topmenu
მთავარი
ეპარქიები
ეკლესია-მონასტრები
ციხე-ქალაქები
უძველესი საქართველო
ექსპონატები
მითები და ლეგენდები
საქართველოს მეფეები
მემატიანე
ტრადიციები და სიმბოლიკა
ქართველები
ენა და დამწერლობა
პროზა და პოეზია
სიმღერები, საგალობლები
სიახლეები, აღმოჩენები
საინტერესო სტატიები
ბმულები, ბიბლიოგრაფია
ქართული იარაღი
რუკები და მარშრუტები
ბუნება
ფორუმი
ჩვენს შესახებ
rukebi
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები
ეკლესია - მონასტრები

 

რუისი

<უკან დაბრუნება

რუისი //ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ.VIII. - 1984. - გვ.468

რუისი - სოფელი ქარელის რაიონში, შიდა ქართლის ვაკეზე, *მდინარე მტკვრის მარცხენა სანაპიროზე გორი - ხაშურის საავტომობილო გზაზე. საკრებულოს ცენტრი. ზღვის დონიდან 670 მეტრი, ქარელიდან 5-7* კილომეტრი... *სოფელი მდიდარია არქიტექტურული ძეგლებით. სახელწოდება "რუისი" წარმოდგება სიტყვა "რუ" - დან. ვარაუდობენმ რომ იგი ანტიკური ხანის ქალაქ ურბნისის ერთ ერთი სამიწათმოქმედო რაიონი იყო. შუა საუკუნეებში რუისში საეპიკოპოსო კათედრა იყო. რუისი ძველ ქართულ კულტურულ - საგანმანათლებლო კერასაც წარმოადგენდა. იქ მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავია ანტონ მროველი (IX-X სს.), ლეონტი მროველი, გიორგი მროველი (XII-XIII სს.), დიონისე ლარაძე (XVI ს.), დომენტი ავალიშვილი (XVI-XVII სს.), ნიკოლოზ ორბელიანი (XVII-XVIII სს.), იონა გედევანიშვილი და სხვ. ჩვენმდე მოღწეულია რუისის წიგნთსაცავის ბევრი ხელნაწერი. განსაკუთრებული მნიშვნელობისაა რუისის XI საუკუნის სახარება. სოფლის შუაგულში აღმართულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ჯვარ - გუმბათოვანი ტაძარი, XI საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად გადააკეთეს. ადრინდელი VIII - IX სს. ნაგებობის ფრაგმენტები ჩართულია საკურთხეველსა და აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებში. ტაძრის გუმბათი დაყრდნობილია თავისუფლად მდგარ ოთხ ბოძზე. XI საუკუნეშივე ეკლესიის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფასადებისათვის მთელ სიგრძეზე მიუშენებიათ მაღალმხატვრულად შესრულებული ჩუქურთმებიანი ეგვტერები, ჩუქურთმითა და ლილვებით შეუმკიათ თორმეტწახნაგა გუმბათის ყელის სარკმლები (რომელთაგან ექვსი XV საუკუნეში ამოუქოლავთ). თემურ - ლენგის ლაშქარმა ტაძარი დაწვა და დაანგრია. განაახლა ალექსანდრე I-მა (1412-1442). 1920 წ. მიწისძვრით დაზიანებული ძეგლი 1930-იან წლებში აღადგინეს. ტაძრის გალავანში ეპისკოპოს ილარიონ ლარაძის მიერ XVII საუკუნის სამრეკლოა.

ჯ.გვასალია, ლ.მენაბდე, პ.ზაქარაია

*რუისის ღვთისმშობლის ტაძარი — ტაძარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფ.რუისის შუაგულში. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. აღდგენა-შეკეთებისას გამოყენებულია მონაცისფრო-მოშავო ბალასტის კვადრები, შირიმი და აგური. გადმოცემით რუისის ტაძარი აუგია ვახტანგ გორგასალს. ამ ხნის ნაგებობას ჩვენამდე არ მოუღწევია.

