<უკან დაბრუნება
ჩანგლი - ქართული მართლმადიდებლური ჯვარგუმბათოვანი ტიპის ტაძარი თურქეთში ყარსიდან სამხრეთ-დასავლეთით 80 კმ-ში, ქურთებით დასახლებულ სოფლის - ჩანგლის (თურქ. Çengilli ჩენგილი) ცენტრში. დასავლეთ ფასადზე არსებული ასომთავრული წარწერა გვამცნობს, რომ ძეგლი XIV საუკუნეში აუგიათ. რამდენიმე ქართული წარწერა გვხვდება ასევე კარნიზზე, ხოლო სოფელში სახლების კედლებში ჩაშენებულ საფლავის ქვებზეც ქართული ეპიტაფიებია შემორჩენილი.
პროექტი - "სამხრეთ კავკასიის ისტორიული ძეგლები
http://maps.nekeri.net/caucasia/ka/%E1%83%A9%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%9A%E1%83%98/
ყარსიდან 80-იოდე კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით, ისტორიული საქართველოდან სრულიად მოწყვეტილად, ამჟამად ქურთებით დასახლებულ მთიანი სოფლის ცენტრში, დგას შესაშური ოსტატობით ნაგები ჩანგლის ჯვარგუმბათოვანი ტაძარი. მის დასავლეთ ფასადზე, ცენტრალური კარიდან სამხრეთ მონაკვეთი მთლიანად მრავალსტრიქონიან ასომთავრულ წარწერას უჭირავს, რომელიც გვამცნობს, რომ ძეგლი მე-14 საუკუნეში აუგიათ იმ მცირე მონაკვეთში, როცა ეს მხარე ქართული ეკლესიის მფლობელობაში იმყოფებოდა. რამოდენიმე ქართული წარწერა გვხვდება ასევე კარნიზზე, ხოლო სოფელში სახლების კედლებში ჩაშენებულ საფლავის ქვებზეც ქართული ეპიტაფიებია შემორჩენილი. ძეგლი გეგმაში სამხრეთით და ჩრდილოეთით მცირედ შვერილ მკლავიან ჯვარს წარმოადგენს რომლის საკურთხევლის გარდიგარდმო ვიწრო პასტაფორიუმებია მოწყობილი. ინტერიერში აღსანიშნავია გუმბათის ყელის უჩვეულო არქიტექტურულ-კონსტრუქციული გადაწყვეტა. ტრომპ-აფრებზე დაყრდნობილ გუმბათი გრეხილი ორი ლილვით იწყება, რომელზეც რვა ორ ნაწილიანი სვეტია მოთავსებული და შეკრულ თაღნარს ქმნის. თაღებს შორის თაღოვანი სარკმლებია. ასევე სამ-სამი სარკმელია გაჭრილი სამხრეთ და ჩრდილოეთ მკლავშიც. საკურთხეველი ცენტრალური სარკმლით ნათდება რომლის ორივე მხარეს თაღოვანი ნიშებია მოწყობილი. გარედან ისევ გუმბათის მხატვრულ-არქიტექტურული სახე იქცევს მნახველის ყურადღებას. 16 ნაწილიან თაღნარში, რომელიც შეწყვილებულ ლილვებს ეყრდნობა, მონაცვლეობით ხან სარკმელია გაჭრილი, ხანაც სამკუთხა ნიშებია შეჭრილი.
ძეგლის გეოგრაფიული კოორდინატებია: 40.123470° ჩ.გ. 42.913270° ა.გ.
ჩანგლის ეკლესია (თურქეთი), ბიბლიოგრაფია:
1. თაყაიშვილი ე. არქეოლოიგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს. - პარიზი. - 1938. - გვ.80-87. //იგივე ტექსტი იხ.დაბრუნება. ტ.I. - თბ., 1991. - გვ.381-390. // ჩანგლის ეკლესიის მხატვრულ-ხუროთმოძღვრული დახასიათება, წარწერების პალეოგრაფიულ-სტილისტური ანალიზი, შედარება ფიტარეთის ეკლესიის წარწერებთან, ძეგლის შესახებ არსებული ისტორიული წყაროების მიმოხილვა.
2.კლარჯეთის გუმბათიანი ეკლესიების ტიპოლოგიისათვის //ხოშტარია დ. კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები. - თბ., 2009. - გვ.165-166.
3. მდ.არაქსის ხეობაში, ისტორიულ სომხეთში მდებარე ჩანგლის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა // ჟურნალი "უფლისციხე", N 2, 2012
კლარჯეთის გუმბათიანი ეკლესიების ტიპოლოგიისათვის //ხოშტარია დ. კლარჯეთის ეკლესიები და მონასტრები. - თბ., 2009. - გვ.165-166.
