topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
რუკები

 

ო. ჯაფარიძე, ა. ჯავახიშვილი - უძველესი სამიწათმოქმედო მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე

<უკან დაბრუნება

 

ოთარ ჯაფარიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი - უძველესი მიწათმოქმედო მოსახლეობის კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე //გამომცემლობა "საბჭოთა საქართველო", თბილისი, 1971.

(5) ადამიანის გაჩენის პირველი დღიდანვე მის ძირითად საზრუნავს საარსებო საშუალების საკვების მოპოვება წარმოადგენს. ცნობილია, რომ განვითარების პირვანდელ საფეხურზე, ძველი ქვის ხანაში პალეოლითის დროს, კაცობრიობა საკვებს მზამზარეული სახით ბუნებიდან იღებდა (აგროვებდა სხვადასხვა ნაყოფს, ნადირობდა და სხვა); ეს იყო შეგროვებითი მეურნეობის ხანა. ქვის ხანის შემდგომ საფეხურზე - ახალი ქვის ხანაში, ე.ი. ნეოლითის ეპოქაში, ადამიანი თანდათანობით გადადის წარმოებით მეურნეობაზე; ისახება მეურნეობის ის ძირითადი დარგები მიწათმოქმედება და მესაქონლეობა, რომლებიც კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე უზრუნველყოფენ მას საკვები პროდუქტებით. ამ დროიდან ადამიანი უკვე აღარაა მთლიანად დამოკიდებული ბუნების მზა რესურსებზე; მას შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს ბუნებაზე და კონტროლი გაუწიოს საკვებით მომარაგებას. მეურნეობის ახალი ფორმების განვითარებამ უაღრესად მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში. რადიკალურად შეიცვალა ცხოვრების წესი. ადამიანი დამკვიდრდა მიწაზე - გაჩნდა მყარი დასახლებები ხელოვნური ბინებით; ვითარდება საწარმოო საშუალებები; ჩნდება თიხის ჭურჭელი - კერამიკული წარმოება მიწათმოქმედება და მესაქონლეობა დოვლათის დაგროვებისა და გაზრდის საშუალებას იძლეოდა, რაც ბიძგს აძლევდა საზოგადოებრივი ურთიერთობის განვითარებას. ბუნებასთან მჭიდრო კავშირი, მისი მოვლენების ახსნა და მასზე ზეგავლენა, ცოდნის გაღრმავება, იწვევდა გარდატეხას ადამიანის აზროვნებაში; იზრდება მისი სულიერი სამყარო. ახალმა ეკონომიკამ მოსახლეობის სწრაფი გამრავლება გამოიწვია. ამრიგად, კაცობრიობის ისტორიაში არცთუ ისე ბევრი მოვლენის ჩამოთვლა შეიძლება, რომლებიც თავისი მნიშვნელობითა, და შედეგებით გაუტოლდებოდა მეურნეობის ამ ახალი, პროგრესული (6) ფორმის დამკვიდრებას ამ მოვლენას საზოგადოებრივ ცხოვრებაში ცნობილმა ინგლისელმა არქეოლოგმა გ.ჩაილდმა მოსწრებულად უწოდა ნეოლითური რევოლუცია. ზემოაღნიშნულ ეკონომიურ და მასთან დაკავშირებულ სოციალურსა და კულტურულ გარდაქმნებში წამყვანი მაინც მიწათმოქმედებაა. ამიტომ განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ადრეული მიწათმოქმედი საზოგადოების ჩასახვისა და განვითარების საკითხების შესწავლა. სად და როდის წარმოიქმნა მეურნეობის ეს ახალი ფორმა? რა წინა პირობები უძღოდა ამ პროცესს? როგორი იყო მისი განვითარების გზები? და სხვ.

ყოველივე ეს დღეს მეცნიერული კვლევის ერთ-ერთი ძირითადი საგანია. ამ საკითხზე ერთი გარკვეული აზრი არ არსებობს; ერთი კი ცხადია - ეკონომიური რევოლუცია, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა საზოგადოების ცხოვრება, უნდა მომხდარიყო იქ, სადაც საამისო ხელსაყრელი პირობები არსებობდა. როგორც ჩანს, მეურნეობის ახალ ფორმაზე გადასვლა ერთ ადგილასა და ერთდროულად არ უნდა მომხდარიყო; ნეოლითური რევოლუცია ერთი საზოგადაოებრივი კოლექტივის მონაპოვარი როდი იყო. იგი ხდებოდა სხვადასხვა დროს, ხელსაყრელ ბუნებრივ, გეობოტანიკურ გარემოში, საზოგადოების განვითარების სათანადო დონის პირობებში. რა თქმა უნდა, მარტო ბუნებრივი პირობები საკმარისი არ იქნებოდა ნეოლითური რევოლუციისათვის, - თვით საზოგადოება უნდა ამაღლებულიყო ისეთ დონემდე, რომ შესაძლებელი გამხდარიყო მეურნეობის ახალ ფორმაზე გადასვლა. ამიტომ, ხელსაყრელ ბუნებრივ პირობებში, იქ, სადაც საზოგადოება უკვე მზად იყო საამისოდ, წარმოებით მეურნეობაზე გადასვლა ადრე მოხდა; ზოგან კი - რამდენადმე უფრო გვიან. სათანადო მონაცემების საფუძველზე სადღეისოდ მიწათმოქმედების წარმოქმნის რამდენიმე დამოუკიდებელ ცენტრს გამოყოფენ. ამათგან, ერთ-ერთი უძველესი - წინააზიური ცენტრი უნდა ყოფილიყო. აქ მთელ რიგ ოლქებში ყველა პირობა არსებობდა ნეოლითური რევოლუციისათვის. ამ ცენტრის შიგნით შესაძლებელია ადრემიწათმოქმედი კულტურის რამდენიმე დამოუკიდებელი კერის გამოყოფა. უძველესი სამიწათმოქმედო კულტურები გამოვლენილია სირია - კილიკიაში, ანატოლიაში, პალესტინაში, ჩრდილო ერაყში, ამიერკავკასიაში და ირანში, რომელთანაც მჭიდროდაა დაკავშირებული (7) შუა აზიის ადრეული სამიწათმოქმედო კულტურები. ცხადია, წინა აზიაში მეურნეობის ახალ ფორმაზე გადასვლა ყველგან ერთდროულად არ მომხდარა; ეს საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პროცესი იყო. დამჯდარი მიწათმოქმედი კულტურების ჩამოყალიბებას აქ წინ უძღოდა მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის ჩასახვის საფეხური, რომელიც საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა და რამდენიმე ათასწლეულს გრძელდებოდა (X-VII ათასწლეული ძვ.წ.) სირია-პალესტინაში ამ კულტურის წარმოქმნას წინ უძღოდა ე.წ. ნატუფის კულტურა, რომელიც მეურნეობის ახალი ფორმების ზღურბლზე იდგა. ასეთივე საფეხური წინ უძღოდა აგრეთვე ჩრდილო ერაყის ადრემიწათმოქმედ კულტურებს (შანიდარი, ქიარიმ-შაჰირი). ანალოგიური პროცესი მიმდინარეობდა წინა აზიის სხვა ოლქებშიც და იქმნებოდა პირობები ნეოლითური რევოლუციისათვის. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, ეკონომიკის ახალ ეტაპზე გადასვლა წინა აზიაში ყველაზე ადრე სირია - პალესტინაში (იერიქოში) მოხდა. მეურნეობის ახალი, პროგრესული ფორმის წარმოქმნის ერთ-ერთი დამოუკიდებელი კერა უნდა არსებულიყო წინააზიური სამყაროს ჩრდილო ზოლში - ამიერკავკასიაში. როგორც ცნობილია, ეს მხარე ერთ-ერთი იმ ოლქთაგანი იყო, სადაც მიმდინარეობდა ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბების პროცესი. სადღეისოდ აქ კარგადაა ცნობილი ძველი ქვის ხანის - პალეოლითის ადრეული ძეგლები ხელსაყრელი ბუნებრივი გარემო, შეგროვებისა და ნადირობისათვის არსებული კარგი პირობები ხელს უწყობდა საზოგადოების თანდათანობით წინსვლას. პალეოლითის გვიანდელ საფეხურზე ამიერკავკასიის სხვადასხვა ოლქები უკვე კარგად ათვისებული ჩანს. ამ დროისათვის განსაკუთრებით ინტენსიურად სახლდება ის ტერიტორია, რომელიც შემდეგში ქართველ ტომთა ძირითადი ადგილსამყოფელი გახდა (დაახლოებით საქართველოს დღევანდელი ტერიტორია). შემგროვებლობა და ნადირობა, რომელიც ამ დროისათვის ადამიანის ძირითად საქმიანობას წარმოადგენდა, სავსებით აკმაყოფილებდა მის მოთხოვნილებებს. შესაძლოა ეს იყო იმის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ამას ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, რომ აქ ერთგვარად შეფერხდა ეკონომიკის ახალ ფორმებზე გადასვლა. მაგრამ ხელსაყრელ (8) ბუნებრივ პირობებს შეუძლებელია, ბოლოს და ბოლოს, არ მიეყვანა საზოგადოება ნეოლითურ რევოლუციამდე. ამიერკავკასიაში, წინა აზიასთან შედარებით, მიწათმოქმედების წარმოქმნის განსხვავებული პირობები იყო. წინა აზიაში წარმოებით მეურნეობაზე გადასვლისათვის ხელსაყრელი პირობები უფრო წინა და შუა მთის ზოლში არსებობდა; ბარის ათვისება აქ უფრო გვიან ხდება, ხელოვნური რწყვის გამოყენებით. მშრალი, უნალექო ჰავის გამო აუცილებელი იყო ნიადაგში სინოტივის ხელოვნურად შეტანა; ამიტომაცაა, რომ წინა აზიაში ადრიდან ვითარდება ირიგაცია. ეს და, აგრეთვე, მიწის დამუშავების რაციონალური წესების გამოყენება, სათესი ფართობების შედარებითი სიმცირის მიუხედავად, მოსახლეობას საშუალებას აძლევდა ერთ ადგილას ათასწლეულების მანძილზე ეცხოვრა. ამის გამო აქ წარმოიქმნა ის მრავალფენიანი ბორცვები - თელები, თეფეები, ჰუიუკები, რომლებითაც ასე მდიდარია წინა აზია და, რომელთა არქეოლოგიური შესწავლის შედეგად გამოვლენილი იყო ძველი აღმოსავლური სამყაროს ადრეული ისტორიის უმნიშვნელოვანესი მასალები. ამიერკავკასიაში, სადაც მთა ერთბაშად გადადის ბარში, ზომიერი კლიმატის პირობებში. მიწათმოქმედება ბარშიც ადრევე იწყება. აქ, სხვადასხვა ოლქებში ადრესამიწათმოქმედო კულტურები უპირატესად ბარის ზოლშია გამოვლენილი. საფიქრებელია, რომ ამიერკავკასიაში მიწათმოქმედების რამდენიმე კერა არსებობდა და არც ისაა გამორიცხული, რომ ეს პროცესი აქ ერთდროულად არ მიმდინარეობდა. სადღეისოდ არსებული მასალების მიხედვით, ადრეული სამიწათმოქმედო კულტურები დასტურდება დასავლეთ საქართველოს ბარში, ქვემო ქართლის ვაკეზე, მილის, ყარაბაღისა და მუღანის ველებზე არარატის ველზე. ამიერკავკასიის ზემოდასახელებულ რაიონებში მნიშვნელოვნად განსხვავებული ბუნებრივი პირობებია, რასაც არ შეიძლება გავლენა არ მოეხდინა. ადგილობრივი მეურნეობის ხასიათზე. აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, მილისა და ყარაბაღის რაიონში, სადაც გამოვლენილია ადრემიწათმოქმედო ტომების კულტურა, საზოგადოების განვითარების პირობები მეზობელი ქვემო ქართლისაგან რამდენადმე განსხვავდება. აქ მიწათმოქმედება, ჩანს, უფრო ხელოვნურ რწყვაზე იყო დამყარებული და ამის გამო ხასიათით წინააზიური მეურნეობის ტიპს უახლოვდება. (9) მოსახლობა აქაც შედარებით დიდხანს ცხოვრობს ერთსა და იმავე სამოსახლოზე, რის გამოც ისინი უფრო მრავალი და მძლავრი კულტურული ფენებით გამოირჩევა. ქვემო ქართლში, შედარებით ზომიერი კლიმატის გამო, ადრეულ ხანაში მიწათმოქმედება ძირითადად დამყარებული იყო არა ხელოვნურ რწყვაზე, არამედ უფრო ნიადაგის სინოტივის სხვადასხვა ხერხებით შენარჩუნებაზე. შესაძლებელია ამით აიხსნას ის, რომ აქაურ ადრეულ ნამოსახლარებზე ერთი კულტურის მატარებელი საზოგადოების რამდენიმე თაობა იჯდა: ამ კულტურის ჩაქრობის შემდეგ კი ნამოსახლარებზე ცხოვრების კვალი აღარ ჩანს. სამიწათმოქმედო მეურნეობის ხასიათი ქვემო ქართლში გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს მცირეაზიულ - ანატოლიურ ტიპთან, სადაც აგრეთვე ძირითადად ურწყავი მიწათმოქმედება ვითარდება. მიწათმოქმედების ჩასახვისათვის ამიერკავკასიაში ხელი უნდა შეეწყო იმას, რომ აქ უხვად მოიპოვება საკვები მცენარეულობა. ეს მხარე მრავალი ხორბლეული ჯიშის სამშობლოდ ითვლება. აქ დღესაც მოიპოვება ხორბლეულის ველური ფორმები; ცნობილია ისეთებიც, რომლებიც გარდამავალ საფეხურს წარმოადგენენ ველურ და კულტურულ ფორმებს შორის. ასეთად შეიძლება, ჩაითვალოს მახა, რომელიც ბოლო დრომდე იყო შემორჩენილი რაჭა-ლეჩხუმში. ხორბლეულის ეს სახეობა, როგორც არქეოლოგიურთ გათხრებით დასტურდება, უძველესი ხანიდან ყოფილა ცნობილი და ქართველმა ხალხმა ის დღევანდლამდე მოიტანა. ამიერკავკასიაში ძველთაგანვე მეტად გავრცელებული ყოფილა რბილი ხორბალი. მისი ნაშთები აქ კარგადაა ცნობილი ძვ.წ. III ათასწლეულის მტკვარ-არაქსის კულტურაში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ რბილი ხორბლის ძირითადი კერა ამიერკავკასია უნდა ყოფილიყო; აქ რბილი ხორბლის დიდი მრავალსახეობა გვხვდება. რბილი ჯიშის ხორბლეულს ჩვენში დღესაც წამყვანი ადგილი უჭირავს. ქართული დოლის პური, რომელიც რბილი ჯიშის ხორბალს მიეკუთვნება, როგორც აღნიშნავენ, ქართველი მიწათმოქმედის პირმშოა. ნიშანდობლივია, რომ საქართველოში  კარგადაა წარმოდგენილი ადგილობრივი, ენდემური ჯიშები. აქაა ჩასახული და ჩამოყალიბებული, მახას გარდა, ზანდური, დიკა და სხვა ფორმები. ამიერკავკასია და საქართველო, მთელი რიგი მკვლევარების მიერ შეყვანილია ხორბლის წარმოშობის ძირითად ოლქში; (10) ზოგიერთი იმასაც აღნიშნავს, რომ წინა აზიაში მიწათმოქმედება და კულტურული მცენარეები ამიერკავკასიიდან გავრცელდა.

