There are no translations available.
<უკან დაბრუნება
გურამ მირცხულავა, გურამ ჩიქოვანი
ბრინჯაოს ხანაზე გარდამავალი საფეხურის შესახებ
ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, 2010 წ. N19, გვ.95-195
კავკასიას განსაკუთრებული ადგილი უკავია ევრაზიის ისტორიაში. იგი მწარმოებლური მეურნეობის დაფუძნების ერთ-ერთი ცენტრია და ამავე დროს წინა აზიის მაღალგანვითარებულ კულტურებთან კავშირების ფონზე ყოველთვის ინარჩუნებდა დამოუკიდებელ სახეს. თავისი გეოგრაფიული მდებარეობის წყალობით, კავკასია გარკვეულწილად მეკავშირის როლს ასრულებდა უძველეს კულტურებს შორის. კავკასიიდან ვრცელდებოდა როგორც ადგილობრივი, ასევე წინააზიური სამყაროს მატერიალური და სულიერი კულტურის მიღწევები. ფაქტიურად კავკასია ევრაზიის საკომუნიკაციო გზების გზაჯვარედინი იყო. განსაკუთრებით ძლიერდება ეს კავშირები ძვ.წ. IV ათასწლეულის მეორე ნახევრიდან, როდესაც კავკასიაში ახალი ეპოქალური ძვრები ხდება - ჩნდება ლითონის იარაღი, რასაც მოჰყვა მეურნეობრივი და სოციალური ცვლილებები და იწყება ადრებრინჯაოს ხანა, საფუძველი ეყრება მტკვარ-არაქსის კულტურას. მისი წინარე ნეოლით-ენეოლითური კულტურა თითქოს ქრება და ადგილს უთმობს ახალ, ძლიერ არქეოლოგიურ კულტურას, რომელიც საოცრად დიდ ტერიტორიაზე ვრცელდება. მალე კავკასია ლითონდამუშავების მძლავრ კერად ყალიბდება. მტკვარ - არაქსის წინარე ადრესამიწათმოქმედო კულტურები უახლოვდებიან ჩრდილო მესოპოტამიის, მცირე აზიის და ირანის ადრესამიწათმოქმედო კულტურებს, თუმცა ამავე დროს განსხვავდებიან მათგან და გარკვეული ადგილობრივი საწყისები გააჩნიათ. სამხრეთ კავკასია უშუალოდ ესაზღვრება უზარმაზარ წინააზიურ სამყაროს და, ბუნებრივია, ამ დაწინაურებულმა რეგიონმა გარკვეული როლი ითამაშა მისი მატერიალური და სულიერი კულტურის განვითარებაში ამიტომაც მტკვარ-არაქსის კულტურის პრობლემა ორგანულად უკავშირდება მის წინარე კულტურის წარმოშობისა და განვითარების საკითხებს. მტკვარ-არაქსის კულტურა განვითარების ახალი საფეხურია კავკასიისა და მისი მიმდებარე რეგიონებისათვის. ამ ეტაპზე ხდება რადიკალური წინსვლა ყველა სფეროში. სრულიად თავისებურ სახეს იღებს კერამიკა. მტკვარ-არაქსის კულტურა არ იცნობს, თუ არ ცნობს კერამიკულ მორგვს რომელიც ამ კულტურის ჩამოყალიბებამდე უკვე ცნობილია კავკასიის ენეოლითურ კულტურებში. მიწათმოქმედება და მესაქონლეობა სამეურნეო ცხოვრების ძირითად მახასიათებლებად ყალიბდება. შემოდის გამწევი ძალა და ბორბლიანი ტრანსპორტი [მირცხულავა 2000:37-46]. მრავალსახა მრავალპროფილიანი და მიზანმიმართული ხდება რელიგია [მირცხულავა 2005:100-118]. საბოლოოდ მტკვარ-არაქსის კულტურა ყალიბდება, როგორც უზარმაზარი კულტურულ - ისტორიული ერთობა, რომელიც ეყრდნობა კავკასიის კულტურულ ერთობას, რასაკვირველია რეგიონალურ - ლოკალური თავისებურებებით. მტკვარ-არაქსის კულტურის პირველაღმომჩენმა ბ.