topmenu

 

ლ. ნებიერიძე - დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხური
There are no translations available.

<უკან დაბრუნება

საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია

ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი

არქეოლოგიური კვლევის ცენტრი

ლამარა ნებიერიძე

დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის

განვითარების ადრეული საფეხური

(გვიანმეზოლითი - ენეოლით)

"მეცნიერება"

თბილისი

1986

შესავალი

(3) უკანასკნელი ათწლეულების მანძილზე არქეოლოგიურ მეცნიერებაში გლობალური მასშტაბი მიიღო მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვის, ჩამოყალიბებისა და განვითარების გზების პრობლემის კვლევამ. განსაკუთრებული ინტენსივობით წარიმართა ადრესამიწათმოქმედო კულტურებისა და მასთან დაკავშირებული მწარმოებლური მეურნეობის პირველადი კერების გამოვლენა - შესწავლა წინა, შუა და მცირე აზიაში. აღნიშნული პრობლემის კვლევას კავკასიაში, ისევე როგორც მთელ მახლობელ აღმოსავლეთში, ხანმოკლე ისტორია აქვს. მიუხედავად იმისა, რომ კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პირველი ძეგლი (თეთრამიწა) ჩვენი საუკუნის 20-იან წლებში დასავლეთ საქართველოში აღმოჩნდა, მისი მასალები დღემდე არ არის სათანადო სიღრმით შესწავლილი. უფრო მეტიც, ამავე რეგიონში მას შემდეგ, 30-იან და 40-იან წლებში აღმოჩენილმა ისეთმა მეტყველმა ძეგლებმა, როგორიც ოდიშისა და კისტრიკის ნამოსახლარებია, აღნიშნულ ასპექტში ვერ პოვეს სათანადო აღიარება კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის მკვლევართა შორის. მსგავსი ბედი ეწია 50-იანი წლების დასაწყისში გათხრილ, კავკასიის პირველ მღვიმურ მრავალფენიან ძეგლს - საგვარჯილეს. მისი მასალები დღემდე შეუსწავლელი და გამოუქვეყნებელი აღნიშნული ძეგლების კვლევა შემოიფარგლა წინასწარი ანგარიშებითა1 და მასალების დეტალური დახასიათებით2. მათ შესწავლას საფუძველი ჩაეყარა ჩვენი საუკუნის 50-იანი წლების შუა ხანებში, როცა საგანგებო ყურადღება მიექცა როგორც ადრე აღმოჩენილ, დიდხანს უყურადღებოდ მიტოვებულ (4) ადრესამიწათმოქმედო კულტურის კომპლექსებს, ასევე ახალი ძეგლების ძიება-შესწავლას. 60-იანი წლების ბოლო ხანებისათვის დასავლეთ ამიერკავკასიაში უკვე შესწავლილი იყო როგორც ახლად აღმოჩენილი ღია ნამოსახლარები (ქვემო შილოვკა, ანასეული I, II, კინტრიშის ნამოსახლარები, გურიანთა, მამათი), ასევე ადრე აღმოჩენილი ძეგლებიც3. მათი განზოგადების საფუძველზე შესაძლებელი გახდა ნეოლითურ კულტურაში ადრეული და გვიანისაფეხურების გამოყოფა და დახასიათება, ხოლო გვიანნეოლითურში - ლოკალური ვარიანტების გამოყოფა4. 60-იან წლებს ემთხვევა დასავლეთ საქართველოში, მდ.ყვირილის აუზში მღვიმური მრავალფენიანი ძეგლების (სამელე–კლდე, სამერცხლე-კლდე, ძუძუანა, დარკვეთი) ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის ფენების აღმოჩენა5, რითაც შეიქმნა საფუძველი მღვიმური, სტრატიფიცირებული ძეგლების მეშვეობით დასავლეთ ამიერკავკასიის მწარმოებლური მეურნეობის განვითარების მოგვიანო საფეხურის კვლევისა. 70-იანი წლების კვლევა-ძიებამ საქართველოს შავიზღვისპირეთში გამოავლინა მეორე რიგი ნეოლითური ნამოსახლარებისა (მელოური, ღუმურიში, გალი I, ჩხორთოლი, მახვილაური და სხვ), რომელთა შესწავლამ გარკვეული წვლილი შეიტანა ადრესამიწათმოქმედო კულტურის კვლევის საქმეშიც, მაგრამ, მიუხედავად ზემონახსენები კვლევა-ძიებისა, აღნიშნული წლები დასავლეთ ამიერკავკასიაში იყო მხოლოდ მასალების დაგროვების, ახალი ძეგლების აღმოჩენისა და ძირითადი ფაქტობრივი ბაზის შექმნის ხანა. ამ პერიოდში იყო ცდები მასალის თავმოყრა-განზოგადების, ცალკეული მონოგრაფიული პუბლიკაციების შექმნისა და მთის ნეოლითის გამოყოფისა7. დასავლეთ ამიერკავკასიაში მწარმოებლური მეურნეობის პრობლემის კვლევის შემდგომი ეტაპი დარკვეთის მრავალფენიანი ეხი-ს შესწავლას უკავშირდება, სადაც ადრენეოლითურ ფენაში მოპოვებული იყო მწარმოებლური მეურნეობის, კერძოდ, მეცხოველეობის დამადასტურებელი პირველი ფაქტობრივი მასალა8. ზემოაღნიშნული კვლევა–ძიების შედეგად დაგროვილი ფაქტობრივი მასალა აშკარად მიგვანიშნებდა დასავლეთ კავკასიური მწარმოებლური კერის არსებობასა და მისი შესწავლის პერსპექტიულობაზე. აღნიშნულმა გარემოებამ ამიერკავკასიური მწარმოებლური მეურნეობის კერის კვლევის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ჩასახვის, ჩამოყალიბებისა და განვითარების გზების, "ნეოლითური რევოლუციის" შედეგების შესწავლას. 60–იანი წლები აღინიშნა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ინტენსიური კვლევის დაწყებით საბჭოთა კავშირის სამხრეთ რეგიონებში. განსაკუთრებული სიღრმით აისახა შუააზიური მწარმოებლური მეურნეობის უძველესი კერა9. დიდი წარმატებები იყო მიღწეული აგრეთვე ჩრდილო-დასავლეთ შავიზღვისპირეთის ადრესამიწათმოქმედო კულტურის "შესწავლაში"10. 60–იან წლებამდე აღმოსავლეთ ამიერკავკასიის სამიწათმოქმედო კულტურის უძველეს ძეგლებად ითვლებოდა ე.წ. მტკვარ-არეზის კულტურის ნამოსახლარები. აზერბაიჯანში ქიულ-თეფე I-ის (ნახიჩევანის რ-ნი) მრავალფენიანი ნამოსახლარი ბორცვის შესწავლა გახდა პირველი მაუწყებელი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში მტკვარ–არეზამდელი ადრესამიწათმოქმედო კულტურის აღმოჩენისა. ამას მოჰყვა აზერბაიჯანის, სომხეთისა და აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე ამ ეპოქის მთელი წყება ძეგლების გამოვლენა. 60-იანი წლების შუა ხანებში აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში მტკვარ-არეზამდელი ე.წ. შომუთეფე–შულავრის ადრესამიწათმოემედო კულტურის ძეგლების აღმოჩენამ (შულავერი არუხლო I-IV, იმირი, და ხრამის დიდი გორები და სხვ.) და მათმა ინტენსიურმა შესწავლამ ცხადი გახადა, რომ დაიწყო ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ადრესამიწათმოქმედო კულტურის კვლევის ახალი ეტაპი. თუმცა, მიუხედავად ამისა, 70-იანი წლების შუა ხანების არქეოლოგიურ ლიტერატურაში ისევ სამართლიანად აღინიშნებოდა ამიერკავკასიური ადრესამიწათმოქმედო კერის სუსტი შესწავლილობა11. სადღეისოდ მდგომარეობა საგრძნობლად შეიცვალა. აღმ. ამიერკავკასიის ახლადაღმოჩენილი კულტურის შესწავლას უკვე როგორც ზოგადი, ისე კონკრეტული ხასიათის შრომები12, რომლებიც ცხადყოფენ აღმოსავლეთ ამიერკავკასიის მწარმოებლურ ეკონომიკაზე დამყარებული, ბინადარი მიწათმოქმედ-მესაქონლე ტომების საკმაოდ განვითარებული კულტურის სიძველეს. აღნიშნულმა გამოკვლევებმა მნიშვნელოვნად შეავსეს ხარვეზი ამიერკავკასიური ადრესამიწათმოქმედო კულტურის კერის შესწავლაში. აშკარა გახდა რომ შუააზიურ და ჩრდილო–დასავლეთ შავიზღვისპირეთის მწარმოებლური (7) მეურნეობის ცენტრებთან ერთად არსებობდა კიდევ ერთი, ამიერკავკასიური კულტურის მძლავრი კერა. მაგრამ, მიუხედავად ინტენსიური კვლევა-ძიებისა, რომელიც წარმოებდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში და რომელიც დაგვირგვინდა განვითარებული, აღმოსავლეთ ამიერკავკასიური ადრესამიწათმოქმედო კულტურის გამოვლენით, აღნიშნულ რეგიონში, მეზოლით-ადრენეოლითის სუსტი შესწავლის გამო, ჯერ-ჯერობით მაინც არ ხერხდება ადრესამიწათმოქმედო კულტურის ჩასახვისა და პირველადი განვითარების კერის დადგენა13. ე.ი. მისი ჩასახვა-განვითარების სრული სურათის მთლიანობაში აღდგენა. აღნიშნული ხარვეზის გამო ჯერ-ჯერობით კავკასიის არც ერთ რეგიონში არ არის აღდგენილი მწარმოებლური მეურნეობის განვითარების მეტ-ნაკლებად სრული სურათი. ამ მხრივ უკეთესი პერსპექტივაა დასავლეთ ამიერკავკასიაში, სადაც კავკასიის სხვა რეგიონებისაგან განსხვავებით, ყველაზე უკეთაა შესწავლილი მეზოლით-ადრენეოლითური კულტურები, ასევე მრავლადაა გამოვლენილი ადრესამიწათმოქმედო კულტურის შემდგომი ეტაპის (გვიანნეოლითი, ენეოლითი) ძეგლები.

