topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

ლ. ნებიერიძე - დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხური (2)

<უკან დაბრუნება (ნაწილი 1)...<<უძველესი კავკასია

ლამარა ნებიერიძე - დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხური

(ნაწილი II)

(30) დაღესტნის ნეოლითური კულტურის ადრეული ეტაპის ძეგლები წარმოდგენილია მთისწინა (ბუინაკსკი), ზღვისპირა (ტარნაირი) და მაღალმთიან ზოლში აღმოჩენილი ძეგლებით, რომელთა შორის, როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, განსაკუთრებული მნიშვნელობისაა ჩოხის მრავალფენიანი ნამოსახლარი. როგორც ვხედავთ, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ადრენეოლითურ ხანაში ადამიანთა კოლექტივები სრულიად განსხვავებულ ლანდშაფტურ - კლიმატურ ზოლში სახლობდნენ. ბუინაკსკის კომპლექსი ერთგვაროვანია, ტარნაირისა კი ნარევი, რომელიც მოგვიანო, ენეოლითთან ახლო მდგომ მასალასაც შეიცავს58. ბუინაკსკის კაჟის ინდუსტრიის მთავარი დამახასიათებელი ნიშანია მიკროლითურობა. მასალა წარმოდგენილია კაჟის მიკროლამელებით, ორფერდა ტრაპეციებით, ფანქრისებური ნუკლეუსეგით, მომრგვალო საფხეკებით, რიყის ქვისაგან დამზადებული გახეხილი, სოლისებური ცულ-სათლელით59 და მსგავსი იარაღების ნამზადებით. კაჟის ინდუსტრიის განვითარება აქ მიკროლითურობის გზით წასულა60. როგორც ვხედავთ, აღნიშნული კომპლექსი ხასიათდება იმავე მთავარი წამყვანი ნიშნებით, რითაც დასავლეთ ამიერკავკასიის ადრენეოლითური ძეგლები. ეს ფაქტი ცხადად მოწმობს, რომ კავკასიის ორ განაპირა მხარეში ადრენეოლითის ხანაში კაჟის ინდუსტრია ვითარდებოდა საერთო კანონზომიერებით. ტარნაირში კი ბუინაკსკის ანალოგიურ ადრენეოლითურ კომპლექსთან ერთად არის აგრეთვე ენეოლითური მასალაც: კაჟის ორმხრივდამუშავებული ფუძეამოღარული ისრისპირი, ღარიანი უროები, მსხვილი დანისებური ლამელები და მათზე დამზადებული იარაღებით, როგორებიც გვხვდება აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებში. კავკასიის მწარმოებლური მეურნეობის უადრესი ეტაპის შესწავლისათვის მნიშვნელოვან მასალას იძლევა ჩრდილო კავკასიის ძეგლები, თუმცა აქ მათი რიცხვი დიდი არ არის. ამ მხარის ძეგლებიდან შედარებით მეტყველი მასალა მოგვცა ს.ზამიატნინისა და პ.აკრიტასის (31) მიერ მდ.ბაქსანის ხეობაში მიკვლეულმა სოსრუყოს მრავალფენიანმა მღვიმემ62. პირველ ორ ზედა ფენას (M1-M2) გამთხრელები გვიანმეზოლითით ათარიღებენ63. სოსრუყოს I-II ფენა ხასიათდება ფანქრისებური, პრიზმული და კონუსური ნუკლეუსებით, დანისებური ლამელებით, ბლაგვგვერდა და გვერდამოღარული ლამელებით, მრგვალი საფხურებით, ძვლის გვერდღარიანი იარაღით. საჭრისების რაოდენობა მცირდება, ძვლის იარაღები კი წინა ეპოქასთან შედარებით მატულობს. დიდი რაოდენობით იყო ნაპოვნი ნიჟარების (Helix) გროვები. საინტერესოა ფენაში ნაპოვნი სამკელი დანის ძვლის ტარი, მის სწორ სამუშაო პირზე შერჩენილი იყო ორი მიკროლამელათ. ეს იარაღი ითვლება სამკელი დანის პირველ აღმოჩენად საბჭოთა კავშირშინა, რომელსაც პარალელი მოეძებნება ჩრდილო ერაყის (ზავი-ჩემი-შანიდარი) ადრეულ მასალებთან. აღნიშნული მონაპოვრის საფუძველზე ზოგიერთი მკვლევარი ვარაუდობს, რომ ჩრდილო კავკასიის ზოგიერთი მხარე შედიოდა მარცვლეულის კულტურების კერაში66. მიმოხილული ძეგლების კომპლექსების შესწავლის საფუძველზე შევეცდებით დავახასიათოთ (რამდენადაც ამის შესაძლებლობას მასალა იძლევა) კავკასიის გვიანმეზოლითური და ადრენეოლითური ინდუსტრიები, წამოვწიოთ ეპოქალური თავისებურებები, რათა ზოგადი გამოყოფის შედეგად რელიეფურად გამოჩნდეს კავკასიის ცალკეული მხარეების ლოკალურობა, როგორც წარმოების წესში (ქვის იარაღების დამზადების ტექნიკურ–ტიპოლოგიური და საიარაღე ნედლეულის ტრადიციები), ასევე მეურნეობის ხასიათში, რადგან წარმოების წესში დადასტურებული ლოკალური თავისებურებები პირდაპირ კავშირშია მეურნეობის ამა თუ იმ დარგის სპეციფიკასთან. განვიხილავთ აგრეთვე კომპლექსების დანარჩენ ელემენტებს (ფაუნას, პალეობოტანიკურ და პალინოლოგიურ მონაცემებს, ძვლის იარაღებს და სხვ.), რომლებიც წარმოდგენას იძლევიან ცალკეული მხარეების ეკოლოგიისა თუ მეურნეობის დარგების განვითარების ხასიათისა და დონის შესახებ. (32) მხოლოდ აღნიშნული კვლევის შედეგად მიგვაჩნია შესაძლებლად მიახლოებით მაინც მოვნიშნოთ კავკასიის გვიანმეზოლით–ადრენეოლითელი ტომების კულტურულ-სამეურნეო განვითარების როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული მიმართულებები. გვიანმეზოლითური კომპლექსების ანალიზმა გვიჩვენა, რომ აღნიშნული ეპოქის ქვის ნაწარმის ერთ-ერთი არსებითი თავისებურებაა ლამელური და მიკროჩასართების ტექნიკის წარმოქმნა და მისი განვითარება მიკროიარაღების სრულყოფის ხაზით. განვითარების ამ რთულ გზაზე გვიანმეზოლითი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური, ქვის იარაღების წარმოების განვითარება მთელი მეზოლითის მანძილზე მიემართებოდა სწორწახნაგა ლამელების ატკეცვის ტექნიკის გაუმჯობესებისა და დახვეწის გზით, რადგან ამ ეპოქაში ლამელები განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენენ, იმის გამო, რომ წარმოადგენდნენ ნამზადს, რომლისგანაც მზადდებოდა იარაღების უმრავლესობა. ამასთანავე, მათი ნაწილი მეორადი დამუშავების გარეშეც იხმარებოდა რთული იარაღების შემადგენელ ჩასართებად. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა ქვის ნაწარმში მათი რიცხობრივი უპირატესობა. მეზოლითური ლამელები ხასიათდება სწორწახნაგოვნებით, მცირე ზომებით, ხშირად მიკროლითურობით. სწორწახნაგა დანისებური ლამელები გვიანმეზოლითური კომპლექსების ერთ-ერთ მთავარ კომპონენტად იქცა და თავის მხრივ განაპირობა ჩასართების ტექნიკის განვითარება. ლამელების განვითარების ტენდენციამ მიკროლითურობისაკენ ჩასართების ტექნიკის განვითარებაც ამავე მიმართულებით წარმართა. მღვიმეებისა და ეხების გვიანმეზოლითური ფენების ერთ-ერთი მთავარი ელემენტია გეომეტრიული მიკროლითი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ასიმეტრიული სამკუთხედები, თუმცა მათი რაოდენობრივი შეფარდება კომპლექსებში ყოველთვის ერთნაირი არ არის. კავკასიაში ისინი პირველად ჩნდება ზედა პალეოლითის ბოლო საფეხურზე, გვარჯილას კლდის ტიპის ძეგლებში და გვხვდება მთელი მეზოლითის მანძილზე. კავკასიის ადრენეოლითს ასიმეტრიული სამკუთხედები აღარ ახასიათებს, ამიტომ ისინი ძირითადად მეზოლითის დამახასიათებელ და  დამათარიღებელ ფორმას წარმოადგენენ. კავკასიის გვიანი მეზოლითისათვის დამახასიათებელია ტრაპეციების გაჩენა. ამ ეპოქის ძეგლებში სეგმენტები იშვიათადაა. მიკროლამელების ატკეცვის ტექნიკის გაუმჯობესებისა და ლამელების წარმოების გაფართოების ერთ-ერთი უტყუარი მოწმეა აგრეთვე სტანდარტული ფორმის ფანქრისებური ნუკლეუსები. ისინი დამახასიათებელია კავკასიის თითქმის ყველა გვიანმეზოლითური ძეგლისათვის. ადრემეზოლითსა და ზედაპალეოლითში ამგვარი ნუკლეუსები არ გვხვდება. აღსანიშნავია ისიც, რომ კავკასიის სხვადასხვა კუთხის ნუკლეუსებს დიდი მსგავსება (33) აქვთ ერთმანეთთან. გვიანმეზოლითურ ძეგლებს ახასიათებს ძველი ფორმის ნუკლეუსებისა (პრიზმისებური და კონუსისებური) და ფანქრისებური ნუკლეუსების თანაარსებობა. გვიანმეზოლითის კაჟის მასალაში დიდი ადგილი უჭირავთ საფხეკებს აქ გვხვდება ოვალურ სამუშაოპირიანი, მოკლე ანატკეცებსა და მოგრძო ლამელებზე დამზადებული კიდურა საფხეკები, ფაქიზი და თანამიმდევრული რეტუშით ასევე  გვხვდება მრგვალი; ირგვლივდამუშავებული მცირე ზომის საფხეკები, რომლებიც მაქსიმალურ სიჭარბეს ადრენეოლითში აღწევენ და უფრო სრულყოფილ სახეს იღებენ. გვიანიმეზოლითი საჭრისების სიმრავლით ხასიათდება. ისინი მარტივი ფორმისაა და ძირითადად დამზადებულია ლამელაზე ან ანატკეცზე სასაჭრისე ჩამონატეხის საშუალებით. გვიანმეზოლითისათვის დამახასიათებელია აგრეთვე დაკბილული და გვერდამოღარული იარაღები, თუმცა მათი რაოდენობა კომპლექსებში დიდი არ არის. გვიანმეზოლითის ქვის დამუშავების ტექნიკაში ადრემეზოლითთან შედარებით გარკვეული პროგრესი შეინიშნება. უმჯობესდება იარაღების მეორადი დამუშავება, დიდი ყურადღება ექცევა მათ საერთო იერსა და სამუშაო პირის გაფორმებას. რეტუში ფაქიზდება. გვიანმეზოლითში იწყება რიყის ქვის დამუშავება, ჩნდება პირველი უხეში იარაღები (საწაფები, შურდულის ქვები, სანაყები, სახეხები), რომლებსაც  გახეხვა-გაპრიალება ჯერ არ ახასიათებს. ამგვარად, კავკასიის გვიანმეზოლითური ძეგლების ქვის ინდუსტრიების დამახასიათებელი ნიშნების განხილვა გვიჩვენებს, რომ ამ კომპლექსებს, მიუხედავად მათი ტერიტორიული დაშორებისა, აქვთ მკაფიოდ გამოხატული ზემოჩამოთვლილი საერთო ეპოქალური ნიშნები, რაც კომპლექსების შემადგენელი ელემენტების მსგავსებაში ვლინდება. წინა ეპოქების ქვის დამუშავების ტექნიკის გადმონაშთად უნდა მივიჩნიოთ თითო–ოროლა გაცვეთილი, დისკოსებური ნუკლეუსიდან ან მასიური უხეში ანამტვრევისაგან დამზადებული საჩეხისებური იარაღი, გრავეტისა და შატელპერონის ტიპის წვეტანები, დანები, და სხვ. კავკასიის გვიანმეზოლითური ძეგლების ურთიერთშედარება გვიჩვენებს, რომ ამ კულტურას ჰქონდა საერთო, ზოგად კანონზომიერებაზე დამყარებული, განვითარების ერთიანი, ძირითადი ხაზი, რაც ძეგლების ზოგად მსგავსებაში აისახა. მაგრამ ამ ზოგად მსგავსებასთან ერთად შეიმჩნევა ცალკეული იარაღების დამზადების თავისებურება, განსხვავება იარაღთა ფორმებსა და მათ რაოდენობრივ ურთიერთშეფარდებაში. აღნიშნული განსხვავება განპირობებული უნდა ყოფილიყო ამა თუ იმ მხარის ლოკალური (ლანდშაფტურ-კლიმატური, (34) ფლორა, ფაუნა, საწარმოო ტექნიკური ტრადიციები და  სხვა თავისებურებებით. უნდა აღინიშნოს, რომ ამ ძეგლებს შორის მსგავსება უფრო დიდია, ვიდრე განსხვავება. ადრენეოლითური ხანის ქვის ინდუსტრიის ეპოქალური თავისებურებაა იარაღების დასამზადებელ ტრადიციულ ნედლეულთან - კაჟთან და ობსიდიანთან ერთად ახალი ნედლეულის - ქვის სხვადასხვა ქანების (რიყის ქვის, ბაზალტის, არგილიტის და სხვ.) გამოყენება და მათგან მანამდე სრულიად უცნობი ტექნიკით - გახეხვა-გაპრიალებით - იარაღების დამზადება. საიარაღე ნედლეულისა და ტექნიკის სიახლემ განაპირობა იარაღთა ახალი ფორმების წარმოქმნა. ჩნდება გახეხილ-გაპრიალებული ცულები, სატეხები, სათლელები, ჩაქუჩები. საპრიალებლები, სახეხები, ხელსაფქვავები, შურდულის ქვები, საბერველები, საწაფები, თოხისებური იარაღები, აღნიშნული ცვლილებები ქვის დამუშავების ტექნიკასა და იარაღთა ტიპოლოგიაში ეპოქალურია და განასხვავებს ამ კოპლექსებს გვიანმეზოლითურისაგან. კავკასიის ადრენეოლითური ქვის ინდუსტრიების განხილვა გვიჩვენებს; რომ განურჩევლად იმისა, თუ კავკასიის რომეულ რეგიონში მდებარეობს ესა თუ ის ძეგლი -შავიზღვისპირეთის, კასპიისპირეთის, მთისწინა ბორცვოვან ზოლში, ყვირილის ხეობის შუა წელზე თუ მაღალმთიან დაღესტანში, მათ მთავარ დამახასიათებელ ნიშნად რჩება მიკროლითური ტექნიკა. ადრენეოლითური ქვის ინდუსტრიის მეორე ნიშანი, რომელიც საყოველთაოდ დასტურდება კავკასიის ძეგლებში, არის ლამელა–ჩასართების ტექნიკის დიდად  განვითარება და მათი უპირატესობა სხვა სახის მიკროიარაღებთან. ჩასართების ტექნიკა უშუალოდ ემყარებოდა სწორწახნაგა დანისებური ლამელების წარმოების გაფართოებას. სწორწახნაგა, თავ-ბოლო გადატეხილი ლამელა, მისი მარტივი დამზადების ხერხისა და დაკარგული და გაცვეთილი ნაწილების ადვილად შეცვლის გამო, ჩასართების ყველაზე მოხერხებულ ფორმას წარმოადგენდა. აღნიშნული გარემოება უნდა ყოფილიყო მიზეზი ადრენეოლითურ კომპლექსებში მათი სიჭარბისა. დანისებური ლამელების მნიშვნელობის ზრდამ  განაპირობა მათი ატკეცვის ხარისხისა და ნუკლეუსების მომზადების ტექნიკის გაუმჯობესება. როგორც საქართველოს ქვის ხანის ძეგლების მიკროლითური ტექნიკისა და გეომეტრიული მიკროლითების ანალიზმა გვიჩვენა, (35) ჩასართების ტექნიკა მითვისებითი მეურნეობის სხვადასხვა დარგებს ემსახურებოდა. ამიტომ შესაძლოა მითვისებითი მეურნეობის დიდი განვითარებით ყოფილიყო გამოწვეული ლამელა-ჩასართების განსაკუთრებული როლი. აქედან გამომდინარე, კანონზომიერი უნდა ყოფილიყო მისი სიჭარბე კავკასიაში, სადაც შემგროვებლობას ფართო სარბიელი ჰქონდა. საფიქრებელია, რომ ლამელა-ჩასართების უპირატესობამ სხვა ფორმის ჩასართებთან განაპირობა გეომეტრიული ფორმის მიკროლითების შედარებითი სიმცირე და ერთფეროვნება ზოგიერთ ადრენეოლითურ ძეგლში. აღსანიშნავია რომ ადრენეოლითის ძეგლებს გეომეტრიული ფორმებიდან უპირატესად ტრაპეციები ახასიათებს. ესეც ერთ-ერთი თავისებურებაა კავკასიის ადრენეოლითისა. ცხადია, აქ იგულისხმება ის ძეგლები, რომლებშიც საერთოდ ჩნდება გეომეტრიული მიკროლითები. ამგვარივე თავისებურებათა რიგს უნდა მივაკუთვნოთ ასიმეტრიული სამკუთხედების საყოველთაო გაქრობა ადრენეოლითში. აღნიშნულ ძეგლებში გადმონაშთის სახით გვხვდება თითო-ოროლა ბლაგვზურგა მიკროლამელა. კავკასიის ადრენეოლითის საერთო ეპოქალურ თავისებურებებს მიეკუთვნება საჭრისების სიმრავლე. ეს ნიშანი განასხვავებს მას მეზეობელი რეგიონების კულტურებისაგან. საჭრისების სიჭარბე განპირობებული უნდა ყოფილიყო ძვლისა და ხის დამუშავების გაზრდილი მოთხოვნილებით, რაც თავის მხრივ, უკავშირდებოდა ჩასართების ტექნიკის განვითარებას. კავკასიის ადრენეოლითის ერთ-ერთ თავისებურებათა რიგს მიეკუთვნება აგრეთვე საფხეკების სიმრავლე და ფორმების მრავალგვარობა. ამ პერიოდის კომპლექსებში გვხვდება ოვალურპირიანი კიდურა საფხეკები, დამზადებული მოკლე ანატკეცებზე და მომრგვალო ან ოვალური საფხეკები, ხშირად მიკროლითური. იარაღების სამუშაო პირის გასაფორმებლად ფართოდ იყენებდნენ წნევით რეტუშს. უმჯობესდება მეორადი დამუშავების ხარისხი, ვითარდება და იხვეწება მათი ფორმები. ძველი, გვიანმეზოლითური იერის იარაღებთან ერთად ჩნდება ახალიც. საფხეკების სიმრავლე პირდაპირ კავშირში უნდა იყოს ნადირობის და მეცხოველეობის ერთ-ერთი ძირითადი პროდუქტის, ტყავის დამუშავებასთან. ადრენეოლითური და გვიან მეზოლითური ქვის ინვენტარის შედარება გვიჩვენებს, რომ ადრენეოლითური იარაღების ფორმები და მათი დამუშავების ტექნიკა მჭიდროდ უკავშირდება გვიანმეზოლითურს. ეს განსაკუთრებით ნათლად ჩანს ცივი მღვიმის ადრენეოლითუტი და გვიანმეზოლითური ფენების, დარკვეთის ეხის IV და V ფენების, ჩოხისა და სოსრუყოს ზედა ფენების შედარებიდან.(36) გვიანმეზოლითში ჩანასახში მყოფი რიყის ქვის იარაღების გამოყენება შემდგომ განვითარებას აღწევს ადრენეოლითში. გვიანმეზოლითურ უხეშ ტრაპეციებთან შედარებით იხვეწება ადრენეოლითური ტრაპეციები და მათი რაოდენობაც მატულობს. ადრენეოლითური საფხეკების დიდ ნაწილს (მომრგვალო და კიდურა) პროტოტიპები გვიანმეზოლითში მოეძებნება. ადრენეოლითში გრძელდება გვიანმეზოლითში დაწყებული ფანქრისებური ნუკლეუსების გამოყენება. მაგრამ ამ ძველ ფორმებთან ერთად უკვე სჭარბობს კიდევაც პრიზმისებური და კონუსური ნუკლეუსები, მიკროსწორწახნაგა ლამელების ატკეცვის კვალით. როგორც ჩანს, ლამელა-ჩასართების ტექნიკის განვითარების მზარდ მოთხოვნილებას უფრო აკმაყოფილებდა პრიზმისებური ნუკლეუსები.

