There are no translations available.
ზარზმა - სოფელი ადიგენის რაიონში, მლაშეს თემში, მდინარე ქვაბლიანის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1340 მ, ადიგენიდან 8 კმ... სოფელშია შუა საუკუნეების ზარზმის მონასტერი. სოფელთან არის XIV საუკუნის "თამარის წყარო". ზარზმის მონასტერი, ქართული ხეროთმოძღვრების ძეგლი სოფელ ზარზმაში, ადიგენის რაიონში. შემორჩენილია გუმბათოვანი ეკლესია, სამრეკლო და რამდენიმე ერთნავიანი სამლოცველო (ზოგი დანგრეულია). მათგან ცოტა მოშორებით ძველთაგან ცნობილი წყაროა. სხვა სამონასტრო შენობები (ბერების საკნები, სატრაპეზო და სხვა) არ შემონახულა. მონასტრის დაარსების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრება არსებობს (VIII საუკუნე, IX საუკუნე). თავდაპირველად დაუარსებია ადრინდელი ფეოდალური ხანის სასულიერო მოღვაწეს სერაპიონ ზარზმელს, წარმოშობით კლარჯს, რომლის ცხოვრებაც აღწერილია ბასილი ზარზმელის ცნობილ თხზულებაში. სერაპიონისათვის დიდი დახმარება გაუწევია ადგილობრივ მთავარს გიორგი ჩორჩანელს, მას ახალი მონასტრისათვის სოფლები და მამულები შეუწირავს. სერაპიონის დროინდელი ეკლესია, რომელსაც დღემდე არ მოუღწევია, ხუროთმოძღვარ გარბანელს აუშენებია, და როდორც ჩანს, მარტივი ნაგებობა ყოფილა. ზარზმის ახლანდელი ტაძარი და სამრეკლო აგებულია XIV საუკუნის პირველ წლებში სამცხის მთავრის ბექა მანდატურთუხუცესის დროს. უძველესი ისტორიული ნაშთია ერთ-ერთი სამლოცველოს შესასვლელის თაღში ჩასმული, უფრო ადრინდელი, შენობიდან გადმოტანილი, X საუკუნის ბოლო ათეული წლების წარწერა, რომელიც მოგვითხრობს დავით III დიდი კურაპალატის გალაშქრების ამბავს ბარდა სკლიაროსის წინააღმდეგ. ზარზმის ტაძარი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, რომელშიც მკაფიოდ ჩანს მაშინდელი ქართული ხუროთმოძღვრების დამახასიათებელი ზოგი ახალი ნიშანი (ცვლილებები შენობის პროპორციებსა და ფასადთა მორთულობის სისტემაში. მრავალრიცხოვანი ჩუქურთმა, რომელიც კარ-სარკმელთა საპირეებს ამკობს, ტექნიკური შესრულების მხრივ მაღალ დონეზე დგას, მაგრამ რამდენადმე მშრალია). მნიშვნელოვანია კედლის მხატვრობაც, სადაც ტრადიციული სიუჟეტებთან ერთად შემონახულია სამცხის მფლობელ ჯაყელთა (სარგისის, ბექა მანდატურთუხუცესის, სარგის II-ის, ყუარყუარეს), აგრეთვე XVI საუკუნის ისტორიულ პირთა (იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის, სერაპიონ ხურციძის და სხვ.) პორტრეტები. ზარზმის მონასტრის სამრეკლო ერთერთი უდიდესია საქართველოში და ამ ტიპის ქართული ნაგებობათა ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია. 1577 ზარზმის ახალმა მფლობელებმა - ხურციძეებმა, რომელთაც ეკლესიის ძველი მხატვრობის ნაწილი ახლით შეცვალეს, სამრეკლოს I სართულს თაღები ამოუშენეს და იოანე მახარებლის ეკლესიად აქციეს. XX საუკუნის დასაწყისში ჩატარდა ზარზმის ეკლესიის, სამრეკლოსა და მხატვრობის რესტავრაცია. ამის შედეგად მხატვრობის კოლორიტი და ნაწილობრივ სტილისტიკური თავისებურებაც შეილახა. ზარზმის მონასტერი მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერა იყო, რასაც ნათლად მოწმობს ბასილი ზარზმელის ჰაგიოგრაფიული თხზულება. ზარზმის სავანეში მოღვაწეობდნენ სხვა მწიგნობრებიც: გერმანე ზარზმელი, ბენედიქტე ზარზმელი და სხვა.
ზარზმის ფერიცვალების ხატი, ფეოდალური ეპოქის ქართული ჭედური ხელოვნების ძეგლი, რომელიც წარწერის მიხედვით, 886 წლით თარიღდება. ხელოვნების მუზეუმში გადატანამდე იგი შემოწმედის მონასტრეში ინახებოდა. ხატი დაზიანებულია, ეტყობა ადრინდელი რესტავრაციის კვალი. კომპოზიციის ცენტრში ოვალურ "დიდებაში" გამოსახულია ფეხზე მდგომი ქრისტეს მთლიანი ფიგურა მახურთხებელი მარჯვენით; ტრადიციის თანახმად, წინასწარმეტყველები ვედრების პოზაში დგანან. ძეგლის შესრულებსი სტილი გრაფიკულია, ყოველი ხაზი და დეტალი ეკორატიულადაა დამუშავებული. როგორც მხატვრული, ისე ევოლუციური თვალსაზრისით, ზარზმის ფერიცვალების ხატი მონუმენტურ დეკორატიული ხელოვნების მნიშვნელოვანი ძეგლია, რომელიც კარგად გამოხატავს ეპოქის სულისკვეთებას.
ზარზმა //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.IV, თბ., 1979, გვ.485.
წყარო: http://ka.wikipedia.org/wiki/ზარზმის_მონასტერი
***********************************************************************************
განვითარებული ფეოდალიზმი: ზარზმა //ციციშვილი ირ. ქართული ხელოვნების ისტორია. - თბ., 1995 - გვ. 100-101.
ქვეყნის შედარებით მოშორებულ პროვინციებში, განსაკუთრებით ავტონომიურ სამთავროდ გამოყოფილ სამცხეში, შესაძლებელი ხდება არა მარტო ძლიერი მიწისძვრის (XIII ს. დასასრულს) დროს დანგრეული შენობების აღდგენა, არამედ ისეთი მსხვილი ანსამბლების აშენება, როგორიცაა საფარისა და ზარზმის მონასტრები...<<ტექსტი სრულად აქ..<<
***********************************************************************************
ზარზმა //ბერიძე ვ. ძველი ქართული ხუროთმოძღვრება, თბ., 1974, გვ. 161
აგრეთვე ძველ მესხეთშია, ქვაბლიანის ხეობაში (რაიონის ცენტრ ადიგენიდან 6-7 კმ. დაშორებით). პირველი ეკლესია აქ ააშენა მონასტრის დამაარსებელმა ბერმა სერაპიონ ზარზმელმა, რომლის ცხოვრებაც (და მშენებლობის ამბებიც) მოთხრობილია ბასილ ზარზმელის ცნობილ თხზულებაში (სერაპიონის ცხოვრების დროის შესახებ სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს. ყოველ შემთხვევაში, იგი ადრინდელი ფეოდალური ხანის მოღვაწეა)...<<ტექსტი სრულად აქ...<<
|