ეკლესიაზე გაირჩევა რამდენიმე სამშენებლო ფენა. უძველესი VIII-IX საუკუნეებს მიეკუთვნება. X საუკუნეში ეკლესია საფუძვლიანად შეუკეთებიათ. XI საუკუნეში გიორგი ეპისკოპოსს იგი კვლავ განუახლებია და მდიდრულად მოურთავს, რაზეც მეტყველებს ჩრდილოეთი კარიბჭის აფსიდის კონქის ქუსლთან არსებული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა: "ქრისტე შეიწყალე სული გიორგი ეპისკოპოსისა ამინ"; წარწერის ბოლოში მიწერილია: "მარიამ დედოფლისა" (დედა, რომელიც ბაგრატის გამეფებამდე განაგებდა ქვეყანას). საეპისკოპოსო კათედრალს დახმარებას უწევდა თამარ მეფის დედა ბურდუხანი: "ზრუნვა და საზრუნავი ხელ ეყო დედოფალსა ბურდუხანს".

თემურლენგის შემოსევების დროს ეკლესია ძლიერ დაზიანებულა. დასავლეთი ფასადის წარწერის თანახმად ტაძარი აღუდგენია მეფე ალექსანდრე I-ს (1412-1442). „ქ ზე ადიდენ ღმერთმან მეფეთა-მეფობა დიდისა ალექსანდრესი, - რომლისა მიერ კვალად აღეშენა საყდარი ესე, ადიდენ ღმერთმან და სული მათი კურთხეულ ყოს" ეკლესიის სამხრეთი ფასადის წარწერაში კი მოხსენიებულია შემკეთებელი ოსტატი: "გალატოზთა ზედა მომგესა შალვას შეუნდვეს ღმერთმან, ამინ”. XVI საუკუნეში ეკლესია კვლავ აღუდგენია მროველ ეპისკოპოსს დიონისე ლარაძეს, ხოლო XVII საუკუნეში განუახლებია და შეუმკია მარიამ დედოფალს, როსტომ მეფის (1632-1758) მეუღლეს. XVII საუკუნეში მროველი ეპისკოპოსის სამწყსო საკმაოდ დიდ ტერიტორიას მოიცავდა. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: "ზის ეპისკოპოზი, მწყემსი ამ რუისა ზეითის ქართლისა, ლიხ-ტაშისკარამდე და აწ ისევ მწყსის ხეობასა და სადგერს...“ რუისის ეპარქიის იმ ხანის ეკონომიკაზე საინტერესო ცნობას იძლევა რუისის მღვდელმთავრის ნიკოლოზ ორბელიანის მიერ 1715 წელს შედგენილი ”სამწყსოს დავთარი”. 1803 წელს ტაძარში ტრაპეზ-ამბიონი აუგია იუსტინე მაღალაძეს. 1811 წელს რუისის ეპარქია გაუქმდა.

1920 წლის თებერვლის მიწისძვრამ ძეგლი ძლიერ დააზიანა. ძეგლზე აღდგენითი სამუშაოები ჩაატარა 1936 და 1938 წლებში საქართველოს კულტურული ძეგლთა განყოფილებამ, ხოლო 1950-1953 წლებში სპეციალურმა სამეცნიერო სახელოსნომ (ხელმძ. ვ.ცინცაძე).

