There are no translations available.
<უკან დაბრუნება
ლეილა წითლანაძე (თბილისი) - ანთროპომორფული ქანდაკებები მჭადიჯვრის გორანამოსახლარიდან // ძიებანი / საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კვლევის ცენტრი. - თბილისი, 2001. - (დამატებანი.VI), კავკასია ნეოლით-ბრინჯაოს არქეოლოგიის საკითხები (ეძღვნება პროფ. ოთარ ჯაფარიძეს დაბადებიდან 80 წლისთავის გამო). - გვ.143-147.
70-80 წლებში, დუშეთის რაიონში, მდ.ნარეკვავის მაღალ მარჯვენა ტერასაზე, სოფ.მჭადიჯვარსა და ლამოვანს შორის, ნაწილობრივ გაითხარა მრავალფენოვანი არქეოლოგიური ძეგლი მჭადიჯვრის გორა. გორა ძალზე დაზიანებული იყო, როგორც მშენებლების მიერ, ისე გარეულ ცხოველთა სოროებით. არქეოლოგიური სამუშაოების მეორე და მესამე წელს, ყველაზე მეტად დანგრეულ დასავლეთ კალთაზე მიწის ზედაპირიდან 0,7-0,8 მ სიღრმეზე დიდი რაოდენობით თავი იჩინა გამომწვარმა ბათქაშმა, მთელი ფართობი ძლიერი ხანძრის კვალს ატარებდა. ბათქაშებს შორის აღმოჩნდა ორი ანთროპომორფული ქანდაკება. ორივე ვარდისფერი თიხიდან იყო ნაძერწი, სუსტად გამომწვარი. ერთი მათგანი (სურ.1) უხეშადაა ნაძერწი და ეტყობოდა, რომ ზურგით მიძერწილი უნდა ყოფილიყო ვერტიკალურ საყრდენზე - კედელზე ან საკურთხეველზე. ხოლო მეორე შედარებით რეალისტურად, საკმაოდ მაღალ დონეზე შესრულებული (სურ.2), აშკარად პოსტამენტზე უნდა მდგარიყო (პირველი ქანდაკების ზომებია: სიმაღლე 8 სმ, მხრების სიფართე 6 სმ, სისქე 2 სმ, მეორეს სიმაღლე 12 სმ, მხრების სიფართე 8 სმ, სისქე 2 სმ.) ადრე ამავე ტერიტორიაზე შეიკრიბა მდიდრულად ორნამენტირებული თიხის ჭურჭლის ნატეხები მეორადი გამოწვის კვალით, წიდად ქცეული მცირე ზომის საგნები, სხვადასხვა თიხისაგან დამზადებული კონსტრუქციები, აგურის, ბურთის, რკალის ფორმის ბათქაშებს კარგად ეტყობოდათ ხის ანაბეჭდები. მამაკაცის ქანდაკებას ბრტყელი სახე აქვს, ამოზიდული ცხვირი1, გადაბმული წარბები, მცირე ხვრელებით გამოყვანილი თვალები, ოდნავ ღია პირი. თავზე ფართო ფარფლებიანი გადაშლილი თავსაბურავი ახურავს, რომელიც თითქოს ასხივოსნებს მის სახეს, თავსაბურავს ზემოთ, კეფაზე, რაღაც ნაწილია წატეხილი (სურ.2). არ არის გამორიცხული რომ რაიმე სოლარული ნიშანი ერთვოდა. ქანდაკებას დაბალი კისერი და საკმაოდ გაშლილი გულმკერდი აქვს, რომელიც ჩაჭდეული სვასტიკების დაბოლოებებით არის შემკული, რაც მისი ღვთაებრიობის მანიშნებელი უნდა იყოს. ცნობილია, რომ ჯვარი, სვასტიკა, ვარდული, ხვია ცის მნათობთა სიმბოლოებია და მათ ატრიბუტს წარმოადგენს. მეორე უხეშად ნაძერწი ქანდაკება არსებითად განსხვავდება ზემოთ აღწერილისგან. მას აქვს არაპროპორციული მოგრძო სახე, ასევე ნასვრეტებით გამოყვანილი თვალები, დიდი ცხვირი, პატარა, თითქოს დადებული პირი, თავზე საბურავის მაგვარი რამ აქვს შემორჩენილი, ტანი გამოუკვეთავია და