ამდენად, მიგვაჩნია, რომ ამიერკავკასიური მწარმოებლური მეურნეობის უძველესი კერის კვლევა არასრული იქნება დასავლეთ ამიერკავკასიური უძველესი, თვითმყობადი კულტურის გაუთვალისწინებლად, მისი განვითარებისხასიათისა და დონის შეფასების გარეშე. მით უმეტეს, რომ დასავლეთ ამიერკავკასიაში სადღეისოდ უკვე ფიქსირდება მწარმოებლური მეურნეობის დამადასტურებელი ახალი მასალები, რომელთა საფუძველზე უკვე შეიძლება თვალი გავადევნოთ მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვას, წარმოშობასა და ჩამოყალიბებას, ე.ი. აღნიშნული კულტურის განვითარებას მთლიანობაში. განვითარების ეს რთული გზა რამდენიმე თანამიმდევრულ საფეხურს მოიცავდა, რომელიც არქეოლოგიურად ნეოლითისა და ენეოლითის ეპოქებს ემთხვეოდა (VIII-IV ათ. ძვ.წ.) დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ჩასახვის, პირველადი განვითარებისა და ჩამოყალიბების ხანგრძლივ პროცესში სამ ძირითად საფეხურს გამოვყოფთ, რომლებიც თანამიმდევრობით ასახავენ მწარმოებლური მეურნეობის განვითარების ადრეულ საფეხურებს. უადრეს, პირველ საფეხურში ვათავსებთ გვიანმეზოლით–ადრენეოლითის ეპოქების ძეგლებს (განიხილება კავკასიის მასშტაბით), რომლებშიც ჩანს მითვისებითი მეურნეობის წიაღში მწარმოებლური ეკონომიკის (8) ელემენტების ჩასახვა, მეორე საფეხური არქეოლოგიურად მოიცავს შუა და გვიანნეოლითს, რომლის მანძილზე მიმდინარეობს მეურნეობის ახალი დარგების განვითარება აღმავალი ხაზით. მესამე საფეხურში ვათავსებთ დასავლეთ ამიერკავკასიის ენეოლითურ (ძირითადად მღვიმურ და ზოგიერთ ღია ნამოსახლარებს) ძეგლებს, ზოგ შემთხვევაში კი, სადაც ჭირს ენეოლით-ადრებრინჯაოს გამიჯვნა, ამ უკანასკნელსაც ვეყრდნობით. აღნიშნული საფეხურისათვის ნიშანდობლივია ნეოლითის ძირეული გარდაქმნების შედეგების დამკვიდრება. მწარმოებლური ეკონომიკის ხვედრითი წონის განუხრელი ზრდა. აღნიშნული თემა მრავალმხრივია და გააჩნია რიგი საკვანძო საკითხებისა, რომელთა გადაწყვეტა მთელი სისრულით ერთ გამოკვლევაში შეუძლებელია. ამას აგრეთვე ართულებს დასავლეთ ამიერკავკასიური სპეციფიკური ბუნებრივი პირობებით განპირობებული, ღია ნამოსახლარების არასრულყოფილი დაცულობა. ნაშრომში განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ არქეოლოგიური, პალეოზოოლოგიური და პალეობოტანიკური მონაცემების ერთობლივ შესწავლაზე რათა ცოდნის დღევანდელ დონეზე შეძლებისდაგვარად დახასიათდეს აღნიშნული კულტურის განვითარების ცალკეული საფეხურები და აღდგეს ის ეკოლოგიური გარემო, რომელშიც ჩაისახა და განვითარდა დასავლეთ ამიერკავკასიის უძველეს მიწათმოქმედ–მესაქონლე ტომთა კულტურა. აღნიშნული კულტურის შესწავლისას თვალს ვადევნებთ არა მარტო მწარმოებლური მეურნეობის ახალი დარგების ჩასახვა–განვითარებას, არამედ მითვისებითი მეურნეობის ცალკეული დარგების (ნადირობა, შემგროვებლობა, მეთევზეობა) განვითარების დონესაც, რომლის წიაღშიც ჩაისახა ახალი ეკონომიკის საწყისები. მიუხედავად იმისა, რომ უკვე დაგროვდა მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მასალა და გვაქვს დასავლეთ ამიერკავკასიის მეზოლით–ნეოლითური კულტურების შესწავლისადმი მიძღვნილი ზოგადი და კონკრეტული ხასიათის ცალკეული ნაშრომები, ჯერჯერობით არ არსებობს სპეციალური გამოკვლევა, რომელშიც ასახული იქნებოდა მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვისა და განვითარების რთული და ხანგრძლივი პროცესი გვიანმეზოლითიდან ადრებრინჯაომდე სწორედ აღნიშნულ ამოცანას ისახავს წინამდებარე ნაშრომი. აღნიშნული საკითხების კვლევისას ვიყენებთ როგორც ადრე შესწავლილ ძეგლებს, ასევე მეცნიერულ მიმოქცევაში შემოგვაქვს ახალი არქეოლოგიური მასალებიც. ნაშრომში მოცემულია გვიანმეზოლითური და ნეოლითური ძეგლების სრული ნუსხა კავკასიის მასშტაბით. ნაშრომში დასმული საკითხების კვლევას შევეცადეთ ფართო (9) კულტურულ–ისტორიულ ფონზე, კავკასიის დანარჩენი მხარეებისა და მიმდებარე ტერიტორიების მასალების გათვალისწინებით. ავტორი, რა თქმა უნდა, არ თვლის, რომ სადღეისოდ არსებული მასალა საშუალებას იძლევა სრულყოფილად აღვადგინოთ ადრესამიწათმოქმედო კულტურის ჩასახვისა და განვითარების რთული პროცესი. ეს შეუძლებელიცაა აღნიშნული პრობლემის კვლევის დღევანდელ დონეზე. მაგრამ მოტანილი მასალის გაანალიზება და შეჯერება სინქრონულ ძეგლებთან საშუალებას მოგვცემს მიახლოებით აღვადგინოთ ამ პროგრესული განვითარების ძირითადი მიმართულება და  მოვნიშნოთ მისი საწყისები. წინამდებარე ნაშრომი წარმოადგენს დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ადრეული საფეხურების დახასიათების პირველ ცდას. აღნიშნული პრობლემის კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს კავკასიის უძველესი მწარმოებლური მეურნეობის კერის მთლიანობაში შესწავლისათვის