ანალოგიური სურათი ჩანს დასავლეთ ამიერკავკასიის გვიანმეზოლით-ადრენეოლითის ღია ნამოსახლარების (ანასეული I, კინტრიშის ნამოსახლარებისა და კვირიკეს ჯგუფის ძეგლების) შედარებისას. ამ ძეგლების მაგალითზე კიდევ უფრო მკაფიოდ ჩანს მათი გენეტიკური კავშირი. ადრენეოლითური ქვის ინდუსტრიის დახასიათებიდან მკაფიოდ ჩანს მისი სიახლოვე გვიანმეზოლითურთან. კარგად ჩანს, რომ ამ ორ კულტურას აქვს რიგი საერთო ნიშნებისა, რომლებიც მთავარი და წამყვანია, როგორც ერთის, ისე მეორისათვის. განსხვავება მათ შორის ამ უკანასკნელის განვითარებასა და სრულყოფაშია. მაგრამ ამ განვითარებად ნიშნებთან ერთად არის აგრეთვე არსებითი ხასიათის ცვლილებებიც, რომელთა შორის თვისებრივი სიახლეცაა. ამგვარად, კავკასიის გვიანმეზოლითური და ადრენეოლითური ინდუსტრიების შედარება გვიჩვენებს, რომ ადრენეოლითური კულტურა თავისი ფესვებით მჭიდროდ უკავშირდება გვიანმეზოლითურს, აგრძელებს და ავითარებს ქვის იარაღების დამუშავების ტექნიკისა და კულტურულ მიღწევათა ტრადიციებს გვიანმეზოლით-ადრენეოლითის კაჟის ინდუსტრიაში მომხდარი ცვლილებები განპირობებული იყო მეურნეობაში მომხდარი ძვრებით68. კავკასიის გვიანმეზოლითურ ფენებში ნაპოვნი არქეოლოგიური და პალეონტოლოგიური მასალების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ გვიანმეზოლითური ეპოქის მცხოვრებთა ეკონომიკა ძირითადად დამყარებული იყო მითვისებითი მეურნეობის სხვადასხვა დარგებზე. კერძოდ, განსაკუთრებული როლი უნდა ჰქონოდა ნადირობას. პირველ (37) რიგში ამას მოწმობს კავკასიის გვიანმეზოლითურ ფენებში ნაპოვნი მრავალრიცხოვანი გარეული ცხოველის ძვლები. მათი საშუალებით გაირკვა, რომ ჰოლოცენის დასაწყისში მთელ კავკასიაში საყოველთაოდ ყოფილა გავრცელებული კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი, ცხვარი, თხა და ტყის სხვა ბინადარნი69, ბუნებრივია, რომ აღნიშნული ცხოველები მეზოლით–ნეოლითელი ტომების ნადირობის ობიექტს წარმოადგენდნენ. ამიერკავკასიის ჰოლოცენის პალეონტოლოგიური70 და პალინოლოგიური71 მონაცემების საფუძველზე ირკვევა, რომ პლეისტოცენის კლიმატური პირობებიდან გამყინვარების შემდგომ ეპოქის თბილ კლიმატზე გადასვლა დაკავშირებული იყო მშრალი ფლორის გავრცელებასთან, რამაც გამოიწვია ნესტიანი ბიოტოპების შემცირება და შედარებით ფართო გავრცელება მშრალი ჰავის მოყვარე ხერხემლიანებისა, რომელთა შორის მრავლად იყვნენ წინა და სამხრეთ აზიის ფაუნის წარმომადგენლები. მაგრამ, ამის მიუხედავად, ადრეჰოლოცენის ზოოცენოზებში ქსეროფიტულ ცხოველებს მაინც დაქვემდებარებული მდგომარეობა ჰქონდათ72. ამის საბუთს წარმოადგენს ადრეჰოლოცენის მტვრიანებში წიწვიანებისა და მეზოფიტური ჯიშების აღმოჩენა, რაც მოწმობს ნესტიანი ბიოტოპების შედარებით ფართო, საყოველთაო გავრცელებას73. აღნიშნული მოსაზრება დადასტურდა ადრე-ჰოლოცენის კულტურულ ფენებში ნესტიანი ბიოტოპებისათვის დამახასიათებელი ცხოველების აღმოჩენით (ირემი, შველი, გარეული ტახი, თახვი და სხვა). საინტერესოა, რომ ქვემო ქართლის არუხლო I - არუხლო III და წოფის ნამოსახლარებზე აღმოჩნდა თახვის ძვლები74. ქსეროფიტული ფაუნის შეჭრა თითქმის არ შეეხო დასავლეთ საქართველოს, სადაც პალინოლოგიური მონაცემების თანახმად, შეიმჩნეოდა ლანდშაფტური პირობების გარკვეული კონსერვატულობა, (38) რაც, თავის მხრივ, ხელს უწყობდა ადგილობრივ ხერხემლიანთა ფაუნის უცვლელობას75. პალეონტოლოგიური და გეოლოგიური მონაცემების საშუალებით ირკვევა, რომ კავკასიის ადრეჰოლოცენში შედარებით თბილი ჰავა იყო და იმ დროს გავრცელებული იყო ისეთი ფაუნა, რომელიც ახლოსაა თანამედროვესთან76. პალეოზოოგეოგრაფიულმა მონაცემებმა ცხადჰყო, რომ ცხოველთა ეს სახეები, გვიანმეზოლითიდან მოყოლებული, ამ რეგიონებში უკანასკნელ ხანებამდე ბინადრობდნენ და გადაშენდნენ მხოლოდ ანთროპული ფაქტორების წყალობით. გამყინვარების შემდგომმა ეკოლოგიურმა ცვლილებებმა, მოსახლეობის ზრდამ მეზოლით-ნეოლითის ხანაში, რაც მთავარია, ანთროპულმა პირდაპირმა და არაპირდაპირმა ფაქტორებმა შეამცირეს დიდი ჯოგური ცხოველების რაოდენობა და მათი გავრცელების არეალი, რის გამოც მსხვილფეხა ჯოგურ ცხოველებზე ნადირობა თანდათანობით შეიცვალა წვრილფეხა ჯოგურ ცხოველებზე ნადირობით, რასაც უპირატესად ინდივიდუალური ხასიათი მიეცა77. დასავლეთ საქართველოს ზედაპალეოლითური ძეგლების ფაუნისტური ნაშთების განხილვა გვიჩვენებს, რომ ოსტეოლოგიური მასალის ყველაზე დიდი ნაწილი მოდის მსხვილ ჩლიქოსნებზე (Ungulata), კერძოდ დომბაზე, კეთილშობილ ირემზე, ცხენზე და ჯიხვზე. შედარებით მცირერიცხოვანია შვლის, ქურციკის და გარეული ღორის ძვლები. მტაცებელი ცხოველების ნაშთებიდან (Carrnivora) ყველაზე მეტი რაოდენობა მღვიმის დათვზე და მგელზე მოდის78. კავკასიის მეზოლითური ძეგლების ფაუნის ნაშთების შედარება ზედაპალეოლითურთან აშკარად გვიჩვენებს ნადირობის ობიექტის ცვლილებას. თუ ზედაპალეოლითში ნანადირევის ყველაზე მეტი პროცენტი მსხვილჩლიქოსნებზე მოდიოდა, გვიანმეზოლითში მდგომარეობა იცვლება - მატულობს წვრილ ჩლიქოსანთა მნიშვნელობა, როგორც ნადირობის ობიექტისა. დომბას ნაშთები თითქმის აღარ გვხვდება. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება გარეულ ღორს, კეთილშობილ ირემს, შველს, გარეულ ცხვარსა და თხას. დასავლეთ ამიერკავკასიის გვიანმეზოლითურ ძეგლებში წვრილჩლიქოსანთა შორის რიცხობრივი უპირატესობა გარეული ღორის ძვლებს ეკუთვნის. (39) რაც შეეხება ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიას, კერძოდ, დაღესტანს, გვიანმეზოლითური კოლექტივების (ჩოხი, კოზმა-ნოხო, მეკეგი) მეურნეობის საფუძველს აქაც ნადირობა წარმოადგენდა. როგორც ფაუნის ნაშთები გვიჩვენებს, აქაც ნადირობდნენ კეთილშობილ ირემზე, შველზე, გარეულ ღორზე, კავკასიურ ჯიხვებზე, ზუბრსა და ცხოველებზე, მაგრამ ნადირობის ძირითადი ობიექტი წვრილფეხა წყვილჩლიქოსნები - მუფლონისებური ცხვრები და ბეზოარის თხები იყო, რომელთა ხვედრითი წონა ძვლოვან მასალაში ყველაზე დიდია79. ცხოველთა აღნიშნული სახეობა ყველაზე, მეტად სწორედ კავკასიის ამ მხარეში იყო გავრცელებული. მთიან დაღესტანში ნადირობის ძირითად ობიექტს რომ წვრილფეხა რქოსანი ცხოველები შეადგენდნენ, საბუთდება აგრთვეჩოხისა და კოზმა-ნოხოს მახლობლად, იმავე გუნიბის რაიონში მდებარე მღვიმეების ჩუვალ-ხვარაბ-ნოხოსა და ჩინა-ხიტას მეზოლითური ეპოქის კედლის მხატვრობითაც. ჩინა-ხიტას გამოსახულებებში რაოდენობრივად ყველაზე დიდი ადგილი ბეზოარის თხებს უჭირავს80.