ძალზე პრიმიტიულად ნაკეთები (სურ.1). თიხის მრგვალი ქანდაკებები ამიერკავკასიის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან არის ცნობილი. ისინი გენეტიკურად ადრესამიწათმოქმედო კულტურის ძეგლებს უკავშირდება. ასეთი ქანდაკებები აღმოჩენილა ხრამის დიდი გორაზე [4, გვ.15-16], შულავერის გორაზე [8, ტაბ.XV], აზერბაიჯანში შომუ-თეფეზე [12, გვ.47, სურ.1]. მსგავსი ქანდაკებები ფართოდ იყო გავრცელებული მთელს ძველ ცივილიზებულ სამყაროში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში და განასახიერებდა ბუნების მფარველ ძალას "დიდ დედას", ნაყოფიერების ქალღმერთს, რომელიც უზრუნველყოფდა ადამიანთა და ცხოველთა გამრავლებას. მათი წარმოშობა ემთხვევა ძვ.წ. VII-IV ათასწლეულებში მწარმოებლური მეურნეობისა და მიწათმოქმედების აყვავების ხანას. მათ ვხვდებით ნეოლითურ ნამოსახლარებზე ანატოლიაში, ჩათალ-ჰუიუკში [11, გვ.90] ხაჯილარში [11, გვ.100], ჩრდ. მესოპოტამიაში - ჰასუნსში [11, გვ.66], ჯარმოში [11, გვ.52]. მოგვიანო ხანაში ნაყოფიერების ქალღმერთი მზეს შეერწყმის და ამ დროს გამოჩენას იწყებს მამაკაცის გამოსახულებები, რომლებიც ძირითადად მთვარის კულტს უკავშირდება. ი.კიკვიძის სიტყვით ქალ–ღვთაება მზეს კონკურენტი უჩნდება მთვარის ღვთაების სახით, რომელიც მესაქონლეობის განვითარებასთან არის დაკავშირებული. ძველ აღმოსავლეთში ძლიერდება ფალოსის კულტი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზეც იკიდებს ფეხს [2, გვ.169]. ადრე და შუა ბრინჯაოს ხანაში დამოუკიდებელ ანთროპომორფულ მრგვალ ქანდაკებებს თითქმის არ ვხვდებით, მაგრამ ნაყოფიერების ღვთაებების, ციურ მნათობთა თაყვანისცემის არსებობაზე ბევრი ნიშანი მეტყველებს. საქართველოს ტერიტორიაზეც ძვ.წ.II ათასწლეულის ბოლოს და ძვ.წ. I ათასწლეულის დასაწყისში მრავლად იწყებს გამოჩენას მამაკაცის ითიფალური ქანდაკებები, რაც მათ საწესო ხასიათზე მეტყველებს. ქანდაკებები ზოგი დამოუკიდებელია, ზოგიერთი სხვადასხვა ნივთებთან არის დაკავშირებული. უმეტესი მათგანი ლითონისაგან არის დამზადებული, იშვიათია თიხიდან გამოძერწილი, ხშირია მხედრის გამოსახულება და გვხვდება ადამიანებისა და ცხოველების ერთობლივი გამოსახულება. მჭადიჯვრის ქანდაკება უახლოვდება უფლისციხეში, ყათლანისხევის ბორცვის მეორე ფენაში, საკულტოდ მიჩნეულ I სათავსში აღმოჩენილ ჰორელიეფს, ადამიანის სახის გამოსახულებით დ.ხახუტაიშვილი [6, გვ.19] მას ქალღმერთის გამოსახულებად მიიჩნევს. ი.