ჩანგლის ეკლესია (XI საუკუნის პირველი ნახევარი)391 ტაოს სამხრეთით, მდ.არაქსის ხეობაში, ისტორიულ სომხეთში მდებარეობს. საფასადო შემკულობის პრინციპი, ორნამენტულ სახეთა უმეტესობა და ზოგიერთი კონსტრუქციული ელემენტი მას მჭიდროდ ანათესავებს ტაო-კლარჯეთის ნაგებობებთან392. კომპოზიციური თვალსაზრისით ჩანგლში საყურადღებოა როგორც აღმოსავლეთის, ისე სამხრეთისა და ჩრდილოეთის მკლავების წინგამოწევა ფასადებზე პასტოფორიუმებთან შედარებით. სხვათა შორის, ჟ.–მ. ტიერის აზრით, პასტოფორიუმები ჩანგლის ეკლესიაზე მოგვიანებითაა მიშენებული, მაგრამ, ვფიქრობ, სწორი უნდა იყოს დ.თუმანიშვილი, როცა შენიშნავს, რომ შესაძლოა ამ სათავსების დამატება ტაძრის მშენებლობის დამთავრებამდე მომხდარიყო. "ნახევრადთავისუფალი ჯვრის" ტიპი სომხეთში, როგორც ჩანს, უფრო ადრე გაჩნდა, ვიდრე საქართველოში. სამეცნიერო ლიტერატურაში რეგისტრირებულია ამ სახის სამი VII საუკუნით დათარიღებული სომხური ეკლესია - მაისიანის ტირანავორი (მას მხოლოდ ჩრდილოეთის პასტოფორიუმი აქვს, სამხრეთ-აღმოსავლეთ მკლავთაშორისი კუთხე შეუვსებელია)393, სასუნიკის სურბ გრიგორი394 და კოშის სურბ სტეფანოსი395. მაგრამ შემდეგ ამ თემამ სომხეთში ვეღარ პოვა განეითარება-გავრცელება - ყოველ შემთხვევაში, IX-XI საუკუნეებიდან, როცა საქართველოში აქტიურად მუშავდება ნახევრადთავისუფალი ჯვრის კომპოზიცია, მისი არცერთი "წმინდა" სომხური ნიმუში ცნობილი არ არის396. ხოჟორნაში, როგორც ითქვა, სომხური ეკლესიის კომპოზიცია უფრო ადრინდელი ქართული ეკლესიის ნაშთით უნდა იყოს ნაკარნახევი. რაც შეეხება ჩანგლს, ის აშენებულია რეგიონში, სადაც სომხურ კულტურას უახლოესი შეხება ჰქონდა ქართულთან. საფიქრელია, რომ "ნახევრადთავისუფალი ჯვრის" ტიპის ამგვარი ეპიზოდური "ამოტივტივება" X–XI საუკუნეების სომხურ არქიტექტურაში გამოწვეული იყო ქართული გავლენით. ამ თვალსაზრისით ხოჟორნი და ჩანგლი შეიძლება განხილული იქნას, როგორც ცდა ქართულ ხუროთმოძღვრებაში დამუშავებული თემის ათვისებისა სომეხ მშენებელთა მიერ397. "ნახევრადთავისუფალი ჯვრის" ტიპის ზემოთგანხილული ნაგებობები, ვფიქრობ, თვალნათლივ გვიჩვენებს, თუ რაოდენ ნაყოფიერი აღმოჩნდა ეს თემა IX-XI საუკუნეთა ქართულ ხუროთმოძღვრებაში398. რამდენადაც შემორჩენილი ნიმუშებით შეგვიძლია ვიმსჯელოთ, უფრო იშვიათად მიმართავდნენ ქართველი მშენებლები croix libre–ის მეორე, უფრო გართულებულ სახესახვაობას, რომელსაც, "ნახევრადთავისუფალი ჯვრისაგან" განსხვავებით, დამატებითი სათავსები აქვს ოთხსავე მკლავთაშორის კუთხეში ისე, რომ გეგმა მთლიანად მართკუთხედში იწერება. გარედან ასეთი შენობა ძალიან ჰგავს "ჩახაზული ჯვრის" (croix inscrite) ტიპისას – გარე მასათა განაწილების პრინციპი ანალოგიურია. შიგნით სურათი სხვაა. ძირითადი სივრცე ინარჩუნებს მარტივი ჯერის სტრუქტურას და იზოლირებულია დამატებითი სათავსებისაგან. ამ კომპოზიციის ნაგებობებისათვის სამეცნიერო ლიტერატურაში რაიმე საყოველთაოდ მიღებული სპეციალური ტერმინი არ არსებობს, მათ, როგორც წესი აღწერილობითი ხასიათის გაშლილი სახელწოდებებით აღნიშნავენ ("ჯვრული ნაგებობა სათაესებით ყველა კუთხეში", "ჩახაზული ჯვრის ტიპის შენობა კედლებით გამოყოფილი კუთხის ნაწილებით")399. ქართულ ხუროთმოძღვრებაში ამ ტიპის ნიმუშებს წარმოადგენს არტანუჯის, დოლისყანისა და დადაშნის ეკლესიები. კომპოზიციურად მასვე უნდა უკავშირდებოდეს აგრეთვე ეკლესია კლარჯეთის წყაროსთავში.
--------------------------------------
391 ე.თაყაიშვილი, კოლა-ოლთისი, გვ.78-87; ქართული ხუროთმოძღვრების ალბომი, ტაბ.32-35; J.–M. Thierry, A propos de quelques monuments chrétiens du vilayet de Kars (Turque), Revue des études arméniennes, nouvelle série, t.III, Paris, 1966, გვ.79-90, ტაბ.XXXVII-XLV; მისივე, Cengelli-kilise, Bédi Kartlisa, Revue de kartvelologie, XXIII–XXIV, Paris, 1967, გვ.177-183; მისივე, L‘Eglise de Cengelli-koi (Vilayet de Kars), II-e symposium international sur l'art géorgien, Tbilisi, 1977; ATK, გვ.186-188; დ.თუმანიშვილი, "თავისუფალი ჯვრის" კომპოზიცია, გვ.28–30; T.Марутян, Архитектурные памятники, გვ.218-219.
392 ნ.ტოკარსკის შენიშვნით, ჩანგლის ეკლესია არის მაგალითი "მოუზომავი, ეკლექტური სესხებისა ტაიკის არქიტექტურიდან" 1988, გვ.63.
393 ვ.გრიგორიანი, ადრეული შუა საუკუნეების სომხეთის მცირე ცენტრული ძეგლები, ერევანი, 1882 (სომხ. ენაზე), გვ.46, ტაბ.XV—3,4,5, ფოტო 64-67.
394 იქვე, გვ.46-47, ტაბ.XVI-1,3,5, ფოტო 70–72.
395 იქვე, გვ.47-48, ტაბ.XVI-2,4,6; Г.Чубинашвили, Разыскания, გვ.67–68, ილ.20–21, ტაბ.69-75; B.Brentjis, S.Mnazakanjan, N.Stepanjan, Kunst des Mittelalters in Armenien, Berlin, 1981, გვ.64, ტაბ.37-39.
396. იენი-რაბათისადმი მიძღვნილ თავში ტ.მარუტიანი მსჯელობს "ნახევრადთავისუფალი ჯვრის" ტიპის (იგი, როგორც ჩანს, არ ცნობს ამ ტერმინს და ხმარობს გამოთქმას "ეს ტიპი" - этот тип) ქართული და სომხური ნაგებობების შესახებ და შენიშნავს, რომ სომხეთში გვაქვს მისი ხუთი ნიმუში: სამი VII საუკუნისა (ჩემს მიერ ზემოთ ჩამოთვლილი) და ორიც IX-X საუკუნეებისა - ექექი (მის მიხედვით ეგეკი) და ჩანგლი (ეხეგნამორი). აქვე იგულისხმება თვით იენი-რაბათიც, რომელიც ექექთან ერთად სომხურ ეკლესიად ცხადდება საქართველოში, ტ.მარუტიანის მიხედვით, "ეს ტიპი" სულ ერთი ნაგებობით - კუნთურის საყდრითაა წარმოდგენილი, ხოლო "თელოვანი და იკვი მოცემული ტიპისაგან მნიშვნელოვნად განსხვავდებიან" (Архитектурные памятники, გვ.220). სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გაუგებარია, ასეთი რა პრინციპული ნიშნით განსხვავდება იკვი - "ნახევრადთავისუფალი ჯვრის" ტიპური ნიმუში - იმავე იენი-რაბათის და, მით უმეტეს, ექექისაგან, ან რატომ აწყვილებს მას ავტორი თელოვანთან - პასტოფორიუმებიან ტრიკონქთან.
