topmenu

 

გ. ჩიქოვანი - აღმოსავლეთ საქართველოს ადრესამიწათმოქმედო კულტურათა შესწავლის საკითხები

<უკან დაბრუნება

გურამ ჩიქოვანი

აღმოსავლეთ საქართველოს ადრესამიწათმოქმედო კულტურათა შესწავლის საკითხები

ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში, 2010 წ. N19, გვ.83-94

XX საუკუნის 50-იანი წლების მეორე ნახევრიდან აღმოსავლეთ საქართველოში, კავკასიის სხვა რეგიონებთან ერთად, ინტენსიურად ითხრებოდა ადრესამიწათმოქმედო კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი. მრავალწლიანი კვლევის შედეგად დადგინდა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში ადრესამიწათმოქმედო კულტურის შემქმნელ მოსახლეთა მიერ ათვისებული ყოფილა როგორც გაშლილი ველები, ისე მდინარეთა ჭალისპირა ტერასები და მთისწინეთი. გაირკვა, რომ აღმოსავლეთ საქართველოში სხვებზე მეტად დაწინაურებული რეგიონი ყოფილა ქვემო ქართლი, სადაც მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში გაითხარა მრავალსამშენებლო ჰორიზონტიანი ხელოვნური გორა ნასახლარების ჯგუფი, რომელთა მსგავსი ძეგლები ასევე შესწავლილია აზერბაიჯანსა და სომხეთშიც. ქვემო ქართლში კომპლექსური არქეოლოგიური კვლევის შედეგად დადასტურდა, რომ დაახლოებით 1,7-1,8 მილიონი წლიდან ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები ყოფილა უძველესი ადამიანის პირველადი და შემდგომი განსახლებისათვის [გაბუნია, ვეკუა 2005:5]. მათი როლი კიდევ უფრო გაზრდილა ჰოლოცენის დასაწყისიდან, როდესაც თანდათან იწყება წარმოებით მეურნეობაზე გადასვლის პროცესი. როგორც ირკვევა, ეკოლოგიური პირობების გარდა, ამ რეგიონის როლის ზრდას ხელი შეუწყო ობსიდიანის საბადოებით მდიდარი თრიალეთის მთიანეთმა. არქეოლოგიური გათხრები მოწმობენ, რომ ობსიდიანისაგან სამეურნეო იარაღების დამზადებას ჰქონდა როგორც ადგილობრივი, ისე რეგიონთშორისი ურთიერთობის მნიშვნელობა [სტურუა 1994:21].

აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ობსიდიანის როლი განსაკუთრებულია ადრესამიწათმოქმედო კულტურის ჩასახვისა და განვითარების მთელ მანძილზე. რაც მთავარია, სამხრეთ-აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილი მეზოლით - უკერამიკო ნეოლითისა და უფრო მოგვიანო შულავერ-შომუთეფეს კულტურის ქვის ინდუსტრიას შორის ჩანს კულტურული მემკვიდრეობის და განვითარების ნიშნები [ჭელიძე 2005:30]. აღმოსავლეთ საქართველოში პირველი ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასახლარის შესწავლა დაიწყო 1957 წელს მარნეულის რაიონში, სოფელ წოფში [გრიგოლია, ტატიშვილი 1960:63]. შემდგომ, ქვემო ქართლში, მრავალსამშენებლო ჰორიზონტიანი გორანასახლარების შულავერის ჯგუფის ძეგლების გათხრების შედეგები იმდენად შთამბეჭდავი გამოდგა, რომ ჯერ კიდევ გათხრების პროცესში გამოქვეყნდა როგორც მაღალკვალიფიციური მეცნიერული ანგარიშები, ისე განმაზოგადებელი ნაშრომები, რომლებშიც განხილულია ადრესამიწათმოქმედო კულტურის წარმომავლობის, ეკოლოგიური გარემოს, კულტურული არეალის, წარმოებითი ურთიერთობის, არქიტექტურული გეგმარებისა და სამშენებლო ტექნიკის, შეფარდებითი და აბსოლუტურული თარიღების, მახლობელი და წინააზიის კულტურებთან კავშირი და სხვ. ასეთ გამოკვლევებს მიეკუთვნება მეცნიერული ნაშრომები შულავერის ჯგუფის ნასახლარებზე წარმოებული გათხრების შესახებ [ჯაფარიძე, ჯავახიშვილი 1971; ქვემო ქართლის შედეგები 1975]. არახლოს ჯგუფის ნასახლარების გათხრების შედეგებს მიუძღვნეს მონოგრაფიები და სტატიები ტ.ჩუბინიშვილმა, კ.კუშნარიოვამ, ლ.ჭელიძემ, დ.გოგელიამ [ჩუბინიშვილი 1970:129; Кушнарёва, Чубинишвили 1970; Чубинишвили, Челидзе 1978:55, გოგელია 1979:13; ჭელიძე 1992:17; Chelidze Gogelia 2004:46]. არახლო I-ზე ჩატარდა თავდაცვითი და სარწყავი სისტემების კომპლექსური კვლევა, პალინოლოგიური, პალეოკარპოლოგიური, პალეოზოოლოგიური, ქვის მასალების ტიპოლოგიური და ტრასოლოგიური მონაცემების გათვალისწინებით. ამ კვლევის შედეგები აისახა სპეციალურ კრებულში [Человек и его... 1984].

ახალი მონაცემების დაგროვების კვალდაკვალ ქვეყნდებოდა განმაზოგადებელი ნაშრომები და სტატიები. ამ მხრივ აღსანიშნავია ალ.ჯავახიშვილის მონოგრაფია, სადაც განხილულია ქვემო ქართლსა და საერთოდ ამიერკავკასიაში აღმოჩენილი გორა ნასახლარების არქიტექტურული გეგმარების და სამშენებლო ტექნიკის განვითარების საკითხები მახლობელი აღმოსავლეთისა და წინააზიის კულტურებთან კავშირში [Джвахишвили 1973]. ავტორის ძირითადი დებულებები დღემდე გაზიარებულია მკვლევართა მიერ. კავკასიაში ნეოლით-ენეოლითურ ხანაში გავრცელებულ დასახლებათა ტიპებს, ახალი მონაცემების გათვალისწინებით, ეხება გ.მირცხულავას სტატია [მირცხულავა 2005: 40]. ადრესამიწათმოქმედო კულტურის პრობლემებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავთ ო.ჯაფარიძის ნაშრომებში, რომელთაგან ყურადღებას გავამახვილებთ ორზე. პირველ ნაშრომში [ჯაფარიძე 1975] არქეოლოგიური არტეფაქტების განხილვასთან ერთად დაყენებულია თეორიული საკითხების რიგი. მეორე ნაშრომში აღნიშნული საკითხები განხილულია უფრო ფართოდ ახალი მასალების გათვალისწინებით [Джапаридзе 1989]. ადრესამიწათმოქმედო კულტურის მეურნეობის კვლევის ორიგინალური ხედვით გამოირჩევა ი.კიკვიძის ნაშრომი [კიკვიძე 1976], რომელიც შემდგომ ითარგმნა რუსულ ენაზეც. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა ქვემო ქართლის შულავერის ჯგუფის გორანასახლარების მკვლევარის თ.კიღურაძის მონოგრაფია, რომელშიც პირველადაა ჩამოყალიბებული ამიერკავკასიის ამ ტიპის ნასახლარების გეგმარების, სამშენებლო ტექნიკის, არქეოლოგიური არტეფაქტების ტიპოლოგიურ-მორფოლოგიური და მეზობელ სამხრეთ-აღმოსავლურ კულტურულ ცენტრებთან ურთიერთობის კვლევის შედეგები. ამის საფუძველზე მკვლევარმა გამოყო ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ხუთი საფეხური და სამეცნიერო ლიტერატურაში ის დაამკვიდრა "შულავერ-შომუთეფეს კულტურის" სახელწოდებით [კიღურაძე 1976:105]. აღნიშნული ნაშრომის შევსებული ვარიანტი გამოიცა გერმანულ ენაზეც [Kiguradze 1986]. ასევე საყურადღებოა მ.მენაბდესთან ერთად გამოქვეყნებული მისი მორიგი ნაშრომი, სადაც ყურადღება გამახვილებულია აღმოსავლეთ საქართველოში აღმოჩენილ შულავერ - შომუთეფეს კულტურისაგან განსხვავებულ ერთფენიან ნასახლარებზე. ავტორები განსაკუთრებით ხაზს უსვამენ სიონის მასალების თავისებურებას და აღნიშნავენ, რომ საქმე გვაქვს "სიონის ტიპის" ახალ ნასახლართან [მენაბდე, კიღურაძე 1981: 33].