კიკვიძე თვლის, რომ ჯერ კიდევ სამტკიცებელია, ყათლანისხევზე დამოწმებული ჰორელიეფი ქალია თუ მამაკაცი, „რადგან ის სიმბოლოები, რომელიც მას ახლავს, არა მარტო ქალის, მზის სიმბოლოებია, არამედ მამაკაცის, მთვარისაც“ [2, გვ.208]. სახის გადმოცემის მანერით: ბრტყელი სახით, ამოზიდული ცხვირით, ჩაჭყლეტილი თვალებით, რომელშიც ობსიდიანის ნატეხები ყოფილა ჩასმული, იგი წააგავს მჭადიჯვრის გამოსახულებას. მაგრამ უფლისციხეში აღმოჩენილ ჰორელიეფს თავზე თითქოს თმები აქვს დაწყობილი. უფლისციხის სათავსოს მთელი ინვენტარი: დამწვარ ნაგებობათა ნაშთები ბათქაშებითურთ, კერამიკა, მჭადიჯვრის გორის მასალებთან დიდ მსგავსებაზე და ერთი ტიპის ძეგლის არსებობაზე მიგვანიშნებს. უფლისციხის იმ ფენას, სადაც ანთოპომორფული ჰორელიეფია აღმოჩენილი, ძვ.წ. II ათასწლეულის მიწურულით და I ათასწლეულის დამდეგით ათარიღებენ [6, გვ.49]. სახის გადმოცემის მანერით მჭადიჯვრის ქანდაკება წააგავს თანამედროვე სომხეთში, მეწამორის საკულტო ბორცვზე აღმოჩენილ ქალის თიხის ქანდაკებას, რომელსაც პურის თავთავები ამშვენებენ. არქეოლოგ ე.ხანზადიანის აზრით, ჩვენს წინაშეა ნაყოფიერების ქალღმერთის ქანდაკება. ქანდაკებას იგი თანმხლები ინვენტარის მიხედვით, ძვ.წ. I ათასწლეულის დამდეგს მიაკუთვნებს. [13] ამ ნაკეთობას გვიან ბრინჯაოს ხანის ქანდაკებათა რიგს მიაკუთვნებს ს.ესაიანი [10, გვ.23]. ე.ხანზადიანი მეწამორის ბორცვზე სოლარული კულტების არსებობაზე მიუთითებს. მისი აზრით აქ თაყვანს სცემდნენ სირიუსს ძვ.წ. I ასწლეულში სომხეთში მრავლად ვხვდებით ქვის ქანდაკებებს, სადაც სახის ნაკვთები იგივე წესითაა გამოყვანილი, როგორც მჭადიჯვარსა და მეწამორში [10, გვ.30, ტაბ.41–65]. მჭადიჯვრის მამაკაცის გამოსახულება ანალოგებს მოგვიანო ხანის ლითონის ითიფალურ ქანდაკებათა შორის იძებნის მსგავსება ძირითადად სახის გადმოცემის მანერაშია მაგრამ ამ მონაპოვართა უმეტესობა, გარდა კახეთის აღმოჩენებისა, შემთხვევითი მონაპოვრებია. მაგალითად, მსგავსებაა ზეკარში შემთხვევით აღმოჩენილ ითიფალურ ქანდაკებასთან [1, სურ.32, 33]. სახის გადმოცემის მანერით მჭადიჯვრის ქანდაკება წააგავს კახეთში, მელაანის სამლოცველოში აღმოჩენილ, ბრინჯაოსაგან ჩამოსხმულ შეიარაღებულ, ითიფალურ ღვთაებას. სამლოცველოს არსებობის უკანასკნელ თარიღად ძვ.წ VII საუკუნეა მიჩნეული [3, გვ.122]. მჭადიჯვრის ქანდაკება სახის გადმოცემის წესით წააგავს მოგვიანო პერიოდის I ათასწლეულის შუა ხანების ყაზბეგის განძში შემავალ ითიფალური ქანდაკებების ერთ ჯგუფს, ძეწკვზე ჩამოკიდებულ გამოსახულებებს, რომლებიც ხატის მსახურებად იყო მიჩნეული [5, 33, სურ.VII]. ამ ქანდაკებათაგან სამს ზურგზე და სხეულის უკანა ნაწილზე ორმაგი ხვიები აქვთ, რითაც ციურ სამყაროს უკავშირდებიან. მჭადიჯვრის ქანდაკება ღვთაებათა კატეგორიას უნდა მივაკუთვნოთ. ღვთაებრიობის ნიშნად მიგვაჩნია თავსაბურავი, რომელიც ქანდაკებას შარავანდედივით აქვს თავზე გადაშლილი. მსგავსი თავსაბურავი, მხოლოდ უფრო დიდი ზომის, ამკობს მჯდომარე ქალღმერთის ქანდაკებასაც, რომელიც აღმოჩენილია ალიშარ–ჰუიუკის ძვ.წ. XIV-XIII სს. დათარიღებულ ფენაში [14, გვ.92, სურ.131]. სვასტიკის ბოლოები, რომლითაც შემკულია ჩვენი ქანდაკების მკერდი, პარალელებს უძველეს, ჩრდ.