topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

გ. ქავთარაძე - საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები (2)
There are no translations available.

<უკან დაბრუნება (ნაწილი I)

გ. ქავთარაძე - საქართველოს სახელმწიფოებრივი განვითარების საკითხები (2)

ვახუშტი ბატონიშვილის ცნობით: "ამ (თორთომის – გ. ქ.) ხევს ზეით, თორთომის მდინარეზედ, არს ციხე თორთომისა, მაგარი, კლდესა ზედა დიდშენებული. მის მიერ იწოდა ხეობა ესე თორთომის ხეობად". მანვე თორთომის მხარის შემდეგნაირი აღწერილობა დაგვიტოვა: "...თორთომის მდინარის კიდე, ხახულს ზეითამდე ანუ ციხემდე, ვენახოვანი, ხილიანი, მოსავლიანი, ხოლო მთის კერძონი ყოველგნით, ვითარცა ჯავახეთი აღვსწერეთ, გარნა არს მოსავლიანი, პირუტყÂანი, ფრინველიან-ნადირიან-თევზიანი, შემკობილი მთით და ბარით, კაცნი ვითარცა მესხნი, და აწ სრულიად მოჰმადიანნი, ენითა ქართულითავე, არამედ უბნობენ თურქულსა".[112] აღსანიშნავია, რომ თორთომის ციხისა და თორთომის ხეობის მეორე ციხის – აღჯა-ყალას მონაცემები, ერთმანეთშია აღრეული სამხრეთ საქართველოს 1917 წ. არქეოლოგიური ექსპედიციის მასალებში.[113] ეს [გვ.34] აღრევა შეიძლება ვახუშტიდან მომდინარეობდეს; მისეული აღწერილობა: "...თორთომის მდინარეზედ, არს ციხე თორთომისა, მაგარი, კლდესა ზედა დიდშენებული. მის მიერ იწოდა ხეობა ესე თორთომის ხეობად",[114] უფრო აღჯა-ყალას მონაცემებისას წააგავს, რომელიც მაღალ კლდეზეა აგებული და თანაც ხეობის შუაგულშია; თორთუმ-კალე კი ხეობის განაპირას, თორთუმ-ჩაის ზემო წელზე მდებარეობს. თორთომის ციხისა და აღჯა-ყალას მონაცემების აღრევასთან დაკავშირებით, გასათვალისწინებელია აგრეთვე ის გარემოებაც, რომ 1923 წლის საქართველოს ისტორიულ რუკაზე აღჯა-ყალას ადგილზე "თორთომის ციხეა" აღნიშნული, ხოლო თორთომის ციხის ნაცვლად "თორთომი" იკითხება.[115] საგულისხმოა, რომ ურარტული ციხე-სიმაგრეები ძირითადად განლაგებული იყო ხეობებისა და ველების განაპირა მხარეებში და არა ცენტრში, განსხვავებით წინაურარტული ხანის ნაგებობებისა,[116] ეს კი შესაძლოა თორთომის ციხის აგების თარიღის განსაზღვრის შესაძლებლობას იძლეოდეს, ვინაიდან რამდენადაც არ უნდა ყოფილიყო დიაუხი ურარტუსთან დაპირისპირებული, ამ სახელმწიფოებრივი ერთეულისათვის დამახასიათებელი პოლიტიკური ხელისუფლების მოდელი და ინსტიტუციონალური სტრუქტურა, გარკვეულად გამოხატული არქეოლოგიური და მიწისზედა ნაშთებით (ციხე-სიმაგრეები, მეგალითური გალავნები), არ უნდა ყოფილიყო დიდად განსხვავებული ურარტულისაგან. როგორც ჩანს, თორთომის ციხესთან ერთ დროს დიდი ქალაქი უნდა არსებულიყო.[117] როგორც უკვე ითქვა, სალმანასარ III-ისა და მენუას ლაშქრობათა შორის განვლილ ხანაში, დაიაენი/დიაუხის მიწაზე დიდ კატაკლიზმებს ადგილი არ უნდა ჰქონოდა, ამიტომ საფიქრებელია, რომ ასიას სატახტო ქალაქი სწორედ შემდეგდროინდელი დიაუხის დედაქალაქი შაშილუ უნდა ყოფილიყო. ვინაიდან ბგერები: s და š, r და l, o და u ურარტულ დამწერლობაში ერთმანეთისაგან არ განირჩევა,[118] ხოლო ისტორიულ-გეოგრაფიული ხასიათის კვლევისას რეკომენდირებულია š-ს s-დ და u-ს o-დ [გვ. 35] წაკითხვა,[119] ტოპონიმი "შაშილუ" უნდა წავიკითხოთ, როგორც "სასირო" ან "სასილო". გ. მელიქიშვილი ამ ტოპონიმს "სასილო"-ს ფორმით აღადგენდა.[120] აღსანიშნავია, რომ თორთომის ციხეს დასავლეთის მხრიდან უშუალოდ ეკვრის თურქული სოფელი საირი (თურქ. Sağır ანუ "ყრუ", ამჟამად ს. Esen-durak-ი ანუ "ჯანსაღი ბანაკი", ვახუშტის თქმითაც თორთომი ადგილია "მოსავლიანი, პირუტყჳანი, ფრინველიან-ნადირიან-თევზიანი"), რომლის ძველი ქართული სახელწოდებაა "სასირე",[121] საკმაოდ ახლო მდგომი ურარტული სამეფო ანალებში დადასტურებულ ტოპონიმ "სასილო"-სთან. შესაბამისად, თუკი ტოპონიმი "სასირე" ურარტული წყაროების "შაშილუ"-სთან არის დაკავშირებული, ამ უკანასკნელის წაკითხვისას ფორმა "სასილო"-სთან" შედარებით უპირატესობა უნდა მიენიჭოს – "სასიროს". სა-სირ-ო-ს პარალელური ყალიბია სა-სირ-ე[122] (თუმცა შავშეთში, სოფ. კუწენში, ტყის აღმნიშვნელად დასტურდება ფორმა "სა-სილ-ე"-ც, რომელსაც "სა-სირ-ე"-დ აღადგენენ).[123] ენათმეცნიერთა შეხედულებით, "სა- -ო" სიტყვათსაწარმოებელი ცირკუმფიქსის მოდელის შემთხვევაში, უცნობი ფუძის კვლევა რამდენადმე კომპრომისული გზით უნდა წარიმართოს: უწინარეს ყოვლისა, სავარაუდებელი ხდება "ვინ" ჯგუფის სახელი, მაგრამ პრინციპულად არ გამოირიცხება "რა" ჯგუფის სახელიც, კერძოდ, ქართულ მიკროტოპონიმიკაში დასტურდება ტერმინები: "საცხენო", "სააქლემო ღელე", "საბამბო გზა", "საჯერნო" და სხვ.[124] რაც შეეხება სატომო სახელს – mŠaškiei, მასთან ქალაქის სახელწოდება – Šašilu არ უნდა იყოს უშუალო კავშირში, როგორც ამას ზოგჯერ ვარაუდობენ ხოლმე;[125] არგიშთი I-ის ხორხორული მატიანის ერთსადაიმავე წარწერაში (B1), ისინი განსხვავებულ კონტექსტში გვხვდება, ქალაქ შაშილუს ქვეყანა კადასა (KURQada) და აშკალაშის (KURAšqalaši) ქვეყნებთან ერთად, ხოლო შაშკიეხის ტომი – არდარაქიხის (mArdarakii), ბალთულხისა (mBaltuli) და კაბილუხის (mQabilui) ტომებთან.[126] თორთომის ციხესთან გადიოდა შავი ზღვის სანაპიროდან (დღევ. ქ. რიზეს მახლობლად) ისპირისა და ხახულის გავლით რიზედან ერზურუმისაკენ მიმავალი გზა, რომელიც შემდეგ ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ­სუს [გვ.36] გაყოლებითა და ქართლის ყელის ("გურჯი ბოღაზის") გავლით სამხრეთით, ქ.ერზურუმისკენ მიემართებოდა. თორთომში ისპირ-ერზურუმის გზა ნარიმან-ოლთისის გზით იკვეთება, ხოლო მესამე, ჩრდილოეთის გზა, მდ. თორთომის-წყალს მიყვება და შემდეგ მდ. ჭოროხის გაყოლებით, ამ უკანასკნელის შესართავთან შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს. შემთხვევითი არ ჩანს ის გარემოება, რომ სწორედ თორთომის ციხე წარმოადგენდა XV საუკუნის დასაწყისში თემურ-ლენგის ერთ-ერთ ძირითად ბანაკს ანატოლიასა და ამიერკავკასიაში მისი ლაშქრობების დროს;[127] ხოლო 1549 წ. დეკემბერში ფერდინანდ I-სადმი გაგზავნილ წერილში სულეიმან კანუნი იუწყება ოსმალთა მიერ თორთომის ციხისა და აღჯა-ყალას აღებას და თორთომს "გურჯისტანის ქვეყნების" დედა­ქალაქად მოიხსენიებს.[128] ბევრად უფრო ადრე, XIII ს. მეორე ნახევარში, თორთომის ციხის კედლებთან თურქი ურდოების წინააღმდეგ გმირული ბრძოლა გადაუხდია თაყა ფანასკერტელს, რომელმაც "...მცირე წყობა ყო ციხისა თორთომის ძირსა და (თურქთა) დიდად ავნო..." (II, 310, 17-19, 311, 9-11).[129] ისტორიულად თორთომის ციხე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ მიჯნას დარაჯობდა. ივ. ჯავახიშვილის მიხედვით, თორთომის სამხრეთ-დასავლეთის საზღვარი იყო ჯუანშერთან მიხსენიებული "გზა ქართლისა", ანუ ვახუშტის "საქართველოს ყელი", რომელსაც თურქებმა "გურჯი ბოღაზი" უწოდეს.[130] ვინაიდან დიდი სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე თორთომის ციხე, ერზურუმის ზეგნისა და შავი ზღვის დამაკავშირებელ გზაზე მდებარეობდა და გაბატონებული მდგომარეობა ეკავა მდ. ევფრატის სათავეებსა და საზოგადოდ ერზურუმის მხარეზე, სავარაუდოა, რომ აქვე ყოფილიყო დაიაენის მეფის, ასიას სატახტო ქალაქი და ამასთანავე დიაუხის ქვეყნის ადრეული ხანის დედაქალაქი შაშილუ, რაზედაც აქ ტოპონიმ "სასირეს" არსებობა უნდა მიგვანიშნებდეს (იხ., ზემოთ). გასათვალისწინებელია ისიც, რომ ურარტუს ისტორიის ცნობილი სპეციალისტი, ბ. პიოტროვსკი, ქალაქ შაშილუს ათავსებდა X საუკუნის ქართული მონასტრის, ხახულის ადგილას, რომელიც თორთომიდან მხოლოდ ოციოდე კილომეტრით თუ არის დაშორებული.[131] ხოლო რ.ჰ.ჰევზენი ამ ქალაქს ბევრად უფრო ჩრდილოეთით, ჭოროხის შუა დინებასთან ერთერთი მცირე შენაკადის შეერთების ადგილთან მდებარე არსის/ერსისთან ეძებს.[132] [გვ.37] აღსანიშნავია, რომ მკვლევართა ერთი ნაწილი დაიაენი/დიაუხის ქვეყანას ხურიტული, ხოლო მეორე ნაწილი ქართველური წარმომავლობის მოსახლეობით დასახლებულად მიიჩნევს.[133] გ. მელიქიშვილი ქალაქის სახელწოდებაში – Šašiluni და აგრეთვე მამრობითი სქესის პირთა სახელების დეტერმინატივით განსაზღვრულ სახელში – Šaški, გამოყოფს "šaš" ელემენტს, მრავალგზის დამოწმებულს ხურიტულ, კერძოდ ქ. ნუზის ონომასტიკონში.