topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

მ. გაბუნია, მ. გაბაშვილი - თრიალეთის პეტროგლიფები - განადგურების საფრთხის ქვეშ
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

თრიალეთის პეტროგლიფები - განადგურების საფრთხის ქვეშ

მანანა გაბუნია

საქართველოს ეროვნული მუზეუმი

 

მარიამ გაბაშვილი

გ. ჩუბინაშვილის სახ. ქართული ხელოვნების ისტორიისა და

ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სტატიის წყარო: http://www.rcchd.icomos.org.ge/?l=E&m=4-4&JID=5&AID=40&l2

XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე პალეოლითის ხანის მღვიმური ფერწერისა და გრაფიკული ნახატების (პეტროგლიფების) მთელი სერია აღმოჩნდა, სამეცნიერო საზოგადოება ინტერდისციპლინარული ხასიათის საგულისხმო პრობლემების წინაშე დადგა, რომელიც უპირველეს ყოვლისა ხელოვნების წარმოშობის, მხატვრული აზროვნებისა და შემოქმედებითი პროცესების ჩასახვასა და განვითარებას უკავშირდება.

ხელოვნების ისტორიკოსების, არქეოლოგებისა თუ ანთროპოლოგებისათვის პრეისტორიული ხელოვნება ის მნიშვნელოვანი გასაღებია, რომლის მეშვეობით ირკვევა უძველესი ადამიანების ცხოვრებისა და კულტურის ხასიათი. მათ შესახებ გამოტანილი დასკვნები და ინტერპრეტაციები იმ ჰიპოთეზებს წარმოადგენს, რომელიც პრეისტორიული ხანის ვიზუალურ ხელოვნებას ხელოვნების ისტორიის დარგის მნიშვნელოვან თავსატეხ სფეროდ გარდააქცევს. სახვითი ხერხებით დაფიქსირებული ეს ერთგვარი “დოკუმენტები” ძვირფას მასალას გვაწვდის ათასწლეულების წიაღში მიმდინარე კაცობრიობის განვითარების საინტერესო ეტაპების შესახებ - პირველყოფილი საზოგადოების ყოფის, სამეურნეო საქმიანობის, სულიერი სამყაროს, მსოფლმხედველობის, სოციალური ურთიერთობების, ეთნიკური პროცესების, კულტურული კონტაქტების, მიგრაციული გზების, კულტურათა გენეზისის შესაცნობად და ასევე იმ პალეობიოგეოგრაფიული გარემოს აღსადგენად, რომელშიც უძველესი ადამიანი – Homo sapiens sapiens ცხოვრობდა. ეს იმ საკვლევ საკითხთა უმთავრესი ნაწილია, რომელიც დღესაც აქტუალურად დგას მსოფლიო არქეოლოგიური მეცნიერების წინაშე.

საკითხის კვლევისათვის უმნიშვნელოვანესია თრიალეთის პეტროგლიფების უნიკალური ხასიათი – ის პრეისტორიული ხანის სახვითი ხელოვნების ჯერ-ჯერობით ერთადერთი გამოვლენილი ძეგლია საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ როდესაც სამხრეთ კავკასიის მეზობელ რეგიონებში – სომხეთსა და აზერბაიჯანში ამ რიგის ვიზუალური ხელოვნების ნიმუშები მრავლად მოიპოვება. გამონაკლისს არც ჩრდილო კავკასია წარმოადგენს (მაგ., დაღესტანში ჩუვალ-ხვარაბ-ნოხოს, ჩინა-ხიტას, ხარიტანის და სხვ. პეტროგლიფები).

თრიალეთის პეტროგლიფები მდებარეობს ქვემო ქართლში, დაბა წალკიდან 12 კმ-ის დაშორებით, სოფ. განთიადთან (ყოფილი სოფ. თაქ-ქილისა), მდ. ქციის მარჯვენა შენაკადის, მდ. ავდრისწყლის ხეობაში. წარსულში ამ მდინარის სახელწოდება პატარა ხრამი იყო, რის გამოც აქ აღმოჩენილ პეტროგლიფებს “პატარა ხრამის პეტროგლიფები” ეწოდა და სამეცნიერო ლიტერატურაში მან ამ სახელწოდებითაც დაიმკვიდრა ადგილი.