მესოპოტამიის ძვ.წ. VI-V ათასწლეულის სამარის კულტურის წიაღში იძებნის. მაგ. ერთ-ერთი ჯამის მოხატულობაში ვხედავთ ამ ორნამენტს [11, გვ.65, სურ.18K]. ბორჯომის რაიონში, ბორნიღელეში გათხრილ ორმოსამარხებში აღმოჩნდა ბრინჯაოს დისკოსებრი საკიდები, რომელთაც სვასტიკათა ბოლოები ამკობს. ამ საკიდებს ძვ.წ. XV-XIV სს. ათარიღებენ [9, გვ.31-36]. დისკოებს მზის კულტს უკავშირებენ. სვასტიკებსა და სვასტიკის ბოლოებს ვხვდებით ყათლანისხევში აღმოჩენილ საბეჭდავებსა და სხვა სარიტუალო ნივთებზე [6, ტაბ.XIII4,7]. რომელ ღვთაებას განასახიერებდა მოცემული ქანდაკება, ჯერჯერობით ძნელი დასადგენია. ივ.ჯავახიშვილი წერდა, რომ ქართველ ტომთა შორის ძლიერი იყო მთვარის კულტი, რისთვისაც მოჰყავს სტრაბონის ცნობები, რომ ფრიგიასა და პონტოში, სადაც ერთ დროს ქართველი ტომები ცხოვრობდნენ მთვარის თაყვანისცემა ყოფილა გავრცელებული. შემონახულია მისი გამოსახულებაც, სადაც იგი მოცემულია ქვეყნის მპყრობელობის აღმნიშვნელი სფეროთი ხელში. იგი ზეცისა და ქვეყნის ბატონია, აძლევს დედამიწას უხვ მოსავალს, ხოლო ადამიანებს მფარველობს [7, გვ.59]. მეორე ადგილზე სტრაბონი ეხება რა ალბანელებს წერს: ალბანელები ღმერთებივით თაყვანს სცემენ მზეს, ზევსს და მთვარეს, მეტადრე მთვარეს. მთვარის ტაძარი იბერიის მახლობლად მდებარეობს. მეფის შემდგომ ყველაზე პატივცემულ კაცად ითვლებოდა ის, ვინც ტაძარს ემსახურებოდა და ხატის ყმების უფროსად ითვლებოდა ივ.ჯავახიშვილის აზრით ალბანეთის ერთი ნაწილი, სახელდობრ იბერიის მოსაზღვრე ადგილი, ქართული მოდგმის ხალხით იყო დასახლებული და ის ტაძარი, რომელიც სტრაბონის სიტყვით იბერიის საზღვარზე მდებარეობდა, შეიძლება სწორედ კახეთში ყოფილიყო [7, გვ.51]. შემდგომი კვლევისას ივ.ჯავახიშვილი ასკვნის, რომ მთვარის ადგილი, რომელიც ქართველთა მთავარი ღვთაება იყო, წმ.გიორგიმ დაიკავა [7, გვ.50]. რასაკვირველია, ეს ქართველ ტომთა სულიერი სამყაროს განვითარების გვიანდელ საფეხურს ეკუთვნის. რაც შეეხება პირველ ქანდაკებას, სავარაუდოა, რომ იგი საგანგებოდ არის ასე სქემატურად დამზადებული. ასეთივე სურათს ვხედავთ მეწამორის საკულტო ბორცვზეც. არქეოლოგი ე.ხანზადიანი ფიქრობს [13], რომ აქ გატარებულია დამოუკიდებლობის, შეუცნობადობის მიუღწევლობის პრინციპი და ამიტომ ასეთი ქანდაკებები საგანგებოდ არის დამზადებული. ამგვარად, მჭადიჯვრის გორაზე აღმოჩენილი იყო ქართველ ტომთა უძველეს რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული გამოსახულებები, რომელიც ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლოს და I ათასწლეულის დასაწყისს უნდა მივაკუთვნოთ. ხოლო თვით გორა გვიანბრინჯაო-ადრე რკინის ხანაში წარმოადგენდა რელიგიურ - ადმინისტრაციულ ცენტრს, მსგავსს ყათლანისხევის, ხოვლეგორასი, ნაცარგორისა.