ქართველთა წინაპრებმა არა მარტო პურეული ჯიშების გამოყვანაში შეასრულეს დიდი როლი, არამედ მათ გარკვეული ღვაწლი დასდეს მეხილეობისა და მევენახეობის განვითარებას. ამიერკავკასიაში ხილეულის გასაოცარი მრავალსახეობაა. დღესაც კარგადაა ცნობილი ვაშლის, მსხლის, ბალის, კომშისა და სხვა ხილის გარეული ჯიშები. მკვლევართა ნაწილი ამიერკავკასიას მიიჩნევს (11) ევროპის ზოგიერთი ხილეულის სამშობლოდ. ბაღი და ვენახი ქართველი კაცის ერთ-ერთი ძირითადი საზრუნავი იყო. რა თქმა უნდა, მემინდვრეობასთან შედარებით სოფლის მეურნეობის ეს დარგი რამდენადმე ახალი იყო, მაგრამ მიწათმოქმედების დაწინაურებას არ შეიძლება გარკვეული გავლენა არ მოეხდინა მეხილეობის განვითარებაზე. მეხილეობა ამიერკავკასიაში მოსახლე ტომების ეკონომიკაში და ყოფაში ადრიდან ასრულებს მნიშვნელოვან როლს. ამ ტომებმა უთუოდ დიდი ღვაწლი დასდეს მიწათმოქმედების დაწინაურებას და წინა აზიის სხვა ხალხებთან ერთად გარკვეული წვლილი შეიტანეს სასოფლო-სამეურნეო კულტურების განვითარებაში. ქვემო ქართლის ბარი ადამიანის მიერ ათვისებული ჩანს უკვე ქვის ხანის ადრეული საფეხურიდან; ამ ხანის ნაშთები აღმოჩენილი იყო მარნეულის რაიონში, წოფთან. ცნობილია აგრეთვე ძველ და ახალ ქვის ხანებს შორის გარდამავალი საფეხური (მეზოლითი). შესაძლოა, რომ სწორედ ამ მეზოლითური კულტურის მატარებელმა ტომებმა შექმნეს ქვემო ქართლის ბარში ადრესამიწათმოქმედო საზოგადოების ჩამოყალიბების საფუძველი. დასავლეთ საქართველოში, განსხვავებული ბუნებრივი პირობების გამო, მიწათმოქმედება თავისებური გზით უნდა წარმართულიყო. სუბტროპიკული ჰავა შეგროვებითი მეურნეობისათვის კარგ პირობებს ქმნიდა. ამიტომაცაა, რომ უკვე ძველი ქვის ხანაში ეს კუთხე საკმაოდ ინტენსიურად ათვისებული ჩანს. ამ გარემოებას არ შეიძლება ზემოქმედება არ მოეხდინა წარმოებით მეურნეობაზე გადასვლის ტემპზე, არ შეენელებინა ეს პროცესი. მიწათმოქმედების ჩამოყალიბებისა და განვითარების პირველ ხანებში აქ თანაარსებობდა მეურნეობის, ძველი და ახალი ფორმები: ამის გამო, დასავლეთ საქართველოში ადრემიწათმოქმედი საზოგადოება ნეოლითის საფეხურზე უფრო დიდხანს დარჩა. უკანასკნელი ხანების აღმოჩენების შედეგად ჩანს, რომ ყვირილის ზემო წელზე, რომელიც უშუალოდ ემიჯნება აღმოსავლეთ საქართველოს, რამდენადმე თავისებური ვითარება შეიქმნა. ეს რაიონი ძველი ქვის ხანის გვიანდელ, ადრეგვაროვნული საზოგადოების არსებობის საფეხურზე განსაკუთრებით მჭიდროდაა დასახლებული და ამ პერიოდის ბოლოსათვის ადგილობრივი რესურსები შეგროვებითი; მეურნეობებისათვის აღარ არის საკმარისი. შუა მთის ზოლის პირობებში, რომელიც (12) ხელსაყრელი იყო მიწათმოქმედების ჩასახვისათვის, დასავლეთ საქართველოში, სხვა რაიონებთან შედარებით, წარმოებით მეურნეობაზე გადასვლა უფრო სწრაფად ხდება. ამისათვის ერთგვარად უნდა შეეწყო ხელი აღმოსავლეთ საქართველოსთან ახლო ურთიერთობას. როგორც ვნახეთ, ამიერკავკასიაში ადრემიწათმოქმედი მეურნეობის რამდენიმე კერის გამოყოფა შეიძლება. მათგან ერთ-ერთი უადრესი კერა უნდა არსებულიყო ქვემო ქართლის ბარში, ამიტომ, ამ კუთხის არქეოლოგიურ კვლევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ტომების უადრესი ისტორიის შესწავლისათვის. (13) ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, რომ ამიერკავკასია უძველეს ხანაში წინა აზიის განუყრელი ნაწილი იყო იმის გამო, რომ ნეოლითური რევოლუციის, ამ უდიდესი მოვლენის მიმდინარეობა და შედეგები სადღეისოდ უკვე კარგადაა გამოვლენილი და შესწავლილი. წინა აზიის დაწინაურებულ ოლქებში და რათა უფრო გასაგები იყოს ამიერკავკასიაში ამ მოვლენის ხასიათი, მოკლედ მიმოვიხილავთ წინა აზიის ადრესამიწათმოქმედო კულტურებს.

თავი I

ადრესამიწათმოქმედო კულტურები წინა აზიაში

(14) რას წარმოადგენდა ადრემიწათმოქმედი ტომების დასახლებები? დღეს ამ კითხვაზე საკმაოდ გარკვეული პასუხის გაცემა შეიძლება სხვადასხვა ადგილას, კერძოდ, მახლობელ აღმოსავლეთში, შუა აზიასა და კავკასიაშიც უკანასკნელი ათეული წლების განმავლობაში გათხრილი და შესწავლილია არა ერთი ნამოსახლარი, რომელიც წარმოებითი მეურნეობის ჩასახვისა და განვითარების პირველ ხანებშია გაჩენილი. აქ აღმოჩენილი შენობები, შრომის იარაღები და სხვა ნივთიერი ნაშთები საკმაოდ ცხადად ასახავენ მოსახლეობის ცხოვრების პირობებსა და წესს, რაც საზოგადოების ეკონომიური, სოციალური და კულტურული განვითარების დონის გარკვევის საშუალებას იძლევა. მოპოვებითი მეურნეობის პირობებში, ე.ი. მაშინ, როდესაც საზოგადოება ნადირობითა და საკვების შეგროვებით ცხოვრობდა, საკვების საშოვნელად აუცილებელი იყო ერთი ადგილიდან მეორეზე გადასვლა. ერთ ადგილას ცხოვრება და მუდმივი ბინის გამართვა ადამიანმა მაშინ დაიწყო, როცა ერთობლივი შრომის გამოცდილების დაგროვებისა და შრომის იარაღის გაუმჯობესების შედეგად, შესაძლებელი გახდა არა მარტო საყოველდღეო საკვების მოპოვება, არამედ მისი მარაგის დაგროვებაც. ცხადია, ეს ხდებოდა პირველ რიგში იქ, სადაც შესაფერისი ბუნებრივი პირობები: საკმაოდ ზომიერი ჰავა, საკვებად გამოსადეგი უხვი მცენარეულობა და ცხოველების სიმრავლე იყო. ასეთ პირობებში ერთ ადგილას ცხოვრება ბიძგს აძლევდა საკვების მოპოვების ახალ წესს - ცხოველების მოშინაურებასა და მცენარეების ხელოვნურად გამოყვანას, წარმოებითი მეურნეობის (16) ჩასახვას. მართლაც, ძვ.წ. X-IX ათასწლეულების მიჯნის წინა ნეოლითურ ნამოსახლარებზე, სადაც ეჭვმიუტანლადაა დადგენილი საცხოვრებელი შენობების არსებობა, ჩანს საკვების შესანახი ორმოები და მცენარეულის მათ შორის მარცვლეულის საკვებად მოსამზადებელი იარაღი; მაგრამ იქ ჯერ კიდევ არ არის მცენარეულის კულტივირებისა და ცხოველების მოშინაურების უტყუარი ნიშნები. ასეთ ნასახლართა რიცხვს ეკუთვნის, კერძოდ, ზავი-ჩამი (ზაგროსის მთისძირა ზოლში, შანიდარის გამოქვაბულის ჩრდილოეთით), სადაც აღმოჩენილია ქვის  საძირკველზე დამყარებული ოვალური ან წრიული წნული თიხალესილი შენობები კერებით სამეურნეო ორმოები, სანაყები, მიკროლითური იარაღები, ძვლის გრავირებული ნივთები, საკიდები და სამკაულები, რაც იმას მოწმობს, რომ ადამიანს უკვე შეუძლია საკვების შოვნის გარდა სხვა რამეზედაც იზრუნოს. მაგრამ აქ არ არის არც კულტურული მცენარეებისა და არც შინაური ცხოველების ნაშთები. მძლავრი პროტონეოლითური კულტურა ამავე ხანაში პალესტინასა და იორდანიაშიც არსებობდა. ის ცნობილია ნატუფის კულტურის სახელწოდებით, პირველადი აღმოჩენის ადგილის მიხედვით.