თავი I

დასავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის უადრესი საფეხური

1. კავკასიის გვიანმეზოლით - ადრენეოლითის პრობლემისათვის

(10) უკანასკნელ ათწლეულში კავკასიის ადრენეოლითურ ძეგლებში აღმოჩენილი მწარმოებლური მეურნეობის დამადასტურებელი მასალა მიუთითებს, რომ ახალ ეკონომიკაზე გადასვლის რთული და ხანგრძლივი პროცესის საწყისი მეზოლითს უკავშირდება1. აღნიშნულმა გარემოებამ განაპირობა გვიანმეზოლით–ადრენეოლითის პრობლემის კვლევის პერსპექტიულობა და მისი რელიეფურად წამოწევა. გვიანმეზოლით—ადრენეოლითურ ძეგლებზე განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებთ იმის გამო, რომ მათში ჩაისახა ის წინაპირობები, რომლებმაც შემდგომ ხელი შეუწყვეს პირველყოფილი საზოგადოების გადასვლას მითვისებითი მეურნეობიდან მწარმოებლურზე. ახალი ტიპის ეკონომიკის ჩასახვის პროცესის კვლევაში განსაკუთრებული მნიშვნელობა მოიპოვა კავკასიის კარგი სტრატიგრაფიის მქონე, მრავალფენიანი ძეგლების პატარა, მაგრამ მეტყველმა ჯგუფმა, რომელშიც დაცული იყო გვიანმეზოლით-ადრენეოლითის უძრავი კულტურული ფენები (ცივი მღვიმე, აცი, აფიანჩა, დარკვეთი, ჩოხი, სოსრუყო და სხვ.). დიდი და მკაფიო კომპლექსი მოგვცა ეძანის ეხმა. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს კავკასიაში აღმოჩენილი გვიანმეზოლითური ერთფენიანი ნამოსახლარების რაოდენობის მატება. ესენია: კვირიკეს ჯგუფის ძეგლები აჭარაში, ფიჭვიგვინას ტიპის ძეგლები შიდა ქართლში, კოზმა–ნოხო დაღესტანში და სხვა, რომელთა დიდი ნაწილი ღია ნამოსახლარებია. კავკასიის ადრენეოლითური ძეგლების რიცხვიც დღეისათვის არ (11) არის დიდი. მაგრამ თუ ამ თვალსაზრისით შევადარებთ ოციოდე წლის წინანდელ პერიოდს, როდესაც მათი რაოდენობა დასავლეთ ამიერკავკასიაში მხოლოდ ანასეული 1–ითა და მასთან ქრონოლოგიურად ახლო მდგომი კინტრიშის ნამოსახლარებით იფარგლებოდა, მდგომარეობა უკეთესისაკენ შეიცვალა. ინტენსიური კვლევა–ძიების შედეგად მათი რიცხვი გაიზარდა, თუმცა ისინი კვლავინდებურად არათანაბრადაა განაწილებული კავკასიის არქეოლოგიურ რუკაზე და ჯერ კიდევ ბევრია ისეთი კუთხე, სადაც აღნიშნული პერიოდის ძეგლები აღმოჩენილი არ არის. კავკასიის მღვიმურ ძეგლებს ემატება ადრენეოლითური ღია ნამოსახლარები - ანასეული 1, მელოური, ხორში, ხევი, ფირუზ I, ფირუზ II, ბუინაკსკი, ტარნაირი და სხვ. კავკასიის გვიანმეზოლითური და ადრენეოლითური  ძეგლების რაოდენობა ზემოჩამოთვლილი კომპლექსებით არ იფარგლება. იგი გაცილებით უფრო დიდია. აღნიშნული ეპოქების დახასიათებისას ძირითადად ვეყრდნობით სრულფასოვან ძეგლებს (როგორიცაა სტრატიგრაფიის მქონე სუფთა კომპლექსები, შესწავლილი და გამოქვეყნებული), თუმცა დანარჩენებიც მხედველობაში გვაქვს და ვითვალისწინებთ. მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვის პრობლემის კვლევასთან დაკავშირებით გვიანმეზოლით–ადრენეოლითური ძეგლების ეს მცირერიცხოვანი ჯგუფი, რომელიც ჩვენ ადრეც მიმოვიხილეთ კავკასიის მასშტაბით2, საშუალებას იძლევა მეტ-ნაკლები სისრულით აღვადგინოთ გვიანმეზოლით - ადრენეოლითელი ტომების კულტურულ–სამეურნეო განვითარების ძირითადი მიმართულება. წინამდებარე ნაშრომში ფართოდ ვიხილავთ აღნიშნულ კომპლექსებს და ამასთანავე ვითვალისწინებთ ახლად აღმოჩენილ ძეგლებსაც, რათა მათ საფუძველზე ზოგადად დავახასიათოთ კავკასიური გვიანმეზოლითური და ადრენეოლითური კულტურები, კაჟის ინდუსტრიაში გამოვყოთ ეპოქალური ნიშნები, რათა ცოდნის დღევანდელ დონეზე, კავკასიის მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვისა და ჩამოყალიბების გზების ძიებისას, მიახლოებით მაინც აღვადგინოთ ამ მნიშვნელოვანი პროცესის ზოგადი მიმართულება. მხოლოდ შემდეგ შევეხებით კავკასიის სხვადასხვა რეგიონების ლოკალურ თავისებურებებს და შევეცდებით კავკასიის ცალკეულ მხარეებში დაახლოებით მაინც წარმოვიდგინოთ ეკონომიკის მოდელები. კავკასიის ძეგლების მიმოხილვას დასავლეთ ამიერკავკასიით ვიწყებთ, რადგან მათი ყველაზე დიდი ჯგუფი ამ რეგიონიდანაა ცნობილი. ამასთანავე, კავკასიის პირველი მრავალფენიანი ნამოსახლარები (12) გვიანმეზოლით–ადრენეოლითური ფენებით სწორედ აქ იყო აღმოჩენილი. აქვე გვინდა აღვნიშნოთ, რომ კულტურების ურთიერთმიმართების, მემკვიდრეობითობის და რაც მთავარია, მწარმოებლურ მეურნეობაზე გადასვლის პროცესის უკეთ წარმოჩენის მიზნით მრავალფენიანი ძეგლების ადრენეოლითურ კომპლექსებს განვიხილავთ გვიანმეზოლითურის კვალდაკვალ. დასავლეთ ამიერკავკასიის პირველი მრავალფენიანი ძეგლი -მღვიმე ხუპინიპშახვა (ცივი) - აღმოჩენილი და გათხრილი იყო 1938 წ. ლ.სოლოვიოვის მიერ წებელდის რაიონში, მდ.კოდორისა და ამტყელას შესაყართან. ზედა, პირველ ფენას ლ.სოლოვიოვი თავდაპირველად მეზოლითურად თვლიდა, ხოლო უფრო მოგვიანებით გამოსულ ნაშრომში აღნიშნავდა, რომ ამ ფენაში არის გვიანმეზოლითისათვის უჩვეულო მასალა. ერთ–ერთ ბოლო გამოკვლევაში კი ვარაუდობდა მასში უკერამიკო ნეოლითს3. დღეს უკვე მკვლევართა უმრავლესობა სრულიად სამართლიანად I ფენას ადრენეოლითურად მიიჩნევს. ზემოაღნიშნული ფენის ქვეშ აღმოჩენილი იყო ტიპური გვიანმეზოლითური კომპლექსი, რომელიც შეიცავდა მოკლე ანატკეცებზე-დამზადებულ კიდურა და მრგვალ საფხეკებს, კუთხის საჭრისებს, ლამელის განივკვეთებს, სახვრეტებს. ცოტა იყო გრავეტისებური იარაღები, ტრაპეციები და სეგმენტები. ამ კომპლექსში გვხვდება კოდორის ფიქალისაგან დამზადებული საჩეხი იარაღი, ცულების უხეში პროტოტიპები და სატეხები. ძვლის იარაღები წარმოდგენილია ორ ან ოთხკბილა ჭვილთებითა და მათი ნატეხებით, არის ორაგულის ძვლებიც. ფაუნა წარმოდგენილია გარეულ ცხოველთა ნაშთებით (კეთილშობილი ირემი, გარეული ღორი, ლოსი და სხვ.). ადრენეოლითურ (1 ფენა) ფენაში გვიანმეზოლითური იერის მასალასთან (მიკროლამელებთან, მრგვალ და მიკროლითურ საფხეკებთან, ტრაპეციებთან და სეგმენტებთან) ერთად ნაპოვნი იყო რიყის ქვის სხვადასხვა ქანებისაგან დამზადებული ხელსაფქვავები, სახეხ-სასრესები, გაპობილი რიყის ქვის „თოხები“, ფიქალისა და ქვიშაქვის იარაღები, ძვლის სადგის–სახვრეტები და ჭვილთები. ამავე ფენაში ნაპოვნი იყო რამდენიმე ათეული გარეული ფეტვის (13) დანახშირებული მარცვალი, ორაგულის ხერხემლის მალები და გარეული ცხოველების ძვლები ქვედა ფენის ანალოგიური სახეობებით4. კავკასიის მეორე მრავალფენიანი ძეგლი - მღვიმე კეპ-ბოღაზი (აფიანჩა) – ისევ აფხაზეთში აღმოაჩინა ლ.სოლოვიოვმა 1940 წ., მაგრამ მოკლე ხანში დაწყებული სამამულო ომის გამო აღნიშნულ ძეგლებზე სტაციონარული გათხრები არ დაწყებულა. აქ გაკეთებულ სადაზვერვო თხრილში დადასტურდა ოთხი კულტურული ფენა. მკვლევარი მღვიმეში ვარაუდობდა ზედაპალეოლითური და მეზოლითური ფენების არსებობას5. სტრატიგრაფიის დადგენისა და ძეგლის კომპლექსური შესწავლის მიზნით 1976 წ. არქეოლოგიური კვლევის ცენტრის კოდორის ხეობის არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ (ხელმძღ. ლ.წერეთელი) აღნიშნულ მღვიმეში დაიწყო სტაციონარული გათხრები. სადღეისოდ უკვე აფიანჩას მღვიმეში დადგენილია ხუთი კულტურული ფენა6. ზემოდან პირველი, ადრენეოლითური ფარავდა გვიანმეზოლითურს. გვიანმეზოლითურ ფენაში ნაპოვნია კონუსისებური ნუკლეუსები, დანისებური მიკროლამელები, დუბლირებული და გვერდითი საფხეკები, ლამელები, ანატკეცებზე ნაკეთები სახვრეტები, მოგრძო ფორმის სეგმენტები და ტრაპეციები (ტიპური ფორმები ცოტაა), გრავეტისებური მიკროწვეტანა, ძვლის საპრიალებლები, სადგისები და ჭვილტების ნატეხები7. ადრენეოლითური ფენის კაჟის მასალაში წამყვანი ადგილი უჭირავს წარმოების ნაშთებს, რომელთა შორის მრავლადაა ანატკეც-ანატეხები, ნუკლეუსები წარმოდგენილია ფანქრისებური, კონუსისებური, ბრტყელი და პრიზმული ფორმებით. იარაღთა წამყვანი სახეებია საფხეკები და საჭრისები. საფხეკები ნაკეთებია როგორც ლამელებზე, ასევე ანატკეცებზე, სჭარბობს მიკროსაფხეკები. საჭრისები ძირითადად კუთხისა და გვერდისაა მიკროიარაღებს შორის წამყვანი ადგილი ორფერდდამუშავებულ ტრაპეციებს უჭირავს. სეგმენტები ერთეულების სახითაა. არის აგრეთვე სამგვერდდამუშავებული მოგრძო სწორკუთხედები(14). აღსანიშნავია ზურგდაბლაგვულ, ცხვირმოხრილ ლამელაზე დამზადებული იარაღი, რომელიც სამკელ დანადაა მიჩნეული7. რიყის ქვის იარაღები კოლექციაში ცოტაა, ამასთანავე, მათ არა აქვთ მკაფიოდ ნეოლითური იერი. აქ ნაპოვნი იყო სანაყები, სატეხები, სახეხები, ორმხრივნახეხი, ასტამისებური იარაღის ნატეხი და ღარიანი იარაღის ფრაგმენტი. მიუხედავად აღნიშნული მასალის სიმცირისა, იგი მაინც მოწმობს ახალი ეპოქის დასაწყისს. ძვლის ნაკეთობებიდან აღსანიშნავია ეშვისაგან დამზადებული თოხისებური იარაღი და ანკესი. კერამიკა ამ კომპლექსს არ ახასიათებს. დაახლოებით იმავე პერიოდში დ.კრაინოვის მიერ მდ.აცის მარჯვენა ნაპირზე (ქ.სოჭის მახლობლად), აცის მღვიმეში აღმოჩენილი იყო შავიზღვისპირეთის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მრავალფენიანი ძეგლი, რომელშიც ექვსი კულტურული ფენა დადასტურდა. IV და III ფენებს მკვლევარი მეზოლითით ათარიღებდა8.

