< უკან დაბრუნება
გიორგი ქავთარაძე
ცენტრალური ანატოლიის ადრებრინჯაოს ხანის პირველი ფაზის ქრონოლოგიის საკითხისათვის
ხელმძღვანელი: პროფ. ო. ჯაფარიძე
ასპირანტთა და ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკთა სამეცნიერო კონფერენცია
საქართველოს მეცნიერებათა აკადემია
ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი
თბილისი
1973
1. ცენტრალური ანატოლიის ადრებრინჯაოს ხანის არქეოლოგიური პრობლემები ჯერ კიდევ არ არის მთლიანად გადაწყვეტილი. განსაკუთრებით რთულია მსჯელობა ცენტრალური ანატოლიის ადრებრინჯაოს ხანის I ფაზის ანუ, როგორც ადრე უწოდებდნენ, ცენტრალური ანატოლიის ”ხალკოლითის” შესახებ. დღეისათვის არსებული მასალის მიხედვით, ცენტრალური ანატოლიის ადრებრინჯაოს ხანის I ფაზის კულტურა გარკვეულად ჩამორჩება კულტურულ განვითარებაში თანადროულ დასავლეთ და სამხრეთ ანატოლიას.
2. მიუხედავად არსებული სიძნელეებისა, ცენტრალურ ანატოლიაზე შეიძლება გავრცელდეს ანატოლიური ადრებრინჯაოს ხანისათვის მიღებული ქრონოლოგიური ჩარჩო. ცენტრალური ანატოლიის ადრებრინჯაოს ხანის ქრონოლოგიური სკალის განსხვავება ანატოლიის სხვა მხარეებისაგან შესაძლოა გამოწვეული იყოს იმით, რომ აქ წინა ხანების კულტურული ტრადიციები შედარებით უფრო მყარად იყო შემორჩენილი; ამიტომ, ადრებრინჯაოს ხანის სამივე ფაზა ცენტრალურ ანატოლიაში თითქოს უფრო გვიანი ჩანს. მაგალითად, ცენტრალური ანატოლიის ადრებრინჯაო I თარიღდება ძვ.წ. 3100-2750 წწ., მაშინ როდესაც საერთო ანატოლიური - ძვ. წ. 3200-2800 წ. და ა. შ.
3. ცენტრალურ ანატოლიაში ადრებრინჯაოს ხანის I ფაზის კულტურა უმთავრესად ალიშარის, ალაჯა ჰუიუქის და ქიულთეფეა ადრეული ფენებითაა წარმოდგენილი. ჰ.ფონ დერ ოსტენის შეხედულებით, ალიშარის 12-14m ფენები წინამორბედ 15-19m ფენებს ენათესავებიან და წარმოადგენენ გვიან ”ხალკოლითურ” ხანას. კ.ბიტელი კი ალიშარის 12-14m ფენებს ”სპილენძის” ხანის კულტურის ადრეულ პერიოდად მიიჩნევს და აერთიანებს მათ 7-11m ფენებთან ერთად. ვ. ორტმანი ალიშარის მთელ ”ხალკოლითს” ადრებრინჯაოს I ხანად თვლის. ჯ.მელართის აზრით, ალიშარი Ia (12-14) არ უნდა იყოს დასავლეთ ანატოლიის ადრე ბრინჯაო II ხანაზე (ტროა IIa) ბევრად ადრეული, რის გამოც, მისი აზრით, ცენტრალურ ანატოლიაში დასავლური ადრებრინჯაო I-ის ათი ფენის თანადროულად რჩება მხოლოდ ალიშარ 15-18 ფენები. არსებული მასალის საფუძველზე შესაძლებელი ჩანს ალიშარ 12-19 ფენების გაერთიანება ადრებრინჯაოს ხანის I ფაზაში, რომელშიც შეიძლება ორი პერიოდის: ადრებრინჯაო Ia (15-19) და ადრებრინჯაო Ib (12-14) გამოყოფა. ცენტრალური ანატოლიის ადრებრინჯაო I ქრონოლოგიურად ნაწილობრივ კილიკიისა და ადრებრინჯაო II ხანის ადრეულ ფენებს უნდა ემთხვეოდეს.
|