ამ კულტურის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანი ნამოსახლარი ეინანი, რომელიც ულეჰის ტბასთან მდებარეობს, წარმოადგენდა მოზრდილ სოფელს, გაშლილს სულ ცოტა 2000 კვადრატულ მეტრზე, სამი ძირითადი ფენით, რომელთაგან ყოველი შეიცავს მრავალ სამშენებლო დონეს. ორმოცდაათამდე სახლი დგას მოედნის ირგვლივ, სადაც გამართულია საკვების მარაგის შესანახი ორმოები. შენობები აქაც წრიულია; ქვის საძირკველზე დადგმულია წნული, თიხით შელესილი სახლები, ცენტრალური ბოძითა და კერით; იატაკის ქვეშ ხშირად მოწყობილია ბავშვების სამარხები, რომლებშიც ჩატანებულია სხვადასხვა ნივთები და სამკაულები. მაგრამ მიწათმოქმედებისა და მესაქონლეობის ნაშთები არც აქ მოიპოვება. ამ მხრივ მეტად საყურადღებოა პალესტინის კიდევ ერთი სახელგანთქმული მრავალფენიანი ნამოსახლარი - იერიქონი. მოსახლეობა ამ ადგილას თავდაპირველად სწორედ პროტონეოლითურ ხანაში გაჩენილა. ნასოფლარის სიღრმეში, უშუალოდ ყამირის თავზე აღმოჩნდა ნატუფის კულტურის პატარა ნასოფლარის ნაშთები. დაახლოებით IX ათასწლეულის ბოლოსათვის თავდაპირველი ნასოფლარის თავზე (17) წარმოშობილა დიდი დასახლება - "ქალაქი", როგორც მას უწოდებენ იმის გამო, რომ მცირე ხნის შემდეგ მას შემოავლეს მძლავრი გალავანი კოშკებით. იერიქონის ასეთი უეცარი და მძლავრი აღმავლობის ერთ-ერთ მიზეზად სწორედ მიწათმოქმედების გაჩენას თვლიან. იერიქონის ახალი დასახლება, რომელიც გაშენებულია ნატუფის ნასოფლარზე, შედგება ქვის საძირკვლებზე დამყარებული ალიზის შენობებისაგან; მათი უმრავლესობა წარმოადგენს 4-5 მ დიამეტრის წრიული ან ოვალური გეგმის თითო ოთახს, დახურულს თიხით შელესილი წნული გუმბათებით; ზოგიერთი შეობა სამი ან მრავალი ოთახისაგანაც კი შედგება; მერვე ათასწლეულის დამდეგისათვის აუცილებელი გამხდარა დასახლების გამაგრება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ აქ დაგროვილი იყო დოვლათი, რომელიც დაცვას საჭიროებდა. ამ დროის სამოსახლოს უკვე ეკავა 5 ჰექტარზე მეტი ფართობი, რომელზედაც დაახლოებით 2000-მდე სული ცხოვრობდა. სიმაგრე წარმოადგენდა 8,5 მ სიგანისა და 2,1 მ სიღრმის თხრილით გარშემოვლებულ ქვის გალავანს, ზედ დაშენებული ალიზის კედლებითა და კოშკებით; ერთ-ერთი გათხრილი ქვის კოშკის სიმაღლე 8 მ აღემატება. ეს გამაგრება რამდენიმეჯერ ყოფილა დანგრეული და განახლებული, და მისი სიდიდეც, ნაწილობრივ, რამდენიმე სამშენებლო ფენის არსებობით აიხსნება. ასეთი დიდი და მძლავრი გამაგრების მშენებლობა მოითხოვდა არა მარტო დიდძალ მუშახელს, არამედ გარკვეული გეგმით მისი შრომის ორგანიზაციასა და ხელმძღვანელობას. რა თქმა უნდა, შეგროვებითი მეურნობა ვერ იქნებოდა ამდენად დაწინაურებული საზოგადოებისათვის საკმარისი და, ამიტომ აქ საკმაოდ. განვითარებული მიწათმოქმედების არსებობაც უნდა ვივარაუდოთ; გასათვალისწინებელია იერიქონის ხელსაყრელი მდებარეობა სავაჭრო ძველთაძველ გზაზე, რაც ხელს უწყობდა, როგორც ჩანს, ხელოსნობის სხვადასხვა დარგებისა და ვაჭრობის გაძლიერებას. თუმცა იერიქონი განსაკუთრებული სიმძლავრით გამოირჩევა, ის ამ ხანის ერთადერთი ნამოსახლარი არ არის პალესტინაში. ნატუფის ხანის ტრადიციებზე აღმოცენებული ნასოფლარების ნაშთები ცნობილია ვადი - ფალაჰ-ში, კარმელის მთაზე, ბეიდაში, სადაც უკვე მომრგვალებულკუთხიანი ოთხკუთხა შენობებიც გვხვდება. როგორც ფიქრობენ, ამ მხარის ასეთი ადრეული აღმავლობა უშუალოდ იმის შედეგია, რომ პალესტინა, მარცვლეულის, (18) კერძოდ, მარცვლეულის, კერძოდ, ხორბლისა და ქერის გარეული ჯიშების ერთ-ერთი სამშობლოა. ძვ.წ. VII ათასწლეულიდან სირია-პალესტინაში ჩნდება კვლავ მიწათმოქმედებასა და მესაქონლეობაზე დამყარებული, მაგრამ მთელი რიგი ძირითადი ნიშნით გამორჩეული ახალი კულტურა, რომელიც აღარ არის დაკავშირებული ნატუფთან და ჩრდილოეთიდან - ანატოლიის ზეგნიდან შემოსულად მიაჩნიათ. საყურადღებოა, რომ იარაღისა და სხვა ნაკეთობათა ახალ სახეობებთან ერთად ამ დროიდან იერიქონში ჩნდება ოთხკუთხა შენობები, (ზომით 6,5X4 ან 7X3 მ), აგებული მოგრძო, სიგარისებური ალიზებით ქვის საძირკველზე, ოთხკუთხა კერებით, თიხატკეპნილი, წითლად შეღებილი იატაკითა და კედლებით. საცხოვრებლებს გარდა არის საკულტო დანიშნულების შენობები როგორც მცირე ზომის, ისე მოზრდილი, რამდენიმე ოთახიანი, სვეტებით შესასვლელის წინ. აქ აღმოჩენილია თიხისაგან გამოძერწილი პატარა ფიგურები - ცხოველების დიდი-დედა დედა, მამა და ბავშვი, რომლებიც გამოხატავენ ნაყოფიერებას, და აგრეთვე ადამიანის ათზე მეტი თავის ქალა, თიხით მიძერწილი პირისახით, ინკრუსტირებული თვალებით, წითელი საღებავით გამოხატული თმებითა და ზოგჯერ, ულვაშებით, რაც წინაპრების კულტის არსებობის მაჩვენებლად ითვლება, მით უფრო, რომ აქაც და მეორე ნასოფლარზეც - ბეიდაში აღმოჩენილია სამარხები, რომლებიდანაც ამოღებულია თავის ქალები. საყურადღებოა, რომ ასეთივე შემთხვევები დადასტურებულია ანატოლიის ნამოსახლარებზე - ჰაჯილარსა და ჩათალ-ჰუიუკში, რომელთა შესახებ ქვემოთ საგანგებოდ გვექნება საუბარი. ზემოთ მოხსენიებული ნამოსახლარების კულტურა, სადაც მცენარეულობის კულტივირებისა და ცხოველების მოშინაურების, ე.ი. წარმოებითი მეურნეობის ჩასახვის აშკარა ნიშნები მოიპოვება და, რომელიც საზოგადოების განვითარების ახალ ხანას - ნეოლითს უნდა მიეკუთვნოს, გამოირჩევა მეტად არსებითი თავისებურებით: აქ ჯერ კიდევ არ არის კერამიკა - გამომწვარი თიხის ჭურჭელი და სხვა ნაწარმი. ამიტომაა, რომ მას წინაკერამიკულ ან უკერამიკო ნეოლითს უწოდებენ, ნეოლითის იმ ფაზიდან განსასხვავებლად, რომლიდანაც ჩნდება კერამიკა. ნეოლითის ეს საფეხური მახლობელ აღმოსავლეთში ძირითადად ერთდროულად იწყება; მაგრამ იმ დროს, როცა VII ათასწლეულის ბოლოსა და VI ათასწლეულის დამდეგიდან სირია - პალესტინაში, (19) ანატოლიაში, ჩრდ.ერაყში, ჩრდ. მესოპოტამიაში, ირანსა და შუა აზიაში ძველ ნამოსახლარებზე უკვე მრავალფეროვან კერამიკას პოულობენ, ზოგან ის ჯერ კიდევ უცნობია, რასაც ასეთი ადგილების ერთგვარი გეოგრაფიული იზოლაციით ხსნიან. ასე, მაგალითად, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში, კუნძულ კვიპროსზე აღმოჩენილი და შესწავლილია ძვ.წ. VI ათასწლეულის მძლავრი ნეოლითური ნასახლარი ხიროხიტია; როგორც აქ მოპოვებული ნივთიერი მასალები მოწმობენ, მისი ეკონომიკა დამყარებული იყო წვრილფეხა მესაქონლეობაზე და, როგორც ჩანს, მიწათმოქმედებაზე. ძლიერ ბანვითარებული იყო ქვის ინდუსტრია, ხის დამუშავება, წვნა და ქსოვა; მაგრამ თიხის ჭურჭელი აქ ჯერ კიდევ არ არის ცნობილი. ნასოფლარი მდებარეობდა მდინარის პირას და წარმოადგენდა 250 მ დიამეტრის შემაღლებას. აქ გათხრილ მცირე ფართობზე გამოვლენილია წრიულგუმბათიანი 48 შენობა; ნასოფლარის ტერიტორიაზე სულ ათასამდე ასეთი შენობა უნდა მდგარიყო. შენობათა შორის გაყვანილი იყო მთავარი მოკირწყლული გზა, განშტოებებით სახლებისაკენ. შენობები, რომელთა დიამეტრი მერყეობს 3-4 და 7-8 მ შორის, აგებულია ადგილობრივი კირქვის, აგურისა და მსუბუქი მასალისაგან, რომელიც გამოყენებული იყო გუმბათური გადახურვებისათვის. დიდ შენობებში წყვილ სვეტს ეყრდნობოდა მეორე სართულის ხის იატაკი, კედლებში და გუმბათში დატანებული იყო სარკმლები. შენობებში გამართულია კერები, სამეურნეო ორმოები და ბაქნები, დასაძინებლად. კენჭით მოკირწყლულ ეზოებში იდგა წრიული ქვის მაგიდები; ხელსაფქვავები, სანაყები და სხვა იარაღი. ცხადად ჩანს, რომ სოფლის ცხოვრება შესანიშნავად ყოფილა ორგანიზებული. ზაგროსის რაიონის სადღეისოდ ცნობილი ერთ-ერთი ნეოლითური ნასოფლარი, სადაც ჩანს თიხის ჭურჭლის წარმოების დასაწყისი, არის ჯარმო. ჯარმო მდებარეობს ერაყის ქურთისტანში, კირკუკის მახლობლად, ნახევრად მშრალი ხევის პირას, ზეგანზე. ნასოფლარს უჭირავს 1,5 ჰექტარამდე ფართობი. აქ სულ 20-25 ალიზის სახლია სავარაუდებელი. ოთახების ფართობი, დერეფნიანად 15 კვ.მეტრს არ აღემატება; მოსახლეობის საერთო რიცხვად 150 სული ივარაუდება. ერთიმეორეზე მდებარე 16 საცხოვრებელი დონიდან კერამიკა მხოლოდ ზედა 5 დონეზე მოიპოვება, (20) დანარჩენი დონეები წინაკერამიკულ ხანას ეკუთვნის და შეიცავს ქვის ჯამებსა და ბიტუმით შელესილ კალათებს, რომლებიც ჭურჭლის მაგივრობას სწევდა. აქ აღმოჩენილია ხორბლის ორი სახეობა  და ქერი, რომლებიც ჯერ კიდევ ძალიან ახლოა გარეულ ჯიშებთან. ცხოველებიდან მოშინაურებული ჩანს თხა და, შესაძლოა, ძაღლიც. ძლიერ განვითარებულია ქვის ინდუსტრია, რომელშიც დიდი ადგილი უჭირავს მიწათმოქმედებასთან დაკავშირებული იარაღების - თოხების, ნამგლის ჩასართების, სანაყ-საფქვავების დამზადებას. მაგრამ ჯარმოს მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია სწორედ იმის გამო, რომ აქ ჩნდება ადრემიწათმოქმედი საზოგადოების მეურნეობის ერთი ყველაზე მეტად დამახასიათებელი ნიშანი - თიხის ჭურჭელი. ჯარმო მიწათმოქმედი საზოგადოების ერთ-ერთი უძველესი ნასოფლარია. რადიოკარბონული ანალიზის შედეგად მიღებული მრავალი თარიღიდან მის თარიღად გამთხრელი VII ათასწლეულის პირველ ნახევარს არჩევს (6750 ძვ.წ.) და არსებობის საერთო ხანგრძლივობას 400 წლით განსაზღვრავს; მაგრამ მკვლევართა უმრავლესობის აზრით, ის ძირითადად VI ათასწლეულს უნდა მიეკუთვნოს (21) და მისი არსებობის ხანგრძლივობაც უფრო დიდი დროით განისაზღვროს, თუნდაც იმიტომ, რომ მომდევნო, ე.ი. ჰასუნას კულტურისაგან, რომლის დამდეგად ძვ.წ. 5800 წელი ივარაუდება, 1000 წელი მას არაფრით არ შეიძლება აშორებდეს. მართლაც, ერაყის მეორე ცნობილ ნასოფლარზე - შიმშარაზე, რომელიც ჯარმოს მახლობლად, ჩრდილოეთით მდებარეობს, ქვედა ფენებში გამოვლენილი ნასოფლარის ნაშთები ჯარმოს შესატყვისია, ხოლო მათზე მდებარე ზედა ფენები შეიცავს ჰასუნასათვის დამახასიათებელ ნივთიერ მასალას. ამრიგად, ჯარმო უთუოდ ადრეულია, ვიდრე ჰასუნა და მათ შორის, შესაძლოა, მცირე ქრონოლოგიური ხარვეზიც იყოს. ჰასუნა ჩრდ.ერაყის ერთ - ერთი ყველაზე მეტად ცნობილი ადრეული ნამოსახლარია. დღესაც ამ სახელით აღინიშნება ამ მხარის გარკვეული ტიპის კულტურა, (22) რომელიც ხასიათდება მკვიდრი მიწათმოქმედების მაჩვენებელი ნიშნებით. მისი გავრცელების შედარებით ვიწრო ფარგლებში, დღეს უკვე ორ ათეულზე მეტ პუნქტშია მოპოვებული მსგავსი ნივთიერი მასალა. როგორც ითქვა, ჰასუნას კულტურა უშუალოდ არ უკავშირდება, არ გამომდინარეობს ჯარმოს კულტურიდან. მთელი რიგი ნიშნების მიხედვით ფიქრობენ, რომ ის დასავლური წარმოშობისაა და შესაძლოა მომდინარეობდეს "თურქეთის შუამდინარეთიდან" (მარდინისა და დიარბექირის რაიონები). თვით ნასოფლარი ჰასუნა მდებარეობს მოსულის სამხრეთით, ორ მშრალ ხევს შორის და უჭირავს დაახლოებით 3 ჰექტარი ფართობი. ნასოფლარი მრავალფენიანია, უკიდურესი ქვედა ადრეული კულტურული ფენა (I-VI) საერთო სისქე 5 მეტრს აღემატება; ზემოდან მათ ადევს უკვე ხალაფისა და მომდევნო უფრო მოგვიანო ფენები. თუმცა უკიდურეს ქვედა Ia ფენაში სადღეისოდ შესწავლილ მცირე ფართობზე შენობების ნაშთები აღმოჩენილი არ არის, მოზრდილი კერამიკული ჭურჭლის კერებისა და მიწათმოქმედების უტყუარი ნიშნების მიხედვით ვარაუდობენ, რომ მყარი საცხოვრებელი სახლები ამ ხანაში უთუოდ უნდა არსებულიყო.