საინტერესოა დაღესტნის ერთფენიან მეზოლითურ სადგომ მეკიგიზე (ლევაშინის რაიონი) ძაღლის ძვლების პოვნის ფაქტი. საყურადღებოა, რომ პალეობიოლოგების მიერ სწორედ მადლენის ეპოქა (III ვიურმი) ითვლება კავკასიის ცხოველთა სამყაროს გარდატეხის მომენტად. აშკარაა ამ ეპოქის ეკოლოგიაში მომხდარი ცვლილებები, კერძოდ, გვიანპლეისტოცენში ფართოდ გავრცელებული ფორმების ამოწყდომა, რის შემდეგაც უკვე არსებობს თანამედროვესთან ახლომდგომი ფაუნა81. აღნიშნულმა ცვლილებებმა გარკვეული გავლენა მოახდინეს მონადირულ მეურნეობაზე, შემცირდა ნადირობის შესაძლებლობები, იგი ვერ აკმაყოფილებდა მზარდი მოსახლეობის მოთხოვნებს. წარმოიშვა გარკვეული უთანაბრობა ნადირობის მოთხოვნილებასა და შესაძლებლობას შორის, რამაც გამოიწვია მონადირული მეურნეობის თავისებური კრიზისი. შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავლის ძებნა დაიწყო თვით მონადირული მეურნეობის წიაღში, რამაც ადამიანი მიიყვანა ცხოველების მოშინაურების ცდებამდე. ამისი მკაფიო მაგალითი უნდა იყოს შინაური ცხოველების ძვლების პოვნა დარკვეთის ადრენეოლითურ ნამოსახლარზე, სადაც მეურნეობის მნიშვნელოვან დარგად ჯერ კიდევ ნადირობა და შემგროვებლობა რჩებოდა. (40) აღშნული ფაქტი კარგად გვიჩვენებს მეზოლითური მეურნეობის წიაღში მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვას82. ფაუნისტურ ნაშთებს გარდა, ნადირობის დამადასტურებელ სხვა არაპირდაპირ მასალებს შორის, გვიანმეზოლითურ კომპლექსებში უნდა აღინიშნოს ძვლის შედგენილი (ჩასართებიანი) სატყორცნი იარაღების და ნანადირევის ტყავის დასამუშავებელი საფხეკების დიდი რაოდენობა. ადრემეზოლითურ კომპლექსებში გვხვდება იარაღები, რომლებიც ნადირობისათვის უნდა ყოფილიყო განკუთვნილი. ასეთი იარაღების რიგს უნდა ეკუთვნოდეს მიკროწვეტანების, წვეტანებისა და ისრისპირების სერიები. კავკასიის გვიანმეზოლითში ისრისპირები ან არ გვხვდება ან იშვიათია. საფიქრებელია, რომ სანადირო იარაღის ფუნქციას აქ სხვა სახის იარაღები ასრულებდნენ. ნადირობის განსხვავებულ ობიექტთან დაკავშირებით ამა თუ იმ ცხოველის ინდივიდუალური თვისებების შესაბამისად, სანადირო იარაღები და ხერხებიც სხვადასხვა უნდა ყოფილიყო. ზოგ შემთხვევაში კაჟის იარაღები (ისრისპირები და წვეტანისებური იარაღები) იქნებ არ ყოფილიყო ეფექტური, რის გამოც ნადირობა ხდებოდა სრულიად სხვადასხვა წესებით და იარაღებით (შენიღბული ორმოები, ხაფანგები, რთული შედგენილი იარაღები და სხვ.). ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, შემცირებულიყო ან შეცვლილიყო კაჟის სანადირო იარაღების სახე და რაოდენობა. შენიღბული ორმოებითა და ხაფანგებით ნადირობას ხშირად უნდა მოჰყოლოდა ნადირის ცოცხლად შეპყრობა და მისი მიყვანა სადგომის ტერიტორიაზე. უკანასკნელს კი, უნდა წარმოექმნა იდეა საკვების თავისებური მარაგის შექმნისა, რამაც, თავის მხრივ, განაპირობა ცხოველთა ზოგიერთი ჯიშის მოშინაურება. გვიან მეზოლითში ფართოდ განვითარებულ მონადირეობას თავისებური საფუძველი უნდა შეექმნა მომდევნო ეპოქაში ცხოველთა მოშინაურებაზე გადასასვლელად. მაგრამ მიუხედავად შექმნილი წინაპირობებისა, მეცხოველეობის დამადასტურებელი პირდაპირი მასალა დიდხანს არ ჩანდა კავკასიის ადრენეოლითური ძეგლების სუსტი შესწავლის გამო. მიუხედავად ამისა, გამოთქმული იყო ვარაუდი83, რომ დასავლეთ საქართველოს მცხოვრებნი (ანასეული I) მითვისებითი მეურნეობის სხვა დარგებთან ერთად პრიმიტიულ მეცხოველეობასაც მისდევდნენ, რის გამოც მათ გარკვეული ურთიერთობა ჰქონდათ ობსიდიანით მდიდარ სამხრეთის რაიონებთან. აღნიშნული ვარაუდის საფუძველს წარმოადგენდა სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში გვიანმეზოლითიდან ადრე (41) ნეოლითზე გარდამავალ პერიოდში (ხუცუბან-ქობულეთი) და შემდეგ ადრენეოლითში (ანასეული I) ობსიდიანის ინდუსტრიების გაჩენა. მაშინ როდესაც ობსიდიანი დასავლეთ ამიერკავკასიაში არ მოიპოვება. რაც შეეხება კაჟს, მისი ბუდობები აქ მრავლადაა მდინარეთა გაშიშვლებებში, რომელსაც წარმატებით იყენებდნენ დასავლეთ ამიერკავკასიის როგორც პალეოლითელი, ასევე გვიანნეოლითელი და ენეოლითელი მცხოვრებლები. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვარაუდს, აღნიშნულ რეგიონში ობსიდიანის ინდუსტრიის სამხრეთიდან შემოტანის შესახებ84, რის დადასტურებად შეიძლება მივიჩნიოთ თრიალეთის (ეძანი) და სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს (ხუცუბანი, ქობულეთი, ანასეული I) ობსიდიანის ინდუსტრიების გარკვეული სიახლოვე85. თუ აღნიშნული ვარაუდებიდან ერთ-ერთი მაინც სწორია, ჩვენ აქ სახეზე გვაქვს დას. საქართველოს ბვიანმეზოლითიდან ადრენეოლითზე გარდამავალი და ადრენეოლითური ხანის ტომების მოძრაობისა თუ სამხრეთ საქართველოსთან ურთიერთობის ამსახველი ფაქტი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვვარაუდობთ, რომ აღნიშნული მოძრაობისა თუ ურთიერთობის მიზეზი უნდა ყოფილიყო ახალი მეურნეობის ელემენტების ჩასახვა, რამაც, როგორც ჩანს, ადრე იჩინა თავი სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ნეოლითურ ტომებში. შესაძლოა, სპეციალიზებული, რთული მითვისებითი მეურნეობისათვის ხელსაყრელი სავარგულების ძიებამ ტომთა გარკვეული ნაწილი მიიყვანა ფლორითა და ფაუნით ისეთ მდიდარ და მრავალფეროვან რეგიონში, როგორიც სამხრეთ - აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთი იყო. მწარმოებლური მეურნეობის ინტერესებით უნდა ყოფილიყო ნაკარნახევი ამ ტომების მიერ მთისწინა ბორცვოვანი ზოლისა და მდინარეთა ხეობების ნაყოფიერი ტერასების ათვისება. როგორც თრილეთისა და სამხრეთ–დასავლეთ საქართველოს ძეგლების შედარედან ჩანს, ეს კონტაქტები გვიანმეზოლითის შემდეგ თანდათან ინტენსიურდება. ამის მკაფიო მაჩვენებელი უნდა იყოს ზემოაღნიშნულ ნამოსახლარებზე ობსიდიანის ხვედრითი წონის ურთიერთშეფარდება86. დასავლეთ საქართველოს ძეგლებში, რომლებშიც ფართოდაა წარმოდგენილი ობსიდიანის ინდუსტრია, შეიმჩნევა აღნიშნული ნედლეულის რაოდენობის მატება გარკვეული ქრონოლოგიური თანმიმდევრობით (42) (კვირიკე, ხუცუბან - ქობულეთი ანასეული I). ამ ძეგლების პროცენტული შეფარდება გვიჩვენებს, რომ ობსიდიანის გამოყენების დასაწყისი სამხრეთ - დასავლეთ საქართველოში გვიანმეზოლითს ემთხვევა (კვირიკე). მეზოლითიდან ნეოლითზე გარდამავალ ხანაში (ქობულეთ-ხუცუბანი) მისი რაოდენობა მატულობს, ხოლო ადრენეოლითში (ანასეული I) განსაკუთრებულ სიჭარბეს აღწევს. მეორე მხრივ, თრიალეთისა და სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ძეგლებიდან ჩანს, რომ პირველ ეტაპზე (მეზოლით-ადრენეოლითი) ეს კონტაქტები გრძელდება, რაც ჩანს როგორც ობსიდიანის იმპორტში, ასევე თვით ეძანის კომპლექსში იარაღების ადრენეოლითური (ანასეული I, ხუცუბან - ქობულეთი) ფორმების არსებობაში. ეს კონტაქტები რომ გვიანმეზოლითის შემდგომ პერიოდს და გვიანმეზოლითიდან ადრენეოლითზე გარდამავალ ხანას უკავშირდება, ამის  მაჩვენებელი უნდა იყოს სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს აღნიშნულ კომპლექსებში (ხუცუბან - ქობულეთი, ანასეული I) ეძანის გვიანმეზოლითისათვის დამახასიათებელი ასიმეტრიული სამკუთხედებისა და ზოგიერთი სხვა ადრეული ფორმების არარსებობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ობსიდიანის იმპორტი და სამხრეთ საქართველოსთან ინტენსიური კავშირი შეიმჩნევა მხოლოდ ნეოლითის ადრეულ ეტაპზე, შემდეგ ეს კავშირი სუსტდება საქართველოს შავიზღვისპირეთის გვიანნეოლითში (ანასეული II, გურიანთა, მამათი, ოდიში), რომლის ინდუსტრიები აშკარა გენეტიკურ კავშირს ავლენენ ამავე რეგიონის ადრენეოლითთან. ობსიდიანის იმპორტი მინიმუმამდე დადის და ძირითადად კაჟის ნედლეულის ბაზაზე ხორციელდება იარაღების წარმოება. ძეგლების სიმცირის პირობებში, ამ ტომების მოძრაობისა თუ ურთიერთობების მიმართულებებისა და გზების დადგენა ჭირს. არ არის გამორიცხული, რომ ეს ურთიერთობა ხორციელდებოდა აჭარის ქედის წყალგამყოფებით, კერძოდ, აჭარა-გურიის ქედის გადასასვლელებით, უფრო სავარაუდოა გოდერძის უღელტეხილით და ზოგ შემთხვევაში ზღვისპირითაც. ყოველ შემთხვევაში, თითქმის არ გვეპარება ეჭვი, რომ ეს მოძრაობა თუ ურთიერთობა განპირობებული იყო მითვისებითი მეურნეობის წიაღში ჩასახული ახალი ეკონომიკისათვის ხელსაყრელი სარბიელის ძიებით. ზემომოტანილი მსჯელობით ჩვენ არ გვინდა იმის თქვა, რომ შავიზღვისპირეთსა და საერთოდ დასავლეთ ამიერკავკასიაში მწარმოებლური მეურნეობა თითქოს მზამზარეული სახით სამხრეთ საქართველოდან შემოვიდა. საამისო პირდაპირი მასალა არა გვაქვს. თრიალეთისა და ხუცუბან-ქობულეთის კოლექციებში ჯერ-ჯერობით აშკარად არ ჩანს მწარმოებლური მეურნეობის დამადასტურებელი საბუთები (43) უფრო მეტიც, აღნიშნული ნამოსახლარების ობსიდიანის ინდუსტრიების ტრასოლოგიურმა შესწავლამ ვერ გამოავლინა სამიწათმდოქმედო დანიშნულების იარაღები (სამკელი დანები), ისინი დადასტურდა მხოლოდ ადრენეოლითში (ანასეული I). მაგრამ ჩვენ ამის გამო, რა თქშა უნდა, არ გამოვრიცხავთ აღნიშნულ რეგიონებში რთული შემგროვებლობის არსებობას, თუნდაც იმის გამო, რომ ამის საბუთი უკვე გვაქვს კიდეც ცივი მღვიმედან. ამას გარდა, ცნობილია, რომ სამკელი დანების გამოყენება მიზანშეწონილი უნდა ყოფილიყო მხოლოდ  კულტივირებული მარცვლეულის ასაღებად, ხოლო ველური ჯიშებისა, საერთოდ და კერძოდ, დასავლეთ საქართველოში დამოწმებული ენდემური ჯიშების მარცვლეულის ასაღებად ისინი სრულიად გამოუსადეგარი უნდა ყოფილიყო მათი თავისებურების (თვითგანთესვის თვისების მქონე, ადვილად მსხვრევადი ღეროებით) გამო. ამიტომ არ უნდა გამოვრიცხოთ ვარაუდი, რომ ისტორიულ ხანაში დასავლეთ საქართველოში მარცვლეულის ენდემური ჯიშების ასაღებად დამოწმებული ხის სპეციალური მოწყობილობა - შნაკვი - თავისი წარმოშობით რთული შემგროვებლობის ეპოქას უკავშირდებოდა. უნდა ვიფიქროთ, რომ სამხრეთ საქართველოდან ტომების მოძრაობა შავიზღვისპირეთის მიმართულებით განპირობებული უნდა ყოფილიყო რთული შემგროვებლობისა და ნადირობისთვის აქ არსებული ხელსაყრელი ბუნებრივი პირობებით. მოტანილი ფაქტები მკაფიოდ მოწმობენ, რომ დასავლეთ საქართველოსა და სამხრეთ - აღმოსავლეთ საქართველოს კულტურული ურთიერთობა გვიანმეზოლითიდან დაწყებული უკვე გარკვეული მასშტაბისაა, ხოლო ადრენეოლითში პროგრესულობს. აღნიშნული კულტურული კონტაქტების მასშტაბის თანდათანობითი ზრდა განპირობებული უნდა ყოფილიყო წარმოებითი მეურნეობის ჩასახვით და მისი შემდგომი ზრდით, მასთან დაკავშირებული კულტურული მიღწევების დიფუზიით. სადღეისოდ მეტად მცირე მასალა გაგვაჩნია კულტურული მიღწევების ინფილტრაციის მიმართულების დასადგენად. გვიანმეზოლითელი და ადრენეოლითელი ტომების ერთი ნაწილი აგრძელებს ცხოვრებას მდინარისპირა მღვიმეებსა თუ ეხებში და ეს ხელს არ უშლის მათ დაეუფლონ მწარმოებლური მეურნეობის ახალ დარგებს. (44) მღვიმეების ერთი ნაწილი ადასტურებს გვიანმეზოლითელი ტომების ამოძრავებას - ძველი საცხოვრისების მიტოვება და მაღალ მთიანი ზოლიდან უფრო დაბლა, მდინარეთა ხეობებში ჩამოსვლა. ამის შესანიშნავი მაგალითია წებელდის რაიონის მაღალმთიან ზოლში მდებარე ქვაჭარის მღვიმე. აქ ადამიანი ცხოვრობს ადრეპალეოლითსა და ადრემეზოლითში (ამ უკანასკნელში დასტურდება რთული შემგროვებლობის არსებობა), გვიანმეზოლითში კი მასში ცხოვრება წყდება. ანალოგიური მდგომარეობაა წონისა და ქვედის მაღალმთიან მღვიმეებში. აქ ადამიანის ცხოვრების კვალი ქვედა პალეოლითიდან (წონა) იწყება, გვაქვს ადრემეზოლითური ფენები, მაგრამ გვიანმეზოლითში ცხოვრება აქაც წყდება. სამაგიეროდ იწყება მდინარეთა ხეობების, მდინარისპირა მღვიმეების, ეხების, მდინარისპირა ტერასებისა თუ მთისწინა ბორცვების უფრო ფართო ათვისება. მაღალმთიანი, მიუვალი მღვიმეებისა და ეხების მიტოვების პროცესი გვიანმეზოლითში უთანაბროა და გარკვეული გამონაკლისებითაც ხასიათდება. მაგალითად, დარკვეთისა და  ჩოხის ნამოსახლარებზე ცხოვრება ადრენეოლითში გრძელდება და აქვე დასტურდება წარმოებით მეურნეობაზე გადასვლა. გვიანმეზოლითური ტომების ამგვარი ამოძრავება კარგად ჩანს როგორც ღია ნამოსახლარების, ასევე მღვიმური მასალების მაგალითზე, რაც მითვისებითი მეურნეობის დარგების განვითარებისა და სპეციალიზების შედეგი უნდა იყოს. უკანასკნელ ხანებამდე ამიერკავკასიაში არ იყო აღმოჩენილი ძეგლები, რომელზედაც დამოწმებული იქნებოდა წარმოებითი მეურნეობის ჩასახვისა და მასზე გადასვლის პროცესი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, საქართველოს შავიზღვისპირეთის ადრენეოლითურ ნამოსახლარებზე არ იყო მიკვლეული მეცხოველეობის მაჩვენებელი პირდაპირი მასალა. არაპირდაპირი მონაცემები კი მხოლოდ ვარაუდის საშუალებას იძლეოდა. პირველი ნეოლითური ძეგლი, რომელმაც კავკასიის მეცხოველეობის დამადასტურებელი საბუთი მოგვცა, იყო კამენოტოსტსკაიას მღვიმე. აქ უძრავ გვიანნეოლითურ ფენაში გარეული ცხოველების (კეთილშობილი ირმის, შვლის, დათვის და სხვ.) ძვლებთან ერთად ნაპოვნი იყო შინაური ცხოველების (ხარის, თხის თუ ცხვრის, ღორისა და ძაღლის) ძვლებიც88. ამით ამოიწურებოდა ჩვენი ცოდნა კავკასიის მწარმოებლური მეურნეობის ამ მეტად მნიშვნელოვანი დარგის შესახებ.(45) როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, დასავლეთ ამიერკავკასიის მეცხოველეობის თვალსაზრისით საყურადღებო მასალები იქნა მოპოვებული ზემო იმერეთის მღვიმეებში. კერძოდ, დარკვეთის მრავალფენიანი ეხის ადრენეოლითურ ფენაში გარეული ცხროველების მრავალრიცხოვან ძეგლებთან ერთად აღმოჩენილი იყო შინაური ცხოველების ძვლები. ახალი ოსტეოლოგიური მასალა გვიჩვენებს, რომ დარკვეთის მცხოვრებლებს უკვე ადრენეოლითში ჰყავდათ მოშინაურებული როგორც მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი (ძროხა), ასევე წვრილფეხა რქოსანი საქონელი (თხა, ცხვარი). შინაურ ცხოველებს შორის წამყვანი ადგილი ღორს ეჭირა. ამისი მაჩვენებელია ოსტეოლორგიურ მასალაში მათი ძვლების სიმრავლე. მეცხოველეობის განვითარების ადრეულ სტადიაზე ეს სრულიად ბუნებრივი ჩანს. ამ ცხოველს მისი სასარგებლო თვისებების გამო (ადვილად შინაურდება, იოლი გამოსაკვებია და აქვს დიდი ნამატი)89 გარკვეულ უპირატესობას ანიჭებდნენ. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ დასავლეთ ამიერკავკასიაში, კარგად განვითარებული ტყის მასივების პირობებში, შეიმჩნეოდა წიფლისა და მუხის ჯიშების განსაკუთრებული სიჭარბე, ცხადი ხდება, რომ ღორის მოშენება განსაკუთრებით ხელსაყრელი უნდა ყოფილიყო. მათ გამოსაკვებად სრულიად საკმარისი იქნებოდა ნამოსახლარების მიკრორაიონებში არსებული ტყის მასივები და მდინარეთა ჭალები. რაც შეეხება მსხვილფეხა და წვრილფეხა რქოსან საქონელს, მათთვის შესანიშნავი საკვები ბაზა უნდა მიეცა სადგომების მიკრორაიონებში (ზემო იმერეთი) მდებარე დარკვეთ-ზოდისა და ითხვისის მთისძირა პლატოების საძოვრებს. ამ ვრცელ პლატოებს მტკიცე სამეურნეო ბაზის შექმნა შეეძლოთ წარმოებითი მეურნეობის საწყის საფეხურზე როგორც მეცხოველეობისათვის, ისე მიწათმოქმედებისათვის. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს მეცხოველეობის საოჯახო ხასიათი. შემდგომ, წარმოებითი მეურნეობის გაფართოებასა და კერძოდ, მიწათმოქმედების დაწინაურებასთან ერთად ირღვევა მეურნეობის დარგების ძველი წონასწორობა, იცვლება მათი ხვედრითი წონის თანაფარდობა (წარმოებით მეურნეობაში წამყვან მნიშვნელობას მიწათმოქმედება იძენს), მაგრამ ეს ხდება ნეოლითის შემდგომ ეპოქაში. მიუხედავად იმისა, რომ საბუთდება დასავლეთ საქართველოს გვიან ზედაპალეოლით - მეზოლითური და ზაგროსის მთიანეთის (ზარზი (46) კულტურების კავშირურთიერთობა90, რის საფუძველზეც არ არის გამორიცხული გარკვეული იმპულსების ტალღა სამხრეთიდან91, ჩვენ მაინც გვეჩვენება, რომ დასავლეთ ამიერკავკასიის გვიანმეზოლითში, ისევე როგორც კავკასიის სხვა მხარეებშიც ფართოდ განვითარებული მონადირული მეურნეობის ბაზაზე იყო ადგილობრივი საფუძვლები ცხოველთა მოშინაურებაზე გადასასვლელად, რაც ნაწილობრივ უნდა განხორციელებულიყო კიდეც ადრენეოლითში. გვიანმეზოლით–ადრენეოლითელი ტომების მეურნეობაში გარკვეული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა შემგროვებლობას. დასავლეთ ამიერკავკასიის გეოკლიმატური პირობები - თბილი და ნოტიო სუბტროპიკული ჰავა, საკვებად გამოსაყენებელ მცენარეთა მრავალრიცხოვანი სახეები, მარცვლეული კულტურების ენდემური ჯიშები, ქმნიდნენ ხელსაყრელ პირობებს რთული შემგროვებლობის განვითარებისათვის. დასავლეთ კავკასიის აღნიშნული პერიოდის ძეგლები ღარიბია პალეობოტანიკური მასალით. ამ უკანასკნელის შემონახვას ხელს უშლიდა დასავლეთ ამიერკავკასიის სპეციფიკური მჟავე ნიადაგები და დიდი ტენიანობა. მეზოლით-ნეოლითური ძეგლების უმეტესობა კი, როგორც ცნობილია, აღნიშნულ რეგიონზე მოდის. რთული შემგროვებლობისა და ველური ჯიშების კულტივირების დასაწყისის საუკეთესო მაჩვენებელია ცივი მღვიმის ადრენეოლითურ ფენაში აღმოჩენილი ველური ფეტვის დანახშირებული მარცვლები92, რომლებსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა ნამოსახლარის მცხოვრებთა მეურნეობაში. როგორც ჩანს, ამ მცენარის კულტივირება ადრენეოლითის ხანაში უკვე დაწყებულია, რაზეც უნდა მიუთითებდეს საქართველოს ენეოლითისა და ადრებრინჯაოს  ხანის (47) (ძვ.