კუფტინმა მას ენეოლითური უწოდა [KycI/IH 1944]. არქეოლოგიური მასალების დაგროვებამ მკვლევართა ნაწილი მიიყვანა იმ დასკვნამდე, რომ ეს კულტურა მთლიანად ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურაა [qy6VIHVIUJBI/IHM1971]. სადღეისოდ არსებობს ასევე აზრი, რომ ეს კულტურა ადრეულ საფეხურზე ენეოლითურია, შემდგომ კი ვითარდება და ყალიბდება ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურად [ჯაფარიძე 1976; კიღურაძე 1998]. მტკვარ-არაქსის კულტურის გენეზისისა და პირველადი ცენტრის საკითხი დიდ ინტერესს იწვევს მას შემდეგ, რაც ეს კულტურა მკვლევართა ნაწილმა ინდოევროპულ ტომებს დაუკავშირა, ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა. მისი ჩამოყალიბების პირველადი ცენტრის შესახებ მრავალი მოსაზრება არსებობს. ბ.კუფტინი იმთავითვე აღნიშნავდა, რომ ეს კულტურა თავისი ხასიათით უცხოა მესოპოტამიის, სირიისა და სხვა ქვეყნებისათვის [Ky¢TMH 1944:114]. ო.ჯაფარიძის აზრით, ამ კულტურის ჩამოყალიბება უნდა მომხდარიყო ამიერკავკასიაში, მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის რომელიმე დაწინაურებულ ოლქში [ჯაფარიძე 1976:109]. ბ.პიოტროვსკის აზრით, ამ კულტურის საწყისი ადგილობრივ წინარე კულტურაშია საძებნი [I•IVI01[•)0I3CI(MI7I1949]. ტ.ჩუბინიშვილი ვარაუდს გამოთქვამს, რომ მტკვარ-არაქსის კულტურა ერთდოულად უნდა წარმოქმნილიყო მისი გავრცელების ფართო არეალში [L1)|6MI.MLL|8MM 1971:156], რასაც არ ეთანხმება ო.ჯაფარიძე. მისი აზრით, ამ კულტურის ერთფეროვნება უფრო იმ ვარაუდს უჭერს მხარს, რომ იგი ერთ გარკვეულ არეალში უნდა ჩამოყალიბებულიყო [ჯაფარიძე 1976:75]. იმისთვის, რომ მტკვარ-არაქსის კულტურა წარმოქმნილიყო ერთდროულად მთელს მის გავრცელების ტერიტორიაზე, უნდა ჩანდეს, რომ ამ ტერიტორიაზე წინარე მტკვარ-არაქსული არქეოლოგიური კულტურების განვითარება მიდიოდა მათი ურთიერთდაახლოების დაკავშირებისა და შერწყმის გზით. ამასთანავე ამ შემთხვევაში მტკვარ-არაქსის ადრეულ ეტაპზე უნდა გვქონდეს საკმაო განსხვავება რეგიონებს შორის და მხოლოდ განვითარებულ ეტაპზე უნდა გაიზარდოს საერთო ნიშნების რაოდენობა და კულტურამ მიიღოს თავისი სახე. სინამდვილეში კი ისე ჩანს, რომ, ჯერ ერთი, მტკვარ-არაქსის ადრეული ეტაპის მასალები ყველგან არ არის, ხოლო სადაც არის ეს მასალები, ერთმანეთს უფრო ჰგავს და მხოლოდ განვითარებულ ეტაპზე იწყება განსხვავებათა ჩამოყალიბება და ლოკალური ვარიანტების წარმოქმნა. რა ხდება აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში წინა მტკვარ–არაქსულ პერიოდში? ადრესამიწათმოქმედო კულტურის შესწავლა კავკასიაში დაიწყო ნახიჭევანის ქიულ-თეფე I-ით. 8 მეტრიანი მტკვარ-არაქსული ფენის ქვეშ გამოჩნდა 9,2 მ-ის სისქის კულტურული ფენა, რომელსაც გამთხრელმა ო.