397 ჟ.-მ. ტიერი პიდაპირ აღნიშნავს, რომ ჩანგლის კომპოზიცია ქართული არქიტექტურიდან მომდინარეობს (J.-M.Thierry, L'Eglise de Cengelli-kéi, გვ.6).
398 XI საუკუნის შემდეგ ამ ტიპის ნაგებობები საქართველოში აღარ გვხვდება. მას კვლავ უბრუნდებიან მხოლოდ XIX საუკუნის პროვინციულ საეკლესიო მშენებლობაში - ასეთია, მაგალითად, მრავალძალის წმ.გიორგის ეკლესია რაჭაში, აშენებული 1894 წელს ძველი დარბაზული ნაგებობის ადგილას (გ.ბოჭორიძე, რაჭის ისტორიული ძეგლები, საქართველოს მუზეუმის მოამბე, ტ.VIII, თბილისი, 1935, გვ.303-310, ტაბ.XIII; მისივე, რაჭა-ლეჩხუმის ისტორიული ძეგლები და სიძველეები, თბილისი, 1994, გვ.202-203; ზ.სხირტლაძე, მრავალძალის წმ.გიორგის ეკლესია, ძეგლის მეგობარი, №60, 1982, გვ.40-42). ის დაინგრა 1991 წლის აპრილში მიწისძვრის შედეგად.
399 რამდენიმე ადრინდელ პუბლიკაციაში მე ვიხმარე გამოთქმა "კუთხეებშევსებული ჯვრის ტიპი", მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ მისი ტერმინად დანერგვა არ ღირს, ვინაიდან ის არასწორად სვამს აქცენტს და საკმარისად ცხადად არ გადმოსცემს არქიტექტურული ტიპის სპეციფიკას.
ბუბა კუდავა - მდ.არაქსის ხეობაში, ისტორიულ სომხეთში მდებარე ჩანგლის ეკლესიის მოკლე ხუროთმოძღვრული აღწერილობა //ჟურნ. "უფლისციხე", N2, 2012
http://bu.com.ge/geo/photogallery/album/15/0
ეს არ არის ტაო-კლარჯეთი. არც "ისტორიული საქართველოს" სხვა ნაწილი. თუმცა "ფოტოემოციებში" შეტანა მაინც გადავწყვიტე, რადგან ეს მხარე ტაო-კლარჯეთის გაგრძელებაა - გეოგრაფიულად თუ კულტურულად, აქაური ეკლესია კი არანაკლებ ემოციებს იწვევს, ვიდრე ტაო-კლარჯეთ-შავშეთის დიდი კათედრალები. ამ ტაძარს თანამედროვე ქართველი მეცნიერები, მომლოცველები თუ უბრალოდ მნახველები მაინცდამაინც არ სწყალობენ, არადა, სამეცნიერო ლიტერატურაშიც კარგადაა ცნობილი და თანაც, არც ისე შორსაა საქართველოდან. ალბათ სიზარმაცეს თუ დაარქმევ კაცი, თორემ ტაო-კლარჯეთის მონახულებისას ერთი-ორი დამატებითი დღე და ეგაა. თუმცა რა გაგვიკვირდეს, ჩვენთვის აგერ, ყურისძირში მდებარე ტრაპიზონიც ხომ სადღაც დასალიერშია. როცა სადღაც გადასაკარგავში მივემგზავრებით, ტრაპიზონში მივდივარო, ვამბობთ. ჩვენი ჩანგლის საქმეც ასეა - კოლა-არტაანის მოსაზღვრე მხარეშია, ჩვენ კი ხან ძალიან გვეშორება, ხან ვერ ვიცლით, ხანაც საერთოდ არ გვახსენდება - ეგ ხომ ჩვენი მხარე არ არიო და... არადა ფაქტია: ისტორიულ სომხეთში და თანამედროვე თურქეთში, ყარსის რეგიონში, ძველი ქართველები კარს რომ უწოდებდნენ, ქალაქ ქაღიზმანთან, ქართულად - აღზევანთან, იმ აღზევანთან, ქე რომ მარილი მოგვქონდა, ოდნავ მოშორებით, მთებში, თვალწარმტაც პეიზაჟში, ზღვის დონიდან საკმაოდ მაღლა, ძველად ალბათ სომხებით, ახლა კი ქურთებით დასახლებულ ერთ მივარდნილ სოფელში, ერთი დიდებული ეკლესია დგას, ამ ეკლესიას კი დასავლეთ კედელზე, მთავარ შესასვლელთან, ვეებერთელა ქართული ასომთავრული წარწერა ამკობს. ზოგმა მკვლევარმა - სომეხი მართლმადიდებლების ტაძარიაო, ზოგმა - ვალაშკერტის საეპიკოპოსო კათედრააო, ზოგმა კი ყურადღება ტაძრის საუცხოო არქიტექტურაზე გადაიტანა და ეკლესიის ბურუსითმოცულ ისტორიას მოხერხებულად აუარა გვერდი. ავსტრიაში, ტაო-კლარჯეთის დიდი მოამაგის - ბრუნო ბაუმგარტნერის სახლში, მისაღებ ოთახში, ფერწერულ ტილოს შევხედე თუ არა, მაშინვე ამოვიცანი ჩანგლი. თურქეთში როცა წავალთ, გაჩვენებო, დამპირდა ჭარმაგი მეცნიერი. 2011-ის შემოდგომაზე ამისრულა დანაპირები. აღმართი რომ ავიარეთ და ჩვენს თვალწინ ეს წარუშლელი ხედი გადაიშალა, მაშინღა მივხვდი, რატომ უცქერდა ბატონი ბრუნო ამ პეიზაჟის ფერწერულ ვერსიას ყოველდღე. ასეთ მისტიკას აქ ნამდვილად არ ველოდი... გაუთავებლად ვუღებდი სურათებს ზღაპრულ გარემოს, გამალებით გარს ვუვლიდი მიტოვებულ, მაგრამ გასაოცრად მტკიცედ მდგარ დიდებულ ტაძარს, ვაკვირდებოდი საეკლესიო არქიტექტურისთვის უცნაური, შავი ქვით მოპირკეთებულ ფასადებს, დავაბოტებდი სკორეთი სავსე ინტერიერში და კითხვები არ მასვენებდა. ვინ და რატომ აშენებს ასეთ ადგილას ასეთი მასშტაბის ეკლესიას, ასე ძალიან რომ ჩამოჰგავს ოშკს, ხახულსა თუ იშხანს? ვთქვათ, ეს მსგავსება მხოლოდ კულტურული