 

სურ.2 ჯარმო (მელაარტის მიხედვით)

1C ფენაში ჰასუნაში გამოვლენილია სულ ცოტა ალიზის 3 შენობა; ერთი მათგანი 24 კვ. მ ფართობის, წრიული გეგმისაა და შიგნით კედელთან დაახლოებით რადიალურად (23) განლაგებული მოკლე ტიხრები გააჩნია, დანარჩენი ორი კი შედგება სხვადასხვა ზომის ოთხკუთხა ოთახებისაგან, რომლებიც ერთიმეორეს ებმის და გამოიყენებოდა საცხოვრებლად და საკუჭნაოდ. როგორც ქვემოთ ვნახავთ, ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამიწათმოქმედო სოფლის - იმირის გორის მაგალითზე, წრიული და ოთხკუთხა გეგმის შენობების თანაარსებობა აქ შემთხვევითი არ არის; ჩანს, ამაში აისახა შენობის მოცულობის, შინაგანი სივრცის გადიდების საშუალებათა ძიება, რომელიც ბრტყელი ან ორფერდა სახურავით დახურული ოთხკუთხა გეგმის ნაგებობის გამომუშავების გზით ხდებოდა. II ფენიდან მოკიდებული, ჰასუნაში მხოლოდ ოთხკუთხა, მრავალოთახიანი სახლები გვხვდება; ამ ფენაში მათი საერთო დაგეგმარება ერთგვარად ქაოსური, მოუწესრიგებელია - უწესო ოთხკუთხა მოყვანილობის სხვადასხვა ზომის ოთახები ერთიმეორეზეა გადაბმული. III და IV ფენებში აშკარად ჩანს, რომ შენობები გარკვეული გეგმითაა განაწილებული და წარმოადგენს ღია ეზოს გარშემო შეჯგუფული სხვადასხვა ზომისა და დანიშნულების ოთახების კომბლექსს, რომლებიდანაც იქ მოპოვებული მასალების მიხედვით გამოირჩევა საცხოვრებელი, სამეურნეო (საკუჭნაო) და საკვების (ძირითადად მარცვლეულის) შესანახი სათავსები. სოფლის ასეთი დაგეგმარება და სახლების ამგვარი წყობა, როგორც ფიქრობენ, არის დიდი პატრიარქალური ოჯახის ჩამოყალიბების მაჩვენებელი. ჰასუნა მრავალმხრივ საყურადღებო ძეგლია; მარტო კერამიკის წარმოების თვალსაზრისით შეიძლება ითქვას, რომ აქ შეინიშნება მეტად თავისებური განვითარების გზა. უკვე VI ათასწლეულის დამდეგიდან la ფენაში აღმოჩენილია გამომწვარი თიხის ტლანქი ჭურჭელი რომელიც ზოგჯერ იატაკებშია ჩალესილი და იმ დროის ანარეკლია, როცა მარაგის შესანახად უშუალოდ მიწაში ამოღებული, თიხით გვერდებამოგლესილი და ზემოდან გადალესილი ორმოები იხმარებოდა. შემდგომი სამი სამშენებლო ფენის არსებობის მანძილზე ჰასუნას კერამიკა (როგორც სადა და ჭდეული, ისე მოხატული) განიცდის თანმიმდევრულ ორიგინალურ განვითარებას, ვიდრე VI ათასწლეულის შუა ხანებში გარედან არ შემოიჭრა მოხატული კერამიკის თავისებური სახე, ცნობილი სამარულის სახელით. ჩრდილო მესოპოტამური მოხატული კერამიკის გაჩენის მცირე ხნის წინ ჰასუნაში შეინიშნება ერთგვარი ზეგავლენა მცირე (24) აზიის უკიდურეს სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო რაიონებში (სამხრეთ-აღმოსავლეთი თურქეთი, ჩრდილო სირია) გავრცელებული თავისებური სამიწათმოქმედო კულტურისა, რომელიც ცნობილია სირო–კილიკიის ნეოლითური კულტურის სახელწოდებით. ამჟამად მიკვლეულია სირო-კილიკიის ნეოლითის მთელი რიგი ნამოსახლარებისა - მერსინი, ჯუდეიდე, ტელ-კურდუ, ამუკი და სხვა. მაგრამ ამ ძეგლების შესწავლის მასშტაბები და ზოგი თავისებურება (მაგალითად, უადრესი ნასოფლარი ფენების ნიადაგის წყლების დონეზე დაბლა მდებარეობა მერსინზე), საკუთრივ დასახელების შესახებ, შეზღუდულ წარმოდგენას იძლევა. სამაგიეროდ სამხრეთ ანატოლიის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებში ბოლო დროს გამოვლენილია ადრესამიწათმოქმედო კულტურის კიდევ ერთი კერა, გამორჩეული მთელი რიგი თავისებურებებით, თუმცა რამდენადმე დაკავშირებული სირო–კილიკიის ნეოლითთან, სადაც რამდენიმე კარგად დაცული ნამოსახლარია ცნობილი. (25) სამხრეთ ანატოლიის ეს ადრემიწათმოქმედი კულტურა ძირითადად გავრცელებულია კონიის დაბლობზე, რომელსაც რწყავს მდ.ჩარშამბა-ჩაი; მისი ერთი ვარიანტი აღმოჩენილია სამხრეთ - დასავლეთ ანატოლიაში, ბურდურის მიდამოებში. ამ კულტურის წარმოშობის შესახებ სხვადასხვა მონაცემები არსებობს: ერთი მხრივ ისე ჩანს, თითქოს მისი ფესვები ადგილობრივ მეზოლითურ კულტურაშია; მეორე მხრივ კი გარკვეულ კავშირს ხედავენ იერიქონის წინაკერამიკულ ნეოლითთან. აყენებენ კითხვას: ხომ არ შეიძლებოდა მომხდარიყო ადრემიწათმოქმედი ტომების გარედან შემოჭრა იმ ხანაში, როცა სამხრეთ-დასავლეთ ანატოლიაში საფუძველი ეყრებოდა წარმოებით მეურნეობას? ჯარმოსა და იერიქონის წინაკერამიკულ ნეოლით B-ს შესატყვისი დასახლების ნაშთები აღმოჩენილია სახელგანთქმულ ნასოფლარ ჰაჯილარზე. ჰაჯილარი მდებარეობს ქ.ბურდურის დასავლეთით, 25 კმ მანძილზე; ეს არის დაბალი გადარეცხილ-გადაშლილი გორაკი, დიამეტრით 150 მ, ამაღლებული ველიდან 1,5 მეტრით. კულტურული ფენების სისქე 4 მ უდრის. თავდაპირველი ნასოფლარის ნაშთები მოქცეული იყო ბორცვის ცენტრალურ ნაწილში, სიღრმეში, უშუალოდ ყამირის თავზე. აქ გაითხარა ალიზის სწორკუთხა შენობების ნარჩენები, თიხით მოლესილი, კარგად მოპრიალებული და წითლად შეღებილი იატაკებით, პურის საცხობი ღუმელებითა და სწორკუთხა კერებით. იატაკების მიხედვით გამოყოფილი იქნა 7 სამშენებლო ჰორიზონტი. ნასოფლარზე მოპოვებულია ქვის ჭურჭელი; ძვლის სახვრეტები, გახეხილ-გაპრიალებული ქვის ცული და ობსიდიანისა და კაჟის ფირფიტები; თიხის ჭურჭელი აღმოჩენილი არ ყოფილა. შენობების იატაკის ქვეშ დამარხული იყო ადამიანის თავის ქალები. ჰაჯილარის ამ წინაკერამიკული ხანის სოფლის ნაშთებს ზემოდან ფარავს მომდევნო პერიოდის ნასოფლარების 9 სამშენებლო ფენა, სადაც უკვე ჩანს თიხის ჭურჭელი. ყოველი სამშენებლო ფენა შეიცავს ალიზისა და თიხალესილი შენობების ნანგრევებსა და კულტურულ ნაშთებს. ერთ-ერთ (VI)  სამშენებლო ფენაში გათხრილი იქნა ერთ ათეულზე მეტი სწორკუთხა ნაგებობა, რომელიც შედგება ალიზის საცხოვრებელი ოთახისა და თიხით შელესილი ხის პალოებისაგან აშენებული სამეურნეო დანიშნულების სათავსებისაგან; აქ საყოფაცხოვრებო ნივთებს გარნდა, (26) როგორც ჩანს, ინახებოდა საკვების მარაგიც - ხორბალი, ქერი, ცერცვი და სხვა. ოთახებში მოწყობილი იყო ოთხკუთხა კერები და პურის საცხობი ღუმელები ნასოფლარის ამ ფენაში აღმოჩნდა ირმის რქის ნამგლები, გაკაჟებული კირქვის ჩასართი კბილებით; ძვლის სახვრეტები, ნემსები, კოვზები, კვირისტავები, ქსოვილის ანაბეჭდები ჭურჭელზე და შურდულის ქვები. თიხის ჭურჭელი უმთავრესად სადაა, გაკრიალებული მოწითალო-მოყავისფრო ან ნარინჯისფერი. ჩნდება მარტივი, ხაზოვანი მოხატულობა. განსაკუთრებით იქცევს ყურადღებას ამ ფენაში აღმოჩენილი როგორც გამომწვარი, ისე გამოუწვავი თიხის ქანდაკებები, რომელთა რიცხვი 35 ცალს აღწევს. ერთი ქანდაკება 25 სმ სიმაღლისაა. ისინი გამოხატავენ ტანსრულ ქალებს, წამოწოლილთ ან ფეხზე მდგართ, ბავშვებით ხელში. ერთი ქანდაკება წარმოადგენს ლეოპარდზე მჯდომარე ქალს, მეორე - ურთიერთჩახვეულ ქალ-ვაჟს ქანდაკებები გამოძერწილია ოსტატურად, თავისუფლად და აღსავსეა ექსპრესიით. ნასოფლარის ზედა (III) ფენაში ჩნდება 1,5-3 მ სისქის ალიზის ზღუდე, რომელიც გარს ერტყმოდა დასახლებას. შემდგომი ხანის სამშენებლო (II) ფენაში ის მოიცავდა 2100 კვ. მ ფართობს, სადაც გაშენებული იყო ალიზის მომცრო ზომის ოთხკუთხა დერეფნიანი სახლები, რომლებსაც მართებულად მიიჩნევენ ე.წ. მეგარონების პროტოტიპად. აღმოჩენილი იყო ქვისა და უხვად მოხატული სადა და ფიგურებიანი თიხის ჭურჭელი და სხვა ნივთიერი მასალა. ჰაჯილარზე მოპოვებული მასალების შედარებითი შესწავლა და რადიონახშირბადის ანალიზების მთელი სერია საკმაოდ დამაჯერებლად იძლევა მის თარიღს ძვ.წ. VI ათასწლეულის მეორე ნახევრისა და V ათასწლეულის დამდეგის ფარგლებში. სამხრეთ ანატოლიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის ნასოფლართა შორის სრულიად განსაკუთრებული ადგილი უკავია კონიის ველის მთავარ ნასახლარს - ჩათალ–ჰუიუკს. ჩათალ-ჰუიუკი დიდი ნასოფლარია. ის შედგება 2 გორაკისაგან, რომელთა შორის, ძველ კალაპოტში ოდესღაც მიედინებოდა ჩარშამბა-ჩაი. აღმოსავლეთის დიდ გორაკს უწესო ოვალის მოყვანილობა აქვს; მისი სიმაღლე ველის დონიდან 17,5 მ უდრის, ხოლო საერთო ფართობი - 12 ჰექტარს. მეორე გორაკი მომცროა და სიმაღლით 7 მ არ აღემატება. 1961-1963 წლებში ჩათალ-ჰუიუკის (27) მთავარ  ბორცვზე გაშლილ არქეოლოგიურ სამუშაოებს ბრწყინვალე აღმოჩენები მოჰყვა. ჯერ-ჯერობით ჩათალ-ჰუიუკზე გათხრილია ბორცვის სამხერთ-დასავლეთი ნაწილი, სადაც დადგენილია 12 თანმიმდევრული სამშენებლო ფენა (0-X, თვლა იწყება ზევიდან), რომლებიც ნეოლითის ხანისაა და დათარიღებულია რადიონახშირბადის ანალიზების მთელი სერიით ძვ.წ. 6486+-102 - 5700 წლებით, ე.ი. VII-VI ათასწლეულებით. უკვე II ფენაში აღმოჩნდა კარგად დაცული ალიზის სწორკუთხა შენობების მთელი ჯგუფი. შენობები მჭიდროდ ეკვრის ერთმანეთს და შედგება საცხოვრებელი ოთახისაგან (ზომით, საშუალოდ 5X4 მ.), სადაც გამართულია სწორკუთხანაპირებიანი კერა, მერხები, დაბალი საწოლი ბაქნები და რამდენიმე მომცრო სათავსი საწყობისიგან. შენობები აგებულია ხის ფორმებში დაყალიბებული ალიზისაგან. შიგნიდან კედლებთან დაყენებულია ხის ბრტყელი სვეტები - პილასტრები, რომლებზედაც ეყრდნობოდა გარდიგარდმო გადაღებული კოჭები; ზედ დალაგებული ძვლები გადალესილი თიხატკეპნილი ბანით; ხის კონსტრუქციები და კედლის წყობა ერთიანად იყო შელესილი ზედაპირმოსწორებული თიხით. აღსანიშნავია, რომ სახლებს ჩვეულებრივი კარები არ გააჩნია; შესასვლელები გამართული იყო სახურავში, საიდანაც ოთახში ხის კიბით ჩდიოდნენ. ამის ერთ-ერთი მიზეზი, როგორც ფიქრობენ, შენობების მეტისმეტად მჭიდრო განლაგება უნდა ყოფილიყო. III სამშენებლო ფენაში, სახლების მასივებს შორის დატოვებული ჰქონიათ ვიწრო ქუჩები, ხოლო IV ფენაში სახლებს შორის მოქცეულია სამეურნეო ეზო, სადაც მარცვლეულის შესანახი ალიზის წრიული ნაგებობებია გამართული. თითქმის ყველა სამშენებლო ფენის შენობათა კომპლექსში, საცხოვრებელი და სამეურნეო სათავსების გარდა, ჩართულია სარიტუალო დანიშნულების შენობები - სამლოცველოები. ნასოფლარის ყველა სამშენებლო ფენაში გათხრილი 166 ნაგებობიდან, 63 სამლოცველოა საშუალოდ, ყოველ 3 საცხოვრებელზე ერთი სამლოცველო მოდის, ხოლო VI B და VII ფენებში, ყოველ ორ სახლზე - თითო სხვადასხვა ფენის სალოცველოები ხშირად ერთიმეორეზეა დაშენებული, რაც მტკიცე ტრადიციის არსებობაზე მეტყველებს. ამასთან, სამლოცველოები სოფლის ერთ გარკვეულ ნაწილშია თავმოყრილი. ფიქრობენ, რომ (28)