აბიბულაევმა ენეოლითური უწოდა [A6M6ynaeB 1963]. მსგავსი მასალები აღმოჩნდა მილისა და ყარაბახის ველზე. ამ ძეგლების ქრონოლოგია, ა.იესენის განსაზღვრით ძვ.წ. IV ათასწლეულის ჩარჩოებში ჯდება [MecceH 1963:13-14]. მალე განჯა-ყაზახის რაიონში გამოჩნდა ახალი ძეგლები – შომუთეფე თოირა-თეფე, ბაბადერვიში გარგალარ-თეფესი, რომელთა მასალები განსხვავდება ქიულ-თეფესაგან. ანალოგიური ნამოსახლარების ჯგუფი აღმოჩნდა ქვემო ქართლის ველზე - შულავერის გორა იმირის - გორა, გადაჭრილი გორა, არახლო და სხვა, და ამ კულტურას შულავერ—შომუთეფეს კულტურა ეწოდა. დღეს მას მკვლევარები სავსებით მართებულად განვითარებულ კერამიკულ ნეოლითს მიაკუთვნებენ [მენაბდე, კიღურაძე 2001:19-23]. ო.ჯაფარიძე ფიქრობს, რომ ეს კულტურა აქ გამოჩენას იწყებს თითქმის ცარიელ ადგილზე, ყოველგვარი წინამძღვრების გარეშე, ჩამოყალიბებული სახით და მყარი ტრადიციებით, სავარაუდოდ წინა აზიიდან [ჯაფარიძე 2006:109]. თ.კიღურაძე ფიქრობს, რომ ამ მოსაზრებას ენინააღმდეგება ამ ძეგლებზე აღმოჩენილი კავკასიაში გავრცელებული მარცვლეული კულტურების მრავალსახეობა და ისეთი კულტურების არსებობა, როგორიცაა ფეტვი და ღომი, რომელიც უცხოა წინა აზიური სამყაროსათვის, ასევე კულტურული ვაზი; წრიული არქიტექტურის განუყოფელი ბატონობა, მოხატული კერამიკის გაუვრცელებლობა და სხვა [მენაბდე, კიღურაძე 2001:21]. შულავერ-შომუ-თეფეს კულტურის ნამოსახლარები მრავალფენიანი ბორცვებია რომლებიც შექმნილია ერთ ადგილზე დიდხანს ცხოვრებით. იმ პერიოდში, როდესაც შულავრის კულტურა ერთადერთი იყო წინა მტკვარ–არაქსულ გარემოში, მკვლევარები ცდილობდნენ მოეძებნათ კავშირები ამ კულტურებს შორის, რაც საკმაოდ გაჭირდა. ერთადერთი, თითქოს აქ იძებნებოდა მტკვარ-არაქსული მრგვალი შენობების საწყისი, თუმცა საამშენებლო ტრადიციები სრულიად განსხვავდებოდა. 1965 წელს მუღანის ველზე ი.ნარიმანოვის მიერ შესწავლილ იქნა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ახალი ძეგლები - ალი-კიომეკ-თეფე, ხოლო მოგვიანებით ყარაბახის ველზე ჩალაგან-თეფე და ილანლი-თეფე. ძეგლების ეს ჯგუფი განსაზღვრულ იქნა, როგორც შულავერ–თეფეს კულტურის მომდევნო საფეხური. პარალელურად მიმდინარეობდა გათხრები ნასახლარ ლეილათეფეზე ეს ძეგლი სრულიად განსხვავებულ კულტურას აფიქსირებს. მას ახასიათებს მაღალხარისხოვანი და ჩარხზე ნაკეთები კერამიკა და თვლიან, რომ იგი უბეიდის კულტურის წრეს მიეკუთვნება [AnmeB, HapVIMaHOB 2001: 6; Myceménm20076:65–67]. დღეს აზერბაიჯანში ცნობილია ამ კულტურის რამდენიმე ძეგლი - ჩინართეფე შომულუ-თეფე; აბდალ-აზიზ-თეფე ეს ძეგლები ძირითადად ყარაბახის ველზე მდებარეობენ და ამ კულტურის ფენები ხშირად ფარავენ ენეოლითის უფრო ადრეული საფეხურის ფენებს. ლეილა-თეფეს კულტურის კუთვნილებაა შიდა ქართლში ა.