topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ხორნაბუჯი

<უკან დაბრუნება

 

ხორნაბუჯი - ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI. - თბ., 1987. - გვ.501.

ხორნაბუჯი - ჟღერს ქვის ჰარმონია, ტ.15, ნაკვეთი მესამე, თბ., 2007 წ., "ციცინათელა, გვ.303-304

ხორნაბუჯი - (XVIII საუკუნის წყაროებით ჭოეთი), შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში. ისტორიული ქართლის სამეფოს ერთ-ერთი პროვინციის - კამბეჩოვანის -ცენტრი. ხორნაბუჯის ნანგრევები შემორჩენილია ახლანდელი წითელწყაროს (დღევ. დედოფლისწყაროს) რაიონული ცენტრის მახლობლად. წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისუფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი). XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. 1068 კახეთ-ჰერეთის მეფემ აღსართან I-მა დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მახატლისძეთა რეზიდენცია. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის აბას I-ის მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს. 1625 წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან გიორგი სააკაძემ გაათავისუფლა. აქვე მეფე თეიმურაზ I-ს დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე ჯავახიშვილთა ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები.

1970 წელს ხორნაბუჯში მიმდინარეობდა არქეოლოგიური გათხრები (ხელმძღვანელი რ. რამიშვილი). შიდაციხის ქვედა ეზოში გამოვლინდა განვითარებული შუა საუკუნეების კარიბჭისა და კედლის ნაშთი, რომელიც მომდევნო ხანაში ცეცხლმსროლელი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით გადაუკეთებიათ, დაუტანებიათ სათოფურები და საგანგებო ტახტები მეთოფურების დასადგომად. კლდოვან მასივზე განლაგებული შიდაციხე შედგება მრავალი სათავსისა და ურთიერთდამაკავშირებელი ვიწრო და ციცაბო კიბეებისაგან. შიდაციხის შუა და ზემო ნაწილში აღმოჩნდა 2 წყალსაცავი. არქეოლოგიური გათხრები ჩატარდა აგრეთვე შიდაციხის დასავლეთით, ძველი ქალაქის ტერიტორიაზე, სადაც მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი გამოვლინდა. შიდაციხისა და ქალაქის ტერიტორიაზე გავლებულ საკონტროლო თხრილებში აღმოჩნდა მოჭიქული და მოუჭიქავი ჭურჭლის, ფაიანსის, ქვევრების, მოჭიქული და მოუჭიქავი კრამიტის ჭრაქებისა და სხვა ნივთების ნატეხები. გამოვლენილია როგორც ადრინდელი, ისე განვითარებული შუა საუკუნეების რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები (ყუმბარები), მონეტები და სხვა ნივთები, რომლებიც ხორნაბუჯის ცხოვრების ყველაზე ინტენსიურ ხანას განეკუთვნება.

ხორნაბუჯის მიდამოებში გამოვლინდა და ნაწილობრივ გაითხარა რამდენიმე არქეოლოგიური ძეგლი, მ.შ. „საოზაანო“, რომელიც ციხე-ქალაქის დასავლეთით მდებარეობს. აღმოჩნდა წინაქრისტიანული ხანის ნამოსახლარები და სამაროვანი. ანტიკური ხანის სამაროვები გამოვლინდა ადგილ „ცივწყაროსა“ და „ორგმირზე“. კირქვის კარიერებზე ჩნდება ბრინჯაოს ხანის მასალა.

მუსხელიშვილი დ., რამიშვილი რ., ჯორბენაძე ბ.

 

ხორნაბუჯი - „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ., გვ.647, რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. // საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 740 გვ.

ხორნაბუჯი

ქალაქი, ციხე (ქც 4: 541,22).

