There are no translations available.
<უკან დაბრუნება
საქართველოს ეროვნული მუზეუმი
ოთ.ლორთქიფანიძის არქეოლოგიის ცენტრი
ოთარ ჯაფარიძე
კავკასიის წინა აზიის სამყაროსთან ურთიერთობის საკითხისათვის
ძიებანი საქართველოს არქეოლოგიაში
N20, გვ.178-197, თბილისი, 2011
DZIEBANI - Journal of the Georgian Archaeology, Tbilisi, 2011
Georgian National Museum
OTAR LORDKIPANIDZE CENTRE OF ARCHAEOLOGY
კავკასიის ძველაღმოსავლურ სამყაროსთან დამოკიდებულების პრობლემამ კარგა ხანია მიიქცია მკვლევართა ყურადღება და ამასთან დაკავშირებით არაერთი მოსაზრება იყო გამოთქმული. ინტერესი ამ პრობლემისადმი არ ნელდება და ბოლოდროინდელმა აღმოჩენებმა სრულიად ახლებურად წარმოაჩინა კავკასიის წინა აზიასთან კულტურული ურთიერთობის საკითხი. კავკასია, კერძოდ კი მისი სამხრეთი ნაწილი, ფაქტობრივად მახლობელი აღმოსავლეთის ჩრდილო პერიფერიულ მხარეს შეადგენდა. სამხრეთიდან წამოსული იმპულსები ადრეულ ხანიდან მოკიდებული გარკვეულ გავლენას ახდენდნენ კავკასიის მოსახლეობის ცხოვრების პირობებზე, კულტურის ხასიათზე და სხვ. კონტაქტები წინააზიურ სამყაროსთან ძლიერდება ქვიდან ლითონის ხანაზ გარდამავალ, ენეოლითის ეპოქაში. ამ დროიდან იწყება ჩრდილო მესოპოტამიიდან ჰალაფის კულტურის სხვადასხვა მიმართულებით გავრცელების საკმაოდ ინტენსიური პროცესი. ეს კულტურა დასავლეთით ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლს აღწევს და მისი გავლენა იგრძნობა აღმოსავლეთ ანატოლიაში, ვანის ტბის მიდამოებში [Мунчаев, MepnepT 1981:157].
ჩანს, ჰალაფის კულტურის ხანაში იღვიძებს ინტერესი კავკასიისადმი. კავკასიის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში, მართალია სუსტად, მაგრამ მაინც იგრძნობა ჰალაფის კულტურის გავლენა. პირველად ჩნდება აქ ამ კულტურისადმი დამახასიათებელი თიხის ნაწარმი [Нариманов 1987:160; Джапаридзе 1989:247]. შესაძლოა, მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ ამ დროს იზრდება მოთხოვნილება ლითონზე. უფრო ადრეული კონტაქტები მესოპოტამიასთან ჰასუნას კულტურის ხანაში, სადღეისოდ არსებული მონაცემებით, შენიშნული არ არის [Мунчаев 1996:36; Мунчаев, Амиров 2009:43]. ამიტომ მთლად მართებული არ უნდა იყოს აზრი, რომ თითქოს სამხრეთის გავლენა კავკასიის შავიზღვისპირეთში ჰასუნის კულტურის დროიდანაა სავარაუდო [Brentjes 1978:45].
არც ისაა მთლად დამაჯერებელი, რომ დასავლეთ ამიერკავკასიაში გავრცელებული სოჭი-ადლერის ტიპის ქვის თოხის გამოჩენა თითქოს ჩრდილო მესოპოტამიის გავლენის შედეგი იყოს [Мунчаев 1975: 119]. ამ თოხის ფორმა იმდენად პრიმიტიულია, რომ მისი ადგილობრივი წარმომავლობა უფრო საგულვებელია [Джапаридзе 1989:364].
კავკასიაში ახალი ეკონომიკური სისტემის გამარჯვების შედეგად მკვეთრად იმატა მოსახლეობის რაოდენობამ და იწყება მისი სხვადასხვა მიმართულებით გადანაცვლების პროცესი. განსაკუთრებით ინტენსიურად მიმდინარეობდა სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილის ათვისება, რომელიც ნეოლითის ხანაში ნაკლებად იყო დასახლებული. კავკასიაში წარმოებითი მეურნეობის წარმოქმნისა და განვითარების პირობები ჩრდილო-აღმოსავლეთ კავკასიაში და დასავლეთ ამიერკავკასიაში შეიქმნა. ჩრდილო კავკასიის აღმოსავლეთ მხარეში, დაღესტანში ამ დროს გავრცელებული იყო ე.წ. ჩოხის ნეოლითური კულტურა, სადაც წარმატებით ვითარდებოდა ახალი ეკონომიკური სისტემა. შესაძლოა ნეოლითის დასასრულ ხანაში ჩოხის კულტურის მატარებელი ჭარბი მოსახლეობის ერთი ნაწილი გადანაცვლებას იწყებს სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ მხარეში და ფართოდ ითვისებს მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის ნაყოფიერ ველებს. ისინი ინტენსიურად სახლდებიან განჯა-ყაზახის ვაკეზე, მიმდებარე ქვემო-ქართლის დაბლობზე და გარკვეულ როლს ასრულებენ ადრესამიწათმოქმედო კულტურის ჩამოყალიბებაში, რომელიც შულავერ-შომუთეფეს კულტურის სახელითაა ცნობილი [ჯაფარიძე 2006:265]. საგულისხმოა, რომ ჩოხის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი გარკვეულ მსგავსებას ნახულობს შულავერ–შომუთეფეს კულტურის კერამიკასთან [Амирханов 1987:108, 179]. უფრო დასავლეთით, შიდა ქართლში ეს კულტურა არ გავრცელებულა ეგებ იმის გამო, რომ ამ დროისათვის აქ ცხოვრებისათვის ჯერ კიდევ სათანადო გარემო არ არსებობდა.
სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ ნაწილში შულავერ-შომუთეფეს კულტურა სავსებით ჩამოყალიბებული სახით ვრცელდება მყარი ტრადიციებით და თავისებური წეს-ჩვეულებებით. მისთვის დამახასიათებელია ერთიანი სამშენებლო-არქიტექტურული ტრადიცია, სადაც თიხისგან ნაგები შენობა ბატონობს [ჯაფარიძე 2006:261]. თიხის არქიტექტურა იმდენად ძლიერი იყო, რომ ხით და ქვით მდიდარ სამხრეთ კავკასიაში ამ მასალებმა მშენებლობაში თითქმის ვერავითარი ასახვა ვერ ჰპოვეს. საიდან რა გზით უნდა გავრცელებულიყო შულავერ-შომუთეფეს კულტურაში თიხის არქიტექტურა, სადაც ყველა ნაგებობა სამეურნეო თუ საცხოვრებელი მრგვალი მოხაზულობისაა, გარკვევით რაიმეს თქმა ძნელია. შესაძლოა ამ ტრადიციის იმპულსები სამხრეთიდან მოდიოდეს, სადაც ძველი ისტორიის მთელ მანძილზე სამშენებლო საქმეში ძირითადად თიხა იყო გავრცელებული. წინა აზიაში ეს პერიოდი ადრესამიწათმოქმედო კულტურის აყვავების ხანაა, რასაც შედეგად ალბათ მძლავრი დემოგრაფიული პროცესები უნდა მოყოლოდა აღინიშნა, რომ სამხრეთ კავკასიაში ადრესამიწათმოქმედო კულტურის გამოჩენა წინა აზიიდან გადმონაცვლებულ მოსახლეობას უკავშირდება. უცხო სამშენებლო არქიტექტურის ტრადიციის შემოღწევა შულავერ-შომუთეფეს კულტურაში თითქოს ამ ვარაუდს უჭერს მხარს [ჯაფარიძე 2006: 267]. როგორც ჩანს, ეს მარტო კონტაქტების შედეგი კი არ უნდა ყოფილიყო, არამედ სამხრეთიდან მოსახლეობის გარკვეული ჯგუფების გადმონაცვლებას უნდა უკავშირდებოდეს. და მაინც, საიდან, რა გზით ვრცელდება თიხის არქიტექტურის ტრადიცია მტკვრის და არეზის შუამდინარეთში, გარკვევით თქმა ძნელია. შესაძლოა ეს მოვლენა მესოპოტამიიდან ჰალაფის კულტურის გავლენასთან ყოფილიყო დაკავშირებული. ჩრდილო მესოპოტამიაში ამ კულტურის გამოჩენას თიხის მრგვალი არქიტექტურის გავრცელება მოყვა. მაგრამ საიდან ვრცელდება მშენებლობის ეს ტრადიცია ტიგროსისა და ევფრატის ორმდინარეთში მთლად ნათელი არ არის [Мунчаев, Мерперт 1981:196].
ამასთან დაკავშირებით არა ერთი აზრი გამოითქვა [Джапаридзе 1989:370]. ისიც კი ითქვა, რომ მრგვალი გეგმარების შენობა ჩრდილო მესოპოტამიაში შესაძლოა სამხრეთ კავკასიიდან გავრცელდა [Джавахишвили 1973: 346]. მაგრამ თითქოს ისე ჩანს, რომ სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთ მხარეში ეს სამშენებლო ტრადიცია სამხრეთიდან ვრცელდება. ეს ის დროა, როდესაც ჰალაფის კულტურის გავლენა აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთს აღწევს. იგი მოიცავს აღმოსავლეთ ანატოლიას, ვანის ტბის მიდამოებს და უფრო ჩრდილოეთითაც ვრცელდება. ჩანს სწორედ ამ დროს იღვიძებს ინტერესი წინა აზიის ჩრდილო პერიფერიულ რეგიონებისადმი. შესაძლოა ჩრდილო მესოპოტამიის მოსახლეობას ვანის ტბის მიდამოებისა და მიმდგომ მხარეების ობსიდიანით მდიდარი საბადოები იზიდავდა. ნიშანდობლივია, რომ ჰალაფის კულტურის ნამოსახლარებზე ამ მხარიდან გაზიდული ობსიდიანი აღმოჩნდა. არ არის ვარაუდს მოკლებული აზრი, რომ ობსიდიანით ვაჭრობაში სამხრეთ კავკასიაც ყოფილიყო ჩართული.
როგორც ჩანს, ერთ-ერთი ძირითადი გზა, საიდანაც კავკასიაში სამხრეთის გავლენები ვრცელდებოდა, აღმოსავლეთ ანატოლიიდან, ალბათ უფრო ვანის ტბის მიდამოებიდან მომდინარეობდა [Джапаридзе 1989:245]. აღსანიშნავია ნახიჩევანის ქიულ თეფე I ნაპოვნი ჰალაფური ტიპის ორი ჭურჭელი [Абибуллаев 1982:72]. ერთ-ერთი მათგანის უახლოესი ანალოგია აღმოჩნდა ვანის ტბასთან გათხრილ თილკი–თეფეს ნამოსახლარის ქვედა ფენაში [Korfmann 1982:152]. ჰალაფის კულტურის ნაკვალევი შეინიშნება მილის ველზე [Иессен 1963:12]. უკანასკნელი ხანების აღმოჩენების შედეგად მილის და ყარაბაღის ველზე არა ერთი ძეგლი გამოვლინდა, სადაც კარგად შეინიშნება ჰალაფის კულტურის გავლენა [Алиев 2010: 43]. არ უნდა იყოს მთლად უმართებულო ვარაუდი, რომ შულავერ-შომუთეფეს კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის არქიტექტურა ჰალაფის კულტურის გავლენის შედეგი იყოს. მას უკავშირდება, ალბათ, ახალი, მანამდე უჩვეულო, მრგვალი ტიპის ნაგებობის გავრცელება [Джапаридзе 1989: 372. Мунчаев, Мерперт 1981: 195]. გარკვეული ტიპოლოგიური კავშირი შეინიშნება შულავერ-შომუთეფეს კულტურის, კერძოდ კი ხრამის დიდი გორისა და ჰალაფის კულტურისათვის დამახასიათებელ თიხის ქანდაკებებს შორის [Археология СССР 1982: 115]. არ არის შესაძლებლობას მოკლებული აზრი, რომ ამ დროს სამხრეთიდან გარკვეული ჯგუფი მოსახლეობისა ამიერკავკასიას აღწევს და შულავერ-შომუთეფეს კულტურის ჩამოყალიბებაში მონაწილეობს, რამაც ძირითადად სამშენებლო-არქიტექტურულ საქმიანობაში ჰპოვა ასახვა. ისიც, რომ აქ უკვე სოფლად მყარად ცხოვრების წესი ჩამოყალიბდა, ალბათ სამხრეთიდან მომდინარე გავლენის შედეგი უნდა ყოფილიყო. საგულისხმოა, რომ არქეოლოგიურ მასალაში სამხრეთული გავლენა ნაკლებად იგრძნობა. ეტყობა ახალმოსულებმა დამხვდურთა კულტურა აითვისეს. მაღალ დონეს აღწევს ობსიდიანის, ძვლისა და რქის დამუშავების ტექნიკა. მიწის დასამუშავებლად ძირითადად გამოიყენებოდა რქისა და ძვლის იარაღი. თავისებურია შულავერ-შომუთეფეს კულტურის თიხის ნაწარმი, რომელიც მაინცდამაინც არ გამოირჩევა დამუშავების ხარისხითა და მრავალფეროვნებით კერამიკულ წარმოებაში თითქმის არ იგრძნობა სამხრეთული გავლენა.