წ. VI-III ათ.) ნამოსახლართა ფენებში (არახლო I, II93, იმირის-გორა94, ანაკლიის დიხა-გუძუბას ქვედა ფენა95, ქვაცხელა96) კულტურული ფეტვის აღმოჩენა, რაც გვავარაუდებინებს მათი კულტივირების სიძველეს და ამ პროცესის ნეოლითის ადრეულ ეტაპთან დაკავშირების შესაძლებლობას იძლევა. ცივი მღვიმის ადრენეოლითურ ფენაში ნაპოვნი ხელსაფქვავები და სახეხ-საბეგველები უნდა მიუთითებდეს ამავე მღვიმეში დადასტურებული მარცვლეულის დამუშავებაზე. ფეტვისნაირნი უნდა ყოფილიყო ერთ-ერთი იმ კულტურათაგანი, რომელმაც სათავე დაუდო მიწათმოქმედებას დასავლეთ ამიერკავკასიაში97. ფეტვის ნაადრევი კულტივირებისათვის ხელი უნდა შეეწყო იმას, რომ იგი მთის საადრეო მცენარეა98, გვალვაგამძლე და განსაკუთრებულ მოსავალს იძლევა ახოში99. ცივი მღვიმის მასალების საფუძველზე ლ.სოლოვიოვი თვლიდა, რომ აქ შესაძლოა ადგილი ჰქონოდა მიწათმოქმედების პირველ ცდებს და რომ ამ მასალებში შეიძლება დავინახოთ მითითება მითვისებითი მეურნეობიდან მწარმოებლურზე: გადასვლისა100. ამას გარდა, მეტად საინტერესო ფაქტებია დადასტურებული ქვაჭარის (წებელდის რ-ნი) მღვიმის ადრემეზოლითურ ფენაში: ჯერიანის რქის თოხისებური მიწის გასაფხვიერებელი იარაღისა და, აფიანჩას მღვიმისა და ანასეული I-ის ადრენეოლითურ ფენაში სამკელი დანის101 აღმოჩენა. (48) დარკვეთის ადრენეოლითურ ფენაში აღმოჩენილი ხელსაფქვავი და სახეხ-საბეგველები, შესაძლოა, უკვე ემსახურებოდა როგორც შემგროვებლობის, ისე პირველი სამიწათმოქმედო პროდუქტების დამუშავებასაც. დასავლეთ საქართველოში მიწათმოქმედების უტყუარი მოწმე უნდა იყოს გვიანნეოლითური ძეგლების მრავალრიცხოვანი სამიწათმოქმედო იარაღები და რაც მთავარია, კისტრიკის (გუდაუთის რ-ნი) ნეოლითური ნამოსახლარის ორმოში აღმოჩენილი დანახშირებული მარცვლები, რომლის სახეობის განსაზღვრა არ მოხერხდა102. აღნიშნული გვიანნეოლითური მასალები დავიმოწმეთ მხოლოდ იმიტომ, რომ მცენარეთა კულტივირებისა თუ ცხოველთა მოშინაურების დასაწყისი უნდა ვივარაუდოთ გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე გაჩნდებოდა ნებისმიერი უძველესი სამიწათმოქმედო თუ მესაქონლეთა კულტურა103. ჩოხის ზედა ფენის იარაღების ანალიზისა და მათ შორის უნიკალური ნივთის - ნამგლის ტარის - გათვალისწინების საფუძველზე ვ.კოტოვიჩი თვლიდა, რომ აქ სახეზე უნდა იყოს მწარმოებლური მეურნეობის უადრესი ეტაპი. შესწავლილი ძვლების 99% ეკუთვნოდა წვრილ წყვილჩლიქოსნებს - მუფლონისებურ ცხვრებს (78%) და თხებს104. შედარებით მცირე რაოდენობითაა ნაპოვნი კეთილშობილი ირმის, გარეული ღორისა და სხვა ცხოველების ძვლები. ფაუნის ნაშთების რაოდენობრივი შეფარდება აშკარად მოწმობს, რომ ნადირობის მთავარი ობიექტი გარეული ცხვარი და თხა ყოფილა105. ცხოველთა მოშინაურების საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში უნდა გვქონდეს ჩოხის ძვლოვანი ნაშთები (მუფლონისებური ცხვარი), რომლებსაც ნ.ვერეშჩაგინი გარეულ ფაუნას აკუთვნებდა, თუმცა იქვე დასძენდა, რომ არსებული მასალის საფუძველზე შეუძლებელია კატეგორიული მტკიცება, რომ ისინი უცილობლად ეკუთვნოდნენ გარეულ და არა შინაურ სახეობებს106. როგორც ჩანს, ამ მასალაში მორფოლოგიური ნიშნები მკვეთრად არ იყო გამოკვეთილი. არ არის გამორიცხული, რომ აქ წარმოდგენილი იყო გარდამავალი ფორმა. ნ.ვერეშჩაგინის სიფრთხილე, შესაძლოა, იმითაც იყო გამოწვეული, (49) რომ ეს მასალა მაშინ მეზოლითური ფენიდან მომდინარედ ითვლებოდა და აგრეთვე თვით ვ.კოტოვიჩიც დარწმუნებული იყო, რომ მასში არ უნდა ყოფილიყო შინაური სახეობები107. ადნიშნული საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი იქნება მხოლოდ ფაუნის ახალი მასალების შესწავლის შედეგად. დაღესტანში, კავკასიის სხვა მხარეების მსგავსად, განვითარებული მიმოვისებლური (მონადირულ - შემგროვებლური) მეურნეობინ წიაღში ჩაისახა მწარმოებლური მეურნეობა108. ეს პროცესი გვიანმეზოლითისა და ადრენეოლითის ეპოქებს მოიცავდა. ჩოხის ზედა ფენაში ნაპოვნი რამდენიმე ათეული დანახშირებული მარცვლეული, - კულტივირებული ხორბლისა და ქერის რამდენიმე სახეობა109 და ხელსაფქვავები, ასევე ტრასოლოგიური ანალიზის შედეგად დადასტურებული, რთული შედგენილი სამკელი დანებისა და პრიმიტიული ნამგლების ჩასართები, სამკელი დანის ძვლის ტარი, სამკელი დანის ნატეხი ღრმა ჭრილით ლამელა - ჩასართების ჩასამაგრებლად - ყოველივე ეს მაჩვენებელია მთიან დაღესტანში მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლისა, რომლის ერთ-ერთი წამყვანი დარგი მიწათმოქმედება იყო110. ჩოხის მასალები გარკვეულ წარმოდგენას იძლევა კავკასიის მიწათმოქმედების ადრეული ეტაპის დროის შესახებ და მისი წარმოშობის გეოგრაფიულ ზონაზე. ეს პროცესი ნეოლითის პირველ ნახევარს ზემოგანხილული კომპლექსების ანალიზის საფუძველზე ირკვევა რომ გვიანმეზოლითის ხანაში მთელს კავკასიაში არსებობდა ეკონომიკის ერთიანი ზოგადი მოდელი. კერძოდ, მითვისებით-კომპლექსური მეურნეობა (ნადირობა, შემგროვებლობა, მეთევზეობა). არსებული მასალები გვიჩვენებენ, რომ კავკასიის არც ერთ მხარეში მეურნეობის საფუძვლად არ დასტურდება მხოლოდ ერთი რომელიმე დარგი. როგორც ჩანს, მეურნეობის ერთ, ცალკე აღებულ დარგს არ შესწევდა უნარი დაეკმაყოფილებინა მეზოლითელი მეთემეების მოთხოვნილება საარსებო საშუალებებზე, რის გამოც ადგილობრივი მეურნეობრივი პირობების შესაძლებლობების შესაბამისად ვითარდებოდა (50) მითვისებითი მეურნეობის სამივე დარგი, რომელთა შორის წაყვანი მაინც ნადირობა იყო. ამის დამამტკიცებელია კავკასიის გვიანმეზოლითურ ძეგლებზე მოპოვებული ცხოველთა ძვლები, მიკროლითური ჩასართების ტექნიკაზე დამყარებული სანადირო კომბინირებული იარაღები და საფხეკები. აღნიშნული მასალა აშკარად გვიჩვენებს ნადირობის ხვედრითი წონის უპირატესობას მეთევზეობასა და შემგროვებლობასთან შეფარდებით. მითვისებითი მეურნეობის დანარჩენ დარგებთან შედარებით, როგორც ჩანს, ნადირობა უფრო მუდმივ საარსებო წყაროს წარმოადგენდა, ვიდრე სეზონური შემგროვებლობა და მეთევზეობა. იმის ნათელსაყოფად, რომ კავკასიის გვიან-მეზოლითის ეპოქაში მეურნეობას მითვისებით–კომპლექსური ხასიათი ჰქონდა, საგანგებოდ შევჩერდებით განსხვავებული რეგიონების (თრიალეთი, აფხაზეთი) სწორედ იმ ძეგლებზე, რომელთა მეურნეობის წამყვან დარგად მეთევზეობაა მიჩნეული (ეძანი, ცივი მღვიმე)112. ეძანის კომპლექსის მონაცემების შეჯერების საფუძველზე მიგვაჩნია, რომ ეკონომიკა აქაც ძირითადად დამყარებული იყო მითვისებით-კომპლექსურ მეურნეობაზე, რომლის მთავარ დარგს ნადირობა წარმოადგენდა. ამის უდავო საბუთია ეძანის მასალის, სტატისტიკური ანალიზის113 შედეგად გამოვლენილი იარაღთა წამყვანი ფორმები და მათ მათი შესაბამისი მეურნეობის ძირითადი დარგები. იარაღების სრული ინდექსი კარგად ასახავს მათი რომელიმე ტიპის შეფარდებით ოდენობას114. ამის წყალობით გაირკვა, რომ წამყვანი ადგილი კომპლექსში სჭერია საფხეკებს (369 ცალი, სრული ინდექსი 19,74), რომელთა ძირითადი ფუნქცია, როგორც ცნობილია, ტყავების დამუშავება იყო. გარეული ფაუნა კი გვიჩვენებს, რომ ამ შემთხვევაში საფხეკები მხოლოდ ნანადირევის ტყავის დასამუშავებლად შეიძლებოდა გამოყენებულიყო. ამდენად, გამოდის, რომ ფაუნის ნაშთებთან ერთად მეორე საბუთიც გვაქვს ნადირობის მთავარი როლის დამადასტურებელი. ამასთანავე, სტატისტიკურმა ანალიზმა გვიჩვენა, რომ ეძანელების მეურნეობაში არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა მეთევზეობას. ამას მოწმობს სამკუთხედების სიჭარბე, რომლებიც ძირითადად სათევზაო (51) იარაღებადაა მიჩნეული (356 ცალი, სრული ინდექსი 18,6)115. როგორც ვხედავთ, მათი რაოდენობა ოდნავ  ჩამორჩება საფხეკებისას. აღნიშნული ფაქტობრივი მონაცემების საფუძველზე თრიალეთის გვიანმეზოლითური ეპოქის შეფასებისას უფრო მართებული იქნება ვისაუბროთ მითვისებით-კომპლექსურ მეურნეობაზე, რომლის მთავარ დარგს ნადირობა წარმოადგენდა. თუმცა მეთევზეობასაც საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. აქვე გვინდა შევნიშნოთ, რომ, ჩვენი აზრით, თრიალეთის გვიანმეზოლითური კულტურა ლოკალურია არა იმიტომ, რომ მეთევზეობა მეურნეობის წამყვანი დარგია116 (მეურნეობის წამყვანი დარგი, როგორც აღვნიშნეთ, ნადირობა უნდა ყოფილიყო), არამედ იმიტომ, რომ მეურნეობის ამ დარგს შავიზღვისპირეთთან შედარებით თავისი სპეციფიკა ჰქონდა. მითვისებით - კომპლექსური მეურნეობის არსებობის სასარგებლოდ მეტყველებს აგრეთვე ცივი მღვიმის გვიანმეზოლით-ადრენეოლითის კომპლექსებიც. აქ დადასტურდა მითვისებითი მეურნეობის სამივე დარგის მანიშნებელი მასალა. ნადირობასა და შემგროვებლობაზე მიუთითებს გარეულ ცხოველთა ძვლები, სანადირო იარაღები, საფხეკები, გარეულ ფეტვისნაირთა მარცვლები, განვითარებული მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები. ძვლის ჭვილთები, ანკესები და თევზის ძვლები ადასტურებს მეთევზეობის მნიშვნელოვან და არა წამყვან როლს. მასალები მოწმობენ, რომ მიუხედავად მეთევზეობის განვითარებისა აღნიშნულ მიკრორაიონში, მისი ხვედრითი წონა მაინც ჩამორჩებოდა ნადირობისას. ზემოთქმულის საფუძველზე რეგიონში უნდა ვივარაუდოთ მითვისებით - კომპლექსური მეურნეობა თავისი სამივე დარგით. ამგვარად, მოტანილი მასალები გვიჩვენებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ცალკეული მხარეები ხასიათდებოდა განსხვავებული მიკროკლიმატით და ეკოლოგიით (კავკასიური რეგიონის ჩარჩოებში), რაც აისახა ლოკალურ თავისებურებებში. მთელ კავკასიაში დადასტურდა მეურნეობის საერთო მოდელი - მითვისებით–კომპლექსური მეურნეობა სამივე დარგით, რომელთა შორის წამყვანი ნადირობა იყო. გვიანმეზოლითურ სადგომებზე ნაპოვნი ცხოველების ძვლები ასახავენ როგორც ძირითადად კავკასიის ადრეჰოლოცენისათვის, ასევე ამა თუ იმ მიკრორაიონისათვის დამახასიათებელ ფაუნას, რის გამოც ძვლოვან მასალაში გვხვდება სხვადასხვა ლანდშაფტური ზონების (52) ბინადართა წარმომადგენლები. მაგალითად, ჩოხის ფაუნაში კარგად ჩანს, რომ წამყვანი ადგილი ეჭირა მაღალმთიან ზოლში მობინადრე ცხოველებს, მაგრამ, ამასთანავე, აქ დადასტურდა აგრეთვე ტყისა და სტეპისათვის დამახასიათებელი სახეობებიც117. იგივეს მოწმობს თრიალეთის (ზურტაკეტი, ეძანი)118 ფაუნა, რომელშიც დადასტურდა ადგილობრივი, სტეპური და ნახევრადსტეპური ლანდშაფტებისათვის დამახასიათებელი ცხოველთა სახეები - პრჟევალსკის ცხენი, კულანი, კანჯარი და ჯეირანი; ამავე დროს, მასში არის აგრეთვე კავკასიის ადრეჰოლოცენის ტყის ბინადართა ნაშთები (კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი); ტყე-სტეპის ტიპური წარმომადგენელი - დომბა; მაღალმთიანი ზონისა - ჯიხვი და გორაკიანი ზეგნების მობინადრე - მუფლონი119. როგორც ვხედავთ, თრიალეთის აღნიშნული სადგომების ფაუნაში ადგილობრივ, სპეციფიკურ ფორმებთან ერთად გვხვდება ტყის, მაღალმთიანი ზონის და ჭალის ტყეების ბინადარნი120. მოტანილი ფაქტები აშკარად მოწმობენ მონადირეთა კოლექტივების დიდ მობილურობას და მათ მიერ სანადირო სავარგულების ფართო გამოყენებას. მეურნეობის საერთო, ზოგადი მოდელის (მითვისებით კომპლექსური) ანარეკლს უნდა წარმოადგენდეს კავკასიის მეზოლითური ძეგლების (განვითარების საერთო კანონზომიერებით განპირობებული) ზოგადკავკასიური ეპოქალური ნიშნები. რაც შეეხება მითვისებით-კომპლექსური მეურნეობის ცალკეულ დარგებს, მათ ჰქონდათ თავისი ადგილობრივი სპეციფიკა, რასაც აპირობებდა მიკრორაიონის ეკოლოგიური (კლიმატი, ფაუნა, ფლორა და სხვ.) თავისებურებები. ფაუნისა და პალინოლოგიურ მასალებზე დაყრდნობით საბუთდება, რომ მეზოლითის ხანაში სამხრეთ–აღმოსავლეთ საქართველოში შავიზღვისპირეთისაგან განსხვავებული გეოკლიმატური პირობები იყო, რაც, თავის მხრივ, აისახა ძეგლების ლოკალურ ნიშნებშიც121. განსაკუთრებით (53) მკაფიოდ შეინიშნება ლოკალური განსხვავება აცისა და ცივი მღვიმეების ეძანთან შედარებისას. აღნიშნული მღვიმეების მცხოვრებნი მეთევზეობაში ძირითადად ჭვილთებსა და ანკესებს იყენებდნენ, ეძანისა კი - ასიმეტრიულ სამკუთხედებს. არსებითი განსხვავება ჩანს აგრეთვე ამ მხარეების საიარაღე ნედლეულშიც. ეძანის ინდუსტრია ემყარებოდა ობსიდიანის ნედლეულს, შავიზღვისპირეთისა  კი - კაჟისას122. განსხვავება შეინიშნება აგრეთვე კავკასიის სხვადასხვა რეგიონის იარაღებს შორისაც. დასავლეთ ამიერკავკასიური კომპლექსები ხასიათდება ჩასართებიანი ძვლის იარაღებით, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ძვლის იარაღების ნაკლებობაა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ რთული იარაღების ძირითადი ღერო აქ ხისა უნდა ყოფილიყო123. ასევე, თუ დასავლეთ ამიერკავკასიურ ძეგლებს ახასიათებს ძვლის დასამუშავებელი იარაღების (საჭრისები, საჭრეთლები) სიმრავლე, ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის მასალებში ამგვარი იარაღები ნაკლებადაა. სწორედ ეს სპეციფიკა განსაზღვრავდა ამა თუ იმ მხარის ქვის იარაღების წარმოებაში ლოკალურ ტრადიციებს. ორივე ერთად კი ცალკეული რეგიონების კულტურებს ლოკალურ თავისებურებებს სძენდა მეურნეობის ზოგადკავკასიური მოდელისა და ეპოქალური ნიშნების ჩარჩოებში. მასალები მოწმობენ, რომ მეზოლით-ადრენეოლითის ხანაში კავკასიის შავიზღვისპირეთში ნადირობის მთავარი ობიექტი იყო კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი და სხვ. დასავლეთ ამიერკავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში კი აღნიშნულ ცხოველებთან შედარებით უპირატესობა გარეულ ღორს ენიჭებოდა124. ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში ნადირობის მთავარი ობიექტი იყო მუფლონისებური ცხვარი და ბეზოარის თხა. სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიაში კი - ძირითადად კულანი და გარეული ღორი. როგორც ვხედავთ, განსხვავებაა აგრეთვე კავკასიის ცალკეული მხარეების ნადირობის მთავარ ობიექტშიც. ადრეჰოლოცენისათვის დამახასიათებელ ზოგადკავკასიურ ცხოველთა სახეობებზე ნადირობასთან ერთად, კავკასიის ცალკეულ მხარეებში ადგილობრივი ფაუნის შესაბამისად ხდებოდა მონადირეთა კოლექტივების ამა თუ იმ სახეობებზე ნადირობაში დასპეციალება. კავკასიის გვიანმეზოლითური ძეგლების კომპლექსების ზემომოტანილი ანალიზის საფუძველზე მივდივართ დასკვნამდე, რომ ძვ.წ. (54) XIX ათასწლეულებში კავკასიის მაღალმთიანი, მთისწინა და განსაკუთრებით ზღვისპირა მხარეები დასახლებული იყო მეზოლითელი მეთემეებით, რომელთა სამეურნეო ბაზისს შეადგენდა მითვისებით-კომპლექსური მეურნეობა თავისი სამივე დარგით, რომელთა შორის ნადირობას წამყვანი მნიშვნელობა ჰქონდა. კავკასიის გვიანმეზოლითელი მონადირეები ნადირობდნენ ცხოველთა ისეთ სახეებზე, რომლებიც საერთო იყო მთელი კავკასიისათვის, მაგრამ ამავე დროს ცალკეული მიკრორაიონის ადგილობრივი ფაუნის თავისებურების შესაბამისად გააჩნდათ აგრეთვე ნადირობის მთავარი ობიექტიც. მისდევდნენ რთულ შემგროვებლობასაც როგორც მარცვლეულის ენდემური ჯიშებისა, ისე საკვებად ვარგისი ნაყოფებისა. იქ, სადაც ბუნებრივი პირობები იძლეოდა ამის შესაძლებლობას, ვითარდებოდა მეთევზეობა. კავკასიის რიგ მხარეებში განვითარებული მითვისებითი მეურნეობის წიაღში ჩაისახა წინაპირობები მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასასვლელად. აღნიშნული წინაპირობები გვიანმეზოლითის ხანაში საყოველთაოდ იქმნებოდა კავკასიაში, მაგრამ მიუხედავად ამისა მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლის ხანგრძლივი და რთული პროცესი მთელ კავკასიაში მაინც არაერთდროულად მიმდინარეობდა. როგორც ჯერჯერობით არსებული მასალებით ფიქსირდება, მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლა ყველაზე ადრე კავკასიის უკიდურეს მხარეებში - დასავლეთ საქართველოსა და დაღესტანში დაიწყო. ეს პერიოდი ნეოლითის პირველ ნახევარს მოიცავდა. პროგრესული ელემენტების ნაადრევი ჩასახვა, შესაძლოა, განაპირობა ამ მხარეების საგანგებოდ ხელსაყრელმა ბუნებრივმა პირობებმა, რომლებიც აქ უკეთესი იყო სხვა მიკრორაიონებთან შედარებით. მაგრამ არ იქნება სწორი თუ დავუშვებთ, რომ აღნიშნული ცვლილებები მეურნეობასა და კულტურაში მიმდინარეობდა მხოლოდ დასავლეთ საქართველოსა და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში. მიუხედავად მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლის პროცესის დადასტურებული უთანაბრობისა, იგი კავკასიისათვის მაინც უნდა წარმოვიდგინოთ, როგორც ზოგადად ერთიანი ისტორიული პროცესი, რომელიც, მართალია, სხვადასხვა სიმძლავრით, მაგრამ მაინც საყოველთაოდ მიმდინარეობდა მთელ კავკასიაში. ეს გადასვლა განპირობებული უნდა ყოფილიყო ადგილობრივი ტომების განვითარების ისეთი დონით, რომლებიც მზად იყვნენ გაძღოლოდნენ მეურნეობის ახალ დარგებს. ინოვაციური ელემენტების თანდათანობითმა რაოდენობრივმა ცვლილებებმა ნეოლითის პირველ ნახევარში უკვე მოგვცეს თვისებრივი ცვლილებები. მწარმოებლური მეურნეობა კავკასიის ადრენეოლითში უკვე ჩასახული იყო და დგამდა პირველ ნაბიჯებს მიწის დამუშავებასა და მეცხოველეობაში. (55) ადრენეოლითის ხანაში დასავლეთ საქართველოსა და დაღესტანში უკვე ფიქსირდება მითვისებით-კომპლექსური მეურნეობის ბაზაზე გადასვლა მეურნეობის შერეულ ფორმაზე, რომელსაც მითვისებითი მეურნეობის სამივე დარგთან ერთად საფუძვლად ედო აგრეთვე მწარმოებლური მეურნეობის დარგებიც - მეცხოველეობა და მიწათმოქმედება. როგორც მასალებიდან ჩანს, კავკასიაში მწარმოებლურ მეურნეობას საფუძველს უყრის მითვისებითი მეურნეობის დარგები. აღნიშნული კვლევის შედეგად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვა და პირველყოფილი საზოგადოების თვისებრივად ახალ ეტაპზე გადასვლის დასაწყისი ადრენეოლითზე მოდის.