ჯავახიშვილის მიერ შესწავლილი ბერიკლდეები [FnOHTI/I, flmaBaxmmBl/Inm1987: 80-87] და ყორღანული სამარხი "იორამის–გორა" კავთისხევთან. რ.მუნჩაევი ლეილა–თეფეს ურუკის კულტურის წრის ძეგლად თვლის და ურუკის ექსპანსიის მიზეზად კავკასიაში ლითონის მადნის ძიებას მიიჩნევს [MqaeB 2007:8-9]. ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლები აღმოჩნდა სომხეთშიც; მათგან გამოირჩევა ტეხუტას ნასახლარი [Hopoa 1976], რომლის კერამიკაში ჩანს ლეილა–თეფეს მასალების პარალელები [AIMEE Hapl/IMaHOB 2001:7]. ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში შესწავლილია ენეოლითური ძეგლები - გინჩი, ჩინა, რუგუჯა ჩეჩნეთში - ტიალინგი, ხოლო ჩრდილოეთ ოსეთში შაუ-ლაგატი, მიშტულაგ - ლაგატი, მარდშაჯი - ლაგატი [ჩიქოვანი 1998:72—84]. საქართველოში, კერძოდ ქვემო ქართლში, სიონის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასახლარის აღმოჩენის შემდეგ თ.კიღურაძემ მას წოფის ნასახლარი დაუკავშირა და ახალი, ე.წ. "სიონის კულტურა" გამოყო [მენაბდე, კიღურაძე 1981: 28]. ამ ტიპის ძეგლები აღმოჩნდა კახეთში - კვირიასწყალი დამწვარი გორა მწერლების მიწა შავწყალა ნადიკარი [Bapa3am3vmm1987], შიდა ქართლში - აბანოსხევი ბოდორნა (ტაბ.IV), ახალი ჟინვალი, ხერთვისი, ჩინთი (ტაბ.II), ნიჩბისი, ხელთუბანი [ჩიქოვანი 1999]. ამ წრეში ერთიანდებიან ასევე ქვემო ქართლიდან არუხლო VI, წითელი სოფელი, ჯავახი, აბელია, დელისი. ამ კულტურულ ერთობას ქრონოლოგიურად და კულტურულად ძირითადად გარდამავალი ადგილი უკავია შულავერ—შომუ—თეფესა და მტკვარ–არაქსის კულტურებს შორის. ამავე დროს ეს კულტურა თანაარსებობს შულავერ შომუთეფეს ფინალურ ეტაპთან. მკვლევარები მიუთითებენ ამ კულტურის კავშირზე დასავლეთ საქართველოს ნეოლით ენეოლითურ კულტურებთან [ჯაფარიძე 2006:271]. ლ.ნებიერიძე ვარაუდობს დასავლეთ და ცენტრალურ ამიერკავკასიაში ადგილობრივ მეზოლითთან მჭიდრო კავშირში მყოფ ნეოლითურ კულტურას, რომლის განვითარებად მიაჩნია სიონის კულტურა [ნებიერიძე 2001:5-10]. ო.ჯაფარიძე ადასტურებს რა სიონის, არაგვის ხეობის, იორ-ალაზნის აუზის ძეგლებისა და დასავლეთ საქართველოს ენეოლითურ ნასახლართა მასალების ერთგვარობას, ვარაუდობს, რომ შესაძლებელია სიონის წრის კულტურა დასავლეთ საქართველოდან შემოვიდა [ჯაფარიძე 2006:271]. არსებობს მოსაზრება, რომ სიონის კულტურა დასავლეთიდან ინფილტრაციის შედეგი კი არ არის, არამედ არსებობს დასავლეთ და ცენტრალური ამიერკავკასიის კულტურული ერთობა ამ ეტაპზე [ნებიერიძე 2001:9]. სიონის კულტურის ძეგლები, მსგავსად მტკვარ-არაქსის ძეგლებისა, გავრცელებულია როგორც დაბლობში, ასევე მთისწინა ზოლში და მთაში. ნასახლარებზე ძირითადად თხელი ფენებია, რაც ცხოვრების ერთგვაროვან სტილზე მიუთითებს. არის ძეგლები, სადაც ეს ფენები ზემოდან ადევს შულავერ-შომუთეფეს კულტურას, ან თავად არიან გადაფარული მტკვარ–არაქსის ფენებით [კიღურაძე 1998:19]. ეს სტრატიგრაფია ამ კულტურის ქრონოლოგიურ ადგილს ადასტურებს. ეს არის V ათასწლეულის ბოლო და IV ათასწლეულის პირველი ნახევარი. ასეთ თარიღს იძლევა ბერიკლდეებიდან გაკეთებული რადიოკარბონული ანალიზი (3955+3778 ძვ.