<უკან დაბრუნება
ნარ - ძუარი - ისტორიული ძეგლი ჩრდილოეთ ოსეთში, სოფ.ნარის სიახლოვეს, აღმოსავლეთისაკენ, მთის ფერდობზე, აგებული იყო წმინდა გიორგის სახელზე. აღმოჩნილი იქნა ქართული ექსპედიციის მიერ: 1974 წლის აგვისტოში ივ.ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციამ ჩაატარა მდინარეების არდონის, მამიხდონის, ზრუგის ხეობებისა და ნარის აუზის არქეოლოგიური დაზვერვა. ეკლესია დანგრეულია.
შესასვლელი დასავლეთიდანაა. მის სიახლოვეს სამარხებია. საყურადღებოა, რომ "ძუარის" სხვადასხვა ადგილას ჩაშენებულია ჩუქურთმიანი ლავგარდნის შვიდი ქვა, ვიწროხვრელობიანი სარკმლის ზედანი, ნახევარწრიული ტიმპანი (R=0,5 მ.) და თაღის ორი ქვა. დიდ ყურადღებას იპყრობს ლავგარდნის ჩუქურთმიანი ქვები (h=0,29 მ.). სამ მათგანზე გამოსახულია ასეთი ჩუქურთმა: ქვის ზედა ნაპირი - თარო სადაა, ხოლო ქვედას გაუყვება მრგვალი რელიეფური "ღილები“, მათ შორის სივრცე კი შევსებულია ორღარიანი ლენტით წნული რომბისებური ორნამენტით, რომბებს შიგნით გამოსახულია რომბი, ხოლო წნული რომბების კუთხეებში - სამკუთხედი. ლავგარდნის ერთ ქვაზე, რომლის ჩუქურთმა ზემოთ აღწერილ კომპოზიციას იმეორებს, რომბისებრი წნულის მაგივრად ელიფსური ორნამენტული მოტივია გამოსახული. ლავგარდნის დანარჩენ სამ ქვაზე კი ჩუქურთმა წარმოადგენს 0,1 მ. სიმაღლის ერთმანეთისგან 0,05 მ-ით დაშორებულ ცილინდრულ შვერილებს. აღსანიშნავია, რომ ლავგარდნის ჩუქურთმათა ღარები აგურისფრადაა შეფერადებული. აღწერილი ორნამენტული დეკორი გარკვეულ მსგავსებას ავლენს X ს. შუახანებითა და II ნახევრით დათარიღებულ (რ.მეფისაშვილი) ქართული ძეგლების (ერედვის "ბერის საყდარი", კუდაროს "ნადარბაზევი" და სხვ) დეკორთან. ამასთანავე, ჩუქურთმის ლენტის დანაწევრების ტექნიკური ხერხებით იგი შესაძლებელია XI საუკუნის დასაწყისსაც ეკუთვნოდეს, რამდენადაც ამ პერიოდში ქართული ორნამენტული კვეთის ტექნიკაში შემოდის და უაღრესად გავრცელებული ხდება ჩუქურთმის მომხატველი ლენტის დანაწევრება ორი ღარით (შდრ. ქუთაისის ბაგრატის ტაძარი, მანგლისი, კაცხი, სამთავისი, სვეტიცხოველი და სხვ.). ქართველი მეცნიერების აზრით, დღევანდელი ნარძუარის ადგილზე, ან მის სიახლოვეს X ს. II ნახევარსა - XI ს. დასაწყისში ტუფის ქვით აიგო ქართული ეკლესია, რომელსაც ჰქონდა ტიმპანიანი კარი, ვიწრო სარკმელი, ჩუქურთმიანი ლავგარდანი და შიგნიდან შელესილი იყო (ზოგიერთ ქვაზე შელესილობის კვალია შემორჩენილი).
ნარ-ძუარის თავდაპირველი ნაგებობის აშენების დრო ემთხვევა დვალეთის ტერიტორიაზე ცნობილი ქართული საკულტო ხუროთმოძღვრული ძეგლების - ხოზიტა მად-მაირამისა და სოფ.თლის ეკლესიების, რომლებიც XI ს. I ათწლეულითაა დათარიღებული, მშენებლობის (ვ.დოლიძე) ეპოქას. ამასთან დაკავშირებით საყურადღებოა აღინიშნოს, რომ ადრეფეოდალური ხანის მიწურულს (X ს.) ნიქოზის საეპარქიოში, რომლის მოღვაწეობის სფეროში დვალეთიც შედიოდა, ფართოდ მიმდინარეობს ეკლესიების მშენებლობა. საინტერესოა თავად ტერმინი ძუარი, რომელიც მომდინარეობს ქართული "ჯვარი"-დან. ნართის ეპოსში ძუარებით მოიხსენიება წმინდანები. ცნობილია შვიდი ძუარი - რომელიც განსაკუთრებული თაყვანისცემის ობიექტი იყო ნართების ეპოსის მიხედვით.
დვალეთის ტერიტორიაზე ეკლესიების აგება იმავე ისტორიული პროცესის გამოხატულებაა (მხედველობაში გვაქვს საკითხის სოციალურ-ეკონომიური და პოლიტიკური საფუძვლები), რომლის შედეგიცაა საქართველოს მთიანეთსა და აგრეთვე იმიერკავკასიაში IX-XI სს. ქართული ქრისტიანული საკულტო ძეგლების წარმოქმნა და რომლის მიზეზებიც საქართველოს სახელმწიფოებრივსა (აქ, პირველ ყოვლისა, აღსანიშნავია მთისა და ბარის და, საერთოდ მთელი საქართველოს კონსოლიდაციის პროცესი, რაშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი, როგორც მთავარმა იდეოლოგიურმა ფაქტორმა, ქართულმა ქრისტიანულმა ეკლესიამ ითამაშა) და აგრეთვე, იმიერკავკასიის ხალხთა ისტორიულ განვითარებაში ძევს.
Фото Д.Белецкого
მის შესახებ სტატიები, ბიბლიოგრაფია:
1. ვ. გამრეკელი, ისტორიული მასალები ღვალეთიდან, ს.ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე, ტ.XXIV–B, 1963, გვ.91-103; (დაბა ქალაქის წარწერები)
2. ღამბაშიძე გ. ქართული კულტურის ძეგლები დვალეთში //საბჭოთა ხელოვნება, 1976, N3, გვ.72-78 - სტატიაშია აღწერილი 1974 წლის აგვისტოს ექსპედიციის შედეგები
Фото Д.Белецкого
|