ხეობა შედგება ოთხი ფსევდოტერასისგან, რომელთა წარმოშობა აიხსნება აქ განვითარებული გვიანპლეისტოცენური ასაკის ანდეზიტო-ბაზალტების ოთხი ლავური ნაკადისა და მათ შორის მოქცეული ეროზიისადმი ნაკლებად გამძლე ქანების არათანაბარი გადარეცხვით. ფსევდოტერასების მეოთხე ლავური ნაკადის ფუძეში წარმოქმნილია მღვიმეები, რომელთა შორის მოქცეულ კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე, ანდეზიტ-ბაზალტის არათანაბარ გლუვ მონაკვეთებზე, ხავსისა და მღიერების ქვეშ აღმოჩნდა გეომეტრიული, ზოომორფული და ანთროპომორფული ნაკაწრი გამოსახულებები – პეტროგლიფები (სურ. 1ა, ბ).

ამ მხატვრული კომპლექსის განხილვა საუკეთესო შესაძლებლობას გვაძლევს, რათა თვალი მივადევნოთ სახვითი ფორმების აღმოცენებისა და მისი შემდგომი ევოლუციის გზას არა მხოლოდ ამ ერთი ძეგლის მაგალითზე, არამედ, სინქრონული არტეფაქტების პარალელური კვლევითაც, რის შედეგადაც გამოვლინდება ის მნიშვნელოვანი კროსკულტურული კავშირები, რომელიც თრიალეთის პეტროგლიფთა კომპლექსს სათანადო ადგილს მიუჩენს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს შორის.

პრეისტორიული ხელოვნების გავრცელების მსოფლიო რუკაზე, თრიალეთის პეტროგლიფების აღმოჩენამდე მხოლოდ საქართველო გამოიყურებოდა თეთრ ლაქად. შესაბამისად, ამ პეტროგლიფების მნიშვნელობა და მათი შესწავლის აუცილებლობა ცხადი ხდება, მითუმეტეს, რომ მისმა წინასწარი კვლევის შედეგებმა მეცნიერთა ფართო წრეში უკვე დაიმსახურა ცხოველი ინტერესი. თუმცა დღეისათვის უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს ამ უნიკალური კომპლექსის დაცულობის საკითხი. ღია ცის ქვეშ მოქცეული, მცენარეებით დაფარული კლდოვანი მონაკვეთები, სადაც გამოსახულებებია გრავირებული, საუკუნეთა განმავლობაში ბუნებრივი მოვლენებისა თუ მექანიკური ჩარევის შედეგად ზიანდებოდა (ძეგლი მდებარეობს სოფლის განაპირას და შესაბამისად, მოსახლეობისათვის ადვილად მისაწვდომია, აქვეა საქონლისა თუ წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის ადგილობრივი საძოვრებიც, რაც არ გამორიცხავს ადამიანების მიერ მათ ნებსით თუ უნებლიე დაზიანებას. 1976 წლის ექსპედიციის შემდგომ, ძეგლზე გასვლა და დათვალიერება მხოლოდ 2011 წლის ივნისში მოხერხდა (ექსპედიციის წევრები: არქეოლოგები მ. გაბუნია, ნ. ჯაყელი, თ. აღაპიშვილი, ხელოვნებათმცოდნე მ. გაბაშვილი) მისი დღევანდელი მდგომარეობის შეფასების მიზნით და პრეისტორიული ხანის პეტროგლიფების მონოგრაფიული შესწავლის დიდი სურვილით.[1]  მართლაც, როგორც სავარაუდო იყო, ზოგიერთ პანოზე გრავირებულ გამოსახულებებს თან “თანამედროვე სტილით” შესრულებული წარწერები  და ნახატები ახლდა, დაკარგული აღმოჩნდა ადრე დაფიქსირებული ზოგიერთი გამოსახულება, ამოტეხილია კლდის ზედაპირის ზოგიერთი მონაკვეთი (სურ. 2 ა, ბ, გ). თუმცა საინტერესოა რა სურათი დახვდა ამ კომპლექსის პირველაღმომჩენს, როდესაც ის წალკის მიდამოებში შემთხვევით წააწყდა მას:

“მოწყალეო ხელმწიფევ, ევგენი გუსტავის ძევ, ძლიერ დასანანია, რომ არ ჩამობრძანდით წალკაში, და აი, რატომ: წარმოიდგინეთ, რომ სოფელ თაქ-ქილისას ხეობაში მე მივაკვლიე მღვიმეებს, რომელთა კედლებზე გამოსახულია (ამოჭრილი ან უფრო ზუსტად, ამოკაწრული) სანადირო სცენები. ეს წალკაში ოდესღაც მცხოვრებ ველურთა ნახატების მთელი გალერეაა”... [1]. ასეთი საინტერესო და მოულოდნელი ცნობით იწყება წერილი, რომელსაც მოყვარული არქეოლოგი ა. იოაკიმოვი წერს ისტორიის მოყვარულ ე. ვეიდენბაუმს XIX ს-ის 80-იან წლებში. წერილი პირველი ცნობა აღმოჩნდა წალკის რეგიონში კლდეზე ამოტვიფრული გამოსახულებების შესახებ.

წალკა, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოს ანუ ისტორიული ქვემო ქართლის, თრიალეთის ცენტრალური ნაწილი, მსოფლიო სამეცნიერო სივრცეში XX ს-ის 30-იანი წლებიდან ხდება ცნობილი, როგორც უდიდესი არქეოლოგიური აღმოჩენის – თრიალეთის კულტურის კერა (ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახ. – ძვ.წ. II ათასწლეულის პირველი ნახევარი). ამ უაღრესად არქაული, მდიდარი და მსოფლიო მნიშვნელობის კულტურული მოვლენის შესწავლას საქართველოში მოღვაწე არქეოლოგმა, ბორის კუფტინმა ჩაუყარა საფუძველი, და რა გასაკვირია, რომ ზემოაღნიშნულ წერილში მოხსენებული კლდეზე ამოტვიფრული ნაკაწრები თავდაპირველად მის დაინტერესებას გამოიწვევდა. თუმც, ბ. კუფტინი, რომელიც თრიალეთის კულტურის საბაზისო მკვლევარი იყო, ამ ცნობას სკეპტიკურად შეხვდა. მიუხედავად ამისა, XX ს-ის 40-იან წლებში მეცნიერთა მიერ წალკის რაიონში, სოფ. თაქ-ქილისას მიდამოებში დაიწყო აღნიშნული ნაკაწრების – პეტროგლიფების მოძიება (არქეოლოგი ნინო ბერძენიშვილი და ხელოვნებათმცოდნე ალექსანდრე ჯავახიშვილი), რომელიც უშედეგოდ დასრულდა. მეცნიერებმა ვერაფერს მიაკვლიეს და საბოლოოდ მხარი დაუჭირეს ბ. კუფტინის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ წერილში აღნიშნული ცნობები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს. ა. იოაკიმოვის წერილმა არქეოლოგ მანანა გაბუნიას დაუცხრომელი ინტერესი გამოიწვია - იგი XX ს-ის 70-იან წლებში აწარმოებდა არქეოლოგიურ გათხრებს ამ რეგიონში და მისთვის ორმაგად საინტერესო ფაქტორს წარმოადგენდა აღნიშნულ პეტროგლიფთა პოვნა, როგორც ამ რეგიონისა და ძველი ქვის ხანის მკვლევრისათვის. მ.გაბუნია დამაჯერებლად ფიქრობდა, რომ არ შეიძლებოდა მსგავსი წერილი ფანტაზიის ნაყოფი ყოფილიყო, როგორც ამას ბ.კუფტინი თვლიდა [2].

