< უკან დაბრუნება ... << დაბრუნება პირველ გვერდზე
ქვევრის დამღები
ქვევრის დამღები, რომლებიც წარმოადგენენ მექვევრის მიერ დასმულ ერგვარ ნიშნულებს ქვევრის პირზე, უდაოთ ძალზე საინტერესო საკითხია. ეს თემა აქამდე თითქმის არავის განუხილია ცალკე საკითხად. ჩვენს მიერ გადაღებული ქვევრის დამღების სურათები მოგროვილია, როგორც დასავლეთ ისე აღმოსავლეთ საქართველოდან. ამ მხრივ ჩვენ ძალზე საინტერესო ფოტოკოლექცია მოვაგროვეთ. დამღების სიმრავლითა და მრავალფეროვნებით განსაკუთრებით კახეთია გამორჩეული და ჩვენი ფოტოკოლექციის დიდი ნაწილიც სწორედ კახეთშია გადაღებული. მართალია ძველი მეთუნეები დამღებს სხვა ნაწარმსაც უკეთებდნენ, როგორებიცაა: კრამიტი, აგური, დიდი ზომის წყლისა თუ სხვა ჭურჭელი, მაგრამ დამღების ყველაზე მეტი რაოდენობა თუ მრავალფეროვნება სწორედ ძველ ქვევრებზე გვხვდება. დამღის მიხედვით ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოდ კიდეც, როგორც ქვევრის ოსტატი, ისე თავად ქვევრის წარმომავლობა, შესაძლოა გავიგოთ ქვევრის დამზადების თარიღი და სხვ. აქედან გამომდინარე ხშირად ცხადი ხდება ის, თუ საიდან სად ხდებოდა ქვევრების გადატანა და რეალიზაცია.
ძველი ქვევრების უმეტესობას გააჩნია დამღა, რასაც ვერ ვიტყვით ახალ ქვევრებზე. სამწუხაროდ დღევანდელი მექვევრეები თავიანთ ნახელავს დამღებს აღარ უკეთებენ. ეს განპირობებულია ძირითადად ორი ფაქტორით: ამ დარგისადმი გარკვეული გულგრილი დამოკიდებულება მექვევრეთა მხრიდან და მეორე, დღეს დამზადებული ქვევრების უმეტესობა რიგი წესების დაუცველად მზადდება, იგულისხმება: არასაკმარისი გამოწვა, ბზარები ქვევრის კედლებზე, უხარისხო თიხის გამოყენება ქვევრის დასამზადებლად, თიხის წინასწარი არასათანადო დამუშავება და სხვ. აი ამ მთავარ მიზეზთა გამო დღევანდელ მექვევრეებს აღარა აქვთ სურვილი თავიანთ ნახელავს დამღის სახით გაუკეთონ თავიანთი ინიციალები და სხვ.
საერთოდ ქვევრზე გაკეთებულ დამღაზე გამოასხულია: მექვევრის ინიციალები ან მისი სრული სახელი და გვარი, დამზადების წელი, სხვდასხვა ორნამენტები, ჯვარი, ყვავილი, ბორჯღალი, ქვევრის დამზადების ადგილი (სოფელი) და ძალზე იშვიათად ქვევრის მოცულობაც. აღსანიშნავია ერთი ფაქტი, რომ ძველად დამღა ამავდროულად წარმოადგენდა ერთგვარ ხარისხის ნიშანსაც. დამღის ნიშანი მამიდან შვილზე ან შვილიშვილზე ავტომატურად არ გადადიოდა და ყოველ მექვევრეს თავის ნახელავზე დამღის დასმის უფლება თავადვე უნდა მოეპოვებინა.
სპეციალურად საუნჯესთვის - გიორგი ბარისაშვილი
|