მახლობელი აღმოსავლეთისა და წინა აზიის არქეოლოგიურ კულტურებთან ქრონოლოგიურ მიმართებაში საყურადღებოა გ.ქავთარაძის მონოგრაფიები. მან C14-ით მიღებული არაკალიბრირებული და კალიბრირებული თარიღების საფუძველზე დააყენა საკითხი ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო და ბრინჯაოს ხანის ქრონოლოგიური ჩარჩოს დაძველების შესახებ და ადრესამიწათმოქმედო ნასახლარები დაალაგა პერიოდების მიხედვით. თავისი მოსაზრება მან ჯერ გამოთქვა ქართულად გამოქვეყნებულ მონოგრაფიაში [ქავთარაძე 1981], შემდეგ იგივე გაიმეორა რუსულ ენაზე გამოცემულ მონოგრაფიაშიც [Kaвтарадзе 1983]. ალაზნის ველზე გამოვლენილ ახალ ერთფენიან ნასახლარებს მიუძღვნა საყურადღებო მონოგრაფია ვ.ვარაზაშვილმა [Варазашвили 1992]. წარმოებითი ურთიერთობის ჩასახვისა და განვითარების ზოგადი და კონკრეტული საკითხებია განხილული ლ.ძიძიგურის მონოგრაფიაში [ძიძიგური 2000]. ენეოლით–ადრებრინჯაოს ხანის პრობლემურ საკითხებს ეხება ზ.მახარაძის სტატია [მახარაძე 1998:27], ხოლო ნაყოფიერების კულტთან დაკავშირებული პრობლემებია განხილული გ.მირცხულავას სტატიაში [მირცხულავა 2005:100]. უახლესი გამოცემებიდან ასევე აღსანიშნავია კოლექტიური ნაშრომი ენეოლით—ბრინჯაოს ხანის ძეგლებზე [ვ.სადრაძე და სხვ. 2007]. შულავერ–შომუთეფესა და მისგან განსხვავებული კულტურის ნასახლარების გარშემო არანაკლებ საინტერესო ნაშრომები გამოაქვეყნეს სხვა ქვეყნების მკვლევარებმაც. ასეთია ა.იესენის სტატიები კავკასიისა და ძველი აღმოსავლეთის ურთიერთობის შესახებ ძვ.წ IV-III ათასწლეულებში [Иессен 1963] და მილყარაბახის წარსულის შესახებ [ИecceH 1965]. ადრესამიწათმოქმედო კულტურის საკვლევ პრობლემებს დიდი ადგილი დაუთმეს თავიანთ ნაშრომებში რ.მუნჩაევმა [Мунчаев 1975:80], რ.მუნჩაევმა და ნ.მერპერტმა [Мунчаев, Мерперт 1981], ი.ნარიმანოვმა [Нариманов 1987], ო.აბიბულაევმა [Абибулаев 1982], ხ.არაზოვამ [Аразова 1986], რ.ტოროსიანმა [Торосян 1976], მ.გაჯიევმა [Гаджиев 1991], ვ.მასონმა [Массон 1964], ნ.ბადერმა [Бадер 1989], კ.კუშნარევამ [Кушнарёва 1993]. მეტად საყურადღებო ნაშრომს წარმოადგენს რ.ბადალიანის სტატია არქეოლოგიურ ძეგლებზე აღმოჩენილი ობსიდიანის მასალებისა და მისი გამოსავლები ადგილების იდენტურობის შესახებ [Бадалян 2001:251].

ცალკე აღსანიშნავია ავტორთა კოლექტივის მიერ გამოქვეყნებული ტომი Энеолит СССР, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი შულავერ-შომუთეფესა და კავკასიის სხვა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებს [Мунчаев 1982:93]. აღმოსავლეთ საქართველოში ინტენსიური ახალმშენებლობის პირობებში XX ს-ის 70-იანი წლებიდან გაიზარდა ახლად აღმოჩენილი ადრესამიწათმოქმედო ნასახლარების რიცხვი. ასეთი ნასახლარები აღმოჩნდა არა მხოლოდ ქვემო, არამედ შიდა ქართლსა და კახეთშიც. რაც მთავარია, გაითხარა შულავერ-შომუ–თეფეს კულტურისაგან განსხვავებული ერთფენიანი ნასახლარები, რომლებიც სამეცნიერო ლიტერატურაში ცნობილია "სიონის ტიპის" [მენაბდე, კიღურაძე 1981:33], ან "წოფი-გინჩის" წრის ძეგლების სახელწოდებით [Чиковани 1989:84]. უნდა შევნიშნოთ, რომ სამეცნიერო ლიტერატურაში მათ გვერდით იმატა ახალ ტერმინთა რაოდენობამ "სიონი-გინჩის" [მირცხულავა 2005:102], ან "სიონი-წოფის" სახით [Кореневский 1998:99], რაც კულტურის აღმნიშვნელ პირობით ტერმინთა აღრევასა და გაუგებრობას იწვევს. განსაკუთრებით საინტერესოა, რომ შიდა ქართლში "წოფის" წრის ნასახლარების გვერდით აღმოჩნდა სრულიად ახალი, მაღალი სამშენებლო ტრადიციისა და კულტურის” ბერიკლდეების ქვედა ფენის ნასახლარი, რომელმაც პირველივე პუბლიკაცისთანავე მიიქცია ყურადღება [Глонти, Джавахишвили 1987:80]. ამავე ძეგლებზე თავის მოსაზრებას გამოთქვა ალ.ჯავახიშვილმაც [Dzavaxišvili 1998:7]. აღნიშნული ნასახლარი, კერძოდ საკულტო ძეგლი და გალავანი, მახლობელი აღმოსავლეთისა და წინა აზიის საკულტო ძეგლებთან კავშირში, მიმოიხილა გ.ყიფიანმა და აღნიშნა, რომ ის სრულიად ახალი მოვლენაა ენეოლითური პერიოდის საქართველოს ისტორიაში [ყიფიანი 1997:13]. ამრიგად, აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა კულტურის ნასახლარების აღმოჩენამ გვიბიძგა გვევარაუდებინა სამი განსხვავებული კულტურის არსებობა - თანაარსებობა რომელთაგან ორს განვითარების ხანგრძლივი ტრადიცია აქვს, ხოლო ბერიკლდეების ქვედა ფენის ტიპის ძეგლებს შედარებით ნაკლები. როგორც ცნობილია, ბერიკლდეების მსგავსი ძეგლები ამიერკავკასიაში თანდათან მატულობს და შესაბამისად არის ცდა ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში ისინი დავამკვიდროთ ბერიკლდეები-ლეილათეფეს კულტურის სახელწოდებით [ჩიქოვანი 1998:3]. როგორც აღვნიშნეთ კავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურათა კვლევაში თვალსაჩინოა ქართველი არქეოლოგების როლი. თ.კიღურაძემ ქვემო ქართლის ნასახლარების - შულავერის, იმირისა და ხრამის დიდი გორას სტრატიგრაფიის, არქიტექტურული გეგმარების, სამშენებლო ტექნიკისა და არტეფაქტების საფუძველზე გამოყო შულავერ-შომუთეფეს კულტურის განვითარების ხუთი საფეხური, რომელიც საფუძვლად დაედო ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ქრონოლოგია-პერიოდიზაციას. ავტორის აზრით, შულავერის გორის XIV სამშენებლო ჰორიზონტის მასალები ამიერკავკასიაში ყველაზე ადრეულია და მისი შესატყვისი მასალები ჯერჯერობით არ აღმოჩენილა [კიღურაძე 1976:108]. ამ მოსაზრებას მაინცდამაინც არ ცვლის სომხეთში, არარატის ველზე ეჩმიაძინის ჩრდილო-დასავლეთით 5 კმ–ზე, სოფ.არატაშენში მდინარე კასახის მარცხენა ნაპირზე გათხრილი ნასახლარი, სადაც გამოიყო 1 მეტრის ზედა I და 1,5 მეტრი სისქის ქვედა II ფენა. გამთხრელთა მიხედვით ქვედა II ფენა შედგება ოთხი სამშენებლო ჰორიზონტისაგან, თანმხლები თიხატკეპნილი წრიული ნაგებობებით ქვისა და ძვლის იარაღების გარდა აქ აღმოჩნდა ჰალაფის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭლის ნატეხები. ზედა I ფენა კი შედგება ალიზის აგურით ნაგები ოთხკუთხა შენობებისაგან და სხვა მასალებთან ერთად თიხის ჭურჭლის ნატეხებიც მეტია. ავტორთა აზრით, C14-ით მეთოდით მიღებული აბსოლუტური თარიღების საფუძველზე ნასახლარი თავსდება ძვ.წ. VI ათასწლეულის პირველი ნახევრის ფარგლებში რომელიც II ფენის ზედა და I ფენის ქვედა ქრონოლოგიური ზღვარია [Бадалян, Авитесян... 2000:32].