საქართველოს ტერიტორიაზე, თითქმის ყველა ეპოქის არქეოლოგიური ძეგლებით მდიდარ მხარეში, ამ პერიოდის ხელოვნების ნიმუშების კვალი დიდხანს არ ჩანდა, ვიდრე, 1976 წ. თრიალეთის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ  (ხელმძღვანელი მ. გაბუნია) მდ. პატარა ხრამის ხეობაში, კლდის გაშიშვლებულ ზედაპირზე, ხავსისა და მღიერების ქვეშ მართლაც არ აღმოჩნდა ა. იოაკიმოვის მიერ ნახსენები პეტროგლიფთა მეტად თავისებური კომპლექსი. ესაა საქართველოს ტერიტორიაზე პრეისტორიული ხანის პარიეტალური ხელოვნების პირველი და ჯერ-ჯერობით ერთადერთი ძეგლი, სადაც პირველად ჩნდება ფიგურატიული გამოსახულებები ზოომორფული და ანთროპომორფული სახით, პირველად ვხვდებით კომპოზიციის ჩასახვის ტენდენციებსაც. კომპლექსში არსებული გრავირებული გამოსახულებები სავარაუდოდ რამდენიმე ქრონოლოგიურ ფენას შეიცავს, რომელთაგან ადრეული მეზოლითის ხანით თარიღდება, გვიანდელი კი შუაბრინჯაოს ხანისა უნდა იყოს [1] (აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ პატარა ხრამის პეტროგლიფთა უწინარეს, 1937 წ. ს. ზამიატნინმა მღვიმევში (იმერეთი, ჭიათურის მუნიციპალიტეტი) დაზვერვითი სამუშაოების ჩატარებისას მიკვლეულ ზედაპალეოლითური ეხების კომპლექსში, ერთ-ერთი მღვიმის კედლებზე უსისტემოდ გაბნეული და ამოტვიფრული სიმბოლოები აღმოაჩინა: ჯვრები, წრეები, წერტილები, ურთიერთგადამკვეთი ხაზები და სხვა. ამ ნაკაწრ-ნახატთა კვლევამ ს. ზამიატნინი მიიყვანა დასკვნამდე, რომ მათ მაგიური დანიშნულება ჰქონდა [3]; 1950-იანი წლების დასასრულს ლ. სოლოვიოვმა აფხაზეთის ტერიტორიაზე სოფ. აფხაზეთის-ანუხვაში, აგცის მღვიმეში ნაკაწრი-ნახატები აღმოაჩინა - ქაოტურად განლაგებული სხვადასხვა ურთიერთგადამკვეთი ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზები, რომელთაგან ზოგიერთი მღვიმევის გამოსახულებებს ეხმაურება. აგცას ნაკაწრებიც განსაზღვრულ მაგიურ რიტუალთანაა დაკავშირებული [4]. ორთავე კომპლექსში აღმოჩენილი ნაკაწრები არ შეიცავს არც ფიგურატიულ გამოსახულებებს და მითუმეტეს, არც რაიმე კომპოზიციურ ჩანასახს).

ექსპედიციის შედეგად იმხანად შესწავლილი მასალის საფუძველზე 1980 წ. გამოქვეყნდა მ. გაბუნიასა და პალეონტოლოგ ა. ვეკუას ერთობლივი ნაშრომი “პატარა ხრამის პეტროგლიფები”, სადაც ამომწურავადაა მოცემული ცნობები კომპლექსის გეოლოგიური, პალეონტოლოგიური, პალეობიოგეოგრაფიული და არქეოლოგიური შესწავლის თვალსაზრისით. დიდწილად გამოვლენილია კლდის მასივზე განლაგებულ “პანოებზე” ამოტვიფრული გეომეტრიული თუ ფიგურატიული გამოსახულებები. გადაღებულია მათი გრაფიკული და ფოტო პირები. გაიწმინდა მღიერებისა და ხავსისგან დაფარული ნაწილები. აიზომა როგორც ძირითადი პანოები, ისე ცალკეული გამოსახულებები [5];

პეტროგლიფები კლდის მასივზე დაჯგუფებულია პატარ-პატარა პანოების სახით (სურ. 3). სულ ექვსი ამგვარი პანო გამოიყოფა. კლდის ზედაპირზე პანოები 50 მ. სიგრძეზეა გადაჭიმული. პანოებზე ზოომორფულ გამოსახულებათაგან ადგილობრივი ფაუნის წარმომადგენლები არიან გრავირებულნი: კეთილშობილი ირემი, ცხენები, გველები, ფრინველები, თევზები, რომელთა შორის ასევე გვხვდება მღვიმური ლომი, აქლემები, „ფანტასტიკური“ და ჰიბრიდული ცხოველები, გეომეტრიულ სახეთაგან კი ჯვრებისა და გასხივოსნებული მზის გამოსახულებანი. აქვეა სხვადასხვა ზომისა და სიღრმის შტრიხები. ანთროპომორფული ფიგურები წარმოდგენილია სამი მონადირის – პატარა მშვილდ-ისრიანი კაცუნების სახით. ნახატები მცირე ზომისაა (დაახლ. 2,5 – 18-20 სმ შორის), ძირითადად 1-2 მმ სიგანისა და სიღრმის. სულ ასამდე ნაკაწრი-ნახატია, რომელთა შორის ცხოველთა პარციალური გამოსახულებებიცაა ჩართული. ისინი სქემატურია, თუმცა მათში ნათლად შეიმჩნევა მხატვრული სხვაობანიც – შედარებით ადრეული პეტროგლიფები, რომლებიც მეზოლითის ეპოქით თარიღდება, ხაზის მოქნილი და პლასტიკური დინებით გამოირჩევა (სურ. 4ა, 4ბ). აქ დაწვრილებით ყველა გამოსახულებას ვერ შევეხებით, აღვნიშნავთ მხოლოდ მათ საერთო დამახასიათებელ ნიშნებს: პატარა ხრამის პეტროგლიფები ერთ სიბრტყეზეა განლაგებული, აქ არ შეიმჩნევა პერსპექტივა, არ არის დაცული პროპორციები.  სქემატურად შესრულებული, მარტივი ხერხებით გადმოცემული ფიგურების იდენტიფიკაცია სირთულეს არ წარმოადგენს, რადგან ოსტატურადაა დაჭერილი მათთვის დამახასიათებელი კონფიგურაციები თუ „მიმიკური“ ნიუანსები, რაც ერთგვარ მხატვრულ ალუზიებსაც კი ქმნის.