სურ.6. ჩათალ-ჰუიუკი. შენობების რეკონსტრუქცია (მელაარტის მიხედვით)

ისინი წარმოადგენენ ამ სოფელში ერთად მცხოვრები სხვადასხვა გვარების საგვარეულო სამლოცველოებს. სამლოცველოები არც ზომითა და არც ძირითადი აგებულებით არ განსხვავდება საცხოვრებელი ოთახისაგან, მხოლოდ სრულიად განსაკუთრებულადაა მოწყობილი და მორთული; იატაკზე, კედლების გaყოლებაზე აქაც გaმართულია ნაპირებიანი სწორკუთხა კერა და დაბალი ბაქნები. კედლები თითქმის ერთნაირადაა დაფარული დეკორატიული და სიუჟეტური პოლიქრომული მხატვრობით, რომელიც შესრულებულია სხვადასხვა მინერალური საღებავით - რკინის, სპილენძის, ვერცხლისწყლის ჟანგეულებითი და სხვა. რომლებიც გამოყენებულია შავი, წითელი ნარინჯისფერი, მწვანე და ლურჯი ფერების მისაღებად. კედლებზე კერა-სამსხვერპლოების ახლოს, საგანგებოდ გამართულ თიხატკეპნილ გრძელ მერხებზე და სადგარებზე მაღალი რელიეფით ან სრული მოცულობით თიხისაგან გამოძერწილია (30) სხვადასხვა ცხოველის (ირემი, ლეოპარდი, ხარი) და ღვთაების, - ფეხებგაშლილი და ხელაპყრობილი ქალის ფიგურები. რელიეფურ გამოსახულებებში მთავარი ადგილი მაინც ხარის თავს ან რქებს უჭირავს; კედლების მსგავსად რელიეფებიც შეფერადებული და მოხატულია სიმბოლური ნიშნებით. კედლის მოხატულობის ერთი რიგი დეკორატიული ხასიათისაა და, როგორც ჩანს, კედლებზე ჩამოკიდებული პოლიქრომული ჭილობების სახეებს იმეორებს. მათში ხშირად ჩართულია სიმბოლური სახეებიც - რქები, მნათობი, წყლის ნაკადი და სხვა. დიდი ადგილი აქვს დათმობილი სიმბოლურ - საკრალურ სიუჟეტებსა და სცენებს: გაშლილი ხელის ანაბეჭდებს მტაცებელი ფრინველები რომ კორტნიან უთავო ადამიანებს და მტაცებელი ფრინველების ბრძოლას, ადამიანის თავებს, ირმებზე ნადირობასა და სხვა. არის საკმაოდ რეალისტურად შესრულებული ლანდშაფტიც - ფართოდ გაშლილი სოფელი, ოთხკუთხა სახლებით და მათ უკან - მოქმედი ვულკანი, რომლის კრატერიდან გადმოდის გამდნარი ლავის მდინარეები და იფრქვევა ყუმბარები. (ფიქრობენ, რომ აქ გამოხატულია ამჟამად ჩამქრალი  ვულკანის - ჰასან დაღის ამოფრქვევა). მხატვრობა გამოირჩევა გასაოცარი თავისუფლებითა და ოსტატობით. ჩათალ - ჰუიუკის სამლოცველოების მოწყობილობასა და შემკულობაში მკაფიოდაა გამოხატული იმდროინდელი მიწათმოქმედი საზოგადოების რთული რწმენა - წარმოდგენები, ნაყოფიერების (განსაკუთრებით მდედრობითი), იმქვეყნიური ცხოვრების, მაგიური ძალებისა და, საერთოდ, სამყაროს შესახებ; მასში ძლიერია აგრეთვე წინაპართა კულტი. ჩათალ-ჰუიუკმა ახლებურად დაგვანახა საზოგადოების განვითარების ეს ადრეული ხანა. საცხოვრებელ და საკულტო შენობებში, რომლებზეც ზემოთ გვქონდა საუბარი, აგრეთვე სამარხებში აღმოჩენილია მრავალრიცხოვანი ნივთიერი მასალა - მეტყველი საბუთი სამიწათმოქმედო მეურნეობაზე დამყარებული საზოგადოების რთული და საკმაოდ დაწინაურებული ყოფისა. ჩათალ - ჰუიუკის მეურნეობა დამყარებული იყო ექსტენსიურ მიწათმოქმედებაზე, მესაქონლეობაზე და ნადირობაზე, შედარებით ნაკლებად თევზაობაზე. ხელოსნობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა ქვის ინდუსტრიას, ძირითადად, ობსიდიანის დამუშავებას, რომლის საბადოებით ეს ადგილი  მეტად მდიდარია. ობსიდიანი (31) შეადგენდა აგრეთვე გაცვლის საგანს - ფიქრობენ, რომ სწორედ ჩათალ-ჰუიუკი აწვდიდა ამ მასალას დასავლეთ ანატოლიას, კვიპროსსა და ლევანტს, საიდანაც თავის მხრივ ღებულობდა ნიჟარებს მძივ - სამკაულებისათვის და მრავალ სხვადასხვა სახის ქვას ძვირფასი ჭურჭლის, მძივების, საკიდების, საპრიალებლების, სანაყების, ხელსაფქვავების, კვერებისა და მცირე ზომის საკულტო ქანდაკებების დასამზადებლად. ადგილობრივი დიორიტისაგან ამზადებდნენ გახეხილ - გაპრიალებულ სატეხებს, ცულებსა და წვრილ სამკაულს. იცნობდნენ და იყენენდნენ სხვადასხვა მინერალებსა და თვითნაბად სპილენძს. ქვის ნაწარმის დამზადების ტექნიკა უაღრესად განვითარებული იყო, ფართოდ იხმარებოდა როგორც გახეხვა - გაპრიალება, ისე წნევით რეტუში, რომლითაც ამუშავებდნენ ობსიდიანისა და კაჟის იარაღს - შუბებს, ხელშუბებს, ისრისპირებს, სატევრებსა და დანებს; ზოგიერთი მათგანი, როგორიც, მაგალითად, VI ფენის ერთ–ერთი სამარხის ძვლისტარიანი კაჟის სატევარია დახვეწილი მხატვრული გემოვნებითა და საიუველირო ტექნიკით გამოირჩევა. ამზადებდნენ პოლირებული ობსიდიანის სარკეებსაც. განვითარებული იყო ქსოვა, წვნა და ხის დამუშავება. თავისებური ადგილობრივი პირობების წყალობით ორგანული ნაშთები არაჩვეულებრივად კარგად იყო დაცული; გათხრების დროს აღმოჩნდა ქსოვილების ნაშთები, წნული კალათები (ზოგჯერ გამოყენებული მიცვალებულის დასაკრძალავად), მრავალგვარი ფორმის ხის ჭურჭელი: ჯამები, ორსახელურიანი ლანგრები, ფეხიანი სასმისები, კოლოფები, გამოთლილი სუფთად და დიდი ოსტატობით. სამაგიეროდ, თიხის ჭურჭელი იშვიათია და ფორმითაც პრიმიტიული; მას აშკარად ემჩნევა ხისა და წნული ჭურჭლის გავლენა. საჭურჭლე თიხა გამჭლევებულია ქვიშით, ორგანული მინარევი (დაკეპილი თივა, ბზე) არ იხმარება. ჭურჭლის ზედაპირი გაგლუვებულია, ზოგჯერ გაპრიალებული და გამომწვარი შავ-წითლად და ყავისფრად. მხოლოდ III და II ფენებში ჩნდება თითო - ოროლა ნატეხი, მარტივი მოხატულობის კვალი. ერთი სიტყვით, ყველაფერი იმას მოწმობს, რომ კერამიკა ახალი ფეხმოკიდებულია. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს ჩათალ-ჰუიუკზე აღმოჩენილი თიხისა და ქვის ქანდაკებები - მცირე პლასტიკის შესანიშნავი ნიმუშები. ზოგიერთი მათგანი თიხისაგანაა გამოძერწილი და მოხატული, ზოგიც გამოკვეთილია ალებასტრის, ვულკანური ქვის, დიორიტის, მარმარილოსა (32) და სხვა მაგარი ჯიშებისაგან და გულდასმითაა გაკრიალებული. ისინი აშკარად საკულტო დანიშნულებისაა, რადგან ძირითადად წარმოადგენენ ნაყოფიერების განსახიერებას, "დიდ-დედას" - მჯდომარე ტანსრულ ქალს. ხანდახან ლეოპარდებთან ერთად, ხან ბავშვით ხელში. არის ქანდაკებები, სადაც ნაყოფიერების ეს ღვთაება მშობიარობის მომენტშია გამოსახული; მათ შორის გამოირჩევა ლეოპარდებიან ტახტზე მჯდომარე ფიგურა. სამლოცველოების კედლებზე მოთავსებული ქალღმერთის რელიეფებთან ერთად, ზემოხსენებული საკულტო ქანდაკებები საოცარი სიცხადით გვიშლიან ადამიანის სულიერ სამყაროს, მის წარმოდგენას ბუნების ნაყოფიერების მფარველი ძალების შესახებ. ჩათალ - ჰუიუკის მოსახლეობის ყოფაცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი წინაპართა კულტს, მიცვალებულებზე ზრუნვას. სამარხები გამართულია საცხოვრებელ და საკულტო შენობებში, იატაკის ქვეშ როგორც ჩანს, სრულდებოდა ე.წ. განმეორებითი დამარხვის წესი, როდესაც გვამს დასაფლავებამდე აცილებდნენ ხრწნად ნაწილს. ამ ძეგლის გამთხრელს ჯ.მელაარტს მიაჩნია, რომ ერთ-ერთ სამლოცველოს ფრესკაზე, სადაც გამოხატულია (33) უთავო ადამიანები და მტაცებელი ფრინველები, წარმოდგენილია ჰაერზე პირველადი დასაფლავების წესი.