[134] ურის III დინასტიის ხანის მცირე ზაბის ხეობაში განლაგებულ დასახლებულ პუნქტთა სახელთა შორის დასტურდება მსგავსი სახელი – Ši-ši-ilki-ის, ხოლო ჰარმალის ძველ ბაბილონურ სახელთა შორის Ši-il-ši-ilki-ის სახით. თუქულთი-ნინურტა I-ის (ძვ. წ. 1243-1207 წწ.) წარწერაში და ახალასურულ გეოგრაფიულ ტექსტში ერთი და იგივე ქალაქი იკითხება, URUŠá-ši-la-sa-სა და URUŠi-iš-lu-ს ფორმით.[135] შაშილუსთან განსაკუთრებით ახლო მდგომი ფორმა, Ša-ši-il-la-ni, გვხვდება ისინ-ლარსის პერიოდის ლარსის მეფის სინ-იდდინამის ერთ-ერთ თიხის ტაბულაზე.[136] ზემოხსენებული სახელწოდებები განიხილება ტოპონიმიკური ინტერრეგიონალური დუპლიკაციის გამოვლინებად, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ მათი ეტიმოლოგია გაურკვეველად არის მიჩნეული[137] და ეს მნიშვნელოვან გარემოებად უნდა იყოს მიჩნეული წინამდებარე კვლევის თვალ­საწიერიდან. ამ მხრივ გარკვეული დატვირთვა იქნებ ტოპონიმ "სასირო"-ს მიეცეს, რომე­ლიც შესაძლოა დიაუხის მოსახლეობის ქართველურობაზე მიგვანიშნებდეს;[138] "სასირე" ხომ ძველქართულად "ჩიტების ადგილს" ნიშნავს. ტოპონიმი "სასირეთი" დასტურდება თეძმის ხეობაში და ცხინვალ-სამაჩაბლოს ხეობებში.[139] სოფელ აჭყვისთავთან (აჭარაში, ქ. ქობულეთის ჩრდილო-დასავლეთით) სამ ადგილას დასტურება ტოპონიმი – "სასირე".[140] [გვ. 38] გ. კლიმოვმა ჩიტის აღმნიშვნელი *სირ-არქეტიპი აღადგინა ქართულ-ზანური ერთიანობის ხანისათვის.[141] თანამედროვე ქართულშიც სიტყვა "სირ-ი" "ჩიტის" მნიშვნელობით ასახულია სიტყვებში: სირ-აქლემი; სარ-ა-სირ-ი – "ღობემძვრალა".[142] იმის შესაძლებლობას, რომ ტოპონიმი "სასირე/სასირო" საკუთრივ ქართული ენის წიაღში იყოს აღმოცენებული და არა სხვა წარმომავლობის სიტყვის ქართული გააზრების შედეგად მიღებული (რასაც, კვლევის მოცემულ ეტაპზე, ვერ გამოვრიცხავთ), იქნებ მოწმობდეს უკანასკნელ ხანებში გამოთქმული დაკვირვება, ქართულ ენაში ფრინველების სახელებიანი ტოპონიმების კავშირის შესახებ საკულტო მნიშვნელობის ადგილებთან.[143] საკულტო და საერო ცენტრების დამთხვევა, დამახასიათებელი მოვლენაა ძველი ახლოაღმოსავლური სამყაროსათვის. აღსანიშნავია, რომ მდ.ევფრატის სათავეების მხარეში, მოგზაურები იუწყებიან ხოლმე ფრინველთა გამორჩეულ სიჭარბეს. თორთუმ-ჩაისა (თორთომის-წყლის) და ოლთუ-ჩაის (ოლთისის-წყლის) წყალგამყოფ ქედს დღესაც თურქულად ეწოდება – Kargapazarlı dağları ანუ "ყვავთა ბაზრის მთები", ხოლო ევფრატის სათავე მდინარის, დუმლუ-სუს შემადგენელი წყაროების სათავეების მქონე და ამავე დროს მტაცებელი ფრინველების ბუდეებით გამორჩეულ მთას – Kuş-kuşların baş-ი ანუ "ჩიტთა თავების მთას".[144] ვფიქრობ, გასაზიარებულია უკანასკნელ ხანებში გამოთქმული შეხედულება, რომ დიაუხის ტერიტორიაზე დადასტურებული ხურიტული წარმომავლობის სამიოდე ტოპონიმის საფუძველზე გაუმართლებელია ამ ქვეყნის ძირითადი მოსახლეობის ხურიტული წარმომავლობის მტკიცება; მითუმეტეს რომ, როგორც აღინიშნება, მოიპოვება ამ ქვეყნის ტოპონიმიკაში არაერთი ქართული თუ ქართველური ჟღერადობის სახელი. არც სახელწოდებაში "დაია-ენი/დიაუ-ხი" გამოვლენილი ხურიტულ­ურარტული სუფიქსები მიაჩნიათ ამ ტერმინებით სახელდებული მოსახლეობის ხურიტულობის დამამტკიცებლად, ვინაიდან ეს ეთნონიმები ხურიტებისაგან უნდა იყოს შეთვისებული.[145] [გვ.39] მართლაც, ძნელი წარმოსადგენია, -a- დაბოლოებით ნაწარმოები ქორონიმი და ეთნონიმი "კულხა/კოლხი" ოდესმე ხურიტულენოვანი და არა ქართველურენოვანი მოსახლეობის აღმნიშვნელი ყოფილიყო.[146] არც ის არის მოსალოდნელი, რომ ამიერკავკასიის ქართველური მოსახლეობა სხვაენოვანი ხალხით ყოფილიყო მოწყვეტილი ჩრდილოეთ ანატოლიაში, ტრაპეზუნტ-კერასუნტის სექტორში ძველთაგანვე, კერძოდ ქსენოფონტის მიერ დადასტურებული და იქ ავტოქტონებად მიჩნეული კოლხური მოსახლეობისაგან (Xen., Anab., IV, VIII, 22; V, II, 1; V, III, 2; შდრ., Diod., XIV, 30, 3), რისი წარმოდგენაც მოგვიწევდა დაიაენი/დიაუხის მოსახლეობის ხურიტულენოვნების ვარაუდის დაშვებისას. არ არის გამორიცხული, რომ დაიაენი ხეთური წყაროების ხაიასას (შდრ. ხალიბი/ხალდი/ხა­ლიტუს[147] – ანატოლიური სამყაროსათვის დამახა­სიათებელი l და i ბგერების მონაცვლეობის გათვალისწინებით) ქვეყნის მემკვიდრე იყოს.[148] გარდა ორივე ქვეყნის ჭოროხისა და ევფრატის ზემო წელის მხარეებში მდებარეობის ნაწილობრივი დამთხვევისა (უფრო დღევანდ. ქ.ერზინჯანის მიდამოებში), შესაძლოა ამაზე მიუთითებდეს ამ ორი ქორონიმის (ხაია-სა, დაია-ენი) ფუძეებისა და ტერმინ "აია"‑ს საერთო წარმომავლობის დაშვება,[149] თუკი აიხსნება ანლაუტში დენტალური[150] და ველარული ფონემების მონაცვლეობა ნულ­თან. ეს სრულიად ახალ პერსპექტივებს დასახავდა რეგიონის უძველესი ისტორიის საკითხთა კვლევისას. ეთნო-ტოპონიმების მსგავსი პარალელური ვარიანტები დასტურდება ძველ წერილობით წყაროებში (შდრ. ხალიბი/ალიბე, ხარიმატი/არიმატი, ხაბარენი/ობარენი, ტოსარენე/ოსარენე, ქაღზევანი/აღზევანი, ტაპირი/აპირი, თო[გვ. 40]რეტი/ორეტი, თუნი/უნი და ა.შ., ეგებ თორთუმი/ოლთისი, არდ–ი/ქ–ართ–ი[151] და უფლისი/ტიფილისიც[152]). ურარტულ წარწერებში ზოგიერთ შემთხვევაში გამოვლენილ დიაუხის და ზოგიერთი სხვა ქვეყნის ონომასტიკონის ხურიტულ-ურარტული ელფერის ასახსნელად, ალბათ გასათვალისწინებელი უნდა იყოს აქადურ-ახალასურული ტიპის ურარტული დამწერლობის უშუალო წარმომავლობის ვარაუდი ერთ-ერთი ხურიტული (სავარაუდოდ ალზის მხარის) ლურსმული სახეობიდან,[153] რასაც, შესაძლოა, განეპირობებინა უცხოენოვანი სახელების გაჟღერება წარწერათა შემდგენელთათვის შედარებით უფრო უკეთესად ცნობილ ხურიტულ თუ ურარტულ სახელებთან მიმსგავსებით. საყურადღებოა, ისიც, რომ დაიაენი/დიაუხის ონომასტიკაში ხურიტულად მიჩნეულ სახელთა ერთი ნაწილი გავრცელებული ჩანს ძველ ახლო აღმოსავლეთში, [გვ.41]კერძოდ დასტურდება ე.წ. კაპადოკიური ფირფიტების ტექსტებში და საზოგადოდ ხეთურ-მცირეაზიულ სამყაროში.[154] დაიაენი/დიაუხი ქვეყნის მოსახლეობის ქართული წარმომავლობის სამტკიცებლად მნიშვნელოვან გარემოებას წარმოადგენს სომეხთა ქართული დასახელება "სომეხი", რომელიც მიღებულია დაიაენის უშუალოდ სამხრეთით მდებარე ქვეყნის სახელისაგან "სუხმი||სოხმე" მეტათეზისის "სოხმე" → "სომეხი" გზით.[155] დიაუხის ქვეყნის მოსახლეობის წარმომავლობის საკითხთან დაკავშირებით, ითვალისწინებენ ხოლმე, აგრეთვე, დიაუხის შემადგენელი ქვეყნების – შეშეთის, დიდის და სხვ. – სახელწოდებათა ქართულ ჟღერადობას. პირველ ტერმინში გამოყოფენ გეოგრაფიულ სახელთა მაწარმოებელ ქართულ -et სუფიქსს და მას აიგივებენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოში მდებარე მხარის – "შავშეთის" სახელთან,[156] თუმცა, ვინაიდან რეკომენდირებულია ურარტული š-ს s-დ გახმოვანება, ეს ტერმინი უნდა იკითხებოდეს, როგორც "სესეთი".[157] მენუას იაზილითაშისა და არგიშთი I-ის სურბ საჰაკის წარწერათა შეპირისპირება, როგორც უკვე ითქვა, ცხადყოფს, რომ შეშეთი დიაუხის ქვეყნის შემადგენელი ნაწილს წარმოადგენდა, ვინაიდან არგიშთის მიერ ნახსენები დიაუხის სამეფო ქალაქი ზუაინა/ზუა(ნი), მენუას წარწერის მიხედვით შეშეთის ქვეყანაშია. მეორეს მხრივ, დაიაენის ტერიტორიისა და შეშეთის თანხვდენაზე შესაძლოა მიუთითებდეს ტიგლათფილესერ I-ის წარწერა, რომლის მიხედვი­თაც დაიაენი ნაირის ქვეყანათა ჩამოთვლისას, ხოლო "შეშეს მთა" ნაირის მთებს შორის ყველაზე ბოლოს მოიხსენიებიან,[158] რაც მათ ყველაზე უფრო ჩრდილოურ მდებარეობაზე უნდა მიგვანიშნებდეს, მათთან ერთად ერთ კონტექსტში ჩამოთვლილ სხვა ქვეყნებთან და მთებთან შედარებით; შესაბამისად ამისა, მათ ადგილმდებარეობას მდ. ჭოროხის შუა დინების ჩრდილოეთით განსაზღვრავენ ხოლმე.[159] აქვე, შავშეთსა და ჭოროხს შორის, მდებარეობდა ვახუშტის ცნობით, მთა [გვ. 42] შავშეთისა.[160] დაახლოებით ამავე ტერიტორიაზე ეძებენ "სერაპიონ ზარზმელის ცხოვრებაში" მოხსენიებულ შეშის მთასაც: "მთაჲ ესე მაღალი არს. თავი ყოველთა ამათ ქედთაჲ, რომელსა ჰრქვიან თავი შეშეთაჲ…".[161] გამოთქმულია ვარაუდი, ტყიანი მხარის "შავშეთის" აღმნიშვნელი და ტერმინ "შეშეთის" ახლო მდგომი სახელწოდების მიღების შესახებ სიტყვა "შავი"-სა და ძველ ქართულში "ხე" სიტყვის მნიშვნელობით ხმარებული სიტყვა "შეშა"-საგან, -et სუფიქსის დართვის შედეგად.