აღნიშნული ნასახლარი სულ უფრო და უფრო იქცევს მკვლევართა ყურადღებას [Palumbi 2007:73]. რა თქმა უნდა, საქმე გვაქვს საინტერესო ნასახლართან, თუმცა მასზე გამოთქმული მოსაზრებები მომავალში კრიტიკულად უნდა შეფასდეს. ახლა ისევ უნდა დავუბრუნდეთ თ.კიღურაძის ერთ მოსაზრებას. მან შულავერ–შომუთეფეს კულტურისგან გამოყო მაშინ ცნობილი, განსხვავებული ნასახლარების ერთი ჯგუფი - თეღუთა, ალიკემეკ-თეფესი; ილანლითეფე წოფი და სხვ., რომლებიც აღნიშნული კულტურის V საფეხურზე მოგვიანოდ და მტკვარ-არაქსის უადრეს ძეგლებზე ადრეულად მიაჩნია [კიღურაძე, 1976:132]. რიგი ახალი ძეგლების აღმოჩენის შემდეგ ავტორმა თავისი მოსაზრება უფრო განავრცო და მარნეულის სიონი, არაგვის ხეობის, ალაზნის ველისა და აზერბაიჯანში გათხრილი ნასახლარები - ქეჩილი III, მენტეჟი, რუს-თაფასი ამავე ქრონოლოგიურ ჩარჩოში მოაქცია იგი ასევე გარკვეულ სიახლოვეს ხედავდა ამ ნასახლარებისა და შულავერ-შომუ-თეფეს კულტურის ბოლო საფეხურის მასალებს შორის. კერძოდ, გულისხმობდა თიხის ჭურჭლის ნატეხების ზოგიერთ ფორმას, ორნამენტაციას, ხოლო სიონში აღმოჩენილი შომუთეფეს ტიპის ნამგლის ჩასართის მიხედვით ეს ძეგლი II ან მოგვიანო საფეხურის თანადროულადაც კი მიაჩნდა [მენაბდე, კიღურაძე 1981,32–33]. შემდგომ თ.კიღურაძემ უფრო განავრცო თავისი მოსაზრება. იგი აღნიშნავდა, რომ სიონის ტიპის ძეგლები ასახავს ენეოლითის განვითარებულ და მოგვიანო პერიოდებს. მისი აზრით, ასევე ფინალური ენეოლითის პერიოდისა უნდა იყოს უადრესი მტკვარ–არაქსული ძეგლები, სამშვილდის ნასახლარის ქვედა ფენა, ღრმახევის თავი, თრელის ნასახლარი. მტკვარ–არაქსის დასახელებული ძეგლები გვიან ენეოლითურია და თარიღდება  IV ათასწლეულის შუა ხანებით და მესამე მეოთხედით ხალკოლითიდან ადრებრინჯაოზე გარდამავალი პერიოდი ამიერკავკასიაში ზოგადად შეიძლება განისაზღვროს სიონის ტიპის ძეგლების ფინალური სტადიითა და მტკვარ-არაქსის კულტურის უადრესი ეტაპით. სიონის ტიპის ძეგლებმა გარკვეული როლი შეასრულა, ერთის მხრივ, მტკვარ-არაქსის, მეორეს მხრივ მაიკოპის კულტურის ძეგლების ჩამოყალიბებაში [კიღურაძე 1998:19-20]. ვ.ვარაზაშვილი ალაზნის ველის ნასახლარების კვირისწყლის, დამწვარ გორას და შულავერ-შომუთეფეს მასალებს შორის გარკვეულ მსგავსებას ხედავს. კერძოდ, მსგავსებისას იგი გამოყოფს ქილებს ქოთნებს ჯამებს კეცებს, ორნამენტისა და დეკორის გარკვეულ სახეებს, წიწვისებრ ჭდეულ, ჭილოფის ანაბეჭდებს, კოპებს შვერილებს, რელიეფურ დანაძერწებს და სხვა. ამასთანავე იგი მსგავსებას ხედავს მომდევნო ადრე ბრინჯაოს ხანის მასალებთანაც და შესაბამისად ალაზნის ველის ნასახლარებს ძვ წ. IV ათასწლეულის შუა ხანებით ათარიღებს [Варазашвили 1992:54-83]. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ ბერიკლდეების ქვედა ფენის ტიპის კერამიკის გამოჩენამდე გაცილებით ადრე კ.კუშნარიოვამ და ტ.ჩუბინიშვილმა წოფის ნასახლარის უხეში კერამიკის გვერდით გამოყვეს მცენარეულ-მინარევიანი მაღალხარისხოვანი კერამიკის ერთი ჯგუფი, რომელთაც ანალოგები ასევე მოუძებნეს არახლო I და აბელიაშიც [Кушнарёва, Чубинишвили 1970:32]. ტ.ჩუბინიშვილი ასეთი კერამიკის გამოჩენას ამიერკავკასიაში ირანულ-ჩრდილო მესოპოტამიურ წრეს უკავშირებდა [ჩუბინიშვილი 1970:149].

ო.ჯაფარიძე, განიხილავს რა აღმოსავლეთ საქართველოში ადრესამიწათმოქმედო კულტურათა არეალს, აღნიშნავს, რომ სიონის კულტურის გავრცელების უკიდურესი მხარე აღმოსავლეთით, როგორც ჩანს, ქვემო ქართლი იყო, სადაც იგი ერთხანს შულავერ-შომუთეფეს კულტურასთან თანაარსებობდა [ჯაფარიძე 1992:7]. ამასთან დაკავშირებით საინტერესოა, რომ მდინარე ალაზნის მარცხენა მხარეს, აზერბაიჯანის ტერიტორიაზე სოფელ ენგიანთან, პადარსა და მურადაიში ნაწილობრივ გათხრილ ენეოლით ადრებრინჯაოს ხანის ნასახლარზე დაფიქსირდა ნახევრად მიწურები სადაც აღმოჩენილი თიხის ჭურჭლის ნატეხების ერთ ჯგუფს ტ.ახუნდოვი ამსგავსებს კახეთის ადრესამიწათმოქმედო ნასახლარების თიხის ჭურჭლის ნატეხებს [Ахундов 2001:20]. ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების რიგ საკითხებთან დაკავშირებით საყურადღებო, მაგრამ საკამათო აზრს გამოთქვამს ვ.როსტუნოვი.1 მისი შეხედულებით, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ატლანტური პერიოდის დასაწყისში ხელსაყრელი პირობები ყოფილა დამჯდარი მიწათმოქმედებისა და მეურნეობის განვითარებისათვის. შესაბამისად ყალიბდება შულავერ-შომუთეფეს კულტურა, რომლის დასასრული ემთხვევა აცივებას და კლიმატის სიმშრალეს. ამიტომ ძვ.წ. V ათასწლეულის დასასრულიდან აღნიშნული კულტურის მატარებელი მოსახლეობის ადგილს იკავებს წოფი-გინჩის წრის ერთობის შემქმნელი მობილური მიწათმოქმედების მიმდევარი მოსახლეობა, რომელიც ასევე ითვისებს მთიანი ზოლის ნოყიერ ჭალისპირა ტერასებს. შემდგომში კლიმატის სიმშრალემ გამოიწვია მთაში თოვლის საფარისა და მყინვარების უკან დაწევა და გაიხსნა სატრანზიტო უღელტეხილები. წოფი-გინჩის წრის კულტურის შემქმნელი მოსახლეობა გადავიდა კავკასიონის ქედის ჩრდილოეთით, სადაც ხელსაყრელი პირობები იყო მომთაბარე მესაქონლეობისათვის. IV ათასწლეულის შუა ხანებიდან ცენტრალური კავკასიის სამხრეთ კალთებზე ჩნდება ახალი კულტურის ნასახლარები, ბერიკლდეების ქვედა ფენისა და ლეილათეფეს ნასახლარების სახით, რომლებიც, როგორც ჩანს, მობილური მიწათმოქმედებს ეკუთვნოდნენ და მალევე იცვლებიან ახალი, მტკვარ-არაქსული მოსახლეობის ნასახლარებით [Ростунов 2003:40-41]. მორიგ სტატიაში ვ.როსტუნოვი აგრძელებს ამავე და სხვა საკითხებზე მსჯელობას, რომელთაგან ამჯერად შევეხებით მხოლოდ ორს. მისი აზრით, შიდა ქართლის ბარში ადრესამიწათმოქმედო კულტურის რამდენადმე ადრეული ნასახლარია ბერიკლდეების ქვედა ფენა [Ростунов 2003:2]. თუმცა, დასახლების ტიპისა და არქეოლოგიური მასალების მიხედვით ბერიკლდეების ქვედა ფენაზე უფრო ადრეულია თანდიწყარო I გორის რაიონში [ჩიქოვანი 1999: 19–23, ტაბ I–V] და ნიჩბისი მცხეთის რაიონში [ჩიქოვანი 2001:16-18, ტაბ.I-V] ამასთანავე, ავტორი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ჟინვალში, ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასახლარიდან C14–ის მეთოდით მიღებულ აბსოლუტურ თარიღსა და ვერტიკალურ ჭრილში აღებული პალინოლიგიურ სინჯების ანალიზის მონაცემებზე. უნდა შევნიშნოთ, რომ 1982 წელს ჟინვალის ადრესამიწათმოქმედო ნასახლარის კულტურული ფენიდან ნახშირი საანალიზოდ აღებულ იქნა წესების სრული დაცვით, რაც ნაწილობრივ აისახა ექსპედიციის კოლექტიურ ანგარიშში[Рамишвили, Джорбенадзе и дрю 1985:55-56]. ანალიზი გაკეთდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიო ნახშირბადის ლაბორატორიაში და მიღებულ იქნა არაკალიბრირებული თარიღი (TB 326) 4300+-150 წ. გ.ქავთარაძემ ამ თარიღის რ.კლარკის კალიბრაციულ მრუდზე გადაყვანით მიიღო კალიბრირებული თარიღი (TB 326) 4937+-322 წ. ჩვ.წ-მდე. მკვლევარს მხოლოდ ეს თარიღი აქვს შეტანილი თავის მონოგრაფიაში [Кавтарадзе 1983:47].

