topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ხორნაბუჯი - ლ. ბასილაშვილი

<უკან დაბრუნება

ხორნაბუჯის ციხე

სტატიის წყარო

ხორნაბუჯის ციხე მდებარეობს ისტორიული ქიზიყის ტერიტორიაზე დედოფლისწყაროში. ქალაქიდან სამიოდე კილომეტრის დაშორებით, მის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ძველ საისტორიო წყაროებში ქიზიყი კამბეჩოვანის სახელწოდებას ატარებს. ამას მოწმობს ბერძენი გეოგრაფის სტრაბონის ცნობაც (ძვ. წ. 64 ახ.წ. 22 წწ) - "კამბეჩოვანი, რომელსაც ეს სახელი კამბეჩთა სიმრავლისთვის გამო ეწოდა". საფიქრებელია, რომ ამ მხარეში კამეჩი წმინდა ცხოველად ითვლებოდა და მისი სიმრავლე ამით გამოიხატებოდა. შემდეგ ეს სახელწოდება მის ახლო მდებარე ადგილობრივ ტერიტორიაზე გადავიდა. ამას მოწმობს არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი ცხოველის თიხის რქებიანი ნიღბებიც, რომელიც აღმოჩნდა ამ მხარეში და თარიღდება ძვ. წ. I ათასწლეულით. (ინახება დ/წყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში).

XVIII საუკუნის გამოჩენილ მეცნიერს ვახუშტი ბატონიშვილს შემდეგი ცნობა აქვს დაცული "არამედ საქვაბე (საქობო) ასანურამდე არს ადგილი ქისიყისა, რომელი მოხვევია მთასა ცივის მთიდამ ჩამოსულსა ამას ეწოდა პირველ კამბეჩოვანი, შემდგომად ქისიყი". ქიზიყი XV ს-იდან იხსენიება ისტორიულ წყაროებში. ვახუშტისვე აქვს დაცული ცნობა, რომ "ყარაღაჯის სამხრით, სადაც დასწყდების ჰერეთის, ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი და აწ უწოდებენ ჭოეთს, აქ კლდესაზედა არს ციხე მაგარი და იყოცა ქალაქი კარგი."

ქართული საისტორიო წყაროების მიხედვით, ხორნაბუჯი უძველესი დროიდანვე კამბეჩოვანის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. ამასვე ადასტურებს მის მიდამოებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, რომლის უძველესი ძეგლები ძვ. წ. IV-III ს.ს. ეკუთვნის, როგორც ჩანს, ხორნაბუჯი უკვე ანტიკურ ხანაში (ძვ. წ. VI-V- ახ. წ. III-IV სს) წარმოადგენდა საკმაოდ დაწინაურებულ დასახლებას, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო ორი გარემოებით: სტრატეგიული მდებარეობით და სამეურნეო პირობებით.

იგი კარგად არის დაცული, მოხერხებულ ადგილზე მდებარეობს და გარს აკრავს მშვენიერი სახნავ-საძოვრები.

ხორნაბუჯის ციხე გაშენებულია გომბორის (ცივის) ქედის ბოლო კონცხზე, მიუვალ კლდეზე, თითქმის 90 მეტრის სიმაღლეზე. იგი თავზე დასცქერის ქალაქში ალაზნის ველიდან შემოსასვლელ კლდე-კარს და კარგად აკონტროლებს მას.

არქეოლოგიური გათხრების შედეგად (1970 წ. ხელმძღვანელი რ.რამიშვილი) შიდაციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნის კარიბჭესა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანაში ცეცხლმსროლელი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით გაუკეთებიათ, დაუტანებიათ სათოფურები და საგანგებო ტახტები მეთოფურების დასადგომად. კლდოვან მასივზე განლაგებული შიდაციხე შედგება მრავალი სათავსისა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისგან. ციხის შუა და ზემო ნაწილში აღმოჩნდა 2 წყალსაცავი. აგრეთვე გამოვლინდა მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი.

თვით ქალაქი "ხორნაბუჯი" გაშენებული უნდა ყოფილიყო ციხის დასავლეთით მოთავსებულ ქვაბულში, რომელიც შემოფარგლულია მაღალი კლდეებით.

ხორნაბუჯი ბატონობდა ალაზნის ველიდან, შირაქიდან და ივრის ხეობიდან მომავალ გზებზე. ამიტომაც იყო, რომ აქ არსდება V ს-ში საეპისკოპოსო კათედრა, რაც იმის მომასწავებელი იყო, რომ მას კამბეჩანის რელიგიური მესვეურობაც დაეკისრა. ამავე დროს ხორნაბუჯი წარმოადგენდა დაჩის, ვახტანგის ძის, საუფლისწულო ქალაქს, კახეთ-ჰერეთის სხვა დიდ პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრებთან ჭერამთან და ნეკრესთან ერთად.