ურთიერთკავშირების შედეგია, მაშ, იმ უშველებელ წარწერას ვინღა აკეთებს? მოსაზრება, რომ ეს ქალკედონიტი სომხების ნახელავია, ქართულ ეკლესიას რომ შემოკედლებია, რთული საკითხიდან თავის ადვილად დაღწევას უფრო ჰგავს, რადგან ვრცელი წარწერის არცერთი, ოდნავ მიმანიშნებელი დეტალიც კი არ ავლენს, რომ იგი არაქართველის მიერ არის დაკვეთილი თუ ამოკვეთილი. თან იმას რა ვუყოთ, სომხური ეკლესიებისგან განსხვავებით, არამცთუ ვრცელი წარწერა, ერთი სომხური ასოც რომ არ გვხვდება ტაძრის კედლებზე? ისტორიული ვალაშკერტიც ძალზე შორია აქედან... სამწუხაროა, მაგრამ უჩვეულოდ ვრცელი წარწერა დიდს ვერაფერს გვეუბნება უჩვეულო ისტორიის შესახებ. მეტიც, ბედის ირონიაა, აბა რაა - წარწერის ის ადგილი, სადაც ტაძრის სახელი უნდა ყოფილიყო, ყველაზე უცნაურადაა ამოკვეთილი. ასე შერჩა ეკლესიას ახალი, თურქული სახელი "ჩენგილი", "ჩანგლი", ძველის შესახებ კი მხოლოდ ვერსიები იყო - ლენამორიო, ლენამურიო, ლენაღშორიო... ასე კითხულობდნენ მეცნიერები ასოთა უცნაურ კომბინაციას. ტაძართან დაწყნარებით მუშაობას არავინ გაცლის, პატარა თუ დიდი ონავრები სულ თავს დაგტრიალებენ. ამიტომ წარწერის ფოტოებსა და გადმოწერილ ტექსტს გოჩა საითიძესთან ერთად ხეირიანად მხოლოდ სასტუმროში ჩავუჯექი. ყველა სირთულე დავძლიეთ, მაგრამ იმ ადგილმა, სადაც ტაძრის სახელი იხსენიება, კარგა ხანს გვაწვალა. ბოლოს გოჩას გაუნათდა გონება და უცნაურ გრაფემაში, რომელსაც ხან როგორ კითხულობდნენ და ხან როგორ, გადაბმული "ბ" და "ი" ამოიცნო. ვინ უწყის, რამდენი საუკუნის მანძილზე იყო გამქრალი ეს სახელწოდება ხალხის ხსოვნიდან თუ ისტორიული წყაროებიდან! 2011 წლის 1 ოქტომბერს კი, შუაღამისას, ქალაქ აღზევანის ერთ პატარა სასტუმროში, ხელახლა იშვა თვალწარმტაცი ეკლესიის სახელი. ლენაღბირი - ასეთი ყოფილა ადგილის ძველი სახელწოდება! თბილისში ჩამოსულებმა ისიც გავარკვიეთ, რომ "აღბიურ" სომხურად წყარო ყოფილა, "ლენაღბირი" კი - მთის წყარო. მაშინვე გამახსენდა, სოფელში გაცნობილ ერთ ქურთს საგანგებოდ რომ ვკითხეთ, სოფელს წყალი საიდან აქვსო და მთისკენ რომ მიგვითითა - იქიდანაა გამოყვანილიო. იმედია, ადრე თუ გვიან, ზემოთ დასმულ კითხვებსაც გაეცემა პასუხები და ბოლოს და ბოლოს გავიგებთ, რატომ და როდის ეწვივნენ "მთისწყაროს" ქართველები.
http://taoklarjeti.com/index.php/taoklarjeti/fotoemotions/changli-2011
არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა - ოლთისში და სოფელ ჩანგლში 1907 წელს
ექვთიმე თაყაიშვილი - ემიგრანტული ნაშრომები //გამომცემლობა ” მეცნიერება”, თბილისი, 1991
http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/8727/1/Emigrantuli_Nashromebi.pdf
თავი III
ჩანგლი44
ცნობილია, რომ სომხეთში, ალაშკერტში, არსებობდა ქართული საეპისკოპოზო კათედრა. სამცხე-სათაბაგოს სამწყსოს გუჯარში რაიონი ალაშკერტის ეპისკოპოზისა ასეა განსაზღვრული: «ყაღზევან ზეითი, ვალაშკერტს აქეთ ხინუსი და დევაბოინს აქეთი» (დ.ბაქრაძე, არქეოლოგ. მოგზ. გურია-აჭარაში, გვ.81–86; და ჩემი არქეოლოგიური მოგზაურობანი, I., გვ.77). როდესაც მეფე გიორგი I 1022 წელს ომს აწარმოებდა ბიზანტიის კეისართან ბასილთან, ზავზე მოსალაპარაკებლად «ქართლის ცხოვრების» თქმით (ბროსსეს გამოცემა, I, გვ.215), «ვიდოდა კეისარსა და გიორგის შორის დესპანი». სომხის ისტორიკოსის არისტარხი ლასდივერის ცნობით, ეს დესპანი ალაშკერტის ქართველი ეპისკოპოზი ზაქარია იყო45. დ.ბაქრაძის აზრით, ალაშკერტის კათედრა უნდა ყოფილიყო აქამდე დარჩენილი ყაღიზმანის მახლობლად, სოფელ ჩანგლში, ეკლესია, რომელსაც 1030 წლის ქართული წარწერა მოიხსენიებს მონასტრად (ვახუშტის ისტორია, გვ.150, შენ.). ქართული წარწერა ჩანგლის ეკლესიისა გადმოღებულია ნერსე სარგისიანის მიერ და გამოცემული ბროსეს მიერ (იხ.