შემდგომ თბილისის ბოტანიკის ინსტიტუტის პალინოლოგიურმა ექსპედიციამ აწ განსვენებულ, ქალბატონ ლ.გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით ჟინვალის არქეოლოგიურ ექსპედიციასთან შეთანხმებით ჟინვალსა და აბანოსხევში ვერტიკალურ ჭრილში აიღო სინჯები პალინოლოგიური ანალიზისთვის. პალინოლოგიური ექსპედიციის შედეგების ერთი ნაწილი აისახა ლ.გოგიჩაიშვილსა და ჩვენს ერთობლივ სტატიაში [Гогичайшвили, Чиковани 1989:152-154], სადაც, სამწუხაროდ, გაიპარა შეცდომა და ჟინვალში გაკეთებული ვერტიკალური ჭრილის სქემაში აბსოლუტური თარიღი აღნიშნულია ადრესამიწათმოქმედო კულტურის ფენის ოდნავ ქვემოთ, რამაც გამოიწვია ვ.როსტუნოვის სამართლიანი კრიტიკა. მაგრამ ავტორმა გადააჭარბა, შეიტანა რა ეჭვი აბსოლუტური თარიღის კულტურული ფენისადმი კუთვნილებაში და შესაბამისად მან V ათასწლეულის მეორე ნახევრიდან IV ათასწლეულის პირველ ნახევარში გადმოათარიღა შიდა ქართლის ადრეული ნასახლარები [Ростунов 2003:6-7]. მხოლოდ სქემაში დაშვებულ უზუსტობაზე დაყრდნობით უსაფუძვლოა ვ.როსტუნოვის მოსაზრება მით უმეტეს რომ რადიონახშირბადისა და პალინოლოგიური ანალიზისათვის სინჯები აღებულ იქნა სხვადასხვა მონაკვეთზე და სხვადასხვა დროს. მ.გაჯიევის აზრით, იორალაზნისა და ასევე არაგვის ხეობის ნასახლარების ჟინვალის, ქვემო არანისის (ახალი ჟინვალი), ბოდორნის და ხერთვისის მასალები მეტ სიახლოვეს პოულობენ გინჩის მასალებთან. ამიტომ ეს ძეგლები და აგრეთვე დელისი ტერიტორიული და კულტურული სიახლოვის გამო პირობითად შეიძლება გაერთიანდეს ჩრდილო კავკასიის ძეგლების დაჯგუფებაში ხოლო სიონის კულტურის თავისებურება კი უნდა ჩამოყალიბებულიყო ჩრდილო, დასავლეთ და ცენტრალურ კავკასიურ კულტურათა ტრადიციების გზაჯვარედინზე [Гаджиев 1991:93-96]. როგორც ითქვა, მკვლევართა დიდი ინტერესი და მოსაზრებათა ახალი ნაკადი მოჰყვა აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში ბერიკლდეები - ლეილა-თეფეს კულტურის ძეგლების აღმოჩენას. უნდა ითქვას, რომ ამ კულტურის ახალი ძეგლების აღმოჩენის რიცხვი სულ უფრო და უფრო მატულობს. ლ.ღლონტისა და ალ.ჯავახიშვილის აზრით, უშუალოდ ადრეული მტკვარარაქსის კულტურის ფენის ქვეშ მდებარე ქვედა ფენა შეიცავს წოფის, სიონის, სამელე და სამერცხლე კლდის და ადრემაიკოპის თიხის ჭურჭლის მსგავს ნატეხებს ამიტომ ქვედა ფენის ასაკი ტრადიციული შკალით შეიძლება განისაზღვროს ძვ.წ–ის IV ათასწლეულის პირველი ნახევრით, ან, შესწორებული თარიღით, V ათასწლეულის დასასრულით [Глонти, Джавахишвили 1987:85-86]. მსგავს აზრს ანვითარებდა ალ.ჯავახიშვილიც [Dzavaxišvili 1998:7–16]. გ.ყიფიანი ბერიკლდეების ქვედა ფენაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს ალიზის აგურით ნაგებ გალავანსა და ტაძარს. ავტორს, ამიერკავკასიასა და, კერძოდ, ბერიკლდეებზე ტაძრის კულტურა მცირე აზიიდან შემოჭრილად მიაჩნია, რადგან მას ადგილობრივი წინამორბედი და, შესაბამისად, პარალელი არ ეძებნება [ყიფიანი 1997:35]. აღსანიშნავია, რომ ბერიკლდეების ქვედა ფენა შიდა ქართლში ერთადერთი არ არის. მსგავსი მასალების შემცველი ყორღანული სამარხი აღმოჩნდა კასპის რ–ნში, კავთისხევში ე.წ. "იორამის გორაზე" [მახარაძე 1998:24-25]. ახალ აღმოჩენილი ძეგლებიდან ასევე საინტერესოა გარდაბნის რ–ნში, ვაზიანის №1 ყორღანის გათხრისას გამოვლენილი ქვის სარტყლიანი მრგვალი მიწური თუ ჩაღრმავება, სადაც ჩნდებოდა ენეოლითური იერის თიხის ჭურჭლის ნატეხები და ობსიდიანის ლამელა–ანატკეცები, დამუშავების ან გამოყენების კვალით [ჩიკოიძე, მინდიაშვილი და სხვ.2003:10-11].

თეთრიწყაროს რ–ნში კი ადგილი "ნაჭივჭავებზე" გაითხარა ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასახლარი, სადაც ძირითადად ჩნდებოდა სხვადასხვა სიდიდის სწორკედლიანი ან მსხლისებრი ფორმის ორმოები. ნასახლარზე ასევე აღმოჩნდა მისი თანადროული ერთი ნახევრადმიწური და მცირე ქვაყრილიანი მომრგვალებული ფორმის ორმო-სამარხი [Шатберашвили, Чиковани 2007:232]. ორივე ნასახლარი დასახლების ტიპისა და მასალების მიხედვით, სიონი-წოფის ჯგუფის ძეგლების წრეს მიეკუთვნება. უფრო ადრე აღმოჩენილი ძეგლებიდან შეიძლება დავასახელოთ დმანისის რ–ნში, სოფელ ვარდისუბანთან, ადგილ ღრმახევისთავში მტკვარ–არაქსის კულტურის ნასახლარის გათხრისას რ. აბრამიშვილის მიერ გამოყოფილი ადრეული ორმოების ჯგუფი, რომელიც შეიცავდა მცენარეულჩანართიან კერამიკას. ავტორმა მათ პარალელი მოუნახა ენეოლითურ მასალებში [აბრამიშვილი 1980:12]. ზოგიერთი ჭურჭლის ნატეხი მართლაც ჰგავს ბერიკლდეები-ლეილათეფეს კულტურის ან მათ თანადროულ კერამიკას, რაც უდავოდ ზრდის როგორც ავტორის მოსაზრებას ისე ძეგლის მნიშვნელობას. აზერბაიჯანში ბერიკლდეები–ლეილათეფეს კულტურის წრის გაცილებით მეტი ძეგლია აღმოჩენილი აქ ყარაბახის ველზე, ლეილა-თეფეს ნასახლარის შესწავლისას არქიტექტურული, სამშენებლო ტექნიკისა და მასალების თავისებურების გამო ი.ნარიმანოვმა კულტურული კავშირი დაინახა მესოპოტამიის ობეიდის წრის ძეგლებთან. მან ამის საფუძველზე აზერბაიჯანში გამოყო ახალი, ლეილა–თეფეს კულტურა [Алиев, Нариманов 2001:7]. ნ.ალიევს ამავე კულტურის ნასახლარად მიაჩნია ჩინართეფე შომულუ-თეფე, აზიზ–თეფე, ხოლო ლეილა–თეფეს თიხის ჭურჭლების მსგავსებას ხედავს გინჩის თეღუთას, ბერიკლდეების და სხვა ნასახლარების მასალებში. ეს მასალები ეხმიანებიან ჩრდილო ობეიდურ კულტურას, რომელიც არსებობდა ძვ.წ V და IV ათასწლეულის შუა ხანებამდე. მისი აზრით, ლეილა-თეფე შეეფარდება ობეიდური კულტურის დასასრულს და შესაბამისად მისი არსებობის ზედა ზღვარი უახლოვდება ძვ.წ. IV ათასწლეულის შუა ხანებს [Алиев 2001:20]. აზერბაიჯანში ახალი გათხრებით ლეილათეფეს მსგავსი ძეგლები აღმოჩენილია მუღანის ველზეც. ესენია მიზარჩაი IV და, რაც საყურადღებოა, სოიუგბულაგის ყორღანების ჯგუფი. ნ.მუსეიბლის აზრით, ლეილა-თეფეს კულტურის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელია კაჟის იარაღების სიმრავლე ობსიდიანისაზე, ლითონის იარაღების დამზადების მაღალი დონე და სავარცხლისებრი შტამპით ორნამენტირებული ჭურჭლები [Мусеибли 2007:155-158]. ბერიკლდეები-ლეილათეფეს კულტურის წრის ძეგლების პრობლემით დაინტერესებული მკვლევარები გამოთქვამენ ახალ საყურადღებო მოსაზრებებს. ამიერკავკასიაში ამ ახალი კულტურული ტალღის გამოჩენაში ურუქის კულტურის როლს აღნიშნავს ფ.გულიევი [Гулиев 2005:82]. ამავე აზრს ანვითარებს რ.მუნჩაევიც [Мунчаев 2007:8,9], მათ მოსაზრებას რამდენადმე ზურგს უმაგრებს გ.ლიონეს ქრონოლოგიური სქემაც [Lyonnet 2007:13].