განსაკუთრებულ ყურადღებას ანთროპომორფული გამოსახულებები – მშვილდოსანი კაცუნების სქემატური ნახატები იპყრობენ. ფრონტალურად, მთელი სიმაღლით წარმოდგენილ, სტატიკურად მდგომ კაცუნებს ხელში შუბი თუU კეტი უჭირავთ, მარცხენა მხართან კი მშვილდ-ისარი აქვთ ამოტვიფრული. ფიგურებში არ არის დაცული პროპორციები, თითქოსდა გაუწაფავი ხელით შესრულებული სილუეტები ბავშვურ ნახატებს მოგვაგონებს. კაცუნების ირგვლივ ზოგან ირმები და ცხენები, ზოგან კი სახედარი და ჯიხვები დგანან. ეს ის ფაუნაა, რომელიც აღნიშნულ რეგიონში ზედა პლეისტოცენიდან შუა ჰოლოცენამდე იყო გაბატონებული და ჩანს, პატარა ხრამის ადამიანის ძირითად სანადირო ობიექტს წარმოადგენდა (უნდა აღინიშნოს, რომ ჯერ-ჯერობით აუხსნელია აქ აქლემის არსებობა). ეს ცხოველებიც უძრავ მდგომარეობაში არიან. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ყოველი მათგანი დამოუკიდებლად არსებობს და ერთმანეთთან არავითარი კავშირი არა აქვთ. ჩვენი აზრით, აქ ნადირობის სიმბოლურად გადმოცემული სცენებია გამოხატული (სურ. 5ა, ბ, გ ). სიმბოლური ნადირობა უნდა იყოს ასახული ასევე ერთ-ერთ პანოზე, სადაც ადამიანი არ ფიგურირებს, მაგრამ ირმებისა და ჯიხვების ჯოგში მარცხნივ მიმართული პროფილით წარმოდგენილი ცხოველები დგანან: ისრით დაკოდილი ერთ-ერთი ირემი, თითქოს საპირისპირო მხარესაა მიბრუნებული - დაჭრილია და ჩამორჩა ჯოგს (სურ. 6ა). ამავე ჯგუფში უკვე შესამჩნევია უმარტივესი კომპოზიციის ჩასახვის ტენდენციაც, როდესაც ჯგუფურად წარმოდგენილი ცხოველები ერთი მიმართულებით არიან გამოსახულნი, საპირისპირო მხარეს მიმართულ ფიგურას ერთგვარი დინამიკა შემოაქვს, რითაც ანელებს მოძრაობისა თუ მიმართულების მონოტონურობას. ეს კი გრავიორის საგულისხმო დაკვირვებას უნდა მივაწეროთ.

ორი გამოსახულება, ნაყოფიერების კულტს უნდა უკავშირდებოდეს: ერთზე ირემია, რომლის ფეხებშიც დგას შველი დიდი დატოტვილი რქებით, თითქოსდა ძუძუს წოვის პროცესში, მეორე ანალოგიურ სცენაში ცხენი და მის ფეხებს შორის მდგარი კუზიანი კვიცია წარმოდგენილი (სურ. 6ბ).