სხვა ვითარებაა ამ დროს სამხრეთ კავკასიის დასავლეთ მხარეში. ჩანს სამხრეთიდან მომდინარე იმპულსები მას ნაკლებად შეეხო. აქ წარმატებით დასრულდა "ნეოლითური რევოლუცია", მკვეთრად იმატა მოსახლეობის რიცხვმა და ჩანს იწყება მიგრაციული პროცესები. ერთი ნაწილი მოსახლეობისა აღმოსავლეთ საქართველოში, ძირითადად შიდა ქართლში ინაცვლებს და რაკი აქ ჯერ კიდევ ცხოვრებისათვის მანცადამაინც ხელსაყრელი გარემო არ იყო, დასავლეთიდან გადმონაცვლებული მოსახლეობა უფრო ინტენსიურად ქართლის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს ითვისებს. ქვემო ქართლში სოფ.სიონთან აღმოჩნდა თავისებური კულტურა, საიდანაც წარმოსდგა მისი სახელი - სიონის კულტურა. იგი საგრძნობლად განსხვავდება მის მეზობელ აღმოსავლეთიდან მიმდგომ შულავერ–შომუთეფეს კულტურისაგან და მეტ საერთოს ნახულობს დასავლეთ საქართველოს გვიანნეოლითურ კულტურასთან [მენაბდე, კიღურაძე 1981:27]. სიონის კულტურა ფართოდ იკიდებს ფეხს იორ-ალაზნის ორმდინარეთში [Варазашвили 1992:85] და საკმაოდ ღრმად იჭრება არაგვის ხეობაში [ჩიქოვანი 2010:89]. შუაგულ შიდა ქართლში ეს კულტურა შედარებით თხლადაა გავრცელებული. იგი გვხვდება თანდიწყაროს ნამოსახლარზე, ნიჩბისში და სხვ. [ჩიქოვანი 1999: 20].
როგორც ჩანს, ქვემო ქართლში შულავერ-შომუთეფეს და სიონის კულტურები ერთხანს თანაარსებობენ. შესაძლოა შულავერ-შომუთეფეს კულტურის დასავლეთით გავრცელება სიონის კულტურამ შეაფერხა. ამ კულტურების ურთიერთობის შესახებ ჯერ კიდევ ყველაფერი ნათელი არ არის. ზოგის აზრით სიონის კულტურა ძვ.წ V ათასწლეულის ბოლოსა და IV ათასწლეულის პირველ ნახევრით უნდა დათარიღდეს [მენაბდე, კიღურაძე 1981:28]. თუმცა მისი ასაკის შესახებ განსხვავებული შეხედულება არსებობს, რომ იგი ჯერ კიდევ გვიანნეოლითურ ხანას მიეკუთვნება [ნებიერიძე 2001: 9]. სიონის კულტურა ბევრ საერთოს ნახულობს დასავლეთ საქართველოს გვიან ნეოლითთან როგორც ქვის ინდუსტრიაში, ისე კერამიკაში. ისიც, რომ სიონის კულტურისათვის არ არის დამახასიათებელი მყარი შენობა, თითქოს იმის მაჩვენებელია, რომ აქ არ იყო ამის ტრადიცია. შულავერშომუთეფეს კულტურასთან კონტაქტებმა ეტყობა მასზე მაინცდამაინც გავლენა ვერ მოახდინა. სიონის კულტურაში არ იგრძნობა სამხრეთიდან მომდინარე იმპულსები.
სამხრეთ კავკასიის აღმოსავლეთი ნაწილის წინააზიურ სამყაროსთან ურთიერთობა, ჩანს, არც ჰალაფის მომდევნო ობეიდის ხანაში შეწყვეტილა. ამ დროის მოხატული კერამიკა ზოგიერთ ნამოსახლარზე აღმოჩნდა. საერთოდ ჩრდილო ობეიდური კულტურა მის წინამორბედ კულტურასთან შედარებით გაცილებით ფართოდ ვრცელდება [Массон 1964: 408]. მისი გავლენა სამხრეთ კავკასიაში იგრძნობა ძირითადად მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთში, სადაც ზოგიერთ ნამოსახლარზე ობეიდური კულტურისათვის დამახასიათებელი მოხატული კერამიკა აღმოჩნდა [Джавахишвили 1973:253]. ობეიდური მოხატული კერამიკა არარატის ველზეც აღმოჩნდა თეხუთის ნამოსახლარზე [Археология СССР 1982: 124]. შესაძლოა სამხრეთულ გავლენას უკავშირდება ლითონის პირველი ნივთების გამოჩენა სამხრეთ კავკასიის ძეგლებზე - ქიულ თეფე I, თეხუთი და სხვ. ჩანს ჰალაფ-ობეიდის ხანაში იღვიძებს ინტერესი კავკასიის სპილენძის საბადოებისადმი. აღსანიშნავია, რომ სამხრეთის გავლენა ძირითადად მოიცავდა მტკვრისა და არაქსის ორმდინარეთის სტეპურ ზოლს, ნახიჩევანის მხარეს, ქვემო ქართლის ვაკეს. აღმოსავლეთ საქართველოს სხვა რეგიონები და დასავლეთ ამიერკავკასია ამ მოვლენის მიღმა იყო. სამხრეთული გავლენები დასავლეთ ამიერკავკასიაში პირველად ობეიდის ხანის მომდევნო ურუკის კულტურის დროს იგრძნობა.
ურუკი მნიშვნელოვანი პერიოდია ძველი აღმოსავლეთის ისტორიაში. ამ დროს საგრძნობლად იცვლება ცხოვრების ხასიათი. პირველად ჩნდება ქალაქური ტიპის დასახლებები, ვითარდება მეტალურგია [Ллойд 1984:94], შემოდის ჩარხზე ნაკეთები თიხის ჭურჭელი, სადა, მოუხატავი [Археология зарубежной Азии 1986:63], ვრცელდება ბორბლიანი ტრანსპორტი და რაც მთავარია, გვხვდება პირველი წერილობითი ძეგლები [Ллойд 1972:8-9].