როგორც აღვნიშნეთ ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების თვალსაზრისით რამდენადმე განსხვავებული ვითარებაა აღმოსავლეთ საქართველოში, სადაც დაფიქსირებულია სამი განსხვავებული კულტურის არსებობა და გარკვეულ ეტაპზე თანაარსებობა შულავერ-შომუთეფესა და სიონი-წოფის წრის ძეგლებს განვითარების შედარებით გრძელი გზა აქვთ განვლილი, ხოლო ფინალურ ეტაპზე მათთან მცირე ხნით, თანაარსებობს ბერიკლდეები-ლეილათეფეს კულტურა ან ამ კულტურული ტალღის წინამორბედი ელემენტები. რაც მთავარია, ფინალურ ეტაპზე მათ შორის შეიმჩნევა შედარებით მჭიდრო კულტურული ურთიერთობა, რომელიც შესაძლებლობას იძლევა უკეთესად გავიაზროთ კულტურული ცვლილებებისა და ქრონოლოგიის საკითხები. სამეცნიერო გამოკვლევებში მიღებულია შულავერ-შომუთეფეს კულტურის ზოგადი ქრონოლოგიური ჩარჩო ძვ.წ. VI ათასწლეულის მეორე ნახევარი - IV ათასწლეულის პირველი ნახევარი, რომლის კრიტიკულ განხილვას ამჯერად ჩვენ არ ვაპირებთ. რაც შეეხება წოფი-ვინჩის წრის ძეგლებისათვის ჩვენს მიერ შემოთავაზებულ ქრონოლოგიურ ჩარჩოს, ძვ.წ. V ათასწლეულის მეორე და IV ათასწლეულის პირველი ნახევარი როგორც აღნიშნული გვაქვს, მისი საფუძველია შიდა ქართლის ნასახლარების სტრატიგრაფიული, მასალების შედარებით ტიპოლოგიური ანალიზი და ჟინვალიდან C14-ის მეთოდით მიღებული აბსოლუტური თარიღი. არაგვის ხეობაში სტრატიგრაფიული მონაცემებით ყველაზე ადრეულია აბანოსხევის ნასახლარის მასალები, 0,30–0,50 მ სისქის განმარხული შავი ნიადაგიდან, რომელიც სამ უბანზე ერთი კმ-ის სიგრძეზე გამოვლინდა მიწის ზედაპირიდან 0,60-2 მეტრ სიღრმეზე. აქ გარკვეული დროით ცხოვრება წყდება და კულტურული ფენა გადაფარულია 1 მეტრამდე სისქის სტერილური თიხნარით. არქეოლოგიური გათხრების მიხედვით შემდგომ ისინი ცხოვრებას აგრძელებენ 10 კმ-ით ჩრდილოეთით სოფელ ჟინვალის ჭალისპირა ტერასაზე, უკვე გაფორმებულ შავმიწა ნიადაგის ზედაპირზე. რაც მთავარია, ადგილმონაცვლეობის მიუხედავად არქეოლოგიურ მასალებში შეინიშნება კულტურული მემკვიდრეობა არა მხოლოდ ზემოთ აღნიშნულ ადგილებზე, არამედ შიდა ქართლისა და აღმოსავლეთ საქართველოს ამ წრის სხვა ნასახლარებზეც მკვლევართა საერთო შეფასებით კერამიკულ ნაწარმში გარკვეული მსგავსება შეინიშნება ასევე დასავლეთ საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ძეგლების მასალებთანაც. აღმოსავლეთ საქართველოში ჯერ-ჯერობით გათხრილი წოფი–გინჩის წრის ძეგლებიდან ყველაზე ადრეულია სოფელ აბანოსხევის სამი პუნქტის - ხიმშიაანთ მიწების“, „ნაქალაქარი ხიდარარის“ და „მწითურების მამულის“ ნასახლარების მასალები, რომლებიც ძვ.წ. V ათასწლეულის მეორე ნახევრით თარიღდებიან. V ათასწლეულის ბოლოსა და IV ათასწლეულის პირველ ნახევარში თავსდება დანარჩენი ნასახლარები – ჟინვალი, ახალი ჟინვალი, ხერთვისი, ჩინთი, ბოდორნა, თანდიწყარო I, ნიჩბისი, დამწვარი გორა, კვირიას წყალი, ნადიკარი, წოფი, სიონი, არახლო VI, წითელი სოფელი, ჯავახი, ვაზიანი I, ნაჭივჭავები და შესაძლოა დელისიც. თითოეული ამ ნასახლარის მასალა მეტად საყურადღებოა და მეტ-ნაკლებად იძლევა ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ამა თუ იმ ეტაპის შეფასების შესაძლებლობას. ამჯერად შეიძლება ზოგიერთი ნასახლარის ცალკეულ ნიშანზე გავამახვილოთ ყურადღება. კულტურული მემკვიდრეობისა და განვითარების ახალი ელემენტების ნიშნებით სამეთუნეო წარმოებაში გამოირჩევა ჩინთის ნასახლარი [ჩიქოვანი 1998:72-80]. ამ ნასახლარზე კარგად ჩანს ჭურჭლის ფორმებში, გამოწვის ტექნიკაში, ორნამენტის რიგ სახეებში, ადრეული ძეგლების მასალებთან კულტურული მემკვიდრეობა [ჩიქოვანი 2005:63–66, ტაბ.I-II] მაგრამ სიახლეა ყურიანი და შვერილებიანი, უქუსლო ბრტყელძირა სხვადასხვა რელიეფური ორნამენტი, ძირზე ჭილოფის წრიული ანაბეჭდი და სხვა, რომლებიც ეტაპობრივი [Чиковани 2003:47-48] და მოწინავე კულტურებთან ურთიერთობისა და შინაგანი ევოლუციის შედეგია [ჩიქოვანი 1998:3-5]. ეს ნიშნები კარგად ჩანს ასევე ჭურჭლის პირზე გაფორმებულ სხვადასხვა სახის ორნამენტებსა [Чиковани 2004:142] და ქვის ნატკეც იარაღებშიც [Челидзе, Чиковани 1991:1-12].