ძალზე დამაფიქრებელი აღმოჩნდა ჰიბრიდული ცხოველების არსებობა: კუზიანი ცხენები თუ ორკუზიანი „ფანტასტიკური“ ცხოველი, კუ ფრინველის ორი თათით, რომელთა შორის გველის ფიგურა იკითხება (სურ. 2გ, სურ. 7ა, ბ). ხშირად გვხვდება სამონადირეო ბადეში გაბმული ცხოველებიც; აქვეა სოლარული ნიშნები – მზეები, ჭადრაკული უჯრედები და უამრავი უსისტემო ნაკაწრი, ძალზე სქემატურ და აბსტრაგირებულ გამოსახულებებთან ერთად.

ცალკე პანო უჭირავს ე.წ. “ბოლნური” ჯვრის მსგავს ფიგურებს (სურ. 8ა, ბ). ზოგიერთი მკვლევრის აზრით, “ჯვრის მოყვანილობის ფიგურები, რომლებიც ადრესამიწათმოქმედო ეპოქაში რთულ იდეურ-აზრობრივ დატვირთვას ატარებს, თავისი საწყისებით კაცობრიობის ისტორიის ბევრად უფრო ადრეულ საფეხურს უკავშირდება, კერძოდ კი შუა პალეოლითის ეპოქას” [6]. თითქმის ასეთივე აზრს გამოთქვამენ ა. ბრეილი და ა. ლერუა-გურანი, როდესაც ისინი თვალნათლივ წარმოგვიდგენენ ამ ფიგურის ევოლუციის პროცესს და მის მნიშვნელობაზე მსჯელობენ [7; 8] გამოსახულებათა სემანტიკისთვის მნიშვნელოვანია ისიც, რომ მათი საშუალებით შედგენილი კომპოზიციები არქაულ დროში იღებენ სათავეს და ადამიანების კოსმოგონიურ და რელიგიურ რწმენა-წარმოდგენათა წიაღში პოულობენ ახსნას: ზოომორფული მოტივები ხომ ხელოვნების საწყის ეპოქებს, კერძოდ, პალეოლითის ხანას უკავშირდება და იდეოლოგიური თვალსაზრისით შემოზღუდულია მისი შემოქმედი საზოგადოების წარმოდგენათა ჩარჩოებით, კერძოდ, სამეურნეო მაგიით, ტოტემიზმით და ა.შ. [9].

პატარა ხრამის ნაკაწრ ნახატებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ანალოგები არ ეძებნება. ერთადერთი პარალელი ანატოლიაში, პალანლის მღვიმეში მეზოლითით დათარიღებულ გამოსახულებებთან შეიძლება გავავლოთ [10], ვინაიდან პატარა ხრამის პეტროგლიფები მათთან უდავო მსგავებას ამჟღავნებს. არაფერი აქვს საერთო თრიალეთის პეტროგლიფებს მეზობელ სომხეთში გეგამის მთებისა და სიუნიკის პეტროგლიფებთან, სადაც ძირითადად მონადირე-მესაქონლე ტომების საკულტო წარმოდგენებთან დაკავშირებული მოტივები, სანადირო სცენები, საყოფახოვრებო ნივთებია მოცემული. მეცნიერები ამ ძეგლებს ძვ.წ. V-III და II-I ათასწლეულებით ათარიღებენ [11; 12]. ასევე დიდად განსხვავდება თრიალეთის პეტროგლიფები აზერბაიჯანის ცნობილ გობუსტანის პეტროგლიფებისგან, თუმცა, ზოგიერთი ცხოველის ფიგურაში შესაძლოა სუსტად გამოვლენილი საერთო შტრიხებიც მოიძებნოს [13]. კიდევ უფრო მკვეთრად სხვაობს თრიალეთის გამოსახულებები ჩრდილო კავკასიის, კერძოდ, დაღესტნის ზემონახსენები პეტროგლიფებისაგან.

არცთუ იშვიათად, თრიალეთის პეტროგლიფების მსგავსი ცალკეული ელემენტები გვხვდება დასავლეთ ევროპის ნახატებში. მაგალითად, ლა-პასიეგას (ესპანეთი) ზედა პალეოლითით დათარიღებული ერთ-ერთი ცხენის კიდურები თრიალეთის ცხენის კიდურების ანალოგიურია (სურ. 4ა). ასევე კომბარელის (საფრანგეთი, ზედა პალეოლითი) მღვიმეში აღწერილი შვლის გამოსახულება [14] და ლაფერასიში (საფრანგეთი, ორინიაკი) აღმოჩენილი ცხოველის სქემატური პარციალური გამოსახულებაა საყურადღებო, რომლის მსგავსი ფიგურაც თრიალეთის პეტროგლიფებშიც გვაქვს. ჩამოთვლილი ნახატები თრიალეთის პეტროგლიფებისგან განსხვავებით თითქმის ნატურალური ზომისაა. კიდევ სხვა მრავალი მაგალითის ჩამოთვლა შეიძლება, მაგრამ ჩვენ ამით შემოვიფარგლებით.