ურუქის ხანაში საფუძველი ეყრება შუმერის ცივილიზაციას [Чайлд 1956:200; История древнего Востока 1979:114]. შუმერის ეკონომიკა ძირითადად იმპორტზე იყო ორიენტირებული. ქვა, ხე-ტყე, ლითონი და სხვ. ძირითადად გარედან შემოდიოდა. ადგილობრივი იყო სოფლის მეურნეობის პროდუქტი, სელი, მატყლი, თიხა, რომელიც სამშენებლო საქმეში და ჭურჭლის დასამზადებლად გამოიყენებოდა [История древнего Востока 1979:114]. ამ დროს გადაიდგა პირველი ნაბიჯები ძველ აღმოსავლეთის საერთაშორისო ვაჭრობაში [Меллаарт 1985: 21]. ურუკის ექსპანსია ძირითადად დასავლეთით, ანატოლიისაკენ იყო მიმართული. ამ დროს საგრძნობლად იმატა მოთხოვნილებამ ლითონზე, უპირატესად სპილენძსა და ოქროზე. ანატოლია წინაისტორიის ხანაში ძველ სამყაროს მეტალურგიის ერთ–ერთი ძირითადი ცენტრი უნდა ყოფილიყო [Esin 2000:15; Yalgn 2000:28]. ჩანს, ურუკი საკმაოდ ღრმად იჭრება ანატოლიაში, აღწევს ქებანის რეგიონს [Меллаарт 1985: 23] და უფრო შორსაც გადადის ჩრდილო-აღმოსავლეთ, ანატოლიაში. ისიც კი ითქვა, რომ ურუკის ხანაში ერაყში ახალი, უცნობი ხალხი ანატოლიიდან უნდა მოსულიყო [Ллойд 1984:94]. ურუკი ჩრდილოეთით ჭოროხის აუზს, მურღულის რეგიონს აღწევს, რომელიც მდიდარია სპილენძის საბადოებით [Иессен 1935:44]. საგულისხმოა, რომ მურღულში დიდი რაოდენობით აღმოჩნდა ძველი წიდა. ეს წიდის უდიდესი მარაგია, რომელიც სადღეისოდ ცნობილია ძველ სამყაროში. ჩანს სპილენძის მოპოვება აქ ძვ.წ. IV ათასწლეულში უნდა დაწყებულიყო [Hauptmann et al 1993:564], რასაც წიდის C14 ანალიზი ადასტურებს [Wagner, Oztunali 2000:46]. სპილენძის საბადოები ცნობილია უფრო ჩრდილოეთითაც [Природные ресурсы Грузинской ССР 1958:96; Иессен 1935:44]. სამხრეთიდან კოლხეთის სიღრმეში გადმონაცვლებული მოსახლეობის ცალკეული ჯგუფები უფრო ინტენსიურად რიონ-ყვირილის აუზს ითვისებენ და საცხოვრებლად ძირითადად მიტოვებულ გამოქვაბულებს იყენებენ. რიონ–ყვირილის რიგ გამოქვაბულებში - საგვარჯილეს, სამელე კლდის, ძუძუანას სამერცხლე კლდის, თეთრ მღვიმისა და სხვ. ზედა ჰორიზონტებში კარგად გამოირჩევა ორი სახის კერამიკული ნაწარმი - ხელით ნაძერწი, არათა ნაბრად გამომწვარი, ტლანქი თიხის ჭურჭელი, ჩანს ადგილობრივი ნაწარმი და თხელკედლიანი წითელპრიალა მრგვალმუცლიანი კერამიკა, ჩარხზე ნაკეთები [ფხაკაძე 1985:28]1.
დაახლოებით იგივე სურათი ჩანს უფრო დასავლეთით მდებარე ზოგიერთ გამოქვაბულში. სამეგრელოში გამოქვაბულ დოშაკში აღმოჩნდა "მაიკოპური" ტიპის ორი ჭურჭელი, რომელიც ფოთის მუზეუმშია დაცული [ფხაკაძე 1985:33]. აღსანიშნავია გალის რაიონში ოქუმის გამოქვაბულში ნაპოვნი მასალა, რომელიც ახლო დგას იმერეთის გამოქვაბულების ზედა ჰორიზონტების ინვენტართან. ამ დროის ფენა ოქუმის გამოქვაბულში შედარებით სუსტადაა წარმოდგენილი, მაგრამ მასში გამოირჩევა ორი სხვადასხვა ხასიათის თიხის ნაწარმი - თხელკედლიანი, კარგად ნაძერწი ჭურჭელი და უფრო სუსტად გამომწვარი, უხეში კერამიკა [ფხაკაძე 1979:69].
"მაიკოპის" ხასიათის თიხის ნაწარმის გამოჩენა სამხრეთ კავკასიის დასავლეთ მხარეში ჩანს ურუკის კულტურის მატარებელი ხალხის გავრცელებას უკავშირდება. მათში ალბათ მეთუნეებიც ერივნენ, რომლებიც ჩარხზე უფრო მაღალი ხარისხის ჭურჭელს ამზადებდნენ. როგორც ჩანს, ეს სამხრეთიდან საკმაოდ მძლავრი მიგრაცია უნდა ყოფილიყო, რომელშიაც ალბათ ოჯახის წევრებიც მონაწილეობდნენ. ეს რომ წმინდა სამხედრო ხასიათის ლაშქრობა ყოფილიყო, მეთუნეების მასში მონაწილეობა გამორიცხული იყო. კავკასიაში მიგრანტების გამოჩენას სულ სხვა მიზანი ამოძრავებდა; კერძოდ, ეს იყო ალბათ ლითონის - სპილენძისა და ოქროს მოძიებასთან დაკავშირებული, რაც საკმაოდ ხანგრძლივ დროსა და დაძაბულ შრომას მოითხოვდა.
მთლად ნათელი არ არის, რატომ შეაჩერეს თავისი არჩევანი მიგრანტებმა ძირითადად რიონ-ყვირილის რეგიონზე და რატომ ითვისებენ საცხოვრებლად მიტოვებულ გამოქვაბულებს. ეგებ უსაფუძვლო არ იყოს აზრი, რომ გამოქვაბულები ძირითადად მეტალურგების ადგილსამყოფელი იყო [ნებიერიძე 1978:87]. ნიშანდობლივია, რომ გამოქვაბულების ზედა ჰორიზონტებში მეტალურგიასთან დაკავშირებული ინვენტარი აღმოჩნდა. აქვე ნაპოვნი იყო ნარევი ხასიათის მასალა როგორც ადგილობრივი, ისე უცხო, რაც ნათლად გამოჩნდა კერამიკულ მასალაში. ადგილობრივი მასალა აქ უფრო უხვადაა წარმოდგენილი [ფხაკაძე 1985:34]. როგორც ჩანს, თანაარსებობა დიდხანს არ გაგრძელებულა, ალბათ იმის გამო, რომ მელითონეებმა ამ რეგიონში მოსალოდნელი შედეგები ვერ მიიღეს. შესაძლოა ამის მიზეზი ეკოლოგიური გარემოც იყო. მოსულმა მოსახლეობამ ვერ აიტანა კოლხეთის სუბტროპიკული კლიმატის პირობები. საგულისხმოა, რომ ახალი ტიპის კერამიკა ღია ნამოსახლარებზე არ გვხვდება, თუ არ ჩავთვლით ყანობილის ნამოსახლარს აბასთუმანთან, რომელიც ზღვის დონიდან 1300 მ სიმაღლეზე მდებარეობს და უფრო კონტინენტური ჰავით ხასიათდება [ნებიერიძე 1986:155].