წ.) და ლეილა-თეფეს კულტურის ძეგლებიდან, კერძოდ, ბეიუკ-კესიკიდან და ფოილო II - დან (3960+3910 და 3940+3780) [Myceménm 2007a:155-158]. საინტერესოა რადიოკარბონული თარიღი სოფ.ჟინვალის ნასახლარიდან - 4300+-150 (კალიბრ. 4937+-322) [ჩიქოვანი 1999:8]. აზერბაიჯანის ენეოლითურ ძეგლებს, რომლებსაც შულავერ-შომუთეფეს კულტურის შემდგომ ეტაპად მიიჩნევენ, 2 ჯგუფად ყოფენ: ილანლი-თეფე - ალიკიომეკ-თეფეს კულტურული წრისა და ლეილათეფესი აქედან, ილანლითეფეს ჯგუფი უფრო ადრეულად არის მიჩნეული ეს სტრატიგრაფიულადაც დასტურდება აბდალ-აზიზ–თეფეს ნასახლარზე, სადაც ილანლითეფეს საფეხურს ზემოდან ადევს ლეილათეფეს მასალები [Am/tea,HapVIMaHOB 2001:75], ხოლო ოვჩულარ-თეფესა და ხალაჯის მასალებს ქიულ-თეფე I-ის პირველ და მეორე ფენებს შორის ათავსებენ და მათში მტკვარ–არაქსის ელემენტებს ხედავენ. ამავე დროს ნახიჭევანის, მუღანისა და ყარაბახის გვიანენეოლითური ძეგლები აგრძელებენ შულავერ-შომუთეფეს კულტურის ტრადიციებს, ხოლო ლეილათეფეს წრის ძეგლები მკვეთრად განსხვავდებიან და მათ ჩრდილოეთ უბეიდ-ურუკის კულტურულ წრეს მიაკუთვნებენ. ლეილა–თეფეს წრის კერამიკას კავკასიაში წინამორბედი არ გააჩნია და იგი არც გრძელდება ამიერკვაკასიაში. მიაჩნიათ, რომ გარკვეულ პერიოდში ეს კულტურა გადადის ჩრდილოეთ კავკასიაში და იქ მაიკოპის კულტურის ფორმირებაში მონაწილეობს [Anmea,HapmmaHOB 2001:94]. IV ათასწლეულის პირველ ნახევარში აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ალიზის თეფეთა კულტურა მოულოდნელად წყვეტს არსებობას. ამ მოვლენას სხვადასხვა ახსნას უძებნიან – კლიმატის ამშრალებას, პრიმიტიული მიწათმოქმედების შედეგად მიწის გამოფიტვას. არის აზრი, რომ ამის მიზეზია კომუნიკაციების რღვევა; აღარ მოდის ძველი იმპულსები სამშობლოდან. ეს ჩამკეტი არის მტკვარ-არაქსი ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ლეილა-თეფეს ერთობაში არ არის მტკვარ-არაქსის კულტურასთან არავითარი კონტაქტის კვალი [AxyHAOB 2007:63]. საცხოვრებელი გორები დიდი ხნით ცარიელდება მაგრამ, როგორც ჩანს, სიონის კულტურის წრეში სიცოცხლე გრძელდება და მტკვარ-არაქსის კულტურის წინამძღვრები ისახება. მტკვარ-არაქსის კულტურის წარმომავლობის შესახებ მეცნიერებას მყარი კონცეფცია არ გააჩნია. ვარაუდობენ IV ათასწლეულში ამიერკავკასიის სამხრეთიდან მოსახლეობის გარკვეული მასების გადმოადგილებას რამაც ბიძგი მისცა საზოგადოების განვითარებას. მართალია, მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი მთელი რიგი ნიშნებისა გამოჩნდა მცირე აზიის ადრეულ კულტურებში [Mellaart J. 1958], მაგრამ ეს ელემენტები გარდამავალი პროცესების სურათს ვერ ქმნიან. ამ კულტურას მთლიანად შემოსული ტომების საკუთრებად ვერ მივიჩნევთ. ჯერ კიდევ 70-იან წლებში მუღანის ველზე აღმოჩნდა წინა მტკვარ-არაქსული მასალები, სადაც ჩანს მტკვარ-არაქსის კულტურის ელემენტები. ამ მასალებში კერამიკა უმეტესწილად ბზენარევია, მაგრამ კერამიკის ფაქტურა უკვე განსხვავდება მილის ველის კერამიკისაგან. ჩნდება გაპრიალებულ ზედაპირიანი, მაღალი, სწორყელიანი და მრგვალმუცლიანი ჭურჭლები, სწორკედლიანი ჯამები, რომლებსაც ამკობთ შვერილები და კოპები ჩნდება რელიეფური შემკულობა[HapmmaHos, Maxmya 1976:88-94]. თავის დროზე ამ მასალამ გვაფიქრებინა, რომ შესაძლოა ეს მასალები აზერბაიჯანში და სამშვილდის პირველი ფენა ჩვენთან არის ის საფუძველი, რომელზეც წარმოიშვა მტკვარ-არაქსის კულტურა [მირცხულავა 1975:66]. საქართველოში მტკვარ-არაქსის კულტურის ყველაზე ადრეულ ეტაპად დღესდღეობით მიიჩნევენ ქართლის ისეთ ძეგლებს, როგორიც არის სამშვილდის I ფენა (ტაბ.I), თეთრიწყაროს A ფენა, ხიზანაანთ გორის E ფენა, დიღომი, ღრმახევისთავი, დიდუბე. ამავე ეტაპს მიაკუთვნებენ კახეთის ძეგლებს - ივრის სიონს, გრემს, ზემო ბოდბეს [დედაბრიშვილი]. ეს ძეგლები მართლაც ადრეულ იერს ატარებენ, რაც ძირითადად კერამიკის ადრეული ფორმებით გამოიხატება. ეს კერამიკა გამოირჩევა ფორმათა არქაულობითა და დაბალი ტექნოლოგიური დონით. ამავე დროს აქ ჩანს ისეთი ელემენტები, რომელიც შემდგომი ეტაპისათვის განმსაზღვრელი ხდება; კერძოდ - კეცის 2 და 3 ფენოვნება გაპრიალებული ზედაპირი, რელიეფური ორნამენტი და სხვა. აქ არის კერამიკა, რომელიც შემდგომ მტკვარ-არაქსის კულტურას არ ახასიათებს და ტიპიური მტკვარ-არაქსული ადრეული ფორმებიც. ამავე დროს, 2004–2005 წწ. თეთრიწყაროს რაიონში, იმავე სამშვილდის ნასახლარის მიდამოებში, დაახლოებით 2–3 კმ–ის რადიუსში, 2 ენეოლითური ნასახლარის არსებობა დადასტურდა მილსადენის ტრასის 74-ე და 77–ე კმ–ზე [მირცხულავა 2006], რომლებმაც 3 დანგრეული ორმოს სახით მოაღწია ჩვენამდე. ორმოებში აღმოჩნდა კერამიკის ნატეხები (ტაბ.II) და მსხვილფეხა საქონლის რამდენიმე ძვალი. ასევე მოზრდილი ენეოლითური ნასახლარი იქნა შესწავლილი მილსადენის 85–ე კმ-ზე, ადგილ ნაჭივჭავებზე [I 2007:230]. აქ აღმოჩნდა 4 ათეულზე მეტი ორმო და ერთი სამარხი. აქვე გაითხარა 4 საკმაოდ ადრეული მტკვარ-არაქსული სამარხი. ენეოლითურ ორმოებში აღმოჩენილი კერამიკა ძალზედ საინტერესოა. ეს არის ტიპიური მასალა სიონი–წოფის-გინჩის კულტურისა, უფრო მტკვარ-არაქსული ელფერით. კერამიკა არის როგორც ღია ფერის, ასევე მოყავისფრომო ნაცრისფრო ლაქებიანი, კარგად ნაპრიალები და რომ არა ტიპიური ენეოლითური ფორმები და შემკულობა, პირგადაშლილი და რელიეფური ზიგზაგებით შემკული ცალები, რითაც ეს მასალები სამშვილდის I ფენისა (ტაბ.I) და ჩინთის (ტაბ.III) მასალებს უახლოვდება, კერამიკა კეცითა და ფაქტურით სამშვილდის ნასახლარის II ფენისა და სამაროვნის ანალოგიურად შეიძლება მივიჩნიოთ, ე.