მემუარები პეტერბურგის აკადემიისა, ტომი VIII, №10, გვ.22–24, ტაბ.IV, №26, 27), მაგრამ, როგორც ქვემოთ დავინახეთ, წარწერა 1030 წელს კი არ უჩვენებს, არამედ 1362 წელს. ჩანგლი დიდი სოფელია სომხებისა. დასავლეთით სოფელს პატარა, მაგრამ ერთობ ღრმა და მოგრძო ტბა ახლავს, სავსე თევზებით, ნამეტნავად კობრებით. ტბიდან პატარა წყარო გამოდის, კაპოიტად წოდებული. ეკლესია აგებულია შუა სოფელში, მცირე მაღლობზე. შორიდან ის ჩვენ კოშკად მოგვეჩვენა. ეს საკმაოდ დიდი ეკლესია არის; სიგრძე მისი გარედან უდრის 7,4 საჟ., განი 4,3 საჟ., სიმაღლე – 12,5 საჟ. ეკლესია მკვიდრად ნაშენია ქვისაგან და შეძერწილია შიგნით და გარედ მელანსავით შავი, დიდრონი ვულკანური ნათელი ქვებით; გეგმა მისი ჯვარის სახეს წარმოადგენს შიგნით და გარეთაც, მაგრამ დასავლეთის ფრთა ჯვარისა უფრო მოგრძოა აღმოსავლეთისაზე და ამ მხრით აქვს ტაძარს სამი შესავალი: დასავლეთით, ჩრდილოეთით და სამხრეთით. პირველი ორი ეხლა დახშულია და დატოვებულია მხოლოდ სამხრეთის კარი. ეკლესია სამაფსიდიანია, მაგრამ სამსხვერპლო და სადიაკვნო დაბალია. ესენი მიშენებულია საკურთხეველზე თითო ფენის სახურავით. ასეთ მოვლენას ვხედავთ ჩვენ ხახულის ტაძარშიც: სამსხვერპლო და სადიაკვნო ეხლა არ უერთდებიან საკურთხეველს კარებით, არამედ მხოლოდ მარჯვენა და მარცხენა ფრთებს ეკლესიისას. მაგრამ დაკვირვებიდან აღმოჩნდა, რომ წინეთ საკურთხეველს ქონია სამკვეთლოში შესავალი კარი, რომელიც შემდეგ დაუღშვიათ. ამას გარდა, საკურთხეველის აღმოსავლეთის კედელი უფრო წინ არის წაწეული, ვიდრე სამსხვერპლოსი და სადიაკვნოსა და შემკობილია სამი კამარით, რომელნიც ეყრდნობიან ოთხ ჯგუფად გაწყობილს რთულ სახის ნახევარ სვეტებს. სხვა მხრიდან ასეთი შემკობილობა ტაძარს არა აქვს. ხოლო ვინაიდან სამკვეთლოს და სადიაკვნის კედლები არ უწევენ აღმოსავლეთის კედლებს, ამ ასიმეტრიული შთაბეჭდილების შესამსუბუქებლად აღმოსავლეთის კედლის კუთხეებიდან მათ კედლებამდის გადმოყვანილია ნახევარ-ნახევარი კამარები ისეთივე რიგისა, როგორც აღმოსავლეთისანი. ფანჯრები აღმოსავლეთით (საკურთხეველში) და დასავლეთით თითოა, ხოლო ჩრდილოეთით და სამხრეთით სამ-სამი. ესენი გარედან ვიწრონი არიან, მაგრამ შიგნით გაფართოებულნი, თითო წვრილი ფანჯარა არის აგრეთვე სამკვეთლოში და სადიაკვნოში. ესენი გეგმაზე აღნიშნულნი არ არიან. ყველაზე დიდი ფანჯარა დასავლეთისა არის. ოთხკუთხედი, ჩუქურთმიანი ორნამენტით შემკობილი. ჩუქურთმიანი ორნამენტით შემკობილია, აგრეთვე, დასავლეთის შესავლის თავი. სხვა კედლები სადაა. სამხრეთის ფრთაში შიგნიდან დასავლეთის კედელთან მომრგვალებული საჯდომია წინამძღვრისა თუ ეპისკოპოზისა, ამ საჯდომის ისრული კამარა შემკობილია მთლიანი ქვის სვეტებით, თავიანთ კვარცხლბეკებით და სვეტის თავებით. თაღები მარჯვენა, მარცხენა და დასავლეთის ფრთებისა გოდრულია; აფრები გუმბათის ყელისა კონუსისებურია. ორი მათგანი სამხრეთისანი დასერილია შიგნით, ორი სადაა; ყველა აფრებს ახლავს ზემოდ განმტვირთავი კამარეტები. შუა ნაწილი ტაძრისა გეგმით წარმოადგენს კვადრატს, რომელსაც ეკვრის ოთხი ფრთა და ეს ჰქმნის ჯვარის სახეს შენობისას. კუთხეებში კვადრატს მიშენებული აქვს სამი მეოთხედი სვეტები რთული კომპოზიციისა, რომლებზედაც დამაგრებულნი არიან მაღალნი ისრულნი კამარები გუმბათის ყელისა. კონსტრუქცია გუმბათის ყელისა ორიგინალურია. ეს უბრალო როტონდო კი არ არის, არამედ რვა მომრგვალებული უბე აქვს თითო სარკმლით. უბის ქვემო გვერდები მოჭრილია ფანჯრის ძირამდის და შემაგრებული დაბალის სვეტებით უკვარცხლბეკოდ და კუბიკურის თავებით. გარედან ამათ პირდაპირ სამკუთხედი უბეებია შეჭრილნი. ამრიგად, გუმბათის ყელს შიგნით გალერეა უვლის, ისე როგორც ეს უნდა ყოფილიყო ბანას ეკლესიაში (იხ.ჩვენი „მატერიალი“, XII, გვ.105 სურათი 71), რომლის მიბაძვით შესაძლოა იყოს გაკეთებული ჩანგლის ეკლესიის გუმბათის ყელიც. გარედან გუმბათის ყელი 16 კამარით არის შემკობილი, რომელნიც ორმაგ პატარა სვეტებს ეყრდნობიან, შემკობილთ კვარცხლბეკებით და სვეტის თავებით. რვა კამარაში თითო ფანჯარაა, რვაში თითო უბე. გუმბათის ყელი შედარებით მაღალია; სიმაღლე უდრის 3,6 საჟენს. თვით გუმბათი შიგნით სფერულია, ხოლო გარედ კონუსის სახე აქვს. სიმაღლე მისი უდრის 3,3 საჟენს. ტაძარი დახურულია ლორფინით. ირგვლივ ეკლესიას უვლის სამსაფეხურიანი საძირკველი (ცოკოლი). აქა-იქ შიგნით ეკლესიაში ჩუქურთმიანი და პლასტიკური შემკობილებაც მოიპოვება. მაგალითად, ერთი სართავი კამარის დაკიდული ქუსლი ჩრდილოეთის ფრთაში შემკობილია ფიგურით, რომელიც წარმოგვიდგენს გველს, შემოხვეულს