ყველა ეს ნიმუში, როგორც დავინახეთ, პატარა ხრამთან მხოლოდ ზოგიერთ შორეულ ანალოგიაზე მიგვანიშნებს. აღნიშნული პეტროგლიფები არც შესრულების ხასიათით და ხშირად, არც შინაარსით არ უახლოვდება თრიალეთის ნაკაწრ-ნახატებს. სიახლოვე, როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმთავრესად ცალკეულ ელემენტებსა თუ დეტალებში აღინიშნება.

საგულისხმოა, რომ მომდევნო ქრონოლოგიური ჯგუფის ნაკაწრი ნახატები, რომელიც უფრო სქემატური, სტილიზებული ხასიათით გამოირჩევა და უმეტესად სწორხაზოვანი გეომეტრიული შტრიხებითაა შექმნილი, ძლიერ მსგავსებას ავლენს ზურტაკეტის (დმანისის მუნიციპალიტეტი) შუაბრინჯაოს ხანის ყორღანების ნიშნიან ქვებზე დაცულ გამოსახულებებთან, რისი წყალობითაც ისინი მეტ-ნაკლები სიზუსტით შეიძლება ადრე ან შუაბრინჯაოს ხანით დავათარიღოთ.

ამრიგად, გარდა პალანლის მღვიმის მხატვრობისა, პატარა ხრამის პეტროგლიფებს საქართველოს ფარგლებს გარეთ ჯერ-ჯერობით პირადაპირი პარალელები არ მოეძებნება. საქართველოში კი ესაა, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ზურტაკეთის ყორღანების ნიშნიანი ქვების ნაკაწრები [15; 16] რომელთაც სვანეთის ეკლესიებისა და საცხოვრებელი სახლების კედლებზე შესრულებული საწესო გრაფიკული სახეებიც ემატება [17]. აღნიშნული მსგავსებანი მიუთითებს პატარა ხრამის კომპლექსის არა იმდენად ახალგაზრდა ასაკზე, რამდენადაც მსგავს გამოსახულებათა ადგილობრივ არქაულ ფესვებზე, რაც ჩვენი ღრმა რწმენით სპეციფიკური კულტურული ტრადიციების მემკვიდრეობითობას უნდა ასახავდეს.

ამ მცირე მხატვრულ-ისტორიოგრაფიული ექსკურსით ვფიქრობთ, ცხადი ხდება აღნიშნული კომპლექსის მასშტაბური მნიშვნელობა. რაოდენ დასანანიც არ უნდა იყოს, უყურადღებოდ და უპატრონოდ მიშვებული მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის ეს უნიკალური ნიმუში არ არის სათანადოდ დაფასებული და, რაც ყველაზე სავალალოა, დღითიდღე ხელიდან გვეცლება. ის სამეცნიერო თვალსაზრისითაც სრულყოფილადაა შესასწავლი, რომელიც შემდგომში სრულუფლებიან პრეტენზიას განაცხადებს სამეცნიერო სივრცეში ბრუნვისა. ამ მიმართებით, უპირველეს ყოვლისა, სასწრაფოდ უნდა დაისვას საკითხი კომპლექსისთვის ძეგლის სტატუსის მინიჭებისა, შესაბამისი პროცედურების გავლით, რადგან სადღეისოდ არანაირი ბერკეტი თუ ინსტრუმენტი არ არსებობს მის დასაცავად. ძეგლისთვის სტატუსის მინიჭება იქნება პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი საქართველოსთვის ესოდენ მნიშვნელოვანი კულტურული მემკვიდრეობის შესანარჩუნებლად. ეს გახდება აუცილებელი ხელშემწყობი ფაქტორი შემდგომში მისი სრულყოფილად შესწავლისა და ახალი გამოსახულებების გამოვლენისათვის, რომელიც იქ ივარაუდება. თუ ძეგლის დაცვა არ მოხდება, საქართველო, ქართული მეცნიერება, საზოგადოება და მომავალი თაობა საბოლოოდ დაკარგავს მას.