ადრესამიწათმოქმედო კულტურის განვითარების ფინალურ ეტაპზე ზოგიერთი ტრადიციული ნიშნის გაქრობაზე მიუთითებს ნიჩბისის სამეთუნეო ნაწარმში პირდაჭდეული ჭურჭლის მხოლოდ ერთი ნატეხის აღმოჩენა. მსგავსი სურათია ბოდორნის ნასახლარზეც სადაც თიხის ჭურჭლის ყველა ნატეხის ყელ-პირი სადა და უორნამენტოა თანდიწყარო I მასალებში ჭურჭლის არც ერთ ნატეხს არა აქვს გამჭოლი ნასვრეტი [ჩიქოვანი 1999:21–23, ტაბ.IV-V], რითაც მარნეულის სიონის მასალების მსგავსია. აღმოსავლეთ საქართველოში, სამეთუნეო წარმოებაში მიუხედავად რიგი ნიშნების მსგავსებისა, მაინც შეიმჩნევა რეგიონალური თავისებურება. ეს ეხება შიდა ქართლის სამეთუნეო ნაწარმსაც რომლის გარკვეული გავლენა ჩანს ცენტრალურ და ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის ადრესამიწათმოქმედო სამეთუნეო წარმოებაში. (შაულაგათი, ტიალინგი, რუგუჯა და სხვ.) [ჩიქოვანი 1999:26]. ცალკეული ნასახლარის თავისებური ნიშნიდან შეიძლება დავასახელოთ ალაზნის ველის ადრესამიწათმოქმედო ნასახლარების თიხის ჭურჭლების "ბიბილოსებრი" შვერილების ერთგვარი განსხვავება შიდა ქართლურისაგან მათ "ბიბილო“ შედარებით გადმოკეცილი აქვთ და ასეთი ჭურჭლების ერთგვარ განსხვავებულ ვარიანტს წარმოადგენენ [ჩიქოვანი 2005:65]. ასევე მარნეულის სიონის თიხის ჭურჭლის ნატეხების ერთ ჯგუფს ეტყობა ნაფოტისებრი ნივთითა და სავარცხლისებრი შტამპით შესრულებული ხაზები და ორნამენტი, რაც დამახასიათებელია აზერბაიჯანის ზოგიერთი ნასახლარის მასალებისათვის. ეს ნიშანი შენიშნული აქვთ მარნეულის სიონის გამთხრელებს [მენაბდე, კიღურაძე 1981:29]. უნდა აღვნიშნოთ, რომ ერთი ასეთი ნატეხი აღმოჩენილია წითელ სოფელშიც [გოგელია 1992:61]. ასევე ბოდორნის საყელოსებრპირიანი, ნიჩბისის მოწითალო, თხელკეციანი ფიალის ნატეხი, წოფისა და ზოგიერთი სხვა ნასახლარის მცენარეულჩანართიანი მაღალხარისხოვანი, დაბალტანიანი და უქუსლო ბრტყელძირა კერამიკა, რელიეფური ორნამენტი, მცირე და მასიური ყურები განვითარების ფინალურ ეტაპზე ქრონოლოგიურად ერთმანეთთან აახლოებს შულავერ-შომუთეფეს სიონი, წოფი–გინჩისა და ბერიკლდეები – ლეილათეფეს კულტურის მასალებს. აქვე არ შეიძლება არ აღვნიშნოთ არახლო I სამოსახლოს გარეთ №7 სამარხში აღმოჩენილი, ვერტიკალურ მწკრივებად განლაგებული კოპებით შემკული მოწითალო კეციანი ცილინდრულ-ყელიანი ჭურჭელი, რომელსაც თვით სამოსახლოს მასალებში ეძებნება პარალელი. ჩვენი აზრით, ეს სამარხი შეიძლება ეკუთვნოდეს არახლო I-ის ზედა ფენაში დაფიქსირებული ოთხკუთხა ნაგებობის მაცხოვრებლებს [Чиковани 2005:179]. აღსანიშნავია, რომ ასეთი ორნამენტით შემკული ჭურჭელი აღმოჩენილია ალაზნის ველზეც [Варазашвили 1992:786.XIV-XVI]. მკვლევარები ადრესამიწათმოქმედო კულტურის ზოგადი და თავისებური ნიშნების განსაზღვრაში არანაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ მატერიალური კულტურის სხვა არტეფაქტებსაც. ამ მხრივ განსაკუთრებულია ქვის ნატკეცი მასალა. ლ.ჭელიძის აზრით, ქვის ინვენტარი წარმოადგენს წარმოების ერთერთ შემადგენელ; კულტურის შედარებით კონსერვატიულ ნაწილს, რომელიც ძნელად ექვემდებარება ცვლილებას და გავლენას. ქვის ინვენტარის ტექნიკურ–ტიპოლოგიური ხასიათი სხვა ელემენტებთან ერთად განსაზღვრავს ძეგლის კულტურულ კუთვნილებას. მისი დაკვირვებით, სიონის, არაგვის ხეობისა და ალაზნის ველის გულგულები ამორფულია; ერთეულია კონუსური გულგულები (ალაზნის ველი) სიონში ნამზადებად ჭარბობს საშუალო პრიზმული ლამელები და დიდი ანატკეცები, ხოლო არაგვის ხეობაში კი მცირე და საშუალო ზომის ანატკეცები [Челидзе, Чиковани 1991:3-12].

წოფის ნასახლარზე გულგულები პრიზმული, კონუსური ან ბადროსებრი ფორმისაა. იარაღთა ძირითად ნამზადებს შეადგენს საშუალო და მცირე ანატკეცები, ასევე საშუალო და დიდი პრიზმული ლამელები. მათ შორის ბევრია მაკროლაშელები. ნამზადთა მეორადი დამუშავებისას გამოიყენებოდა ზურგის მხრიდან დატანილი მცირე დაბლაგვებული ან გამაფხიანებელი რეტუში. იარაღებიდან აღსანიშნავია შომუთეფეს ტიპის ნამგლის ჩასართი, რომელიც დადასტურებულია ალაზნის ველზეც. მისი აზრით, ეს ნასახლარები მდებარეობენ  როგორც  ველზე,  ასევე  მთისწინეთშიც და განსხვავდებიან დასახლების ტიპითაც, თუმცა კერამიკაში არის როგორც საერთო, ისე ბანმასხ3ა3ებებჭი ნიშნები, მათ შორის შულავერ–შომუთეფე კულტურის ნასახლარებთანაც. ზემოთ აღნიშნული ნასახლარების ქვის მასალების შედარებითი დახასიათება კი გვიჩვენებს მათ ტექნიკურ–ტიპოლოგიურ განსხვავებას შესაბამისად იხატება რთული სურათი. წოფის მასალების ქვის ინვენტარი ჰგავს შულავერ-შომუთეფეს კულტურისას და შესაბამისად უნდა განვიხილოთ ამ კულტურის ფარგლებში. სიონის ნასახლარი განსხვავებულია შულავერ–შომუთეფეს კულტურისაგან და მას უნდა ეწოდოს სიონის კულტურა. ადრესამიწათმოქმედო კულტურის მოგვიანო ეტაპზე აღმოსავლეთ საქართველოში სხვადასხვა ტრადიციის მატარებელ დასახლებებს შორის არსებობდა მჭიდრო კავშირი და ურთიერთგავლენა, განსაკუთრებით კერამიკასა და მის ორნამენტაციაში. დღესდღეობით ძნელია ვისაუბროთ სიონის კულტურის ლოკალურ ვარიანტებზე. მხოლოდ შეიძლება ითქვას, რომ აღმოსავლეთ საქართველოსა და ჩრდილო–აღმოსავლეთ კავკასიაში ადგილობრივი ტრადიციების მატარებელი ზოგიერთი ნასახლარი განიცდიდა სიონის კულტურის ტრადიცiის გავლენას [Челидзе 2007:222-224]. როგორც ვხედავთ, ლ.ჭელიძის მოსაზრება განსხვავდება როგორც თ.კიღურაძის, ისე ჩვენი მოსაზრებისაგან. ამჯერად არ ვაპირებთ ლ.ჭელიძესთან კამათს, თუმცა აღვნიშნავთ, რომ ამიერკავკასიაში ადრესამიწათმოქმედო კულტურათა პირველი განმასხვავებელი ნიშანია დასახლების ტიპი და სამშენებლო ტექნიკა. რაც შეეხება შულავერ–შომუთეფეს ტიპის ნამგლის ჩასართს, ის სიონის ნასახლარზეც გვხვდება, რაც აღნიშნული აქვთ ძეგლის მკვლევარებს [მენაბდე კიღურაძე 1981:28]. დასასრულს კიდევ ერთ საყურადღებო მოსაზრებაზე გვსურს ყურადღების გამახვილება. საქმე ეხება ცნობილი მეცნიერის ი.დიაკონოვის ნაშრომის იმ ნაწილს, სადაც საუბარია კავკასიის მეზოლით - ადრესამიწათმოქმედო სადგომ - ნასახლარებზე. სტატია წარმოადგენს რეცენზიას კ.კუშნარიოვას მონოგრაფიაზე [Кушнарёва 1993]. ი.დიაკონოვი უაღრესად დადებითად ახასიათებს ნაშრომს და მასზე დაყრდნობით გამოაქვს საყურადღებო დასკვნები. მისი აზრით, თუ დავხედავთ კ.კუშნარიოვას მიერ შედგენილ კავკასიის მეზოლითური ძეგლების რუკას, სადგომები არცთუ ბევრია, რომელთაგან გამოირჩევა ჩოხი დაღესტანში, ფირუზი აფშერონში დასავლეთ საქართველოს სადგომების ჯგუფი დარკვეთის ჩათვლით და სადგომები სოხუმის აღმოსავლეთით აფხაზეთში. ეს მეზოლითური სადგომები შეესაბამება სამ ეთნოსს (სამ ენობრივ ოჯახს), რომლებიც კავკასიაში ფიქსირდებიან უძველესი დროიდან. ჩოხი და დარკვეთი უწყვეტად დასახლებული იყო ბრინჯაოს ხანის ჩათვლით. მისი აზრით, კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობდნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიის, ცენტრში ქართველური, ხოლო დასავლეთში – ჩრდილო - დასავლური ენობრივი ოჯახის ტომები. მეორე რუკის მიხედვით, ნეოლით-ენეოლითური ნასახლარების რიცხვი მნიშვნელოვნად იზრდება და მათი საზღვარი აღწევს ირანის აზერბაიჯანამდე და თურქეთამდე ვანის ტბის მიდამოების ჩათვლით. ენეოლით - ბრინჯაოს ხანის კულტურებისათვის ავტორი გამოყოფს რამდენიმე ინდიკატორს, რომელთაგან ამჯერად ჩვენთვის საინტერესოა პირველი: ნაქალაქარის დასახლება შეჯგუფული, მრგვალი სახლებით [Дьяконов 1995:3-14]. ავტორი, ალბათ, გულისხმობს შულავერ-შომუ-თეფეს კულტურის ნასახლარებს. ი.დიაკონოვი თავის მოსაზრებას ამყარებს ენობრივი მონაცემებით, რაც უაღრესად საინტერესოა და კომპლექსურ კრიტიკულ შეფასებას იმსახურებს. დასასრულს უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ და სხვა რიგ საკითხებზე მკვლევართა არაერთი საინტერესო მოსაზრება არსებობს, რომელთა გარკვეული ნაწილი წინ წამოვწიეთ და შესაძლებლობის ფარგლებში შევეხეთ.