ი. მტკვარ-არაქსულად. ამ მასალებით კიდევ უფრო მტკიცდება აზრი, რომ აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში და უფრო ზოგადად სიონის-წოფის კულტურის არეალში მტკვარ-არაქსის კულტურა ისახება და, როგორც მკვლევარები ვარაუდობენ [კიღურაძე 1998:6], ეს კულტურა თამაშობს სუბსტრატის როლს მტკვარ-არაქსის კულტურის ჩამოყალიბებაში.
G.Mirtskhulava, G.Chikovani
ON THE TRANSITIONAL STAGE TO THE BRONZE AGE
Summary
The Kura-Araxes culture is a new stage of development for the Caucasus and its adjoining regions. The questions of the genesis and primary centre of this culture evoke considerable interest. In the view of researchers, this culture must have developed in the interfluves of the Mtkvari (Kura) and the Araxes, in south Caucasia. In Georgia, study has been made of sites of the early stage of the Kura-Araxes culture, as well as of the sites of the earlier stage of this culture, in which the exceptional forms, color and crock structure of the pottery of the Kura-Araxes culture are seen. These sites are layer A of Tetritsqaro, Dighomi, Ghrmakhevistavi, materials of the 74th, 76th and 85th km Aeneolithic settlement site of the BTC pipeline, and others. The discovery of the Sioni early-farming settlement site resulted in the identification of the immediately preceding Kura-Araxes so called "Sioni-Tsopi" culture. These materials further strengthen the view that the Kura-Araxes culture came into being in South Caucasia, and in general in the Sioni-Tsopi culture area. The researchers assume that, basically, this culture played the role of a substrate in the shaping of the Kura-Araxes culture.
ტაბულების აღწერილობა
ტაბ.I - სამშვილდის ნასახლარის ფენის კერამიკა.
ტაბ.II - სამშვილდე, მილსადენის 74-ე და 77-ე კმ-ის ენეოლითური ნასახლარის კერამიკა
ტაბ.III - ჩინთის ენეოლითური ნასახლარის მასალა.
ტაბ.IV - ბოდორნის ენეოლითური ნასახლარის კერამიკა.
ლიტერატურა
დედაბრიშვილი შ. 1970: იორ–ალაზნის აუზის ადრებრინჯაოს ხანის კულტურა. საკანდიდატო დისერტაცია. თბილისი.
კიღურაძე თ. 1998: ენეოლითიდან ადრე ბრინჯაოზე გარდამავალი პერიოდი აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში.
გ.ღამბაშიძე (რედ.), კავკასიის არქეოლოგიური კონფერენცია I, მოხსენებების მოკლე შინაარსი, 19–20. თბილისი.
მენაბდე მ., კიღურაძე თ. 1981: სიონის არქეოლოგიური ძეგლები. თბილისი.