იხსენიება შემდეგ წერილობით წყაროებში: ვახუშტი ბაგრატიონის „აღწერა სამეფოსა საქართველოსა“ (ქც 4: 28,9; 114,9; 146,6; 151,17; 181,3; 214,23; 215,1; 525,3; 541,21,23,სქ.1,3,4; 542,13; 547,17; 557,7; 561,16), ჯუანშერის „ცხოვრება ვახტანგ გორგასალისა“ (ქც 1: 199,4,16), მატიანე ქართლისა (ქც 1: 298,7; 312,5-7), სუმბატ დავითის ძის „ცხოვრება და უწყება ბაგრატონიანთა“ (ქც 1: 373,18), „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ (ქც 2: 61,10), ფარსადან გორგიჯანიძის „ისტორია“ (გორგიჯანიძე 1926: 24, 26), XVII ს-ის ისტორიული საბუთი (საქ. სიძ. 1909: 73), ომან ხერხეულიძის „მეფობა ირაკლი მეორისა“ (ხერხეულიძე 1913: 276), იოანე ბაგრატიონის „ქართლ-კახეთის აღწერა“ (ბაგრატიონი 1986: 67), თეიმურაზ I-ის მოსკოვში ელჩობის საოქმო ჩანაწერები (ჩანაწერები ... 1965: 447; მასალები რუსეთ-საქართველოს ... 1965: 462), ისქანდერ მუნშის თხზულება (მუნში 1969: 125).

ვახუშტი ბაგრატიონი ხორნაბუჯის შესახებ გადმოგვცემს: „ყარაღაჯის სამხრით, სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა, მუნ არს ხორნაბუჯი, და აწ უწოდებენ ჭოეთს. აქ, კლდესა ზედა, შენ არს ციხე მაგარი, და იყოცა ქალაქი კარგი. ესეცა ბერქას გამოსლვასა მოოხრდა“ (ქც 4: 541,20-23).

მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიც-ში, გომბორის მთის განშტოების დასასრულს.

ვახტანგ გორგასალმა ხორნაბუჯში დააარსა საეპისკოპოსო (ქც 1: 199,4). მანვე ხორნაბუჯი საუფლისწულოდ მისცა თავის მემკვიდრე დაჩის (ქც 1: 199,16). ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯში სპარსელი მოხელე იჯდა. ქართლის ერისმთავართა უმცროსი შტოს წარმომადგენლებმა ასამმა და ვარაზვარდმა VI ს-ის მეორე ნახევარში ხორნაბუჯი სპარსელთაგან გაათავისუფლეს და თვითონ დაიკავეს ქალაქი (ქც 1: 373,15-18). VIII ს-დან ხორნაბუჯი ჰერეთის სამთავროს ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრია (ქც 4: 557,7,8). ბაგრატ IV-ემ (1027-1072) შეიპყრო ხორნაბუჯის ერისთავი ვაჩე (ქც 4: 146,5,6). XI ს-ის 60-იან წლებში ხორნაბუჯს დაეუფლა განძის ამირა ფადლონი. 1068 წ. ხორნაბუჯი დაიბრუნა კახეთ-ჰერეთის მეფე აღსართანმა (ქც 4: 151,17). თამარის პირველი ქმრის, გიორგი რუსის ქიზიყში შემოჭრისას ხორნაბუჯის ერისთავმა საღირ მახატლის ძემ სასტიკად დაამარცხა აჯანყებულები (ქც 4: 181,1-6). XIII ს-ის 60-იან წლებში ხორნაბუჯი მოაოხრა ბერქა ყაენმა (ქც 4: 541,23). XVII ს-ის დასაწყისში ხორნაბუჯში ჰქონდა რეზიდენცია ირანის შაჰის აბას I-ის მოხელეს, კახეთის ერთი ნაწილის გამგებელს ფეიქარ ხანს.

ვახუშტი ბაგრატიონი ხორნაბუჯსა და ხორანთას თავისი თხზულების ერთ ადგილას ერთმანეთთან აიგივებდა (ქც 4: 561,15). ამ აზრს იზიარებდა ზოგიერთი სხვა მკვლევარიც (ბაგრატიონი 1848: 14; კაკაბაძე 1924: 52). თუმცა, ხორნაბუჯი და ხორანთა განსხვავებული პუნქტებია (ჭილაშვილი 1968: 59-63). გვიან შუა საუკუნეებში ხორნაბუჯი წყაროებში ჭოეთის სახელით იხსენიება (ქც 4: 541,21,22; გორგიჯანიძე 1926: 24, 26; ხერხეულიძე 1913: 276; ბაგრატიონი 1986: 67).