IV ფენაში ნაპოვნია ბლაგვგვერდა ლამელები, მომრგვალო მიკროსაფხეკები, სეგმენტები. დიდი რაოდენობითაა ნიჟარები (Helix), თავ- და გვერდრეტუშიანი ლამელები, საჭრისები, გრავეტის ტიპის მიკროიარადები, სახვრეტები, გვერდამოღარული ისრისპირი, ფაუნა; წარმოდგენილია გარეული ხარით, მღვიმის დათვით, ჯეირანით და კეთილშობილი ირმით.

III ფენა ხასიათდება ტრაპეციებით, მიკროსახვრეტებით, მიკროსაჭრისებით, თავრეტუშიანი ლამელებით. ტიპოლოგიურად III ფენის მასალა ახლოს დგას ადრენეოლითურთან ამიტომ ჩვენ გვეჩვენება, რომ III ფენა ადრენეოლითს უნდა ეკუთვნოდეს, ხოლო IV ფენა - გვიანმეზოლითს. II ფენაში უკვე ნაპოვნია კერამიკა და რიყის ქვის იარაღები. დასავლეთ ამიერკავკასიაში მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვის პრობლემის გადაწყვეტაში ზემოჩამოთვლილ ძეგლებს შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს დარკვეთის მრავალფენიან ეხს. ეს კავკასიის პირველი გამოქვეყნებული მრავალფენიანი  ძეგლია9, რომელიც შეიცავს ოთხი ეპოქის კულტურულ ნაშთებს (გვიანი მეზოლითი - ადრე ბრინჯაო). გარდა ამისა, დარკვეთი საკვანძო ძეგლია იმის გამო, რომ მასზე, ჯერჯერობით ერთადერთ ძეგლზე კავკასიაში, ადრენეოლითში დადასტურდა შინაური ცხოველების ძვლები. (15) გვიანმეზოლითურ ფენაში (V) აღმოჩნდა კიდურა საფხეკები, ასიმეტრიული სამკუთხედები, ბლაგვზურგა და მიკროლამელები, რიყის ქვის საწაფი და შურდულის ქვები. ძვლოვანი ნაშთები წარმოდგენილია გარეული ფაუნით (კეთილშობილი ირემი, შველი, გარეული ღორი, ცხვარი, თხა და სხვ. - განსაზღვრა ო.ბენდუქიძემ). ძეგლს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს მეზოლითური ფენის ზემოთ მდებარე, სტერილური შრით გამოყოფილი ადრენეოლითური ფენა, რომელიც სტრატიგრაფიულ ჭრილში ზევიდან რიგით მეოთხე იყო და წარმოადგენდა 25-27 სმ სისქის ღორღნარევ ნაცროვან ფენას, რომლის ქვედა ნაწილში დადასტურდა კერის ნაშთი. კაჟის ინდუსტრია ხასიათდება ლამელური და მიკროლითური ტექნიკით. გეომეტრიული ფორმის მიკროლითები წარმოდგენილია ორფერდ - დამუშავებული ტრაპეციებით, მიკროიარაღებიდან დამახასიათებელია მომრგვალო მიკროსაფხეკები და მიკროსაჭრისები. გვხვდება დაკბილული იარაღები. მეზოლითური ტრადიციების მქონე კაჟის ინვენტართან ერთად თანაარსებობს თვისებრივად სრულიად ახალი ეპოქის ნიშნები - მოგრძო, ოვალური ფორმის ხელსაფქვავები, რიყის ქვის გახეხილ-გაპრიალებული ბრტყელი ცული, სატეხ-სათლელები, და რაც მთავარია, შინაური ცხოველების ძვლები. კერამიკა ამ ფენას არ ახასიათებს. პალეონტოლოგიური მასალის შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ ეხის მცხოვრებლებს უკვე ადრენეოლითურ ხანაში მოშინაურებული ჰყავდათ: ძროხა (Bos taurus), ღორი (Sus domesticus), წვრილფეხა რქოსანი პირუტყვი (Ovis aut capra) და ძაღლი (Canis familiaris). როგორც ირკვევა, ყველაზე ჭარბად ღორის ძვლები იყო წარმოდგენილი. გარეული ცხოველებიდან აღსანიშნავია: კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus), შველი (Capreolus capreolus), ღორი (Sus scrofa), თხა (Capra sp.), ცხვარი (Ovis Sp.) (განსაზღვრეს ო.ბენდუქიძემ და ნ.ბურჩაკ-აბრამოვიჩმა). შავიზღვისპირეთის მღვიმური მრავალფენიანი ძეგლების შემდეგ განვიხილავთ ამავე რეგიონის ღია ნამოსახლართა პატარა ჯგუფს, რომელიც ტიპოლოგიურად და ქრონოლოგიურად ახლოს დგას ზემოდახასიათებულ გვიანმეზოლითურ კომპლექსებთან. ესაა აჭარაში, მდ.კინკიშასა და მდ.ჩოლოქის ხეობების ტერასებზე აღმოჩენილია ღია ნამოსახლარები - კვირიკე, ჩოლოქი და ჯიხანჯური10.

(16) კვირიკეს ჯგუფის (კვირიკე, ჩოლოქი, ჯიხანჯური) ძეგლების ქვის ინდუსტრია მიკროლითურ ხასიათს ატარებს". იარაღები უპირატესად ლამელებზეა ნაკეთები, კომპლექსები არ გამოირჩევა მასალის მრავალფეროვნებით. მათ ახასიათებთ მცირე ზომის ფანქრისებური და მიკროკონუსური ნუკლეუსები. იარაღები ძირითადად წარმოდგენილია ლამელის კუთხეზე დამზადებული მარტივი საჭრისებით და გვიანმეზოლითისათვის დამახასიათებელი სტანდარტული ფორმის ოვალურპირიანი კიდურა - საფხეკებით გვხვდება თავგამოყვანილი, ამოღარული და გვერდრეტუშიანი ლამელები, სახვრეტები და ხერხები. ქვის იარაღებიდან აქ ნაპოვნია ბაზალტისაგან დამზადებული საჩეხისებური იარაღი12. როგორც მასალის ზოგადი დახასიათებიდან ჩანს, ეს კომპლექსები ტიპოლოგიურად ძალიან ახლოსაა გვიანმეზოლითურ ძეგლებთან. აქ სახეზეა ყველა ის ძირითადი ეპოქალური ნიშანი, რაც კავკასიის გვიანმეზოლითს ახასიათებს. გამონაკლისს შეადგენს გეომეტრიული ფორმის იარაღები. მათი არარსებობა ამ შემთხვევაში უფრო ძეგლების თავისებურებაზე უნდა მეტყველებდეს, ვიდრე ქრონოლოგიურ მომენტზე. კვირიკეს ჯგუფის ძეგლები ხუცუბან - ქობულეთის კომპლექსების თანადროულადაა მიჩნეული13. აღნიშნული ძეგლების ტიპოლოგიური ანალიზისა და მათი დასავლეთ ამიერკავკასიის სხვა გვიანმეზოლითურ და ადრენეოლითურ ძეგლებთან შედარების საფუძველზე ჩვენ შესაძლებლად მივიჩნიეთ კვირიკეს კომპლექსის მიკუთვნება დასავლეთ ამიერკავკასიის გვიანმეზოლითური ძეგლების ჯგუფისადმი და მისი ქრონოლოგიური გამიჯვნა კინტრიშის ნამოსახლარებისაგან11. მრავალფენიანი მღვიმეების გვიანმეზოლით–ადრენეოლითური კომპლექსებისა და ერთფენიანი გვიანმეზოლითური ღია ნამოსახლარების მიმოხილვის შემდეგ გადავდივართ მათთან ქრონოლოგიურად ყველაზე ახლო მდგომ, გვიანმეზოლითიდან ადრენეოლითზე გარდამავალი ჯგუფის ძეგლებზე, რომლებიც უფრო მეტ სიახლოვეს იჩენენ ადრენეოლითთან, ვიდრე გვიანმეზოლითთან. აღნიშნული საფეხური (გარდამავალი) დასავლეთ ამიერკავკასიაში წარმოდგენილია კინტრიშის ნამოსახლარებით (ხუცუბანი, ქობულეთი)15 (ტაბ.V). (17)