როგორც ვხედავთ, სადღეისოდ კავკასიის გვიანმეზოლითური და ადრენეოლითური ძეგლები უკვე იძლევა საშუალებას მიახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ როგორც კულტურულ - სამეუნეო განვითარების ზოგადი მიმართულება, ასევე მისი შესაბამისი კონკრეტული სამეურნეო მოდელები. კავკასიის მასშტაბით ზემომოტანილი მასალა საკმაოდ მკაფიოდ გვიჩვენებს გვიანმეზოლითური კულტურის ისტორიულ მნიშვნელობას მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვის საქმეში. კავკასიის გვიანმეზოლით - ადრენეოლითელმა ტომებმა შექმნეს საფუძველი ადრესამიწათმოქმედო კულტურების წარმოქმნისათვის. დასავლეთ ამიერკავკასიის ძეგლების საშუალებით შესაძლებელი გახდა თვალი გაგვედევნებინა გვიანმეზოლითური კულტურის თანდათანობით განვითარებისათვის. ძვ.წ. X ათასწლეულიდან მოყოლებული მის საფუძველზე აღმოცენებული უძველესი ადრესამიწათმოქმედო კულტურის (ოდიში - თეთრამიწა) წარმოქმნამდე.

2. მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები საქართველოს ქვის ხანის ძეგლებში

მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული ფორმის მიკროლითები საქართველოს ქვის ხანის ძეგლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. იგი მოიცავს საკმაოდ ვრცელ პერიოდს - ზედა პალეოლითიდან ენეოლითის ჩათვლით. მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული ფორმის იარაღები ქვის ხანის ცალკეულ საფეხურებზე განვითარების გარკვეულ გზას გადის. სხვა იარაღებისაგან განსხვავებით, მათ უფრო მკაფიოდ ემჩნევათ ეპოქალური ცვლილებები. ამგვარი კანონზომიერების გამო, ქვის ხანის კომპლექსებში გეომეტრიული მიკროლითები დანარჩენ ელემენტებთან შედარებით ქრონოლოგიის ყველაზე მგრძნობიარე მაჩვენებელია. ამიტომ თვალის გადევნება (56) მათი განვითარების ზოგად კანონზომიერებებზე ხელს შუწყობს კავკასიის ქვის ხანის ქრონოლოგიისა და პერიოდიზაციის საკითხების კვლევას. გეომეტრიული მიკროლითებიანი ინვენტარის მქონე სადგომებს ფართო ტერიტორიული და ქრონოლოგიური გავრცელება აქვს, რის გამოც ამ საკითხით არაერთი საბჭოთა და უცხოელი არქეოლოგი დაინტერესებულა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად დიდი ინტერესისა დღემდე არ არსებობს სპეციალური გამოკვლევა, რომელშიც გაშუქებული იყოს მიკროლითური ტექნიკისა და გეომეტრიული მიკროლითების განვითარების ზოგადი საკითხები, სადაც (შესაძლებელი იქნებოდა დაგვენახა ამ ტექნიკისა და იარაღთა ფორმების ეპოქალური ცვლილებები. ამ მხრივ ეს საკითხი ყველაზე სუსტად კავკასიაშია შესწავლილი. მასზე არა თუ არ არსებობს სპეციალური ნაშრომი, არამედ თვით მიკროლითებიანი სადგომებიც უკანასკნელ ხანებამდე მცირე რაოდენობით იყო გამოვლენილი და შესწავლილი. ზოგადი საკითხების კვლევისას რიგი მეცნიერებისა (ეფიმენკო, ზამიატინი, ბიბიკოვი და სხვ.) იყენებდნენ გეომეტრიული მიკროლითების შედარებით ანალიზს. ამასთან დაკავშირებით მათ არქეოლოგიურ ლიტერატურაში ფართოდ შეიტანეს კავკასიური მასალებიც.

კავკასიის ზედაპალეოლითური და მეზოლითური კულტურების ლოკალური ვარიანტების საკითხების კვლევისას ნ.ბადერმა გააკეთა მიკროლითური ნაწარმის ანალიზი და აჩვენა მიკროლითური ტექნიკის შესაძლებლობა ლოკალური კულტურების საკითხების შესწავლისას1. ჩრდილო-დასავლეთ კავკასიის ნეოლითური ძეგლების შესწავლის საფუძველზე ა.ფორმოზოვმა2 მიკროლითური ტექნიკის შესახებ გამოთქვა საყურადღებო მოსაზრებები. უკანასკნელ ათწლეულში საქართველოში ჩატარებული კვლევა-ძიების შედეგად აღმოჩენილ და შესწავლილ იქნა არაერთი ზედაპალეოლითური, მეზოლითური, ნეოლითური და ენეოლითური ძეგლი, რომლებიც კარგად ასახავენ მიკროლითური ტექნიკისა და გეომეტრიული ფორმის იარაღების განვითარებას ქვის ხანის სხვადასხვა საფეხურების მიხედვით. აღნიშნული კომპლექსები კავკასიის ადრე მიკელეულ (57) ძეგლებთან ერთად საშუალებას იძლევა მიკროლითური ტექნიკისა და გეომეტრიული მიკროლითების შესწავლის საკითხის დასმისა. წინამდებარე ნაშრომში შევეცდებით თვალი გავადევნოთ მიკროლითური ტექნიკისა და გეომეტრიული მიკროლითების წარმოშობა-განვითარებას ქვის ხანის ცალკეული საფეხურების მიხედვით. მიკროლითური ტექნიკა საქართველოში ზედა პალეოლითის დასაწყისში ჩნდება. მისი ჩასახვა -განვითარება მჭიდრო კავშირშია ზედა პალეოლითის ქვის ინდუსტრიის ძირეულ სიახლესთან - დამისებური ლამელების ტექნიკის წარმოშობასთან. ზედა პალეოლითის ქვის დამუშავებაში მომხდარი ახალი ძვრები განპირობებული იყო ამ პერიოდის სამეურნეო ცხოვრებაში მომხდარი გარდატეხით. ამასთან დაკავშირებით ისახება პრიზმისებური ნუკლეუსებიდან დანისებური ლამელების ატკეცვის ტექნიკა, რომელიც აღმავალი ხაზით ვითარდება ზედა პალეოლითიდან ლითონის ხანამდე. ქვედა პალეოლითის ქვის ინდუსტრიასთან შედარებით, პრიზმისებური ნუკლეუსებიდან ატკეცილი დანისებური ლამელების ტექნიკა, რომელიც აღმავალი ხაზით ვითარდება ზედა პალეოლითიდან ლითონის ხანამდე. ქვედა პალეოლითის ქვის ინდისტრიასთან შედარებით, პრიზმისებური ნუკლეუსებიდან ატკეცილი დანისებური ლამელების ტექნიკა იყო ახალი, დიდი შინაგანი შესაძლებლობის მქონე, რომლის წიაღში ჩაისახა და შემდეგ ფართოდ განვითარდა ჩასართების ტექნიკა. ლამელებისა და ჩასართების ტექნიკამ - ჩასახვის დროიდან (ზედა პალეოლითის დასაწყისი) ლითონის ხანამდე - განვითარების დიდი გზა განვლო. მისმა განვითარებამ განაპირობა იარაღების მიკროლითურობა. ჩასართების ტექნიკის მთავარ კომპონენტად მიკროლითი იქცა, რამაც დასაბამი მისცა მიკროლითური ინდუსტრიის განვითარებას. აღნიშული ტექნიკის განვითარების ხაზი ძირითადად მიკროიარაღების სრულყოფის გზით წარიმართა.

ბლაგვზურგა და ბლაგვგვერდა მიკროიარაღები3. ზედა პალეოლითის ძეგლებში მიკროლითური ტექნიკა ძირითადად წარმოდგენილია ბლაგვზურგა და ბლაგვგვერდა მიკროიარაღებით - სხვადასხვა ტიპის მიკროწვეტანებითა და დანებით. აღნიშნული იარაღები ძალიან დამახასიათებელია საქართველოს ზედა პალეოლითისა და მეზოლითისათვის. მათ ფართო ქრონოლოგიური და ტერიტორიული გავრცელება აქვთ. ბლაგვზურგა და ბლაბვგვერდა მიკროიარაღები დამახასიათებელია მთელი კავკასიისათვის, წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის  სამყაროს ზედა პალეოლითისა და მეზოლითისათვის. მიკროლითები საქართველოში ზედაპალეოლითის დასაწყისში (58) ჩნდება (სვანთა სავანე4, ხერგულის კლდე5). ამ ძეგლებში ისინი ძირითადად წარმოდგენილია ბლაგვზურგა და ბლაგვგვერდა მიკროწვეტანებითა და დანებით (ტაბ.11, სურ.1-8, 11, 12). ზედა პალეოლითის ადრეულ საფეხურზე ჩნდება ირგვლივ რეტუშირებული მიკროწვეტანები. ეს იარაღები ზედა პალეოლითის დასასრულამდე არსებობენ და თანდათანობით სრულყოფილ სახეს იღებენ. აღსანიშნავია ხერგულის კლდის მიკროიარაღებზე ფუძის ათლა (მუცლის მხრიდან) ბრტყელი რეტუშით6. ზედა პალეოლითის შუა საფეხურის ძეგლებში (დევის ხვრელი, საკაჟია)7 (ტაბ.11, სურ.23-26, 29, 32, 42-44) ბლაგვზურგა და ბლაგვგვერდა მიკროიარაღების რაოდენობა მატულობს, ზომები მცირდება. დევის ხვრელში მიკროიარაღები იარაღების საერთო რაოდენობის 15% შეადგენს, საკაჟიაში კი - 20%–ს. მიკროიარაღებიდან წამყვანი ადგილი წვეტანებს უჭირავს. ისინი გამოირჩევიან ფორმის მრავალფეროვნებით. გრძელდება ტრადიცია იარაღების შესწორებისა მუცლის მხრიდან ბრტყელი რეტუშით, რაც შემჩნეული იყო ხერგულის კლდეში. მცირე რაოდენობით გვხვდება ირგვლივ რეტუშირებული წვეტანები.

ზედა პალეოლითის მოგვიანო საფეხურზე (გვარჯილას კლდე8) ბლაგვზურგა და ბლაგვგვერდა მიკროიარაღების რაოდენობა საგრძნობლად მატულობს. გვარჯილას კლდეში ისინი იარაღების საერთო რაოდენობის 38% შეადგენს. აღნიშნული იარაღებიდან წამყვანი ადგილი წვეტანებს უჭირავს. მათში ჭარბობს ნემსისებური წვეტანები. წინა საფეხურთან შედარებით მათი ფორმები იხვეწება, ზომები მცირდება. დიდი ადგილი უჭირავს ისევ ე.წ. გრავეტის ტიპის წვეტანებს. ძალიან დამახასიათებელია გვარჯილას კლდისათვის ფუძემომრგვალებული მშვილდწვეტანები. მათ წვერი ხშირად უმახვილდებოდათ, ხოლო ბოლო უთხელდებოდათ ბრტყელი რეტუშით მუცლის მხრიდან. გვარჯილას კლდეში მცირე რაოდენობით ნაპოვნია დახვეწილი ფორმის, ირგვლივ რეტუშირებული წვეტანები, რომლებსაც გრავეტ-წვეტანებსაც უწოდებენ. ადრემეზოლითში ბლაგვზურგა და ბლაგვგვერდა მიკროლამელები (59) კვლავ ინარჩუნებენ წამყვან მნიშვნელობას (ქვაჭარა, იაშთხვა, კეპბოღაზი, ენწერი, ჭახათი)9. ჩრდილო კავკასიის  მეზოლითურ ძეგლებშიც შეინიშნება ბლაგვზურგა და ბლაგვგვერდა მიკროიარაღების გავრცელება10. ასეთი ძეგლების რიცხვს მიეკუთვნება ჩოხის ცნობილი სადგომიც, რომელიც საკმაოდ მდიდარია ბლაგვგვერდა ლამელებით. იგივე მდგომარეობაა კოზმა–ნოხოში11 და გუბის მეშვიდე ეხში. ამ ძეგლებში ყველა იარაღთაგან ჭარბობს ბლაგვგვერდა მიკროლამელები. ბევრია ბლაგვგვერდა მიკროლამელები სოსრუყოს12 სადგომში და შავ მღვიმეში13 (ჩრდილო ოსეთი),  ისინი ნაპოვნია აგრეთვე წონას (სამხრ. ოსეთი) მეზოლითურ ფენაში. გვიან მეზოლითის ძეგლების დიდ ნაწილში, ადრემეზოლითთან შედარებით, ბლაგვგვერდა მიკროლამელების რაოდენობა კლებულობს (აცი, ცივი მღვიმე), თუმცა ზედა პალეოლითის შუა საფეხურიდან ბლაგვგვერდა მიკროიარაღების პარალელურად, ჩნდება გეომეტრიული ფორმის იარაღები (სამკუთხედები, სეგმენტისმაგვარი იარაღები).

ადრენეოლითში (ანასეული I, მელოური დარკვეთი IV) და გვიანნეოლითში (ანასეული II, კისტრიკი, ოდიში) ბლაგვზურგა და ბლაგვგვერდა მიკროლამელები ან სულ არ გვხვდება ან იშვიათად - თითო-ოროლა15. უხერხულობას იწვევს აღნიშნული იარაღების ერთი საერთო სახელწოდების უქონლობა. არქეოლოგიურ ლიტერატურაში ერთი და იმავე ტიპის იარაღები ხშირად სხვადასხვა სახელწოდებითაა მოხსენიებული (და პირუკუ - სხვადასხვა ტიპის იარაღებს ზოგჯერ ერთი და იგივე სახელწოდება აქვს) - გრავეტის ტიპის დანები, გრავეტის ტიპის წვეტანები, მშვილდის ფორმის დანები, შატელპერონის ტიპის (60) დანები, მშვილდწვეტები, გრავეტწვეტანები ზურგ- და გვერდდაბლაგვული ლამელები და სხვ. ხშირად ეს ცნებები ერთმანეთს ფარავს. სინამდვილეში, ამ სახელწოდებებში გვაქვს ძირითადად ორი სხვადასხვა დანიშნულების იარაღი - მიკროწვეტანები და მიკროდანები, რომლებიც განვითარების გზაზე იცვლიან ფორმას და იხვეწებიან. ამ იარაღებს აერთიანებს ერთი საერთო ნიშანი - იარაღის ზურგისა და გვერდის დაბლაგვება. ბლაგვზურგა მიკროიარაღებში გამოიყოფა დიდი ჯგუფი, რომლებსაც წვერი აქვთ წამახვილებული და გარეგნობით მიკროწვეტანებს წააგავენ. ამ იარაღების მთელი ცალები ან მათი ნაწილები კარგად მოწმობს იმას, რომ წვერი მათ საგანგებოდ კეთდებოდათ და ხშირ შემთხვევაში, დამატებით უმუშავდებოდათ როგორც ზურგის, ასევე მუცლის მხრიდან. ეს კარგად ჩანს ზედაპალეოლითური ძეგლების იარაღების მაგალითზე. აღნიშნული წვეტანების წვერის საგანგებოდ წამახვილება განპირობებული უნდა ყოფილიყო მისი დანიშნულებით. როგორც ჩანს, ეს წვეტანები სატყორცნ ან საძგერებელ იარაღებს წარმოადგენდნენ. ამიტომ ამგვარ ბლაგვზურგა და წვერწამახულ იარაღებს მართებული იქნება ვუწოდოთ ბლაგვზურგა ან ბლაგვგვერდა მიკროწვეტანები. ამ ტერმინში ჩანს როგორც იარაღის დანიშნულება, ასევე მისი დამუშავების თავისებურება. ამგვარი სახელწოდება უფრო გასაგები იქნება, ვიდრე სახელწოდება  "გრავეტი".