[162] თუ კი დასაშვები იქნებოდა შავშეთში დიაუხის სამეფო ქალაქ ზუაინა/ზუა(ნი)ს ლოკალიზება, ტოპონიმ "ზუა"-სთან მიმართებაში გასათვალისწინებელი გახდებოდა ქართული ფუძე ზუ-, აქედან მ-ზუ-არ-ე, რაც ნიშნავს "მზიან ადგილს".[163] სულხან-საბას მიხედვით: "მზუარე, ადგილი მზის მდეგი (მზე-მდეგი)".[164] ყურადღებას იპყრობს აგრეთვე მეორე ქართული სიტყვა - "ზუავ-ი", ანუ გოროზი, ამაყი: "ზუავი იგი ნაბუქოდონოსორ" (მამათა ცხოვრება, 15ვ).[165] ქართული თუ ქართველური კუთვნილების სახელებად მიჩნეულია, არგიშთი I-ის ძის, სარდური II-ის წარწერაში მოხსენიებული ცუდალა (URUṢudala), რომელშიც გ. მელიქიშვილი გამოჰყოფს ქართულ სიტყვას – "ცუდ-ი"-ს და ქართულივე სუფიქსს – "(a)la"-ს და აგრეთვე იმავე წარწერიდან ცნობილი ტოპონიმები ფუზუნია და ალქანია.[166] ზემოაღნიშნული გარემოებანი და დაიაენი/დიაუხის ქვეყნის უძველესი დედაქალაქის დღევანდელი თორთუმ­კალესა და ს. ესენ­დურაქის ადგილას, ზემოთ ნავარაუდევი, ლოკალიზაცია, შესაძლოა, ძვ.წ. IX ს-ში არსებული უძველესი ქართული დედაქალაქის ადგილმდებარეობის განსაზღვრის საშუალებასაც იძლეოდეს. ამ საკითხის გარკვევა მხოლოდ ამ მხარის არქეოლოგიურ შესწავლას შეუძლია.[167] საგულისხმოა, რომ ძველი ქართული საისტორიო ტრადიცია საქართველოს სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში ეძებს ქართული სახელმწიფოებრიობის[გვ.43] სათავეებს.[168] კერძოდ, მხედველობაში გვაქვს "მოქცევაჲ ქართლისაჲს" აზოს, "მცხეთას შინა პირველი მეფის" წარმომავლობა არიან-ქართლიდან და "მეფეთა ცხოვრების" მიხედვით, აზონის დამარცხების შემდეგ ფარნავაზის გალაშქრება სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით, აგრეთვე არსენ იყალთოელის ცნობილი განმარტება, ქართველთა არიან-ქართლიდან წარმომავლობის თაობაზე.[169] გასათვალისწინებელია, რომ მტკვრის ზემო დინების რეგიონის დიაუხის ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილისადმი კუთვნილებას საკუთრივ ურარტული ეპიგრაფიკული მონაცემები მოწმობენ. კერძოდ, არტაანის ჩრდილოეთით (არტაან-ახალციხის გზაზე) მდებარე ხანაკის მახლობლად პატარა მდინარის პირზე მდებარე კლდეზე ორი ათეული წლის წინ აღმოჩნდა არგიშთი I-ის წარწერა. ურარტული ტექსტი გვამცნობს მისი ლაშქრობის შესახებ თარიუნის ქვეყნის (KURTariuni) წინააღმდეგ რაც საქართველოს ტერიტორიაზე დიაუხის ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრის გავრცელების მოწმობად მიიჩნევა.[170] თუ ადრე ამ ქვეყნის ლოკალიზებას ჩილდირის ტბის სამხრეთ-დასავლეთით ახდენდნენ, ხანაკის წარწერამ მეტი დამაჯერებლობა შესძინა ვარაუდს "თორის" მხარესთან მისი კავშირის შესახებ.[171] როგორც ჩანს, მტკვრის დინება წარმოადგენდა სამხრეთ-დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს შორის ეთნიკური სიახლოვის განმაპირობებელ ფაქტორს, ხელს უწყობდა რა მდინარის გაყოლებაზე მოსახლეობის გავრცელებას. აღსანიშნავია, რომ ყარსისა და არტაანის სანახებში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა გვიანბრინჯაო-ადრეული რკინის ხანის მცხეთა-სამთავროს კერამიკის ანალოგიური ჩანს.[172] დიაუხის ქვეყნის საპირისპირო, ჩრდილო-დასავლეთ პერიფერიაზე, ჭოროხის ხეობაში ყალიბდებოდა დიაუხის მეტოქე და მემკვიდრე ქვეყანა, ურარტული ლურსმული წარწერების "კულხა" (KURQulḫa) – კოლხეთის ადრეული სახელმწიფო, ურარტუს სამეფოს ახალი მეტოქე ჩრდილოეთის სატრანზიტო გზებისათვის ბრძოლაში. დროის მსვლელობასთან ერთად ჭოროხის აუზში მდებარე კულხა შეცვლა შავიზღვისპირეთში მდებარე ძველბერძნული წერილობითი წყაროების "კოლხიდამ".[173] სწორედ ჭოროხის დინებას[გვ.44] უნდა უკავშირდებოდეს კოლხეთის პოლიტიკური და კულტურული ცენტრის თანდათანობითი გადანაცვლება სამხრეთიდან ჩრდილო-დასავლეთისაკენ. ნავარაუდევია, რომ ძვ. წ. VII საუკუნიდან, როდესაც ადგილი აქვს ბერძნული ახალშენების მოწყობას შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებზე, აქ ამ დროს არსებული დიდი პოლიტიკური წარმონაქმნის – კოლხას სახელი გადაიქცა ამ მხარეების ვრცელი ტერიტორიის ზოგად აღმნიშვნელად, კრებითი სახელწოდება "კოლხიდის" სახით.[174] შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს სამივე უმთავრესი მდინარე - მტკვარი, ჭოროხი და აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელი რიონი - ქვეყნის ერთიანობისათვის ძველთაგანავე სასიცოცხლო არტერიების ფუნქციას ასრულებდნენ, აკავშირებდნენ რა ერთმანეთთან ქვეყნის უმთავრეს აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ­-დასავლეთ ნაწილებს. საქართველოს ძლიერების ხანაში ხდებოდა ამ სამი, ერთი შეხედვით განსხვავებული, თუმცა ერთი ძირიდან წარმომდგარი სახელმწიფოებრივი ტრადიციის მქონე, მხარის გაერთიანება, ხოლო დაუძლურებისას – ერთმანეთისაგან დაშორება. ამრიგად, მდინარე ევფრატის გაყოლებაზე მდებარე ძველი მსოფლიოს ერთ-ერთი უმთავრესი კულტურული და პოლიტიკური განვითარების განმაპირობებელი შუამდინარეთის რეგიონის უმთავრესი მდინარის სათავის მხარეში განლაგებული დაიაენი/დიაუხი ქვეყანა უნდა ყოფილიყო ამიერკავკასიის ცენტრალურ, დასავლეთ და სამხრეთ­დასავლეთ მხარეებში არსებული ქართული სახელმწიფოების წინაპარი ქვეყანა და შესაბამისად, ამ სახელმწიფოებრივი წარმონაქმნის რაობის გარკვევას სათანადო მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს საზოგადოდ ადრეული ამიერკავკასიური სახელმწიფოების აღმოცენება-განვითარების საკითხთა შესწავლის თვალთახედვით და კერძოდ ქართული სახელმწიფოებრივი ტრადიციის ფესვების ძიებისას. [გვ.45]

იბერიის სამეფო და მისი "არსებობის არსი"

აღმოსავლეთ საქართველოში ანუ ცენტრალურ ამიერკავკასიაში სახელმწიფოებრიობის ადგილობრივ საფუძველზე აღმოცენება დაკავშირებული ჩანს ალექსანდრე მაკედონელის მიერ აქემენიანთა იმპერიის დაპყრობასთან და Pax Achaemenia-ს Pax Macedonica-თი შეცვლასთან. ამ პერიოდიდან ყალიბდება ქართლის სამეფოს ისტორიული ფუნქცია გადაჯაჭვული სხვა ელინისტურ პოლიტიკურ წარმონაქმნთა ინტერესებთან და სათავეს იღებს დღევანდელი საქართველოს მრავალსაუკუნოვანი საზოგადოებრივი, პოლიტიკური და კულტურული განვითარების პროცესი.[175] კლასიკური ეპოქის ახალი სახელმწიფოების - იბერიის, ალბანეთისა და კოლხეთ-ეგრისის (ლაზიკის) - პოლიტიკური ისტორია განპირობებული იყო ამიერკავკასიის გეოგრაფიული მდებარეობით დიდი კავკასიონის მთაგრეხილის სამხრეთით და შესაბამისად მათი როლით ამ მთაგრეხილის სტრატეგიული ფუნქციის მქონე ზეკარების კონტროლის საქმეში. ამ სახელმწიფოთა "არსებობის არსი" (raison d'être) იყო οίκουμένη-ს, ანუ საერთო ინტერესების მქონე ხმელთაშუაზღვისპირეთულ-ახლოაღმოსავლური ცივილიზირებული სამყაროს, დაცვა ჩრდილოეთის მომთაბარე ტომებისაგან. თუმცა არსებობდა აშკარა სხვაობა იბერიის, და რამდენადმე ლაზიკის, დასავლურ (საბერძნეთი, რომისა და ბიზანტიის იმპერიები), და ალბანეთის აღმოსავლურ (ირანი, პართია), პოლიტიკურ ორიენტაციებს შორის. კაცობრიობისთვის კავკასიონის მდებარეობის უაღრესად დიდი მნიშვნელობა ხატოვნად გამოთქვა, ჯერ კიდევ ორი ათასი წლის წინ, პლინიუს უფროსმა (Plinius Magnus), რომ კავკასიის კარი (ანუ დარიალის კარიბჭე) სამყაროს ორ ნაწილად განყოფს (n.h., VI, 30). XIII საუკუნის ინგლისელი ფილოსოფოსის როჯერ ბეკონის მიხედვითაც, სამყარო ორ ნაწილად იყოფა: ბარბაროსთა საუფლოდ და მოაზროვნე ადამიანის სამკვიდროდ (Opus majus, 1, 301). სამყაროს კონცეფცია ყოველთვის საჭიროებდა და დღესაც საჭიროებს მის დაყოფას სხვადასხვა რაოდენობის შემადგენელ ნაწილებად. ყოველთვის იყო საჭირო ზღვარი, აგებული მოაზროვნე ადამიანის მიერ ბარბაროსთა საწინააღმდეგოდ, ასეთი იყო, მაგალითად,  ჩინეთის დიდი კედელი ან ადრიანეს კედელი (Roman Limes). კავკასიის კარიბჭეს  ანალოგიური დაცვითი კედლის ფუნქცია ჰქონდა. უხსოვარი დროიდან იგი მძლავრი წინაღობა იყო საზიარო ინტერესების მქონე ახლოაღმოსავლურ-ხმელთაშუაზღვისპირეთულ ცივილიზირებულ სამყაროში, ანუ ოიკუმენეში, ევრაზიელი ნომადების შეღწევის საწინააღმდეგოდ. [გვ.46] ვ.ე.დ.ალენისა და პ.