ქობულეთის უძრავი და ხუცუბნის დარღვეული ფენებიდან მომდინარე მასალების ერთგვაროვნების გამო კინტრიშის ნამოსახლარების ქვის ნაწარმს ერთობლივად განვიხილავთ. ხუცუბნისა და ქობულეთის ნამოსახლარების ქვის ინდუსტრია ძირითადად კაჟისა და ობსიდიანის მასალითაა წარმოდგენილი, კაჟის მცირე რაოდენობრივი უპირატესობით. ქვის დამუშავების ტექნიკას მიკროლითური ხასიათი აქვს. იარაღების უმრავლესობა ლამელებზეა ნაკეთები. ყურადღებას იქცევს დახვეწილი მოყვანილობის პრიზმისებური, კონუსისებური და ფანქრისებური ნუკლეუსები. დიდი რაოდენობითაა სწორწახნაგა დანისებური ხშირად გვერდრეტუშიანი ლამელები. მათ შორის არის რამდენიმე ბლაგვზურგა მიკროლამელაც. კომპლექსის იარაღთა წამყვანი ტიპებია ლამელებზე ნაკეთები მარტივი და თავრეტუშიანი საჭრისების სერიები და ლამელებსა თუ თხელ ლამელისებურ ანატკეცებზე დამზადებული, მომრგვალო, ოვალური, მაღალი და ორმაგი სამუშაო პირის მქონე საფხეკები. დანარჩენი იარაღები კოლექციაში რაოდენობრივად ნაკლებია და წარმოდგენილია სახვრეტებით, დაკბილული იარაღებით, ხოწებით, დანებით, ისრისმაგვარი და კომბინირებული იარაღებით. გეომეტრიული ფორმის მიკროლითები ნამოსახლარებს არ ახასიათებს. რიყის ქვის იარაღებიდან ხუცუბანში ნაპოვნია შურდულის ქვა და საწაფი, ხოლო ქობულეთში მხოლოდ შურდულის ქვები. კინტრიშის ნამოსახლარების ქვის დამუშავების ტექნიკისა და იარაღების შედარებით-ტიპოლოგიური ანალიზი გვიჩვენებს16, რომ ამ ძეგლებს გვიანმეზოლითურთან შედარებით განვითარების გარკვეული გზა აქვთ გავლილი და დიდ სიახლოვეს იჩენენ ადრენეოლითურ კომპლექსებთან, თუმცა რიგი ნიშნებით მათთან შედარებით არქაულად გამოიყურებიან. ძეგლების შედარება ცხადყოფს, რომ კინტრიშის ნამოსახლარებს შუალედური ადგილი უჭირავთ გვიანმეზოლითურსა და ადრენეოლითურ კომპლექსებს შორის17. პირველი ძეგლი, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი გახდა დასავლეთ ამიერკავკასიის ნეოლითურ კულტურაში განვითარების ადრეული საფეხურის გამოყოფა, იყო ანასეული I18 (მახარაძის რ–ნი) (ტაბ.VI). (18) ანასეული I ნამოსახლარზე იარაღების დასამზადებელ მასალად ძირითადaდ ობსიდიანი გამოიყენებოდა, შედარებით იშვიათად კაჟი და რიყის ქვის ქანები. ობსიდიანისა და კაჟის ნაწარმს მიკროლითური და ფართოდ განვითარებული ლამელური ტექნიკა ახასიათებს. კინტრიშის ნამოსახლართა მსგავსად, იარაღების წამყვან სახეებად აქაც საჭრისები და საფხეკები რჩება. საჭრისები სიმრავლითა და ფორმების მრავალფეროვნებით ხასიათდება. ისინი დამზადებულია თხელ, სწორ, დანისებურ მიკროლითურ ან საშუალო ზომის ლამელების გვერდებსა ან კუთხეებზე, რომელთა უმრავლესობა მარტივი ფორმებითაა წარმოდგენილი. ანასეულის მრავალრიცხოვანი საფხეკები გამოირჩევა დახვეწილი ფორმებით და საგულდაგულო დამუშავებით. მათ შრის განსაკუთრებით მკაფიოდ გამოიყოფა მომრგვალო და მიკროლითურ საფხეკთა სერია. ნამოსახლარზე მრავლადაა ნაპოვნი სხვადასხვა სახის დანები და სამკელი დანების ჩასართები19. ლამელური ტექნიკის განვითარების აშკარა მაჩვენებელია სწორწახნაგა დანისებური ლამელების სიმრავლე ატკეცისა და მათი მეორადი დამუშავების მაღალი ხარისხი. რეტუში ლამელებზე უმეტესად დამრეცია, წვრილფაცეტიანი, იარაღებზე კი ხშირად მომაღლო „მცოცავი“ რეტუშის სახეს იღებს. კომპლექსი არ ხასიათდება გეომეტრიული მიკროლითების სიჭარბით. ისინი წარმოდგენილია მხოლოდ მცირეოდენი ორფერდდამუშავებული ტრაპეციით. ასევე შედარებით მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი სხვადასხვა სახის კომბინირებული და ხერხისებური იარაღი, სახვრეტი, დანა, რეტუშორი ერთი ეგზემპლარითაა წარმოდგენილი ცალფრთიანი ისრისპირი მეზოლითური ტრადიციის გადმონაშთს უნდა წარმოადგენდეს რამდენიმე ბლაგვზურგა მიკროლამელა. ძველი ფორმის იარაღების დახვეწასთან ერთად ჩნდება სრულიად ახალი სახის იარაღები - რიყის ქვის სხვადასხვა ქანებისაგან გახეხვა–გაპრიალების გზით დამზადებული ცული, სატეხ-სათლელი, საპრიალებლები, სახეხი, შურდულის ქვა, გრდემლი, ჩაქუჩები და თოხისებური  იარაღი. ნამოსახლარს კერამიკა არ ახასიათებს. ადრენეოლითურ ძეგლებს შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი კოლექცია მოგვცა წყალტუბოს რ–ში, მდ.სემისწყლის (გუბისწყლის შენაკადი) მარცხენა, პლატოსმაგვარ ტერასაზე (ზღვის დონიდან 350 მ) მდებარე მელოურის ნამოსახლარმა. კოლექციის დიდი ნაწილი (19) დაზიანებული კულტურული ფენებიდან მომდინარეობდა20. 1977-1982 წლებში მელოურში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების დროს თანამედროვე ნიადაგის ფენის ქვეშ აღმოჩნდა უძრავი კულტურული ფენა -განამარხებული ჰუმუსი, რომელმაც მოგვცა ნამოსახლარის გადახნულ ფართობზე მოპოვებულის ანალოგიური მასალა. იარაღების დასამზადებლად მელოურის ნამოსახლარზე ძირითადად კაჟს და რიყის ქვას იყენებდნენ. იშვიათად ხმარობდნენ ობსიდიანს. კერამიკა ნამოსახლარზე აღმოჩენილი არ ყოფილა. მელოურის კაჟის ნაწარმის მთავარი თავისებურება მკაფიოდ გამოხატული მიკროლითური ხასიათია. მიკროიარაღებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს გეომეტრიული ფორმის მიკროლითების ორფერდდამუშავებული ტრაპეციებისა და მიკროსაფხეკების - სიმრავლე. ეს იარაღები კოლექციის წამყვანი ფორმებია. მელოურის კომპლექსი აგრეთვე ხასიათდება დაკბილული იარაღების დიდი რაოდენობით. მათში ერთიანდება ნამგლისებური და ხერხისებური იარაღები. მრავლადაა სხვადასხვა სახის ლამელები (გვერდრეტუშიანი, თავსწორ და თავირიბრეტუშიანი). შედარებით პატარა სერიებითაა წარმოდგენილი საჭრისები, დანები, სახოკები, ასტამები. რიყის ქვის იარაღები წარმოდგენილია ცულებით, სატეხებით, სათლელებით, ჩაქუჩებით, სალესებით, ხელსაფქვავისა და შურდულის ქვებით. დიდი რაოდენობითაა წარმოების ნარჩენები - ნუკლეუსები, ანატკეც–ანატეხები, კაჭრები, ნახევარფაბრიკატები, დაზიანებული იარაღები. წარმოების ნარჩენების სიმრავლე ცხადყოფს, რომ იარაღების დამამზადებელი სახელოსნო ნამოსახლარის ტერიტორიაზე ყოფილა (ტაბ.VII). მასალის შედარებით - ტიპოლოგიური შესწავლა მოწმობს, რომ მელოურის კომპლექსი მიეკუთვნება ანასეული I-ის ტიპის ადრენეოლითურ ნამოსახლართა ჯგუფს. ადრენეოლითური ხანის საცხოვრებელი ნაგებობის გეგმაზე გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ცხაკაიას რ-ში, მდ.მაღლაკონის მარცხენა ნაპირის, 20 მ სიმაღლის ტერასაზე (ზღვის დონიდან 132 მ) მდებარე ხორშის ნამოსახლარი21. ნამოსახლარზე მიკვლეული იყო - 5 სმ, ზოგ შემთხვევაში 35-42 სმ სისქის უძრავი კულტურული ფენა. მასში ნაპოვნი იყო დაახლოებით 20-25 სმ დიამეტრის მქონე (20) ბოძების საყრდენი ცილინდრული ორმოები, რომელთა შიგნითაც ვერტიკალურად ჩადგმული იყო ქვები. ორმოების განლაგების მიხედვით გაირკვა, რომ ნაგებობას სწორკუთხა გეგმა ჰქონია (ტაბ.VIII). ნამოსახლარზე დადასტურებული იყო სამი ნაგებობის კვალი. ყველა მათგანი დამხრობილი იყო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ორი ნაგებობის ფართობი დაახლოებით ტოლია: 1. 