საქართველოს ზედაპალეოლითური ძეგლების მიკროწვეტანებში ძირითადად გამოიყოფა სამი ჯგუფი: 1.სწორი ბლაგვზურგა წვეტანები 2.მშვილდის ფორმის წვეტანები და 3.ირგვლივ რეტუშირებული წვეტანები.

პირველ ქვეჯგუფში შეიძლება გაერთიანდეს გრავეტისმაგვარი და ნემსისებური წვეტანები, რადგან ტიპოლოგიურად და ფუნქციონალურად ისინი ახლოს დგანან ერთმანეთთან. აღნიშნულ იარაღებს დაბლაგვებული აქვთ ცალი სწორი მხარე, ხოლო წვერი ან ფუძე მუცლის მხრიდან ბრტყელი რეტუშით აქვთ შესწორებული. ამ იარაღებს ზედაპალეოლითურ ძეგლებში, სხვა ტიპის წვეტანებთან შედარებით, რიცხობრივი უპირატესობა აქვთ. საფიქრებელია, რომ ე.წ. ბლაგვზურგა ლამელების უმეტესობა დაზიანებული ბლაგვზურგა სწორი წვეტანების ან სამკუთხედების შუა ნაწილები იყოს და არა დამოუკიდებელი იარაღები. მშვილდის ფორმის წვეტანებს მორკალული, დაბლაგვული ზურგი და კარგად წაწვეტებული წვერი აქვთ. ზოგჯერ  მათი ფუძე (61) მორკალულია რეტუშით. ნ.ბადერი15 თვლის, რომ ეს იარაღები ძალიან დამახასიათებელია გვარჯილას კლდისათვის, ამიტომ იგი მათ გვარჯილას კლდის ტიპის წვეტანებს უწოდებს. უნდა აღვნიშნოთ, რომ იგივე იარაღები წარმოდგენილია საკაჟიას მღვიმეშიც. განსხვავება იმაშია, რომ გვარჯილას კლდეში მათი რაოდენობა მატულობს და ფორმები იხვეწება, რაც სრულიად ბუნებრივია. უფრო მართებული იქნება ზოგადად მათ აღსანიშნავად ბლაგვზურგა მშვილდწვეტანები ვიხმაროთ. მით უმეტეს, რომ ეს სახელწოდება ახალი არ არის, მას იყენებდა პროფ. გ.ნიორაძე, ხოლო ახლაც ხმარობენ არქეოლოგები: (დ.თუშაბრამიშვილი, გ.გრიგოლია, ლ.წერეთელი).

ბლაგვზურგა სწორი წვეტანები და ბლაგვზურგა მშვილდწვეტანები უნდა დამზადებულიყო ე.წ. წვეტიანი ლამელებისაგან, რომლებიც ძალიან ბევრია ამ კომპლექსებში (დევის ხვრელი, საკაჟია, გვარჯილის კლდე). კონუსისებური ნუკლეუსებიდან ატკეცილი წვეტიანი ლამელები აღნიშნული იარაღების ნამზადები უნდა იყოს. მათ მთელი გვერდის გასწვრივ უკეთდებოდათ დამაბლაგვებელი რეტუში, წვერი კი საგანგებოდ მუშავდებოდა.

ზედაპალეოლითურ ძეგლებში მიკროიარაღების მეორე დიდი ჯგუფია ბლაგვგვერდა დანები. შემორჩენილი მთელი ეგზემპლარები გვიჩვენებენ, რომ მათ წევრი არ უკეთდებოდათ, ხოლო სამუშაო პირს გვერდი წარმოადგენდა. ამგვარ იარაღებს არქეოლოგიურ ლიტერატურაში გრავეტის ტიპის დანების ან გვერდდაბლაგვებული და ზურგდაბლაგვებული ლამელების სახელწოდებით ვხვდებით. ზედაპალეოლითურ მასალებზე დაკვირვება გვიჩვენებს, რომ წვეტიანი იარაღების დიდ ნაწილს დაბლაგვებული ჰქონდა ზურგი, ბლაგვგვერდა დანების უმეტესობას კი წევრი არ ჰქონდა წამახვილებული, რასაც მოწმობს დევის ხვრელის კოლექციის მთელი ცალეჯბი (კოლ.N 86-32; 2138). ზიანდებოდა უმეტესად სამუშაო პირი. არის რამდენიმე შემთხვევა, როდესაც იარაღის წვერი ხელუხლებლადაა გადარჩენილი. მიკროიარაღების ყველაზე ადრეული ფორმა უნდა ყოფილიყო ბლაგვზურგა სწორი წვეტანები, შემდეგ კი უნდა განვითარებულიყო ბლაგვზურგა მშვილდწვეტანები. საკაჟიაში უკვე გვხვდება როგორც ბლაგვზურგა სწორი წვეტანები, აგრეთვე პარალელურად ჩნდება ბლაგვზურგა მშვილდწვეტანებიც. საკაჟიასა და სარეკის17 მღვიმის მასალების მაგალითზე კარგად (62) ჩანს ბლაგვზურგა მშვილდწვეტანების გადასვლა სეგმენტისმაგვარ იარაღებში (კოლ.№2-55-2217-2225), ხოლო გვარჯილას კლდის მასალებში ბლაგვზურგა მშვილდწვეტანების გადასვლა ასიმეტრიულ სამკუთხედებში (კოლ.16-54-94).

მოტანილი მაგალითები გვიჩვენებს, რომ საქართველოს ზედაპალეოლითურ ძეგლებში კარგად ჩანს მიკროლითური იარაღების ჩასახვის, გეომეტრიული მოყვანილობის მიკროლითებზე გარდამავალი ფორმების წარმოქმნისა და გეომეტრიულ ფორმებზე გადასვლის პროცესი. დროის გარკვეულ მონაკვეთზე ეს ფორმები თანაარსებობენ, შემდეგ კი ბლაგვზურგა მიკროწვეტანები კარგავენ მნიშვნელობას და ბოლოს წყვეტენ არსებობას. ამ პროცესის პარალელურად ხდება ახალი გეომეტრიული ფორმების სამკუთხედების, სწორკუთხედების, სეგმენტებისა და ტრაპეციების გაჩენა და განვითარება. ამგვარად, საქართველოს ზედაპალეოლითური ძეგლების ბლავზურგა და ბლაგვგვერდა წვეტანებსა და დანებზე დაკვირვება გვიჩვენებს მათი ჩასახვისა და განვითარების რთულ გზას. ჩანს, რომ მყარად დადგენილი იარაღების ფორმები არ არსებობდა, კარგად შეიმჩნევა მათი ფორმების ძიება, რის გამოც გვაქვს მთელი სერიები, რომლებიც ნათლად ასახავენ იარაღების ერთი სახედან მეორეში გადასვლის პროცესს. ბლაგვზურგა წვეტანები და ბლაგვზურგა დანები მიკროლითური ტექნიკის განვითარების პროდუქტია. აღნიშნულ იარაღებს განვიხილავთ, როგორც ყველაზე ადრეულ მიკრონაწარმს.

ს ა მ კ უ თ ხ ე დ ე ბ ი. გეომეტრიული ფორმის ჩასართებს შორის ყველაზე ადრეულ ფორმად სამკუთხედები ითვლება. მათი ქრონოლოგიური ჩარჩოები დიდი არ არის. ისინი ჩნდებიან ზედა პალეოლითის შუა საფეხურზე და არსებობენ მეზოლითის ბოლომდე. ყველაზე ადრეული ძეგლები, სადაც ნაპოვნია რამდენიმე ასიმეტრიული სამკუთხედი, ზედა პალეოლითის შუა საფეხურის სადგომებია (დევის ხვრელი, საკაჟია; ტაბ II, სურ.27-28, 30-31). ასიმეტრიულ სამკუთხედებს გარდა საკაჟიაში არის დიდი ზომის სამკუთხედისმაგვარი იარაღები, რომლებიც შესაძლოა მათ პროტოტიპებს წარმოადგენენ. ს.ზამიატინი18 მათ თავრეტუშირებული ლამელების ვარიანტად მიიჩნევს, ნ.ბადერი19 კი მათში ადრეული ფორმის წვეტანებს ხედავს. ზედა პალეოლითის გვიან საფეხურზე (გვარჯილას კლდე) ასიმეტრიული სამკუთხედების რაოდენობა მატულობს (ტაბ.I, სურ.50-53). (63) გვარჯილას კლდის მიკროიარაღებში ნ.ბადერმა20 გამოყო ბოლოდამუშავებული ბლაგვზურგა ლამელების ჯგუფი.  ჩვენი აზრით, ეს იარაღები დაზიანებული სამკუთხედები და სწორკუთხედებია, რომელთა მთელი ნიმუშები გვაქვს კოლექციაში.

ადრემეზოლითში (ქვაჭარა) სამკუთხედები ინარჩუნებენ წამყვან მნიშვნელობას (ტაბ.III, სურ.57-58). ჩოხში21 და კოზმა-ნოხოში22 ნაპოვნია ასიმეტრიული სამკუთხედები. დარკვეთის ეხის მეზოლითური ფენის (V ფენა) გეომეტრიული მიკროლითები ძირითადად სამკუთხედებითაა წარმოდგენილი. აღნიშნული იარაღების სიჭარბე შეიმჩნევა ეძანის გვიანმეზოლითურ კომპლექსში (ტაბ.III, სურ.42-48), თუმცა მასში საგრძნობლად იმატა ტრაპეციებისა და სეგმენტების რიცხვმა (ტაბ.III, სურ.49-53). ადრენეოლითურ კომპლექსებში  (ანასეული I, მელოური დარკვეთის ეხის IV ფენა) სამკუთხედები ჯერჯერობით არ არის აღმოჩენილი, თუმცა გამორიცხული არ უნდა იყოს მათი გადმონაშთის სახით შემორჩენაც.

ს ე გ მ ე ნ ტ ე ბ ი. გეომეტრიული ფორმებიდან ყველაზე დიდი ქრონოლოგიური ჩარჩოები სეგმენტებს აქვთ. აღსანიშნავია სეგმენტისმაგვარი იარაღის პოვნის ფაქტი ხერგულის კლდეში (ტაბ.II, სურ.9). მიკროიარაღების გამოჩენა ზედა პალეოლითის ადრეულ ძეგლებში საეჭვოდ  იყო მიჩნეული და გამოთქმული იყო მოსაზრება მისი გვიანდელი ფენებიდან მომდინარეობის შესახებ. უკანასკნელ ხანებში ხერგულის კლდეში არქეოლოგ ნ.ბერძენიშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებული გათხრების შედეგად შესაძლებელი გახდა მღვიმის სტრატიგრაფიის შემოწმება და მისი საბოლოო დადგენა. გაირკვა, რომ ხერგულის კლდის ქვის მასალა ერთი ფენისეულია23, რის შედეგადაც მიკროლითური ტექნიკის ჩასახვის ფაქტი ზედა პალეოლითის ადრე საფეხურს უნდა დავუკავშიროთ.

საგანგებო შესწავლას მოითხოვს საკითხი - გეომეტრიული მიკროლითების გაჩენა ამიერკავკასიაში ასეთ ადრეულ საფეხურზე ახალი ტექნიკის დამოუკიდებელი ძიების შედეგი იყო, თუ სამხრეთ რაიონებთან ურთიერთობისა? ამ საკითხებთან დაკავშირებით აქვე იმის თქმა შეიძლება, რომ ამ პერიოდში უკვე ჩანს კონტაქტი საქართველოს სამხრეთ რაიონებთან (ობსიდიანის შემოტანა), რომლებსაც, (64) თავის მხრივ, ურთიერთობა ჰქონდათ სამხრეთის ქვეყნების ძველ კულტურებთან (ზარზი, ნატუფი, კაფსია), რომლებიც ხასიათდებიან განვითარებული მიკროლითური ტექნიკით, ამიტომ მიკროლითური ტექნიკის სამხრეთიდან შემოსვლის გზას ვერ გამოვრიცხავთ. ყოველ შემთხვევაში, ერთი ცხადია, რომ ამიერკავკასიაში ზედა პალეოლითის დასაწყისში უკვე არსებობდა შინაგანი აუცილებლობა და სათანადო ნიადაგი ახალი ტექნიკის დანერგვისათვის. ზედა პალეოლითის შუა საფეხურიდან სეგმენტების არსებობა უკვე ეჭვგარეშეა (დევის ხვრელი,  საკაჟია; ტაბ.II, სურ.33-37, 40-41), თუმცა მათი რაოდენობა აქ მცირეა, ამასთანავე, ისინი ჯერ კიდევ საკმაოდ უხეში და მარტივია. დევის ხვრელის მსხვილ სეგმენტისმაგვარ იარაღებს პ.ეფიმენკო24 და ს.ზამიატნინი25 ჩვეულებრივ სეგმენტჩასართად მიიჩნევენ. ნ.ბადერი კი დევის ხვრელისა და საკაჟიას სიმეტრიულ და ასიმეტრიულ სეგმენტებს სეგმენტწვეტანებად თვლის და სრულიად სამართლიანად მიიჩნევს, რომ დევის ხვრელისა და საკაჟიას სეგმენტები ტიპოლოგიურად და ფუნქციონალურად ახლოსაა წვეტანებთან26. ზედა პალეოლითის მიწურულში (გვარჯილას კლდე) სეგმენტების რაოდენობა მატულობს (ტაბ.II, სურ.45-49), გრძელდება ფორმების დახვეწა, ზომები მცირდება. გვარჯილას კლდეში არის მცირე ზომის მომაღლო და დაბალი, მოგრძო სეგმენტებიც. უკანასკნელთ წევრი და ბოლო მუცლის მხრიდან წამახვილებული აქვთ ბრტყელი რეტუშით. ამ იარაღებსაც ნ.ბადერი27 სეგმენტ-წვეტიანებს უწოდებს. გვარჯილას კლდის სეგმენტებს ს.ზამიატნინი28 ისრისპირებად მიიჩნევს. ქვაჭარის  მღვიმეში (ადრემეზოლითი) სეგმენტები ცოტაა (ტაბ.III, სურ.59). საინტერესოა ეძანის დახვეწილი მოყვანილობის სეგმენტები, რომლებიც იერით გვიანნეოლითურს უახლოვდება, თუმცა პროცენტულად მათი რაოდენობა დიდი არ არის. არ ჩანან სეგმენტები ჯერჯერობით ადრენეოლითში. ანასეულ 1-ში (უკერამიკო) არც ერთი სეგმენტი არ არის, მაშინ, როდესაც ტრაპეციები მასალის საერთო რაოდენობის 2,2 პროცენტს შეადგენს. იგივე მდგომარეობა დადასტურდა მელოურის ნამოსახლარსა და დარკვეთის ეხის ადრენეოლითურ ფენაში (უკერამიკო). აქაც არ არის სეგმენტები, მაშინ როდესაც ტრაპეციები ჭარბადაა (ტაბ.III). მატულობს სეგმენტების (65) რაოდენობა დუმურიშისა29 და ჩხორთოლის30 ნეოლითურ ნამოსახლარებზე. ანასეულ II–ში სეგმენტები 8,12%-ია. ძირითადად ისინი მცირე ზომის რკალდაბლაგვებული ფორმებითაა წარმოდგენილი.

წოფის ენეოლითურ კომპლექსში გადანაშთის სახით გვხვდება მცირე ზომის რკალდაბლაგვებული სეგმენტები (ტაბ.IV, სურ.43-44). ისინი ცნობილია მაიკოპის კულტურის, მეშოკოს ნამოსახლარიდან და აგრეთვე მაიკოპის ყორღანიდან. როგორც ვხედავთ, სეგმენტები გადმონაშთის სახით კიდევ განაგრძობენ არსებობას ლითონის ხანის ძეგლებში.

ს წ ო რ კ უ თ ხ ე დ ე ბ ი  და  ტ რ ა პ ე ც ი ე ბ ი გეომეტრიული მიკროლითების ყველაზე გავრცელებული სახეა. მათი ქრონოლოგიური ჩარჩოები მოიცავს ზედა პალეოლითის გვიან საფეხურს - ლითონის ხანამდე. აქ ჩვენ ერთად განვიხილავთ სწორკუთხედებსა და ტრაპეციებს, რადგან ზოგიერთ რაიონში სწორკუთხედები, შესაძლოა, ტრაპეციების პროტოტიპი ან მათი ლოკალური ფორმა იყოს. ეს საკითხი ჯერ კიდევ დაკვირვებას საჭიროებს. გვიანზედაპალეოლითში (გვარჯილას კლდე) ჩნდება გეომეტრიული იარაღების ახალი ფორმები - სწორკუთხედები, ეს თავბოლო და ბლაგვგვერდება ან ორგვერდრეტუშირებული სწორკუთხედებია (კოლ.N6-54, 86, 87). ამგვარი იარაღები განაგრძობენ არსებობას ადრემეზოლითში (ქვაჭარა, ტაბ.III, სურ.60-61). იერით ისინი მარტივ ტრაპეციებს ჰგვანან, ამასთანავე, მათი ზომები მცირდება, ჯამპალის მღვიმეში (შუა მეზოლითი31) უკვე გვხვდება ტრაპეციები (ტაბ.III, სურ.64). როგორც აღმოსავლეთ საქართველოში, ასევე შავიზღვისპირეთის გვიან მეზოლითში (ეძანი, ცივი მღვიმე, აცი III) შეინიშნება ტრაპეციების რაოდენობის ზრდა და ფორმების დახვეწა.

ადრენეოლითში (ანასეული I, დარკვეთი IV) ორფერდდამუშავებული ტრაპეციები ჯერ-ჯერობით გეომეტრიული ფორმის ერთ-ერთი სახეა. გვიანნეოლითში ტრაპეციების რაოდენობა მატულობს, ორფერდდამუშავებულ ტრაპეციებთან ერთად გვხვდება სამგვერდდამუშავებულებიც. ამ იარაღებს "პერპენდიკულარული" რეტუშით დამუშავებული აქვთ ორი ფერდი და ზედა ფუძე. ქვედა ფუძეზე ეტყობა გამოყენების კვალი. ეს ჯგუფი ხასიათდება მცირე ზომებით, მოგრძო (66) და დაბალი მოყვანილობით, მათში არის ორმხრივდამუშავებული ცალებიც. სამგვერდდამუშავებული ტრაპეციები მცირე რაოდენობით ცნობილია ეძანის მეზოლითური ფენიდან. ანალოგიური ტრაპეციები ნაპოვნია მახვილაურის32 (ბათუმის რ–ნი), ღუმურიშისა და ჩხორთოლის (გალის რ-ნი) ნეოლითურ ნამოსახლარებზე, რაც შეეხება ორფერდდამუშავებულ ტრაპეციებს, ისინი არსებობას განაგრძობენ ლითონის ხანის ძეგლებშიც (სამელე კლდე, დარკვეთის II და III ფენები, ძუძუანა). თითო ცალი ნაპოვნია არუხლო I-ისა და იმირის ნამოსახლარებზე.