ტაძარში სამი სწორკუთხა შესასვლელია: დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით. X საუკუნეში ეგვტერების აგების დროს, ჩრდილოეთისა და სამხრეთის შესასვლელები კედლების ცენტრალურ ნაწილიდან დასავლეთ მონაკვეთში გადაუტანიათ (შემორჩენილია ჩრდილოეთის თავდაპირველი შესასვლელის თაღის ნაშთი). დასავლეთით შესასვლელზე XV საუკუნეში მიუშენებიათ სამ მხრივ თაღებით გახსნილი კარიბჭე, რომელიც იმეორებს ძველ ფორმებს. თორმეტწახნაგა მაღალი გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს. გუმბათქვეშა კვადრატიდან ოდნავ არაწესიერი მოყვანილობის გუმბათის წრიულ ყელზე გადასვლა განხორციელებულია აფრებით. გუმბათქვეშა კამარები ოდნავ შეისრულია. გუმბათში თორმეტი სარკმელია (6 ამოაშენეს XV საუკუნეში). დასავლეთით კიდევ ორი ბურჯია, ხოლო დეფორმირებული ნალისებრი აფსიდის წინ ღრმა ბემაა. ამიტომ აღმოსავლეთიდან ღერძი საკმაოდ წაგრძელებულია. აფსიდის ღერძზე მაღალი, შიგნიდან გარეთ შევიწროებული თაღოვანი სარკმელია, რომლის ქვევით თაღოვანი ნიშია. დასავლეთით სამი სარკმელია. საკურთხეველის გვერდებზე კუთხის ოთხ ტრომპზე დამყარებული გუმბათიანი კამარით გადახურული კვადრატული სამკვეთლო და სადიაკვნეა. სათავსები დასავლეთით თაღოვანი ღიობებით უერთდებიან ეკლესიის შესაბამის გვერდით ნავებს. სამკვეთლო ჩრდილოეთით, ხოლო სადიაკვნე სამხრეთით გაფართოებულია დამატებითი ოთხკუთხა კამარებით გადახურული სათავსებით. ჩრდილოეთის სათავსის კამარა შეცვლილია. სადიაკვნის აღმოსავლეთ ნაწილში პატარა ნალისებრი აფსიდია, რომლის ღერძზე პატარა სარკმელია. უფრო მოზრდილი სარკმელი სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელშიცაა.

1781 წელს საკურთხევლის წინ ხის აჟურული კანკელი დაუდგამთ. ტაძარი დგას ორსაფეხურიან ცოკოლზე. შენობის ძირითადი მასა გუმბათის ყელთან შედარებით დაბალია. ეს განსაკუთრებით ჩანს აღმოსავლეთიდან. ეს ფასადი შესამჩნევად ფართო, დამჯდარი და თითქმის მოურთველია. ტაძრის გუმბათის ყელი XI საუკუნეში აუმაღლებიათ და მოურთავთ. სარკმლების ნაირგვარი ორნამენტით მორთულ საპირეებს შემოვლებული აქვს ორმაგ ლილვებიანი დეკორატიული თაღედი და ნახევარსვეტები. ასევე დეკორატიულია ნახევარსვეტების კაპიტელები და ბაზისები. დეკორატიული თაღების შერწყმის ადგილზე, გუმბათის წახნაგებზე მოჩუქურთმებული გირჩებია. გუმბათის სარკმლების დეკორატიული სისტემა ეყრდნობა სამი ლილვისგან შედგენილ სარტყელს.გუმბათს ზემოთ შემოვლებული ჰქონდა ორი გრეხილი ლილვი და დეკორირებული ფრიზი (შემორჩენილია ფრაგმენტები). გუმბათი, ისე როგორც ფასადები, დასრულებულია ლილვისა და მეოთხედი წრეთა რიგისაგან შედგენილი ლავგარდნით. ტაძრის ჯვრის მკლავების ფრონტონების ქვეშ მოთავსებული იყო მოჩუქურთმებული ჯვრები (შემორჩენილია სამხრეთისა და დასავლეთის ფასადებზე). მორთული იყო შესასვლელისა და სარკმელთა საპირეებიც. მათი უმეტესი ნაწილი განახლებულია XV საუკუნეში. ფასადებზე გაფანტულია X-XI საუკუნის ორნამენტირებული ფრაგმენტები. აღსანიშნავია რამდენიმე საინტერესო რელიეფი. სადიაკვნის დამატებითი სათავსის შესასვლელის ნახევარწრიულ, ლილვებით შემოფარგლულ და ორნამენტით მორთულ ტიმპანზე სამი ოდნავ ჩაღრმავებული სწორკუთხედი შევსებულია კომპოზიციურად დამოუკიდებელი ფიგურული გამოსახულებებით - შუაში ანგელოზითა და პატარა ფიგურებით გარშემორტყმული ხელგაშლილი ქრისტეა; მარჯვნივ - ღვთისმშობელი ყრმით და მის წინ მუხლმოდრეკილი ფიგურა; მარცხნივ შუაში დგას შარავანდედიანი გულხელდაკრეფილი ფიგურა, აქეთ იქეთ კი მუხლმოდრეკილი და ფეხზე მდგომი ფიგურებია. რელიეფით იყო შემკული სამხრეთი ფასადიც: აქ გამოსახულია ორი მამაკაცი - მარჯვენას ერთ ხელში ჩაქუჩი (წერაქვი) ეჭირავს, მეორეში გონიო; მარცხენას მხრებზე წამოსასხამი აქვს და ერთ ხელში რაღაც უჭირავს (სავარაუდოა - ტაძრის გეგმა), მეორეში ჩაქუჩი (წერაქვი). კარგად გაირჩევა ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ფიგურებს შორის, სარკმლის ნახევარწრიულ ჭრილზე გადაყვანილია რელიეფური დეჯორატიული თაღი. მარჯვნივ ფიგურასთან ოთხი წვრილი ასომთავრული ასოა ამოკვეთილი.