3,90X3,15 მ; 2. 3,90X3,06 მ; მესამე ნაგებობა უფრო მოზრდილია - 4,80X4,0 მ. მათი გადახურვა უნდა დაყრდნობოდა 10 ბოძს - სამ–სამი ბოძი სიგრძივ და განივ ხაზზე და ყოველი ნაგებობიდან ერთ მეტრში კიდევ ერთი ბოძი. ხორშის ნამოსახლარის უძრავ ფენაში, ნაგებობის იატაკის დონეზე ნაპოვნი იყო ხელსაფქვავები და კერის ოვალური ორმოები. ფენაში ნაპოვნი იყო საბეგველები, მაკროლითური ტექნიკით დამუშავებული წერაქვისებური იარაღები, სათლელები, დაკბილული იარაღები. გეომეტრიული იარაღები ძირითადად ტრაპეციებითაა წარმოდგენილი. ხორშის ნამოსახლარს, ისევე როგორც ყველა ადრენეოლითურ ძეგლს, კერამიკა არ ახასიათებს. კომპლექსი ნეოლითის პირველი ნახევრით თარიღდება22. აფხაზეთის ადრენეოლითური ხანის ღია ნამოსახლარები ჯერ-ჯერობით მხოლოდ ზემო ლემსის (გულრიფშის რ–ნი) კომპლექსითაა წარმოდგენილი (ზღვის დონიდან 560 მ)23. ზემო ლემსას ნამოსახლარზე კულტურული ფენები დარღვეული აღმოჩნდა. მასზე ადრენეოლითური კოლექცია მოპოვებული იყო მოგვიანო მასალებთან ერთად. იარაღების დასამზადებელ მასალად ძირითადად კაჟს, იშვიათად ობსიდიანსა და რიყის ქვას იყენებდნენ. ობსიდიანის იარაღები დამზადების ტექნიკითა და ფორმებით არ განსხვავდება კაჟისაგან. კაჟისა და ობსიდიანის ნაწარმი ხასიათდება ლამელური ტექნიკით და გეომეტრიული ფორმის მიკროლითებით. კოლექციაში ყველაზე მრავლადაა დამუშავებისა და გამოყენების კვალის მქონე ლამელები. მათში აღსანიშნავია თავგამოყვანილ ლამელათა სერია, რომელიც დამახასიათებელია აგრეთვე აფხაზეთის გვიანნეოლითისათვის. ლემსას გეომეტრიულ მიკროლითებს ბევრი საერთო აქვს კისტრიკის მიკროლითებთან. ისინი ძირითადად წარმოდგენილია დიდი ზომის ორფერდდამუშავებული ტრაპეციებით, არის მოგრძო სამფერდდამუშავებულებიც. სეგმენტები შედარებით ნაკლებია. საფხეკებში გამოიყოფა (21) ლამელებსა და ანატკეცებზე დამზადებული კიდურა, მომრგვალო, მიკროლითური და მასიური საფხეკები. საჭრისები ნაკეთებია ლამელებზე, ანატკეცებსა და ნუკლეუსის ნატეხებზე. ლამელებზე დამზადებულ ცალებში არის მარტივი და თავრეტუშიანებიც. სახვრეტები და დაკბილული იარაღები შედარებით ცოტაა. ნუკლეუსების წამყვანი ფორმაა კონუსური და პრიზმული, ისინი ძირითადად ცალი მხრიდანაა გამოყენებული. მკაფიო სერიას ქმნიან მიკრონუკლეუსები, რომლებშიც გამოიყოფა აგრეთვე კონუსური და პრიზმული ფორმები. რიყის ქვის იარაღები ცოტაა. აღსანიშნავია სათლელი, სახეხები და რიყის ქვები ამოღარვის ნიშნებით. კერამიკა არ აღმოჩენილა. ადრენეოლითურ კოლექციებს შორის ყველაზე მცირერიცხოვანია ს.ხევში (ჩოხატაურის ონი), მდ.გუბაზოულისა და სატობის ღელის შესაყართან, მდინარის მარჯვენა ტერასაზე (ზღვის დონიდან 2608) მოპოვებული ნაშთები21. ნამოსახლარზე უძრავი კულტურული ფენა არ დადასტურდა. მასზე მოპოვებული იყო შემდეგი მასალა: კაჭრები, ნუკლეუსები, ანატკეცები, ლამელები, საჭრისები, სახვრეტ-საფხეკები, ერთეულებითაა წარმოდგენილი დანა–საფხეკი, დაკბილული იარაღი, შუბისპირები, თავრეტუშირებული ლამელა, თავამოღარული ლამელა და სხვ. რიყის ქვის მხოლოდ სამი ნივთია: ხელსაფქვავის ფრაგმენტი, მოგრძო სახეხ–სანაყი დადაზიანებული იარაღის ნაწილი. სამხრეთ საქართველოს პირველი მეზოლითური ძეგლი აღმოჩენილი იყო 1936 წ. ბ.კუფტინის მიერ მდ.ხრამის ხეობაში, დაბა წალკის მიდამოებში, ყოფ. სოფ.ბარმაქსიზის (ეძანი) ეხში. მკვლევარმა ძეგლი ზედა პალეოლითის დასასრულს მიაკუთვნა25. 1963-1964, 1967-68 წლებში ივ.ჯავახიშვილის სახ.ისტორიის ინსტიტუტის ხრამის ხეობის არქეოლოგიურმა ექსპედიციამ განაახლა ძეგლზე არქეოლოგიური გათხრები, რის შედეგადაც მოპოვებული მრავალრიცხოვანი კოლექცია მონოგრაფიულად იყო შესწავლილი და გვიანმეზოლითით დათარიღებული26. ეძანის კომპლექსისთვის დამახასიათებელია ისეთი ფორმები, როგორიცაა ფანქრისებური, პრიზმისებური, კონუსისებური და ბრტყელი ნუკლეუსები, სხვადასხვა ტიპის საფხეკები, საჭრისები, სახვრეტები, ბლაგვზურგა და თავრეტუშიანი ლამელები, განვითარებული მიკროლითური ტექნიკა და გეომეტრიული მიკროლითები (სამკუთხედები, ტრაპეციები, სეგმენტები), რომელთა შორის წამყვანი ადგილი ასიმეტრიულ სამკუთხედებს უჭირავს. ეძანის ეხის სტრატიგრაფიული მონაცემების, კომპლექსის ტიპოლოგიურ-შედარებითი შესწავლისა და ანასეულ I-თან არსებული მნიშვნელოვანი პარალელების გათვალისწინების საფუძველზე მივედით დასკვნამდე, რომ ეძანის ეხის სახით საქმე გვაქვს მრავალფენიან ძეგლთან, რომელშიც მძლავრ გვიანმეზოლითურ ფენასთან ერთად იყო აგრეთვე ადრენეოლითურიც27. ეძანის ფაუნისტური მასალა, თავისი მცირერიცხოვნობის მიუხედავად, გარკვეულ წარმოდგენას იძლევა სადგომის ეკ777ოლოგიურ გარემოზე28. აქ აღმოჩნდა გაურკვეველი სახეობის გარეული ცხენი (კუფტინის კოლექცია)29, კეთილშობილი ირემი77 (Cervus რიჯენთ), ჯეირანი (6159118 Sp) კანჯარი (iquus hemionus), ძროხა (Bos.sp.) და გარეული ღორი (Sus scrofa ferrus) (განსაზღვრა ჯ.ვეკუამ). აღნიშნული კომპლექსი ეკოლოგიურ მსგავსებას ამჟღავნებს ზურტაკეტის (თრიალეთი) ფაუნასთან30 - გარეული ცხენები (Equus Caballus L. და Equus cf.przewalskii pol)? კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus და Ogilby), ბიზონი (Bison 0f bonasus L.) კავკასიის ჯიხვი (Capra cyiindricomis Blyth)? მუფლონი (Ovis cf. ophion Blyth), კულანი (Fquus cf.hemionus), გარეული ცხენი (Equus przewalskii pol) და სხვ. თრიალეთის მეზოლითური ფაუნა მაჩვენებელია სტეპური, ნახევრადსტეპური და შედარებით ტენიანი ბიოტოპის წარმომადგენლების შერწყმისა31. გარკვეულ ინტერესს იწვევს შიდა ქართლის მთისწინა ზოლში ალ.კალანდაძისა და ვ.ლუბინის მიერ მიკვლეული გვიანმეზოლითურ - ადრე-ნეოლითური ძეგლების ჯგუფი32 (სელო, ჯერმუხი, ფიჭვიგვინა, (23) ძაღინა, წიფლეთი, ნაგუთნი I, II, ლაშე-ბალთა, ზურა-ახო, ჯიჯოეთი და სხვ.). მიუხედავად იმისა, რომ ეს კოლექციები მცირერიცხოვანია და დარღვეული ფენებიდან მომდინარეობენ, მათში მაინც კარგად ჩანს ქრონოლოგიური და სტადიალური ნიშნები, რამაც საშუალება მისცა ვ.