ასეთია წინა აზიის ზოგიერთი უმნიშვნელოვანესი ნასოფლარი, სადაც წარმოებითი მეურნეობის ჩასახვისა და განვითარების ადრეული საფეხურები ჩანს. ისინი გარკვეულ წარმოდგენას იძლევიან ძველი სამყაროს ამ მხარის სხვადასხვა სამეურნეო კერის შესახებ და ნაწილობრივ აშუქებენ მათ შორის არსებულ ურთიერთობასაც. ამ ადრესამიწათმოქმედო კულტურების შინაგანი განვითარებისა და მათი ურთიერთობის რთული ისტორიული პროცესის შედეგად, მომდევნო ხანაში, როცა სხვა მრავალ სიახლესთან ერთად საზოგადოების ცხოვრებაში შემოიჭრა და დამკვიდრდა ლითონი (ქალკოლითის ანუ ენეოლითის ქვა-სპილენძის ხანა) აქ ჩამოყალიბდა ახალი, მძლავრი კულტურები; მათ გააგრძელეს თავიანთი წინამორბედების ტრადიცია და საფუძველი ჩაუყარეს ძველი აღმოსავლეთის ბრწყინვალე ცივილიზაციას. სრული წარმოდგენა არ გვექნება ძველი სამყაროს ადრესამიწათმოქმედო კულტურების შესახებ, თუ გაკვრით მაინც არ მოვიხსენიებთ მის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კერას, რომელიც გარკვეულად დაკავშირებულია წინა აზიის ცენტრებთან. მხედველობაში გვაქვს შუა აზიის ადრესამიწათმოქმედო კულტურის კერა. შუა აზიის ადრესამიწათმოქმედო ცენტრის შესწავლა უკანასკნელი წლების ერთ-ერთი უდიდესი მიღწევათაგანია. შეიძლება ითქვას, რომ კულტურის ეს კერა ყველაზე უფრო ღრმად და სრულადაა გამოკვლეული. შუა აზიის ადრესამიწათმოქმედო კერა მოქცეულია ამ მხარის სამხრეთ - დასავლეთ ნაწილში, სამხრეთ თურქმენეთში, კოპეტდაღის მთის მასივსა და ყარა-ყუმის უდაბნოს შორის, დასამუშავებლად გამოსადეგი მიწების ვიწრო ზოლში. ყველაზე ადრეული მკვიდრი სამიწათმოქმედო კულტურა, აღმოცენებული ადგილობრივ მეზოლითურ კულტურაზე; დღეს ცნობილია მისი ერთერთი მეტად დამახასიათებელი ნასოფლარის ჯეითუნის სახელით. ნეოლითის ხანის ეს პატარა ნასოფლარი მდებარეობს აშხაბადის ჩრდილო დასავლეთით, 30 კმ მანძილზე, მთისწინებისა და უდაბნოს საზღვარზე, პატარა მდინარის ყურა - სუს დელტის პირას. სოფლის ფართობი მცირედ აღემატებოდა 3000 კვ.მ და იტევდა 32-40 ერთოთახიან ალიზის მარტივ სახლს, სადაც დაახლოებით 240 სული ცხოვრობდა; (34) სოფელი აქ მრავალი თაობის მანძილზე არსებობდა. სოფლის ეკონომიკა დამყარებული იყო პრიმიტიულ სარწყავ მიწათმოქმედებაზე - ნათესების მოსარწყავად გამოყენებული უნდა ყოფილიყო ადიდებული მდინარის წყალი, რომლის დროებითი შეგუბება მარტივი მიწაყრილებით იყო შესაძლებელი. როგორც ჩანს, მიწას ხის საჩიჩქნი ჯოხებით - მარგილებით ამუშავებდნენ. მეურნეობაში დიდი ადგილი ეჭირა ნადირობას, მაგრამ უკვე დაწყებული ყოფილა ცხოველების - თხისა და ცხვრის მოშინაურება. ძლიერ განვითარებული იყო ჯეითუნში ქვის ინდუსტრია, რომლისთვისაც განსაკუთრებით დამახასიათებელია ე.წ. მიკროლითური იარაღები - კაჟის მრავალფეროვანი მომცრო ფირფიტები; ისინი (35) გამოიყენებოდა ძირითადად ტყავის, ძვლისა და ხის დასამუშავებლად - საფხეკად, სახვრეტად, სათლელად. გეომეტრიული იარაღები - ტრაპეციები, სამკუთხედები, იხმარებოდა ისრის წვერებად და ნამგლის ჩასართებად. ქვის სხვადასხვა ჯიშებიდან გახეხვა - გაპრიალებით ამზადებდნენ მცირე ზომის ცულებს. შურდულის ქვებს, სანაყებს, ხელსაფქვავებს, აგრეთვე მძივებს, საკიდებსა და სხვა სამკაულს. თიხა ძირითადი სამშენებლო მასალა იყო. მისგან ამზადებდნენ მოგრძო ბლოკებს (სიგრძე 60-70 სმ დიამეტრი 20—25 სმ), ალიზებს, რომლებისგანაც თიხის ხსნარზე შენდებოდა სახლის კედლები. ალიზში გასამჭლევებლად შერეულია მსხვილად დაჭრილი თივა. თივანარევი თიხისაგან ამზადებდნენ ჭურჭელსაც, მაგრამ კერამიკული წარმოება აქ ახალი ფეხადგმულია - ჯერ კიდევ ცოტაა თიხის ჭურჭელი და მისი ფორმები მარტივია. ეს არის ნახევარსფერული ან წიბოიანი ჯამები, სხვადასხვა ზომის დაბალქუსლიანი სასმისები დაბალი დერგები და ოთხკუთხა „ლანგრები“, რომლებსაც ხის ჭურჭლისათვის დამახასიათებელი მოყვანილობა აქვთ. ამჯერად არ ჩანს ქვაბები და სხვა სამზარეულო ჭურჭელი. ზოგიერთი ჭურჭელი შემკულია მარტივი მოხატულობით - ტალღოვანი და ფრჩხილისებური ზოლებით, რომელიც შესრულებულია მუქი ყავისფერი საღებავით. თიხისგან ამზადებენ აგრეთვე ადამიანის (ქალის) და ცხოველების პატარა ფიგურებს, რომელთაც მაგიური მნიშვნელობა უნდა ჰქონოდა. შუა აზიის ეს უძველესი, ნეოლითური კულტურა, რომელიც ძვ.წ. VI-V ათასწლეულებით თარიღდება, საკმაოდ ვიწროდ არის შემოფარგლული თებსა და უდაბნოს შორის მოქცეული ოაზისების ზოლში. ჯეითუნის გარდა ამჟამად ცნობილია მხოლოდ რამდენიმე ნასოფლარი და პუნქტი, სადაც აღმოჩენილია ჯეითუნის კულტურისათვის  დამახასიათებელი მასალები: ჩოპან-დეფე ნისა, იარტი-გუმბეზ და ბევრად უფრო შორს, სამხრეთ - აღმოსავლეთით მუნჯუკული - დეფე და ჩაგალი - დეფე. მაგრამ ეს სრულიად არ ნიშნავს, თითქოს ჯეითუნის კულტურა დახშული და იზოლირებულია. სამართლიანად აღნიშნავენ, რომ ჯეითუნის კულტურა წარმოადგენს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვარს მახლობელი აღმოსავლეთის იმ ვრცელი ტერიტორიისა, სადაც ძვ.წ. X-V ათასწლეულებში მიმდინარეობს მითვისებითი მეურნეობიდან წარმოებით (36) მეურნეობაზე მეურნეობაზე გადასვლის რთული პროცესი. ძვ.წ. V ათასწლეულის მიწურულიდან, ე. ი. ენეოლითის ხანის დამდეგიდან, იწყება შუა აზიის სამიწათმოქმედო კერის სწრაფი და ძლიერი აღმავლობა. IV ათასწლეულის მანძილზე მიმდინარეობს ამ რაიონის ინტენსიური ათვისება. ნაყოფიერი ოაზისები იფარება სოფლებით, რომელთა ნაშთები დღეს მრავალფენიან მოზრდილ გორებს-დეფეებს წარმოადგენს - ყარა–დეფე, ნამაზგა-დეფე, ალტინ-დეფე, გეოქსიურის ოაზისის ნასოფლარების ჯგუფი (რომელიც 8 გორაკს აერთიანებს) და სხვა. ისინი გამოირჩევიან ჯეითუნის კულტურის სოფლებისაგან მრავალმხრივ, თუმცა ნეოლითური ტრადიციები საზოგადოებრივი ყოფის ზოგიერთ ისეთ მნძშვნელოვან მხარეში, როგორიცაა საცხოვრებლის მშენებლობა, ერთხანს კიდევ იგრძნობა. მცირე ზომის სოფლების გვერდით (იალანგაჩ-დეფე, მულალი-დეფე; ჩონგ-დეფე და სხვა) არსებობს დიდი, ცენტრალური დასახლებები, მრავალრიცხოვანი სამშენებლო ფენით (ყარა-დეფე, გეოქსიური 1 და სხვა). თანდათან იცვლება და რთულდება მეურნეობა, ყოფა და კულტურა. ჩნდება პირველი ლითონი - სპილენძი, ვითარდება კერამიკული წარმოება, სადაც ბატონდება რთული მოხატულობა. ერთოთახიან საცხოვრებელ სახლებს ცვლის მრავალოთახიანი საცხოვრებელი ბლოკები, რთულდება სოფლის დაგეგმარება, რაშიც აისახება სოციალურ წყობაში მომხდარი ცვლილებები; კიდევ უფრო შესამჩნევი ხდება საგარეო ურთიერთობათა გაძლიერება. ერთი სიტყვით, ნეოლითური რევოლუციის შედეგად შუა აზიის ადრესამიწათმოქმედო კერა სრულ აყვავებას განიცდის. (37)