ტაძრის კონუსური გუმბათი გადახურულია თუნუქით, ხოლო დანარჩენი სახურავები კრამიტისაა. აქა იქ შემორჩენილია მოხატულობის ფრაგმენტები. კანკელზე, ტაძრის გუმბათ ქვეშ საყრდენებზე და კანკელის გაგრძელებაზე აშენებულ კედლებზე შემორჩენილი ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანისაა. კანკელის მხატვრობა სამ რეგისტრად იყოფა. ზედა რეგისტრში გამოსახულია ქერუბიმები, შემდგომში - წმინდანები, ქვემოთ კი მღვდელმთავართა ნახევარფიგურებია (მღვდელმთავრებს ერთ ხელში წიგნი უჭირავთ, მეორეთი კი აკურთხებენ). კანკელის თაღები მარტივი, მშრალი ორნამენტითაა მოხატული. გუმბათქვეშა ბურჯებზე, ყვავილებით შემკულ ლურჯ ფონზე, მედალიონებში მარტვილ დედათა გამოსახულებებია. სამხრეთ აღმოსავლეთ ბურჯზე მსგავს მედალიონებში წმინდა მამანი არიან გამოსახულნი, ხოლო კანკელის გაგრძელებაზე, სამხრეთის კედელზე წმინდა გიორგი გველეშაპს კლავს. მოხატულობის კოლორიტში ჭარბობს მოწითალო-ყავისფერი, ლურჯი, მწვანე ფერები; ფონი ზოგან სამფერია- მწვანე, მოწითალო, იასამნისფერი. კანკელის მარცხენა ნაწილში ჩანს ქვედა ფენის მხატვრობის ფრაგმენტები (ტანსაცმელი, ორნამენტი, წმინდანის სახე).