სამხრეთ კავკასიის დასავლეთი ნაწილის ათხელების ერთ-ერთი მიზეზი ეგებ ისიც იყო, რომ რიონ-ყვირილის აუზში სპილენძის საბადოები ძნელად მისადგომ ადგილებში მდებარეობდა რიონის ზედა წელი, რომელიც მდიდარი იყო სპილენძის მადნით, თავისი მძიმე ფიზიკურ-გეოგრაფიული გარემოს გამო, ძნელი გამოსაყენებელი იქნებოდა Минеральные ресурсы ГССР 1933:532]. როგორც ჩანს, ამ საბადოების ამოქმედება ძვ.წ. II ათასწლეულში უნდა დანყებულიყო [Муджири и др. 1987:236].
დაახლოებით ამავე დროს უნდა დაწყებულიყო სპილენძის საბადოების ექსპლუატაცია ენგურის სათავეებში [Чартолани 1988:16]. რაც შეეხება ლეჩხუმში აღმოჩენილ ძველ გამონამუშევრებს, მათ შესახებ ძნელია გარკვევით რაიმეს თქმა [Минеральные ресурсы ГССР 1933:536]. სპილენძის ადრეული საბადოები ცნობილია აფხაზეთში მდ.კოდორის სათავეებთან, ადანგეს უღელტეხილთან ადგილ ბაშკაფსარაში რომელიც C14 მიღებული თარიღებით თითქოს ძვ.წ. II ათასწლეულში უნდა ამოქმედებულიყო [Бжания 1988:8], მაგრამ რამდენად საიმედოა ეს თარიღები, გარკვევით თქმა ძნელია.
როგორც ჩანს, მოსული მოსახლეობის ერთი ჯგუფი უფრო დასავლეთით ყუბანისპირისკენ ინაცვლებს, მეორე ნაწილი კი აღმოსავლეთ საქართველოში შიდა ქართლში გადადის. ადლერის რეგიონში მდებარე ზოგიერთი გამოქვაბულების ზედა ჰორიზონტებში დასავლეთ საქართველოს ძეგლების ანალოგიური მასალები აღმოჩნდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მდ.კუდაპსეს ხეობაში, ბელორეჩინსკის უღელტეხილთან შესწავლილი ვორონცოვის გამოქვაბული [Соловьев 1958:135]. მასში ორი სართული გამოირჩევა - ქვედა "ოჩაჟნაიას"ეხი და ზედა „კოლოკოლნაიას“ და "ზალოჟნაიას" სადგომები. "ოჩაჟნაიაში" გვხვდება შედარებით სქელკედლიანი ჭურჭელი; გაუპრიალებელი კვერცხისებრი ტანით, მომრგვალებული ძირით და მკვეთრად გადმოღუნული პირით. აქ მოპოვებული მასალა ბევრ საერთოს ნახულობს დასავლეთ საქართველოს გამოქვაბულებში ნაპოვნ ინვენტართან. სხვაობა იმაშია, რომ "ოჩაჟნაიას" ეხში არ გვხვდება თხელკედლიანი, წითელპრიალა კერამიკა ეს თიხის ჭურჭელი ვორონცოვის გამოქვაბულში ჩნდება უფრო მოგვიანო სადგომებში "კოლოკოლნაიაში" და "ზალოჟნაიაში [ნებიერიძე 1986:140; Формозов 1965:82]. ანალოგიური მასალა ნაპოვნი იყო მდ.მზიმთის ნაპირას აღმოჩენილ ახშტირის გამოქვაბულის ზედა ფენაში [Формозов 1965:73].
ჩანს თითქოს, რომ სამხრეთიდან მიგრირებული მოსახლეობის ერთ ჯგუფს, რომელიც დასავლეთ ამიერკავკასიიდან საცხოვრებლად ყუბანისპირეთში გადავიდა, შედარებით უკეთესი კლიმატური გარემო დახვდა [Кореневский 2004:75, 92]. აღინიშნა კიდეც, რომ მათი მიგრაცია სამხრეთ კავკასიაში უნდა შემზადებულიყო [Кореневский 2004: 92]. ზოგის ვარაუდით მოძრაობის გზა დასავლეთ ამიერკავკასიიდან ძირითადად შავი ზღვის სანაპირო ზოლს მიუყვებოდა [Соловьев 1958: 158; Формозов 1965:150]. ზოგს ეს გზა საეჭვოდ მიაჩნია [Кореневский 2004:92].
აღინიშნა, რომ ერთ-ერთი ძირითადი გზა წინა აზიიდან მიგრანტების ცალკეული ჯგუფების გადმონაცვლებისა შავი ზღვით ხორციელდებოდა [Мунчаев 1975:376; Мунчаев 1994:225]. უკანასკნელ ხანებში გამოითქვა მოსაზრება, რომ გზა მესოპოტამიიდან მოდიოდა ირანში, აქედან აღმოსავლეთ ამიერკავკასიის გავლით - ჩრდილო კავკასიაში [Мунчаев, Амиров, Магомедов 2010:341]. შესაძლოა ზღვის გზას მართლაც იყენებს სამხრეთიდან მიგრირებული მოსახლეობა, მაგრამ მაინც უფრო ისე ჩანს, რომ მათი ძირითადი მასა დასავლეთ ამიერკავკასიიდან ინაცვლებს შავი ზღვის სანაპირო ზოლით და აგრეთვე უღელტეხილებით, უპირატესად; ალბათ, ბელორეჩინსკის გადასასვლელით [Формозов 1965:150]. ვორონცოვის გამოქვაბული სწორედ ამ გზაზე მდებარეობს. როგორც ჩანს, ისინი ყუბანისპირეთს აღწევენ, სადაც საკმაოდ მყარად სახლდებიან წინამაიკოპური ხანის ნამოსახლარებზე - მეშოკოს სკალას, სვობოდნაიას და სხვ., რომლებიც ძნელად მისადგომ ადგილებში მდებარეობდნენ [Формозов 1972:16]. აქ კარგად შეინიშნება მოსულთა ნაკვალევი. აქაც ზოგიერთ გამოქვაბულებში გვხვდება ამ დროის ფენები [Формозов 1965:71]. აქ მოპოვებულ მასალებში საკმაოდ ახლო მსგავსება ჩანს დასავლეთ ამიერკავკასიის გამოქვაბულებში გამოვლენილ ინვენტართან [Формозов 1965:134]. ყუბანისპირეთის ნამოსახლარების ქვედა ფენები, ზოგის ვარაუდით, წინამაიკოპის ხანას მიეკუთვნება [Кореневский 2004: 8; Кореневский 2003:78]. თუმცა ზოგს მთლად დამაჯერებლად არ მიაჩნია ეს მოსაზრება [Мунчаев 1994:174; Формозов 1994:48].