მურატოვის განცხადებით, დიდი კავკასიონის მთაგრეხილი, მსოფლიოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყალგამყოფი სისტემა, მძლავრი წინაღობა იყო ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ევრაზიელი ნომადების შეღწევისათვის.[176] საკმარისია ითქვას, რომ თვით უძლეველი პომპეუსი მიზანშეუწონლად მიიჩნევდა სახმელეთო გზით – კავკასიონის მთაგრეხილის გადაკვეთითა და იმიერკავკასიის მტრულად განწყობილი მოსახლეობის გავლით – პონტოს მეფის, მითრიდატე ევპატორის დადევნებას, ამ უკანასკნელის დამარცხებისა და თავისი წარმატებული კავკასიური კამპანიის შემდეგ ხანებში.[177] წინარე-ელინისტური, ელინისტური და პოსტ-ელინისტური ამიერკავკასიის ისტორიაში ჩრდილოეთის მომთაბარე მოსახლეობის – კიმერიელების, სკვითების, სარმატების, ალანების, ჰუნების, ბოლღარების, ხაზარების, ოსების და სხვ. – შემოსევების სისტემატურმა ხასიათმა და ამასთანავე, ანატოლიურ-მედიტერანული და ირანულ-მესოპოტამური ძალების მუდმივმა ურთიერთწინააღმდეგობამ, ჩანს არნოლდ თოინბისეული სტიმულის მეორე მოდელის – უწყვეტი, გარეგანი ზეწოლის სტიმულის – ფორმა მიიღო.[178] ხალხები, ქვეყნები და ქალაქები, რომლებიც განიცდიან ასეთ ზეწოლას, პოლიტიკური გეოგრაფიის ტერმინოლოგიით განეკუთვნებიან სხვადასხვა "ცივილიზაციებს" შორის მდებარე სასაზღვრო ზონებს. ჯერ კიდევ ძვ.წ. VI-V საუკუნეების ბერძენი დრამატურგი ესქილე იუწყებოდა სკვითების გზის არსებობის შესახებ, რომელიც ეტყობა კავკასიონზე გადმოდიოდა. შავი ზღვის სანაპირო ზოლი იმდენად ციცაბოა და კლდოვანი, რომ პრაქტიკულად გაუვალი იყო. კ.ფ.ლემან-ჰაუპტი, ისევე როგორც მისი თანამედროვე სპეციალისტების დიდი ნაწილი, დარწმუნებული იყო, რომ სკვითებმა აზიაში შეწრისას დარუბანდის კარიბჭე (დღევანდელი დერბენდი, არაბული ბაბ-ალ-აბვაბი ანუ "კართა კარი", საქვეყნოდ სახელგანთქმული ორმაგკედლიანი გალავანით) ანუ ჰეროდოტესთან მოხსენიებული კასპიის კარი გამოიყენეს (I, 103; IV, 1),[179] თუმცა ამ საკითხთან დაკავშირებით უკვე პლინიუსი შენიშნავდა, რომ "კასპიის კარში" იბერიასთან მდებარე "კავკასიის კარი" უნდა იგულისხმებოდეს ანუ დარიალი. მისი განმარტებით, ამ კარიბჭის ნამდვილი სახელწოდება კავკასიის კარია, შეცდომით მრავალთაგან[გვ.47] კასპიურად მოხსენიებული (n. h., VI, 30: Ab his sunt Portae Caucasiae, magno errore multis Caspiae dictae) საინტერესოა, რომ აქ პლინიუსი, როდესაც სტრაბონის მსგავსად იძლევა დარიალის გადმოსასვლელისა და გზის აღწერილობას, ისევე როგორც სტრაბონი, არაფერს ამბობს დარუბანდის კარზე, რაც შეიძლება იმის დამადასტურებელ გარემოებად მივიჩნიოთ, რომ ეს უკანასკნელი ამ დროისათვის რამდენადმე ინტენსიურად არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. თუ უძველეს ხანებში კასპიის ზღვის დონის უფრო მაღალი დონის შესახებ ს.მურავიოვის თეზისი სწორია,[180] გამოდის, რომ ძვ.წ. I საუკუნემდე მაინც კასპიის დაბლობი (დერბენდის ჩრდილოეთიდან დაახლოებით თანამედროვე რეშტამდე და ქვეყნის შიგნით ევლახამდე აზერბაიჯანში) ჯერ კიდევ წყლის ქვეშ იყო, ასე რომ ალბანეთს შეეძლო ზღვამდე მიეღწია აღმოსავლეთის მიმართულებით თანამედროვე სანაპირო ზოლამდე გავრცელების გარეშეც.[181] საყურადღებოა, რომ დარუბანდის მაღალი დონის გალავანი და სხვა საფორტიფიკაციო ნაგებობები, გამიზნულნი ჩრდილოეთის სტეპების მომთაბარე ბრბოების ახლო აღმოსავლეთის ცივილიზებულ ქვეყნებში შეწრისაგან შესაკავებლად, არ ჩანს რომ ყოფილიყვნენ აგებული ახ.წ. VI საუკუნემდე, არც არავითარი საჭიროება არ ჩანს წყაროებში სანაპირო გასასვლელის გამაგრებისათვის ახ.წ. V საუკუნემდე. ეს ყველაფერი თავის ახსნას პოულობს თუ კასპიის ზღვის წყლები ერთ დროს მაღალი, არ დატოვებდა გასასვლელს სანაპირო ზოლთან გვიან რომაულ ხანებამდე, როდესაც სანაპირო ფორტიფიკაციები გახდა საჭირო. ტაციტუსთან გვხვდება მინიშნება უფრო ადრეული ხანის მდგომარეობაზე; ახ.წთ. 32-37 წწ. დაკავშირებული მოვლენების აღწერისას, იგი თავის 109 წელს დაწერილ ანალებში შენიშნავს, რომ ვიწრობები კასპიის ზღვის დასავლეთ სანაპიროზე, ალბანეთის საზღვართან, ზღვასა და მთებს შუა, მაინცდამაინც გამოსადეგარი არ იყო, ვინაიდან იგი მხოლოდ ზამთრობით იყო ღია, როდესაც ქარი ნაპირიდან ერეკებოდა ტალღებს და აშიშვლებდა მეჩეჩებს ნაპირის გასწვრივ (VI, 33). როგორც ჩანს, დერბენდის სიმაგრე პირველად სპარსეთის დიდი მეფის ხოსრო ანუშირვანის (531-579 წწ.) მიერ იყო აგებული. დღევანდლამდე შემორჩენილი კედლები, კოშკები და დედა-ციხე მართლაც სასანიდური ხასიათი აქვთ. თუმცა კარიბჭის გამაგრების შესახებ პირველი ცნობა ბიზანტიის იმპერატორის თეოდოსიუს II-ის (408-450 წწ.) ხანით თარიღდება. დერბენდი მდებარეობს კასპიის ზღვაზე იმ [გვ.48] ადგილას სადაც კავკასიონის ქედი სანაპიროსკენ ვრცელდება და ტოვებს სამი კილომეტრის სიფართის გასასვლელს, რომლის გავლის შემდეგაც ჩრდილოეთის სტეპების მომთაბარე ტომებს შეეძლოთ დაერბიათ და გაეჩანაგებინათ სამხრეთის ცივილიზებული ქვეყნები.[182] თუმცა კასპიის კართან დაკავშირებული ძველი ქართულ-სომხური წყაროების მონაცემები, საგანგებოდ შესწავლილი მ.ინაძის მიერ, თითქოს უფრო უნდა მოწმობდნენ "დარუბანდის კარის" გამოყენებას პართიის დასალაშქრავად ჩრდილოელი ნომადების მიერ უკვე ახ.წ. IV–V საუკუნეებიდან, ხოლო IV საუკუნის მეორე ნახევრიდან აქ ირანელები ატარებენ გამაგრებით სამუშაოებს.[183] მ.ინაძის დაკვირვებით, დარიალი სპარსელთა ხელში გადადის მათ მიერ იბერიის სრული დამორჩილების შემდეგ ანუ VI საუკუნის პირველ ნახევარში და სწორედ ამ ხანიდან კისრულობენ ისინი ამ კარის დაცვაზე ზრუნვას. თანაც, სწორედ VI საუკუნის პირველ ნახევარშია სავარაუდებელი მათ მიერ მხოლოდ საკუთარი ხარჯების გაღებით ამ კარის გამაგრება. 563 წლის საზავო-ხელშეკრულების თანახმად ბიზანტიელებს უკისრიათ დარიალისა და დარუბანდის კართა დაცვისათვის ხარჯების გაღება, სამაგიეროდ, სპარსელები პირდებოდნენ, ამ კართა გადალახვის გზით მათ სამფლობელოებში არ შემოეშვათ არც ჰუნები, არც ალანები და არც სხვა ბარბაროსები.[184] ძველი და ახალი ავტორების საერთო აზრით, შავ და კასპიის ზღვებს შორის ჩრდილო-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით გადაჭიმული კავკასიონი წარმოადგენდა ბუნებრივ ზღუდეს ევროპასა და აზიას შორის; ჩრდილოეთის სტეპების ბარბაროსებსა და სამხრეთის ცივილიზებულ ქვეყნებს შორის. ძირითადი ისტორიული ინტერესი ამ ქედის მიმართ მდგომარეობს ჩრდილოელი ტომების (განსაკუთრებით ალანების, ხაზარების) პერიოდულ ლაშქრობებში ახლო აღმოსავლეთის მიმართულებით და იმ ღონისძიებებში, რომლებიც იყო განხორციელებული ამ მოლაშქრეთაგან თავის დასაღწევად.[185] ჩრდილოეთ კავკასიას ირანელი სკვითები ფლობდნენ დაახლ. ძვ.წ. 750-250 წწ., ხოლო ძვ.წ. 250 - ახ.წ. 250 წწ. მათი მონათესავე სარმატები. ამის შემდეგ და ახ. წ. IV საუკუნის ხალხთა დიდ გადასახლებებამდე აქ დომინირებდნენ სარმატელი ალანები. VII საუკუნით ეს მხარე ექცევა ხაზართა ხელში, რომელთაც ცენტრი თანამედროვე ქალაქ ასტრახანთან ჰქონდათ.[186] [გვ.49] ის გარემოება, რომ დარიალს პტოლემაიოსი სარმატულ კარებს (V.9.11.15) უწოდებს, ხოლო სტრაბონი იბერიის მთიულებს სარმატებთან აახლოებს (XI, III, 3), უნდა გვაფიქრებინებდეს, რომ სტრაბონისა და პტოლემაიოსის ცხოვრების წინა ხანებში იბერიას ჩრდილოეთიდან სარმატები გამეზობლებოდნენ და თუ ამასთანავე ამ უკანასკნელთა მომთაბარე ყოფასაც გავითვალისწინებთ, უნდა ვივარაუდოთ ამიერკავკასიაში დარიალის გზით განხორციელებული მათი ლაშქრობები, რაც აუცილებელს გახდიდა იბერიაში კავკასიის კარიბჭის მაკონტროლებელი ძალის მქონე სახელმწიფო ხელისუფლების აღმოცენების საჭიროებას. არცთუ იშვითად სარმატელთა ჯგუფები ლაშქრობდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით და კავკასიის გადალახვით არბევდნენ მცირე აზიისა და ჩრდილო-დასავლეთ ირანის ვრცელ რეგიონებს, თუმცა უმეტესად ისინი დასავლეთის მიმართულებით ინაცვლებდნენ ხოლმე.[187] რჩებოდნენ რა ნამდვილ ნომადებად, ისინი არ ცდილობდნენ ტერიტორიების დაპყრობა-ათვისებას და ძირითადად ლაშქრობებით იფარგლებოდნენ.[188] ახ.