L. Tsitlanadze
(Tbilisi)
ANTHROPOMORPHIC FIGURINES FROM MCHADIJVARI
(Summary)
A multilayered settlementhill of Mchadijvari Kvemo Gora (Lamovanis Gora) was excavated on the high bank of the river Narekvavi, near the village of Mchadijvari (Dusheti district). Two anthropomorphic clay figurines were brought to light in the mass of fired plastering found on the western - extremely damaged slope of the hill. One of them was a roughly shaped human figure, while the other figurine proved a realistically treated male bust with swastica-shaped incisions on its chest and wearing high headdress. The technique of modelling the man's face resembles the female high relief from Uplistsikhe sanctuary dated to the end of the 2nd-beginning of the 1St millennium BC as well as a statuette of the goddess of fertility from the cult monument Metsamor (Armenia) belonging to the beginning of the 1St millennium BC. In the treatment of facial features, the Mchadijvari figurine bears analogies with the later bronze anthropomorphic images from Zekari, Melaani, Qazbegi, dated to the beginning and mid-1St millennium BC The halo-shaped headdress of the male statuette, swastica-shaped incisions on its chest, pottery, cult articles collected in the excavation area, would seem to suggest that we are dealing with an astral deity of the local pantheon of the end of the 2nd-beginning of the 1St millennium BC.
ლიტერატურა
1. ამირანაშვილი შ. ქართული ხელოვნების ისტორია. თბ., 1944.
2. კიკვიძე ი. მიწათმოქმედება და სამიწათმოქმედო კულტები ძველ საქართველოში. თბ., 1976.
3. ფიცხელაური კ. აღმოსავლეთ საქართველოს ტომთა ისტორიის ძირითადი პრობლემები (ძვ.წ. XV-VII). თბ., 1973.
4. ღლონტი ლ., კიღურაძე თ., ჯავახიშვილი ა. ხრამის დიდი გორის ანთროპომორფული ქანდაკებები. — ძმ, №33, თბ., 1973, გვ.16.
5. წითლანაძე ლ. ხევის არქეოლოგიური ძეგლები. თბ., 1976.
6. ხახუტაიშვილი დ. უფლისციხე. თბ., 1964.
7. ჯავახიშვილი ივ. ქართველი ერის ისტორია, I თბ., 1951.
8. ჯაფარიძე ო., ჯავახიშვილი ა. ქვემო ქართლის არქეოლოგიური ექსპედიციის შედეგები (1965-1966). – მაცნე, №3, 1967, გვ.292-298.
9. Гамбашидзе О. С., Квижинадзе К. И., Абрамишвили М. Р. Отчет о работе Месхет -Джавахетской экспедиции в 1982. - ПАИ, 1982 (1985), с.31-36.
10. Есаян С. А. Скульптура древней Армении. Ереван, 1980.
11. Мелаарт Дж. Древнейшие Цивилизации Ближнего Востока. М., 1982.
12. Нариманов И. Г. Археологическое исследования поселения Шому-Тепе в 1963. Археологические исследования в Азербайджане, Баку, 1968, с.45-53.
13. Ханзадян Э. В. Культовые памятники Мецамор. Ереван, 1978.
14. The Anatolian Civilizations Museum, Catalogue, Ankara.
Description of the Figures
Fig.1-2 - Anthropomorphic figurines from Mchadijvari settlement.
-------------------------------------------------------
1 ქანდაკებას ცხვირი დაზიანებული აქვს.
|