განსაკუთრებით აღსანიშნავია მეშოკოს ნამოსახლარი, რომელიც კლდოვან პლატოს კონცხზე მდებარეობდა და დაახლოებით 1,5 ჰექტარი ფართობი ეკავა. ბუნებრივად იგი კარგად გამაგრებული იყო, ღია მხრიდან კი მას საკმაოდ მძლავრი ქვის კედელი იცავდა, რომლის სიგრძე - 150 მ, სიგანე - 4,0 მ, სიმაღლე კი 2,0 მ აღწევდა [Мунчаев1994: 174]. კულტურული ფენის სიმძლავრე ალაგ–ალაგ 2.0 მ აღწევდა [Формозов 1965:197]. დამცავი კედელი ამ დროის სხვა ნამოსახლარებზეც დაფიქსირდა [Мунчаев, 1994:174]. წინამაიკოპური ნამოსახლარების გეგმარების, საცხოვრებლის ტიპის და საერთოდ სამშენებლო საქმის შესახებ გარკვევით რაიმეს თქმა ძნელია. საცხოვრებელი სახლი, როგორც ჩანს, სწორკუთხა მოყვანილობის უნდა ყოფილიყო, თიხალესილი სარლასტზე ნაგები [Формозов, Черных 1964: 108; Мунчаев 1994 177]. ქვა ნაკლებად იყო გამოყენებული მშენებლობაში. ჩანს ახალმოსულებს რაიმე საგრძნობი ცვლილებები სამშენებლო საქმეში არ შეუტანიათ მათი აგებული უნდა ყოფილიყო ალბათ ქვის დამცავი კედელი.
ამ დროის ნამოსახლარებზე საკმაოდ მდიდარი მასალა აღმოჩნდა. ბევრია ქვისა და ძვლის იარაღი და სამკაული. მეშოკოს ქვედა ჰორიზონტებში ჭარბობს თხელკედლიანი, სადა, კარგად გამომწვარი, ჩარხზე ნაკეთები, ნაპრიალებზე დაპირიანი ჭურჭელი [Столяр 2009:17]. ეს კერამიკა უახლოვდება დასავლეთ ამიერკავკასიის გამოქვაბულების კულტურის თიხის ჭურჭელს. ამ ხასიათის ნაწარმი სამხრეთიდან მიგრირებულ მოსახლეობას უკავშირდება. იგი ყუბანისპირეთში წინამაიკოპურ ხანაში ვრცელდება [Кореневский 2004: 91]. როგორც ჩანს, მიგრირებული მოსახლეობა დამხვდურ მცხოვრებლებთან ერთად საფუძველს უყრიან მაიკოპის მაღალ კულტურას. მოსულ და დამხვდურ მოსახლეობას შორის საკმაოდ მშვიდი ურთიერთობა მყარდება. ნამოსახლარების ქვის კედლით გამაგრება თითქოს იმის მოწმობა უნდა იყოს, რომ მიგრანტები საკმაო ხანს შეყოვნდნენ და ადგილობრივი მოსახლეობის ტრადიციები აითვისეს. მკვიდრ მოსახლეობას ალბათ უპირატესად აფხაზურ-ადიღეური ტომები შეადგენდნენ, რომლებიც მყარად დამკვიდრდნენ ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში საერთო კავკასიური ერთობის დაშლის შემდეგ [ჯაფარიძე 2006: 186]. კოლხეთიდან ყუბანისპირეთისკენ მიგრაციაში, შესაძლოა, ადგილობრივი მოსახლეობაც, ალბათ ქართველური ტომებიც, მონაწილეობდნენ, რასაც თითქოს უნდა მოწმობდეს მეშოკოს ქვედა ჰორიზონტის ინვენტარის მსგავსება დასავლეთ ამიერკავკასიის გამოქვაბულების კულტურისათვის დამახასიათებელ მასალასთან, განსაკუთრებით საგვარჯილეს მონაპოვრებთან [Формозов 1965:149; ნებიერიძე 2003:88].
მიგრანტების მეორე ტალღა, ძირითადად, ალბათ რიონ-ყვირილის ორმდინარეთიდან შიდა ქართლში გადადის, სადაც ამ დროს სიონის კულტურა იყო გავრცელებული - მათი ნაკვალევი კარგად შეინიშნება იორ-ალაზნის ორმდინარეთში [Варазашвили 1992:54, 58, 64], ინტენსიურად ითვისებენ ისინი აგრეთვე ქვემო ქართლს. სიონის ნამოსახლარზე გამოირჩევა თხელკედლიანი, კარგად ნაზელი თიხის ჭურჭელი. მსგავსი თიხის ნაწარმი ცნობილია წოფიდან [საქართველოს არქეოლოგია 1992: 55]. აღინიშნა, რომ აქ ერთ-ერთ ჭურჭელს კარგად ემჩნევა მორგვის ნაკვალევი [Кушнарева, Чубинишвили 1970:32]. ანალოგიური კერამიკა ნაპოვნი იყო თეთრიწყაროს ნამოსახლარის A დონეზე, მტკვარ-არაქსის კულტურის ფენის ქვეშ [გობეჯიშვილი 1978:56,59]. იყო თუ არა ამ ნამოსახლარზე ნაპოვნი ქვის დისკოს სეგმენტი მორგვის ნაწილი, გარკვევით თქმა ძნელია. თუმცა ძეგლის გამთხრელი დიდ მსგავსებას ხედავს ურუკის ხანის ფენაში აღმოჩენილ თიხის მორგვსა და თეთრიწყაროს დისკოს შორის [გობეჯიშვილი 1978: 72]. არ არის ვარაუდს მოკლებული აზრი, რომ დისკოს სეგმენტი მართლაც მორგვის ნაწილი იყოს და შესაძლოა მიგრანტების აქ გამოჩენას უკავშირდებოდეს. მათი ნაკვალევი შეიმჩნევა თეთრიწყაროს ნამოსახლარზე.
თბილისში დელისის ნამოსახლარის თიხის ნაწარმში გამოირჩევა კერამიკა, რომელიც ფორმით და დამუშავების ტექნიკით ახლოს დგას დასავლეთ ამიერკავკასიის გამოქვაბულების კულტურისათვის დამახასიათებელ თიხის ნაწარმთან [აბრამიშვილი 1978:31; გოგაძე 2003:27]. ეს ნამოსახლარი შიდა და ქვემო ქართლის საზღვარზე მდებარეობდა და ჩანს, რომ დასავლეთიდან გადმონაცვლებული მიგრანტები ერთხანს დამხვდურ მოსახლეობასთან თანაცხოვრობდნენ.