წ. I საუკუნეში უკვე ალანები სახლობდნენ სამხრეთ რუსულ სტეპებში, დასავლეთისაკენ აზოვის ზღვასა და აღმოსავლეთისაკენ კასპიის ზღვებს შორის და ვრცელდებოდნენ აღმოსავლეთით კიდევ უფრო შორს, არალის ზღვამდე. ამავე დროს კავკასიონის ქედის სამხრეთით მდებარე მიწებიც არ იყო მათთვის უცნობი. ახ.წ. 35 წელს ისინი იყვნენ მიწვეული ტიბერიუსის მიერ, რომ მათ გაელაშქრათ იბერებთან ერთად სომხეთისაკენ და გადმოეგდოთ სომხეთის ტახტიდან იქ გამეფებული პართელი უფლისწული; ამ მიზნისათვის იბერებს ალანებისათვის გაუღიათ დარიალის გადასასვლელი, Portae Caucasiae, ტაციტუსის მიერ შეცდომით, კასპიის კარად მოხსენიებული (Tac. hist., 1, 6,2).[189] ახ. წ. 290 წელს სომხეთის მეფემ ტირიდატმა თავის ჯარში გამოიყენა ალანი მექირავნეები. უფრო გვიან 317 წ. ამავე ქვეყნის სხვა მეფემ, ხოსრო II-მ ცოლად მოიყვანა ალანთა მეფის ქალიშვილი სათენიკი. IV საუკუნის ბოლო მეოთხედში ჰუნები აღარ ჩანდნენ რომის იმპერიის ევროპულ ნაწილში, სამაგიეროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნავდით, ამ ხანებში მათ სამხრეთ რუსეთში დაიკავეს ადრე ალანებისა და აღმოსავლეთ გოთების მიერ დასახლებული მხარეები. აქედან მათ დაიწყეს შეტევა რომის იმპერიის აღმოსავლეთ, აზიურ ნაწილზე. ამისათვის მათ გამოიყენეს ალანთა ნაკვალევი და კავკასიონის გადალახვით შეესიენ ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა მომიჯნავე მხარეებს.[190] [გვ.50] პლინიუსის ზემოყვანილი ცნობით, სამყაროს ორად გამყოფი კავკასიის კარი და მის მახლობლად აგებული ციხე-სიმაგრე კუმანია (დაკავშირებულია ქართულ კომლის-ციხესთან) გზას უღობავენ კავკასიონის გადაღმა მხარეს მყოფ უთვალავ ტომებს. პლინიუსი იქვე დასძენს, რომ ამ კარის პირდაპირ (ქვეყნის შიგნით) მდებარეობს იბერიის ქალაქი ჰარმასტუსი (გაიგივებულია არმაზთან). ეს უკანასკნელი გარემოება ააშკარავებს იბერიის ერთ-ერთი უძველესი დედაქალაქის, არმაზის, ისევე როგორც მცხეთის დანიშნულებას, არაგვის ხეობით ჩამომავალი გზის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში ჩაეკეტა ჩრდილოეთიდან კავკასიის კარით (ანუ დარიალით) გარდმომავალი გზა ჩრდილოეთის უთვალავი ტომებისათვის. გეოპოლიტიკის მამამთავრის ფრიდრიხ რაცელის განმარტებით, მთების კიდეებთან ქალაქები მდებარეობენ, რაც შეიძლება უფრო საპირისპიროდ გადასასვლელებთან, შედარებით მცირე ზომის დასახლებები უშუალოდ მთისძირთან, ხოლო მოზრდილები რამდენადმე უფრო ქვეყნის შიგნით, თითოეულ გადასასვლელთან მიბმით, რათა მომხდარიყო ადამიანთა და ტვირთის რამდენიმე ნაკადის გაკონტროლება.[191] დარიალის გადასავლელზე კონტროლი, მხოლოდ საკუთრივ ამ კარიბჭით არ შემოიფარგლებოდა, თვით თბილისიც კი, მცხეთა-არმაზზე, რომ არაფერი ვთქვათ, ამ გადასასვლელის ჩამკეტი იყო. ე.ი. ფაქტიურად აღნიშნული გადასასვლელი მოიცავდა ტერიტორიას დარიალიდან თბილისამდე. თბილისის ციხე კიდევ უფრო სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ მიმავალ გზას აკონტროლებდა, კეტავდა რა მტკვრის დინების ვიწრობებს და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ამიერკავკასიისა და ირანის ხელისუფალთათვის. არმაზციხე გაშენებულია ძნელად მისადგომ ადგილას, არმაზის ქედის უმაღლეს წერტილთან, საიდანაც შესანიშნავად მოჩანს ჩრდილოეთიდან - არაგვის ხეობით, ხოლო სამხრეთიდან და დასავლეთიდან მტკვრის ხეობით მომავალი გზები. ამავე ადგილიდან კარგად ჩანს მცხეთა, წიწამური, საპიტიახშო, ავწალის კარი, მუხათგვერდის ზეგანი, ქართლი, ზადენ-ზედაზნის სანახები და თვით სარკინე – შიო მღვიმის მიდამო. ჩრდილოეთის მიმართულება მიუდგომელი ზღუდე-გალავნით იყო ჩაკეტილი, რომელიც ამასთანავე ამ მხარის სიმაგრეთა სისტემის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენდა.[192] სპეციალისტთა დაკვირვებით, არმაზციხის მშენებელ ქართლის სამეფოს მესვეურებსა და ხუროთმოძღვრებს წინააზიური (ურარტულ-აქემენიდური) ტრადიციები მოსდგამდათ.[193] [გვ.51] ძველი ქართული მატიანეების ავთენტურობის საკითხი. ქართული წერილობითი წყაროების ძველი კორპუსის ისტორიული ფასეულობა, რომელიც წარმოადგენდა საქართველოს ოფიციალურ corpus historicum-ს ანუ ქართულ სამეფო ანალებს და ცნობილი იყო ქართლის ცხოვრების სახელით,[194] ინტენსიურად შეისწავლებოდა მეცნიერთა მიერ მეცხრამეტე საუკუნის შუა ხანებიდან და შეხედულებათა დიდი დაპირისპირება გამოიწვია.[195] ეს კორპუსი შედგება ცამეტი განსხვავებული ტექსტისაგან, რომლებიც დაწერილია მეცხრე და მეთოთხმეტე საუკუნეებს შორის.[196] ქართლის ცხოვრების კანონიზირებული ტექსტი დადგენილი იყო მეთვრამეტე საუკუნის დამდეგს ქართლის მეფის, ვახტანგ VI-გან დანიშნული კომისიის მიერ.[197]. მეცნიერთა შორის ფართოდ გავრცელებული შეხედულების მიხედვით, ადრეული შუასაუკუნეების ქართული და სომხური მატიანეების შინაარსის განხილვისას რამდენადმე რთულია იმის გარჩევა თუ სად არის მემატიანეების ფანტაზიის ნაყოფი და სად ისტორიული რეალობის ანარეკლი. საკმაო სიზუსტით ასახული ისტორიული ფაქტები მათში ხშირად გადახლართულია მითიურ წარმოდგენებთან, თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ მკვლევრებმა გამოავლინეს მთელი რიგი დამთხვევები ისტორიულ წყაროებთან, მათ შორის კლასიკური ხანის ავტორების თხზულებებში. უახლესმა არქეოლოგიურმა ძიებებმა აგრეთვე დაადასტურეს მათი სანდოობა. ამიტომ ქართლის ცხოვრებას ჩვეულებრივ მიიჩნევენ მატიანედ, რომელიც თუმცა აღძრავს ისტორიკოსისათვის მრავალ, იდუმალებით მოცულ კითხვას, მაგრამ ამავე დროს წარმოადგენს მათვისვე უმნიშვნელოვანეს, მრავლისმეტყველ წყაროს.[198] ქართლის ცხოვრების ყველაზე ადრეული მანუსკრიპტები, რომლებმაც კი მოაღწია ჩვენს ხანამდე, ანა და მარიამ დედოფლების ხელნაწერებია და განეკუთვნებიან, შესაბამისად, ანასეული - მეთხუთმეტე (1479 და 1495 შორის), ხოლო მარიამისეული - მეჩვიდმეტე (1638 და 1645 [გვ.52] შორის) საუკუნეებს.[199] ე.წ. ჭალაშვილისეული ნუსხის ძველი ნაწილი მეთექვსმეტე საუკუნის მეორე ნახევრით თარიღდება. აღსანიშნავია, რომ ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანი (ორიგინალის შემოკლებული ვარიანტი),[200] კლასიკურ სომხურ ენაზე უცნობი სასულიერო პირის მიერ უკვე მეთორმეტე საუკუნეებში ნათარგმნი, რომელშიც ზოგიერთი ახალი, სპეციფიკურად სომხური, მასალა იყო ჩართული, ცნობილია მეცამეტე საუკუნის მანუსკრიპტით.[201] სომხური ვერსია უეჭველად უნდა დათარიღდეს 1125 წლიდან 1270 წლამდე – ანუ უკანასკნელ მოვლენამდე, რომელიც მოხსენიებულია მის ტექსტში (გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომხური ადაპტაციის ავტორი იჩემებს პირად ნაცნობობას საქართველოს დიდ მეფესთან დავით IV, აღმაშენებელთან, რომელიც გარდაიცვალა 1125 წელს) და მისი ტექსტიდან ვარდან არეველცის მიერ პირდაპირ ციტირებამდე. ამავე დროს, შინაგანი მონაცემები მიგვანიშნებენ, რომ სავარაუდოდ იგი ნათარგმნი უნდა იყოს მეთორმეტე საუკუნის პირველ ნახევარში. ყველაზე ადრეული სომეხი ისტორიკოსი, რომელიც იცნობს ქართლის ცხოვრებას არის მხითარ ანელი, რომლის ისტორიაც 1187 წლამდე გრძელდება.[202] ქართლის ცხოვრების ზემოაღნიშნული, ყველაზე ადრეული სომხური მანუსკრიპტი თარიღდება 1279 და 1311 წწ. შორის.[203] ვინაიდან არცერთი ქართული ხელნაწერი ქართლის ცხოვრებისა არ თარიღდება მეთხუთმეტე საუკუნეზე ადრეული ხანით, სომხურ ვერსიას საგანგებო მნიშვნელობა ენიწება მისი პირველადი შინაარსისა და ადრეული წარმომავლობის სამტკიცებლად.[204] ს. რეპის დაკვირვებით, სომხური თარგმანი, რომელიც ქართული ისტორიული ტრადიციის საკმაოდ თანმიმდევრულ გადმოცემას წარმოადგენს, ქართლის ცხოვრების საწყისი ნაწილის სტრუქტურის შუასაუკუნებრივ წარმომავლობას ნათელს ჰფენს.[205] ს.რეპისავე შენიშვნით, ქართლის ცხოვრების სომხური ადაპტაციის შექმნა, რასაც ადგილი მეთორმეტე საუკუნის პირველ ნახევარში უნდა ჰქონოდა, გამოწვეული უნდა ყოფილიყო მეთერთმეტე-მეთორმეტე საუკუნეების ეპოქალური პოლიტიკური სიტუაციით, როდესაც საქართველო აღმოცენდა უზარმაზარი იმპერიის სახით, რომელმაც მოიცვა სომხეთის [გვ.53] უმეტესი ნაწილი, ჩრდილოეთ კავკასია, ჩრდილოეთ ირანისა და აღმოსავლეთ ანატოლიის ოლქები.