ზ უ რ გ ა თ ლ ი ლ ი,  მ ა ღ ა ლ ი  ტ რ ა პ ე ც ი ე ბ ი  და  ს წ ო რ კ უ თ ხ ე დ ე ბ ი ჩნდება მხოლოდ გვიანნეოლითის განვითარებულ კომპლექსებში (შილოვკა, კისტრიკი, ანასეული II, გურიანთა, ოდიში, მახვილაური). ისინი ცნობილი არ არის ზედაპალეოლითური, მეზოლითური და ადრენეოლითური კომპლექსებიდან.

კისტრიკისა (ტაბ.IV, სურ.26-37) და შილოვკისაგან განსხვავებით, ანასეულ II-ში ზურგათლილი მაღალი ტრაპეციები მეტად თავისებური სერიითაა წარმოდგენილი (ტაბ.IV, სურ.23-25). ამ იარაღებს აქ უფრო ზურგათლილი მაღალი სწორკუთხედების სახე აქვთ, ვიდრე ტრაპეციებისა, თუმცა მათ შორის არის რამდენიმე ზურგათლილი ტრაპეციაც. აღსანიშნავია, რომ ანასეული II-ის მთელი ეს სერია ობსიდიანისგანაა დამზადებული, მაშინ, როდესაც ისინი დანარჩენ ძეგლებში ძირითადად კაჟისაა. ზურგათლილი სწორკუთხედების ანალოგიური ფორმები ჯერჯერობით უცნობია. საფიქრებელია, რომ მათი სახით გვაქვს ამ იარაღების ლოკალური ფორმა. ზურგათლილი მაღალი ტრაპეციები დამახასიათებელია ჩრდილო კავკასიისათვის, ისინი გვხვდება ყუბანისპირეთში33, სტავროპოლის მხარეში, კავკასიისპირა დიუნებში34, ყირიმის გვიანნეოლითურ ფენებში (ტაშ-აირ35 1-5ა ფენა, კაია-არასი36, ატ-ბაში37, ჯეილაუ-ბაში38, (67) ზამილ-ყობა39 11, შან-ყობა40 1ა ფენა, ფატმა–ყობა41, იუსუფოვის აუზი42, ზუია43). მსგავსი ტრაპეციები ნაპოვნია აზოვისპირეთში44, ჭორომისპირეთში (სობაჩკი, სურსკის კუნძული, ვოვჩეკი45, მე-8 იგრენი, დონეცზე - ზლივკა, იზიუმ 5, სავინცი-146). ზემოჩამოთვლილ ძეგლებში ზურგათლილი ტრაპეციები არსად არა გვხვდება გვიანნეოლითზე ადრე. იშვიათად ისინი ადრენეოლითამდეც აღწევენ. საინტერესოა მათი პოვნის ფაქტი ქვემო ქართლის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებში (არუხლო I, არუხლო III). არუხლო I–ის მრავალრიცხოვან ობსიდიანის მასალაში ნაპოვნია სამი ზურგათლილი ტრაპეცია და ერთი სეგმენტი47. ს.ბიბიკოვმა48 ყირიმის ნეოლითური ძეგლების შესწავლის შედეგად დაასაბუთა, რომ ზურგათლილი ტრაპეცია წარმოადგენს ყირიმის ნეოლითის დამახასიათებელ და დამათარიღებელ ფორმას, ხოლო უფრო გვიან, ყირიმში ნეოლითის უკეთესი სტრატიგრაფიის მქონე ახალი ძეგლების აღმოჩენისა და შესწავლის შედეგად ეს მოსაზრება დ.კრაინოვმა49 კიდევ უფრო დააზუსტა. მან დაასაბუთა, რომ ზურგათლილი ტრაპეციები ყირიმის ნეოლითის მხოლოდ გვიანი საფეხურის დამახასიათებელი და დამათარიღებელია. აღნიშნული ნეოლითური კომპლექსების ტიპოლოგიურ - შედარებითი (68) ანალიზი, გამორიცხვის მეთოდი, ანალოგები ყირიმის ძეგლებში, საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ ზურგათლილი მაღალი ტრაპეციები და სწორკუთხედები ყირიმთან ერთად დასავლეთ ამიერკავკასიის გვიანი ნეოლითის დამათარიღებელი ფორმაა. ზურგათლილი ტრაპეციების გავრცელების სამხრეთი საზღვარი ამიერკავკასიაზე გადის. წინა აზიის ძეგლებისათვის ეს ფორმები უცნობია. ისინი არ გვხვდება აგრეთვე ტყის ზონაში, დნეპრის დასავლეთით და მდ.ურალის აღმოსავლეთით. აღნიშნული იარაღები, ზემოჩამოთვლილი გავრცელების რაიონებიდან მხოლოდ ამიერკავკასიის შავიზღვისპირეთში და ყირიმში გვხვდება დიდი რაოდენობით. გამორიცხული არ უნდა იყოს შავიზღვისპირეთში მათი წარმოშობა და აქედან გავრცელება უფრო ჩრდილოეთით. ამგვარად, გეომეტრიული მიკროლითების განხილვამ ქვის ხანის საფეხურების მიხედვით გვიჩვენა, რომ მთელი ზედა პალეოლითისა, მეზოლითისა და ნეოლითის მანძილზე მიკროლითური ტექნიკა ვითარდება აღმავალი ხაზით - შეიმჩნევა გეომეტრიული მიკროლითების განვითარება, ფორმების ძიება და ერთი ფორმიდან მეორეში გადასვლის პროცესი. შევეხეთ რა გეომეტრიული მოყვანილობის მიკროჩასართების ყველა ტიპს, ახლა გვინდა შევეხოთ მიკროლითურ ტექნიკას. მიკროლითურმა ტექნიკამ, ისევე როგორც გეომეტრიული ფორმის მიკროლითებმა, განვითარების საკმაოდ დიდი გზა განვლო. მიკროლითების დამუშავების ესა თუ ის ხერხი ქვის ხანის განვითარების სხვადასხვა საფეხურზე გაჩნდა. მიკროლითების ორმხრივი დამუშავების ხერხი ფართოდ იყო გავრცელებული კავკასიის შავიზღვისპირეთის გვიანნეოლითში. გვიანნეოლითური ძეგლებიდან ყველაზე ხშირად იგი კისტრიკში გამოიყენებოდა. თუ არაფერს ვიტყვით ლუკინის კოლექციაზე, სადაც ძალიან ხშირია მიკროლითების ორმხრივი დამუშავება, მარტო ჩვენ მიერ კისტრიკში მოპოვებულ მასალაში 16 გეომეტრიული ფორმიდან 13 ორმხრივდამუშავებულია (ტაბ.IV, სურ.26-28, 31, 33, (35-36). მიკროლითების ორმხრივი დამუშავება ძალიან ხშირია შილოვკაში. იქ თითქმის ყველა მათგანი ორმხრივდამუშავებულია. სხვაგვარი მდგომარეობაა ოდიშსა და ანასეულ II-ში, აქ ორმხრივდამუშავების მხოლოდ ორიოდე შემთხვევაა50. აღნიშნული ხერხით დამუშავებული (69) ტრაპეციები ცნობილია მეშოკოდან51 (კრასნოდარის მხარე), სტავროპოლის52 მხარედან. სამაგიეროდ ყირიმში ეს ხერხი თითქმის უცნობია. მიკროლითების ორმხრივი დამუშავების ხერხი, თავდაპირველად ა.ფორმოზოვის53 მიერ წმინდა კავკასიურად იყო მიჩნეული, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ ამის სამტკიცებლად მას მასალა თითქმის არ გააჩნდა. შემდეგ, როდესაც ა.ფორმოზოვმა გაითვალისწინა, რომ გეომეტრიული მიკროლითების ორმხრივი დამუშავება დამახასიათებელია პალესტინის ნატუფის კულტურისა (ელ-ხიამი, ელ-ახმარი, აბუსიფი მკვდარი ზღვის რაიონიდან; მუგარეთ-ელადი და აბუ-უზბა კარმელის მთაზე) და ჰელუანის სადგომებისათვის, რომლებიც გაცილებით უფრო ძველია, ვიდრე კავკასიური ძეგლები, მან გამოთქვა ახალი მოსაზრება: ეს ტექნიკა წინა აზიიდან სანაპირო ზოლის მეშვეობით უნდა გავრცელებულიყო, როგორც ამიერკავკასიაში, ასევე უფრო ჩრდილოეთით. უკანასკნელ ხანებში დას.ამიერკავკასიის გეომეტრიული მიკროლითებიანი კომპლექსების განმეორებითმა და უფრო დეტალურმა შესწავლამ გამოავლინა შემდეგი: დას.საქართველოს ზედაპალეოლითურ ძეგლებში უკვე გვხვდება აღნიშნული ტექნიკით დამუშავებული მიკროლითუბი. ორმხრივდამუშავების შემთხვევა ცნობილია უკვე თარო–კლდიდან54. იქ ნაპოვნი სეგმენტისმაგვარი იარაღები ორმხრივაა დამუშავებული. დამუშავების ეს ხერხი დადასტურებულია აგრეთვე ეძანის55 ზოგიერთ მიკროიარაღზე. მიკროლითების დამუშავებაში პირველ რიგში აღსანიშნავია ე.წ. "მცოცავი" წნევითი რეტუშის გამოყენება. მიკროლითების ზურგის ათლა წნევითი რეტუშის საშუალებით უცნობია მეზოლითური და ადრენეოლითური ძეგლებისათვის. ამ ხერხით მიკროლითების დამუშავება კავკასიასა და ყირიმში გვიანნეოლითში იწყება. მის გაჩენასთან ერთად ჩნდება ტრაპეციების ახალი სახე - "მცოცავი" რეტუშით ზურგათლილი ტრაპეციები და სწორკუთხედები (ტაბ.IV, სურ.23-29, 38-40, 42). წნევითი რეტუშის გაჩენას წინ უსწრებდა მიკროლითების დამუშავება ბრტყელი რეტუშით. მიკროლითების განვითარების ადრეულ საფეხურზე გამოიყენებოდა ციცაბო, დამაბლაგვებელი და დამრეცი რეტუში. დამაბლაგვებელი რეტუში ჩნდება (70) ბლაგვგვერდა იარაღების გაჩენასთან ერთად. ზედა პალეოლითის შემდგომ საფეხურზე: მიკროლითების დამუშავების ახალ ხერხებთან ერთად ძველიც არ არის დავიწყებული. მიკროლითების დანიშნულების შესახებ არქეოლოგიურ ლიტერატურაში საყოველთაოდ აღიარებული მოსაზრება არსებობს, რომლის თანახმად ისინი რთული, შედგენილი იარაღების ჩასართებადაა მიჩნეული56, რომლებიც ძვლის ან ხის ტარში მაგრდებოდა ბიტუმისმაგვარი ნივთიერებით. ქვის ხანის ძეგლებში ნაპოვნია ძვლის გვერდამოღარული იარაღები, რომლებიც ჩასართების მოსათავსებელ ჩარჩოებად ითვლება. სადავოა საკითხი, თუ რა დანიშნულებისა იყო ეს რთული შედგენილი იარაღები, რომელთა ჩასართებსაც წარმოადგენდნენ მიკროლითები. ამის შესახებ არქეოლოგიურ ლიტერატურაში განსხვავებული მოსაზრებები იყო გამოთქმული. ყველაზე გავრცელებული მოსაზრების თანახმად გეომეტრიულ მიკროლითებს სატყორცნი იარაღების დანიშნულებას მიაწერენ. უკანასკნელის სასარგებლოდ მრავალი მოსაზრება და ფაქტიური მასალაა მოტანილი არქეოლოგიურ ლიტერატურაში, რომლის ამომწურავად წარმოდგენა წინამდებარე ნაშრომის ჩარჩოებში შეუძლებელია, მოვიყვანთ მხოლოდ იმ მკვლევართა მოსაზრებებს, რომლებსაც უმუშავიათ ამ საკითხებზე და თავისი მოსაზრებები დასაბუთებული აქვთ ფაქტიური მასალით. პირველ ყოვლისა საინტერესოა გ.ჩილდის57 მოსაზრება ამ საკითხის შესახებ. იგი უყოყმანოდ თვლის, რომ გეომეტრიული მიკროლითები (სეგმენტები, სამკუთხედები, ტრაპეციები) ევროპასა თუ აფრიკაში წარმოადგენდნენ შედგენილი სატყორცნი იარაღების ჩასართებს, სანადირო დანიშნულების იარაღებს. გ.ჩაილდი არ ეთანხმება ადრე გავრცელებულ მოსაზრებას, რომლის თანახმად ევროპაში გეომეტრიული მიკროლითების გავრცელება ემთხვეოდა პირველ მიწათმოქმედ-მესაქონლეთა გამოჩენას. ეს მოსაზრება მან უარყო იმის საფუძველზე, რომ ევროპაში პალეოლითელი მონადირე თემები (უკანასკნელი გამყინვარების პერიოდში) იყენებდნენ (71) გეომეტრიულ მიკროლითებს. ამით იგი გამორიცხავდა გეომეტრიული მიკროლითების სამიწათმოქმედო დანიშნულებას. თუმცა იგი ამასთანავე აღნიშნავდა, რომ გეომეტრიული მიკროლითები არ გამოდის ხმარებიდან ამ ადგილებში მიწათმოქმედ-მესაქონლეთა მოსვლის შემდეგაც. ს.სემიონოვის აზრით, მიკროლითური ტექნიკა ნადირობისათვის საჭირო იარაღის დამზადების შესაძლებლობას იძლეოდა58. ვ.მასონი გეომეტრიული ფორმის იარაღებს ეჭვგარეშე მიიჩნევს რთული, შედგენილი სატყორცნი იარაღების ჩასართებად59.

ზოგადი საკითხების კვლევისას არქეოლოგებს - პ.ეფიმენკოს60, ს.ზამიატნინს61, ა.ფორმოზოვს62, ნ.ბადერს63 - მოუხდათ კავკასიის ქვის ხანის ძეგლების გათვალისწინება, კერძოდ კი, მიკროლითური ტექნიკისა და გეომეტრიული მიკროლითების შედარებითი ანალიზის გაკეთება. ყველა მათგანი თვლიდა, რომ გეომეტრიული მიკროლითები, რთული, შედგენილი სატყორცნი იარაღების ჩასართები სანადირო დანიშნულების იარაღებია. არქეოლოგიურ ლიტერატურაში არაერთი ფაქტია მოყვანილი იმის საბუთად, რომ გეომეტრიული მიკროლითები, კერძოდ, სეგმენტები და ტრაპეციები, სატყორცნი იარაღების შემადგენელ ნაწილებს წარმოადგენენ. დანიაში ნაპოვნია ხის ისრები, რომელთა წვერის მაგივრობას სწევდნენ მაღალი სამკუთხედები64. კუნძულ ტევისზე მეზოლითურ სამარხში აღმოჩენილი ჩონჩხის ერთ-ერთ მალაში გარჭობილი იყო მიკროლითი, ხოლო მეორე მალაზე მიყენებული ნაჭდევი შეიმჩნეოდა65. ანალოგიური სამარხი იყო აღმოჩენილი უკრაინის ტერიტორიაზე. ჩონჩხის ხერხემალში გარჭობილი იყო მიკროლითი. რაც შეეხება გეომეტრიული მიკროლითების სამიწათმოქმედო დანიშნულებას, ამის შესახებ უკანასკნელი წლების არქეოლოგიურ ლიტერატურაში საკითხი არ ისმის. ცნობილია არქეოლოგ ლ.ლიკის მიერ 1931 წ. აღმ.აფრიკის (72) (კენია) ერთერთი გამოქვაბულის გათხრის საფუძველზე გამოთქმული მოსაზრება. აქ მან შენიშნა, რომ სეგმენტები რკალისებურად იყო განლაგებული. მისი აზრით, ისინი ნამგლის ჩასართებს წარმოადგენენ66. მაგრამ უფრო მოგვიანებით, როდესაც ლ.ლიკი დაინტერესდა გეომეტრიული მიკროლითების დანიშნულებით და პრაქტიკული ექსპერიმენტებიც ჩაატარა, მივიდა დასკვნამდე, რომ გეომეტრიული მიკროლითები წარმოადგენენ ეფექტურ სანადირო იარაღებს. ხოლო გ.ჩაილდი კენიის ამ აღმოჩენის შესახებ აღნიშნავდა, რომ ისინი პალეოლითურ ფენაშია ნაპოვნი და მით გამორიცხავდა მათ სამიწათმოქმედო დანიშნულებას67. მეორე გავრცელებული მოსაზრების თანახმად გეომეტრიული მიკროლითები ერთი გარკვეული სახის იარაღებს არ ეკუთვნოდნენ. სხვადასხვა ფორმის მიკროლითების ხისა ან ძვლის ტარში გარკვეული ხერხით ჩამაგრებას განსხვავებული დანიშნულების იარაღი უნდა მოეცა. ჩასართების ტექნიკასთან დაკავშირებით ს.ბიბიკოვმა გამოთქვა მოსაზრება, რომ სატყორცნი იარაღების ჩასართები ადიდებდნენ ნადირობის პროდუქტიულობას და იძლეოდნენ დაკარგული ნაწილების ადვილად შეცვლის შესაძლებლობას. მაგრამ მას ამასთანავე შესაძლებლად მიაჩნდა, აგრეთვე, ტრაპეციების ერთი ნაწილის გამოყენება ისრისპირებად, მეორე ნაწილისა კი ხერხებად, დანებად და სატეხების ჩასართებადაც კი68. სამკუთხედებს ს.ბიბიკოვი სათევზაო დანიშნულების იარაღებად მიიჩნევდა69, ე.ი. ყველა შემთხვევაში იგი მათ მითვისებითი მეურნეობისათვის განკუთვნილ იარაღებად თვლიდა. საინტერესოა გ.კორობკოვას მიერ ჯეიტუნის (შუა აზია) მიკროლითებზე ჩატარებული ტრასოლოგიური გამოკვლევების შედეგები. უკანასკნელის მიხედვით ჯეიტუნის ზოგიერთი ტრაპეცია და სეგმენტი გამოიყენებოდა შედგენილი ნამგლის ჩასართებად, ზოგიერთი კი საფხეკი იარაღებისა. გეომეტრიული მიკროლითების ნაწილი კი შესაძლებელია გამოყენებული იყო სატყორცნი იარაღების წვერებად70. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, მიკროლითებს მიკროსაჭრისების (73) დანიშნულება უნდა ჰქონოდა71. საინტერესოა წინა აზიის უძველეს ძეგლებში ე.წ. სამკელი დანების პოვნა. ეს სამკელი დანები წარმოადგენს სწორი ფორმის ძვლის ტარს შუაში ღარით, რომელშიც ჩასმული უნდა ყოფილიყო კაჟის ჩასართები. მსგავსი ნამგლები ნაპოვნია გვიან ნატუფში. მათ ყველა მკვლევარი სამკელ დანებად თვლის და შემგროვებლობისათვის განკუთვნილ იარაღად მიიჩნევს. გამონაკლისია რ.ბრეიდვუდი, რომლის აზრითაც ეს დანები უკვე მწარმოებლურ მეურნეობას უკავშირდება72. აღსანიშნავია, რომ ეს სამკელი დანები ყველა შემთხვევაში წარმოადგენს ცარიელ ტარებს, რომლებშიც არ არის შერჩენილი ჩასართები, გამონაკლისია ფაიუმში აღმოჩენილი სამკელი დანა, რომელშიაც ჩასმულია სწორი ლამელები და არა მიკროლითები. ასე: რომ, გეომეტრიული მიკროლითების პოვნა სამკელ დანებში ჯერ-ჯერობით არ არის დამოწმებული. ამასთანავე აღსანიშნავია, რომ წინა აზიის ჩამოყალიბებულ სამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებში აღმოჩენილია ამგვარივე იარაღები (სიალკი). მათში არ უნდა ვივარაუდოთ გეომეტრიული მიკროლითების ჩასმა, რადგან მაშინ ისინი უნდა ყოფილიყვნენ სიალკისა და ხასუნას ნამოსახლარების ფენებში, სადაც ამგვარი და ზოგ შემთხვევაში უკვე მოხრილი ნამგლებიც გვაქვს. როგორც ვიცით, სიალკში და ხასუნაში გეომეტრიული მიკროლითები, და საერთოდ მიკროლითური ტექნიკა, აღარ გვხვდება. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ გეომეტრიული მიკროლითები სამკელ დანებს არ უნდა უკავშირდებოდეს. სადღეისოდ გეომეტრიული მიკროლითების დანიშნულების საკითხის გადასაწყვეტად კავკასიის ძეგლებში პირდაპირი მასალა არ მოგვეპოვება. თუმცა ამის მიუხედავად ერთი რამ ცხადია - მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები კავკასიაში ჩაისახა და განვითარდა გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე მიწათმოქმედება. შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები ჩნდება ზედა პალეოლითის დასაწყისში და ვითარდება მის შემდგომ საფეხურებზე, ე.ი. ჩნდება ზედა პალეოლითის იმ ეტაპებზე, როდესაც მიწათმოქმედება არ არის საგულისხმებელი. მიკროლითური იარაღები, როგორც რთული, შედგენილი (74) იარაღების ჩასართები, გამოყენებული უნდა ყოფილიყო ნაწილობრივ შემგროვებლობისა, ნაწილობრივ კი სანადირო და სათევზაო იარაღების ჩასართებად, ე.ი ყველა შემთხვევაში მიკროლამელების ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები წარმოიშვა და განვითარდა მითვისებითი მეურნეობის წიაღში, მისი საჭიროებისათვის.