გვერდის მხრით ერთ ყურძნის მტევანზე, ხოლო წინათ მხრით იმავე გველს პირში უკავია მეორე მტევანი. ზოგიერთი პილასტრის თავები, როგორც ეკლესიისა, ისე გუმბათის ყელისა შიგნით შემკობილია ფოთლოვანი ჩუქურთმებით. სადიაკვნეში შესავალ კარებს ქვემოდ აქეთ იქით უძევს ძირში თითო ქვა, ორ-ორი წახნაგით, ზედ გამოქანდაკებული ბარელიეფით. ერთ წახნაგზე ოსტატი წერაქვით თლის ფანჯარაა, რვაში თითო უბე. გუმბათის ყელი შედაღით ადამიანის სახე. მეორე ქვაზე გამოსახულია კაცის ფიგურა წელსზევით, რომელსაც უკავია ქვა, ზედ გამოსახული სოლომონის ბეჭდით და კაცის გულით შუაში. ამათ ზემოდ სხვა ქვაზე გამოსახულია კიდევ ორი კაცის ტლანქი ფიგურა. ჩრდილოეთის კედელზე შიგნით ეხლა მიშენებულია ხის ფანჩატური, კარადის მსგავსი და შიგ მოთავსებულია ქვის სანათლო. ეს სანათლო სულ ახალია, მაგრამ მისი კვარცხლბეკი კი ძველია, სამწახნაგოვანი და ამ წახნაგზე ამოჭრილია ტლანქი ბარელიეფები. წინა მოგრძო პირზე გამოსახულია მთელი ტანით ფიგურა კაცისა, რომელიც ბუსკა (საყვირსა) სცემს (იწვევს ხალხს), მის უკან სამი კაცის ფიგურას მოჰყავს ხალხი მის წინაშე (მოჩანან მხოლოდ კაცის თავები). მთელი ეს სურათი ეხება, როგორც ჩანს, იოანე ნათლისმცემელს. დასავლეთის წახნაგზე წარმოდგენილია ღვთისმშობელი ნიშოვანი და მის უკან კაცის სახე მთელი ტანით, ყავარჯენით ხელში, ალბათ ქმარი ღვთისმშობლისა. მესამე წახნაგზე გამოსახულია ფიგურა ნაციონალური ტანისამოსით, რომელსაც ხელი უდევს ახალგაზრდა კაცის ანუ ყმაწვილის თავზე; ალბათ ნათლის მამაა ყმაწვილისა. სხვა ფიგურებიც ყოფილა აქ, მაგრამ ეხლა გაფუჭებულია46.
წარწერები ჩანგლის ეკლესიისა
ნერსეს სარგისიანის და ბროსსეს ანგარიშით, ჩანგლის ეკლესიის კედლებზე ოთხი ქართული წარწერაა; ნამდვილად კი ორია. პირველი წარწერა ასომთავრული დასავლეთის კარის თავზეა ამოჭრილი და გაგრძელებულია მარჯვნივ კარის თავისა. ამ გაგრძელებას სარგისიანი ცალკე წარწერად გულისხმობს. მეორე წარწერა არის ორსტრიქონიანი სამხრეთის ფასადის ლაგვარდანზე. პირველი წარწერა იკითხება ასე:
ქ-კს ნ ს- ხლითა ღ- ჲთა მე
გლხ-კმნ ეგნ- ტჲ ავიღე თ-ესგ-ნ
დ-კნი უნ და გაოჳკჳეთე მისდა
სალოცავად ტრაპეზჳსაგ-ნ ორ
თა კცთა პური უკდავად უცხო
თათჳს ვ-ცა ლენამორისა
(მარჯვნივ კარის თავისა):
პატრონი იყოს და წინამძღჳარ რ-სა სხჳნი ძმნი
გაიღჳბდენ დეკანოზისა და შემწ-ისა ჴელითა მიე
ცემოდის ვ-ნ ესე ნაქმრი შეცვ-ლს კრ-ლა პრითა
ღ-ჲთა ექსთა კრბ-თა მდ-ლთა და ხთთა პტრაქ
თა ჯ-ითა და თორმტთა მც-ქლთა მ-დლ-თა
ვინ და
მმტკი
ცოს ჯ-ი
აქს და კ-ხვ -ჲ
ასო ჲ მეორე სტრიქონის სიტყვაში „ეგნ-ტჲ“ და მე-8–9 სტრიქონების სიტყვაში „მიეცემოდჲს“ იხმარება ასო „ი“-ს მაგიერ, მაგრამ პირველ შემთხვევაში შეიძლება ვიგულისხმოთ შემოკლებულ გადმოცემად „ეგნატოჲ“-ს მაგიერ. ასო „უ“ მარტო ერთ შემთხვევაში ძველი „ოჳ“-ის ფორმით არის გადმოცემული სიტყვაში „გაოჳკჳთე“ (სტრიქონი მე-3), მაგრამ ამავე სიტყვაში ასო „კ“-ს შემდეგ მარტო „ჳ“ არის წარმოდგენილი, იგულისხმება „ო“-ს გამოტოვება. ეგრევეა მე-7 სტრიქონში, სიტყვაში „სხჳანი“, ხოლო სიტყვაში „გაიღჳბდენ“ სრულიდ უადგილოა „ჳ“-ს ხმარება „ე“-ს მაგიერ. სხვა ადგილებში ყოველგან „უ“ ერთი ასოთია წარმოდგენილი და მოხაზულობა მისი და ასო „ო“ სრულიად ერთგვარია და უფრო წააგავს შემდეგი დროის „უ“-ს, ვიდრე „ო“-ს, ხოლო ორ შემთხვევაში „ო“ უფრო ნათლად არის გამოყვანილი სიტყვებში: „პატრონისა“ (სტრიქონი 6-7) და „დაამტკიცოს“ (სტრ.13-14). ამის მიხედვით ძნელია თქმა, „ლენამორისა“ უნდა წავიკითხოთ, თუ „ლენამურისა“ (სტრიქონი მე-6). საზოგადოდ, შუა ნაწილი ამ სიტყვისა ნათლად არ მოჩანს ნამდვილზე და მე პირველად ამოვიკითხე «ლენაღშორისა», თითქო სარგისიანის მიერ გადაღებული ტექსტი უფრო ასე იკითხება. მართლწერა ტექსტისა, საზოგადოდ დიდად წააგავს ფიტარეთის წარწერას გიორგი ბრწყინვალისა, აგრეთვე მე-14 საუკუნისას47. უქარაგმოდ წარწერას ჩვენ ასე ვკითხულობთ:
«ქორონიკონს48 ნ. სახელითა ღმრთისაჲთა მე
გლახაკმან ეგნატი (ანუ ეგნატოჲ) ავიღე თეოდორესაგან49
დრაჰკანი50 უნ და გაუკუეთე მისდა
სალოცავად ტრაპეზისაგან51 ორ-
თა კაცთა პური უკდავად უცხო-
თათჳს. ვინცა ლენამორისა (თუ ლენაღშორისა?)