QUESTIONS OF RESEARCH INTO EARLY f FARMING CULTURES OF EASTERN GEORGIA

Summary

К The basic views expressed and the conclusions arrived at by researchers about the early farming culture of South paucasia, are assessed positively in the paper. On the basis of settlement type andthe artifacts obtained, in the au- flhor's opinion, in Eastern Georgia, unlike the other regions of eastern South Caucasia, at a definitive stage of develop¬ment settlements of three different cultures - Shulaveri Shomu Tepe, Tsopi-Ginch and Berikldeebi-Leila Tepe - coex¬isted. The author responds both to the justified and exaggerated criticism expressed be G.Rostunov regarding the mechanical error made in the table of palynological study obtained from a vertical cross-section at Zhinvali.The data on the Aragvi valley former settlements are important in compiling a chronological framework of the iTsopi circle settlements in Eastern Georgia. In the author's view, according to stratigraphic data and artifacts the earil- est are the settlements of three points of v. Abanoskhevi, which are dated to the second half of 5th millennium BC. The other settlements from Shida Kartli: Zhinvali, Akhali Zhinvali, Khertvisi, Botorna, Chinti,Tanditsqaro, Nichbisi;from KvemoKartlitTsopi, Sioni, Arukhlo VI, Tsiteli Sopeli, Javakhi Nachivchavebi, Samshvilde,Vaziani I; from Kakheti: Damts- vari Gora, Kviritstsqali, Nadikari- fall within the first half of the 4th millennium BC. The final stage of development of Ike early farming cultures of Eastern Georgia basically falls to the middle period of the 4th millennium BC.

 

ლიტერატურა

აბრამიშვილი რ., გიგუაშვილი ნ., კახიანი კ. 1980: ღრმახევისთავის არქეოლოგიური ძეგლები, 7-88. თბილისი.

გაბუნია მ., ვეკუა 2005: ბუნებრივი გარემოს ევოლუცია სამხრეთ საქართველოს ვულკანური მთიანეთის რეგიონში ეოპლეისტოცენ—ადრე ჰოლოცენში — ძიებანი, №15–16, 5–10.

გოგელია ღ. 1979: დასახლების თავისებურება არახლო I–ზე. – მსკა VII, 13-18.

გოგელია დ., ჭელიძე ლ. 1992: ენეოლითი. - ო.ჯაფარიძე (რედ.), საქართველოს არქეოლოგია, II,  ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანა, 17–35. თბილისი.

გრიგოლია გ., ტატიშვილი თ. 1960: ქვემო ქართლის უძველესი ძეგლები. - ნ. ბერძენიშვილი (რედ.), საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული, I, 63-82. თბილისი.

კიკვიძე ი. 1976: მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტი ძველ საქართველოში. თბილისი.

კიდურაძე თ. 1976: აღმოსავლეთ ამიერკავკასიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის პერიოდიზაცია. თბილისი.

კიღურაძე  თ. 1998: ენეოლითიდან ადრებრინჯაოზე გარდამავალი პერიოდი აღმოსავლეთ  ამიერკავკასიაში. — კავკასიის არქეოლოგიური კონფერენცია, I (მოხსენებათა მოკლე შინაარსები), 19-20. თბილისი.

მახარაძე ზ. 1998: ენეოლითადრებრინჯაოს ხანის კავკასიის არქეოლოგიის ზოგიერთი პრობლემა. — ძიებანი, №2, 27-33.

მახარაძე ზ. 1998: კასპის რაიონის არქეოლოგიური ექსპედიციის ახალი აღმოჩენები. — კავკასიის არქეოლოგიური კონფერენცია, I (მოხსენებათა მოკლე შინაარსები), 24–25. თბილისი.

მენაბდე მ., კიდურაძე თ. 1981: სიონის არქეოლოგიური ძეგლები თბილისი.

მირცხულავა გ. 2001: ადრესამიწათმოქმედო კულტურების ნამოსახლართა განვითარების ზოგიერთი საკითხი – ო.ლორთქიფანიძე (რედ.), კავკასია, ნეოლით-ბრინჯაოს ხანის საკითხები, 40–45. თბილისი.

მირცხულავა გ. 2005: ნაყოფიერების კულტის ისტორიიდან. — ძიებანი, N215–16, 100–110.

სადრაძე ვ., კახიანი კ., ღლიღვაშვილი ე., სადრაძე ვ. 2007: მტკვრისა და არაგვის ხერთვისის ენეოლით-ბრინჯაოს ხანის ძეგლები. თბილისი.

სტურუა ქ. 1994: ობსიდიანი და ვაჭრობის საკითხები. - გ.ავალიშვილი (რედ.), აკად. ო.ჯაფარიძის 70 წლისთავისადმი მიძღვნილი არქეოლოგიური კრებული, I, 21—35. თბილისი.

ქავთარაძე გ. 1981: საქართველოს ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანის არქეოლოგიური  კულტურების ქრონოლოგია ახალი მონაცემების შუქზე თბილისი.

ქვემო ქართლის შედეგები 1975: ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები. ო.ჯაფარიძე, ალ.ჯავახიშვილი (რედ.), თბილისი.

ყიფიანი გ. 1997: ბერიკლდეები, გალავანი და ტაძარი. - სსმმ, XLII—8, 13–39.

ჩიკოიძე ც., მინდიაშვილი გ., ჩხატარაშვილი მ., პაჭიკაშვილი  წ. 2003: კუხეთის არქეოლოგიური ექსპედიციის ანგარიში. - ვ. ჯაფარიძე (რედ.), მილსადენის არქეოლოგია II, 41—43. თბილისი.

ჩიქოვანი გ. 1998ა: ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარი სოფელ ჩინთიდან. — „ლეგია და კომპანიის“ უნივერსიტეტის შრომები, ტ.II, 72–80. თბილისი.

ჩიქოვანი გ. 1998ბ: კულტურული პროცესები აღმოსავლეთ საქართველოში წინა აზიის მასალების მიხედვით. – V სამეცნიერო სესია: "მსოფლიო კულტურულ-ისტორიული პროცესი და საქართველო" (არქეოლოგიური მონაცემების მიხედვით), მოხსენებათა თეზისები, 3-5. თბილისი.

ჩიქოვანი გ. 1999ა: ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარი თანდიწყარო I, სოფ.ხელთუბანთან (გორის რაიონი). - ძიებანი, №3, 19–23.

ჩიქოვანი გ. 1999ბ: შიდა ქართლი ძვ.წ V-IV ათასწლეულებში (არქეოლოგიური მასალების მიხედვით) ავტორეფერატი, ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. თბილისი.

ჩიქოვანი გ. 2001: სოფელ ნიჩბისის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარი. ძიებანი, N98, 16–18.

ჩიქოვანი გ. 2005: ბიბილოსებრპირიანი ჭურჭლები აღმოსავლეთ საქართველოს ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნამოსახლარებიდან – ძიებანი, №№15–16, 63–66.

ჩუბინიშვილი ტ. 1970: ენეოლითური კულტურა. — გ.მელიქიშვილი (რედ.), საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ.I, 129–151. თბილისი.