1970 წ. ივ.ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ხორნაბუჯის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (ხელმძღ. რ.რამიშვილი) ხორნაბუჯსა და მის მიდამოებში ჩაატარა არქეოლოგიური გათხრები (რამიშვილი, ჯორბენაძე 1971: 243-245). გათხრებს ჰქონდა დაზვერვითი ხასიათი, რომლის ძირითადი მიზანი იყო ნაქალაქარის სტრატიგრაფიისა და საზღვრების დადგენა. სამუშაოები მიმდინარეობდა როგორც საკუთრივ შიდა ციხეზე, ისე ციხის გარშემო და ნაქალაქარის სხვადასხვა უბანზე.

შიდა ციხის ქვედა ეზოში აღმოჩნდა განვითარებული შუა საუკუნეების კარიბჭისა და კედლის ნაშთი. გვიან შუა საუკუნეებში ცეცხლსასროლი იარაღის შემოსვლასთან დაკავშირებით, კედლებში დაუტანებიათ სათოფურები და მეთოფეთა დასადგომი ტახტები. შიდა ციხეზე შემორჩენილია არაერთი სათავსო. შიდა ციხეში გამოვლინდა 2 წყალსაცავი. შიდა ციხისა და ნაქალაქარის ტერიტორიაზე მრავლად აღმოჩნდა სადა და მოჭიქული კერამიკის, ფაიანსის ნატეხები. კერამიკული ნაწარმიდან აღსანიშნავია: ქვევრები, ქოთნები, მოუჭიქავი და მოჭიქული კრამიტები, ჭრაქები. განათხარ მასალაში გვხვდება: რკინის ისრისპირები, ქვის ბირთვები, მონეტები, მინის ჭურჭლის ნატეხები. მასალის დიდი ნაწილი თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით. როგორც ციხის შიგნით, ისე ნაქალაქარის ტერიტორიაზე საცხოვრებლად გამოუყენებიათ გამოქვაბულებიც.

ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლინდა მიწისქვეშა აკლდამების ჯგუფი. ადგილ „სოზაანოში“, რომელიც მდებარეობს ნაქალაქარის დასავლეთით, მიკვლეულ იქნა წინაქრისტიანული ხანის ნამოსახლარი და სამაროვანი. ანტიკური ხანის სამაროვნები აღმოჩნდა ადგილ „ცივწყაროსა“ და „ორგმირზე“ (რამიშვილი, ჯორბენაძე 1971: 243-245; მუსხელიშვილი... 1987: 501). ხორნაბუჯის განათხარი მასალა ინახება არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დუშეთის ბაზაზე.

ბიბლიოგრაფია: აბრამიშვილი 1984: 142; ბაგრატიონი 1848: 14; ბაგრატიონი 1986: 67; გორგიჯანიძე 1926: 24, 26; თოდრია 1982: 81-85; იოსელიანი 1844: 71; კაკაბაძე 1924: 52; ლოლაშვილი 1977: 152; მასალები რუსეთ-საქართველოს ... 1965: 439-469; მუსხელიშვილი ... 1987: 501; მუსხელიშვილი 1997: 30-33; მუნში 1969: 110, 125; რამიშვილი, ჯორბენაძე 1971: 243-245; რამიშვილი, ჯორბენაძე 1985: 37, 38; საქ. სიძ. 1909: 73; ქც 1: 199,4,16; 298,7; 312,5-7; 373,18; ქც 2:61,10; ქც 4:28,9; 114,9; 146,6; 151,17; 181,3; 214,23; 215,1; 525,2; 541,21,23,სქ.1,3,4; 542,13; 547,16; 557,7; 561,16; შაიშმელაშვილი 1969: 46-49; ჩანაწერები ... 1965: 447; ჭილაშვილი 1968: 5, 58, 61, 62, 66; ხერხეულიძე 1913: 276.

---------------------------------------------------------------------------------------

ხორნაბუჯი (სიღნაღის რ-ნი), მის შესახებ სტატიები:

1. არჯევანიძე ი. თბილისიდან ალაზნის ველისაკენ. - თბ., 1958. - გვ.262-263. // ხორნაბუჯის სამხედრო-სტრატეგიული მნიშვნელობა.