მენაბდე მ., კიდურაძე თ. 2001: ნეოლითისა და ენეოლითის პერიოდების განსაზღვრისათვის საქართველოში. - ო.ლორთქიფანიძე (რედ.), კავკასია - ნეოლით-ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიის საკითხები, 19-23. თბილისი.
მირცხულავა გ. 1975: სამშვილდე, თბილისი.
მირცხულავა გ. 2000: ბორბლიანი ტრანსპორტის წარმოშობისა და განვითარების ეტაპები საქართველოში. — ძიებანი, №5, 37—44.
მირცხულავა გ. 2006: სამშვილდის არქეოლოგიური ექსპედიციის 2005 წლის მუშაობის ანგარიში, მილსადენის ტრასაზე (ხელნაწერი). თბილისი.
მირცხულავა გ. 2005: ნაყოფიერების კულტის ისტორიიდან. – ძიებანი, №15–16, 100–118.
ნებიერიძე ლ. 2001: სიონის ნასახლარი, აღმოსავლეთ საქართველოს გვიანნეოლითური ძეგლი. - ძიებანი, №7, 5–13.
ჩიქოვანი გ. 1998: ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარი სოფელ ჩინთიდან. - "ლეგია და კომპანიის“ უნივერსიტეტის შრომები, ტ.II, 72-80. თბილისი.
ჩიქოვანი გ. 1999: შიდა ქართლი ძვ.წ. V-IV ათასწლეულებში. ავტორეფერატი ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი.
ჯაფარიძე ო. 1976: ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის. თბილისი.
ჯაფარიძე ო. 2006: ქართველი ერის ეთნოგენეზის სათავეებთან. თბილისი.
Абибулаев О. A. 1963: Некоторые итоги изучения холма Кюль-тепе в Азербайджане. -СА, №3, 157-168.
Алиев Н., Нариманов И. 2001: Культура северного Азербайджана в эпоху позднего энеолита. Баку.
Ахундов Т. И. 2007: О связях майкопской традиции с Южным Кавказом и Ближним Востоком. - А.И. Османов (ред.), АЭФК, 61-63. Махачкала.
Варазашвили В. 1987: Раннеземледельческая культура Иоро-Алазанского бассейна, Автореферат диссерт. на соиск.. степени к.и.н. Ленинград.
Глонти Л. И., Джавахишвили А. И. 1987: Новые данные о многослойном памятнике эпохи энеолита-поздней бронзы в Шида Картли - Бериклдееби. - КСИА, №192, 80-86.
Иессен А. А. 1963: Кавказ и Древний Восток в IV-III тыс. до н.э. - СА, №3, 3-14.
Куфтин Б. А. 1944: К вопросу о древнейших корнях грузинской культуры на Кавказе. - ЬЬЭ8, XII-B, 291-410.
Мунчаев Р.М. 2007: Урукская культура (Мессопотамия). - А.И.Османов (ред.), АЭФК, 8-9. Махачкала.
Мусеибли Н.А. 2007а: К вопросу о хронологии Лейлатепинской культуры. - Г.Гамбашидзе (ред.), АЭФК, 155-158. Тбилиси.
Мусеибли Н. А. 20076: Лейлатепинская культура позднего энеолита и ее влияние на раннеземледельческие культуры Кавказа. - А. И. Османов (ред.), АЭФК, 65-67. Махачкала
Нариманов И., Махмудов Ф. 1976: Энеолитические памятники на Мугани. - ИАН АзССР №2, 88-94.
Пиотровский Б. Б. 1949: Поселение медного века в Армении. - СА, № 11, 171-181.
Торосян Р. М. 1976: Раннеземледельческое поселение Техута (IV тыс. до н.э.). Ереван, (на арм.яз. с русс. рез).
Чубинишвили Т. Н. 1971: К древней истории Южного Кавказа. Тбилиси.
Шатберашвили 3., Чиковани Г. 2007: Погребение №4 из раннеземледельческого поселения Начивчавеби. - Г.Гамбашидзе (ред.), АЭФК, 230-232. Тбилиси.
Mellaart J. 1958: Excavations at Hacilar. - AS, vol.VIII, 127-156.
|