰრქმევია და „ცისკრის ვარსკვლავის“ აღმნიშვნელი ყოფილა. მეგრულად ხუთშაბათს „ცაშხა“, ჭანურად „ჩაჩხა“, ხოლო სვანურად „ცაშ“ ეწოდება. ი.ჯავახიშვილი თვლის, რომ „ცა“ ვარსკვლავის აღმნიშვნელი უძველესი სახელის ფუძე-ნაშთია. რ.პატარიძეს თუ დავიმოწმებთ, "იშთარი-ინანა ანუ ცისკრის ვარსკვლავი, როგორც ცნობილია, იყო ასული ცის ღმერთისა, ასული „სინ“ (მთვარე) ღვთაებისა და დედოფალი ცისა. ქართულ ანბანშიც, აქედან გამომდინარე, „ცან“ ასონიშანი მიჩნეულია ტრიადის მესამე წევრის, „ცისკრის ვარსკვლავის“, იდეოგრამა - აკროფონად..." შვიდეულის სახელდების „ზოდიაქურ“ კონცეფციაში ამ დღის შესახებ დ.ცხაკაიას არაფერი აქვს ნათქვამი. მოვიყვანთ გ. გიორგობიანის მოსაზრებას, რომ ხუთშაბათის მეგრულ, ჭანურ და სვანურ სახელებში შესაძლებელია „ცა“ ვარსკვლავს კი არ ნიშავდეს, არამედ ქალწულს, ქალიშვილს (გურული დიალექტის „ცა“, "ციცა“) და ზოდიაქოს ქალწულის თანავარსკვლავედისადმი იყოს მიძღვნილი (გ. გიორგობიანი, წარმართული კალენდარი.., გვ.26, 1979).

ბიბლიური წარმოდგენებით მომდევნო მეხუთე დღეს შეიქმნა წყლის ბინადარნი და ცის ფრინველები. დაგვრჩა შვიდეულის ბოლო დღე - პარასკევი, რომელიც სულხან-საბა ორბელიანის მიხედვით, დიოსის ანუ ზევსი-იუპიტერის დღედაა მიჩნეული. მეგრულად მას „ობიშხა“ ჭანურად "პარასკედღა“, ხოლო სვანურად „ვებიშ“ ეწოდება. ი.ჯავახიშვილი, მიმოიხილავს რა ამასთან დაკავშირებით გამოთქმულ მოსაზრებებს, ასკვნის, რომ იუპიტერის მესაბამის ღვთაებას, გამომდინარე მეგრულ-სვანური სახელებიდან, „ობი“ ან „ვები" შეიძლება ჰრქმეოდა.

ბიბლიური კოსმოგონიის თანახმად, მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა მიწის ყოველი სულდგმული და, რაც უმთავრესია, ყოველივე უკვე შექმნილის პატრონი, ადამიანი, რომელიც მისი ასლი და ხატი უნდა ყოფილიყო. მოეწონა თავისი ეს ბოლო ქმნილება. აღფრთოვანდა და წამოიძახა „ტობ“, რაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, კეთილს, მშვენიერს ნიშნავს ებრაულად. ასე დამთავრდა ყოვლის შემქმნელი ღმერთის პრაქტიკული მოღვაწეობა, რომლის დასასრულიც მისი მშვენიერი ხატის შექმნის დღე იყო. აქედან გამომდინარე, ამ დღის მეგრული სახელდება „ობიშხა“, ჩვენი აზრით, „ტობიშხა"-ს გვიანდელი ფორმა შეიძლება იყოს. აქვე საინტერესოა საქართველოში ყოველი კეთილი დღესასწაულის აღმნიშვნელი დღის ბოლოსართის „ობა“-ს წარმომავლობის საკითხიც (ქრისტეშობა, გიორგობა, ბზობა, ნინოობა და სხვ.).

ამგვარად საქმე უნდა გვქონდეს კვირის შვიდეულის დღეთა სახელდების საკმაოდ რთულ, დროთა განმავლობაში სახეშეცვლილ ნაყოფთან და ამიტომ არცაა გასაკვირი, რომ სახელდების ერთი რომელიმე კონცეფციის მისი წარმოშობის ცალსახად ახსნა შეუძლებელი ჩანდა. ეტყობა საჭირო იყო ამ საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა. სწორედ ამიტომ გავბედეთ, ამ საკითხთან დაკავშირებით, გამოგვეთქვა კიდევ ერთი, ჩვენი აზრით, განსხვავებული მოსაზრება, რომლის ვარგისიანობის შეფასება დროისა და მკვლევართათვის მიგვინდვია.