ამ ხასიათის კერამიკა აღმოჩნდა აგრეთვე შუაგულ შიდა ქართლში ბერიკლდეების ნამოსახლარის ქვედა ფენაში. ბერიკლდეების ნამოსახლარი მდებარეობდა ქარელის მახლობლად მაღალ კონცხზე, იქ, სადაც მდ. ფრონე ერთვის მტკვარს. ნამოსახლარზე სამი მეტრის კულტურულ ფენაში ხუთ პერიოდს გამოარჩევენ ენეოლითიდან მოკიდებული ადრერკინის ხანამდე [Dschavachischwili 1998:7]. განსაკუთრებით საყურადღებოა ძირა ფენა, სადაც აღმოჩნდა ალიზისაგან ნაგები ზღუდე და ტაძრის ტიპის ნაგებობა, რომელიც ჩანს ნამოსახლარის ცენტრალურ ნაწილში უნდა მდგარიყო [Dschavachischwili 1998:12]. ეტყობა ბერიკლდეები ათასწლეულების მანძილზე რელიგიური ცენტრი უნდა ყოფილიყო [Dschavachischwili 1998:8; ყიფიანი 1997:15]. ტაძარი სწორკუთხა ფორმისა იყო. ეს „წმინდა“ ადგილი ჩანს ალიზის კედლით იყო შემოზღუდული [Dschavachischwili 1998:11]. აღინიშნა, რომ ბერიკლდეების ტაძარს სამხრეთ შუამდინარეთის კულტურებში ანალოგია არ მოეძებნება [ყიფიანი 1997:30]. ვარაუდობენ, რომ ტაძრის კულტურა მცირე აზიიდან ვრცელდება [იქვე 35]. საგულისხმოა, რომ მალათიის მახლობლად მდებარე არსლან თეფეს ნამოსახლარზე ბერიკლდეების მსგავსი ნაგებობა გამოვლინდა [Nocera 1998:15]. როგორც ჩანს, ორივე ნამოსახლარი დაახლოებით ერთ დროს უნდა წარმოქმნილიყო მტკვარ-არაქსის კულტურის წინარე ხანაში. შესაძლოა სამხრეთიდან ურუკის ხანაში მიგრირებული მოსახლეობის ერთი ნაწილი აღმოსავლეთ ანატოლიაში ყოვნდება, რასაც არსლანათეფეს ტაძრის ტიპის ნაგებობა უნდა მოწმობდეს, მეორე კი უფრო ჩრდილოეთით სამხრეთ კავკასიისკენ ინაცვლებს. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით ერთნაირად წარიმართა ამ ნამოსახლარების შემდგომი ბედი. ორივე ნამოსახლარი, არსლანთეფე და ბერიკლდეები, მტკვარ-არაქსის კულტურის მატარებელი ტომების შემოსევას ემსხვერპლა [ჯაფარიძე 2006:273].
ბერიკლდეების ტაძარი და ზღუდე სამშენებლო საქმეში კარგად გაწაფულ ოსტატების მიერ უნდა ყოფილიყო აგებული, ალბათ დასავლეთ საქართველოდან გადმონაცვლებული ემიგრანტების მიერ. აღსანიშნავია, რომ კავკასიაში არსად, სადაც ურუკის ნაკვალევი ჩანს, ტაძრის ტიპის შენობა ცნობილი არ არის [Кореневский 2004:73]. ცხადია ამ წმინდა სალოცავს თავისი მრევლიც უნდა ყოლოდა. მაგრამ ბერიკლდეების მახლობლად ამ დროის დასახლებული ადგილი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ბერიკლდეების გამთხრელი ალ.ჯავახიშვილი ვარაუდობდა, რომ შესაძლოა ეს წმინდა ადგილი მახლობლად მდებარე დედოფლის გორის მოსახლეობის სამლოცველო ყოფილიყო [Makharadze 2007:128]. ამ ძეგლზე ძლიერი კულტურული ფენა გამოვლინდა და ანაკრეფი მასალა ამ ვარაუდის საფუძველს იძლეოდა. შესაძლოა აქ ცხოვრება ჯერ კიდევ სამლოცველოს არსებობის ხანაში წარმოიქმნა და შემდეგ რომაულ ხანამდე გაგრძელებულა. სადღეისოდ დედოფლის გორაზე რომაული ხანის ზედა ფენაა შესწავლილი. გამოითქვა მოსაზრება, რომ ბერიკლდეების ძირა ფენა IV ათასწლეულის პირველ ნახევარს მიეკუთვნება [Глонти, Джавахишвили 1987:86].
თუმცა, ზოგის აზრით, ბერიკლდეების ძირა ფენის თარიღი რამდენადმე უფრო ახალგაზრდა უნდა იყოს და IV ათასწლეულის შუა ხანებით და მეორე ნახევრით უნდა განისაზღვროს [მახარაძე 1998:29]. შიდა ქართლში მიგრანტები ერთხანს ეტყობა სიონის კულტურის მატარებელ მოსახლეობასთან თანაცხოვრობენ, რაც მტკვარ-არაქსის კულტურის გამოჩენამდე უნდა გაგრძელებულიყო. მტკვარ–არაქსის კულტურასთან თანარსებობა ბერიკლდეებზე არ შეიმჩნევა. ამ კულტურის გავრცელების ხანაში სრულიად იცვლება კულტმსახურების ხასიათი. ინგრევა ტაძრის ტიპის ნაგებობა და კულტთან დაკავშირებული ცერემონიალი უშუალოდ საცხოვრებელ შენობაში მიმდინარეობდა, რასაც მრგვალი კერების და საკულტო ხასიათის ნივთების აღმოჩენა უნდა მოწმობდეს. ამ დროს ბერიკლდეები კარგავს თავის მნიშვნელობას, როგორც რელიგიური ცენტრისა მისი კვლავ აღზევება ჩანს ბედენის კულტურის ხანაში ხდება.
ურუკის ეთნოკულტურული გავლენები უფრო ძლიერი იყო ქვემო ქართლის ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე, გარდაბნის მხარეს ამ დროის რამდენიმე ნამოსახლარი იყო გამოვლენილი, სადაც კარგადაა წარმოდგენილი მესოპოტამიური იერის თიხის ჭურჭელი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბეიუკ კესიკის ნამოსალხარი, რომელიც აზერბაიჯანის მხარეზე ყარაიაზის ველზე, თითქმის ჩვენს აღმოსავლეთ საზღვართან, მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარეობდა. იგი მიწის პირიდან თითქმის არ გამოირჩეოდა. ნამოსახლარის კულტურული ფენის სისქე დაახლოებით 1,70 მ შეადგენდა [Ахундов, Махмудова 2008:17]. ნაგებობები ცუდად იყო შემონახული. მათ სწორკუთხა, მომრგვალებული ან სულაც არათანაბარი მოხაზულობა ჰქონდათ. ნამოსახლარზე გამოვლინდა რამდენიმე კერა, თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ღუმელი, სამეურნეო ორმოები და სხვ. რამდენიმე უბანზე ჩვილი ბავშვების სამარხები აღმოჩნდა, უპირატესად თიხის ჭურჭელში მოთავსებული.