ზედა პალეოლითის დასაწყისიდან შეიმჩნევა მითვისებითი მეურნეობის მასშტაბების თანდათანობითი ზრდა. ვითარდება შემგროვებლობა, მეთევზეობა, ნადირობა. ყოველივე ამან განაპირობა მეურნეობის ამ დარგებისათვის საჭირო იარაღების განვითარება. მითვისებითი მეურნეობის გაფართოებასთან ერთად ვითარდება მიკროლითური ტექნიკა და პირუკუ, ამ ტექნიკის აღმავლობამ ხელი შეუწყო მითვისებითი მეურნეობის შემდგომ განვითარებას. ეს მოვლენები ერთმანეთთან მჭიდრო კავშირში და ურთიერთგანპირობებულობაშია.

როგორც აღვნიშნეთ, დასავლეთ ამიერკავკასიის ზედა პალეოლითის, მეზოლითისა და მთელი ნეოლითისათვის დამახასიათებელია კარგად განვითარებული მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები. ამავე ტერიტორიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებში, სადაც ჩამოყალიბებულ მიწათმოქმედებასთან გვაქვს საქმე (ნასახლარები "სოჭი-ადლერის" ტიპის თოხებით), აღნიშნული ტექნიკა ქრება. ანალოგიური მდგომარეობაა ცენტრალურსა და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში. აქაურ მეზოლითს (ეძანი, ზურტაკეტი, კობისტანი) და ნეოლითს (კობისტანი) ახასიათებს მაღალ დონეზე განვითარებული მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული ფორმის იარაღები. ამავე ტერიტორიის ადრესამიწათმოქმედო შულავერ-შომუ-თეფეს კულტურას (შულავერი, იმირის–გორა, შომუ-თეფე, თიორა-თეფე, ქიულთ-თეფე I) კი მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები აღარ ახასიათებს. გადმონაშთის სახით მათ ვხვდებით წოფის, არუხლო I და არუხლო III ნამოსახლარებზე.

ანალოგიური სურათია წინა აზიაში. აქ მეზოლითის ხანაში უკვე გამოიყოფა ორი კულტურული არეალი. პირველი მოიცავს პალესტინას, ნაწილობრივ სირიას და მცირე აზიის სამხრეთ ნაწილს, მეორე - ჩრდილო ერაყსა და ირანის ქურთისტანს. პირველ არეალში გავრცელებულ ნატუფის კულტურას მის სამივე ფაზაში ახასიათებს განვითარებული მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული ფორმის მიკროლითები. ამ კულტურის ყველა მკვლევარი (გაროდი, ნევილი, კენიონი), მათ შორის საბჭოთა არქეოლოგები, რომლებიც მუშაობდნენ ამ კულტურის საკითხებზე (ბადერი, მასონი, ფორმოზოვი) ერთხმად აღიარებენ, რომ ნატუფის კულტურის მატარებელი ტომების მეურნეობა დამყარებული იყო მითვისებით მეურნეობაზე. კერძოდ, ნადირობასა და შემგროვებლობაზე. ფართოდ განვითარებული (75) მითვისებითი მეურნეობის წიაღში, ნატუფის კულტურის მესამე ეტაპზე ჩნდება მწარმოებლური მეურნეობის ცალკეული ელემენტები, რის გამოც რ.ბრეიდვუდმა73 გამოთქვა მოსაზრება ნატუფის კულტურის მესამე ეტაპის მწარმოებლური მეურნეობისადმი მიკუთვნების შესახებ. აღნიშნულმა მოსაზრებამ, ისევე როგორც რ.ბრეიდვუდის მთელმა პერიოდიზაციამ, აღიარება ვერ პოვა. ვ.მასონს უსაფუძვლოდ მიაჩნია ნატუფის კულტურის მესამე ეტაპის მიკუთვნება მწარმოებლური მეურნეობისადმი. მისი აზრით, ნატუფის კულტურის მესამე ეტაპი მითვისებით მეურნეობას უნდა უკავშირდებოდეს74. ამ შემთხვევაში ჩვენი საკითხისათვის არა აქვს არსებითი მნიშვნელობა ნატუფის კულტურის მესამე ეტაპის კუთვნილების საკითხის გადაწყვეტას. ჩვენთვის საინტერესოა, რომ ნატუფის კულტურის მესამე ეტაპზე მწარმოებლური მეურნეობის ელემენტების გაჩენის მიუხედავად გეომეტრიული ფორმის მიკროლითების რაოდენობა უცვლელია, რაც განპირობებული იყო მითვისებითი მეურნეობის ჯერ კიდევ დიდი როლით. ამასთანავე საინტერესოა, რომ ნატუფის კულტურის წინა ორ ეტაპს ყველა მკვლევარი უყოყმანოდ აკუთვნებს მითვისებით მეურნეობას, რომლის დროსაც ფართოდაა წარმოდგენილი მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები. მსგავსი მდგომარეობაა წინა აზიის მეორე არეალში. აქაური გვიანი ზედა პალეოლითისა და მეზოლითის ძეგლებისათვის დამახასიათებელია განვითარებული მიკოოლითური ტექნიკა და გეომეტრიული ფორმის იარაღები (ზარზი, შანიდარი, იაბრუდი, გარი-კამარბანდი). აღიარებულია, რომ აღნიშნული კულტურის მატარებელი გვაროვნული ჯგუფების მეურნეობის საფუძველი მითვისებითი მეურნეობა იყო. როგორც ჩანს, იგივე დასკვნა გამოდის წინა აზიის მეორე არეალის გვიანი ზედა პალეოლითისა და მეზოლითის ძეგლების განხილვიდანაც - მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები მითვისებითი მეურნეობის საჭიროებას ემსახურებოდა. წინა აზიის უძველესი კულტურების მკვლევარნი თვლიან, რომ ზარზის, ნატუფისა და კასპიისპირა მეზოლითური კულტურების ბაზაზე წარმოიქმნა წინა აზიის ადრესამიწათმოქმედო კულტურები. მათი წარმოქმნის ადრეულ სტადიაზე (მასონის პერიოდიზაციის მიხედვით)75, სადაც გვაქვს შერწყმა მითვისებითი მეურნეობისა (76) (ნადირობა და შემგროვებლობა) და დამჯდარი მიწათმოქმედების არქაული ფორმებისა, მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული ფორმები ჯერ კიდევ მნიშვნელოვან როლს ასრულებენ (ჯარმო, იერიხონი, ბელდიბის ფენა, ჯეიტუნი). მაგრამ ადრე სამიწათმოქმედო კულტურის მეორე: ეტაპზე, სადაც უკვე ჩამოყალიბებულია მიწათმოქმედ-მესაქონლეთა კულტურა76, სადაც უკვე იმარჯვებს მწარმოებლური მეურნეობა, მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები მთლიანად ქრება ამ ეტაპს მიეკუთვნება ხაჯილარი, ჩათალ-ჰუიუკი, მერსინი, ამუკი, ხასუნა, სიალკი 1, ნამაზგა 1. ზემოთქმული უფლებას გვაძლევს დავასკვნათ:

1.მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები არ არის სამიწათმოქმედო დანიშნულების იარაღები და ამდენად, დამახასიათებელი მწარმოებლური მეურნეობისათვის;

2.მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები არქეოლოგიურ კომპლექსებში წარმოადგენენ მითვისებითი მეურნეობის განვითარების ხარისხის საკმაოდ მგრძნობიარე მაჩვენებელს, მითვისებითი მეურნეობის ხვედრითი წონის მაჩვენებელს.

ამგვარად, მიკროლითური ტექნიკისა და გეომეტრიული მიკროლითების განხილვა ქვის ხანის საფეხურების მიხედვით გვიჩვენებს, რომ დაწყებული ზედა პალეოლითის ადრეული საფეხურიდან ე.ი. მისი ჩასახვის დროიდან, აღნიშნული ტექნიკა და გეომეტრიული ფორმის იარაღები განიცდიან განვითარებას აღმავალი ხაზით, მათი თვისებრივი და რაოდენობრივი ცვლილებების გზით, რამაც უმაღლეს განვითარებას მიაღწია გვიანნეოლითში. აღნიშნული ინდუსტრიის სრულყოფა ხდებოდა პრიზმული მიკროლამელების ფართოდ განვითარების ბაზაზე. ჩვენ მიერ გამოანგარიშებულმა მიკროლითური ტექნიკის ინდექსებმა გვიჩვენა მიკროლითური ტექნიკის ზრდა აღმავალი ხაზით ქვის ხანის საფეხურების შესაბამისად (ზედა პალეოლითი, მეზოლითი, ნეოლითი): საკაჟია - 5,50/0, გვარჯილას კლდე - 7,20/0, ქვაჭარა  -3,80/0, ანასეული II - 43%. მიღებული პროცენტული მაჩვენებლებიდან ჩანს, რომ ყველაზე მაღალი ინდექსი აქვს გვიანი ნეოლითის მიკროლითურ ტექნიკას. სამწუხაროდ ტექნიკური მიზეზების გამო, ვერ მოხერხდა ჯერჯერობით ყველა ძეგლის ინდექსების გამოანგარიშება, რაც უფრო ნათელს გახდიდა მიკროლითური ტექნიკის განვითარების თავისებურებებს. როგორც ცნობილია, ფართოდ განვითარებული მითვისებითი (77) მეურნეობის წიაღში ჩაისახა მწარმოებლური ეკონომიკა (მიწათმოქმედება). ახალმა მზარდმა ეკონომიკამ ჯერ შეაფერხა, ხოლო შემდეგ შეამცირა მითვისებითი მეურნეობის როლი უძველესი ტომების მეურნეობაში. მისი მნიშვნელობის შესუსტებამ კი გამოიწვია მიკროლამელების ტექნიკის დაცემა და მიკრონაწარმის შემცირება. ამის მკაფიო მაგალითს წარმოადგენს ოდიშის ნამოსახლარი, სხვა გვიანნეოლითურ ნამოსახლარებთან შედარებით მასში ყველაზე მეტია მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული იარაღები, ხოლო იმავე ძეგლებისაგან განსხვავებით მიკროლითური ტექნიკა აქ უკვე შეზღუდულადაა წარმოდგენილი. გვიანნეოლითის შემდეგ მიკროლითური ტექნიკის მზარდი განვითარება წყდება, იგი დაღმავალი ხაზით მიმდინარეობს. ამის გამო კავკასიის ადრელითონის ხანის ძეგლებში მიკროლითური ტექნიკის ხვედრითი წონა საგრძნობლად მცირდება. ამის მაგალითია სამელე კლდის, დარკვეთის I, II, III ფენები, წოფისა და არუხლო I ნამოსახლარები. ეს კი უნდა ნიშნავდეს, რომ ენეოლითში, აღმავლობის გზაზე მდგარი  მწარმოებლური მეურნეობის პირობებში მცირდება იმ მეურნეობის როლი (მითვისებითი), რომელსაც ემსახურებოდა მიკროლითური ტექნიკა და მისი ნაწარმი. ქვისა და ლითონის ხანის ძეგლებში არსებული მიკროლითური ტექნიკის რაოდენობრივი მაჩვენებელი პირდაპირპროპორციული უნდა იყოს მითვისებითი მეურნეობის ხვედრითი წონისა. ძეგლებში, რომლებშიც სავარაუდებელია (ან ჩნდება) პირველი ლითონის ნივთები, ქვის ინდუსტრიის ხასიათი იცვლება. წყდება მიკროლითური ტექნიკის განვითარება, მცირდება გეომეტრიული მიკროლითებისა და წვრილი პრიზმული ლამელების რაოდენობა. მნიშვნელოვნად იცვლება იარაღთა სერიები. კლებულობს ან ქრება მიკროლითური იარაღები (გეომეტრიული მიკროლითები, მიკროსაფხეკები, მიკროსაჭრისები, მიკროსახვრეტები, მიკრობურღები და სხვ.), ფართოდ იკიდებს ფეხს იარაღების ორმხრივი დამუშავება, იხვეწება წნევითი რეტუში. ისახება ახალი - მსხვილი ლამელების ტექნიკა, რაც უფრო შორსაა კომპლექსი ლითონის პირველი ნივთების გაჩენის დროიდან, მით უფრო კლებულობს ნეოლითის ნიშნები. აღნიშნული პროცესი არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს მითვისებითი მეურნეობა მთლიანად ქრება ენეოლითის ხანის ისეთ კულტურებში, რომლებშიც არ არის წარმოდგენილი მიკროლითური ტექნიკა. მითვისებითი მეურნეობა სხვადასხვა ეპოქებში განსხვავებული მასშტაბით განაგრძობს არსებობას, როგორც მეურნეობის დამხმარე დარგი. მიკროლითური ტექნიკისა და მისი ნაწარმის გაქრობა (78) ძეგლებში უნდა აიხსნას, ერთი მხრივ, იმით, რომ მცირდება მითვისებითი მეურნეობის როლი და მეორე მხრივ, ძველის ახალით შეცვლით. მწარმოებლური მეურნეობის (მიწათმოქმედება) საჭიროებისათვის გაჩენილი ქვის დამუშავების ახალი ტექნიკა (მსხვილი ლამელების) პირველ ხანებში ნაწილობრივ, ხოლო შემდეგ მთლიანად აგრეთვე; უნდა ჩამდგარიყო მითვისებითი მეურნეობის სამსახურში. ენეოლითის ხანის ძეგლების ქვის მასალის ანალიზი ნათლად გვიჩვენებს, რომ ახალი ტექნიკის განვითარება (მსხვილი ლამელების) ერთხანს აღმავალი ხაზით მიდის, მაგრამ ლითონის ნაწარმის მატებასთან ერთად, მეტალურგიის გაჩენის დროისათვის, ქვის ინდუსტრია მთლიანად ეცემა. ქვის ინდუსტრიის განვითარების ეს ზოგადი კანონზომიერება დამახასიათებელია არა მარტო საქართველოს ქვისა და ენეოლითის ხანის კულტურებისათვის, არამედ იგი საერთოა მთელი კავკასიისათვის. იგივე კანონზომიერება მეორდება ყირიმისა და შუა აზიის ნეოლით-ენეოლითური ხანის ინდუსტრიებში ლოკალური ნიშნების თანხლებით. მოტანილი ფაქტები ცხადყოფენ, რომ ჩვენს წინაშეა წინა აზიისა და მისი ჩრდილო პერიფერიის (კავკასია) ქვის ინდუსტრიის განვითარების ზოგადი კანონზომიერება. მიკროლითური ტექნიკისა და გეომეტრიული მიკროლითების დეტალური შესწავლა (ძეგლის დანარჩენ ელემენტებთან მჭიდრო კავშირში), აღნიშნული კანონზომიერების გათვალისწინებით, შესაძლებლობას მოგვცემს გავმიჯნოთ ადრესამიწათმოქმედო კულტურის პირველი ეტაპის (ნეოლითი) და მეორე ეტაპის (ენეოლითი) ძეგლები.