[206] ქართლის ცხოვრების პირველ ნაწილს: ცხოვრება ქართველთა მეფეთა და პირველთაგანთა მამათა და ნათესავთას, ანუ შემოკლებით: მეფეთა ცხოვრებას, მიაკუთვნებენ მეთერთმეტე საუკუნის სასულიერო პირს, ლეონტი მროველს, რუისის მთავარეპისკოპოსს; თუმცა არსებობს იმის ნიშნები, რომ სინამდვილეში ლეონტი მროველმა მხოლოდ შეკრიბა და გადააწერინა ძველი ტექსტები.[207] ს. რეპის მიხედვით, ნაწარმოების შინაგანი კრიტერიუმები – რომლებიც დაბეჯითებით მიგვანიშნებენ ცხოვრება მეფეთას შექმნის მიახლოებულ თარიღზე, 800 წელზე – და, ამავე დროს, ლეონტი მროველის მოღვაწეობის ხანის მეთერთმეტე საუკუნით განსაზღვრა – გვაიძულებს უარვყოთ მისი თავდაპირველი ავტორობის ვარაუდი. იგი, როგორც რუისის მთავარეპისკოპოსი, შესაძლოა თავმჯდომარეობდა ტექსტის ხელახალ გამოცემას, მონაწილეობდა მის ქარგაში ცალკეული ბიბლიური ელემენტების შეტანისას ანდა იძლეოდა ტექსტის გამოცემის უფლებას.[208] ზოგიერთი მკვლევრის აზრით, ლეონტი მროველი მართლაც არის ქართლის ცხოვრების საწყისი ნაწილის ავტორი და სინამდვილეში იგი ცხოვრობდა არა მეთერთმეტე საუკუნეში, არამედ მერვეში, ხოლო 1066 წლის წარწერა, რომელიც მიეწერება ამავე სახელის სხვა პიროვნებას, უნდა აიხსნას რამდენიმე ეპისკოპოსის სახელთა ჰომონომიით, რომელთაც სხვადასხვა დროს ეკავათ ერთიდაიგივე ეპარქია.[209] ქართლის ცხოვრების მეოთხე წიგნი, წამება წმიდისა და დიდებულისა არჩილისი, თავის დასკვნით ნაწილში მოგვითხრობს: "წიგნი ესე ქართველთა ცხოვრებისა ვიდრე ვახტანგისამდე აღიწერებოდა ჟამითი-ჟამად. ხოლო ვახტანგ მეფისა ვიდრე აქამომდე აღწერა ჯუანშერ ჯუანშერიანმან, ძმისწულის ქმარმან წმიდისა არჩილისმან (I, 248)".[210] ეს კი მოწმობს, რომ ტექსტი მიკუთვნებული ლეონტი მროველისადმი არ განეკუთვნება ერთიდაიმავე ავტორს. წამება არჩილისის იმავე ნაწილში მინიშნება გვაქვს იმაზეც, რომ დამატებები კეთდებოდა ხოლმე უფრო ადრე არსებულ ტექსტებზე: "მიერითგან შემდგომი მომავალთა ნათესავთა აღწერონ ვითარცა იხილონ... (I, 248)". ქართლის ცხოვრების სომხური თარგმანი საზოგადოდ არ [გვ.54] იცნობს ლეონტი მროველს. ქართლის ცხოვრება ცნობილი იყო სომხურ ენაზე, როგორც მხოლოდ ქართველთა ისტორია (Patmut'iwn Vrac'), თუმცა ა. ტიროიანმა 1884 წლის ე.წ. "ვენეციური გამოცემის" რედაქტორმა და გამომცემელმა მთელი ტექსტი მიაწერა ჯუანშერ ჯუანშერიანს, არჩილ I-ის თანამედროვეს, ანუ მერვე საუკუნის მეორე ნახევრის მემატიანეს, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ ქართლის ცხოვრების ერთ-ერთი ნაწილის ავტორი იყო.[211] სომხური თარგმნის ცნობით, ქართველმა ისტორიკოსმა ჯუანშერმა იპოვა ქართული მატიანე, რომელიც მხოლოდ ქართლის მეფის, ვახტანგ გორგასლის ხანამდე (მეხუთე საუკუნე) იყო დაწერილი, ხოლო მომდევნო ხანის მოვლენების შესახებ ცნობები თვით ჯუანშერის მიერ იყო დამატებული (104).[212] ნინოს ცხოვრების მეტაფრასული რედაქციის ავტორი, დავით აღმაშენებლის სულიერი მოძღვარი, არსენ ბერი (იყალთოელი), ქართლის ცხოვრებას იცნობს მხოლოდ ჰამბავი მეფეთას სახელით, ანუ სახელწოდებით, რომლითაც შემდგომში ცნობილი იყო მხოლოდ მისი პირველი ნაწილი – მეფეთა ცხოვრება. ეს ფაქტი, ს. რეპის მიხედვით, ცხადყოფს, რომ არსენ ბერის წყაროს ფაქტიურად ქართლის ცხოვრების წინარე-ბაგრატიდული ტექსტი წარმოადგენდა.[213] მეფეთა ცხოვრება შედგება სამი მთავარი ნაწილისაგან: 1. ქართლის ისტორიის უძველესი პერიოდის აღწერა ალექსანდრე მაკედონელის ხანამდე, ამ ნაწილზე შეიმჩნევა საღმრთო წერილის ზეგავლენა, განსაკუთრებით, დაბადების Tabula Popularum-თან ადგილობრივი ეპონიმური გენეალოგიის დაკავშირების მცდელობისას;[214] 2. ალექსანდრე დიდის კავკასიაში ლეგენდარული ლაშქრობის ამბავი და საკუთრივ მეფეთა მატიანე; 3. წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევა. მეორე და მესამე ნაწილი ეჭვს გარეშე უკავშირდება მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ტექსტს. წმიდა ნინოს მიერ ქართლის მოქცევას მეშვიდე საუკუნის მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს მოკლე ტექსტის ჰაგიოგრაფიულ შელამაზებად მიიჩნევენ, რომელიც მხოლოდ მეთერთმეტე საუკუნეში იყო დართული მეფეთა ცხოვრებაზე.[215] [გვ.55] ქართლის ცხოვრების შუასაუკუნეების ხანის ტექსტები, ს.რეპის მიხედვით, შეიძლება დაიყოს ორ ჯგუფად, წინაბაგრატიდულად და ბაგრატიდულად, რომლებიც ქართული ისტორიოგრაფიის განვითარების განსხვავებულ ეპოქებს წარმოადგენენ.[216] მისი აზრით, შინაგანი მონაცემები მეფეთა ცხოვრებისა (რომელიც სინამდვილეში აღწევს მირიან მეფის მიერ ქრისტიანობის აღიარების ხანამდე) და ცხოვრება და მოქალაქობა ვახტანგ გორგასლისა საშუალებას იძლევიან მათი შეთხზვის დათარიღებას მიახლოებით 795 და 813 წწ. შორის მდებარე ინტერვალით, ხოლო უხეშად 800 წ. შეიძლება იყოს განსაზღვრული.[217] საქართველოში ადგილობრივი ისტორიოგრაფიის აღმოცენებას, ს. რეპი უკავშირებს უმეფობის, ანუ, უკეთ, სამეფოთა შორის არსებულ ხანას (interregnum-ს), რომელიც დაახლ. 580-888 წწ. მოიცავდა. იგი ამ მოვლენას განიხილავს მეზობელი ქვეყნების ისტორიოგრაფიულ შემოქმედებაში მიმდინარე თანადროული და ანალოგიური ტენდენციების ფონზე და მიიჩნევს მას სამეფო ძალაუფლების აღორძინების მოთხოვნის მანიფესტაციად – ადგილობრივი მემატიანეები ხოტბას ასხამდნენ სამეფო გვირგვინს და იღწვოდნენ მისი დაუყონებლივი აღდგენისათვის.[218] მეფეთა ცხოვრების მიერ გამოვლენილი, ადვილად შესამჩნევი არმენოფილური ტენდენციები, მეტად ძნელი წარმოსადგენი იქნებოდა რომ გამოხატულიყო მერვე საუკუნის პირველი მეოთხედის ანუ სომხურ-ქართული რელიგიური ურთიერთობების არნახული გამწვავების მომდევნო ხანაში. ეს ურთიერთობები უკვე რამდენადმე დაძაბული იყო ადრეული მეშვიდე საუკუნიდან, როდესაც ქართველებმა საბოლოოდ მიიღეს მართლმადიდებლობა; როგორც ჩანს, სომხურ მონოფიზიტურ ეკლესიაზე მზარდი სპარსული ზეგავლენის საწინააღმდეგოდ.[219] არმენოფილური ტენდენციების არსებობა კიდევ უფრო წარმოუდგენელი იქნებოდა ქართული პოლიტიკური წარმონაქმნების უცილობელი პოლიტიკური ჰეგემონიის ხანაში – მეათე-მეთერთმეტე საუკუნეებში.[220] მეფეთა ცხოვრების ტექსტში ჯერ კიდევ ტერმინ ეგრისის გამოყენების ფაქტი, ნაცვლად ტერმინ აფხაზეთისა, რომელიც [გვ. 56] მერვე საუკუნის დასაწყისიდან უკვე გამოიყენებოდა დასავლეთ საქართველოს აღსანიშნავად, უნდა მიუთითებდეს ადრეულ მერვე საუკუნეზე, როგორც ამ ტექსტის ყველაზე ადრეული ნაწილების უგვიანეს შესაძლო თარიღზე.[221] ისიც უნდა იყოს მიღებული მხედველობაში, რომ მეფეთა ცხოვრებაში არაფერი ჩანს უშუალოდ ნასესხები ადრეული მერვე საუკუნით სავარაუდოდ დათარიღებული მოვსეს ხორენაცის სომეხთა ისტორიის ტექსტიდან, თუმცა ამ ორ თხზულებას შორის მრავალრიცხოვანი დამთხვევების არსებობა ყოველგვარ ეჭვს გარეშეა. ეს ფაქტი აიხსნება ხოლმე ორივე შემთხვევაში ერთიდაიგივე ზეპირი თუ წერილობითი სომხური წყაროების შესაძლო გამოყენებით.[222] სკეპტიციზმი ქართლის ცხოვრების მიმართ მნიშვნელოვნად შეიცვალა მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ორი პალიმფსესტის, შატბერდისა და წელიშის ხელნაწერების, 1888 წ. და 1903 წ., პოვნის შემდეგ, რომლებიც, შესაბამისად, გვიან მეათე (973 წ.) და მეთოთხმეტე-მეთხუთმეტე საუკუნეებს განეკუთვნებიან. როგორც ცნობილია, მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ტექსტი ჩართულია ქართლის ცხოვრებაში, მაგრამ, ამავე დროს, ამ უკანასკნელში შემონახული ვერსია განსხვავდება, როგორც შატბერდის, ასევე წელიშის რედაქციებისაგან, რაც უნდა მოწმობდეს კიდევ უფრო არქაული რედაქციის არსებობაზე. ქართლის ცხოვრების მეფეთა სია თითქმის იდენტურია მოქცევაჲ ქართლისაჲ-ში გამოყენებული სიისა და ბუნებრივია ღებულობს უცხოურ წერილობით წყაროებში ასახულ თანადროულ მოვლენათა შესახებ არსებულ მონაცემებში ასეთსავე დადასტურებას (იხ. ქვემოთ). გარდა ამისა, ზოგიერთ დეტალს, წარმოდგენილს მხოლოდ ქართლის ცხოვრებაში, პარალელები ეძებნება ტაციტუსის, კასიუს დიოს და სხვათა ტექსტებში.