პატრონი იყოს და წინამძღუარი, რომელსა (ანუ რასა) სხუანი ძმანი
გაიღებდენ, დეკანოზისა და შემწირველისა ჴელითა მიეცემოდის52. ვინ ესე
ნაქმარი შეცვალოს, კრულია პირითა.
ნერსეს სარგისიანის მიერ გადმოღებული წარწერა არ არის მრავალ შემთხვევაში სწორი და ამით აიხსნება ზოგიერთი შეცდომა ბროსსესი, მაგრამ ქორონიკონი ნერსესის ტაბულაზეც ცხადია და ყოვლად მიუღებელია ბროსსეს წაკითხვა: «ქორონიკონს სნ». ასო «ს» ერთხელ არის ნახმარი ნამდვილში და ეს ასო დაბოლოებაა სიტყვისა «ქორონიკონს» (სრული ფორმა იქნებოდა: «ქორონიკონსა») და არა ქორონიკონის რიცხვია «ნ»-თან შეერთებით. ხოლო ქორონიკონი «ნ» (50) მეთოთხმეტე მოქცევისა უდრის 1362 წელს. პალეოგრაფიული ხასიათი წარწერისა, თვით სტილი და მართლწერაც სწორედ XIV საუკუნეს უჩვენებს. ამიტომ ქორონიკონს «ნ»-ს ჩვენ ვერ მივაკუთვნებთ მე-13 მოქცევას; მაშინ თარიღი იქნებოდა 830 წელი, რაც ყოვლად მიუღებელია. თვით ბროსსეც შენიშნავს უსწორ-მასწორობას წარწერის ტექსტისას, რომელიც არ უდრის სხვა X–XI საუკუნეთა წარწერებს, მაგალითად კუმურდოსა, იშხნისა და სხვა. თვით ასოები წარწერისა არ არის ღრმად ამოჭრილი ქვებზე და ქვებიც არ ყოფილა თავდაპირველად განკუთვნილნი წარწერისათვის. რაც არ დატეულა კარის თავის ქვაზე, გადატანილია მარჯვნივ და განაწილებულია პატარა ქვებზე. მეორე ასომთავრული წარწერა მოიპოვება სამხრეთის ლაგვარდანზე. ჩვენს ფოტოგრაფიულ სურათზე, რომელიც ნ. მარრს გავუგზავნეთ, ეს წარწერა კარგად ჩანს. წარწერა შეიცავს სულ ორ მოკლე სტრიქონს ასომთავრულით დაწერილს, ხოლო ერთი ასო მეორე სტრიქონში ძველი მხედრული «გ» უნდა იყოს, და თუ ეს ასო ასომთავრულია და შემთხვევითი მსგავსება აქვს მხედრულ გ-ანთან, მაშინ ის ასო «ჲ»დ უნდა მივიღოთ, როგორც ბროსსესაც მიუღია. სამწუხაროდ, სიტყვები ამ წარწერისა წერტილებით არ არის გამოყოფილი და ამიტომ მეორე სტრიქონის წაკითხვა ძნელია. წარწერა ჩვენი წაკითხვით ასეა წარმოდგენილი:
ქე შეწყლე მალაქო
ზი-აგრნ-კლი (ანუ ზი-აჲრნ-კლი).
ბროსსე კითხულობს:
ქრისტე შეიწყალე მალაქო-
ზიაჲ, რომელმან ეკლე...
პირველი სტრიქონის წაკითხვა სწორია, მეორესი საცილობელია. ეს მეორე სტრიქონის აზრი ჩვენთვის გამოურკვეველია, ხოლო მოსაზრებით შეიძლება მთელი წარწერა ასე იკითხებოდეს:
«ქრისტე შეიწყალე მალაქოზი აგარან(ის) კათალიკოზი».
აგარანის პროვინციას ვახუშტი აღნიშნავს მტკვარს, შულავერს და ბოლნისს შუა; ეს წინანდელი გარდაბანია. აგარანი ციხესაც ერქვა, რომელიც აიღო დავით აღმაშენებელმა (Hist. de la Géorgie, I, p.361, n.1. იხ. აგრეთვე ბროსსეს Addition, p.259, n.53 სარგისიანი იქვე აღნიშნავს კიდევ ორ სიტყვას სხვა წარწერისა: «ქრისტე შეიწყალე», რომელიც ჩვენ ვერ ვიპოვეთ. თავი მნიშვნელობა აქვს პირველ წარწერას. ეჭვს გარეშეა, რომ წარწერა შესრულებულია 1362 წელს. ეს არის მთავარი. ძველი სახელი ჩანგლისა ყოფილა ლენამორი ანუ ლენაღშორი, ყოველ შემთხვევაში, არა ჩანგლი. ეს არის მეორე დასკვნა, რომელიც გამომდინარეობს წარწერიდან. მესამე დასკვნა გულისხმობს ფაქტს, რომ ჩანგლის ეკლესია წინათ ყოფილა მონასტერი. გეგმა, სტილი და ზოგიერთი შემკობილება ჩანგლისა მოგვაგონებს მე-11–13 საუკუნეთა ეკლესიებს. და უნდა ვიფიქროთ, მათი მიბაძვით არის აშენებული, ხოლო შედარებით მაღალი გუმბათის ყელი უფრო ეგუება მე-14 საუკუნეს. ამასვე უჩვენებს წარწერაც. ამ წარწერის შინაარსის მიხედვით უნდა ვიფიქროთ, ეგნატის დაუწყია შენება მონასტრისა, მას სახსარი შემოლევია და ვიღაც თეოდორესაგან მიუღია 450 დრაჰკანი, თვალსაჩინო თანხა იმ დროისათვის, და მონასტერი დაუმთავრებია35. სანუქფოდ მაშენებელს განუწესებია თეოდორეს სალოცავად მონასტრის ტრაპეზისაგან პური ორი უცხო (ესე იგი კრებულის გარეშე მყოფ) კაცისათვის. ამასთან ყურადღების ღირსია, რომ ეგნატი კანონს აწესებს მონასტრისათვის, რომლის ძალით განსაზღვრა, წინამძღვრის სარგოსი დამოკიდებულია მონასტრის ძმათა გადაწყვეტილებაზე, ხოლო რასაც ესენი გადასწყვეტენ, წინამძღვარი მიიღებს დეკანოზისა და შემომწირველის