------------------------

[1] აღნიშნული სადაზვერვო ექსპედიცია მონაწილეთა პირადი ხარჯებით მოეწყო და გათვალისწინებული იყო რუსთაველის სამეცნიერო ეროვნულ ფონდში 2012 წლისთვის წარდგენილი პროექტის „თრიალეთის პეტროგლიფები ახლოაღმოსავლეთისა და ევროპის პრეისტორიული ხანის კულტურათა გზაჯვარედინზე“ (ხელმძღვანელი მ. გაბუნია, წამყვანი ორგანიზაცია - სსიპ საქართველოს ეროვნული მუზეუმი) ფარგლებში სადღეისოდ არსებული წინასწარული მონაცემებისათვის. სამწუხაროდ, აღნიშნული პროექტი არ დაფინანსდა.

კომპლექსის საერთო ხედი

 

წარწერებით, სხვადასხვა ნაჩხაპნებით და ამოტეხილი ზედაპირებით დაზიანებული პეტროგლიფები

სიტუაციური გეგმა


სტილიზებული ცხენის ფიგურა. მეზოლითი

 

ირემი. ადრებრინჯაოს ხანა

 

მონადირეთა ფიგურები მშვილდ-ისრებით. მეზოლითი

ირმებისა და ჯიხვების ჯოგი. გრაფიკული ასლი. ადრებრინჯაოს ხანა


ჰიბრიდული და „ფანტასტიკური“ ცხოველები. მეზოლითი

 

ქორბუდარქიანი ნუკრი და კუზიანი კვიცი ძუძუს წოვის პროცესში

 

პანო „ბოლნური“ ჯვრებისა და ჭადრაკული ნაკაწრების გამოსახულებით

 

ბიბლიოგრაფია

გაბუნია მ., ვეკუა ა., პატარა ხრამის პეტროგლიფები, თბილისი, „მეცნიერება“, 1980. გვ. 9-10;  58-72;

Куфтин Б. А., Археологические раскопки в Триалети, Тбилиси, “Мецниереба”, 1941;

Замятнин С. Н., Пещерные навесы Мгвимеми близ Чиатур, СА, 3, 1937;

Соловьев Л. Н., Первобытное общество на территорий Абхазии, Природа и человек нижнего и среднего палеолита Абхазии, Сухуми, 1960;

Векуа А.К, Габуния М.К., Клопотовская Н.Б., к вопросу о датировке петроглифов Патара Храми (резюме на грузинском языке). - Сообщения АНГССР, Т-91, N3, Тб., "Мецниереба", 1978, ст. 741-744;

Урушадзе Н., Изобразительная символика палеолита Грузии, Мецниереба, Тб., 1989;

Breuil H., Quatre cents ciecles d’art parietal, les cavernes ornées de l’âge du Rénne. Réalisations Fernand Windels, Montignac (Dordogne), Centre d’études et de documentation préhistoriques, 1952;

Leroi-Gouran A., Préhistoire de l’art occidental, Paris, Éditions Mazenod, 1965;

სურგულაძე ი., მითოსი, კულტი, რიტუალი საქართველოში, თბილისი, “მეცნიერება”, 2003;

Anati E., Arte preistorica in Anatolia, Capo di Ponte Edizioni del Centro, Italia, 1972;

Мартиросян А. А., Исраелян А. Р., Археологические памятники Армении. Наскальные изображения. вып. II, Наскальные изображения Гегемских гор, изд-во АН Арм. ССР, Ереван, 1971;

Караханян Г. С., Сафян П., Археологические памятники Армении, 4. Наскальные изображения Сюника, изд-во АН Арм. ССР, Ереван,  1970;

Джафарзаде И. М., Гобустан, изд-во «ЭЛМ», 1973;

Graziosi P., Die Kunst der Altesteinzeit, Florenz, 1956;

ჯაფარიძე ო., არქეოლოგიური გათხრები თრიალეთში (ქართველი ტომების ისტორიისათვის ძვ.წ. II ათასწლეული), „საბჭოთა საქართველო“, თბილისი, 1969;

Häusler  A., 1975: Petroglyphen Aus Trialeti, Tramskaukasien, Halle, Deutschland. Bollettino del Centro Camuno di Studi Preistorici, B 12, Edizioni del Centro, 1975;

Бардавелидзе В., Древнейщие религиозные верования и обрядовое графическое искусство грузинских племен, Тбилиси, 1957.