2. მარგიანი გ. და სხვ. ხორნაბუჯი ჩვენი სიამაყე //ლიტერატურული საქართველო. - 1976. - 21 მაისი. //ციხე-ქალაქ ხორნაბუჯის ისტორია, გეოგრაფიული მდებარეობა.

3. ყავრიშვილი გ. ხორნაბუჯი //კოლმეურნე (სიღნაღი).-1966.-15 მარტი. //ხორნაბუჯის ისტორია.

4. შაიშმელაშვილი ი. კამბეჩოვანი, ხორნაბუჯი, ქიზიყი //ძეგლის მეგობარი. - 1969. - N17. - გვ.40-49// შაიშმელაშვილი ივ. ქიზიყი - თბ., 1973. - გვ.73. //ცნობები ციხე-ქალაქ ხორნაბუჯის შესახებ.

5. შარმიაშვილი ნ. ხორნაბუჯი //კოლმეურნე (სიღნაღი). - 1962. - 23 ნოემბერი. //ციხე-ქალაქ გორნაბუჯის ისტორია. მოხსენიებულნი არიან პირები, რომლებიც სხვადასხვა პერიოდში ფლობდნენ ხორნაბუჯს.

6. ჯანყარაშვილი ი.ხორნაბუჯი //კოლმეურნე (სიღნაღი). - 1968. - 16 იანვარი. //ხორნაბუჯის ისტორია XIII საუკუნემდე, აღნიშნულია მისი სტრატეგიული მნიშვნელობა.

7. ხორნაბუჯი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.XI. - თბ., 1987. - გვ.501. //შუა საუკუნეების ციხე-ქალაქის, ხორნაბუჯი ისტორიულ წყაროებში, დაარსების, აყვავებისა და ნგრევის პერიოდები. 1970 წელს ხორნაბუჯის ტერიტორიაზე ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების (ხელმძღვ. რ.რამიშვილი) შედეგები. ტექსტს ახლავს ციხის ციტადელის ფოტო.

8. თოდრია თ. ქიზიყის ისტორიული გეოგრაფიის საკითხები // საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული. ტ.VI. - თბ., 1982. - გვ.84. //ცნობები ხორნაბუჯის შესახებ ქართული ისტორიული წყაროების მიხედვით.

9. ისქანდერ მუნშის ცნობები საქართველოს შესახებ. - თბ., 1969. - გვ.110. //მოკლე ცნობა ყორნალყუჯის (მ.ბროსეს აზრით, ხორნაბუჯის) ციხის შესახებ.

10. სიღნაღი. გზამკვლევი. - თბ., 1970. - გვ.37-39. // ვახუშტი ბატონიშვილის ცნობა ციხის შესახებ.

11. ხორნაბუჯი //შუბითიძე ვ. ქართული ციხესიმაგრეები და ეკლესია-მონასტრები. - თბ., 2012. - გვ.130. ტექსტი ქართ. და ინგლ. ენებზე.

12 ხორნაბუჯი - შრომათა კრებული http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=25&t=929

13. ხორნაბუჯი - „ქართლის ცხოვრების ტოპოარქეოლოგიური ლექსიკონი“, გ. გამყრელიძე, დ. მინდორაშვილი, ზ. ბრაგვაძე, მ. კვაჭაძე და სხვ. (740გვ.), რედ. და პროექტის ხელმძღვ. გელა გამყრელიძე. საქ. ეროვნ. მუზეუმი, არქეოლ. ცენტრი. – I-ლი გამოცემა. – თბ.: ბაკურ სულაკაურის გამ-ბა, 2013. – 739 გვ.

14. ხორნაბუჯი - ლ.ბასილაშვილი

15. ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე - "მზის საყრდენი" //გ. მახობეშვილი - რატომ მოაკვლევინა საქართველოს მონღოლმა დედოფალმა თორღვა პანკელი და როგორ დაისაჯა უნებლიეთ ფიცის გატეხისთვის ბერი ხორნაბუჯელი