თავი II

ადრესამიწათმოქმედო კულტურა ამიერკავკასიაში

ნეოლითური რევოლუციის ამსახველი არქეოლოგიური მასალები ამიერკავკასიაში ჯერჯერობით არ იძლევა მისი მიმდინარეობის პროცესის მთლიანი სურათის აღდგენის საშუალებას. ეს ითქმის განსაკუთრებით წარმოებითი მეურნეობის ჩასახვისა და მისი განვითარების ადრეული ეტაპების შესახებ. ამ პერიოდის მასალები ამიერკავკასიაში თუმცა მოიპოვება, მაგრამ მეტად ძუნწად და ფრაგმენტულადაა წარმოდგენილი. შედარებით უკეთაა ცნობილი ეს ხანა დასავლეთ საქართველოში, სადაც გამოვლენილია ნეოლითური ხანის რამდენიმე სადგომი - ოდიში, ურთა, კისტრიკი, ანასეული I და II, მამათი, გურიანთა და სხვა. ხსენებულ ძეგლებზე მოპოვებულია მნიშვნელოვანი ნივთიერი მასალა, მაგრამ თვით ნამოსახლარები სრულიად განადგურებულია და არავითარ წარმოდგენას არ იძლევა დასახლების ტიპისა და ხასიათის შესახებ. ასეთივე მდგომარეობაა ამიერკავკასიის სხვა ოლქებშიც-აღმოსავლეთ საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ტერიტორიაზე, სადაც მოპოვებულია ამ ხანის ცალკეული მასალები, მაგრამ აქაური დასახლების შესახებაც არაფერი ვიცით. ამიერკავკასიის არქეოლოგიის მკვლევართა უდიდეს მონაპოვარს უკანასკნელ წლებში, წარმოადგენს ის, რომ მათ გამოავლინეს ადრემიწათმოქმედი ტომების მძლავრი ადგილობრივი კულტურა, რომელშიც ასახულია ნეოლითური რევოლუციის ხანგრძლივი პროცესის ბოლო ეტაპი და მისი შედეგები. ამიერკავკასიის სხვადასხვა მხარეში წარმატებით ითხრება და ისწავლება მთელი რიგი მნიშვნელოვანი ნამოსახლარებისა. ნასოფლარების ერთი ჯგუფი აღმოჩენილია ამიერკავკასიის ცენტრალურ ნაწილში, მდ.მტკვრის დინების შუა წელზე, კერძოდ, (38) მისი მარჯვენა შენაკადების: ხრამის, დებედასა და აღსტაფას აუზში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მოსაზღვრე ყაზახის, მარნეულისა და ბოლნისის რაიონებში. მათი თანადროული ნასოფლარები მიკვლეულია მილის, ყარაბაღისა და მუღანის ველებზე და აგრეთვე არარატის ნაყოფიერ ველზე. ახლადგამოვლენილი სამიწათმოქმედო კულტურის ნასოფლარების ადრეულ ფენებში მოპოვებული მასალა, კერძოდ, კერამიკა, გარკვეულ მსგავსებას ამჟღავნებს დასავლეთ საქართველოს ნეოლითური სადგომების თიხის ნაწარმთან. მაგალითად, ქვემო - ქართლის ერთ-ერთი ნასოფლარის - შულავერის გორის ქვედა ფენის კერამიკა თიხის დამუშავების, ჭურჭლის ძერწვის, ფორმის, შემკობისა და გამოწვის ხასიათით უახლოვდება ოდიშის სადგომის კერამიკას. მაგრამ ამას ვერ ვიტყვით ქვის ინდუსტრიის შესახებ. ცენტრალური ამიერკავკასიის ადრეულ ნამოსახლარებზე თითქმის არ გვხვდება ტიპიური ნეოლითური ქვის იარაღები, კერძოდ, მიკროლითები. შესაძლოა ეს გამოწვეულია იმით, რომ მეურნეობა აქ სხვაგვარი ბუნებრივი პირობების გამო უფრო სწრაფად დაწინაურდა და განვითარების თავისებური გზით წავიდა. როგორც ჩანს, ამ ნამოსახლარებზე, არსებობის ბოლო პერიოდში, განვითარების მომდევნო ეტაპს - ენეოლითს ეყრება საფუძველი. ამიერკავკასიაში გამოვლენილი ადრემიწათმოქმედი დასახლებები დღეს წარმოადგენს ბორცვებს. ეს ბორცვები წარმოქმნილია თაობების ერთ ადგილას ხანგრძლივად ცხოვრების შედეგად. ამ პერიოდის სოფლები წარმოადგენდა ალიზის შენობების მჭიდრო ჯგუფებს. ალიზი არამყარი სამშენებლო მასალაა და მისგან აგებული შენობა ხშირ შეკეთებასა და გადაკეთებას მოითხოვდა. ამ გაუთავებელი გადაკეთებისა და ახალი შენობების აგების დროს თანდათანობით წარმოიშობოდა ნანგრევების ფენები, რის გამოც სოფელი უფრო და უფრო მაღლა იწევდა. ახლა ძნელია დანამდვილებით იმის თქმა, თუ რამდენ ხანს შეიძლებოდა მდგარიყო ალიზის შენობა. მახლობელ აღმოსავლეთში თანამედროვე ალიზის სახლებზე დაკვირვების შედეგად გამოთქმულია მოსაზრება, რომ ასეთ შენობებს შეიძლება 15-20 წლის მანძილზე ეარსებნა; თუმცა გამორიცხული არაა, რომ განახლების შემთხვევაში შეიძლება მათ მეტხანსაც გაეძლოთ. ცხადია, შენობების მოძველება ან დანგრევა და კვლავ მათი განახლება, ან ხელახლა აგება მთელ სამოსახლოზე ერთდროულად (39) არ ხდებოდა, მხოლოდ სტიქიურ მოვლენებს - მიწისძვრას, ხანძარს, წყალდიდობას, ან მტრის შემოსევას შეეძლო ერთბაშად დაენგრია სოფელი; ასეთ შემთხვევაში ცხოვრება ან საბოლოოდ წყდებოდა, ან თუ გრძელდებოდა, საჭირო იყო სოფლის მოსწორებულ ნანგრევებზე ახალი სახლების აშენება. მაგრამ ჩვეულებრივ სოფლის სხვადასხვა შენობა სხვადასხვა დროს მოითხოვდა შეკეთებასა და განახლებას; ამიტომ წარმოიშობოდა ხოლმე სხვადასხვა სამშენებლო ფენები და ჰორიზონტები, რომლებიც თანდათანობით ამაღლებდა სოფლის დონეს. დონის ამაღლებას იწვევდა აგრეთვე სამეურნეო - საოჯახო ნაგვის (ნაცრის, საჭმლის ნაშთების, კერამიკის, სამშენებლო ნაშთების) დაგროვება. ამრიგად, არათანაბრად, მაგრამ გამუდმებით მიმდინარეობდა სოფლის დონის თანდათანობითი აწევა. ამავე დროს მიმდინარეობდა ეროზიული პროცესები - სამშენებლო ფენების დაგროვების შედეგად წარმოშობილი შემაღლების პერიფერიული ნაწილები ირეცხებოდა და წარმოიშობოდა ფერდობები. სოფლის ზრდის დროს შენობები ამ (40) ფერდობებზედაც იგებოდა, რის შედეგადაც თანადროული სახლები სხვადასხვა სიმაღლეზე ექცეოდა. ზოგჯერ მოგვიანო შენობა, აბსოლუტური დონის მიხედვით ადრეულთან შედარებით დაბლა მდებარეობს, რაც აძნელებს თანმიმდევრული სამშენებლო ფენების დადგენას. ცხოვრების შეწყვეტის შემდეგ, ეროზიული პროცესები ასწორებდა ნასოფლარის რელიეფს და აძლევდა მას ბორცვის, გორაკის მოყვანილობას. ხელოვნურად წარმოშობილი ბორცვების სიდიდე, მათი სიმაღლე, ძველი სოფლის სიძლიერეზე და მისი არსებობის ხანგრძლივობაზეა დამოკიდებული. ამჟამად ბორცვის ტიპის ნასოფლარებს წესიერი წრის ან ელიპსის მოყვანილობა აქვს, ეს ყოველთვის იმას არ ნიშნავს, თითქოს სოფლის თავდაპირველი გეგმაც აუცილებლად ასეთივე იყო. საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ გორაკის ტიპის ნასოფლარების გათხრა მეტად დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული და მისი წარმატება დიდადაა დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწორი წარმოდგენა გვექნება ხელოვნური ბორცვის წარმოშობის თანმიმდევრულ პროცესზე. ამგვარი ძეგლების შესასწავლად საკმარისი არაა ცალკეული ნაგებობების ნაშთებისა და მათში მოხვედრილი სხვადასხვა საგნების გამოვლენა; აუცილებელია დასახლების მთლიანი სახის აღდგენა, რათა მისი მოსახლეობის ცხოვრების სისრულით წარმოდგენა მოხერხდეს. გარდა იმისა, რომ ალიზისაგან აგებული შენობების სანახევროდ მიწადქცეული ნაშთების დიდ ფართობზე გათხრა ხანგრძლივსა და რთულ მუშაობას მოითხოვს, განსაკუთრებულ სიძნელეს წარმოადგენს ერთმანეთზე დაშენებული, ხშირად ურთიერთგადამკვეთი ნაგებობის ხლართში გარკვევა და მათ შორის ამა თუ იმ პერიოდში ერთდროულად მოქმედი სახლების გამოყოფა - სამშენებლო პერიოდების დადგენა. საქმე ისაა, რომ შენობების დაძველება, დანგრევა, განახლება ან ახლად აგება განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, მთელ სამოსახლოზე ერთდროულად არ ხდებოდა. რადგან ჯერჯერობით არ მოგვეპოვება სრული ცნობები ბორცვის ტიპის ნასოფლარების ამიერკავკასიის ტერიტორიაზე გავრცელების შესახებ, ამიტომ ამგვარ საკითხებზე შეიძლება წინასწარ ვიმსჯელოთ. ისიც უნდა ითქვას, რომ ჩვენს ხელთ არსებული მონაცემებიდან ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ისინი მხოლოდ გაშლილ ველებზე, მდინარეების აუზებში იყო გაშენებული. პატარა ჯგუფებად, რომლებიც ერთიმეორისაგან (41) 10-12 კმ არის დაშორებული. თითოეული ჯგუფი შემდგარია 2-4 ნასოფლარისაგან, რომელთა შორის მანძილი მერყეობს 0,5-5 კმ შორის: მაგალითად, მილისა და ყარაბაღის ველზე გამოვლენილი იყო ათამდე ასეთი ნასოფლარი ბორცვი, რომელთაგან შახ—თეფე და მისგან 5 კმ დაცილებული უსახელო თეფე შეადგენს ერთ ჯგუფს; ქიამილ-თეფე, მისგან 700 და 5000 მეტრით მოცილებული ორი ბორცვი - მეორე ჯგუფს. მანძილი ამ ორ ჯგუფს შორის თორმეტიოდე კილომეტრს უდრის. კიდევ უფრო მკაფიოდ ისახება ნასოფლარების ჯგუფები ქვემო ქართლის ველზე, კერძოდ, მარნეულის ვაკეზე. იმის მიხედვით, რაც დღეისათვისაა ცნობილი შეიძლება გამოიყოს 3 ჯგუფი: "არუხლოს ჯგუფი", შედგენილი 4 ბორცვისაგან "ქვემო "შულავერის ჯგუფი", შედგენილი 3 ბორცვისაგან და „წითელი სოფლის ჯგუფი“, შედგენილი 5 ბორცვისაგან. ნასოფლარების შეჯგუფებასთან ერთად ისიც შეიმჩნევა, რომ ეს ჯგუფები ბუნებრივად შემოზღუდულ ფართობზეა მოქცეული. "ქვემო შულავერის" ნასოფლარი ბორცვების ჯგუფი 1964 წლიდან ისწავლება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქართველოს სახელმწიფო მუზეუმის გაერთიანებული არქეოლოგიური ექსპედიციის მიერ. ამ რაიონის უძველეს  ნასოფლარების არქეოლოგიური შესწავლა, რისი საჭიროებაც ადრევე იგრძნობოდა, დააჩქარა იმან, რომ სასოფლო - სამეურნეო სამუშაოების დროს ზოგიერთი მათგანი ზიანდებოდა ან მთლიანად ნადგურდებოდა. ქვემო შულავერის ტერიტორიის ნაწილი ამჟამად ვენახს უკავია; სავენახე ფართობის გადიდების მიზნით მეურნეობამ 1964 წელს აქ სრულიად გაასწორა მიწასთან ერთი მომცრო გორა და მნიშვნელოვნად შემოჭრა მეორე მოზრდილი ნასოფლარი ბორცვი, რომლებიც ივრის შუაგულში მოექცა. ამ სამუშაოების დროს ბულდოზერმა ამოყარა მიწიდან თიხის ჭურჭელი, ქვისა და ძვლის იარაღი და ადამიანის ჩონჩხის ნაწილები, რაც ეცნობა საქართველოს მუზეუმს. მუზეუმის წარმომადგენლების ადგილზე ჩასვლისა და მდგომარეობის გაცნობისთანავე მიწის სამუშაოები შეჩერებულ იქნა; ცხადი იყო, რომ ზიანდებოდა მეტად მნიშვნელოვანი, მანამდე საქართველოს ტერიტორიაზე სრულიად უცნობი ძეგლები, სადაც შემონახული იყო უძველესი მიწათმოქმედი ტომების კულტურა. იმთავითვე გადაწყდა ამ ძეგლების დაუყოვნებლივ შესწავლა (42). ქვემო ქართლის ვაკეს, სადაც ადრეული მიწათმოქმედი საზოგადოება ჩამოყალიბდა, აღმოსავლეთ საქართველოს სამხრეთი ნაწილი უკავია. ვაკეს მდ.მტკვარი ორად ყოფს. მარცხენა მხარე ლოჭინ-გარდაბნის ვაკეს უკავია, მარჯვენა კი - მარნეულის ვაკეს. მარნეულის ვაკე მდინარეების ხრამის, ალგეთისა და დებედას ქვემო დინებითაა გადაკვეთილი. მდ.ხრამის აუზში მოქცეულია მარნეულის ვაკის უდიდესი ნაწილი; მისი სიმაღლე მერყეობს 270-500 მ ფარგლებში. მარნეულის ვაკის ის ნაწილი, სადაც გავრცელებულია სადღეისოდ ცნობილი უძველესი ნასოფლარები წარმოადგენს მდ.ხრამის მარჯვენა ნაპირის ვიწრო ზოლს, გადაჭიმულს ორმოციოდე კილომეტრზე ჩრდილო - დასავლეთიდან სამხრეთ აღმოსავლეთისაკენ. მისი სიგანე სხვადასხვა ადგილას იცვლება და მერყეობს 2-15 კმ შორის. დაბლობი დასერილია ხრამის მარჯვენა შენაკადებით - მაშავერით, საღზაღანისა და შულავერის ღელით და დებედით. ამრიგად, დაბლობის ეს ნაწილი დაყოფილია მეტ–ნაკლები სიდიდის ფართობებად, რომლებიც შემოფარგლულია სამხრეთიდან სომხითის ქედის მთისწინა ზოლის ბორცვებით, ჩრდილოეთიდან მდ.ხრამით, აღმოსავლეთიდან და დასავლეთიდან კი ზემოდასახელებული მდინარეებით. ქვემო ქართლის ვაკეზე კარგი კლიმატური პირობებია სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის; ის ხასიათდება მაღალნაყოფიერი ნიადაგებითა და წლის უმეტესი დროის განმავლობაში მცენარეულობის ვეგეტაციისათვის აუცილებელი მინიმალური ტემპერატურით (+5°მეტი). ნალექების მაქსიმალური რაოდენობა აქ გაზაფხულსა და ზაფხულის დამდეგზე მოდის და, თუმცა ზაფხული მშრალი და ცხელი იცის, მაინც შესაძლებელია მრავალფეროვანი კულტურების მოყვანა, განსაკუთრებით ბოსტნეულის, ხეხილისა და მარცვლეულის. ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ეს ზონა საუკეთესოა მთელს საქართველოში ხორბლეულისათვის და, მართლაც, კოდის პური მუდამ განთქმული იყო ჩვენში. ვახუშტი ბატონიშვილი ასე ახასიათებს ამ რაიონს: "გარნა, მოვალს მუნცა ყოველნი მარცვალნი, ბრინჯ-ბამბისაგან. კიდე, ვენახნი, ბროწეული, ლეღვი და სხვა ხილნი მრავალნი". არასაკმარისი ნალექიანობის გამო, მარნეულის ვაკეზე დღეს სოფლის მეურნეობა ძირითადად რწყვაზეა დამყარებული ჯერ კიდევ ვახუშტი აღნიშნავდა, რომ აქ "ირწყვიან ამიერ და იმიერ (43) ველნი. მარნეულის ველის სარწყავად გამოიყენება მდინარეები: ხრამი, ალგეთი, შულავერის წყალი და სხვა. ქვემო ქართლის ვაკის ადრიდანვე ინტენსიურად გამოყენების გამო, მის დიდ ნაწილს ბუნებრივი მცენარეული საფარი არა აქვს. ტყემ ადგილი დაუთმო დამუშავებულ მინდვრებს. რა თქმა უნდა, ამ მხრივ ქვემო ქართლის ვაკე სხვაგვარად გამოიყურებოდა

