topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ - ხორნაბუჯი

<უკან დაბრუნება

ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ

- თბილისი, 1969. - გვ.110.

დასაწყისი მეორე ეპოქისა.

გველის წელიწადი, რომელიც შეესატყვისება ათას ოცდაექვს (1617) წელს ჰიჯრით

და რომელიც აბასის ტახტზე ასვლის ოცდამეთერთმეტე წელია

როცა ნოვრუზის სიხარული მომგვრელი დღეებიდან რამდენიმე დღე გავიდა და დანეყის ჰავამ სითბოსაკენ იბრუნა, ჟამთა ხელმწიფის ძლევამოსილი დროშები საზამთრო ბინებიდან საქართველოს იალაღებისაკენ დაიძრნენ. იმ დღეებში მომხდარ ბედნიერ ამბებს ეკუთვნის ყორლანყუჯის*აკად.მ.ბროსეს აზრით, ხორნაბუჯის ციხეციხის დაპყრობა. ურჯულო ქართველების ერთი ჯგუფი შესულიყო იმ მაგარ ციხეში და ჯანყსა და ამბოხს ახდენდა. ის დიდებული ციხე მდებარეობს ერთი მაღალი და მიუვალი მთის წვერზე და არც ერთ მხრიდან არ აკრავს მაღლობი, რომლიდანაც შეიძლებოდეს მასზე თავს დადგომა. მისი სიმაღლე ისეთია, რომ კარის ზღურბლიდან იმ ადგილამდე, სადაც ციხის მცველები დგანან, ხუთას სამოცი კიბის საფეხური უნდა აიაროს კაცმა. ერთი სიტყვით, იმ ციხეს რომ წვიმის წყლით ასავსები ამბრის გარდა, ერთი წყაროც ჰქონოდა, ვერც ერთი დიდებული ხელმწიფე ვერ დაიპყრობდა. ახლა ურჯულო ქართველების გული უზომო შიშსა და ძრწოლას მოეცვა მისი უავგუსტოესობის წინაშე. მათ უვნებლობა ითხოვეს და ქართლის ვალი ბაგრატი მეოხად გაიხადეს, გამოვიდნენ და ციხე (ყიზილბაშთ) გადასცეს. ხელმწიფის წყალობით მათ უვნებლობა ებოძათ. ვისაც ბაგრატის სამსახური სურდა, ქართლში წასვლის ნებართვა მიეცა, ზოგი სხვა სამოთხის მსგავს ფარაჰაბადში წავიდა და ჟამთა უბედურებისაგან მოისვენა. ციხის მცველად ჩაყენებულ იქნა შაჰის ამალის რამდენიმე მეთოფე.

ამასობაში ხელმწიფის დიდებულ ყურთ ესმა რომ მახვილს გადარჩენილი ქართველების ერთი ჯგუფი, რომელნიც ღაზიების ხმლისა და შუბის შიშით ტყეებსა და გამოქვაბულებში იყვნენ შემძვრალი, ქიზიყში წინააღმდეგობას ეწევიან და ურჩობენო. რადგანაც [შაჰი] განრისხებული იყო იმ ურწმუნოებზე და მისი "ბრაზის ცეცხლი ჯერ არ იყო ჩამქრალი“, ამიტომ ძლევამოსილი ჯარის ერთი რაზმი გაგზავნეს იმ უბედურ სიკვდილმისჯილებზე და შემდეგ გააყოლეს ღოლამების იუზბაში ზამან–ბეგი ღოლამთა რაზმით, რომელიც მათ (ქართველების) დასარბევად და დასატყვევნად იქნა დანიშნული. სარწმუნოებისათვის მებრძოლთა რაზმი იმ სიკვდილმისჯილებს უეცრად თავს დაესხა, როგორც ცით მოვლენილი უბედურება. მრავალი ცოდვილი ურწმუნო შეიპყრეს. საპატიო აზნაურებიდან ბევრი ბედკრული ქრისტიანი ზოგი ხმლის კერძი შეიქნა, ზოგიც, ვინც მახვილს გადაურჩა, ბავშვებთან და ქალებთან ერთად ტყვედ წაიყვანეს. დაჭერილებს, რომლებიც უავგუსტოეს ურდოში მოიყვანეს, მრავალი ტანჯვითა და წამებით ხოცავდნენ შაჰის ბრძანებით. როცა [შაჰის] ნათელმა აზრმა კახეთის საქმეებისაგან მოისვენა, დიდებული დროშები თბილისისაკენ დაიძრნენ და ქართლის ვალი ბაგრატი, რომელმაც სათანადო სამსახური და მასპინძლობა შეასრულა, მოსალოდნელზე უფრო მეტად იქნა განდიდებული ხელმწიფური მოკითხვითა და დიდებული ხალათების ბოძებით. იქიდან [შაჰი] გაემართა სომხითისაკენ და რამდენიმე დღე ილხენდა მელიქ მირმან სომხითარის შვილიშვილის მელიქ ათაბეგის სამყოფელს, რომელიც [ირანის შაჰების] წმინდა გვარეულობის ერთგულთა რიცხვს ეკუთვნოდა. იქიდან სევანის ტბის საზაფხულო ბინებისაკენ წავიდნენ და რამდენიმე დღეს გოქჩის ტბის ნაპირებზე სეირნობით და იმ ამწვანებულ ტბის სამოთხის მსგავს და ძვირფასი თვლებივით ანკარა წყაროებით [შემკული] ქვეყნის ველებსა და მთებზე დროს ატარებდნენ მხიარულად.