ყარაიაზის ვაკეზე, მტკვრის მარცხენა ნაპირზე სოფ.სეიუგბულაგის მახლობლად გამოვლინდა ყორღანული ველი. ყორღანების ყრილის სიმაღლე ერთ მეტრს არ აღემატებოდა, ზოგს კი ყრილი საერთოდ არ ემჩნეოდა. ყორღანებში სამარხეული ინვენტარი ღარიბული იყო, ჭარბობდა თიხის ჭურჭელი, რომელიც ლეილათეფეს ნამოსახლარის კერამიკის მსგავსი იყო [Мусеибли 2009:53]. განსაკუთრებით აღსანიშნავია 2006 წელს გათხრილი №1 ყორღანი, რომლის დიამეტრიც 17,0 მ აღწევდა, სიმაღლე კი ნახევარ მეტრზე ცოტა მეტს [Ахундов, Махмудова 2008:33]. ყორღანის ყრილის ქვეშ აღმოჩნდა ქვებისგან შეკრული წრე, კრომლეხი რომლის ცენტრალურ ნაწილში სწორკუთხა ორმო მდებარეობდა. სამარხორმოში ცუდად შემონახულ მიცვალებულის ძვლოვანი ნაშთებთან ერთად, საკმაოდ მდიდრული ინვენტარი იყო ნაპოვნი: კარგი ხარისხის თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს სატევრის პირი, ქვის ზოომორფული სკიპტრა (ცხენის გამოსახულებით), მრავლად მძივები, მათ შორის ოქროს და ვერცხლის და სხვ.
სრულიად უმართებულოა აზრი, თითქოს სეიუგბულაგის ყორღანების აღმოჩენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ კავკასიაში ყორღანული სამარხის იდეა სამხრეთ კავკასიაში უნდა წარმოქმნილიყო. აქედან გავრცელდა იგი ჩრდილოეთით და ფართოდ გამოიყენებოდა მაიკოპის კულტურის მატარებელი ტომების მიერ [Мусеибли 2005:136]. ცნობილია, რომ ყორღანული ტიპის სამარხი ჩრდილოეთით, სტეპურ ზოლში უნდა ჩამოყალიბებულიყო, მაგრამ ამაზე ქვევით გვექნება საუბარი. განჯა–ყაზახის ველზე ამ დროის რამდენიმე ნასახლარი გამოვლინდა. ამათგან აღსანიშნავია ფაილუ II, რომლის ძირა ფენა ენეოლითის ხანას მიეკუთვნება. რიყის ქვისგან ნაგები შენობები ოთხკუთხა ან სწორკუთხა მოყვანილობისა იყო. ნამოსახლარზე აღმოჩნდა ორი ღუმელი, სამეურნეო ორმოები, თიხის ჭურჭელში მოთავსებული ჩვილი ბავშვის ოთხი სამარხი. თიხის ნაწარმიდან ჭარბობს ჩარხზე ნაკეთები თიხის ჭურჭელი. აღსანიშნავია აქ ნაპოვნი თიხის ნამგალი და ზოომორფული ქანდაკება, ალბათ ძაღლის თავისა. იარაღი ძირითადად კაჟის იყო. ნაკლებადაა წარმოდგენილი ობსიდიანის იარაღი, რომელიც ფარავნის ტბის მიდამოების ნედლეულიდანაა ნაკეთები. ლითონის მხოლოდ სამი უსახური ნატეხი იყო ნაპოვნი [Мусеибли 2010:208]. განჯა-ყაზახის ველზე ამ დროის კიდევ ერთი ნამოსახლარი იყო შესწავლილი - აგილი დერე. იგი ძლიერ დაზიანებული იყო. აქ აღმოჩნდა ამ პერიოდის ნამოსახლარებისთვის დამახასიათებელი კერამიკა, თიხის ჭურჭლის გამოსაწვავი ღუმელი და კერა [Ахундов, Махмудова 2008:24]. როგორც ჩანს, განჯა-ყაზახის ვაკეს, რომელიც ქვემო ქართლის ველის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენდა, საკმაოდ ინტენსიურად ითვისებენ სამხრეთიდან გადმონაცვლებული მოსახლეობის ჯგუფები, რომლებიც ძირითადად დასავლეთ ამიერკავკასიიდან შიდა ქართლის გავლით ვრცელდებიან. ნაწილი უფრო აღმოსავლეთით ინაცვლებს და საკმაოდ მყარ დასახლებებს ქმნიან. ეტყობა ქვემო ქართლის მიმდგომ განჯა-ყაზახის ყარაიაზის, მილისა და ყარაბაღის ველებზე უფრო ხელსაყრელი გარემო არსებობდა ცხოვრებისათვის, რაც ჯერ კიდევ შულავერ-შომუთეფეს კულტურის გავრცელების ხანიდან შეიმჩნევა. ყარაბაღის ველზე გამოვლენილი იყო ჯგუფი ნამოსახლარებისა რომელთაგან გამოირჩევა ლეილათეფეს ნასახლარი. აქ მოპოვებული მასალების საფუძველზე ცნობილმა არქეოლოგმა იდეალ ნარიმანოვმა მანამდე უცნობი ადრესამიწათმოქმედო კულტურა გამოყო,რომელიც დღეს ლეილათეფეს კულტურის სახელითაა ცნობილი. მან იმთავითვე სწორედ განსაზღვრა ამ კულტურის ხასიათი და იგი მესოპოტამიურ კულტურას დაუკავშირა [Нариманов 1987:129; Нариманов 1991:32]. ეს დასკვნა ძირითადად დაფუძნებული იყო კერამიკული მასალის ანალიზზე ი.ნარიმანოვმა აქ ორი ჯგუფის სრულიად განსხვავებული ხასიათის თიხის ნაწარმი გამოყო.
პირველი "ხარისხიანი კერამიკა", რომელიც გამოირჩევა ძერწვის მაღალი დონით, თხელკედლიანი, სადა და რაც მთავარია მას აშკარად ემჩნეოდა ჩარხის ნაკვალევი. მეორე ჯგუფის თიხის ჭურჭელი "ტლანქი კერამიკა" ხელით იყო უხეშად ნაძერწი. ი.ნარიმანოვის ვარაუდით ლეილათეფეს კულტურა მესოპოტამიის ობეიდური ხანის კულტურას უკავშირდება [Нариманов 1991: 32; Алиев, Нариманов 2001: 75]. სამართლიანად აღინიშნა, რომ ლეილათეფეს კულტურა უბეიდის მომდევნო ურუკის ხანასთან ნახულობს მეტ საერთოს [Мунчаев 2007: 8; Мунчаев, Амиров 2009: 41]. ურუკის კულტურისათვისაა დამახასიათებელი სადა, მოუხატავი თიხის ჭურჭელი და ამ დროს იწყება პირველად სამეთუნეო ჩარხის გამოყენება. ლეილათეფეს ნამოსახლარი ბორცვის დიამეტრი 50-60 მ. აღწევდა.
----------------------------------------------------
1. დასავლეთ ამიერკავკასიის გამოქვაბულების ზედა ჰორიზონტებში აღმოჩენილ ამ ტიპის კერამიკას "მაიკოპურს" უწოდებენ მაიკოპის კულტურის თიხის ჭურჭელთან მსგავსების გამო
<<გაგრძელება (ნაწილი II)
|