XI საუკუნეში ტაძარს სამხრეთით და ჩრდილოეთით მიაშენეს კარიბჭე-ეგვტერები. პირვანდელი სახით შემორჩა ჩრდილოეთის ეგვტერი, რომლის კვადრატული სივრცე გადახურულია რვა სხივიანი ორნამენტირებული გუმბათით. კვადრატიდან წრეზე გადასვლა აფრებით ხდება. აღმოსავლეთით, ნახევარწრიულ აფსიდებში შემორჩენილია სამფერი ორნამენტირებული ქვით გაწყობილი იატაკი, კონქის ქუსლთან კი ორნამენტით შემკული, პროფილირებული ზოლით ხაზგასმული ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერა. თითო სარკმელია ჩრდილოეთით (თაღოვანი) და დასავლეთით (სწორკუთხა, შესასვლელის თავზე). დასავლეთის კედელზე გაირჩევა მოხატულობის კვალი - სარკმლის ერთ მხარეს წმ.დედის ფრონტალური გამოსახულებაა, მეორე მხარეს კი წმინდანისა. ეგვტერს დასავლეთით ეკვროდა ჯვაროვანი კამარით გადახურული სათავსი - კარიბჭე. კამარის საყრდენი იმპოსტები მოჩუქურთმებულია. კედლები ნაგებია კარგად გათლილი მომწვანო ქვიშაქვის მოზრდილი კვადრებით. სათავსს ჩრდილოეთით ჰქონდა მოჩუქურთმებულ იმპოსტზე დაყრდნობილი ფართო თაღოვანი ღიობი - შესასვლელი. მისგან შემორჩენილია დაბალი ორნამენტირებული ფრონტონის ნაწილი. მინაშენები დასრულებული იყო მცენარეული მოტივით შემკული დახრილი სიბრტყის ლავგარდნით და გადახურული ცალფერდა სახურავით. სამხრეთის კარიბჭისაგან უმნიშვნელო ფრაგმენტებია შემორჩენილი. იგი XV საუკუნეშია ძირეულად შეკეთებული და გადაკეთებულია. ამჟამად წარმოადგენს დერეფნის მაგვარ ნახევრად ბნელ, წაგრძელებულ, ცილინდრული კამარით გადახურულ, დანაწევრებულ სათავსს, რომლის აღმოსავლეთ ნაწილში გაჭრილია სადიაკვნეში შესასვლელი. კოშკი-სამრეკლო მდებარეობს ტაძრის დასავლეთით, ჩაშენებულია გალავანში. რომელიც XVII საუკუნეშია აგებული ეპისკოპოს ილარიონ ლარაძის მიერ. შენობა სამსართულიანია (7,4X6,8 მ), ნაგებია ქვიშაქვისა და შირიმის კვადრებით, ნატეხი და რიყის ქვებით, აგურით. პირველ სართული კომპლექსის ეზოში შესასვლელს წარმოადგენს და მთელ სიგანეზეა გახსნილი. გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რომელიც მასიურ საბჯენ თაღებს ეყრდნობა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლებზე მასიური კონტრ-ფორსებია მიშენებული. სავარაუდოა, აქ ზედა სართულებზე ასასვლელი კიბე იყო. მეორე სართული საცხოვრებელია, მის კედლებში ბუხარი (ამოშენებულია მოგვანებით) და თახჩა-ნიშებია. დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო კარია; დასავლეთის კარი ვიწრო დერეფანში გადის. მესამე სართული საკუთრივ სამრეკლოს წარმოადგენს.

დასავლეთით და აღმოსავლეთით იგი წყვილ-წყვილი თაღით იხსნება, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს თითო თაღი აქვს. გადახურვა დეფორმირებული ნახევარსფეროსებრია. კომპლექსს შემოვლებული აქვს გალავანი, რომელიც თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ნაგებია რიყის ქვით. კედლის ორფერდა თავი გადალესილია ცემენტის ხსნარით. კედლის მაქსიმალური სიმაღლე 1.5 მ-ს არ აღემატება. რელიეფის შესაბამისად გალავანი ბევრგან დანაწევრებულია საფეხურებად, ზოგან შეტეხილია. ჩრდილო-დასავლეთისა და ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეებში, აგრეთვე სამხრეთის ნაწილში, შემორჩენილია გალავანზე მიშენებულ ნაგებობათა ნაშთები.

*გამოყენებული ბმულები: http://ka.wikipedia.org/wiki/რუისის_ღვთისმშობლის_ტაძარი

http://dzeglebi.ge/dzeglebi/r/ruisi.html

 

 

 

 

 

************************************************************************************

რუისი //საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა. ტ.5.- თბ., 1990. - გვ.384-388.

133. რუისი, სოფელი, ისტორიული ძეგლი. მდებარეობს ქარელიდან 5 კმ-ზე, გორი-ხაშურის საავტომობილო გზაზე. სახელწოდება "რუისი" წარმოდგება სიტყვა "რუ" - დან. ვარაუდობენ, რომ იგი ანტიკური ხანის ქალაქ ურბნისის ერთ ერთი სამიწათმოქმედო რაიონი იყო. ფეოდალურ ხანაში აქ საეპიკოპოსო კათედრაა...<<ტექსტი სრულად აქ..<<