[223] ორი ახალი ნუსხა მოქცევაჲ ქართლისაჲ-სა აღმოჩნდა უკანასკნელ ხანებში სინას მთაზე მდებარე წმ. კატერინას მონასტერში, მეცხრე-მეათე საუკუნეებით დათარიღებულ ასზე მეტ სხვა ქართულ ხელნაწერთან ერთად. პირველი მათგანი დაუთარიღებელია, თუმცა პალეოგრაფიული მონაცემებით უეჭველია, რომ იგი შატბერდულ კრებულზე უფრო ადრეული უნდა იყოს. მეორე ხელნაწერის ტექსტი თითქმის იწყება იქ სადაც წყდება პირველი; ვინაიდან ამ ეკზემპლიარის მონასტრისათვის შემწირველი არის ვინმე იოანე, რომელმაც მეცხრე საუკუნის მიწურულს შესწირა სრულიად სხვა ხელნაწერი წმიდა საბას მონასტერს, აღნიშნული ეკზემპლიარი უნდა დათარიღდეს [გვ.57] არაუგვიანეს მეათე საუკუნის საწყისი ხანისა. ორივე ეს ხელნაწერი წაკითხვის ბევრად უფრო კარგ შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე შატბერდისა და წელიშის ნუსხები. აღნიშნული გარემოებანი, სინას მთაზე მოპოვებული ტექსტების მკვლევარს ზ. ალექსიძეს აფიქრებინებს, რომ მათი სახით საქმე გვაქვს მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს იმ პროტორედაქციასთან, რომელიც უნდა გამოეყენებინა ლეონტი მროველს ქართლის ცხოვრებაში და რომლისგანაც უნდა მომდინარეობდეს, როგორც შატბერდული, ისე წელიშური რედაქცია.[224]. მართალია სწავლულნი მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს შექმნას ათარიღებენ განსხვავებულად, მეოთხედან მეცხრე საუკუნემდე, მაგრამ მათი უმეტესობა უპირატესობას მაინც მეშვიდე[225] ან მეცხრე საუკუნეებს ანიჭებს. მოქცევაჲ ქართლისაჲ შედგება ორი ნაწილისაგან: ქრონიკისაგან, რომელშიც აღწერილია ქართლის ისტორია დასაბამიდან მეშვიდე საუკუნის შუა ხანებამდე (663 წ.), სტეფანოზ II ერისმთავრის მმართველობის, ანუ ბიზანტიის იმპერატორის ირაკლის კავკასიაში ლაშქრობის, ხანამდე და წმ. ნინოს ცხოვრებისაგან. დამატება შეიცავს მმართველთა და კათალიკოსთა სიას მეშვიდე საუკუნის მეორე ნახევრიდან მეცხრე-მეათე საუკუნეების მიჯნამდე და დაწერილია ძალზე სქემატურად და მშრალი ენით. ქრონიკის პირველი ნაწილი - მირიან მეფის გარდაცვალებამდე ხანის მომცველი - ერთიანი და თანმიმდევრულია, მისი ენა მდიდარია მოკლე გამონათქვამებითა და ლაკონური სხარტი წინადადებებით; იგი ამჟღავნებს კავშირს სამხედრო სფეროსთან. ისტორიული მოვლენები, ერისმთავართა და კათალიკოსთა ცხოვრება და ქმედებანი დაწერილია ერთი ამოსუნთქვით, ნათლად და ცოცხლად. სტილის ეს სისხარტე და სიმარტივე ზოგჯერ განიხილება აღწერილ მოვლენებთან ამ ნაწილის ქრონოლოგიური სიახლოვის ნიშნად და შესაბამისად მეხუთე საუკუნით მისი დათარიღების მოწმობად.[226] ის გარემოება, რომ მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ძირითად ტექსტს ქვეყნის ისტორიის თხრობა მხოლოდ მეშვიდე საუკუნის პირველი ნახევრის დასასრულამდე მიჰყავს, ხოლო იმ პიროვნებათა სია (ერისმთავართა და კათალიკოსთა), რომლებიც ცხოვრობდნენ აღნიშნული ხანიდან მეცხრე საუკუნემდე მხოლოდ დამატებაშია მოცემული, ქრონიკის დაწერას მეშვიდე საუკუნის შუა ხანებით უნდა განსაზღვრავდეს, ხოლო რედაქტირების თარიღს – მეცხრე-ადრეული მეათე საუკუნით.[227] მეათე საუკუნის დასაწყისისათვის მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ოთხი, ერთმანეთისაგან განსხვავებული, რედაქციის არსებობა არა მხოლოდ საქართველოს ფარგლებში, არამედ მისგან საკმაოდ [გვ.58] დაშორებულ მხარეებში (სინას მთაზე), საშუალებას აძლევს ზ.ალექსიძეს მხარი დაუწიროს შეხედულებას, რომლის მიხედვითაც  ამ თხზულების არქეტიპის შექმნა მეცხრე საუკუნესთან შედარებით ბევრად უფრო სიღრმეში უნდა მიდიოდეს; ამასთანავე ქრონიკასა და წმ. ნინოს ცხოვრებას იგი განიხილავს ორი სხვადასხვა ავტორის დამოუკიდებელ ნაწარმოებად, რომლებიც შატბერდული კრებულის შედგენამდელ ხანებში, შესაძლოა მეცხრე საუკუნეში, თემატურად დაუკავშირდნენ ერთმანეთს.[228] მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს შედგენის თარიღად ძირითადად მეცხრე საუკუნეა მიჩნეული, მისი წყაროების ასაკი ადრეულ მეშვიდე საუკუნემდე უნდა ჩადიოდეს, ამაზე კერძოდ მიგვითითებს ტექსტის ხანმეტობა, პრეფიქსთა და ზმნათა შორის კავშირების ინტერპოლაციის ფაქტი და წინაარაბული ხანის ლექსიკის გამოყენება.[229] ჯერ კიდევ მეათე საუკუნის მეორე ნახევრის შატბერდული ნუსხის დამატებაში გვხვდება მითითება მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ძველ ასაკზე, კერძოდ, რომ თითქოს ეს წიგნი ნაპოვნი იყო მისი შექმნიდან მრავალი წლის გასვლის შემდეგ.[230] რა თქმა უნდა დიდი სიფრთხილე გვმართებს ამ ინფორმაციის სანდოობის მიმართ. პ.ინგოროყვას მიხედვით, მეოთხე საუკუნეს განეკუთვნება გაქრისტიანებული ებრაელი სასულიერო ავტორის, აბიათარ მცხეთელის თხზულება: ცხორება და მოქცევა ქართლისა და მოთხრობა ნათესავობისა, და თუ რომელნი რომელთა ტომთანი ვართ, ანუ თუ ვითარ მოვიქეცით და მივიღეთ სჯული ქრისტეანობისა, რომელიც დაკარგულად ითვლება.[231] თუმცა, ჩვენთვის ცნობილია, რომ ჯერჯერობით რამდენადმე სარწმუნო მოწმობები ქართული სამწერლობო ენის არსებობის შესახებ მხოლოდ მეხუთე საუკუნემდე აღწევს. იაკობ ცურტაველის წმ.შუშანიკის მარტვილობა და სახარების თარგმანები, ისევე როგორც ეპიგრაფიკული მონაცემები, განეკუთვნებიან ამ საუკუნეს.[232] შენიშნულია, რომ ქართველებმა [გვ.59] ისტორიოგრაფიული ტრადიცია სომხებისაგან განსხვავებული გზით განავითარეს - ჰაგიოგრაფია გახდა მათთვის ყველაზე პოპულარული ჟანრი.[233] უფრო მეტიც, ხშირად ქართული ისტორიოგრაფია ადგილობრივი ჰაგიოგრაფიიდან წარმოქმილად განიხილება.[234] მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ქრონიკის მეფეთა სია მეტად მოკლეა და ქრონოლოგიურად არასრულყოფილი, თუმცა იგი მხარდაჭეტას პოულობს უცხოური წყაროების მონაცემებში. მკვლევართა დაკვირვებით, იქ წარმოდგენილი ოცდაჩვიდმეტი მეფიდან თექვსმეტი, რომელთა ზეობის წლები ექცევა ძვ. წთ. მეოთხედან ახ. წთ. მეექვსე საუკუნემდე, ცნობილნი არიან ტაციტუსის, აპიანეს, კასიუს დიოს, ამიანუს მარცელინუსის, ელიუს სპარტანიუსის, პროკოპი კესარიელის (დაახლ. 500-562 წწ.) თხზულებებიდან, წმ.პეტრე იბერიელის ცხოვრების სირიული ტექსტიდან, აგრეთვე ახ. წთ. მეხუთე საუკუნის ეპიგრაფიკული მონაცემებიდან. როგორც ჩანს, ამ მეფეთა სახელები, მათთან დაკავშირებულ ზოგიერთ მოვლენებთან ერთად, საოცარი სიზუსტით თაობიდან თაობაში გადაეცემებოდა. ამასთანავე, ქართველთა გადმოსახლების ამბავი მათი პირველსაცხოვრისიდან  და მათივე სამეფოს აღმოცენების ამბავი, ისევე როგორც საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის შესახებ შემონახული თანადროული ცნობები მიჩნეულია უძველესი ადგილობრივი ისტორიული წყაროებიდან და ტრადიციებიდან ნასესხებად.[235] ს. რეპი არ გამორიცხავს თვით საქართველოს ადრეული ისტორიის ამჟამად დაკარგული ადგილობრივი წერილობითი წყაროების თავის დროზე არსებობის შესაძლებლობას.[236] სავსებით სწორედ იყო ამას წინათ მის მიერ შენიშნული, რომ უძველესი ქართული ისტორიული მემკვიდრეობის გამოყენების მცდელობისა და კლასიკური ხანის მონაცემებთან მათი შეპირისპირების გარეშე, საქართველოს ისტორიოგრაფიაში მოღვაწე ზოგიერთი მეცნიერის არგუმენტაცია საგრძნობლად უფასურდება.[237] ქართლის ცხოვრებაში მოთავსებული მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს საწყისი ნაწილი, რომელიც შეიცავს ამბავს ალექსანდრე დიდის ქართლში ლაშქრობისა და პირველი აღმოსავლურქართული სახელმწიფოს ჩასახვის შესახებ, განსხვავდება მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ტექსტიდან იქვე მოთავსებულ ყველა სხვა ნაწილისაგან დიდი სახეცვლილებით. ამის გამო ქართლის ცხოვრების აღნიშნული სიუჟეტი, ძალზე განსხვავებული მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ოთხივე არსებული ნუსხისაგან, შეიძლება მიჩნეული იქნას ამ თხზულების სრულიად განსხვავებულ ვერსიად ან საკუთრივ ლეონტი [გვ.60] მროველის კომპილაციად, რომელმაც მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ტექსტთან ერთად, სავარაუდოდ გამოიყენა სხვა ჩვენთვის ჯერ კიდევ უცნობი მონაცემები. თუმცა, ყოველ შემთხვევაში, ქართლის ცხოვრების პირველი ნაწილის, მეფეთა ცხოვრების, და მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს ქრონიკის შესაბამისი სიუჟეტების მსგავსება იმდენად მნიშვნელოვანია, რომ ორივე ამ თხზულების პარალელური შესწავლის შედეგად მეფეთა ცხოვრების ტექსტის ავთენტურობის საკითხი, აღარ უნდა იყოს მიჩნეული თანამედროვე კვლევის საგნად. ორივე ეს ნაწარმოები ავლენს არა მხოლოდ ხალხური შემოქმედების კვალს, არამედ, აგრეთვე, განმეორებითი ლიტერატურული რედაქტირების ანაბეჭდს.