ლუბინს ამ ძეგლებში ორი ჯგუფი გამოეყო - მეზოლითური (სელო, ჯერმუხი, ფიჭვიგვინა, ძაღინა, წიფლეთი), რომლებსაც ფიჩიჯინის ძეგლები უწოდა და ადრენეოლითური ნაგუთნის ტიპისაა (ნაგუთანი I, II, ლაშე-ბალთა, ზურა-ახო, ჯიჯოეთი და სხვ.)33. საქართველოს ბარის მეზოლითური, ნამოსახლარების მსგავსად ფიჭვიგვინას ტიპის ძეგლების ქვის პირველადი დამუშავების ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანია ლამელური ტექნიკა და მიკროლითური ხასიათი (ფიჭვიგვინას ქვის მასალის თითქმის ერთ მესამედს სწორკუთხა, დანისებური და მიკროლამელები წარმოადგენს)31, რისი უდავო მაჩვენებელიცაა დიდი რაოდენობით ვიწრო, დანისებური და მიკროლამელები, მათ განივკვეთებზე დამზადებული მიკროიარაღები, კონუსურუ და ბრტყელი ნუკლეუსები ლამელების ატკეცვის კვალით, ცოტაა მზა ნაწარმი - საფხეკები, სახვრეტები, ამოღარულ-დაკბილული იარაღები, გვრდრეტუშიანი ლამელები, თითო-ოროლა სეგმენტი და სამკუთხედია, ამ ძეგლებს პარალელები მოეძებნება სოსრუყოს I და II ფენებში35. ფაუნა ნამოსახლარებზე არ შემოინახა და არც პალინოლოგიურადაა შესწავლილი. ამის მიუხედავად მასალის ტიპოლოგია, ქვის იარაღების დამუშავების მიკროლითური ხასიათი და გეომეტრიუგლი ფორმის მიკროლითები უნდა მიუთითებდეს აქ მოსახლე თემების ცხოვრებაში მითვისებითი მეურნეობის სხვადასხვა დარგების წამყვან მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ფიჭვიგვინას ტიპის გვიანმეზოლითური და ნაგუთნის ტიპის ძეგლების ჯგუფი ერთ ლანდშაფტურ-კლიმატურ ზონაში, კერძოდ მთისწინა ზოლში, მდებარეობენ, აქვთ ბევრი საერთო, თუმცა მათ შორის გარკვეული განსსვავებაც შეიმჩნევა, რასაც ვ.ლუბინი ასაკობრივი ხასიათით ხსნის. მას ეს ჯგუფი უფრო გვიანდელად მიაჩნია და სავარაუდოდ ადრენეოლითს აკუთვნებს36. კერძოდ, განსხვავება მდგომარეობს იმაში, რომ ნაგუთნის ტიპის ძეგლებში ნაკლებია სწორი დანისებური ლამელები, სამაგიეროდ ბევრია ამოღარული იარაღები, რომლებსაც ს.ზამიატნინი "ლეკალას" უწოდებდა. ამ იარაღებს აქვთ მცოცავი წნევითი, შემღწევი, პარალელურღარებიანი რეტუში, რომელიც ან მოპირდაპირე სიბრტყეზე ან მუცლის მხრიდანაა განლაგებული37. აღნიშნული კოლექციები მეტად მცირერიცხოვანი და ამასთანავე მასალები ზედაპირულია. გამონაკლისს წარმოადგენს ფიჭვიგვინა, რომელზედაც ზედაპირულის გარდა მასალა აგრეთვე სამი სადაზვერვო თხრილიდან იყო მოპოვებული, რის შედეგადაც მისი რაოდენობა 3000 ერთეულს აღწევს. საგანგებო, არქეოლოგიური შესწავლა ამ ძეგლებისა არ მომხდარა, ამის მიუხედავად, ისინი შევიდნენ სამეცნიერო ლიტერატურაში და მათზე დაყრდნობით გამოთქმულია რიგი სადავო მოსაზრებისა38, რომლებსაც ჩვენ აქ არ შევეხებით, მხოლოდ აღვნიშნავთ, რომ ამ კოლექციების სიმცირის მიუხედავად მათში დადასტურებული ქვის იარაღები და მათი დამუშავების ხასიათი (ლამელური და მიკროლითური ტექნიკა, საფხეკები, "ლეკალოები") გვიჩვენებენ, რომ აქ მოსახლე ტომების მეურნეობა დამყარებული იყო მითვისებით - კომპლექსური მეურნეობის დარგებზე. მეზოლით-ადრენეოლითის პრობლემის შესწავლაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება აღმოსავლეთ ამიერკავკასიის განაპირა მხარეში, გობუსტანში (აზერბაიჯანის სსრ) აღმოჩენილ მრავალფენიან ძეგლებს (მეზოლით-ნეოლითური კულტურული ფენებით (კიანიზა, ფირუზ I, II, ოკუზლარ 2, გაიალტი და სხვ.). მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ძეგლები ჯერ-ჯერობით საფუძვლიანად არ არის შესწავლილი და მათი კომპლექსები გაუმიჯნავია, ისინი მაინც გარკვეულ წარმოდგენას იძლევა ამ მხარის ადრეული კულტურების (მეზოლით-ნეოლითი) შესახებ. კიანიზას ნამოსახლარი აღმოჩენილი იყო მთა ბეიუკდაშის ზედა ტერასის ორთვალა ეხში. აქ მეზოლითური ფენის ზემოთ იდო ნარევი ფენა ნეოლითური და უფრო გვიანდელი მასალით. გვიანმეზოლითურ ფენაში ნაპოვნი იყო დანისებურ ლამელებზე დამზადებული მიკროწვეტანები, ლამელებსა და ანატკეცებზე ნაკეთები საფხეკები, სახვრეტები უმნიშვნელო რაოდენობით გეომეტრიული მიკროლითები, ასტამისებური იარაღი, რიყის ქვის საჩეხები, სახეხები, ჩაქუჩები; (25) შესაძლოა ნეოლითურ ფენას ეკუთვნოდეს ადგილობრივი კირქვის ჭურჭლის ფრაგმენტები, სახეხები, საწაფები და ქალის ქანდაკებები39. იმავე მთის ზედა ტერასაზე, ოკუზლარ 2 სადგომზე მიწის ზედაპირიდან 0,7–0,8 სმ სიღრმეზე აღმოჩნდა დაახ. ამავე პერიოდის კულტურული ფენა, რომელშიც ნაპოვნი იყო კაჟის კიდურა, გვერდითი და ოვალური საფხეკები, საჭრისი, საჩეხი, სეგმენტისებური და ასტამისებური იარაღები, რიყის ქვის ანატკეცები და ლამელები. არსებულ ძეგლებთან შედარებით უფრო არსებითი მასალა მოგვცა გობუსტანში, მთა კიჩიკდაშის კლდოვან ეხებში ფირუზ I და ფირუზ II – აღმოჩენილმა სადგომებმა10. მათგან უფრო მეტყველი კომპლექსი გამოვლინდა აღმოსავლეთის ეხში - ფირუზ I-ში, რომელშიც კულტურული ფენა დიდ ფართობზეა დადასტურებული და უკეთესადაა შესწავლილი. აქ აღმოჩენილ დაახლ.20 სმ სისქის ნეოლითურ ფენაში (ზემოდან რიგით მეორე) ნაპოვნია: მიკროლამელები, ლამელებსა და ანატკეცებზე დამზადებული კიდურა საფხეკები, სწორი, მომრგვალო, ირიბი და ამოღარული სამუშაო პირით. წვრილი პრიზმული ნუკლეუსები, ხშირად მიკროლამელების ცალმხრივად ატკეცვის კვალით; გეომეტრიულ მიკროლითებს შორის წამყვანი ადგილი უჭირავთ ტრაპეციებს, რომლებიც ნეოლითური ფენის მთელი მონაპოვრის 25%–ს შეადგენენ; არის კარგად დამუშავებული მიკროსეგმენტი და სეგმენტისებური იარაღი. რიყის ქვის იარაღები წარმოდგენილია სახეხებით, საწაფებით, ჩაქუჩებით და საჩეხი იარაღებით. ფირუზ I და II ეხების გათხრისას კლდის ზედა ნაწილში ნაპოვნი იყო გამოსახულებები, რომელთა კუთვნილება სადგომისადმი სტრატიგრაფიულად საბუთდება. მარტო ფირუზ II-ზე აღმოჩნდა 50-ზე მეტი ნახატი, რომელთა შორის აღსანიშნავია ღორების გამოსახულებები. ფირუზ II–ის ძვლოვანი მასალა წარმოდგენილია გარეული ცხოველებით, რომელთა შორის სჭარბობს კულანი (50% მთელი ძვლოვანი მასალისა), არის აგრეთვე ხარის, თხის, ჯეირანისა და მტაცებელთა ძვლები განსაზღვრა დ.გაჯიევმა). გობუსტანის მასალა გვიჩვენებს, რომ მათი მცხოვრებლების მეურნეობის მთავარი დარგი ნადირობა იყო, რომლის მთავარი ობიექტი (26) კულანი და გარეული ღორი ყოფილა. კომპლექსის ქვისა და ძვლის ინვენტარი მოწმობს რთული შემგროვებლობისა და მეთევზეობის არსებობასაც. სადგომი თავდაპირველად დათარიღებული იყო გვიანმეზოლით - ადრენეოლითით, ხოლო შემდეგ ნეოლითის ბოლო პერიოდით41. ჩვენ მართებულად უფრო პირველი თარიღი მიგვაჩნია. თუმცა მეგლები შესწავლის პროცესშია. ბეიუკ-დაშის ნეოლითს ა.ფორმოზოვი კულტურულად უფრო ჩამორჩენილად მიიჩნევს კამენომოსტსკაიას შუა ფენისა და სამელე კლდესთან შედარებით, რასაც იმით ასაბუთებს, რომ წინააზიური გავლენები არ შეეხო სამხრეთ-აღმოსავლეთ კავკასიას მაშინ, როდესაც მათ მოიცვეს კავკასიის შავიზღვისპირა რაიონები42. ეს მოსაზრება ძნელი გასაზიარებელია, რადგან ბეიუკ–დაშის არქაულობა მისი ქრონოლოგიური მომენტით არის განპირობებული და არა მისი კულტურული ჩამორჩენილობით. ეს ძეგლები გვიანმეზოლით—ადრენეოლითის ქრონოლოგიურ ჩარჩოებში თავსდება, მაშინ, როდესაც კამენომოსტსკაიას შუა ფენა გვიან-ნეოლითით თარიღდება, სამელე კლდის კომპლექსი კი კიდევ უფრო ახალგაზრდაა ბეიუკ-დაშთან შედარებით და გვიანნეოლით-ენეოლითს, უფრო კი ენეოლითის ხანას განეკუთვნება. სინამდვილეში ბეიუკ–დაშის ძეგლების შედარება კავკასიის სინქრონულ მასალებთან გვიჩვენებს, რომ ისინი ვითარდებოდნენ აღნიშნულ პერიოდში კავკასიისათვის დამახასიათებელი საერთო გზით და ძეგლების საერთო ფონზე სრულიად არ იგრძნობა მათი კულტურული ჩამორჩენილობა. კავკასიის მწარმოებლური მეურნეობის ადრეული ეტაპის შესწავლისათვის განსაკუთრებულ მასალას იძლევა დაღესტნის მეზოლით–ნეოლითის ხანის ძეგლები. აქედან ცნობილია როგორც ერთფენიანი მეზოლითური ნამოსახლარები - კოზმა–ნოხო (გუნიბის რ-ნი) და მეკეგი (ლევაშინის რ–ნი), ასევე გვიანმეზოლით–ადრენეოლითური ფენების შემცველი ჩოხის (გუნიბის რ–ნი) მრავალფენიანი ძეგლი. ადრენეოლითი წარმოდგენილია აგრეთვე ტარნარისა და ბუინაკსის ღია ნამოსახლარებით. კოზმა-ნოხოსა და მეკეგიზე მხოლოდ დაზვერვითი სამუშაოები იყო ჩატარებული, რის გამოც მათი მასალები შედარებით მცირერიცხოვანი და ნაკლებ მეტყველია. ჩვენთვის საინტერესო პერიოდის შესწავლისათვის დაღესტნის ძირითად ძეგლად სადღეისოდ ისევ (27) რჩება ი.