ისტორიკოსი ჯუანშერი, რომელმაც დაგვიტოვა ისტორიული თხზულება "ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა" წერს: "და ესხნეს ვახტანგს ბერძნის ცოლისგან, სამ ძე და ორ ასულ, ხოლო ძესა პირმშოსა პირველისა ცოლისგან, დაჩის მისცა ქალაქი ჭერამის და ნეკრესისა და ქალაქი კამბეჩოვანისა, რომელ არს ხორნაბუჯი."

VI საუკუნეში ხორნაბუჯის ციხეს სპარსელები დაეპატრონენ, რომელთაც იგი გაუმაგრებიათ, ირანელთა განდევნის შემდეგ კამბეჩანს და მის ცენტრს - ხორნაბუჯს ბაგრატიონები ფლობდნენ.

XI ს-ში ხორნაბუჯი მცირე ხნით თურქ-სელჯუკებს სჭერიათ დავით აღმაშენებლის, უფრო კი თამარის მეფობის (1185-1213 წწ) ხანაში ციხე ქალაქი ხორნაბუჯი განსაკუთრებით გაძლიერდა. იგი მონაპირე საერისთავოა, სადაც მახადლისძენი ერისთავობენ.

ნ.ბერძენიშვილის ხატოვანი გამოთქმით: ხორნაბუჯის ციხე გადმოულახველ კედლად უდგა განჯის ქვეყნიდან მომხდეურ მტრებს. ბასილი ეზოს მოძღვრის გამოთქმით: ხორნაბუჯელი მონაპირე ერისთავის შიშითა ვერ ბედავდნენ თურქნი ივრისა და მტკვრის პირზე გადმოსვლას.

XIII საუკუნეში 1265 წელს ბერქა-ყაენის 300 000 მეომრისგან შემდგარი ლაშქარი მოადგა მტკვრის მარცხენა სანაპიროს და ალაზან-იორის ქვემო წელი კამბეჩოვანი - იგივე ქიზიყი ისე ააოხრა, რომ ამ დღიდან მოყოლებული, მრავალი წლის განმავლობაში აქ მოსახლეობა ვეღარ მოშენდა. XV საუკუნის კახეთის დამოუკიდებელ სამეფოში ქიზიყის სამოურავო იხსენიება საერისთავოს ნაცვლად. მტერმა გაანადგურა არა მარტო კამბეჩოვანის მწარმოებელი საზოგადოება, არამედ ფიზიკურად ამოწყდა და განადგურდა თვით ხორნაბუჯელთა საქვეყნოდ სახელგანთქმული საგვარეულო.

ქალაქთან ერთად ქრება სახელწოდება ხორნაბუჯი, ისტორიულ საბუთებში (გვიან საუკუნეებში) ამ ადგილს ჭოეთი ეწოდება.

თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ხორნაბუჯს, როგორც ციხე-სიმაგრეს თავისი მნიშვნელობა არასოდეს დაუკარგავს. XVI ს-ში კახთა მეფეებს ციხე განუახლებიათ და ალექსანდრე კახთა მეფის დროს ხორნაბუჯის ანუ ჭოეთის ციხე კვლავ ციხეობს.

უკანასკნელად ციხე აღადგინა და გაამაგრა ერეკლე II-მ (XVIII ს-ში), რათა ლეკიანობის წინააღმდეგ ხანგრძლივ ბრძოლებში გამოეყენებინა.

ხორნაბუჯის ციხე-ქალაქს საპატიო ადგილი უკავია საქართველოს უმნიშვნელოვანეს ციხე-ქალაქთა შორის. მას თავისი სიდიადით და სილამაზით მთელ კახეთში ტოლი არ ჰყავდა.

ხორნაბუჯის ციხეს მტრის მრავალი დარტყმა მიუღია საკუთარ მკერდზე. მომსწრე ყოფილა ქართველი ხალხის მრავალი სახელოვანი გამარჯვებისა მტრის ურდოებზე. იგი გამოსახულებაა ქართველი ხალხის გმირობისა, მამაცობისა, საკუთარი მიწა-წყლის სიყვარულისა, კოლოსალური შრომისა, რომელიც მას გაუწევია სამშობლოს დაცვისათვის.

მასალა მოამზადა დედოფლისწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ფონდების მცველმა

ლალი ბასილაშვილმა

http://opac.iliauni.edu.ge/eg/opac/record/28946