ხელით. ვის შეეძლო ამგვარი კანონის დაწესება, თუ არ მაშენებელს ანუ დამფუძნებელს მონასტრისა? ამიტომ საფიქრებელი არის, რომ ეგნატი არის აღმაშენებელი მონასტრისა და წარწერა თანამედროვეა აშენებისა. ამ მოსაზრებას მხარს უჭერს, როგორც მოვიხსენიეთ, შედარებით მაღალი ყელი გუმბათისა და ის გარემოებაც, რომ ეკლესია საზოგადოდ საკმაოდ კარგად არის შენახული. აქ ყოფილა მართლმადიდებელი სომხების, ანუ ხალკედონიტთა სომხების მონასტერი და ამით აიხსნება ქართული წარწერები ამ და სხვა ამგვარი ეკლესია- მონასტრებისა სომხეთში. მართლმადიდებელ სომხებს წირვა-ლოცვა ქართულ ენაზე ჰქონდათ და მათი მწყემსთმთავარნი ქართველი ეპისკოპოზები იყვნენ. რასაკვირველია, ყარსში, ანისში, ალაშკერტში ქართული კოლონიებიც უნდა ყოფილიყვნენ, საქართველოს ძლიერების დროს, ყოველ შემთხვევაში, მაგრამ არსებობა ქართული წარწერებისა და ქართული ეკლესიებისა ყოველთვის ქართული კოლონიის არსებობას ყოველგან არ გულისხმობს, როგორც დ.ბაქრაძე ფიქრობს, არამედ მაჩვენებელია იმისა, რომ ამ ადგილებში მართლმადიდებელნი სომხები ყოფილან. ასეთ მოვლენას უნდა ჰქონოდეს ადგილი ჩანგლშიც. მეორე მხრით, უნდა აღვნიშნოთ, მართლმადიდებელმა სომხებმა ქართულ ენაზე წირვა-ლოცვა და წარწერების მოთავსება თავიანთ ეკლესიებზე შემოიღეს უფრო გაბედულად მას შემდეგ, რაც მათი პროვინციები შემოვიდა საქართველოს საზღვრებში და მათი მფარველნი შეიქნენ საქართველოს მეფენი. ეხლა მათ აღარ ეშინოდათ გრიგორიანთა სამღვდელოების ძალმომრეობისა. ამიტომ ქართული წარწერები სომხეთში მაჩვენებელია საქართველოს ექსპანსიის, მისი პოლიტიკური ძალაუფლების გავრცელებისა ამ პროვინციებში. სამხრეთ-აღმოსავლეთის მხრით ეკლესიისა, მაღლობზე, ძველი სასაფლაოა. ერთს ქვაზე ჯვარის სახე იყო გამოქანდაკებული, მეორეზე – სომხური ვულგარული წარწერა. სხვა სასაფლაოს ქვები უბრალო იყო. ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრით ტაძრისა, პირდაპირ მთის ძირიდან გამოდის მშვენიერი წყარო. ამ წყაროს პირზე იყო დაწყობილი დიდი ქვები და მათ შორის სასაფლაოს ქვებიც. ერთზე ექვსსტრიქონიანი სომხური წარწერა იყო, რომელიც ჩვენ ფოტოგრაფიის საშუალებით გადავიღეთ და განსვენებულს ნ. მარრს გავუგზავნეთ. ეხლა გვაქვს ცნობა, ეს და სხვა ჩვენ მიერ გაგზავნილი სომხური წარწერები სპეციალისტის – პროფ. ი.ორბელის ხელშია და ალბათ მალე გამოაქვეყნებს.
-------------------------------------------------
45. Prud’hom, Hist. d’Armenie, pp. 34.35. ზაქარია ვალაშკერტელს უნდა ეკუთვნოდეს შესანიშნავი სურათებით შემკობილი სადღესასწაულო ხელნაწერი საეკლესიო მუზეუმისა (იხ.კონდაკოვი და ბაქრაძე, ოპის და სხ. გვ.166-170)
46. ყველა ფიგურა გადაღებულია ფოტოგრაფიის საშუალებით.
47. იხილე ჩვენი სომხით-საორბელოს ძეგლების წარწერები, «კავკასიონი», პარიზის გამოცემა, გვ.87–88, № 1–2.
48. კლასიკური ფორმა იყო: ქრონიკონსა.
49. ეს სრული ფორმაა; შემოკლებული იქნება: თეოდორესგან.
50. დედანში შემოკლებით არის ეს სიტყვა მოყვანილი და ამიტომ ასო „ჰ“ არ არის ნახმარი.
51. დედანში: ტრაპეზჳსაგან.
52. თავიდან აქამდის ბროსსე ასე კითხულობს:
«ქორონიკონს სნ, სახელითა ღთისაჲთა მე
გლახაკმან ეგნატო ავიღე თეოდორესგან (?) [კითხვითი ნიშანი ბროსსესია].
... (დრა) კანი. ლოცვა უკუჱთე მისდა
სალოცავად. ტრაპეზობისაგან ორთა სერობათ პური უკუდავად უცხოთათჳს.
ვინც მონასტრისა
პატრონი იყოს და წინამძღვარი, რომელსა სხვანი ძმანი
გაიღებდენ დღესასწაული, ზედაშე მნისა ჴელითა მიე-
ცემოდეს» (დანარჩენი სწორად არის წაკითხული).
ღმრთისაჲთა, ექუსთა კრებათა მადლითა და ხუთთა პტრიარქთა
ჯუარითა და თორმეტთა მოციქულთა მადლითა,
ვინ დაამტკიცოს, ჯუარი აქუს და კურხევაჲ».
53. მე-14 საუკუნეში გიორგი ბრწყინვალის დროს 1 დრაჰკანი ანუ ოქროს დინარი 6 თეთრს ანუ დრამას უდრიდა, ხოლო ერთი თეთრი იმავე დროს მერმინდელ აბაზს უდრიდა. ამიტომ 450 დრაჰკანი შეადგენდა 2700 აბაზს ანუ 540 ოქროს მანეთს (იხ.ჯავახიშვილის «ნუმიზმატიკა ანუ მეტროლოგია», გვ.54).
|