კოტოვიჩის მიერ აღმოჩენილი და შესწავლილი ჩოხის ნამოსახლარი43, რომელშიც მან ექვსი კულტურული ფენა გამოყო. I-II ფენებს იგი გვიანმეზოლითით ათარიღებდა. აღნიშნულ თარიღს ა.ფორმოზოვიც იზიარებდა44. ჩოხის ზედა ფენის იარაღების ანალიზისა და მათ შორის უნიკალური ნივთის - ნამგლის გათვალისწინების საფუძველზე ვ.კოტოვიჩი თვლიდა, რომ აქ სახეზე უნდა ყოფილიყო მწარმოებლური მეურნეობის უადრესი ეტაპი. ფენაში ნაპოვნი კერამიკა კი მას გვიანდელად მიაჩნდა45, შესწავლილი ძვლების 99% ეკუთვნის წვრილ წვრილ ჩლიქოსნებს - მუფლონისებურ ცხვრებს (78%) და თხებს46. შედარებით მცირე რაოდენობითაა ნაპოვნი კეთილშობილი ირმის, გარეული ღორისა და სხვა ცხოველების ძვლები. ფაუნის ნაშთების რაოდენობრივი შეფარდება აშკარად მოწმობს, რომ ნადირობის მთავარი ობიექტი გარეული ცხვარი და თხა ყოფილა47. ცხოველთა მოშინაურების საკითხზე მსჯელობისას მხედველობაში უნდა გვქონდეს ჩოხის ძვლოვანი ნაშთები (მუფლონისებური ცხვარი), რომლებსაც ნ.ვერეშჩაგინი გარეულ ფაუნას აკუთვნებდა, თუმცა იქვე დასძენდა, რომ არსებული მასალის საფუძველზე შეუძლებელია კატეგორიული მტკიცება, რომ ისინი უცილობლად ეკუთვნოდნენ გარეულ და არა შინაურ ფორმებს48. როგორც ჩანს, ამ მასალაში მორფოლოგიური ნიშნები მკვეთრად არ იყო გამოკვეთილი. არ არის გამორიცხული, რომ აქ წარმოდგენილი იყო გარდამავალი ფორმა. ნ.ვერეშჩაგინის სიფრთხილე შესაძლოა იმითაც იყო გამოწვეული, რომ ეს მასალა მეზოლითური ფენიდან მომდინარედ ითვლებოდა და აგრეთვე თვით ვ.კოტოვიჩიც დარწმუნებული იყო, რომ უძრავი მეზოლითური ფენიდან მომდინარე მასალაში არ უნდა  ყოფილიყო შინაური ფორმები49. ჩოხის კომპლექსების განსაკუთრებულმა მნიშვნელობამ (28) გამოიწვია აქ გათხრების განახლება. კომპლექსური შესწავლის შედეგად ძეგლი ახლებურად იქნა გააზრებული. განათხარი მასალის დეტალური პუბლიკაცია ჯერ-ჯერობით არა გვაქვს, მაგრამ უახლესი მონაცემები ცნობილია. გათხრების საფუძველზე დაზუსტდა ჩოხის გეოლოგიური და არქეოლოგიური სტრატიგრაფია, რის გამოც ძეგლის ზედა ორი ფენა (მეზოლითურად ცნობილი) ადრენეოლითს მიეკუთვნა51. ამ უკანასკნელში მოპოვებული მასალები შუქს ჰფენს ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვის ადრეულ საფეხურს. ჩოხში ახალი გათხრების შედეგად აღმოჩენილი იყო კირქვის ფლეთილი ქვისაგან, მაკავშირებელი ნივთიერების გარეშე ნაშენ ნაგებობათა ნაშთები, კაჟის წვრილი ლამელები; გეომეტრრული ფორმის მიკროლითები - სამკუთხედები, ტრაპეციები; არქაული იერის ნუკლეუსები; ხელსაფქვავის ფრაგმენტები; სამკელი დანის ძვლის ჩარჩოს ნატეხი ლამელების ჩასამაგრებელი გვერდითი ჭრილით; ცხოველის ნეკნისაგან ნაკეთები სამკელი დანა (დაუმთავრებელი) და ცხვრის ლულოვანი ძვლისაგან დამზადებული სალამური. ნაპოვნი იყო აგრეთვე: რამდენიმე ათეული კულტივირებული მარცვალი, რომლებშიც გ.ლისიცინამ ხორბალი და ქერი დაადგინა. ლამელების ტრასოლოგიური ანალიზით (გააკეთა გ.კორობკოვამ) გაირკვა, რომ მათი ნაწილი გამოიყენებოდა შედგენილი სამკელი დანების ჩასართებად ან პრიმიტიულ ნამგლებად52. აქვე ნაპოვნი იყო მოგვიანო იერის კერამიკა, რომელსაც, როგორც ხ.ამირხანოვი აღნიშნავს, ახასიათებს ფორმების მსგავსება ამიერკავკასიის მოგვიანო სამიწათმოქმედო ძეგლების თიხის ნაკეთობებთან53. აქვე უნდა მოვიგონოთ ვ.კოტოვიჩის კატეგორიული განცხადება, რომ კერამიკა მის მიერ ჩოხის ნამოსახლარზე დადასტურებული იყო მხოლოდ ფენის დარღვეულ მონაკვეთზე. ამას გარდა, იგი ამ კერამიკის პარალელებს ხედავდა იქვე, მახლობლად მდებარე ბრინჯაოს ხანის სამაროვანზე54. ზემოთქმულის გარდა, ვფიქრობთ, აღნიშნულ კომპლექსში უჩვეულოდ გამოიყურება კაჟის არქაული იარაღებისა (სამკუთხედები) და კერამიკის თანაარსებობა. (29) როგორც ცნობილია, სამკუთხედები კავკასიის კერამიკიან კომპლექსებში არ გვხვდება და მით უმეტეს, მოგვიანო იერის კერამიკასთან ერთად. საერთოდ, ადრენეოლითში (უკერამიკო) სამკუთხედები უკვე აღარ გვხვდება, ტრაპეციები კი ძირითადად ადრენეოლითის ერთ-ერთი დამახასიათებელ ფორმაა. ზემოთქმულის გამო, კერამიკის კუთვნილება ძირითადი კომპლექსისადმი ეჭვს იწვევს. ჩოხის ზედა ფენების ძველი და ახალი მასალის გათვალისწინების საფუძველზე, ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ აქ საქმე გვაქვს გვიან მეზოლით - ადრენეოლითის კომპლექსებთან გვიანდელი კერამიკის ნარევით, რომელშიაც, როგორც სრულიად სამართლიანად თვლის ხ.ამირხანოვი55, ასახულია მწარმოებლური მეურნეობის ჩასახვის ადრეული ეტაპი. ამიტომ ძირითადი ფენისათვის ხ.ამირხანოვის მიერ მიღებული თარიღი56 - ძვ.წ. VI ათ. I ნახევარი - გვიანდელად მიგვაჩნია, რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც ცენტრალურ და არმოსავლეთ ამიერკავკასიაში უკვე ცნობილია ჩამოყალიბებლი ადრესამიწათმოქმედო კულტურები, რომლებსაც განვითარების საკმაოდ ხანგრძლივი გზა აქვთ გავლილი. ამ თარიღს თუ ვერწმუნეთ, მაშინ გამოდის, რომ ჩოხის კულტურა აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის სინქრონულია, რომელიც ასახავს მწარმოებლური მეურნეობის არა ჩასახვის, არამედ უკვე ჩამოყალიბებულ ეტაპს. სინამდვილეში კი ჩოხის ზედა ფენის კაჟის მთელი ინდუსტრია მეტყველებს მის შედარებით არქაულობაზე და სრულ საფუძველს იძლევა, იგი მწარმოებლური მეურნეობის უადრესი საფეხურის მაჩვენებლად მივიჩნიოთ. დაღესტნის მაღალმთიან გუნიბის რაიონში ვ.კოტოვიჩის მიერ აღმოჩენილი იყო ღია გვიანმეზოლითური ნამოსახლარი - კოზმანოხო57. აქ წარმოების ნარჩენებსა და ლამელა - ანატკეცებთან ერთად ნაპოვნი იყო მიკროლამელები, გეომეტრიული ფორმის მიკროლითები: ასიმეტრიული და ტოლფერდა სამკუთხედები, ორიოდე ტრაპეცია, მომრგვალო საფხეკები, დაკბილული და გვერდამოღარული იარაღები, კუთხის საჭრისი, ქვის იარაღების პირველადი დამუშავება დამყარებული იყო ლამელურ ტექნიკაზე და ჰქონდა მიკროლითური ხასიათი. ფაუნა წარმოდგენილი იყო გარეული ცხვრებისა და თხების ძვლებით. აღმოჩენილი მასალა მოწმობს, რომ აქ მოსახლეთა მეურნეობა ნადირობასა და შემგროვებლობაზე იყო დამყარებული.

<<გაგრძელება (ნაწილი 2)