ძიძიგური ლ. 2000: ამიერკავკასიის უძველესი სამიწათმოქმედო კულტურა. თბილისი.

ჭელიძე ლ. 2005: ქვის პერიოდის ახალი სადგომი წალკაში. — ძიებანი №№15–16. 30–35.

ჯაფარიძე ო. 1992: შესავალი. - ოთ.ჯაფარიძე (რედ.), საქართველოს არქეოლოგია, ტ.II, ენეოლით-ადრებრინჯაოს ხანა, 5—15. თბილისი

ჯაფარიძე ო. 1975: ქართველ ტომთა ეთნიკური ისტორიის საკითხისათვის. თბილისი.

ჯაფარიძე ო., ჯავახიშვილი ალ. 1971: უძველესი მიწათმოქმედი მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე. თბილისი.

Абибулаев 0.1982: Энеолит и бронза на территории Нахичеванской АССР. Баку.

Алиев Н., Нариманов И. 2001: Культура Северного Азербайджана в эпоху позднего энеолита. Баку.

Аразова Р. 1986: Каменные орудия труда ранних земледельческо-скотоводческих обществ Западного Азербайджана. Баку.

Ахундов Т. 2001: Северо-западный Азербайджан в эпоху энеолита и бронзы. Баку.

Бадалян Р. 2001: Обсидиан Южного Кавказа: эксплуатация источников и распространение сырья. - n. crjrofocojntgbSndg (rtgco.), jagjaboa, бдоте^осо-БОоб^охчЬ ЬабоЬ ЬадпспЬдБо, 29-39. сьБослпЬо.

Бадалян Р., Аветисян П., Ломбард П., Шатенье К. 2004: Неолетическое поселение Араташен. - Г. Гамбашидзе (ред.), АЭФК, 31-32.Тбилиси.

Бадер Н. 1989: Древнейшие цивилизации Древней Месопотамии. Москва.

Варазашвили В. 1992: Раннеземледельческая культура Иоро-Алазанского бассейна. Тбилиси.

Гаджиев М. 1991: Раннеземледельческая культура Северо-Восточного Кавказа. Москва.

Гогичайшвили Л., Чиковани Г. 1988: Природные условия и древний человек в голоцене на территории Жинвали (бассейн р. Арагви). - А. Хлонова (ред.), Палинология в СССР, 152-154. Новосибирск.

Глонти Л., Джавахишвили А. 1987: Новые данные о многослойном памятнике эпохи энеолита - поздней бронзы в Шида Картли - Бериклдееби. - КСИА, 192,80-86.

Джавахишвили А. 1973: Строительное дело и архитектура поселений Южного Кавказа V-III тыс. до н.э. Тбилиси.

Джапаридзе 0.1989: На заре этнокультурной истории Кавказа. Тбилиси.

Дьяконов И. 1995: Алародии (хуриты, урарты, кутии, чеченцы и дагестанцы). - М. Агларов (ред.), Алародии (этнические исследования), 3-14. Махачкала.

Иессен А. 1963: Кавказ и Древний Восток в IV-III тыс. до н.э. - КСИА, 93,3-14.

Иессен А. 1965: Из исторического прошлого Мильско Карабахской степи. - МИА, № 125,10-35.

Кавтарадзе Г. 1983: К хронологии эпохи энеолита и бронзы Грузии. Тбилиси.

Кореневский С. 1983: Поселение «Замок» у города Кисловодска (нижний слой). - А. Белинский (ред.), Материалы по изучению историко-культурного наследия Северного Кавказа, вып. 1,96-106. Ставрополь.

Кушнарева К., Чубинишвили Т. 1970: Древние культуры Южного Кавказа (V-III тыс. до н.э.). Ленинград.

Кушнарева К. 1993: Южный Кавказ в IX-II тыс. до н.э. - Этапы культурного и социально-экономического развития. Санкт- Петербург.

Массон В. 1961: Средняя Азия и Древний Восток. Москва-Ленинград.

Мунчаев Р. 1982: Памятники культуры энеолита Кавказа. - Б. Рыбаков (ред.), Археология СССР, Энеолит СССР, 100-137. Москва.

Мунчаев Р. 1995: Кавказ на заре бронзового века. Москва.

Мунчаев Р. Мерперт Н. 1981: Раннеземледельческие поселения Северной Месопотамии. Москва.

Мунчаев P. 1982: Энеолит Кавказа. - Б. Рыбаков (ред.), Археология СССР, Энеолит СССР. 93-131. Москва.

Мунчаев Р. 2007: Урукская культура (Месопотамия). - Г. Гамбашидзе (ред.), АЭФК, 8-9. Махачкала.

Мусеибли Н. 2007: К вопросу о хронологии леилатепинской культуры. - Г. Гамбашидзе (ред.), Археология, этнография* фольклористика Кавказа, 155-158. Тбилиси.

Нариманов И. 1987: Культура древнего земледельческо-скотоводческого населения Азербайджана. Баку.

Рамишвили Р., Чиковани Г. и др. 1985: Археологические исследования в Душетском районе. - ПАИ, 1982, 55-60.

Ростунов В. 2003а: Роль географической среды в расселении древних обществ на центральном Кавказе в эпоху энеолита- средней бронзы. - Л. Амбрамян (ред.), АЭФК, 40-41. Эчмядзин.

Ростунов В. 20036: Климатический фактор в заселении южных склонов Центрального Кавказа в эпоху энеолита-средней бронзы. - Ритмы истории, Сборник научных трудов, вып. 1,2-13. Владикавказ.

Торосян Р. 1976: Раннеземледельческое поселение Техут (IV тыс. до н.э.). Ереван. На армянском языке, с русск. резюме.

Челидзе Л., Чиковани Г. 1991: Обсидиановый инвентарь предгорных раннеземледельческих поселений Арагвского уще- лья (раскопки 1974-87 гг.). Препринт. Тбилиси.

Челидзе Л. 2007: К вопросу о культурной общности типа Сиони. - Г. Гамбашидзе (ред.), АЭФК, 222-224. Тбилиси.

Человек и окружающая его среда. Материалы по археологии Грузии и Кавказа, IX. 1984 Тбилиси.

Чиковани Г. 1989: Новые памятники раннеземледельческой культуры Арагвского ущелья. - И. Дьяконов (ред.), Кавказ и цивилизации Древнего Востока, 84-86. Орджоникидзе.

Чиковани Г. 2003: Глиняная посуда с ушками как один из определяющих компонентов поэтапного развития ранне-земледельческих культур Грузии. - Л. Абрамян (ред.), АЭФК, 47-48. Эчмиадзин.

Чиковани Г. 2005: К вопросу распространения одного вида керамического орнамента в Закавказье в раннеземле- дельческих поселениях. - Г. Гамбашидзе (ред.), АЭФК, 142. Тбилиси.

Чиковани Г. 2005: Глиняный сосуд из седьмого погребения раннеземледельческого поселения Арухло I. - Т. Бунятов (ред.), Археология, АЭФК, 178-179. Баку.

Чубинишвили Т. 1971: К древней истории Южного Кавказа. Тбилиси.

Чубинишвили Т., Челидзе Л. 1978: К вопросу о некоторых определяющих признаках раннеземледельческой культуры VI-V тыс. до н.э. Южного Кавказа (хозяйство). - Известия АН ГССР, Серия истории, археологии, этнографии и истории искусств, № 1, 55-69.

Chelidze L., Gogelia D. 2004: Arukhlo I: an early farming site. - Georgian Journal of Archaeology, № 1,46-92.

Dzavaxisvili Al. 1998: Ausgrabungen in Berikldeebi (Schida Kartli). - H. Fenrich (Hsgb.), Georgien, Heft 21.7-16. Konstanz.

Frangipane М., Palumbi G. 2007: Red-black ware, pastoralism, trade, and Anatolian-Transcaucasian interactions in the 4th-3rd millennia ВС. - B. Lyonnet (ed.), Les cultures du Caucase (VI4lle millenaires avant notre ere). Leurs relations avec le Proche- Orient, 233-255. Paris.

KiguradzeT. 1986: Neolithische Siedlungen von Kvemo-Kartli, Georgien. Miinchen.

Lyonnet B. 2007: Introduction. - B. Lyonnet (ed.), Les cultures du Caucase (Vle-llle millenaires avant notre ere). Leurs relations avec le Proche-Orient, 11-19. Paris.

Makharadze Z. 2007: Nouvelles donnees sur le Chalcolithique en Georgie orientale. - B. Lyonnet (ed.), Les cultures du Caucase (Vle-Hle millenaires avant notre ere). Leurs relations avec le Proche-Orient,123-132. Paris.

Palumbi G. 2007: A preliminary analysis on the Prehistoric pottery from Aratashen (Armenia). - B. Lyonnet (ed.), Les cultures du Caucase (Vle-llle millenaires avant notre ere). Leurs relations avec le Proche-Orient, 63-76. Paris.