რუკა III. ქვემო შულავერის ნასოფლარები ჯგუფი

მაშინ, როდესაც ადამიანი მის პირველად ათვისებას იწყებდა, ალბათ, უხვად იყო დაფარული მცენარეული საფარით. მდინარეები უფრო წყალუხვი იქნებოდა და მშრალი ხევები, რომლითაც დღეს დასერილია მარნეულის ვაკე, ალბათ, წყლის ნაკლებობას არ განიცდიდნენ. ერთი სიტყვით, პირველყოფილი მიწათმოქმედების განვითარებისათვის აქ ყველა პირობა არსებობდა (44) და ამიტომაცაა, რომ ადრიდანვე იწყება ამ ველის ინტენსიური ათვისება; ამას ხელს შეუწყობდა ისიც, რომ გარშემო მდებარე ტყეებში უხვად იქნებოდა გარეული ცხოველები და ფრინველები, მდინარეებში კი, რომლებიც დღესაც განთქმულია ამით, სხვადასხვა სახის თევზი. ვახუშტი საგანგებოდ აღნიშნავს, ქვემო ქართლის მდინარეების სიუხვეს თევზით ყოველივე ეს უნდა ყოფილიყო იმის მიზეზი, რომ ქვემო ქართლის ვაკეზე ადრიდანვე მკვიდრდება ადამიანი. არქეოლოგიური სამუშაოები ექსპედიციამ დაიწყო ქვემო შულავერის ნასოფლარების ჯგუფის შესწავლით. ქვემო შულავერის ნასოფლარები მდებარეობს საღზაღანისა და შულავერის ღელეებით შემოსაზღვრულ ვაკეზე, რომლის ფართობი დაახლოებით 160 ჰას უდრის. აქ, როგორც ითქვა, დადგენილია 4 უძველესი ნასოფლარი: შულავერის გორა, დანგრეული გორა, გადაჭრილი გორა და იმირის გორა. სამწუხაროდ, ამ ძეგლების სახელწოდება სავსებით პირობითია. როგორც ცნობილია, საქართველოს ამ კუთხის მოსახლეობა გვიანფეოდალურ ხანაში მკვეთრად შეიცვალა; შემოსევების შედეგად განადგურებული ქართული სოფლები და დაბები თურქული მოდგმის სხვადასხვა ტომებით იქნა დასახლებული, მრავალი საბოლოოდ აოხრდა, მომძლავრება იწყო სომხურმა ელემენტმაც. ახალ მოსახლეობას არავითარი კავშირი არ ჰქონია ამ მიწა-წყალთან, რის გამოც თითქმის სრულიად მოისპო ძველთაძველი ადგილობრივი ტოპონიმიკა და მის ნაცვლად ძირითადად თურქული გაჩნდა. მხოლოდ იშვიათ შემთხვევაში თუ შეიძლება ახალ ტოპონიმებში ძველის გამოცნობა, ისიც დიდი გაჭირვებით. ძველი ნასოფლარების ახალი სახელები უმთავრესად მათ გარეგნულ სახეს უკავშირდება. შულავერის გორას ადგილობრივი სომხური მოსახლეობა აზნივს უწოდებს, რაც შეიძლება გამოჩინებულს, წარჩინებულს ნიშნავდეს; გადაჭრილი გორა თურქული მოსახლეობის მიერ პარა-თაფად იწოდება რაც ნახევარ გორას ნიშნავს და კარგად შეეფერება მას, რადგან შულავერის ღელის პირას მდებარე ეს ნასოფლარი ზუსტად ნახევრადაა გადაჭრილი მდინარის მიერ; იმირის გორა სანჯი–თაფად იწოდება და თითქოს მრგვალს, წრიულხ ნიშნავს; არუხლოს გორას (მწვანე გორას) გეო-თეფეს უწოდებენ და სხვა. ხრამის მარჯვენა სანაპირო ველი ქვემო შულავერთან 2-3 კმ სიგანისაა; სამხრეთიდან მას (45) საზღვრავს გორაკები, რომლებიც თანდათან მაღალ, სომხითის ტყიან მთებში გადადის. ამ მთებსა და გორაკებს შორის, მწვანეში ჩალულ ხეობაში ჩრდილოეთისკენ მოედინება შულავერის ღელე, ნამდვილი მთის მდინარე, წყალუხვი და ღვარცოფიანი თოვლის დნობისა და წვიმების დროს. ხეობიდან ველზე გამოსვლისთანავე შულავერის ღელე უხვევს აღმოსავლეთისაკენ, მოედინება ბორცვების გაყოლებით, შემდეგ ჩრდილო - აღმოსავლეთისაკენ და უერთდება ხრამს. ამჟამად შულავერის ღელე ველზე გამოსვლისთანავე საკმაოდ ვიწრო და ღრმა კალაპოტში მიედინება; კალაპოტის სიღრმე ველის თანამედროვე ზედაპირიდან საშუალოდ 6 მეტრია და ამდენად სარწყავად მისი გამოყენება სპეციალური მოწყობილობის გარეშე შეუძლებელია. როგორც ჩანს, ველის დონე თანდათანობით მაღლაა აწეული. ამას თუნდაც ის მოწმობს, რომ შულავერის გორის თავდაპირველი სამშენებლო ფენის საცხოვრებელი ნაშთები ამჟამად მიწის პირიდან 2 მ სიღრმეზეა; მაშასადამე, ველის დონე პირველი ნასოფლარების გაჩენის დროიდან დღემდე, სულ ცოტა 2 მეტრით ამაღლებულა. მეორე მხრით, დროთა განმავლობაში ღრმავდებოდა მდინარის კალაპოტი, რაც ნათლად ჩანს ე.წ. გადაჭრილ გორასთან, რომლის გაშიშვლებული თავდაპირველი ფუძიდან მდინარის დონე დაახლოებით 2 მეტრითაა დაწეული. მაშასადამე, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შულავერის ღელის კალაპოტის სიღრმე ადრეულ ხანაში 2 მეტრს არ აღემატებოდა. თუ გავითვალისწინებთ რომ ველს ამჟამადაც აქვს საგრძნობი დაფერდება სამხრეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ, მაშინ იქნებ დაუშვებლადაც არ მოგვეჩვენოს, რომ მდინარის გამოყენება ველის მოსარწყავად შესაძლებელი იყო; მაგრამ ცხადია, ზემოთქმული საკმარისი არ არის იმხანად სარწყავი მეურნეობის არსებობის დასამტკიცებლად. ქვემო შულავერის უძველესი ნასოფლარების ჯგუფი, დღევანდელი ადმინისტრაციული დაყოფის მიხედვით, შედის მარნეულის რაიონში და მდებარეობს რკინიგზის სადგ.შულავერიდან, პირდაპირი ხაზით, ჩრდილო-დასავლეთით 4 კილომეტრზე. ამ ჯგუფში შემავალი ოთხი გორიდან ერთი, როგორც ითქვა, მთლიანად გასწორებულია ("დანგრეული გორა"); მეორე („გადაჭრილი გორა“) სანახევროდ ჩამოჭრილია; მესამე ("შულავერის გორა") - ძლიერაა დაზიანებული; მხოლოდ მეოთხე („იმირის გორა“) - ხელუხლებლადაა (46) შემონახული; ამ ოთხი გორიდან შულავერის გორა გამოირჩევა მოცულობითა და სიძლიერით. მას თითქოს ცენტრალური ადგილი უკავია, მდებარეობს და ბატონობს ველზე და აქ არსებულ სხვა ნასოფლარებზე; ის დაახლოებით თანაბარი მანძილით - 600–700 მ არის დაცილებული ხრამის ძველ კალაპოტსა და შულავერის ღელეს. მის დასავლეთით, ერთი კილომეტრის მანძილზე იდგა „დანგრეული გორა“, აღმოსავლეთით, ორ კილომეტრზე მდებარეობს "იმირის გორა", ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით, 1,5 კილომეტრზე - "გადაჭრილი გორა". ამ ჯგუფიდან ქვემო ქართლის არქეოლოგიურმა ექსაედიციამ თავდაპირველად შესასწავლად შეარჩია შულავერის გორა, შემდეგ კი იმირის გორა; გათხრასაც შეუდგა. დაზიანების მიუხედავად შულავერის გორის თავდაპირველი მოყვანილობისა და ზომის აღდგენა მაინც შესაძლებელია. მას ჰქონია NO-SW მიმართულებით მცირედ გაწეული ოვალის მოყვანილობა სიგრძით 100, სიგანით (47) 80 მეტრამდე. სამშენებლო და კულტურული ფენების სისქე 7 მეტრს აღწევდა თუმცა ბორცვი ველის თანამედროვე დონიდან 5,8 მ სიმაღლისა იყო. შულავერის გორის დაზიანების გამო, რომელსაც ზემოდან, მოჭრილი აქვს დაახლოებით 3 მეტრი, ხოლო აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან - 19 და 17 მეტრი, ნასოფლარის ნაშთების მიერ დაკავებული ფართობიდან ამჟამად გადარჩენილია ნახევარი - 3200 კვ.მ, რომლიდანაც ჯერ-ჯერობით გათხრილია მცირე ნაწილი. ცხადია, ასეთ პირობებში სოფლის გეგმარებაზე და თავისებურებებზე მსჯელობა მეტისმეტად ზოგადად თუ შეიძლება. გასათხრელად შერჩეული ფართობი ექცევა ბორცვის SO ნაპირთან, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, ჩამოჭრილია ბულდოზერით. ამიტომ ფაქტიურად ითხრება ნასოფლარის ცენტრალური ნაწილი და არა განაპირა უბანი. უნდა გავიხსენოთ, რომ ბორცვს მოჭრილი აქვს თავიც და, მაშასადამე, გათხრების დროს გამოვლენილი ნაშთები საშუალოდ ქვედა სამშენებლო ფენებს ეკუთვნის.

<<გაგრძელება (ნაწილი II)