[238] ამ ორ მატიანეს შორის არსებულ თანხვდენების მრავალ მომენტთა შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ინფორმაციას ალექსანდრე მაკედონელის შესახებ, რომლის სახელსაც ამავე მატიანეთა ცნობით მიეწერება აღმოსავლეთქართული (ქართლის) სამეფოს წარმოქმნა. აპოკრიფული ალექსანდრე დიდი და ქართლის სამეფოს წარმოქმნა. მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს მიხედვით, ალექსანდრე დიდმა ქართლში მობრძანებისას მასთან ხლებული აზო მცხეთაში მეფედ დაადგინა. შატბერდული კრებულით: "...ესე აზოჲ წარვიდა არიან-ქართლად, მამისა თჳსისა და წარმოიყვანა რვაჲ სახლი [პ.ინგოროყვას კონიუქტურით: "ათასი სახლი მდაბიოჲ უფლისაჲ"][239] და ათნი სახლნი მამამძუძეთანი, და დაჯდა ძუელ მცხეთას და თანა-ყვანდეს კერპნი ღმრთად - გაცი და გა, და ესე იყო პირველი მეფჁ მცხეთას შინა აზოჲ, ძჁ არიან-ქართველთა მეფისაჲ..." (320)[240] მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს მეორე ნაწილის - წმ.ნინოს ცხოვრების - თანახმად, კერპები გაცი და გა ქართველთა ღვთაებები იყვნენ არიან-ქართლში. არსენი ბერი ამ მოვლენას შემდეგნაირად განმარტავს:  "ჩუენ ქართველნი შვილნი ვართ მათ არიან-ქართლით გამოსრულთანი, და ენაჲ მათი უწყით, და ყოველნი მეფენი ქართლისანი ამათ მეფეთა შვილის-შვილნი არიან."[241] არავინ იცის დაბეჯითებით, თუ რა იგულისხმებოდა მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს არიან-ქართლში  და სად მდებარეობდა იგი,[242] ვინაიდან ეს [გვ.61] მატიანე არ იძლევა არავითარ ახსნას ამ საკითხთან დაკავშირებით. თუმცა, იმის გამო, რომ მეფეთა ცხოვრების მიხედვით, ქართლის ახალმა მმართველმა, მეფე ფარნავაზმა, აზონის (შდრ. მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს აზო) დამარცხების შემდეგ გაილაშქრა ბერძნების მომიჯნავე მხარეებზე, პონტოს მოსაზღვრე რეგიონებისა და კლარჯეთის დასაპყრობად (I, 23)[243], მოქცევაჲ ქართლისაჲ-ს არიან-ქართლი, ფართოდ გავრცელებული აზრის თანახმად, უნდა მდებარეობდეს თანამედროვე საქართველოს სამხრეთ-დასავლეთით, თანამედროვე თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.[244] ამ ვარაუდს თითქოს მეტი საფუძველი ეძლევა ქართლის სამეფო კარის ღვთაებათა ანატოლიური ხასიათის გათვალისწინებით.[245] აღსანიშნავია, რომ რაიმე სხვა ინფორმაცია, დასავლურ თუ სამხრეთ-დასავლურ ქართველური პოლიტიკური ორგანიზაციების მიერ ახ. წთ. მეექვსე საუკუნემდე ქართლის დაქვემდებარების თაობაზე, წერილობითი წყაროების მონაცემების მიხედვით არ მოიპოვება, გარდა ქართული მატიანეების აზო/აზონის ამბის საკმაოდ ბუნდოვანი მინიშნებებისა. გ.მელიქიშვილის განმარტებით, ქართული მატიანეების ეს ცნობა ნათელს ხდის იმ აქტიურ როლს, რომელსაც ლეონტი მროველის თანახმად ფარნავაზის სამეფო (ქართლი) ასრულებდა საბერძნეთსა და ასურეთს (ანუ პონტოსა და სელევკიდების სამეფოებს) შორის არსებულ ურთიერთობებში; ამ გარემოებას იგი მიიჩნევს ძვ.წ. III ს. სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით ქართველთა ტერიტორიებს შორს განფენის მოწმობად.[246] კლასიკური ხანის ავტორების ინფორმაციები, სელევკოს I-ის პროექტის, შავი და კასპიის ზღვების შემაერთებელი არხის გაყვანისა (Plin., n. h., VI, 12, 31) და პატროკლეს ძვ. წთ. 283/282 წწ. კასპიური ექსპედიციის შესახებ (Strabo II, I, 2-7; Plin., n. h., II, 67, 167-168; VI, 21, 58), კ. თუმანოვის აზრით, ასაბუთებენ ქართულ ტრადიციას, ადრეულ იბერიულ სახელმწიფოზე სელევკიდების სიუზერენობის თაობაზე.[247] ს.რეპიც ხაზს უსვამს კავშირს ქართული სამწერლობო ტრადიციის მონაცემებსა და ალექსანდრე მაკედონელის [გვ.62] მემკვიდრეების, სელევკიდების, მისწრაფებას შორის, ხელში ჩაეგდოთ სტრატეგიული სავაჭრო გზა, რომელიც  კავკასიაზე იყო გადაჭიმული და შავ ზღვასთან მთავრდებოდა.[248] მეფეთა ცხოვრების მიხედვით, ალექსანდრე დიდთან ხლებული პირისა და მისი თანამებრძოლის სახელია აზონი და მოქცევაჲ ქართლისაჲ-საგან განსხვავებით, იგი ალექსანდრეს მიერ დადგენილი იყო პატრიკად,[249] და არა მეფედ: "დაიპყრა ალექსანდრე ყოველი ქართლი... და დაუტევა მათ ზედა პატრიკად სახელით აზონ, ძე იარედოსისი, ნათესავი მისი ქუეყანით მაკედონით, და მისცა ასი ათასი კაცი ქუეყანით ჰრომით, რომელსა ჰქჳან ფროტათოს. ესე ფროტათოსელნი იყვნეს კაცნი ძლიერნი და მჴნენი, და ეკირთებოდეს ქუეყანასა ჰრომისასა. და მოიყვანნა ქართლად, მისცა აზონს პატრიკსა. და დაუტევა ქართლს ერისთავად აზონ, და მის თანა სპანი იგი, მპყრობელად ქართლისა" (I, 18). ამ ტექსტის მეთორმეტე საუკუნის სომხური თარგმანის მიხედვით, "ალექსანდრემ ქვეყანაში (ქართლში) პატრიცად, რაც ნიშნავს 'უფროსს', დააყენა ვინმე მაკედონელი სახელად აზონ და ჩააბარა მას ასი ათასი ჯარისკაცი, რომლებიც წარმოადგენდნენ დამცველ რაზმს (p'rotitosik), ძალზე მხნე და მამაც მებრძოლებს. ისინი მანამდე ძალზე ჩაგრავდნენ ბერძნებს მათსავე ქვეყანაში და ამიტომ ალექსანდრემ იქაურობას გაარიდა ეს მეომრები და აზონს ჩააბარა. აზონმა მათგან მეთაურები დანიშნა ქართველთა ქვეყნის მთელს გაყოლებაზე" (20).[250] მეფეთა ცხოვრების ეს ინფორმაცია ეჭვს გარეშე აღებულია მოქცევაჲ ქართლისაჲ-დან, სადაც, პირველისაგან განსხვავებით, ალექსანდრეს თანამებრძოლის სახელი აზოა და არა აზონი და მას თან ახლავს არა რომაელი ჯარისკაცები, არამედ თანამემამულეები, რომლებიც მას წინარესაცხოვრისიდან, არიან-ქართლიდან მოჰყვებიან და თან მოაქვთ მცხეთაში თავიანთი ძველი კერპები, გაცი და გა (320).[251] სომეხთა ისტორიის ავტორის, მოვსეს ხორენაცის სიტყვებით: სომეხთა მეფემ, ვალარშაკმა, "...კავკასიის მთის მოპირდაპირე მხარეს, ჩრდილოეთის განმგებლად დაადგინა დიდი და ძლევამოსილი გვარი, რომლის უფალთ გუგარელთა პიტიახშები დაერქვათ. ისინი იყვნენ შთამომავალნი დარეჰის ნახარარის მიჰრდატისა, რომელიც წამოიყვანა ალექსანდრემ და [გვ.63] მთავრად დაუსვა ნაბუქოდონოსორის მიერ ტყვედ მოყვანილ [ი]ვერიელთა მოდგმას. ამის შესახებ აბიდენოსი ამბობს: “ძლევამოსილმა ნაბუქოდონოსორმა, რომელიც ჰერაკლეზე უფრო ღონიერი იყო, შეჰყარა ჯარი და მიაღწია ლიბიელთა, აგრეთვე [ი]ვერიელთა ქვეყნებს, შემუსრა და დაიმორჩილა ისინი, მათი ერთი ნაწილი წამოასხა იქედან და პონტოს ზღვის მარჯვენა მხარეს დაასახლა”. [ი]ვერია ქვეყნიერების დასავლეთ საზღვარზე მდებარეობს" (II, 8).[252]  ინფორმაცია ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსრო II-ის მიერ, ძვ. წთ. VI ს. დასაწყისში, ლიბიიდან (აფრიკა) და იბერიიდან (იბერიის ნახევარკუნძული) მოსახლეობის გადმოსახლების შესახებ, ჯერ კიდევ კლასიკურ ხანაში მიეწერებოდა მეგასთენეს (ძვ. წწ. 304-297/293 წწ., ისტორიკოსს, სელევკოს I-ის მუდმივ წარმომადგენელს ინდოეთში)[253] (Euseb., Praep. Evang., IX, 41, I; Chron., I; შდრ. Josephus, Con. Apion., I; Strabo XV, I, 6).[254] ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ მინიშნება იბერიის (ქართლის) სამეფოს არსებობის ადრეულ ეტაპზე მის სავარაუდო კავშირის შესახებ ჩრდილოაღმოსავლეთანატოლიურ, პონტოს მხარესთან თავისი ასახვა ჰპოვა აგრეთვე მოვსეს ხორენაცის სომეხთა ისტორიაში. ამავე თხზულების სხვა ფრაგმენტში მოვსეს ხორენაცი გვამცნობს, რომ მეფე არტაშესმა, არშაკის ძემ და ვალარშაკის შვილიშვილმა თავისი და არტაშამა "მიათხოვა ვინმე მიჰრდატს, ქართველთა დიდ პიტიახშს; იგი ნაშიერი იყო დარეჰის ნახარარის მიჰრდატისა, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, ალექსანდრემ [ი]ვერიელთა ქვეყნიდან [მოყვანილი] ტყვეების ხელისუფლად დაადგინა. [სომეხთა მეფემ] მიჰრდატს მიანდო ჩრდილოეთის მთებისა და პონტოს ზღვის განმგებლობა" (II, 11).[255] სავსებით ცხადია, რომ არტაშესი (ბერძნული წყაროების არტაქსიასი) არტაშეს I-ია (ძვ. წთ. 189-161 წწ.), ხოლო მიჰრდატი - მითრიდატე VI, ევპატორი (ძვ. წთ. 111-63 წწ.), სომეხთა დიდი მეფის ტიგრან II-ის (ძვ. წთ. 95-55 წწ.) სიმამრი.

<<გაგრძელება (ნაწილი 3)